გორგილაძის ბლოგი

ოთხმოცდაათიანები, ფილმები, წიგნები, გამოგონილი ამბები და პიროვნებები

მაშინ წვერსაც კი არ ვიპარსავდი

with 24 comments

ახლა ინტელექტკლუბის წრეებში გაჩითული ტიპი ვარ და ხალხიც მიცნობს. იმხანად კი „ჩაინიკი“ ვიყავი. მეშვიდე კლასში ვსწავლობდი და სკოლის ინტელეტუალთა გუნდშიც ვთამაშობდი.  ისანი – სამგორის რაიონის ტურნირზე გამოვდიოდით ხოლმე. ახლა მგონი ეგ ჩემპიონატი აღაც ტარდება. მაშინ ლამაზი გოგონა ატარებდა. მერე მობეზრდა და საქმეს სათავეში ჩემი მეგობარი პაპუნა ჩაუდგა. მერე პაპუნა ავსტრიაში წავიდა სასწავლებლად და მითხრა შენ მიხედე საქმესო. ალბათ მართლაც მივხედავ. მანამდე კი ერთ ამბავს მოგიყვებით.

  იმ ასაკში ვიყავი, „აისტი“ და „დესნა დვა“, რომ ყველაზე მაგარი ტრანსპორტი გგონია და იმის გჯერა, რომ როცა ფეხბურთის თამაშისას „ვზროსლები“ კარებში ჩაგაყენებენ, ესეიგი მართლა შეგიძლია მეკარეობა. სინამდვილეში კი უხარიათ „უდრებს“ რომ გიბაგუნებენ და შენც ბურთი გაშინებს. აი ამ დროს წაგვიყვანეს ავლაბარში, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში (ახლა მაგ სახლის ადგილას ტაძარი ააგეს, სამების ეკლესიასთან ახლოს) , გვითხრეს სხვა სკოლელ გოგო – ბიჭებს უნდა შეეჯიბროთო. თამაშის წესებიც მარტივად მოგვეჩვენა: კითხვას დასვამენ და ერთ წუთში პასუხი უნდა დაწეროთ ფურცლებზეო. მაგას რაღა უნდოდა?  – არც არაფერი.

სხვა სკოლის გუნდებში წვერ – ულვაშ დამშვენებული ყმაწვილები (მაგხელა უბნელები „პატარა ძმას“  მეძახდნენ)  და მკერდწამოჩიტული გოგონები (სწორედ იმხელები, იმდროინდელი ფანტაზიების მთავარი გმირები რომ არიან ხოლმე)  ისხდნენ.  ჩვენ მეშვიდეკლასელები ვიყავით.                        

საბოლოოდ, ისინი „დურაკები“ აღმოჩნდნენ და ჩვენ „ჯიგრული“ ანგარიშით მოვუგეთ, ირაკლი ისაკაძის წყალობით, რომელიც ჩვენი გუნდის  ლოკომოტივად იქცა შემდეგ. იმ დღეს მივხვდი, რომ „ვზროსლები“ მთლად ოლიმპოს მთაზე მოსვენებული ღმერთები არ იყვნენ და არც ამბროზიას მიირთმევდნენ. და გადავწყვიტე აღარ ჩავდგომოდი კარებში და არარ მომეთმინა მათი „უდრები“.

            წარმოგიდგენიათ ჩემი სიხარული იმ დღეს? – ფოლადს ვღრღნიდი. განა ამის მიზეზი არ მქონდა? – ისანი – სამგორის რაიონის ჩემპიონები ვიყავით.

            ეს იმ ამბის მხოლოდ პირველი ნაწილია მოყოლას რომ შეგპირდით. მეორეა მთავარია. მეორეა უფრო საინტერესო:

            შემდეგ წელს ისევ ჩატარდა ის ჩემპიონატი. ჩვენც ვეწვიეთ ავლაბარს. ცოტა წამოზრდილები და მაგრად „გაბლატავებულები“.  მე დარბაზში გაეროს კეთილი ნების ელჩივით შევედი. დაყენებული „მორდით“, სახეზე ცინიკური ღიმილი დამთამაშებდა.  მაშინ ჯერაც არ ვიპარსავდი წვვერს და ჭაბუკური ღინღლები უფრო სასაცილოს მხდიდა ინდაურივით გაფხორილს.

            ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, „გორლაზე“ ვიყავით  და თვალებით ვანიშნებდით მოწინაარღმდეგეებს: აზრზე მოდი, ვის ეთამაშები, ბიჭოო. მათზე ეს მოქმედებდასავით და იყურებოდნენ საწყალი თვალებით. . .

            თხუთმეტი წუთის შემდეგ უკლებლივ ყველა სკოლას ჩვენზე მეტი ქულა ჰქონდა. მაგრად ჩავისვარეთ, რასაც ჰქვია ძალიან მაგრად.

            არც  ესაა მთავარი ამბავი. ჩემთვის მთავარი ისაა, რომ როცა ბოლო შანსი მოგვეცა ანგარიშის გათანაბრებისა, სწორედ მაშინ როცა გუნდს პასუხი მოფიქრებული ჰქონდა, ჩვენმა ლოკომოტივმა, ისაკაძემ თქვა: სიკდილი არ არის სწორი პასუხი, სწორი პასუხი ფულიაო. თავისი ვერსია ფურცელზე დაწერა და გუნდის კაპიტანს გაუწოდა.  კაპიტანმა მთელი გუნდის ხვეწნა – მუდარა დაიკიდა და ისაკაძის ფურცელი „ლასტოჩკას“ გაატანა.

 სწორი პასუხი „სიკვდილი“ იყო. ის ნაძირალა კაპიტანი კი მე ვიყავი.

Written by gorgiladze

იანვარი 30, 2010 at 6:04 pm

Posted in Uncategorized

ვარ კეთილი ჩეჩენი

with 29 comments

 

ვარკეთილის მეტროსადგური, ნანახი თუ არა, გაგონილი მაინც გექნებათ. ღვთისგან მივიწყებული ადგილია.  სანამ ესკალატორამდე მიხვალ, “პადზემკაა”, სადაც ვაზისუბნელებისა და ვარკეთილელებისთვის საუკეთესო მიდამოა დაბადების დღის საჩუქრის საყიდლად მეგობრისთვის: ჩაის სერვიზი, ყავის ჭიქები, ფუმფულა სათამაშოები, საფულეები. სხვა რაღაცებსაც ნახავთ.  ქსეროქსის აპარატებიცაა, ხამსა თევზიც, პრესის ჯიხურიც.  ოღონდ ინატრე, სულო და გულო.  მერე მეტროპოლიტენის ტერიტორია მოდის. აქ “ფულის ჩასარიცხი” დანადგარი დიდი ხანია მოიტანეს, მაგრამ მგონი არცერთ დღეს არ უმუშავია. აქ მოლარეები ფულს სუნით ცნობენ და ხურდასაც სწრაფად გიბრუნებენ. ესკალატორზე როცა დგახარ, ვიღაც, “პრისტავკასთან” მჯდომი, “დიდი გამყინვარებით” განებივრებს.

 ვაზისუბანში მეტროსადგურის მშენებლობა მიმდინარეობს. აგერ უკვე ოცდაათი წელი იქნება (ალბათ კიდევ ოცდაათ წელს გასტანს სამუშაოები), ამიტომაც, ვაზისუბნელები, მეზობელი ვარკეთილელების მეტროსადგურით ვსარგებლობთ. დღეს მომიწია მეტროთი მგზავრობა. ზემოთ ნახსენები “სამოთხის ბილიკი” სრულად გავიარე. როგორც წესი, პირეველივე ვაგონში არ შევდივარ ხოლმე. ბევრი ხალხი გროვდება და სუნთქვა ჭირს. დღეს პირველ ვაგონში შევედი, მივასწარი, გადიოდა. კიდევ ერთი ჩვევა მაქვს – ვაგონში არასოდეს ვჯდები ორი მიზეზის გამო: “აბივკები” ყოველთვის დასვრილია. მეორეს რაც შეეხება, ერთი სადგურის შემდეგ მაინც მომიწევს ადგილის მოხუცისთვის დათმობა. ამიტომაც სულ ფეხზე ვდგავარ.

 ერთი ჩვევაც მაქვს: სულ ხალხს ვაკვირდები . შესახედაობაზე, ჩაცმულობაზე (ჩემი კვლევის მიხედვით, “დოლჩე და გაბანას” და “არმანს” ყველაზე კარგად სწორედ თბილისში ეყიდება “საქონელი”).  ვდგავარ ჩემთვის, “თბილისელებს” ვაკვირდები. ერთიც გავიხედე და  თავსაფრიანი ქალი დავინახე. მაქსიმალურად გრძელ კაბასა და თავსაფრის  მოხვევის სტილზე ეტყობოდა მუსულმანი იყო. ხელჩანთა ეჭირა. მერე მის გვერდით მდგომ კაცს გავხედე. გრძელი წვერი ჰქონდა, ჟღალ ფერში გადადიოდა და ცისფერი თვალები. ტყავის ქურთუკი ეცვა. მივხვდი ჩეჩნები უნდა ყოფილიყვნენ. მათ დათვალიერებას მოვრჩი და ისევ დანარჩენ “თბილისელებზე” გადავედი.

 ცოტა ხანში, ამეკვიატა აზრი, რომ ის ორი ჩეჩენი (კაცი და ქალი) ტერორისტები იყვნენ და ტერაქტის მოწყობას გეგმავდნენ. პირველ რიგში, ვინანე, რომ სწორედ პირველ ვაგონში შემოვედი: “ახლა უყურე და დატკბი, როგორ აგწევენ ჰაერში ვაჟბატონო” – ვეუბნებოდი ჩემს თავს. თვალს არ ვაშორებდი “ტერორისტებს”.  ჩემი ჭკუით ყველაფერს ფარდა ავხადე: ქალს რომ ხელჩანთა ეჭირა, იმაში ბომბი იყო. გრძელი კაბის შიგნით დამაგრებული ჰქონდა ტროტილის კოლოფები. კაცი ტყავის ქურთუკის უკან ავტომატს მალავდა. რამდენჯერაც გაინძრეოდნენ, იატაკზე დასაწოლად ვემზადებოდი. ჯერ ისიც ვიფიქრე დანიშნულების ადგილზე ადრე ხომ არ ჩავიდე – მეთქი, მაგრამ გადავიფიქრე. მე, რაინდს, მამაჩემის შვილსა და ბაბუაჩემის შვილიშვილს ეს არ მეკადრება – მეთქი.

