უცნობი მხატვრის ეროტიკა

16 Comments

ამასწინათ ჩემი თაობის ვაჟიშვილების შესახებ დავწერე და თითქოს მკაცრად მქონდა გადაწყვეტილი მსგავს თემებზე აღარაფერს მოვყვები – მეთქი. ამას ისიც დაერთო, რომ ჩემმა მეგობარმა, ირაკლი გუნია უსაქმურად ყოფნისას გამეხუმრა შენ ხომ ქალების მწერალი ხარო, ეგეთი თემებით იზიდავ მკითხველებსო. ბუნებრივია ირაკლი ხუმრობდა, მაგრამ მისი ოხუნჯობა მაინც გულზე მომხვდა და იქიდან მოყოლებული საკუთარ თავს ცენზორად ვუდგავარ.      

  აღარც ეს წერილი დაიწერებოდა იმავე ირაკლი გუნიას ერთი განცხადება რომ არ ეჩვენებინა, რომლებსაც თურმე მეტროსადგურ რუსთაველთან არიგებდნენ. აქ წერდნენ „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ მიერ გაკეთებულ სასარგებლო საქმეებზე და მოსახლეობას მოუწოდებდნენ სოლიდარობა გამოეცხადებინათ ამ ორგანიზაციისთვის. სასარგებლო საქმეთა ჩამონათვალში ეწერა ისიც, რომ „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა“ შეაჩერა საჯარო სკოლებში გარყვნილობის (თუ არ ვცდები ამ სიტყვას იყენებდნენ) სწავლება.

   განცხადების წაკითხვისას გულწრფელად ჩავფიქრდი მართლაც საჭიროა თუ სკოლაში მამაკაცისა და ქალის სქესობრივი კონტაქტის შესახებ ასწავლონ – მეთქი. ბუნებრივია მე განათლების რეფორმასა და სწავლების მეთოდებში დიდი ვერაფერი ვინმე ვარ და ამ შემთხვევაში ისევ საკუთარი თავის მაგალითი და ჩემი თაობის გულანთებული ბიჭები გამახსენდა.

   გამახსენდა ბიოლოგიის გაკვეთილები, როცა ჩუმი ინტერესით, ერთმანეთისაგან ფარულად ყველანი ველოდებოდით ბოლოს წინა პარაგრაფამდე მისვლას, სადაც სქესობრივ კავშირზე ეწერა, ეგ გაკვეთილი ყველას ას-ასჯერ გვქონდა წაკითხული და მგონი უკვე ზეპირადაც ვიცოდით. ხოლო როცა ამ სანუკვარ პარაგრაფს მივუახლოვდით, მასწავლებელმა ცივი წყალი გადაგვასხა ის გაკვეთილი გამოტოვა და პირდაპირ ბოლო პარაგრაფისკენ გაგვიძღვა. ვერც ვერაფერი ვთქვით. მაშინ ეგეთ რამეზე რას იტყოდი?! „ტი შტო“?!

  მართალია წიგნიდან არა, მაგრამ მკაცრად გასაიდუმლოებულ ინფორმაციას სხვადასხვა გზებით მაინც ვიღებდით. მოარული ხმებისგან; პორნოგრაფიული გაზეთიდან, რომელსაც კორპუსის უკანა ეზოში შეულახავ მდგომარეობაში ვპოულობდით, თითქოს გამოწერილი გვქონდა (ეტყობა იმას, ვისაც ამ გაზეთზე ხელი მიუწვდებოდა ახალ-ახალი ნომრები მისდიოდა და ძველებს უცნაური მეთოდით და უცნაურ ადგილას იშორებდა ხოლმე) მოგვიანებით ჩემმა მეგომარმა კიდევ ერთ აკრძალული ინფორმაციის წყაროს მიაგნო , რომელიც ყოველთვის ერთსა და იმას გვეუბნებოდა, არასოდეს იცვლებოდა, მაგრამ მაინც ყოველთვის ჰქონდა თავის ეშხი და ფასი: ჩემი უბნის სკოლასა და ბაგა-ბაღს შორის წყლის ძველი და დანგრეული ბოილერი იდგა, რომლშიც ერთი უცნობი მხატვარი შეპარულიყო და ერთერთ კედელზე დიდი ნახატი დაეტოვებინა. ნახატი მართლაც ვეებერთელა იყო, ყველაფერი გარკვევით ჩანდა. როცა დაბალ კლასებში ვიყავით და სკოლიდან გამოვიდოდით, მოჩვენებებად გადავიქცეოდით ხოლმე და ბოილერში შევიპარებოდით. შესვლისთანავე ჩვენ წინ აღიმართებოდა ძალიან უცნაური სცენა, რომლის მნიშვნელობასაც თითქოს ვარკვევდით და თან შეკითხვებიც გვიჩნდებოდა. ამ კითხვებს არასოდეს ვუსვამდით ერთმანეთს. პასუხის გამცემი მაინც არავინ იყო. ასე გადიოდა დრო. მოგვიანებით კედლის ნახატი „ფოე-ფოე“ ჟურნალებმა, „აკრძალულმა“ ვიდეომასალამ და არც მეტი არც ნაკლები XXL-მა ჩაანაცვლა.

  ახლა იმ სამი დაწესებულებიდან მხოლოდ სკოლასღა შერჩა თავის პირვანდელი ფუნქცია. ბაგა-ბაღში იძულებით გადაადგილებულები დაასახლეს, ბოილერი ვიღაც ფულიანმა შეისყიდა და კეთილმოწყობილ შენობად აქცია, თუმცა რა ფუნქციას დააკისრებს კაციშვილმა არ იცის. ბუნებრივია ის ნახატი აღარ არსებობს (არამგონია თვალსაჩინოებისთვის დაეტოვებინათ). როცა იმ კედლისკენ ვიხედები, ყოველთვის ის ნახატი და ნერვიულობა მახსენდება (გვეშინოდა ვინმეს იქ არ დავენახეთ) ის ნახატი ალბათ ცხოვრების ბოლომდე დარჩება ჩემთვის ყველაზე ეროტიულ და ამავდროულად ყველაზე აკრძალულ ნამუშევრად.

  ჩემს ბავშობაში ეგრე იყო. სკოლაში ლიტერატურას, ისტორიას, გეოგრაფიასა და ფიზიკას ვსწავლობდით. ეგეთებს კი უცნობი მხატვარი გვასწავლიდა.

დავით გორგილაძე

ოპერაცია თეთრი კურდღელი

25 Comments

        ტაქსის მძღოლმა სპიდომეტრის ისარი მხოლოდ მას შემდეგ გადააცილა 20-იანის ნიშნულს, რაც მშვიდად და აუღელვებლად ვკითხე: „ბატონო ჩემო, როგორ ფიქრობთ, რატომ გავაჩერე ტაქსი და რატომ არ წავყევი დაწყევლილ 117 ნომერ სამარშრუტოს?“ მოდით თავადვე გიპასუხებთ – მეთქი და ვუპასუხე: „იმიტომ, რომ ზემოხსენებული სამარშრუტო ჯერ მთელ ქალაქს ურტყამს წრეს და ორი საათის მერე მიდის მაიაკოვსკის ძეგლთან. მე კი ნამდვილად არ მინდა საყვარელ ადამიანს ვაცდევინო. ამისათვის საჭიროა, რომ მაიაკოვსკის ძეგლთან ორ საათზე ნაკლებ დროში მივიდე“ – მძღოლმა კეთილი ინება და ახლა 20 კ/მ საათის ნაცვლად უკვე 40 კ/მ საათში სიჩქარით მივაპობდით ჭაღარა და მრავალჭირნახადი თბილისის ჰაერს.  ნინიასთან მეჩქარებოდა. ნინია მელოდებოდა.

            სანამ მე ტაქსის მძღოლს კლიენტის მომსახურებისა და მორალურ-ეთიკურ კოდექსზე ველაპარაკებოდი და იმასაც ვუხსნიდი, რომ მის მანქანას იმაზე მეტი შეუძლია ვიდრე მას წარმოუდგენია, ნინიკო თურმე ცხოველების ბაზრობაზე თავდაუზოგავად ეძებდა პატარა თეთრ კურდღელს, რათა ჩემთვის ეჩუქებინა და გავეხარებინე. . .

            ტაქსის ორი საათი ნამდვილად არ დასჭირდა დანიშნულების ადგილზე მისასვლელად, არამედ საათი და ორმოცდაათი წუთი. ათ წუთ შეღავათს ეხუმრებით?!  ამასობაში ნინიკომ მომწერა და თავისი ზუსტი ადგილსამყოფელი შემატყობინა. მითხრა რომ სკვერში სულ განაპირა მხარეს მელოდებოდა, სუფთა სკამებთან  (სხვა სკამებზე ტალახები ბელტებად ყრია. არა, არ გეგონოთ, რომ ახალგაზრდები ფეხებს ალაგებენ და ისე მიირთმევენ მზესუმზირას. მე ამას ვერ დავიჯერებ!)

