ძველი ახალი წელი

იღვიძებ. კუჭმაჭის სუნმა გაგაღვიძა. რა ხანია ასეთი სასიამოვნო სურნელი არ გიგრძვნია. შრაშუნის ხმა გესმის, ბებია საწერი მაგიდის უჯრაში თაბახის სუფთა ფურცლებს ეძებს. გოზინაყს უნდა დაუფინოს ქვემოდან. კარის ხმაც გაიგე. მამაშენის ლანდს ხედავ, რომელმაც კორიდორში გაიქროლა და ხელში ღორის თავი ეჭირა. მერე გახსენდება როგორი ამბები დაატრიალა ტელეფონით წინა დღეს: მცხეთის გამგეობაში საქალაქთაშორისო („მეჟდუგაროდნი“) ზარი განახორციელა შორეულ ნაცნობთან,  (რომელიც ნათლობის სუფრაზე გაიცნო). მისი პირით იქვე, ახლო სოფელში ნათესავს შეტყობინება გაუგზავნა: „სამეზობლოში ღორის თავი მიშოვე, ჩამოვალ და გადავიხდიო“.

გამოდის რომ ნათესავი გაისარჯა, იშოვა და საახალწლო სუფრაზე ნახევრად შედედებული მუჟუჟიც იქნება.

დედაშენმა ღუმელიდან „მედოკის“ ბისკვიტი გამოაძვრინა, კუთხეებს მოაჭრის და თუ სახლში პატარა და-ძმა არ გყავს, შენი წილ-ხვედრია. განჯინა საგულდაგულოდაა ჩაკეტილი – რამდენიმე დღის წინ მშობლებმა „დათუნია“ და „კიბოს კისერი“ მოიტანეს. ტკბილეულს შენგან მალავენ. გარეთ ყინავს, მაგრამ თბილისური თოვლია და გუნდა არ კეთდება.  ქუჩაში გადიხარ და მეგობრებს ეძახი, რომლებიც მოთხვრილი პირით აივანზე გამოდიან და გეუბნებიან, რომ მალე ჩამოვლენ. 5 წუთიც არ გადის – თამაზიკა ნაფტალინიდან გამოღებული ბუშლატით გეცხადება სადარბაზოდან. იმ გარეუბანში, სადაც შენ ცხოვრობ ახალი წლის დადგომა მხოლოდ ბავშვების მიერ „ასაფეთქებლების“ ბათქა-ბუთქით შეინიშნება. საახალწლო ილუმინაციები მხოლოდ ამერიკულ ფილმებში გაქვს ნანახი, რომლებსაც ტელევიზორში სულიმწარედ ელოდები.

თონეებთან რიგია. დეკემბრის 25-დან 31-ის ჩათვლით ქართველი მოქალაქის ჯიბის 90% ინდაურში, ლავაშსა და შოკოლადში იხარჯება. მოგროვებული საჭმელი ნათლისღებამდე გაატანს, რის მერეც, მარტის ბოლომდე, საყოველთაო ქართული შიმშილობა ცხადდება. ამ დროს ზამთრისთვის საგანგებოდ გამზადებული ტყემლის 97%-ი იჭმება, რომელიც ბებიებს საშრობებში აქვთ გადანახული.

შენი ქვეყნის უზუსტესი ენერგეტიკული სტრატეგიის, რესურსებისა და მეცხრე ბლოკის ეჭვშეუვალი სანდოობის გათვალისწინებით, შეიძლება ახალი წელი სიბნელეში შემოიპაროს. ამიტომაც, გაყიდვაშია ნავთიც. იტენება N რაოდენობის გაზის ბალონები.

შენ და შენმა მეგობრებმა სამეზობლოს ისე მოაბეზრეთ თავი ბათქა-ბუთქით, რომ კორპუსებიდან გაუჩერებლად ისმის ხმები: „შენ არ გაგითენდეს ახალი წელი.“ ვერაფერს იტყვი, სამართლიანი სურვილია!

ტელევიზორში ისეთი ამბებია დედა შვილს ხელში არ იყვანს. აქეთ „უდიპლომო სასიძო“, იქით „ლონდრე“,  გაღმა – „კუჩხი ბედინერი“, გამოღმა – „რეკორდი“, ხელმარჯვნივ  „ქვევრი“,  ხელმარცხნივ „ჭრიჭინა“ . . . და რა თქმა უნდა გვირგვინი საახალწლო ეთერისა -„ბედის ირონია, ანუ გაამოთ“.  აგერ უკვე მერამდენე წელია გაკვირვებს, თუ რატომ ბჟირდებიან სიცილით უფროსები, როცა იპოლიტი ჩაცმულ-დახურული შედის შხაპის მისაღებად, ან უცნაურად რატომ  ხვნეშიან მეზობლის კაცები, როცა ბარბარა ბრილსკა ცისფერ ეკრანზე გამოჩნდება (გაივლის წლები და მიხვდები, რომ ამ დროს ისინი ტკბილ მოგონებებში იძირებოდნენ).  ისინი ბრაზდებიან, როცა ამ ქერა ქალის  ისტორიას, სახლში მარტო დარჩენილი  მაკალეი კალკინის ამბავი გირჩევნია. 