 საბოლოოდ, ჩამოვედი დანიშნულების ადგილზე. მთელ დღეს იმ ჩეჩნებზე მეფიქრებოდა. შინ რომ დავბრუნდი, საინფორმაციო ჩავრთე და ველოდი, თუ როდის გადმოგვცემდნენ: “დღეს, თბილისის მეტროპოლიტენში მოხდა ტერორისტული აქტი . . .”.   ეს იყო შერლოკ ჰოლმსის ერთადერთი მცდარი გამოძიება.

Written by gorgiladze

იანვარი 15, 2010 at 4:28 pm

Posted in Uncategorized

ჩვენ ვაჟიშვილები ვიყავით

with 35 comments

 ამასწინათ გამოუკვლევიათ: როცა ფრანგ კაცს ჰკითხავ, თუ რამდენ ქალთან ჰქონია ურთიერთობა, ის რეალურზე ოთხჯერ დიდ ციფრს დაასახელებს. . .  მე ექვსჯერ უფრო დიდ რიცხვს ვასახელებდი და მე, მხოლოდ „მე“ არ ვიყავი. ამ შემთხვევაში მე ჩემი ქართველი თანატოლების უმრავლესობა გახლდით (ერთი-ორის გამოკლებით)

 სკოლაში სწავლის პერიოდში, როცა ბიჭებს გოგონებთან „ნელების“ ცეკვის გვერიდებოდა „ჟიზნენი“ სიმღერებზე, როცა ნამდვილ „ვეჩერინკებს“ მხოლოდ „ამრიკულ ნამცხვარში“ ვხედავდით, როცა პორნო ვიდეო კასეტებს ზურგჩანთებით უჩუმრად ვატარებდით, როცა ბიოლოგიის გაკვეთილზე ბოქვენის გაგონებაზე სიცილი გვიტყდებოდა და ტუალეტში, მოფსმისას, შარვლის შიგნითა შარვალს საგანგებოდ ვმალავდით, ერთმანეთს ვეუბნებოდით, რომ ათობით ქალს ვჩუქნიდით სიყვარულს.  

 არ ვიცი სხვა ქვეყნებში როგორ ხდება, მაგრამ ჩვენთან კი ასე იყო (და ვეჭვობ არც ახლა უნდა შეცვლილიყო მოდის ტენდენციები). საბოლოოდ იმდენს ვლაპარაკობდი ჩემს „მხეცობაზე“, რომ ხანდახან მავიწყდებოდა კიდეც ჩემი ვაჟიშვილობის ამბავი. ისე კი, საკუთარი თავისთვის შემიმჩნევია: როცა ასეთებზე ბევრს ლაპარაკობ, აზარტში შედიხარ, იგონებ, ხატავ, აფერადებ, ყვები და მეგობრები ჩაკაიფებული სახით გისმენენ, მერე კი თვითონ იწყებენ „კამა სუტრას“ კასკადს და შენ მიდიხარ კაიფში, უკვე საკუთარ მეს გრცხვენია  თვალებში შეხედო და საერთოდაც ივიწყებ მას.

 როგორც წესი, უბანში ერთერთი საუკეთესო ვიყავი ამგვარი ამბების მოყოლაში. დაახლოებით ასე ხდებოდა: როცა გამოსვლას ვიწყებდი, შეგრძნება მქონდა, რომ ხალხი აივნებს ეფინებოდა, ბიჭები მგლების ხროვასავით გროვდებოდნენ. იყო გადაძახილი: გორგილა ილაპარაკებს. როცა მოქუჩდებოდნენ, მათ შორის ყველაზე გამბედავი მომმართავდა: გთხოვთ, მაესტრო. მეც,  ლილოში ნაყიდ ტანისამოსში გამოწკეპილი, მედიდური ღიმილით ვიწყებდი პრესკონფერენციას.  ხალხი ისევ კაიფში მიდიოდა და ასე გადიოდა დრო.

 ქალის გული ამას ვერ გაიგებს:

ერთხელაც, როცა მე უკვე მრავალი გოგოსთვის მქონდა სითბო ნაჩუქარი, მართლაც დამიდგა „ქალებში წასვლის“  (ეს სიტყვა ვფიქრობ ცალკე სიტყვადაა შესატანი ლექსიკონში. დიდი დატვირთვა აქვს) დრო.  როგორც წესი, ქალებში, პირველად ან უფროს ძმებს მიჰყავთ ან ბიძებს. ჩემს შემთხვევაში ეს მისია ძმამ იკისრა. მართლაც, მხოლოდ კაცის გული თუ აღიქვამს იმ გრძნობას, რასაც პირველად ქალებში წასვლა ჰქვია: როცა საგანგებოდ ემზადები, დაისხამ  სუნამოს, იცვამ „საგარეო“ ტანსაცმელს, ჯდები მანქანაში და მიდიხარ საუნაში (ეს სიტყვაც ცალკეა შესატანი ლექსიკონში. ეს უფრო ღრმაა). როცა მანქანა ადგილზე ჩერდება, შენ გული გიჩქარდება . როგორც წესი, ქალის არჩევაში ძმა (ან ბიძა) გეხმარება, ფულს უხდის, ჩუმად (ისე რომ შენ არ გაიგო, მაგრამ მაინც გესმის) მეძავს ეუბნება, რომ პირველად ხარ და „აკურატნად“ მოგექცეს.

 გამიგონია, პირველი ქალი უშნო უნდა იყოსო. ყოველ შემთხვევაში მე ამით ვიმშვიდებ გულს, რადგანაც ეს სიბრძნე ბოლომდე გავამართლე .

იქ რაც მოხდა, იმას გადავახტეთ. მაინც არ დამიჯერებთ მას მერე რაც მოგიყევით.

 

იქიდან რომ გამოდიხარ შენ ხარ ყველაფერი: მარკო ბანდერასი, ჯეკ ნიკოლსონი, მუჰამედ ალი, დედა ტერეზა, ჩაის ჭიქა, „კიპიწილნიკი“. შენ შეგიძლია დაჭერილი მეგობარი გამოიხსნა ციხიდან „ბლატებით“, თუთიყუშს ასწავლო ლაპარაკი, ყველა გაუხსნელი საქმე გამოიძიო, ბუფონს გოლი გაუტანო და რონალდოს პენალტი აუღო.

აი ასე გემართება როცა პირველად გამოდიხარ საუნიდან, რომელიც აფრიკაშია, მოსკოვის პროსპექტს რომ გაცდებით. 5 ნომერი სამარშრუტო გადის ნავთლუღიდან.

Written by gorgiladze

იანვარი 13, 2010 at 7:14 pm

Posted in Uncategorized

ბეღელის სარკმელთან, მარგალიტას ხათრით

with 13 comments

მარგალიტა არც ლამაზია და არც სიმპატიური. საერთოდაც, ჩვენი სოფლის მშრომელთა კლუბის თავმჯდომარე ბუდუ ამბობდა, რომ მარგალიტა მახინჯია. მიუხედავად ამისა, ჩვენი კლუბის ყველა კაცი ხმარობდა ხოლმე მარგალიტას, მათ შორის თავმჯდომარე ბუდუც. ოღონდ უჩუმრად.  როცა სიყვარულისთვის ფულს უხდიდნენ , იმისთვისაც უმატებდნენ, რომ მარგალიტას არსად წამოაყრანტალებინა მათი სიყვარულის ამბავი. ისიც საგულდაგულოდ მალავდა. აქედან გამომდინარე, ჩვენი სოფლის ყველა კაცს ეგონა, რომ ის ერთადერთი კაცი იყო მარგალიტასთვის და ეს ახარებდათ. ყველაზე მეტად, საკუთარ ერთადერთობაში დარწმუნებული თავმჯდომარე ბუდუ იყო, რომელიც მარგოს იმისთვისაც უმატებდა ფულს, რომ არსად წამოსცდეენოდა  მისი ჯადოსნური ჯოხის უნიათობის ამბავი.

 სულ ორმა ადამიანმა იცოდა რომ მარგალიტას ყველა ხმარობდა. თავად მარგალიტამ და მე. მაგრამ მე არ ვითვლებოდი. ჩვეულებრივი ადამიანების სათვალავიდან დაბადებიდანვე ამომშალეს, როცა თანდაყოლილი დაავადებებით მოვევლინე ქვეყანას. მაგ ამბის შემდეგ არცერთხელ არ მოუმართავთ ჩემთვის სახელით. დაუნს მეძახდნენ. უკეთეს შემთხვევაში დებილს. მხოლოდ მარგალიტა მომმართავდა: ჰექტორ! – ჰექტორი ჩემი ნამდვილი სახელია. ხანდახან მგონია რომ ჰექტორს დაუნი ჯობია, მაგრამ მაინც მსიამოვნებდა  როცა მარგალიტას ბილწი ბაგეებიდან ეგ სიტყვა გამოდიოდა.

 პირველად, როცა მარგალიტას სიყვარულს შევესწარი, შვიდი წლისა ვიყავი. ბეღელს უკან მატლებს ვაგროვებდი, როცა სოფლის ბუღალტერმა შახიმ სინათლის სისწრაფით გააქანა მარგალიტა ბეღელში. ცოტა ხანში მარგოს ხმა გავიგე. არც ლაპარაკს ჰგავდა, არც ყვირილი იყო, არც კივილი. მომეწონა კი და ბეღელს მივუახლოვდი. კარების შეღებისთანავე ორივემ მე შემომხედა. ერთი მითხრა შახიმ აქედან მოშორდიო და მოძრაობა გააგრძელა. . . მას შემდეგ მე მარგალიტას ბეღელს არ მოვშორებივარ. ვუყურებდი გამუდმებით, დღისით, ღამით, ნაშუადღევს. მარგო ხან ზემოდან მოექცეოდა კაცს, ხან ქვემოდან, ხანაც გადაიხრებოდა და კაცი უკნიდან მოძრაობდა.  როცა მარგალიტას სიყვარულს ვაკვირდებოდი – ვკვდებოდი. ბაბუაჩემი ამბობდა , როცა ადამიანი ერთბაშად გახურდება და სისხლი აუდუღდება,  ესეიგი კვდებაო.