            . . .  მეც მივედი. ნინიკო იქ დამხვდა თეთრი, წითელთვალება,  ძალიან საყვარელი კურდღლით ხელში. ამ საჩუქარმა უსაზღვროდ გამახარა. ნინიას ბაჭიასთვის წითელი ყელსაბამი გაეკეთებინა და ძალიან მაგრად გამოიყურებოდა. ერთხანს სკამზე ვისხედით. მერე გადავწყვიტეთ გავისეირნოთო და წამოდგომა გაგვიჭირდა. არა, რევმატიზმების ბრალი არ უნდა ყოფილიყო, უფრო ახლადშეღებილი სკამებისა, რომელმაც ტანსაცმელი მიიკრო. აი თურმე რატომ დარჩა სუფთად ის სკამები. მეც არ გამიკვირდა!

            სკამიდან როცა ავდექი, ცისარტყელას ფერებში ვიყავი გამოწყობილი. არა, უფრო ფარშევანგს ვგავდი. ნინიას მაინცდამაინც არაფერი ეტყობოდა.  ორ საათში  სერიოზული შეხვედრა მქონდა დაგეგმილი, ასეთ ფორმაში ვერ წავიდოდი, იძულებული გავხდი შინ დავბრუნებულიყავი და ტანსაცმელი გამომეცვალა. . .

            117 ნომერი სამარშრუტო ტაქსი გაკიცხვას მხოლოდ იმის გამო არ იმსახურებს, რომ ძალიან ნელა და დიდ გზაზე დადის, არამედ ზომაზე (აქ იგულისხმება როგორც ფართობი, ასევე მორალი) მეტ ხალხს იტევს, ხან  ვინ გაზის თავზე, ხან ვინ. ხოდა ათასი ჯურის ადამიანიდან  რა გასაკვირია, რომ ზოგიერთი მათგანი ჰიგიენასთან „გამარჯობა-გაგიმარჯოს“ დამოკიდებულებაში იყოს? – მაგრამ მე სხვა გზა მაინც არ მქონდა და 117-ს დავემგზავრე. ნინიკომ სამარშრუტომდე გამომაცილა და თან დამაბარა კურდღელს კარგად მიხედეო. . .

            მეც ვზივარ და ვიხედები ფანჯარაში. თვალწინ ხან ნახალოვკის თვალწარმტაცი ხედები მეშლება, ხან პერეხადნოის ბრწყინვალება მჭრის თვალს (თან ვაზისუბანში მივდივარ). ერთიცაა და უსიამოვნო სურნელი მიმოიფრქვა მანქანაში. მე იმწამსვვე ამრეზით გავხედე ერთ ტიპს, რომელიც ბომჟს წააგავდა, რადგანაც ამ სურნელში დამნაშავედ სწორედ ის მივიჩნიე, მაგრამ ნურას უკაცრავად . . .!

            ასე ამრეზით იმ უდანაშაულო ბომჟს იქამდე ვუყურებდი, სანამ მუხლზე სითბო არ ვიგრძენი. ნინიკოს ნაჩუქარმა თეთრმა, წითელთვალება და ძალიან საყვარელმა ბაჭიამ შარდით დამასაჩუქრა. ცოტა ხანში ხალხი მე მიყურებდა ამრეზით, რადგანაც ყუთს (რომელშიც კურდღელი იჯდა) საგულდაგულოდ ვმალავდი, მაგრამ სურნელს სად დავმალავდი? . . .

            …ძნელია კურდღლების ხვედრი. იბადება და ხშირ შემთხვევაში დამწყვდეული ჰყავთ. მერე ცხოველების ბაზრობაზე გაიყვანენ გასაყიდად. მერე კი ვინმე ახალგაზრდა საჩუქრად იყიდის თავისი შეყვარებულისთვის. კურდღლის რა ბრალია ასეთი საყვარელი როა? რა მისი ბრალია რომ ეფსია და იძულებულია ნებისმიერ ადგილას მოფსას?

            ეჰ, ძნელია კურდღლის ხვედრი. არც კურდღლის პატრონობა იოლი.  როცა 117 ნომერი სამარშრუტოთი ერთად მგზავრობთ მითუმეტეს.

დავით გორგილაძე

იაშა თბილისის ქუჩიდან

18 Comments

 

     ამბავს გიყვებით უბრალო კაცისასიაშა  ერქვა.  თავად ამბავიც უბრალოა, არაფრით განსაკუთრებული, მაგრამ მიუხედავად ამისა ვინმე კარგ მწერალს, ან გაცვეთილ  ლიტერატორს, რომელიც წერისას  ფრთხილობს და ყოველ სიტყვას გრამობით წონის, მაინც  გაუჭირდებოდა გადაწყვეტილების მიღება, ეს წერილი პირდაპირ იაშას ამბის მოყოლით დაეწყო თუ უფრო შორიდან მოევლოჩემი წარმომავლობის მისადგომებიდან. მაგრამ რადგანაც მე არც კარგი მწერალი მქვია და არც ლიტერატორობას ვიჩემებ, ჩემთვის უფრო ადვილია გადაწყვეტილების მიღება. მე ხომ მხოლოდ იაშას ამბის მოყოლა მსურს. მეტი არაფერი.

 

დ. გ

                                                              

მამაჩემი, ქობულეთელი კაცი, რუსეთში სამედიცინო განათლებამიღებული, ერთხანს იქვე ნამუშევარი,  ვაზისუბანსა და თბილისის სხვა ადგილებშიც სახელგანთქმული ექიმი იშვიათად, მაგრამ დამაჯერებელი ტონით ამბობს,  გორგილაძეები აჭარაში სოფელ ჭრებალოდან ჩასახლდნენო. ჩემდა სამარცხვინოდ არც საკუთარი გვარის წარმომავლობა გამომირკვევია არასოდეს და არც მამაჩემის თეორიის გადამოწმება მიცდია როდესმე – არა იმიტომ, რომ მის მოსაზრებას უპირობოდ, სიტყვაზე ვენდე, უბრალოდ ძველ დოკუმენტებში ქექვა და დამტვერილ წიგნში ჩაძვრომა  მხატვრული ფილმის ყურებისას  უფრო მანიჭებდა სიამოვნებას. მითუმეტეს დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს გორგილაძეები აჭარაში ჭრებალოდან ჩავიდნენ თუ ტიფლისიდან. მთავარია  მშვიდობით ჩააღწიეს, კარგად მოეწყვნენ, გამრავლდნენ, მამაჩემმა გაიცნო დედაჩემი – თბილისელი გოგონა (შემდგომში და ამჟამად  რუსული ენისა და ლიტერატურის, მოსწავლეების ძალიან საყვარელი და პატივსაცემი მასწავლებელი), დასახლდნენ თბილისში. ჯერ ჩემი ძმა გაჩნდა, ოთხი წლის მერე მეც მოვყევი.

            მას შემდეგ წელი არ გაივლის ისე, ზაფხულში ქობულეთში რომ არ ჩავიდეთ, ნათესავ-ახლობლები არ მოვინახულოთ და არ დავისვენოთ. ჩემი გონების ფსკერზე ყოველთვის დარჩება მოგონება თბილისიდან ქობულეთამდე მგზავრობაზე ღამის, ჩახუთული და ჯოჯოხეთურად ცხელი მატარებლით. მგზავრობაზე, რომელიც  ოთხმოცდაათიანებში სამ დღე – ღამესაც გაჭიმულა. რას ვიზამთ?! დრო იყო ასეთი, შავ-ბნელი.

            ბაბუაჩემისა და ბებიაჩემის აშენებული ორსართულიანი, ახლა უკვე მოძველებული სახლი რკინიგზის სადგურთან ძალიან ახლოს დგას, თბილისის ქუჩაზე. საერთოდაც თბილისის ქუჩა უკვე მოძველებულია, ოდნავ მორკალული მიუყვება გზას ზღვის ნაპირისკენ, პარალელურად ჩამწკრივებული ასევე მოძველებული სახლებით, ერთი-ორის გამოკლებით. თბილისის ქუჩა გვარიანადაა დაშორებული ქობულეთის ცენტრს, ჰოდა ამის გამო თბილისელი, სვეცკი დამსვენებლი აქ იშვიათად ჩერდება. იმათ ცხოვრების დუღილი და ტანცი-მანცები უყვართ – ეგეთები კიდე ცენტრისკენ უნდა მოიკითხოთ, აღმაშენებლის ქუჩის ოთხას – ხუთასებში. ჰოდა ამ თბილისის ქუჩაზე ცხოვრობდა ჩემი ერთი ნათესავიც.