ბნელდება. მამაშენი მაღაზიაში ჩადის, რომ ის სასმელი ამოიტანოს, „რომლითაც უნიტაზებს ხეხავენ და მანქანის ძრავებს ასუფთავებენ“ და რომელსაც შენ დიდი სიამოვნებით მიირთმევ.

12 ახლოვდება. დავუშვათ მამლის წელი მოდის. ვიღაცამ ჟურნალში „სარკე“ დაწერა, რომ მამალს  თხლად ჩაცმული ადამიანები უყვარს. შენ იცნობ ადამიანს, რომელსაც ისე სწამს იმხანად ჯერ კიდევ ახლადგამელოტებული მიხეილ ცაგარელის მსგავსი ადამიანებისა, რომ მზადაა მთელი ოჯახი დეკემბრის 31-ში გააშიშვლოს, რათა მამალს ატმოსფეროთი ასიამოვნოს.

ავსტრალიაში მილიონობით ფოიერვერკს ისვრიან 12-ის დადგომისას, ნიუ-იორკში კიდევ უფრო მეტს. შენი ბავშვობისდროინდელ თბილისშიც ხდება მილიონობით გასროლა, ოღონდ კალაშნიკოვის ავტომატიდან. ჟურნალ ფორბსში ამოვიკითხე, რომ 1999 წელს, საახალწლოდ თბილისში გასროლათა რაოდენობა „რემბო. პირველ სისხლში“ დახარჯული ვაზნების რაოდენობას ოდნავ ჩამოუვარდება.

ახალი წელი დადგა და პირველი, რაც ამ წელს გააკეთე, „რუსული არხების“ ყურება იყო. „რუსული ესტრადის გალა კონცერტი“ – ამ ღირსშესანიშნავ ღონისძიებას, ქართული საზოგადოების უმრავლესობა სიზმრებშიც კი ელოდა:

ორი გაშეშებული წამყვანი. ახალგაზრდა მამაკაცი და ხნიერი ქალი, კარგად დავარცხნილი თმით. დაახლოებით ისეთი ვარიანტია, როგორსაც პორნო გვერდები ხშირად სთავაზობენ მომხმარებელს – “Young man and Milf”.

სცენა საუცხოოდაა გაწყობილი. მას ჯემალ სეფიაშვილის ეპიკური კონცერტის, „ბრავო მაესტროს“ სასცენო გაფორმებაც კი ვერ შეედრება. კრემლის საკონცერტო დარბაზი გადაჭედილია მეორე მსოფლიო ომის გულმომედლილი ვეტერანებით, ლამაზი ქერა გოგოშკებით ქმრებთან ერთად. ზოგიერთი საკუთარ ქმართან, ზოგიერთი კი სხვის ქმართან ერთადაა მოსული. კონცერტს სტანდარტული დასაწყისი ექნება: С НОВЫМ ГОДОМ, С НОВЫМ СЧАСТЕМ ДОРОГИЕ ДРУЗЯ… მერე კი ამ სცენაზე ცეცხლი დაინთება: Поет для вас Лев Лещенкео. . . აქეთ ოლეგ გაზმანოვი, იქით ლარისა დოლინა; ქვემოთ ლუბა უსპენსკაია, ზემოთ მაშა რასპუტინა; შენკენ ალა პუგაჩოვა, ჩემკენ სოფია როტარუ . . .

„სოჩაა, მა რა არი?!“

დათო გორგილაძე

About these ads

7 thoughts on “ძველი ახალი წელი

  1. და მაინც, მიუხედავად იმისა რომ ირონია სუძბი ყელში იყო ამოსული წლების განმავლობაში, ეხლა მენატრება :დ როცა აღარ აჩვენებენ აგერ უკვე რამდენი წელია :დ

  2. ra kvelaferi zustad aris agwerili. am bolo dros iseti shtabechdileba mrcheba, rom is urtiertobebi, rac adre iko, sadgac kreba, mezobloba mezobloba agar aris da adamianebi icvlebian. ar vfiqrob, rom aucileblad rusul estradas an “cisfer ekrans” unda vusmendet axal wlebze, magram igive “bedis ironias” rom agar uchveneben da kidev bevr sxva films es ar aris swori. gaixare, bednier axal wels da wlebs da bevr posts gisurveb!:)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s