 როცა ჩვიდმეტი შემისრულდა, ანუ ათი წელი იყო გასული, რაც მარგალიტას ვადევნებდი თვალყურს. უკვე ვხვდებოდი, რომ ის რაც ამ დროს მემართებოდა, სიკვდილის მოახლოება კი არა, ქალის მიმართ ლტოლვა იყო. მაშინ ზეპირად ვიცოდი რის მაქნისი იყო ჩემი სოფლის ნებისმიერი კაცი. ის ამოცანაც ამოვხსენი თუ რატომ დაიარებოდა ბუდუს ცოლი გამუდმებით გაღიზიანებული და შახის მეუღლე რატომ დაათრევდა წელს მუდამდღე.

  ჩემი მეჩვიდმეტე დაბადების დღის დილას მარგოს ბეღელთან ვიჯექი და ხეებს ვითვლიდი, როცა უკნიდან ხელი დამავლო მარგალიტამ, ბეღელში შემიყვანა, ხელი მკრა, თივის ზვინზე მიმაგდო და რამდენიმე წამში ისეთი სითბო ჩამეღვარა სხეულში, რომ ეს მართლა გავდა რაღაცის დასასრულს, შეიძლება სიცოცხლისაც და მე ვმადლობდი შემქმნელს, რომ გავჩნდი ქვეყანაზე, თუნდაც თანდაყოლილი დაავადებებით.

 იმ დღის შემდეგ დილა არ გამიცდენია, რომ ბეღელთან არ დავმჯდარიყავი და მარგალიტას თავდასხმის მოლოდინში არ გამერინდა მთელი სხეული, მაგრამ მარგალიტა არა და არ მოდიოდა. მე აღარ მსიამოვნებდა, როცა მას სხვა კაცები ხმარობდნენ.  როცა მივხვდი, რომ ხეების თვლაში გატაცებულს მარგო აღარასოდეს დამესხმებოდა თავს, გადავწყვიტე მე თავად დამესაკუთრებინა სამუდამოდ. რადგანაც მე სრულიად უფულო ვიყავი, გადავწყვიტე ჯერ ეს პრობლემა მომეგვარებინა და ქალაქში წავედი.

  გავყევი იმ გზას, ავტობუსი რომ მისდევდა ხოლმე  ყოველ პარასკევ დღეს და ორი კვირის თავზე ჩავედი ქალაქში. როცა დავფიქრდი, თუ რისი გაკეთება შემეძლო, მივხვდი, რომ ცხოვრებაში, მარგალიტას ჟიმაობის მეტი არაფერი მინახავს. სამაგიეროდ ეგ ბერჯერ მქონდა ნანახი. . .

 მწერლობა დავიწყე. ვწერდი მარგალიტაზე, რომელიც ჩემი ცოლი უნდა გამხდარიყო. ვწერდი მის საყვარლებზე. მე ზუსტად გადმოვცემდი ყველაფერს იმას, რასაც მის ბეღელში ვხედავდი ხოლმე.  ქალაქში ყოფნის დროს თოთხმეტი წიგნი დავწერე, ყველა ერთნაირი სახელწოდებით: „ ბეღელის სარკმელთან, მარგალიტას ხათრით“.  უკლებლივ ყველა გაიყიდა. ახლა, უკვე ქალაქში ყველა იცნობდა თავმჯდომარე ბუდუს,  ბუღალტერ შახისა და მის ცოლს, სირშას, მცხობელ გურუს და რაც მთავარია ყველა იცნობდა ჩემს საცოლეს – მარგალიტას.

  სოფელში დიდძალი ფულითა და სახელგანთქმული მწერლის სახელით დავბრუნდი. დიდი სახლი ავაშენე. ბუდუ შურის თვალით მიყურებს  ხოლმე. შურის თვალით მიყურებს ჩვენი სოფლის ყველა მშრომელი კაციც, რომლებსაც მარგალიტა წავართვი. ქალები კი სულ იმას გაიძახიან, რომ დაუნმა ბავშვამა ჩემით მივაღწიე ყველაფერს. აღაც მარგალიტაა ბოზი. ის ახლა სახელგანთქმული მწერლის, ჰექტორის მეუღლეა.  აღაც მე ვზივარ ბეღელთან, გარინდული, მარგოს თავდასხმის მოლოდინში.

დავით გორგილაძე

Written by gorgiladze

იანვარი 11, 2010 at 4:59 pm

Posted in Uncategorized

ზღვის სანახავად წავედი

with 7 comments

 ბავშვობაში  დაბრუნებას სხვა ბევრ მიზეზთან ერთად კიდევ იმიტომ ვისურვებდი, რათა კიდევ ერთხელ მემგზავრა თბილისიდან ქობულეთამდე ღამის მატარებლით.

 დღე, როცა ამ ნაწერს ვწერ, ჩემთვის დიდი საქმეების დღე არ არის. საღამომდე ყველა საქმე დავგმე და გადავწყვიტე ბავშვობის მოგონებებში ჩავიძირო.

 ჩემი გონების კფსკერზე განისვენებს მოგონება იმაზე, თუ როგორ მივემგზავრებოდი, ოჯახთან ერთად, ზაფხულში,  ქობულეთისკენ ღამის მატარებლით. როცა ამ მოგონებას ვაღვიძებ შიგადაშიგ მეღიმება, შიგადაშიგ ვნაღვლიანდები. რადგანაც ეს მოგონება ჩემთვის ძვირფასია და მას ჩემი გონების ფსკერზე სამუდამოდ შევინახავ, გადავწყვიტე დავწერო კიდეც. . .

  ქობულეთი ჩემი მამულეთია. ჩვენ ყოველ ზაფხულს მივდივართ ქობულეთში დასასვენებლად და უახლოესი ნათესავების მოსანახულებლად. უშუქობისა და უგაზობის ხანას რომ ვეძახით, მე იმას უმანქანობის ხანსაც დავარქმევდი. სწორედ ამ უმანქანობის ხანაში ჩვენი მგზავრობის უპიორატესი საშუალება მატარებელი იყო. შევეცდები ყველაფერი წერის პროცესში აღვიდგინო:

 გამგზავრების დღე

 მამაჩემი დილით მიდის რკინიგზის სადგურის სალაროში, რათა მოახერხოს და ბილეთები იყიდოს. ამ დროს ყველა დასავლეთისკენ მიემგზავრება და მამაჩემს მოუწევს მთელი თავისი სანაცნობო წრე ჩართოს საქმეში, რათა ბილეთები გააჩალიჩოს. როგორც ყოველთვის ჩემს სამშობლოში სანაცნობო წრე ყველა პრობლემას აგვარებს და მამაჩემი ბილეთებს შოულობს. რეკავს და გვეუბნება რომ დღეს გამგზავრების დღეა.

 ამ ზარის შემდეგ იწყება ჩემი მგზავრობისწინანდელი ნერვიულობა, რომელიც მხოლოდ მაშინ მთავრდება, როცა უკვე ვაგონში ვართ. ნერვიულობის მიზეზი კი მხოლოდ ერთია – მატარებელმა არ გაგვასწროს.

 ბარგის ჩალაგებას ვიწყებ. განჯინაში ორი ზურგჩანთაა, ჩემთვის და ჩემი ძმისთვის განკუთვნილი. ჩემი ზურგჩანთა შედარებით პატარა ზომისაა. მე უმცროსი ძმა ვარ. იმ მდგომარეობაში ვარ, როცა ჩემზე ვერ იტყვით აღელვებულიაო – უფრო განერვიულებული. განერვიულებული იმაზე, რომ შეიძლება მატარებელმა გაგვასწროს. გარდერობიდან ვიღებ ყველაფერს, რაც კი შეიძლება რომ ადამიანმა ზაფხულში  ჩაიცვას და ყველაფრის ზურგჩანთაში ჩატენვას ვიწყებ. დედაჩემი ხვდება რომ წასვლის წინა ნერვიულობა უკვე დამეწყო და მშვიდად მეუბნება, რომ ამდენი ჩასაცმელი ქობულეთში არ დამჭირდება, სულ ორი კვირით მივდივართ. მე ეს უფრო მანერვიულოებს და ჩანთის ჩალაგებაზე ხელს ვიღებ. ამ პროცესს ყოველთვის დედაჩემი ასრულებს . რამდენიმე წუთში ზურჩანთა სამგზავროდაა გამზადებული. ჯერ თორმეტი საათია. თბილისში ყოფნის შვიდი საათი ჩემს განკარგულებაშია. ჩავდივარ უბანში და ინერტულად ვიწყებ სიარულს ისეთ ადგილებში, სადაც ჩვეულებრივ დროს გავლა აზრადაც არ მომივა. თითქოს ვემშვიდობები გარემოს სადაც გავიზარდე. მე ხომ მივემგზავრები – მთელი ორი კვირით. საბოლოოდ მომწყინდება ხეტიალი. თვალს გადავავლებ მეგობრებს, რომლებიც ჯერაც ქალაქში არიან და ხმისამოუღებლად ვემშვიდობები. ამ დროს ბებიაჩემი სახლში ორცხობილებს აცხობს, გზაში რომ მივირთვათ.

 სახლიდან გასვლის წუთები

 ტელევიზორის თავზე დაკიდებული საათის ისრები რომ შვიდთან მივლენ, წასვლის დროც ესაა.  ბებიაჩემი ჩანთაში გვილაგებს ორცხობილებს და მაცივარში საგანგებოდ გაციებულ წყალს, რომელიც ჯოჯოხეთივით გახურებულ მატარებელში მაინც გუბის წყალს დაემსგავსება, მაგრამ მაინც. ბებიაჩემი მკოცნის და ორი კვირით მემშვიდობება. ჩემი ნერვიულობა პიკს აღწევს.  მე მისი დატოვება არ მინდა და  ვთხოვ ჩვენთან ერთად წამოვიდეს. ბებიაჩემს ეცინება, კიდევ ერთხელ მკოცნის და მეუბნება ჭკვიანად იყავიო. და მივდივართ.