            იაშა გორგილაძე, ჩემი ნათესავი, თბილისის ქუჩის კოლორიტი –  ყველაზე დიდი არარსებული გემის კაპიტანი იყო. გემისა, რომელსაც არასდროს არ აუღია გეზი სამხრეთისკენ. ან იმ  გემისა, რომელიც გაცოფებულმა ზღვამ შთანთქა და ახლაც მის ფსკერზე განისვენებს.   კაცი მაღალი და გამომხმარი, უთქმელი,  მსხვილი ძვლებით. ჩემს ცნობიერებაში დარჩენილ იაშას დაჰკრავს იერი, რომელიც მიგანიშნებდა – ახალგაზრდობაში კარგი შესახედი ბიჭი ვიყავიო.

            იაშა ჩემთვის უინტერესო ვინმე იყო, არაფრით გამორჩეული, არაფრით განსაკუთრებული სანამ ფოკუზის გაკეთება არ მასწავლა, რომლის წყალობითაც შემდგომში არაერთი სანაძლეო მოვიგე და ახლაც ვიყენებ ხოლმე ხანდახან, როცა საქმეს სჭირდება. მაგრამ სანამ იაშა ფოკუზს მასწავლიდა, ბევრი რამ მოხდა მის ცხოვრებაში: ცოლ-შვილი გაექცა,  მერე ალკოჰოლიკი გახდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში გვერდით დედამისი ედგა – ნინა ბაბუშკა.

            ნინა ბაბუშკა (ასე ვუწოდებდით მისი რუსული ფესვების გამო) საინტერესო ქალი იყო, მგონი იაშას მამას რუსეთის რომელიმე მხარიდან ჩამოეყვანა და ქართულად არ ლაპარაკობდა. ნაკლებად მეფიქრება, რომ საქართველოში გატარებული ათეულობით წლის განმავლობაში ქართული ვერ ისწავლა, უბრალოდ არ უნდოდა და  არ ლაპარაკობდა. აკი ვთქვი საინტერესო ქალი იყო – მეთქი.  ქობულეთში ჩასულს, პირველსავე დღესვე მიმიხმობდა თავისთან და გარჩეული მზესუმზირით სავსე ქარალდის შეკვრას მომცემდა, მერე იმასაც მოაყოლებდა -  პირადად შენთვის გავარჩიეო. მერე მივრბოდი, სადმე დავიმალებოდი და მარტოდმარტო მოვუღებდი ხოლმე ბოლოს იმ მზესუმზირას. მუჭებით ვჭამდი. ახლაც მახსოვს იმ მზესუმზირის გემო.  ნინა ბაბუშკასთან ურთიერთება ორი მიზეზის გამო იყო სასარგებლო: საინტერესო ამბებსაც მიყვებოდა და თან რუსულშიც ვვარჯშობდი. ჰოდა ახლა რომ ცუდად არ ვლაპარაკობ რუსულად, ეს მისი დამსახურებაცაა.

            ნინა ბაბუშკა იაშას მანამ ამხნევებდა, სანამ სული არ განუტევა. იაშაც მარტო დარჩა სახლში. მისი უმცროსი და იქით ცხოვრობს, ქობულეთის ცენტრისკენ. იქითაა გათხოვილი.  არარსებული გემის კაპიტანიც სვამდა და სვამდა. მიუშვა და მიუშვა.

            გაგანია ზაფხულის ერთ დღეს, მგონი აგვისტოს პირველ სამშაბათს, როცა იდუმალ ფოკუზს მასწავლიდა, მაშინაც ჩარტყმული ჰქონდა. ფოკუზის მოკვარახჭინებისთვის მხოლოდ ქაღალდის ნაგლეჯი და ხელები კმაროდა. იაშას ხელები გულიანად კანკალებდა გრადუსის გამოისობით. როცა ნაძალადევად აჯაფსანდალნაჭამი და უსაშველოდ გაგულისებული სასადილო ოთახიდან ქარიშხალივით გამოვვარდი ეზოში და მოწყვეტით დავეშვი ხის გრძელ სკამზე, რომელის მსგავსებიც სადგურების მგზავრთა მოსაცდელებში უდგათ ხოლმე, იაშაც შოარიახლოს იჯდა, ისიც ხის სკამზე, ოღონდ სადგურისაზე არა.  საერთოდ იაშას უყვარდა ხშირად შემოვლა ხის სკამზე მოკალათება და გამუსაიფება. ამ დროს, გაბრაზებულსა და მოღუშულს იაშა გამომეხმაურა: „გინდა ფოკუზი გასწავლო?“ – ჩემთვის, ოთხმოცდაათიანების ყმაწვილისთვის, ფოკუზი ერთს დიდ გასართობ რამეს წარმოადგენდა და იაშას  მოგებიან შემოთავაზებას თავის ქანქარით დავთანხმდი. მაგის მერე მე და იაშა დავმეგობრდით. ერთი ფოკუზიდან დაიწო გემის კაპიტანისა და ჩემი მეგობრობა და ნაბიჯ-ნაბიჯ დათბა.

            გემის კაპიტნად პირველად იაშა მაშინ წარმოვიდგინე, როცა  ქობულეთის ძია კაცები ქობულეთის სახელიანი მოცურავეების ამბებს იხსენებდნენ და იაშას სახელიც ბლომად ახსენეს ეგეთებს შორის. მაშინ ჩემს ბავშვურ წარმოსახვაში უბრალო ტანისამოსში გამოწყობილი იაშა  მეკობრის ჩასაცმელში წარმოვიდგინე. ის სახელგანთქმულ მეზრვაურად გარდაისახა, რომელიც  უშველებელ გემსა და დიდ ეკიპაჟს მეთაურობს, ის მკაცრი, მაგრამ გულკეთილია და არასოდეს მარცხდება – ასეთები მხოლოდ კინოებში მენახა. კინოებში, სადაც შუაღამის გაშმაგებული ზღვა გემის მორევში ჩათრევას ცდილობს, მაგრამ კაპიტანი საჭევართად დგას, განკარგულებებს გულუხვად და სხარტად არიგებს და გემიც არ იღუპება – კაპიტანი ყოჩაღად უფროსობს.  „სასწაულად ცურავდა“ – გაიხსენა ამასწინათ საქართველოში დროებით დაბრუნებულმა მამაჩემის ძმამ.  მეც მიხაროდა, რომ გემის კაპიტანი მყავდა მეგობრად. ვის არ გაუხარდებოდა?! ოცნებად მქონდა ქცეული იაშასთან ერთად ზღვაში შესვლა და გაცურვა ჰორიზონტამდე და ჰორიზონტზე უფრო შორს, მეორე ჰორიზონტამდე. მერე ისიც გავიგე იაშა გაქანებულ გემს ქვევით ძვრებოდაო. ამან საერთოდ გადამრია. „ასე ვის მოუტყუებიხარ ბიჭო?“ – მკითხა მოგვიანებით,  როცა ამ ამბის მასთანვე გადამოწმება ვცადე. თავმდაბალი იყო იაშა, იოლად გააწითლებდი. შემეგობრებიდან ორი წლის თავზე  ოცნება სანახევროდ ავიხდინე და ჩვენ ერთად მოვხვდით ზღვის ნაპირას – მე და კაპიტანი, ოღონდ კაპიტანმა სურდოს გამო ვერ შეძლო ზღვაში შემოსვლა.  მე მარტო ვერ მოვახერხებდი მეორე ჰორიზონტამდე მიცურვას. მე მაშინ ღლაპი ვიყავი. . .

…ღლაპიც ვიყავი და წასულ-მოსული ტვინის ვინმეც. რაღაც-რაღაცებს მივედ-მოვედებოდი. ჯერ იყო და „რეპებს“ ვუსმენდი. გაქანებული ემინემისტი ვიყავი. ემინემი მაშინ ძილ-ბურანიდან გამოსული პოსტ საბჭოთა სივრცის საქართველოსთვის მზე და მთვარე იყო განგების მიერ მოვლენილი, მაგრამ ცოტა ხნის მერე თბილისს როცა როკმუსიკის ვეებერთელა ტალღამ გადაუარა, სულაც არ გამჭირვებია ამ ტალღას ავყოლოდი და მერე წავიდა ქუინები, ზეპელინები და ეგეთები (მაგ პერიოდიდან გაივლის რამდენიმე წელი და უკვე სტიუ უანდერსა და ბარი უაითს მოვუსმენ. ეგეთია მოზარდის ტვინი, წასულ-მოსული). ჰოდა ისე გამოდიოდა, რომ ქობულეთში ყოველ ზაფხულს ახალი გატაცებით ჩავდიოდი. როცა იქ ზეპელინებით გატაცებული ჩავედი, ერთი გმირობა იყო ჩემი გაძლება – დავიზუთხე ერთი-ორი ამბავი და გაუჩერებლად ვლაქლაქებდი. მერედა მისმენდა ვინმე?! ორი ვარიანტია: ან მუსიკა არ აინტერესებდათ, ან ჩემთან საუბარი მუსიკაზე. ღმერთი-რჯული მეორე ვარიანტზე უფრო მეფიქრება, მეორე უფრო სავარაუდოა. . .