 სამარშრუტო ტაქსი მიიზლაზნება. მე მცხელა, მწყურია, მეშინია მატარებელმა არ გაგვასწროს და მზად ვარ მძღოლს თავში რაც შეიძლება მაგარი რამე ვუთავაზო, რათა უფრო სწრაფად გააქანოს თავისი თუნუქის კოლოფი, რომელსაც თვითონ მანქანას უწოდებს და რომელსაც წინიდან “მერსედესის”  ლოგო ამშვენებს.

 ბაქანზე ყოველთვის თავქუდმოგლეჯილი ავრბივარ. ვხედავ რომ მატარებელი დგას, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს რომ წამიწამზე დაიძრება. ამიტომაც ოჯახს ვაჩქარებ: ფეხი გამოადგით – მეთქი.

მატარებელში

 ბაქანსა და ვაგონს შორის ნაპრალი, ჩემი რუბიკონია. როცა მას გადავლახავ ვმშვიდდები. სურნელმა, რომელიც ვაგონში შესვლისთანავე მეგებება, ჩემს ცნობიერებაში დიდი ხანია დაიმკვიდრა სახელი – “მატარებლის სუნი”. ის არცერთ სხვა სურნელს არ ჰგავს. მე ეს სურნელი გულისამრევად მეჩვენება (თუმცა, ამასწინათ, როცა ნათესავი გავაცილე და მატარებელში ბარგი შევატანინე, ეს გულისამრევი სურნელიც ნოსტალგიურად მომეჩვენა). გამცილებელი, რომელსაც ლურჯი უნიფორმა მოსავს და ეს უნიფორმა ძალიან წააგავს საბჭოურს, კუპემდე მიგვაცილებს. ის გვაიძულებს მისი შემოთავაზებული თეთრეული გამოვიყენოთ და სანაცვლოდ მამაჩემს ფულს სთხოვს. ჩვენ ამ წესს ვემორჩილებით, ვიხდით საფასურს, მაგრამ არ ვიყენებთ იმ თეთრეულს, რადგანაც მასაც მატარებლის სუნი აქვს.

 მატარებელი დაიძრა და დაცხა. მე ისე აღარ ვნერვიულობ. დედა ორცხობილას მაწვდის. მე ვჭამ ორცხობილას და ვაყოლებ მაცივარში საგანგებოდ ჩაციებულ წყალს, რომელიც როგორც დაგპირდით  უკვე კუპრივით ცხელია.  მატარებელში არასოდეს მეძინება. არ ეძინება ჩემი ოჯახის არცერთ წევრს. მშობლები ძველ ამბებს ჰყვებიან. მე ეს ამბები მართობს.

 ამ დროს წყლად გასაღებული კუპრი თავისას შვრება და ტუალეტში გავდივარ. თუკი ადამიანს არ უნახავს საქართველოს რკინიგზის საკუთრებაში მყოფი მატარებლის ტუალეტი, მას არ უნახავს მსოფლიოში ყველაზე საშიში ადგილი. ადგილი სადაც შეიძლება ონკანზე ხელის მოკიდებით ვენერიული დაავადება აითვისო. თუმცაღა მე ბავშვი ვარ და აქ მოშარდვა მხოლოდ იმიტომ მიღირს, რომ მერე უნიტაზზე მომაგრებულ გაცვეთილ პედალს ფეხი დავადგა და ამით გავერთო. ტუალეტის ონკანშიც კუპრი მოედინება.

 კუპეში ვბრუნდები და მაინც არ ვიძინებ. ისევ მშობლების მოყოლილი ამბებით ვერთობი. თუმცაღა ვიცი, რომ წინ დიდი ნერვიულობა მელის. მოვა დრო, როცა ჩემი უფროსი (თუმცა იმ დროისთვის ჯერ კიდევ ასაკით პატარა) ძმა თავს გამოიდებს, რომ გაჩერებაზე ჩავიდეს და ოჯახს ახალი, ცივი წყალი მოაშველოს. მამაჩემი მას დაეთანხმება და ორივენი ჩავლენ. ამ დროს მე ისე მეშინია, მატარებელმა არ გამოასწროთ, რომ მზად ვარ საკუთარ შარვალში მოვშარდო. ისინი ასწერებენ ვაგონში დაბრუნებას და მე მოსაშარდად ისევ ჯოჯოხეთში მივდივარ.

 საკუთარი თავისთვის მიცემულ პირობას ვერასოდეს ვასრულებ და მაინც ჩამეძინება. თან მშობლემის მოყოლილი ამბები ჩამესმის და ვერთობი.

 ქუბულეთამდე რომ ათი წუთის სავალი გზა რჩება ბედნიერი ვარ. ჩემს ზურგჩანთას ვიკიდებ და ვაგონის შესასვლელისკენ მივრბივარ, სადაც ულვაშიანი და საბჭოურ ფორმაში გამოწყობილი გამცილებელი მხვდება, რომელსაც მატარებლის სურნელი ასდევნებია.

 პლაჟზე გაკვირვებული ვუყურებ ლამაზ უკანალებს და ისეთი გრძნობები მეძალება, რომელსაც ახლა ვუძებნი ახსნას.

დავით გორგილაძე

 18/12/2009

“უსახელო ნაბიჭვრები”

with 9 comments

 

“უსახელო ნაბიჭვრები” კვენტინ ტარანტინოს ბოლო ფილმია. საკუთარ თავს უწინ პირობა მივეცი, რომ არასოდეს გადმოვიწერდი კინოს, რომელიც ცუდი ხარისხით იქნებოდა შემოთავაზებული ვებგვერდზე. თუმცა, როცა “უსახელო ნაბიჭვრების” პირატულ და ცუდხარისხიან ვერსიას წავაწყდი, იძულებული გავხდი ეს პირობა დამერღვია, რადგან ძალიან დიდი იყო ჩემი მოლოდინი ამ ფილმის მიმართ. მას შემდეგ რაც ცუდი ხარისხის ჩანაწერი ვნახე, შთაბეჭდილება დამჩა, რომ ეს ის არ იყო, რასაც მოველოდი ტარანტინოსგან. როცა ნაცნობები აზრს მეკითხებოდნენ, ვპასუხობდი: “არის რა – მეთქი”.

 შემდეგ  ”უსახელო ნაბიჭვრებს” DVD ფორმატში ვუყურე.  კიდევ ერთხელ დავწმუნდი და ისევ, ამჯერად კატეგორიულად დავუსვი თავს საკითხი, რომ ცუდი ხარისხის ფილმებს აღარ ვუყურებ. ამასვე გირჩევთ თქვენ. იყავით ისეთივე პრეტენზიული კინომოყვარული, როგორიც ჩემი მეგობარი ირაკლი გუნია. რეალურად, მეორე ჯერზე სულ სხვა კინო ვნახე.

 ”უსახელო ნაბიჭვრები” ზედმიწევნით კარგად დალაგებული ფილმია. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს არის კინო, რომელიც ერთი კაცის, კვენტინ ტარანტინოს ახირებაზეა აგებული, ხოლო ამ ახირებულ კაცს ძალიან ბევრი უფიქრია თავის სამუშაო გეგმაზე.

 ფილმი ეხება ფაშისტებს, ებრაელების დევნას, საფრანგეთის ოკუპაციას. რეალურად, მართლაც ყელში გვაქვს ამოსული ფილმები ნაცისტებსა და ებრაელების დევნაზე. “შინდლერის სია” ხომ ნანახი მაქვს? – ვფიქრობდი. სინამდვილეში ეს არ არის იმ მეორე მსოფლიო ომის ასახვა, რომელიც ჩვენ ვიცით. ეს სხვა მსოფლიო ომია. ისეთი, როგორადაც წარმოუდგენია ის ტარანტინოს.

 შევეცდები აგიხსნათ: იღვიძებთ დილით და იწყებთ ისტორიული მოვლენების თქვენებურ გადათამაშებას. მაგალითად: არ მოისურვებთ, რომ რომის იმპერია დაშლილიყო,  თემურ ლენგის მამას ცხოვრებაში ორგაზმი განეცადა, ნიქსონს მოსმენები ეწარმოებინა.

 სწორედ ასეთი ფილმია “უსახელო ნაბიჭვრები”. ფილმი აგებულია იმაზე, თუ როგორ ხედავს “თავხედი” ტარანტინო მეორე მსოფლიო ომის დროს საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებს.  მათ ვისაც ფილმი ჯერ არ უნახავს, ვპირდები: როცა კინო დამთავრდება, იტყვით: “ტარანტინოს ხედვამ დაგლიჯა”

 ვფიქრობ ფილმი შესანიშნავია არა მხოლოდ სიუჟეტის განვითარებისა და რეჟისურის მხრივ. სურათს მშვენივრად ერგებიან მსახიობებიც. როგორც წესი, ტარანტინო წარმატებულობისა და პოპულარულობის მიხედვით არ არჩევს ხოლმე მსახიობებს (გავიხსენოთ “მაკულატურა” სადაც მან იმ დროისთვის “ჩაძირულ” მსახიობებს მისცა ბურთი და მოედანი), არამედ ის ეძებს შესაფერისს.

 კრისტოფერ ვოლცმა (პოლკოვნიკი ჰანს ლანდა) გადამრია.  ქართველი სპორტული კომენტატორების საყვარელ ტერმინს გამოვიყენებ: ვოლცი მოწოდების სიმაღლეზეა. მის გმირი ფილმის ერთ ეპიზოდში გაამხელს თავის წარმატებულობის საიდუმლოს ებრაელების დაჭერის საქმეში: “მე ვფიქრობ, როგორც ებრაელი”. დამრჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ პოლკოვნიკი ლანდას პერსონაჟზე მუშაობისას, ვოლცი ფიქრობდა როგორც გერმანელი ჯარისკაცი, რომელმაც საფრანგეთში მყოფი ყველა ებრაელი უნდა გამოიჭიროს. სწორედ ამიტომაც, ვფიქრობ მისი გმირი ფილმში ყველაზე დასამახსოვრებელი და ძლიერია.

  დასამახსოვრებელი გმირი ჰყავს ბრედ პიტსსაც. ლეიტენანტი ალდო რეი მთავარი ნაბიჭვარია. მას შვენის ოდნავ წინ გამოწეული ქვედა ყბა და ყელზე შემორჩენილი იარა, რომელიც გვაჩვენებს, რომ როდესღაც ის ძლივს გადაურჩა სულის გაფრთხობას. დაგამახსოვრდებათ ელი როტის გმირიც თავისი ხელკეტით, რომლითაც თავს უჩეჩქვავს ნაცისტებს.

ფირი მილიმეტრებშია გაზომილი. ძნელია ფილმში დაინახოთ ისეთი კადრი, რომელსაც უადგილოდ მიიჩნევთ. ტარანტინომ ყველაფერი ზედმეტი მოიშორა. მუსიკა კადრებს უხდება და ის ზუსტად მაშინ ირთვება, როცა მაყურებელს სჭირდება. გრძელდება მანამ, სანამ მისი ადგილი არის.  

 ამ კინოზე ბევრი დადებითის დაწერა შეიძლება. მე მის მთავარ ღირსებად მაინც რეჟისორის ალტერნატიულ ხედვას მივიჩნევ. ტარანტინომ მოახერხა ვესტერნის თანამედროვეობაში გადმოტანა. ფილმში შექმნა სიტუაციები, რომლის დასასრულსაც მაყურებელი ვერ მიუხვდება, ვერ გამოიცნობს. შექმნა მოულოდნელობის ეფექტი.

 სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ კვენტინ ტარანტინო ამ ფილმში მთავარი ნაბიჭვარია.

წინ, ნობელისკენ, გორგილ!

with 11 comments

 მე აუცილებლად მომანიჭებენ ნობელის პრემიას. მე პირველი ქართველი არ ვიქნები ვინც ამ პრესტიჟულ ჯილდოს მიიღებს. პირველი მარი ბექაური იქნება. მარი ერთერთი საუკეთესო ახალგაზრდა მწერალია. მარის ძალიან მოსწონს ქალი მწერლები და ის განუწყვეტლივ კითხულობს ვირჯინია ვულფს, აგოტა კრისტოფს, სელმა ლაგერლოფს, ენ სექსტონს, დორის ლესინგს, მაგრამ წერისას არ ექცევა მათი ზეგავლენის ქვეშ.

 პირველი შემთხვევაა, რომ ჩემს ბლოგზე განთავსებული ნაწერის ავტორი მე არ ვარ. მისი ავტორი მარი ბექაურია. ის ჩემი და მისი მეგობრობის შესახებ წერს.

 გაფრთხილებთ, რომ მარი აჭარბებს სინამდვილეს, როცა ჩემი იუმორის გრძნობაზე საუბრობს

 ………………………………………………………………………………………………..

გორგილა იუმორის მამა და კამილო ხოსე სელას რეინკარნაციაა. როდესაც გორგილა ღადაობას იწყებს, უკვე ვიცი, რომ გამეცინება და ამიტომ მაშინვე მიტყდება სიცილი. რა ვქნა, განწყობა მაქვს ასეთი. გორგილა წერს ესპანურ სტილში. შესაბამისად, მისი ნებისმიერი მოთხრობა, რაც არ უნდა ტრაგიკულ შინაარს მოიცავდეს, მაინც კუჭის ჩახევამდე სასაცილოა. მე მჯერა გორგილასი, გორგილას – ჩემი. ორივეს კი იმის, რომ ჩვენ აუცილებლად ავიღებთ ნობელის პრემიას. თუმცა ვერაფრით ვთანხმდებით, რომელი ჩვენგანი იქნება პირველი…

 დათო გორგილაძე დაახლოებით ექვსი წლის წინ გავიცანი მისი მეგობრის ლიტერატურულ საღამოზე. ეს მეგობარი, სხვათა შორის, ჩემი მეგობარიც გახლდათ, რომელთანაც ხანგრძლივი დავა მქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ჩვენგანი იყო პირველი პოეტი საქართველოში და ერთერთი ჩვენგანი რომ იყო, ამაში ეჭვიც არ შეგვპარვია… არ მახსოვს, როგორ წამოიჭრა საკითხი, რომლის საშუალებითაც დათო გავიცანი, მაგრამ მახსოვს, რომ როდესაც წამოვდექი, დარბაზს თავმომწონედ გადავხედე და განვაცხადე, “ნაირა გელაშვილი საუკეთესო ქართველი მწერალია-მეთქი”, უკანა რიგიდან ჯერ ვიღაცის ხარხარი მომესმა, მერე კი შავგვრემან, სათვალიან ტიპს მოვკარი თვალი, რომელიც დამცინავად მომჩერებოდა.

-რაის ნაირა გელაშვილი? – მკითხა ბიჭმა.

-რა, არა?! – ამაყად გავიბღინძე.

-კარგი რა, ამხელა ლიტერატურა გვაქვს და გელაშვილი როგორ მიგაჩნია საუკეთესოდ?!

ამ შეპასუხებამ სასტიკად აღმაშფოთა. რადგან იმ პერიოდში გატაცებული ვიყავი გელაშვილის შემოქმედებით (როგორც ყველა მდედრობითი სქესის მოზარდი) და მასზე უკეთესი ქვეყნად არავინ მეგულებოდა.

-აბა, ერთი დამისახელე! – განვაგრძე აღშფოთებულმა.

ამ შემთხვევაში რა მოსატანი იყო და ამ შავგვრემანმა ყმაწვილმა “ილია ჭავჭავაძეო” – მომათხლიშა.

-რას ამბობ?! – შევიცხადე მე. – ილიას და გელაშვილს როგორ ადარებ! ილიას პროზა რა არის! ერთი გაუთავებელი აბდაუბდაა! ნაირა კი საოცრად ღრმაა…

 ბიჭმა ისეთი სახით გადმომხედა, რომ აშკარად ფიქრობდა, “ნეტა, მართლა თუ სჯერა, რასაც ამბობსო” და როდესაც მიხვდა, რომ არ ვხუმრობდი, წამოდგა და თავადაც აღშფოთებულმა მომიგო:

-რაღაც სისულელეს რომ ამტკიცებ, ვერ ხვდები?!

 ამას მოჰყვა ნახევარსაათიანი დავა ილიასა და ნაირას უკეთესობაზე და ჩვენ ამ ჩვენი საერთო მეგობრის საღამო, ფაქტობრივად, ვიმსხვერპლეთ. ხალხი ხან ჩემკენ შემობრუნდებოდა, ხანაც ჩემი მეტოქისკენ და რადგანაც ამ უაზრობის მტკიცება აღარ გავათავე, ბიჭის აღშფოთება მათაც გადაედოთ და სულ მალე მთელს დარბაზს ვეომებოდი, როგორც ჭეშმარიტ პატრიოტს შეშვენის. შეთანხმება მიღწეულ არ იქნა და მე გამარჯვებული იერით გადავხედე სათვალიან ყმაწვილს და დარბაზი დავტოვე. ასეთი გახლდათ ჩემი და გორგილას პირველი შეხვედრა…

  რა დასამალია და მეცხრე კლასამდე მაგარი “შკოლნიკი” ვიყავი. წიგნებს სულ თავში ვირახუნებდი და ამის საფასურად საუკეთესო მოსწავლედ ვითვლებოდი სკოლაში. შესაბამისად, რა ოლიმპიადა თუ კონფერენცია არ უნდა ჩატარებულიყო, ყველგან მე მგზავნიდნენ. მეც წავიდოდი, ვიყოჩაღებდი და როცა სიგელებს მიბოძებდნენ, ახალი მთვარესავით გაბადრული ვბრუნდებოდი შინ… ამ ზემოთაღნიშნული საღამოდან ერთი წელი თუ იქნებოდა გასული, როცა 61-ე თუ 63-ე რესპუბლიკურ კონფერენციაზე გავედი. თემა სამ სხვადასხვა სფეროში მქონდა გაგზავნილი და სამივეგან გამომიძახეს. ჩავიცვი ისე, როგორც “შკოლნიკს” შეჰფერის (ანუ ჩამაცვა დედაჩემმა) და მორიგი წარმატების მოსაპოვებლად ღიმილით გავემართე საკონფერენციო დარბაზისკენ. კარის სახელური უნდა ჩამომეწია, რომ ზურგზე ვიღაცამ დამიკაკუნა: “ნაირა!” “ა” – გაგრძელებულად. “რა ნაირა-მეთქი” კი გავიფიქრე, მაგრამ როცა მოვტრიალდი და ამ დამკაკუნებელში ის შავგვრემანი, სათვალიანი ყმაწვილი შევიცანი, ჩემს აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა. თუმცა გარეგნულად არაფერი შემიმჩნევია და საკმაოდ აგდებულად მივუგე:

-ააააა… ილია… როგორ ხარ?

-კარგად, ნაირა, შენ?

-კარგად. თემა გაქვს გაგზავნილი?

-კი.

გავჩუმდით.

-შენ კიდევ იმ აზრზე ხარ, რომ ნაირა რუსთაველს ჯობია?

-რუსთაველი რაღა შუაშია?

-თუ ილიას?

“ჰმ! თავხედი!” – გავიფიქრე.

-მეჩქარება. – კარი შევაღე და დარბაზში შევედი… ცოტა ხანში ისე აგრესიულად ვკითხულობდი თემას ხევსურეთის ხატ-სალოცავებსა და მასთან დაკავშირებულ ლეგენდებზე, რომ დამსწრეებმა ალბათ იფიქრეს, ამ ხევსურებს რა ბრაზიანი ღმერთი ჰყოლიათო…

  გავიდა კიდევ ერთი წელი – ერთი საშინელი, აბიტურიენტობის წელი – თეთრი ღამეებით, მაგიდაზე დახვავებული წიგნებითა და დაცლილი ყავის ფინჯნებით აღსავსე, რომელსაც მოჰყვა ახალი ეტაპის დასაწყისი – სტუდენტობა… ზაფხულის მიწურულს შედეგები გამოქვეყნდა. ჩავირიცხე და აი: სოფელში ვარ. გახარებული შევრბივარ ოთახში და ლოგინში მწოლიარე დედაჩემს დავყვირი:

-დედა! დედა! პირველივეზე მოვხვდი და 70 პროცენტიანი დაფინანსება ავიღე!