. . . გავიხედოთ და იაშას დააინტერესა. ნაბიჯ-ნაბიჯ გაირკვა რომ გემის კაპიტანი ძველი მელომანი ყოფილა, როკერების სტაჟიანი გულშემატკივარი. ისეთი ვიღაცები ჩამომითვალა, იქამდე არც გამეგონა, ისეთ ამბებს მომიყვა პირი ღია დამრჩა. იაშა ნელ-ნელა მიდიოდა მუსიკის უღრანებში და უფრო და უფრო უჭირდა სააქაოს გამოსვლა. გვარიანად შეზარხოშებულ იაშას თვალებზე ეტყობოდა რო წარსულს იხსენებდა და თითქოს ეს სიამოვნებასაც ანიჭებდა და რაღაც ნაღველსაც მოაყოლებდა ამ წარსულის გახსენება. იაშას თვალებზე ეტყობოდა ძველი ამბების გახსენება იოლი არ იყო მისთვის. მგონი  ძველ მუსიკაზე ლაპარაკიც არ ეიოლებოდა, მაგრამ იხსენებდა და იხსენებდა, ყვებოდა და ყვებოდა. იმას რაღა გააჩერებდა?! მელომანი გემის კაპიტნის გაჩერება იოლი საქმე არ გეგონოს.

            იაშას სიცოცხლის ბოლო წელს, როცა თბილისიდან ქობულეთში ინტელექტუალის იმიჯითა და ორატორობით გატაცებული ჩავედი, იაშას თრობა გადაეგდო და ახალი ცხოვრების დაწყებას აპირებდა. ამან გამახარა. საქმე ის იყო, რომ იაშას კვირეებით ადრე შეტევა ჰქონოდა თუ შოკში ჩავარდნილიყო სმის გამო. „სიკვდილს ჩავხედე თვალებში“ – მითხრა, როცა ჩავედი და მერე თანამედროვე მუსიკის ამბები გამომკითხა.

            იმ ზაფხულს იაშა იშვიათად შემოივლიდა ხოლმე მუსიკაზე სამუსაიფოდ. იმ ზაფხულს იაშა საარაკოდ ფხიზელი დაიარებოდა. ჩემი თბილისად გამომგზავრების ბოლო საღამოს კი შემოიარა ბედად. ლაპარაკ-ლაპარაკში ქართველი კაცის ბუნებაც ვახსენეთ და მეც არ დავახანე. შევუბერე და შევუბერე. ანგარიში დავკარგე და გატაცებით მოვყვებოდი საარაკო ამბებს ქართველი კაცის უმზეს სულზე, ვაჟკაცობასა და სიმამაცეზე. იაშამ ერთადერთი წინადადება თქვა, მთლად ეგრეც არ არის საქმეო და გაჩუმდა. მე კი  („ინტელექტუალი“, „ორატორი“)  ხელმეორედ ჩავირთე. მეორე წრეზე წასულმა კი ანგარიში სულ დავკარგე და დამსწრე საზოგადოება ლამის გამოვლანძღე („ინტელექტუალმა“, „ორატორმა“) . იაშას სიტყვა არ უკადრებია. საერთოდაც მისგან არ მახსოვს ისეთი საქციელი, რომელიც მაგრძნობინებდა, რომ ნაკლებად რამის მცოდნე ვარ. იაშამ იცოდა მოქცევა. იაშა გემის კაპიტანი იყო. მერე რა თუ მისი გემი არ არსებობდა. ბოლოს იაშას სილუეტი ჭიშკართან დავლანდე.

            ზამთარში დარეკეს ქობულეთიდან. შეგვატყობინეს რომ იაშა გარდაიცვალა. მას შემდეგ ხშირად მიფიქრია, რა იქნებოდა არ შემოსულიყო იმ საღამოს. ჩვენ სამუდამოდ დავრჩით შეკამათებულ გულითად მეგობრებად და დუმილი იყო იაშას ბოლო სიტყვა ჩემთვის ნათქვამი.

            მე გარდაცვლილი იაშა არ მინახავს. ამიტომ  როცა ქობულეთში ჩავდივარ სულ მგონია, რომ გემის კაპიტანი იქ დამხვდება, გამომკითხავს თბილისურ ამბებს, ისევ ვილაპარაკებთ მუსიკაზე. ის ისევ შევა მუსიკის უღრანებში და გამოსვლა გაუჭირდება. გაიხსენებს წარსულს და მისი თვალები დარდს ვერ დამალავენ. მისი სიკვდილიდან წლების შემდეგ ის  მახსენდება ისეთი, როგორიც ბოლოს დავინახე,  ეზოდან მიმავალი, გამხდარი და მაღალი. გემის კაპიტნის მსგავსი.

            არაა! იაშას გემი ზღვაში არ დაღუპულა. ეგებ ის რაღაც მიზეზის გამო საერთოდაც არ ჩაუშვიათ წყალში და ახლაც მიყრუებული ნავსაყუდელის მიყრუებულ კუთხეში განისვენებს.

            რად ღირდა იაშას ცხოვრება? – ძნელია საპასუხოდ. მგონი მას საკუთარი ხელებით არასოდეს აუშენებია სახლი. მგონი არც ხე დაურგავს, მაგრამ მან სიცოცხლე მისცა ვაჟს და სხვა ყველაფერი რომ დავუკარგოთ, იაშა მხოლოდ ამის გამო მხოლოდ პატივისცემას იმსახურებს.

 დავით გორგილაძე

სათვალიანთა კავშირი

49 Comments

იმ დღეს სამოცდათორმეტჯერ მოვიხსენი სათვალე, მაგრამ სანამ პირველად მოვიხსნიდი, ჯერ თვალის ექიმთან მომიწია მისვლა, ცოტა ადრე  მხედველობა დამიქვეითდა, მანამდე კი ერთი უბნელი გოგო შემიყვარდა ცალმხრივად.

თოტხმეტი წლისა ვიქნებოდი, როცა  გადავწყვიტე წიგნიერი ვინმე უნდა გავხდე – მეთქი.  იმავე დღეს შევამჩნიე, თითქოს ავტობუსის სანომრე ნიშნების გარჩევა გამიჭირდა.  თვალებს იქამდეც შევეწუხებინე,  ესეც ასაკობრივ პრობლემებს მივაწერე და ყურადღებასაც არ ვაქცევდი. ექიმთან მხოლოდ მაშინ წავედი, როცა სკოლის ეზოს ერთ ბოლოში მდგომი, მეორე ბოლოდან მომავალ წვერ-ულვაშდამშვენებულ მამაკაცს იმდენ ხანს აღვიქვამდი სანდომიანი გარეგნობის ქალბატობნად,  სანამ ორიოდე მეტრის ინტერვალით არ მომიახლოვდა.

            ოფთალმოლოგის სავარძელში მჯდომს იმის იმედი მაცოცხლებდა, რომ მოპირდაპირე კედელზე გაკრულ ტაბულაზე ყველა ასო-ნიშანს გავარჩევდი, წამოვიდოდი სახლში და მხედველობის სათვალის გარეშე, მშვიდად გავარგძელებდი ცხოვრებას.

            ნურას უკაცრავად! . . . სულ სამი ასო-ნიშანი გავარჩიე, სათავეში რომლებიც ეხატა, ვეებერთელები, უსინათლოც ადვილად დაინახავდა.  ექიმ კახაბერს ხელი არ აჰკანკალებია, როცა მხედველობის სათვალე გამომიწერა. არადა რო სცოდნოდა რას ნიშნავდა ეს ჩემთვის!..