დედაჩემი დაეჭვებით მიყურებს და გაბრაზებული მეუბნება:

-რატომ ასიანი ვერ აიღე?

გაზეთებში გამოქვეყნდა ჩარიცხულ სტუდენთა სიები, საიდანაც გავიგე, რომ მე და გორგილაძე კურსელები ვიყავით. “რა კოშმარია, ღმერთო!” – ვამბობდი ჩემთვის…

 კურსელობა საკმარისი არ აღმოჩნდა. ჩემდა სამწუხაროდ, გორგილამაც იგივე სპეციალობა აირჩია, რაც მე. ასე რომ, ორივენი ვისხედით ხოლმე ჟურნალისტიკის ლექციებზე და ირონიული სახეებით ვათვალიერებდით ერთმანეთს. “ა, ესე იგი, ნაირა უფრო მაგარია, ვიდრე ილია, ხო?” – მეკითხებოდა დათო ხითხითით. “თავხედი! უზრდელი! დამპალი!” – პირს ვაბრუნებდი მე.

  მეორე კურსზე რომ გადავედი, ჩემი მეგობრის შემოთავაზებით, გადავწყვიტე, ინტელექტულურ თამაშში, “რა? სად? როდის?”, მიმეღო მონაწილეობა. პირველი თამაში ოქტომბრის დასაწყისში ჩატარდა. ისეთ პახმელიაზე ვიყავი, თვალებიდან მწვანე ბოლს ვუშვებდი. თუმცა მაინც არ გამჭირვებია გორგილაძის დანახვა, რომელიც საზეიმო იერით მომეახლა, ტუჩები ყურთან მომიტანა და ჩამჩურჩულა: “ჰა, როგორია ნაირა?” ვერაფრით მოინელა რა! ბოლომდე მაჭამა ჩემი სისულელე…

  კლუბში დავრჩი დაახლოებით სამ თვეს. ამ ხნის განმავლობაში ყოველ თამაშზე მაწამებდა გორგილა თავისი მზერით, რომელიც გამოხატავდა “ნაირა მაგარია?”, თვალის ჩაპაჭუნებით, რომელიც გულისხმობდა “ხომ მაგარია ნაირა?”, თითის დაქნევით, რომელიც აგრეთვე ნიშნავდა: “ნაირა მხეცია!”

  ბოლოსდაბოლოს, კლუბიდან წამოვედი. სპეციალობაც შევიცვალე და ჟურნალისტიკიდან ფსიქოლოგიაზე – უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსიდან მესამეში გადავინაცვლე. ასე რომ, გორგილას ხილვის ბედნიერება კარგა ხანს აღარ მქონია…

   მესამე კურსზე სწავლას შევუდექი ნაავადმყოფარი, ფრუსტრირებული, კოგნიტურპროცესებდაქვეითებული, ყოვლად გაუბედურებული. ვერ ვიტანდი ხალხს და ნაცნობებთან შეხვედრა ნერვებს მიწიწკნიდა. ვისი, ვისი და გორგილას ნახვის პერსპექტივა ყველაზე ნაკლებ მხიბლავდა. მაგრამ მე ხომ ბედი არასოდეს მწყალობდა. და აი, ერთ მშვენიერ დღესაც სასწავლებლიდან გამოვდივარ და რას ვხედავ: დგას ეს ჩვენი გორგილა კაი ძველი ბიჭივით და სიგარეტს ეწევა. ვიცოდი, რომ დათოს ალერგია ჰქონდა სიგარეტზე და ამის დანახვამ ენით აღუწერელი ნეტარება მომანიჭა.

-ვა, მოწევა დაიწყე? – ვეკითხები აგდებულად.

-ხო. – ისეთი ხმით მპასუხობს, რომ ვხვდები, რაღაც ისე ვერაა.

-რა მოხდა?

-არაფერი. – იგივე ტონი.

-კარგი… დიდი ხანია ეწევი? – ჩემი ჭკუით ვეკაიფები.

დათო მიყურებს. საოცრად ნაღვლიანი სახე აქვს. მარკესის მეძავივით.

-რაც გავიგე, რომ ლეიკემია მაქვს, დავიწყე რა. – ვითომ უდარდელი სიფათი აქვს.

-რას ამბობ?! – საშინლად ვიბნევი.

-ხო.

-მეღადავები?

-კარგი რა…

 ვხვდები, რომ არ მეღადავება, რადგან ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჩვენი შეხვედრა ნაირა გელაშვილის ხსენების გარეშე ჩაივლის და შემდეგი ორი დღე გულდათუთქული დავიარები. “საწყალი დათო… არადა რა კარგი ბიჭია… როგორი განათლებული, როგორ ნიჭიერი, როგორი სიმპატიური… ცოდვა არაა ახლა ასეთი ბიჭის სიკვდილი?! ოი, რა უსამართლოდაა მოწყობილი ეს ქვეყანა!”

  რაღა თქმა უნდა, გორგილამ დამცინა და დამცინა მწარედ. ლეიკემია არა ტახი! რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც ლიტერატურული კონკურსის მეორე ტურზე ერთად გავემგზავრეთ კახეთში, მთელი გზა მეკაიფებოდა, “ხო მაგრად დაგაბოლეო.” დაბოლებით კი მართლა დამაბოლა. აბა, რას წარმოვიდგენდი, ასეთი დაუნდობელი თუ იქნებოდა… სამაგიეროდ, კახეთში გატარებული ორი დღის განმავლობაში იმდენი მაცინა, რომ ყველაფერი შევუნდე ნაირადან დაწყებული ლევკემიით დამთავრებული და როდესაც ჩვენს მშობლიურ თბილისს დავუბრუნდით, ყოველ ღამე იმას ვთხოვდი ღმერთს, “ხვალე გორგილაძე შემახვედრე, რომ პოზიტიური დღე მქონდეს-მეთქი.” თუმცა რაღა დაგიმალოთ და ერთხელ მაინც შემომელანძღა… როდესაც მეორე ტურზე დაწერილი საკუთარი მოთხრობით ისე ვამაყობდი, რომ მეგობრებს გამარჯობას აღარ ვეუბნებოდი (“რომელი ხარ, გიცნობ საერთოდ?”), წავიკითხე ბატონი დავითის ასევე მეორე ტურზე დაწერილი მოთხრობა, რომელმაც მისი იუმორივით დაუნდობლად შემკვეცა ფრთები. პირველი ფრაზა, რომელიც კითხვის დასრულებისთანავე აღმომხდა, გახლდათ ასეთი: “დამპალი ნაბიჭვარი!” მეორე: “არადა იქ იმას გაიძახოდა, “აზრზე არ ვარ, რა დავწეროო!” მესამე: “ასე ხომ გაიმარჯვებს და ეგაა!” და ბოლოს: “ვაჟბატონი!”

  რასაკვირველია, არ შევმცდარვარ (კარგი გემოვნება მაქვს) და დათომ გაიმარჯვა. ხუმრობა იქით იყოს და, მისმა წარმატებამ ძალიან გამახარა, რადგან დათო ნაირასა და ლევკემიის მიუხედავად, ძალიან შემიყვარდა და აწ უკვე ჩემს საუკეთესო მეგობრად მივიჩნევდი. მაინც, რა საოცარია ეს ცხოვრება, კამილო ხოსე სელასი არ იყოს…

  ამის მერე მე და გორგილა საკმაოდ ხშირად ვნახულობთ ერთმანეთს. დათო ჰოთდოგებს მიირთმევს, მე კოკას ვსვამ, ან ორივენი ვსვამთ – ოღონდ ლუდს და ძველ ამბებს ვიგონებთ. დათომ გამიმხილა, რომ ნაირა გელაშვილის არაფერი წაუკითხავს და დამპირდა, “აუცილებლად წავიკითხავო”. გორგილა წერს ესპანურ სტილში. შესაბამისად, მისი ნებისმიერი მოთხრობა, რაც არ უნდა ტრაგიკულ შინაარს მოიცავდეს, მაინც კუჭის ჩახევამდე სასაცილოა. მე მჯერა გორგილასი, გორგილას – ჩემი. ორივეს კი იმის, რომ ჩვენ აუცილებლად ავიღებთ ნობელის პრემიას. თუმცა ვერაფრით ვთანხმდებით, რომელი ჩვენგანი იქნება პირველი…

პ.ს. ამ მოთხრობას მხოლოდ იმ შემთხვევაში იხილავენ გორგილაძის ლამაზი თვალები, თუ დათო დამპირდება, რომ მას გამოაქვეყნებს თავის ბლოგზე ბოლოში დართული მოკლე რეზიუმეთი, სადაც ნათქვამი იქნება, რომ ვარ საოცრად ნიჭიერი ახალგაზრდა მწერალი და რომ გორგილაზე ადრე მე მომანიჭებენ ნობელის პრემიას…

მარი ბექაური

15.12.09

Written by gorgiladze

დეკემბერი 16, 2009 at 7:52 pm

Posted in Uncategorized

“ჩეჩილიაში”

with 7 comments

ავტორი: ნანული კალატოზიშვილი 

აგერ უკვე ოცი წელია რაც ნობელის პრემიის ლაურეატი დავით გორგილაძე თბილისში იშვიათად ჩამოდის. მან მუდმივ საცხოვრებლად ვენესუელას ბოლივარული რესპუბლიკა აირჩია. წლების წინ მან უარი განაცხადა ჟურნალისტებთან ურთიერთობაზე და კარაკასთან რამდენიმე კილომეტრში მდებარე საკუთარ მამულში ჩაიკეტა…

 ჩვიდმეტთვიანი, დაუღალავი მოლაპარაკებისა და თხოვნის შემდეგ მწერალი ინრვიუზე დამთანხმდა. ინტერვიუმდე ბოლო სატელეფონო საუბრისას, მან თავადვე დაარქვა ჩვენს შეხვედრას დუელი. დუელის ადგილად კი პუერტო კაბელოს სიახლოვე აირჩია, უფრო ზუსტად კი პატარა ბარი სახელად “ჩეჩილია”, რომელსაც წმინდა ლათინოსური გარეგნობის მეპატრონე ჰყავს, ოთხმოცს მიტანებული როსა გუარდიოლა.

 ადგილზე დაგვიანებით მივედი ჩემი საშინელი ესპანურის გამო, რომელმაც დამაბრკოლა ბარის ზუსტი ადგილმდებარეობის გაგებაში. მწერალი უკვე ადგილზე დამხვდა. როსასთან ერთად მოჰიტოს სვამდა და წარსულზე საუბრობდნენ. თანაც იღიმოდნენ. როცა მივუახლოვდი, მიხვდა ვინც ვიყავი, ფეხზე წამოდგა, ხელზე მეამბორა და თან თვალებით მანიშნა – დაიგვიანეო.

 გადაწყვეტილი მქონდა სანამ ნერვიულობას დავძლევ  სამშობლოდან გადახვეწილს რაიმე ახალს ვეტყვი საქართველოზე და გავახარებ–მეთქი. პირველი ახალი ამბავი, რომელიც იმ წუთას თავში მომივიდა,  საქართველოს პარლამენტის თბილისიდან ქუთაისში გადაბარგება იყო. “დღეს, ქუთაისში პარლამენტის პირველი და საზეიმო სხდომა ჩატარდება” – ვუთხარი.

– არ ჩატარდება. შენობაში ელექტროგაყვანილობის პრობლემა გამოჩნდა და გადაიდო.

ამ მკაცრი პასუხის შემდეგ მივხვდი, რომ ის ჩემზე კარგად იცნობდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ვცადე დამეწყო: “კარგით, მაშ პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ “– ვუთხარი.

– პირდაპირ აქვე? კიბატონო. თქვენნაირ ქალს უარს ვერაფერზე ვეტყვი, თუმცა, ეჭვი მაქვს როსა იეჭვიანებს. არც ეს მადარდებს, როსამ კარგა ხანია დაკარგა თავის ხიბლი, მაგრამ გაბრაზდება და მოჰიტოს აღარ მოგართმევთ, რომელიც თქვენ დაუკითხავად შევუკვეთე თქვენთვის. როსა მსოფლიოში ყველაზე მაგარ მოჰიტოს ამზადებს.

 მე მისმა შემოთავაზებამ გამაწითლა. უფრო სწორად გამაწითლა მისმა ასაკმა, რომელიც შვიდ ათეულ წელზე მეტს ითვლის. თანაც გამაკვირვა მისმა მამლაყინწობამ, რადგანაც სექსს მთავაზობდა კაცი, რომელმაც ორიოდე წუთის წინ უკანალი ძლივს წამოსწია, რათა ჩემთვის სალამი ეთქვა და ხელზე ეკოცნა. მიყვარს ასეთი კაცები, იხტიბარს რომ არ იტეხენ და საქმე საქმეზე რომ მიდგება, საკუთარ წარუმატებლობას ბევრ ალკოჰოლს აბრალებენ. სწორედ ასეთ კაცად წარმოვიდგინე დავით გორგილაძე, რომელიც ჩემს საყვარელ მწერლად მიმაჩნია თანამედროვე პროზაიკოსებს შორის და რომელიც ყველაზე მაგრად აღწერს სიყვარულის სცენებს. ისე კი, მისმა წინადადებამ გამახარა კიდეც. მერწმუნეთ, კარგი შეგრძნებაა, როცა საყვარელი მწერალი სექსს გთავაზობთ.

  როსამ მოჰიტო მომიტანა. მე მოვწრუპე და დავრწმუნდი, რომ ის მართლაც საუკეთესოა. ჩემი შეკითხვების სია ამოვაძვრინე, დიქტოფონი ჩავრთე , სიაში პირველი კითხვის დასასმელად მოვემზადე, რომელიც მწერლის ბოლო რომანს ეხებოდა. თუმცაღა, გულმა სხვა სიტყვები ამომაძრო პირიდან:

– ბატონო დავით, სასქესო ორგანო სახაზავით გაგიზომავთ?

– გორგილაძემ თვალები ჩემს მკერდს უცებ მოაშორა და სხარტად მიპასუხა:

– რა თქმა უნდა.

Written by gorgiladze

დეკემბერი 14, 2009 at 5:49 pm

Posted in Uncategorized

ხოსე და უფსკრულისფერთმიანი გოგონა

with 14 comments

 

მე ხოსე მქვია.  გონებამახვილი ვინმე ვარ. ყველას ვარწმუნებ რომ ჩემი საყვარელი მწერლის, კამილო ხოსე სელას პატივსაცემად დამარქვეს ასე. სინამდვილეში კი,  ჩემი ბაბუის ფრონტის მეგობრის სახელი მიბოძეს, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკიდან გამოქცეულა და გზაში შიშისაგან მომკვდარა, რომ  მიპოვონ მერე რაღა ვქნაო.

 სანთლით რომ მოიაროთ მთელი დუნია, ჩემზე უშნო ყმაწვილის პოვნა გაგიჭირდებათ. საკუთარ თავს ვეხუმრები ხოლმე, ბავშვობამ დაგაბეჩავა – მეთქი. ბავშვბობა კი მართლაც რთული მქონდა. წამითაც კი არ გამივლია თავში, რომ თოვლის ბაბუა სინამდვილეშიც არსებობდა. არ მეჯერა, რომ ისეთი სათნო და კეთილი არსება, როგორადაც თოვლის ბაბუას მიხატავდნენ  შეიძლებოდა ისეთი ძუნწი ყოფილიყო, როგორიც ჩემი.

 მე განსაკუთრებული ნიჭი მაქვს. სურნელის მიხედვით შემიძლია მივხვდე, რა ფერის კანი ან თმა აქვს ქალს. პოლკოვნილ ფრენკ სლეიდს ვგავარ, ფილმიდან „ქალის სურნელი“, მაგრამ ერთ ქალსაც ვერ იპოვით დედამიწის ზურგზე, რომელიც იტყვის ხოსე მიზიდავსო. მიუხედავად ამისა თავს უფლებას ვაძლევ ადელიტა არანორმალური სიყვარულით მიყვარდეს…

 ადელიტა ქვესკნელისისფერთმიანი გოგოა. მისი თმა ყველაფერზე შავი და გასაოცარია. თმაზე უფრო გასაოცარი კი მისი თვალებია. თვალები მის თმაზე უფრო შავია. ადელიტას ფეხზე წამომდგარი მკერდი და ხავერდის კანი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მის ფეხებზე ვერ იტყვით გამჩენმა საგანგებოდ, თხლად ჩამოასხაო, მე მაინც მიყვარს ადელიტა.

 1997 წლის 23 აპრილს, ჩირაღდნების ქუჩაზე ადელიტას სურნელი ტრიალებდა. თავად გოგონა კი მსუქანი გაბოს კაფეში იჯდა, რომელსაც სახელად „ღია ცის ქვეშ“ ჰქვია. სურნელმა ადელიტამდე მიმიყვანა . . .

 როცა სულს განვუტევებ და გამჩენის წინაშე წარვდგები, მინდა რომ უზენაესმა  ჩემი კეთილი საქმეების საკომპენსაციოდ,  ჩემი ცხოვრების რომელიმე ეპიზოდში წამიერი დაბრუნება შემომთავაზოს. მე  იმ წამს ავიჩევ როცა ადელიტა დავინახე პირველად. მსუქანი გაბოს კაფეში მჯდომი, სასიამოვნო სურნელების მფრქვეველი.

1997 წლის 23 აპრილის შემდეგ მე მიყვარს ადელიტა. მიყვარს მისი ფეხზე წამომდგარი მკერდი, კუპრზე უფრო შავი თმა, უფსკრულზე უფრო შავი თვალები და არცთუ ზედმიწევნით ლამაზად ჩამოსხმული ფეხები.

 1997 წლის 23 აპრილის შემდეგ მე ყოველდღე ვუთქვამ პაემანს ადელიტას. დილის თერთმეტ საათზე,  ჩირაღდნების ქუჩაზე, კაფეში სახელად „ღია ცის ქვეშ“

 დილის ცხრა საათიდან ვიწყებ პაემანისთვის მზადებას. მივირთმევ ღარიბულ საუზმეს, ვიცვამ ჩემი გარდერობის საუკეთესო კოსტიუმს, ვიპკურებ სუნამოს, რომელსაც მამიდა მჩუქნის ყოველი წლის შობა დღეს და ველოდები თერთმეტ საათს.

 კაფეში თერთმეტამდე წუთებით ადრე მივდივარ. როცა ადელიტას სურნელს ვიგრძნობ გულისცემა მიჩქარდება. ადელიტას ჩემ დანახვაზე ყოველთვის ეღიმება. მე ეს ღიმილი ქვეყანას მირჩევნია. ხავერდისკანიანი გოგონა იქ საუზმობს. ფუნთუშას და საკუთარი თმასავით შავ ყავას მიირთმევს. კაფეში მე და ადელიტა არასოდეს ვსაუბრობთ. როცა ის გაიღიმებს, მეც ვიღიმი. როცა დამწუხრდება, მეც უმალ იმავეს ვაკეთებ. როცა არც იღიმის და არც ნაღვლიანობს, მეც ჩვეულებრივი ხოსეს გამომეტყველება მაქვს, რომელიც ტკივილამდე სასაცილოა.

 ადელიტას ფინჯანი რომ დაიცლება, პაემანის დასასრულიც ესაა. ჩვენ ვდგებით. ჩირაღდნების ქუჩას ერთად მივუყვებით ხოლმე, მაგრამ ადელიტას ერთი ნაბიჯით წინ სიარული უყვარს. მე არ მელოდება. საოცრად ჯიუტია.