…რუსულმა სახუმარო სიტყვამ ачкарик,  ქართულ, განსაკუთრებით კი  ”ვაზისუბნურ ენაზე”  მაქსიმალურად დამცინავი ფუნქცია შეისისხლხორცა.  ამ სიტყვამ ჩემს ცნობიერებაში გააჩინა ჯან-ღონიანი ფობია. ბავშვობაში აჩკარიკად აღვიქვამდი ადამიანს, რომელსაც უცხო სხეული მიეკრო თვალებზე  და არასოდეს მოშორდება,  მარტოს არსად გაუშვებს. აჩკარიკამ, ”კიტელსა”  და ”ინსპექტორებში” გამოწყობილმა, მუდამ ხელჩანთითა და წიგნებით უნდა იაროს აქეთ-იქით.  უბნის ბიჭებმა ”შკოლნიკი” უნდა ეძახონ და მაღაზიაში გააგზავნონ სიგარეტზე. მეგონა, რომ  აჩკარიკა ვერ ითამაშებს ფეხბურთს, ვერ გაერთობა მეგობრებთან ერთად, იმიტომ რომ არავინ იმეგობრებს მასთან,  ვერ წავა  საცურაო აუზზე ან ბარში ლუდის დასალევად. ყველაზე მეტად მაშინებდა ( მაგიჟებდა) ფიქრი, რომ აჩკარიკა დედამიწის ზურგზე არცერთ გოგოს არ მოეწონება. ბავშვობაში მე სულ ორი რამის მეშინოდა: ანაკონდასი და აჩკარიკობის. ალბათ ექიმს ჩემი  ფიქრები რომ სცოდნოდა სათვალეს არც გამომიწერდა, მაგრამ რა იცოდა? მეც ვეღარაფერს გავაწყობდი. თამარ მეფის გამზირზე უნდა გამესეირნა.

თამარ მეფის გამზირი ხო იცით?  ოპტიკების საუფლო, აჩკარიკების ოაზისი. აქ სათვალეების ისეთივე დიდი არჩევანია, როგორიც კახპებისა როსა კაბარკასის ”ღამის მაღაზიაში” – სადაც შეგიძლია ყველაფერი შენს გემოვნებასა და სხეულს მოარგო.

            თამარ მეფის გამზირზე ”გასეირნებამდე”  დიდხანს ვითრიე ფეხი. ხან გრიპი მოვიმიზეზე, ხან თავის ტკივილი. ბოლოს მივხვდი ვერსად გავექცეოდი აჩკარიკობას და ”გავისეირნე”.  ავარჩიე სათვალე – ”უაპრავო”, პეწიანი, მაქსიმალურად სოლიდური. ოსტატს მშვენივრად დაემზადებინა.  სიახლის ფერი დაჰკრავდა და ეტყობოდა მელოდებოდა – რამაც ძალიან დამწყვიტა გული. გარეთ გამოვედი და სათვალის გაკეთებისთანავე გადაიწმინდა მიდამო. თამარ მეფის გამზირიც უფრო ვრცელი და ნათელი გამოჩნდა, შორს მოსიარულე ხალხიც აღარ წააგავდა ჭიანჭველების მოფუსფუსე გროვას.        

            იმ დღეს სათვალე პირველად მაშინ მოვიხსენი, როცა სამარშრუტო ტაქსიში ავედი. მაშინ  მომეჩვენა, რომ ყველამ მე შემომხედა და გონებაში გაივლეს: ”ერთი უყურეთ ამ აჩკარიკას, რას ჰგავს”. სამარშრუტოდან რომ ჩამოვედი და სახლის გზას ფეიხით გავუყევი, ყოველი ნაცნობის დანახვაზე ვიხსნიდი სათვალეს. როს-როდის, იმის შიშ-კანკალით ახლობელი არ შემომხვდეს – მეთქი, ძლივს ავაღწიე შინ.

            ვეღარ დავიმალებოდი. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, გადავწყვიტე ეზოში ჩავსულიყავი და თავი ოფიციალურად გამომეცხადებინა აჩკარიკად. აქაც კარგა ხანს ვითრიე ფეხი. ცხოვრებაში რომ არ გამომიჩენია ინიციატივა ჩემი საწერი მაგიდის უჯრები მომეწესრიგებინა (რომელშიც ახლაც ათას ხარა-ხურას წააწყდებით), იმ დღეს გულმოდგინედ დავალაგე და მხოლოდ მერე გავედი ქუჩაში. გზად სადარბაზოდან ”ჯიბოს ბუტკამდე” (ვაზისუბნის IVმ/რ-ის, I კვარტლის ოფიციალური ბირჟაა) და მერე იქ დგომისას ორმოცდასამი ნაცნობი შემხვდა და ორმოცდასამჯერვე მოვიხსენი სათვალე. იმ დღეს წითელი ფერი ჩემს სახეს არ მოშორებია.

            დამაგვირგვინებელი, სამოცდამეთორმეტე მოხსნა მაშინ  მოხდა, როცა იმ გოგონამ გამოიარა იმხანად რომ მიყვარდა და შემომხედა. . . იმ დროს მინდოდა მიწა გამსკდომოდა და შიგ ჩავეტანე. ერთბაშად დამედო ჭარხლისფერი და ხელის ნერვიული მოძრაობით ჩამოვიგლიჯე სათვალე სახიდან. იმ დღეს ბევრი რამ შეიცვალა.   იმ გოგოს ნორმალურად აღარ შემოუხედავს ჩემთვის (სიმართლე ვთქვა არც იქამდე იკლადა თავს). იმ დღეს სათვალით მეძინა და საერთოდაც, მას შემდეგ სირცხვილის მიზეზით აღაარასოდეს მომიხსნია სათვალე.

რამდენიმე წლის შემდეგ . . .

ახლა როცა ”აჩკარიკოფობია” დამარცხებული მყავს   და საკუთარი თავი სათვალის გარეშე ვერ წამომიდგენია,  მგონია, რომ ყველა მაგარ ტიპს სათვალე უნდა ეკეთოს. ჩემი შეყვარებული ნინია, რომელსაც  უძირო თვალები აქვს  და  რომაელ ქალს,  ხანაც მითოლოგიურ, ულამაზეს ღვთაებას მაგონებს (და რომელიც მე ტკივილამდე მიყვარს), ამბობს, რომ სათვალე ძალიან მიხდება.  ხანდახან ახალი დიზაინის შერჩევაშიც მეხმარება. ზოგ-ზოგიერთი,  ადრე რომ აჩკარიკებს გვიწოდებდა, დღეს მოდას აყოლია და უნომრო სათვალე დაუთრევია,  ტყუილად დაუკოფსებია ცხვირზე  და კოხტაობს. ჩვენ, ლამფის შუქზე წიგნის კითხვის გამო თვალებდათხრილებსაც აჩკარიკები უნდა გვერქვას და მათაც? სადაა სამართალი!?

            ასე რომ, დამწყებო აჩკარიკებო, ნუ შეგეშინდებათ. ვერ ხედავთ ჯონი დეპს? – სათვალეს ატარებს და მის დანახვაზე გოგოშკები იფსამენ . ანაც რაღა შორს წავიდეთ? – მე, ქალაქში ცნობილი აჩკარიკა, სათვალიანთა კავშირის საპატიო წევრი,  უნივერსიტეტში ყველაზე ლამაზ გოგოს ვუყვარვარ.

ჯეფ ბრიჯესის პერსონაჟზე და არა მხოლოდ

3 Comments

”შეშლილი გული” ბოლოსთთვის შემოვინახე და ოსკარებით დაჯილდოების ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე ვუყურე ერთი მიზეზის გამო – მინდოდა ცხელ გულზე მეგულშემატკივრა ჯეფ ბრიჯესისთვის.

კინოაკადემიამ წელს არაერთი სადავო გადაწყვეტილება მიიღო . ჯერ მარტო ის რად ღირს ორიგინალური სცენარის ნომინაციაში ”უსახელო ნაბიჭვრები” რომ დაიკიდეს და ქეთრინ ბიგელოუს ასიამოვნეს. ან ეს სანდრა ბულოკი ვის დაკარგვია, საიდან გამოტყვრა? მიუხედავად ამ რაღაცებისა (!), იყო რამდენიმე გაცემული ოსკარი, რომელზე კამათიც ალბათ არავის მოუვა აზრად. მაგალითად მეორეხარისხოვანი როლების შემსრულებელნი, კრისტოფ ვალცი („უსახელო ნაბიჭვრები“) და მონიკი („ძვირფასი“) (- მართლაც უნაკლოდ ასრულებენ. ესენი რომ არ დაეჯილდოებინათ ჯობდა საერთოდაც არ ჩატარებული ცერემონია). ანიმაციური ფილმი „მაღლა”(რომლის ყურებისას, პირველი თხუთმეტი წუთის განმავლობაში, უგულო უნდა იყო, ცრემლი რომ არ მოგადგეს) ვიზუალური ეფექტებისთვის დაჯილდოებული „ავატარი“( – რაც მართალია, მართალია). და ალბათ მამაკაცის მთავარი როლის შემსრულებელი ჯეფ ბრიჯესიც . . .

ადამიანებს ხელოვნებისადმი სუბიექტური მიდგომა რომ ახასიათებთ, ამაში ახალი არაფერია. ჩვენ, ხშირ შემთხვევაში, ისეთი ფილმები მოგვწონს, რომლებშიც საკუთრ თავს ვხედავთ, საკუთარი ხმა გვესმის. . .

არსებობს ხალხი, რომლებსაც ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე წარუმატებლობა ეწვიათ, ძირს დაანარცხა და ისინიც წარმატების მისაღწევად აღარაფერს აკეთებენ. დამარცხებულები მიუყვებიან ცხოვრების დინებას და მცირედითაც კმაყოფილდებიან. ასეთ სისუსტეს საკუთარ თავსაც ვამჩნევ ხოლმე.

შეშლილი გული“ სწორედ ასეთ ადამიანზე გვიყვება. ბედ ბლეიკი (ჯეფ ბრიჯესი), ძველი თაობის საყვარელი მომღერალია. ბედი ქანთრის „უბერვს“, მართალია მისი ალბომები თითქმის აღარ იყიდება, ბლეიკსაც მხოლოდ 10 დოლარი აქვს ჯიბეში, მაგრამ ხანდახან ”უმართლებს” და ორმოცდაათსგადაცილებულ მსმენელს ჩაიგორებს ლოგინში, ხანაც დახლიდარი ცოლისთვის ავტოგრაფს ართმევს და მის საყვარელ ვისკისაც უსახსოვრებს. ბედს ვიკი უყვარს. მეტიც, ბედი ალკოჰოლიკია. დაიარება (!) აშშ-ს მიყრუებულ ადგილებში „ორი კაპიკის“ (ქართული ტერმინით რომ ვთქვათ) საშოვნელად და ხშირ შემთხვევაში მისი აუდიტორიაც ბოულინგის დარბაზში შეკრებილი ორიოდე ათეული ადამიანისგან შედგება. ზოგჯერ ბედს ამ აუდიტორიის წინაშე „იაღლიში“ მოსდის და სამი წუთით გადის სარწყევად. ალკოჰოლი მოქმედებს. მერე რა, ვის არ მოსვლია?

ასე მიდის ბედ ბლეიკის ცხოვრება, როცა ერთი ჟურნალისტი გამოჩნდება. ჯეინი (მეგი გილენჰალი), განათხოვარი, შვილიანი (ზუსტად ისეთი, როგორისაც ეშინია რიგით ქართველ პოტენციურ დედამთილს) გოგოშკაა. ბედ ბლეიკი ჯეინისთვის ჩვეულებრივი რესპონდენტი არ აღმოჩნდება და პირიქით. მოკლედ ისე, როგორც ცხოვრებისეულ ფილმებში ხდება ხოლმე.

ჯეფ ბრიჯესი ყოველგვარი თეატრალურობისა და ტრანსში შესვლების გარეშე განასახიერებს გმირს. გულიანად ეწევა, თავდავიწყებით სვამს. შემოტევებისას ისევე გადაეყუდება უნიტაზში, როგორც ყველა აკეთებს. მოკლედ არაფერია მის შესრულებაში არაჩვეულებრივი, ანუ ისეთი, როგორიც ცხოვრებაში არ გინახავთ. სწორედ ამაშია ამ როლის წარმატების საიდუმლო – არაფერი ზედმეტი, არაფერი განსაკუთრებული. ჯეფ ბრიჯესმა გაუძლო განსაკუთრებულობის ცდუნებას.

მაყურებელს შეიძლება გაუჩნდეს შეკითხვა (სამართლიანად): „ დარენ არონოვსკიმ დაახლოებით ასეთი შინაარსის ფილმი 2008 წელს არ გადაიღო? მგონი „რესტლერი“ ჰქვია“ – ზოგი იმსაც იტყვის, მიკი რურკი უკეთ თამაშობს ვიდრე ჯეფ ბრიჯესი და მაშინ რატომღა არ მისცეს ოსკარი. . . აი, სად გამოჩნდა ადამიანების სუბიექტური მიდგომა ხელოვნებისადმი.

მართლაც, „შეშლილი გული“ თავისი შინაარსითა და მთავარი პერსონაჟით ძალიან ჰგავს „რესტლერს“, მაგრამ არის განსხვავებებიც.

დარენ არონოვსკიმ 2008 წელს ექვს მილიონ დოლარად (რაც კატასტროფულად დაბალი თანხაა) გადაიღო ფილმი წარსულში წარმატებული და აწმყოში განადგურებული რესტლერი შესახებ, რომელიც რამდენიმე ათეული დოლარის საშოვნელად საკუთარი სიცოცხლით რისკავს. ფილმმა მაქსიმალურად ზუსტად ასახა ყველაფერი, მაგრამ მისი ყურებისას, თითქოს მთავარ გმირთან ერთად იტანჯები. ალბათ ეს დადებითად ლაპარაკობს კინოზე, მაგრამ ტანჯვა ტანჯვად რჩება. „შეშლილი გული“ კი გაცილებით უფრო მსუბუქი საყურებელია. არც იმას უარყოფს ვინმე, რომ მიკი რურკი არანაკლებ კარგად ართმევს დავალებას თავს, მაგრამ მისი დავალება ხომ გაცილებით მარტივია,  მიკის საკუთარი ცხოვრება უნდა განესახიერებინა. თითქოს არონოვსკიმ მსახიობის ცხოვრებაზე გადაიღო ფილმი. და ბოლოს (ნახევრად ხუმრობით) „რესტლერი“ რესტლერზეა, „შეშლილი გული“ მუსიკოსზე – ზოგს ქანთრის მოსმენა ურჩევნია თავ-პირისმტვრევის ყურებას.

ჩვენთან ქანთრის მსმენელს იშვიათად შეხვდებით, მაგრამ აუცილებელი არ არის მუსიკის ამ ჟანრს უსმენდეთ, რომ „შეშლილი გულის“ მუსიკა მოგეწონოთ, განსაკუთრებით კი დამაგვირგვინებელი საუნდტრეკი, რომელზეც იფიქრებთ -ცნობილი ჰიტია და კინოში სპეციალურად გამოიყენესო.

ჩემმა მეგობარმა კინომანმა, ირაკლი გუნიამ, რომელმაც ჩემზე ადრე ნახა ”შეშლილი გული”, მითხრა: „ჯეფ ბრიჯესი იცი როგორ თამაშობს ალკოჰოლიკ მუსიკოსს? – გაგრძნობინებს, რომ არასასიამოვნო სუნი ასდის“.

სწორედ ამიტომ, ჩემო ჯეფ, შენ (უკაცრავად შენობით მომართვისთვის) დაიმსახურე ეს პრესტიჟული ჯილდო.

 

დავით გორგილაძე

მე თვითონ წამოვედი

24 Comments

იმაზეც მეფიქრებოდა, ჩემით ხო არ მოვუღო ბოლო მოლოდინს – მეთქი. ფილმებიდან ვიცი (მადლობა ღმერთს ეს მაინც მაქვს ნანახი ოხრად) : ”არავის გამოვუგდივარ სამსახურიდან, თვითონ წამოვედიიო” -არსებობს თავის გამართლების ასეთი ხერხი. რამდენი დღეა ასეთ კომბინაციებს ვამუშავებ.

            ყველაფერი კი დაახლოებით ორი თვის წინ დაიწყო, როცა თავი ამოვყავი ჟურნალის რედაქციაში, რიგით ჟურნალისტად, გამოსაცდელი ვადით. ეს გამოსაცდელი ვადა სამ თვეს უნდა გაგრძელებულიყო, ერთი კვირის წინ მთავარმა რედაქტორმა გამოგვიცხადა თებერვლის თხუთმეტში ზოგიერთი თქვენგანი დაგვემშვიდობებაო.

            შემეშინდა? აბა რა გითხრათ. ცოტა შემეშინდა, ცოტა დავიძაბე და მაგრად კი ავნერვიულდი. ასეთ  დროს , ადამიანს, ყოველთვის საკუთარ თავზე ეფიქრება ხოლმე ცუდი რამ. მართალია წერაში ცუდი ტიპი არ ვარ, ისიც კი უთქვამთ კარგად წერო, მაგრამ ცხოვრება ხან ჩათლახურად გექცევა და სწორედ მაშინ არ გაძლევს თავის გამოჩენის საშუალებას, როცა ეს ძალიან გჭირდება. გეუბნება სხვა დროს იყოსო. შენც რისი თქმა შეგიძლია? შეეპასუხები თუ რა?  თავი  უნდა ჩაქინდრო და გამოხვიდე.