 ქუჩის ბოლოს რომ მივუახლოვდებით, ადელიტა შემობრუნდება და გამიღიმებს ხოლმე. ამის შემდეგ ის ჩირაღდნების ქუჩას ტოვებს. მე სურნელით  ვხვდები საით წავიდა, მაგრამ კვალს არასოდეს მივყვები. სახლში ვბუნდები და ხვალინდელი პაემანისთვის ვემზადები.

 . . . მერე რა რომ მე არასოდეს დავლაპარაკებივარ ადელიტას? მერე რა თუ ჩვენ სხვადასხვა მაგიდას ვუსხედვართ კაფეში? მიუხედავად ამისა, 1997 წლის აპრილიდან  მოყოლებული, ლამაზთვალება ღვთაებას ჩემთვის, დინოზავრისპროფილიანი ვაჟიშვილისთვის, არცერთხელ არ უთქვამს უარი პაემანზე. მეტიც, არასოდეს დაუგვიანია.

 მე ხოსე ვარ. ყველაზე უშნო არსება დედამიწაზე. მე ქვესკნელისფერთმიანი ღვთაების სიყვარულს ვბედავ. . .

. . .  როცა მოვკვდები და უფალი ჩემი ცხოვრების რომელიმე ეპიზოდის წამიერ განმეორებას შემომთავაზებს, მე უეჭველად ავირჩევ იმ წამს, როცა ადელიტა დავინახე პირველად. კაფეში მჯდომი,  ვნებისაღმძვრელი სურნელის მფრქვეველი.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

დავით  გორგილაძე

24 ოქტომბერი

Written by gorgiladze

დეკემბერი 7, 2009 at 7:13 pm

Posted in Uncategorized

and the oscar goes to . . .

with 4 comments

გამოქვეყნდა I-მედიაჟურნალის  ბლოგზე

რაც უფრო ახლოვდება “ოსკარებით” დაჯილდოვების ცერემონიალი, მით უფრო მატულობს ვნებათაღელვა იმ ფილმების ირგვლივ, რომლებიც, სავარაუდოდ, ჯილდოს მოსაპოვებელ ბრძოლაში ჩაებმებიან.   წელს კინოაკადემია სიახლესაც გვთავაზობს- რიგით  ოთხმოცდამეერთე დაჯილდოების ცერემონიალზე წლის ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად ხუთის ნაცვლად, ათი ფილმი იბრძოლებს.

 მიუხედავად იმისა, რომ რიგი გახმაურებული  ფილმების პრემიერები ჯერ არ შემდგარა და ჩვენ მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა  გვაქვს მათზე  „ტრეილერებიდან“, სხვადასხვა ვებსაიტზე უკვე დაიწყო სავარაუდო ნომინანტების დასახელება.

გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ოსკარებით  დაჯილოვდოვების 2009 წლის ცერემონიალიც პოლიტიკურად იქნება დამუხტული.

პირველი  “პოლიტიკური”  ფილმი – კანდიდატი  კლინტ ისტვუდის „ადამიანური ფაქტორია“ (human factor  ან  invictus ), რომელიც ნელსონ მანდელას ცხოვრებას ეძღვნება. სიუჟეტი  1995 წლის  რაგბის  მსოფლიო ჩემპიონატის დროს    ვითარდება. ფილმს დამატებით ინტერესს მსახიობების ფაქტორი მატებს – ნელსონ მანდელას მორგან ფრიმანი განასახიერებს, ხოლო მეთ დეიმონი რაგბის გუნდის კაპიტნის როლში მოგვევლინება.

 სავარაუდო კანდიდატთა სიაში იხსენიებენ აგრეთვე ფილმს „ძვირფასი“ (precious)   ამ სურათმა უკვე   გაიმარჯვა „სანდენსის“ კინოფესტივალზე. ის  უშნო გარეგნობის დაკომპლექსებულ  შავკანიან გოგონაზე მოგვითხრობს, რომელსაც არაადამიანურად ეპყრობიან.  კრიტიკოსი ედ გონსალესი ამბობს, რომ ეს ფილმიც შემატებს „პოლიტიკურობას“ ცერემონიალს.  ედ გონსალესს არ ეთანხმება  კინომცოდნე ნინია კაკაბაძე. ის იხსენებს, რომ შარშან კინოაკადემიამ  მართლაც პოლიტიზირებული გადაწყვეტილებები მიიღო, როცა  შონ პენი დააჯილდოვა ამერიკელი ჰომოსექსუალი პოლიტიკოსის, ჰარვი მილკის, როლის შესრულებისთვის და აგრეთვე რვა ოსკარი უბოძა ფილმს „მილიონერი ჯურღმულიდან“. მიუხედავად ამისა, ნინიას აზრით,  წლევანდელი დაჯილდოება განსხვავებული იქნება და ამას შემდეგნაირად  ხსნის:  „ ოსკარი“ ყველაზე აპოლიტიკური დაჯილდოებაა, აქ გაცილებით უფრო დიდი ყურადღება სანახაობას ენიჭება და არა შინაარსს, ამიტომაც არ მგონია, წელს პოლიტიზირებული დაჯილდოება ვიხილოთ“.

სავარაუდო კანდიდატთა შორის აპოლიტიკური ფილმები სჭარბობს.

 კინოკრიტიკოსები დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ რობ მარშალის მიუზიკლს   „ცხრა“ (nine).  ეს ფილმი ინტერესს  მრავალი მიზეზის გამო იწვევს. პირველი ფაქტორი რეჟისორის გამოცდილებაა. რობ მარშალმა 2002 წელს გადაიღო შესანიშნავი მიუზიკლი „ჩიკაგო“, რომელმაც ოსკარებიც დაიმსახურა; მეორე  მიზეზი კი  მსახიობთა შესანიშნავი დასია – ორი ოსკარის მფლობელი  დენიელ დეი ლიუისი მისთვის უჩვეულო ამპლუაში და მდედრი მსახიობების მთელი თანავარსკვლავედი: ჯუდი დენჩი, სოფი ლორენი, მარიონ კოტიარი, პენელოპა კრუსი, ნიკოლ კიდმანი და კეით ჰადსონი.

 დიდი ინტერესითა და იმედით ელიან პიტერ ჯექსონის ახალ ფილმს „საყვარელი ძვლები“ (lovely bones), რომლის პრემიერაც დეკემბრის დასაწყისში იგეგმება. სურათი მოგვითხრობს 14 წლის გოგონას შესახებ, რომელიც მანიაკმა გააუპატიურა და მოკლა. სივდილის შემდეგ ის სამოთხიდან  ადევნებს თვალს ახლობლების ცხოვრებას.  ოფიციალურ „ტრეილერში“ უკვე  ჩანს, თუ რა ოსტატურად დახატა რეჟისორმა არაამქვეყნიური სამყარო, რომელშიც გოგონამ გადაინაცვლა.

 „ჰაერში“ (Up in the air)  ჯეისონ რაიტმანის ახალი ფილმია, რომელშიც მთავარ როლს ჯორჯ ქლუნი ასრულებს. მისი გმირი დადის ქვეყნის გარშემო და კორპორაციულ მუშაკებს ათავისუფლებს. ის  ხშირად  ამბობს, თუ რა კარგია ცხოვრება ურთიერთობების გარეშე.  აქ ყველაზე საინტერესოა თავად რეჟისორის, რაიტმანის ფაქტორი,  მას სულ სამი სრულმეტრაჟიანი მხატვრული  სურათი აქვს გადაღებული და ამათგან ერთი, „ჯუნო“,  ოსკარზეც იყო წარდგენილი, ნომინაციაში „საუკეთესო ფილმი“. ფილმმა ორიგინალური სცენარისთვის დაიმსახურა აკადემიის ჯილდო  .

  „ გზა“ (the road)  ჯონ ჰილკოუტის პოსტაპოკალიფსური ჟანრის  ფილმია. საინტერესოა, რომ სურათი კორმაკ მაკკარტის 2006 წელს გამოშვებული, ამავე სახელწოდების წიგნის  მიხედვითაა გადაღებული. ფილმში მამა – შვილის როლს ვიგო მორტენსენი და კოდი სმიტ – მაკფი ასრულებენ. ოფიციალური „ტრეილერიდან“ ნათლად  ჩანს, რეჟისორის პოსტაპოკალიფსური სამყარო მრავალფეროვანი და მიმზიდველია.

დაბოლოს,   კინოსამყარო დაძაბული ელოდება ჯეიმს კამერუნის ახალ ფილმს –  „ავატარი“ (avatar), რომლის  გადაღების იდეაც მას დაახლოებით თხუთმეტი წლის წინ გაუჩნდა, თუმცა იმ დროს არსებულმა კომპიუტერული ტექნოლოგიებმა ამის საშუალება არ მისცა.   ფილმის შექმნაში სამას მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯა. სურათი ფანტასტიკის ჟანრს მიეკუთვნება და მოგვითხრობს პარალიზებული ადამიანის შესახებ, რომელიც ტექნიკური მიღწევების წყალობით შეძლებს გაჰყვეს ექსპედიციას პლანეტა „პანდორაზე“.

 გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ფილმებისა, ფავორიტთა შორის აქტიურად სახელდებიან:  “დამსმენი“ (The Informant) , “სერიოზული კაცი” (Serious Man),  და “ცხოვრების ხე” (the tree of life) შონ პენისა და ბრედ პიტის მონაწილეობით.

  იმედი მაქვს გარკვეული შთაბეაჭდილება შეგიქმენით წლევანდელ ფავორიტ ფილმებზე. ახლა კი ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ ჯერ ნომინანტთა გამოცხადებას და შემდეგ კი კინოაკადემიის რიგით ოთხმოცდამეორე დაჯილდოვებას.  შესაძლებელია ამ პროგნოზებიდან ზოგიერთი არ გამართლდეს და ამის გამო ნუ გამინაწყენდებით,  როგორც ცნობილმა კრიტიკოსმა როჯერ ებერტმა ერთხელ იხუმრა : „ოქროს რაინდიდან ოქროს ჟოლომდე სურ ერთი ნაბიჯია“

 დათო გორგილაძე