            ამაზე ფიქრში მათენდება ღამეები და სიზმარშიც კი დაახლოებით ასეთ რამეებს ვხედავ:

წარმოიდგინე, რომ თხუთმეტი გათენდა და სამსახურში უნდა წახვიდე. არც წასვლა გინდა და არც არმისვლა გამოვა. თხუთმეტი თებერვალია, სხვა თუ არაფერი. ბოლოს გადაწყვეტ წახვიდე და თან უკანალი გიკანკალებს. ეს უკეთეს შემთხვევაში, თორემ შეიძლება მთლად ცახცახებ. მუცელი გტკივა ნერვიულობისგან და თუკი შარდის ბუშტმაც ამ დროს შეგახსენა თავი, ჩათვალე, რომ კიდევ ერთი მიზეზი აქვთ შენ გასაგდებად: კარგადაც ვერ წერ და ქვეშაფსიაც ხარ. იმიტომ, რომ თუკი ამ დროს ცახცახი დაგაწყებინა, ჩაიფსამ და ეგაა.

            რედაქციის კარს რომ შეაღებ და შიდა პოლიტიკის განყოფილების თანამშრომელი შემოგაგებებს თვალებს, მიხვდები რომ დაგენძრა. თვალებში აწერია:” შე საცოდავო, რა კარგი ბიჭი ხარ, რა პერსპექტიული, რა სიმპატიური(!), მონდომებული. საცოდაობა არაა ახლა შენი სამსახურიდან გაშვება?” – შენ უყურებ მის თვალებს და გაღიზიანებს მისი თანაგრძნობა. უბრალოდ სალამს ეტყვი და გზას განაგრძობ. მერე ეკონომიკის განყოფილებას ჩაუვლი, საზოგადოების, საგარეო პოლიტიკის. არავის უყურებ, მაგრამ მათი მზრუნველი და თანაგრძნობისფერი თვალები გჭამენ, მაგრამ შენ მაინც არ გინდა ამ თანამგრძნობის მიღება. საკუთარ თავს არწმუნებ, რომ კარგად წერ, არა, ეს ზუსტი სიტყვა არ არის, შენ საუკეთესო ხარ საკუთარ საქმეში. უბრალოდ ახლა არ გაგიმართლა, ამათ ვერ გაგიგეს, მოიცადონ, შენც დაიწყებ მუშაობას მაგარ ”ზავიდენიაში”, ვთქვათ ”ვოლ სთრით ჯოურნალში” და უჩვენებ ყველას ვინ არის ”ხაზიაინი”.  საზღვარგარეთის კორესპონდენტი გახდები, სპეციალური  კორესპონდენტი. ეგვიპტე, კოლუმბია, ინდოეთი, იქიდან გაუგზავნი რედაქციას სტატიებს. ამერიკაში ბილბორდებზე შენი სურათები იქნება წარწერით: მისტერ ექსკლუზივი” ან რაღაც ამდაგვარი. ანაც რად გინდა სპეციალური კორესპონდენტობა? მთავარი რედაქტორი გახდები. ნახეთ რა მაგრად ჟღერს? კაბინეტზე აბრაა, და შენი სახელის გვერდით წერია ”ვოლ სთრით ჯოურნალის” მთავარი რედაქტორი. მერე შეგეძლება შენც დაიბარო სახელოვანი ჟურნალისტები კაბინეტში და გაყარო. მიიღო და გაყარო . . . უცებ თანამშრომლის ხმას გადმოყავხარ საკუთარი კაბინეტიდან  და თბილისის ერთერთი ჟურნალის რედაქციაში გაბრუნებს, რომლიდანაც თხუთმეტ წუთში უნდა გიკრან თავი გარეთ.

            სამაგიეროდ თავს იმშვიდებ. ყველა სახელოვან მასტსაც ხო ეგეთი ცხოვრება ჰქონდა? აინშტაინი გამოცდაზე ჩაიჭრა, ან რაღა შორს წახვიდე? ჭავჭავაძე გამოაგდეს პეტერბურგის უნივერსიტეტიდან. მართალია იმ მომენტში ისეთ სახელოვანს ვერ იხსენებ სამსახურიდან რომ გამოეძევებინოთ (თანაც ორ თვეში), მაგრამ, რაც მთავარია ჭავჭავაძე ხომ გამოაგდეს? აინშტაინიც ხომ ჩაიჭრა? – თანაც ორჯერ.

            როცა კულტურის განყოფილებას უახლოვდები (სადაც შენ წერ (დი) ), ცდილობ არაფერი შეიმჩნიო და კომპიუტერს მიუჯდები. ყველა დანარჩენი შენ გიყურებს. ისინიც თანაგიგრძნობენ. შენ ისევ არაფერს იმჩნევ. საერთოდაც ჯიგრულად იკატუნებ თავს. ცდილობ იხუმრო კიდეც. ყვები ყველაზე არასასაცილო ანეკდოტს, და სხვა დროს თუ არავინ გაიცინებდა ამაზე, ახლა ყველა სიცილით კვდება, ზოგს დორბლი მოსდის პირიდან, ზოგს ცრემლი (ნიანგის!), ზოგიც ცდილობს ფაღარათის პრობლემა შენს ხუმრობას მიაკეროს და მუცელზე იდებს ხელს, ვაიმე რა სასაცილოა, მუცელი მტკივაო. ახლა მათთვის კიბოიანი ხარ (მეოთხე სტადია), ლეიკემია გაქვს (მთლად გაგითეთრდა სისხლი), ჭლექი (ციმბირში აკიდებული, ტუსაღობის მეშვიდე წელს) , ქოლერა (ვთქვათ სიყვარულის დროს აკიდებული ) , დიაბეტი (ჯიბით დაგაქვს ტკბილეული ოხრად). მოკლედ ყველაფერი გჭირს რაც  ადამიანს კლავს. ამიტომაც იცინიან ასე თავდაუზოგადავ და  ხელოვნურად. აფერისტები.

            მაგრად იცინით, გაქვთ ატეხილი ერთი ვახახაია, როცა რედაქტორის ხმა გიხმობს კაბინეტში.  ისინი ისევ თანაგიგრძნობენ თვალებით. სხვა თუ არაფერი, ორი თვეა ერთად მუშაობთ  (ეხუმრები ორ თვეს?) და თვალებით უგებთ ერთმანეთს. ასე მიგაცილებს რედაქციის უკლებლივ ყველა თანამშრომლის მზერა ეშაფოტისკენ (შესაბამისად ჟურნალში მოღვაწეობის უკანასკნელ გზაზე) .

                        კაბინეტში შედიხარ და ბედავ რედაქტორს სიტყვა დაასწო: ”იცით? მე გადავწყვიტე სამსახური დავტოვო” – გაჯგიმული დგახარ, საკუთარი თავით ამაყობ.

-         რას ამბობ? სამწუხაროა, მინდოდა მაღალი თანამდებობა  შემომეთავაზებინა, მაღალი ანაზღაურებით, მაგრამ რაკი ეგრე გადაგიწყვეტია, რაღა გაეწყობა? – კარგი. გპასუხობს მთავარი რედაქტორი.

ამ დროს ვინ ხარ შენ? – ედუარდ ჯაბეევიჩ კოკოითი ხომ ნაბიჭვარი სირია, კირა ნაიტლი უნიჭო სირი, მიშელ როდრიგესი მიმზიდველი გამოსირებული, არნოლდ შვარცნეგერი ძლიერი სირი, შენი მეზობელი ბუხუტი უბრალოდ სირი, მაგრამ ყველაზე დიდი  სირი იმ მომენტში შენ ხარ, რადგანაც რედაქტორს ლაპარაკს არ აცდი, ენას კბილს არ აჭერ და უკანალს არ აყენებ.  “ვოტ ტაკ “

დათო გორგილაძე

მაშინ წვერსაც კი არ ვიპარსავდი

30 Comments

ახლა ინტელექტკლუბის წრეებში გაჩითული ტიპი ვარ და ხალხიც მიცნობს. იმხანად კი „ჩაინიკი“ ვიყავი. მეშვიდე კლასში ვსწავლობდი და სკოლის ინტელეტუალთა გუნდშიც ვთამაშობდი.  ისანი – სამგორის რაიონის ტურნირზე გამოვდიოდით ხოლმე. ახლა მგონი ეგ ჩემპიონატი აღაც ტარდება. მაშინ ლამაზი გოგონა ატარებდა. მერე მობეზრდა და საქმეს სათავეში ჩემი მეგობარი პაპუნა ჩაუდგა. მერე პაპუნა ავსტრიაში წავიდა სასწავლებლად და მითხრა შენ მიხედე საქმესო. ალბათ მართლაც მივხედავ. მანამდე კი ერთ ამბავს მოგიყვებით.

  იმ ასაკში ვიყავი, „აისტი“ და „დესნა დვა“, რომ ყველაზე მაგარი ტრანსპორტი გგონია და იმის გჯერა, რომ როცა ფეხბურთის თამაშისას „ვზროსლები“ კარებში ჩაგაყენებენ, ესეიგი მართლა შეგიძლია მეკარეობა. სინამდვილეში კი უხარიათ „უდრებს“ რომ გიბაგუნებენ და შენც ბურთი გაშინებს. აი ამ დროს წაგვიყვანეს ავლაბარში, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში (ახლა მაგ სახლის ადგილას ტაძარი ააგეს, სამების ეკლესიასთან ახლოს) , გვითხრეს სხვა სკოლელ გოგო – ბიჭებს უნდა შეეჯიბროთო. თამაშის წესებიც მარტივად მოგვეჩვენა: კითხვას დასვამენ და ერთ წუთში პასუხი უნდა დაწეროთ ფურცლებზეო. მაგას რაღა უნდოდა?  – არც არაფერი.

სხვა სკოლის გუნდებში წვერ – ულვაშ დამშვენებული ყმაწვილები (მაგხელა უბნელები „პატარა ძმას“  მეძახდნენ)  და მკერდწამოჩიტული გოგონები (სწორედ იმხელები, იმდროინდელი ფანტაზიების მთავარი გმირები რომ არიან ხოლმე)  ისხდნენ.  ჩვენ მეშვიდეკლასელები ვიყავით.                        

საბოლოოდ, ისინი „დურაკები“ აღმოჩნდნენ და ჩვენ „ჯიგრული“ ანგარიშით მოვუგეთ, ირაკლი ისაკაძის წყალობით, რომელიც ჩვენი გუნდის  ლოკომოტივად იქცა შემდეგ. იმ დღეს მივხვდი, რომ „ვზროსლები“ მთლად ოლიმპოს მთაზე მოსვენებული ღმერთები არ იყვნენ და არც ამბროზიას მიირთმევდნენ. და გადავწყვიტე აღარ ჩავდგომოდი კარებში და არარ მომეთმინა მათი „უდრები“.

            წარმოგიდგენიათ ჩემი სიხარული იმ დღეს? – ფოლადს ვღრღნიდი. განა ამის მიზეზი არ მქონდა? – ისანი – სამგორის რაიონის ჩემპიონები ვიყავით.

            ეს იმ ამბის მხოლოდ პირველი ნაწილია მოყოლას რომ შეგპირდით. მეორეა მთავარია. მეორეა უფრო საინტერესო:

            შემდეგ წელს ისევ ჩატარდა ის ჩემპიონატი. ჩვენც ვეწვიეთ ავლაბარს. ცოტა წამოზრდილები და მაგრად „გაბლატავებულები“.  მე დარბაზში გაეროს კეთილი ნების ელჩივით შევედი. დაყენებული „მორდით“, სახეზე ცინიკური ღიმილი დამთამაშებდა.  მაშინ ჯერაც არ ვიპარსავდი წვვერს და ჭაბუკური ღინღლები უფრო სასაცილოს მხდიდა ინდაურივით გაფხორილს.

            ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, „გორლაზე“ ვიყავით  და თვალებით ვანიშნებდით მოწინაარღმდეგეებს: აზრზე მოდი, ვის ეთამაშები, ბიჭოო. მათზე ეს მოქმედებდასავით და იყურებოდნენ საწყალი თვალებით. . .

            თხუთმეტი წუთის შემდეგ უკლებლივ ყველა სკოლას ჩვენზე მეტი ქულა ჰქონდა. მაგრად ჩავისვარეთ, რასაც ჰქვია ძალიან მაგრად.

            არც  ესაა მთავარი ამბავი. ჩემთვის მთავარი ისაა, რომ როცა ბოლო შანსი მოგვეცა ანგარიშის გათანაბრებისა, სწორედ მაშინ როცა გუნდს პასუხი მოფიქრებული ჰქონდა, ჩვენმა ლოკომოტივმა, ისაკაძემ თქვა: სიკდილი არ არის სწორი პასუხი, სწორი პასუხი ფულიაო. თავისი ვერსია ფურცელზე დაწერა და გუნდის კაპიტანს გაუწოდა.  კაპიტანმა მთელი გუნდის ხვეწნა – მუდარა დაიკიდა და ისაკაძის ფურცელი „ლასტოჩკას“ გაატანა.

 სწორი პასუხი „სიკვდილი“ იყო. ის ნაძირალა კაპიტანი კი მე ვიყავი.

ვარ კეთილი ჩეჩენი

34 Comments

 

ვარკეთილის მეტროსადგური, ნანახი თუ არა, გაგონილი მაინც გექნებათ. ღვთისგან მივიწყებული ადგილია.  სანამ ესკალატორამდე მიხვალ, “პადზემკაა”, სადაც ვაზისუბნელებისა და ვარკეთილელებისთვის საუკეთესო მიდამოა დაბადების დღის საჩუქრის საყიდლად მეგობრისთვის: ჩაის სერვიზი, ყავის ჭიქები, ფუმფულა სათამაშოები, საფულეები. სხვა რაღაცებსაც ნახავთ.  ქსეროქსის აპარატებიცაა, ხამსა თევზიც, პრესის ჯიხურიც.  ოღონდ ინატრე, სულო და გულო.  მერე მეტროპოლიტენის ტერიტორია მოდის. აქ “ფულის ჩასარიცხი” დანადგარი დიდი ხანია მოიტანეს, მაგრამ მგონი არცერთ დღეს არ უმუშავია. აქ მოლარეები ფულს სუნით ცნობენ და ხურდასაც სწრაფად გიბრუნებენ. ესკალატორზე როცა დგახარ, ვიღაც, “პრისტავკასთან” მჯდომი, “დიდი გამყინვარებით” განებივრებს.

 ვაზისუბანში მეტროსადგურის მშენებლობა მიმდინარეობს. აგერ უკვე ოცდაათი წელი იქნება (ალბათ კიდევ ოცდაათ წელს გასტანს სამუშაოები), ამიტომაც, ვაზისუბნელები, მეზობელი ვარკეთილელების მეტროსადგურით ვსარგებლობთ. დღეს მომიწია მეტროთი მგზავრობა. ზემოთ ნახსენები “სამოთხის ბილიკი” სრულად გავიარე. როგორც წესი, პირეველივე ვაგონში არ შევდივარ ხოლმე. ბევრი ხალხი გროვდება და სუნთქვა ჭირს. დღეს პირველ ვაგონში შევედი, მივასწარი, გადიოდა. კიდევ ერთი ჩვევა მაქვს – ვაგონში არასოდეს ვჯდები ორი მიზეზის გამო: “აბივკები” ყოველთვის დასვრილია. მეორეს რაც შეეხება, ერთი სადგურის შემდეგ მაინც მომიწევს ადგილის მოხუცისთვის დათმობა. ამიტომაც სულ ფეხზე ვდგავარ.

 ერთი ჩვევაც მაქვს: სულ ხალხს ვაკვირდები . შესახედაობაზე, ჩაცმულობაზე (ჩემი კვლევის მიხედვით, “დოლჩე და გაბანას” და “არმანს” ყველაზე კარგად სწორედ თბილისში ეყიდება “საქონელი”).  ვდგავარ ჩემთვის, “თბილისელებს” ვაკვირდები. ერთიც გავიხედე და  თავსაფრიანი ქალი დავინახე. მაქსიმალურად გრძელ კაბასა და თავსაფრის  მოხვევის სტილზე ეტყობოდა მუსულმანი იყო. ხელჩანთა ეჭირა. მერე მის გვერდით მდგომ კაცს გავხედე. გრძელი წვერი ჰქონდა, ჟღალ ფერში გადადიოდა და ცისფერი თვალები. ტყავის ქურთუკი ეცვა. მივხვდი ჩეჩნები უნდა ყოფილიყვნენ. მათ დათვალიერებას მოვრჩი და ისევ დანარჩენ “თბილისელებზე” გადავედი.

 ცოტა ხანში, ამეკვიატა აზრი, რომ ის ორი ჩეჩენი (კაცი და ქალი) ტერორისტები იყვნენ და ტერაქტის მოწყობას გეგმავდნენ. პირველ რიგში, ვინანე, რომ სწორედ პირველ ვაგონში შემოვედი: “ახლა უყურე და დატკბი, როგორ აგწევენ ჰაერში ვაჟბატონო” – ვეუბნებოდი ჩემს თავს. თვალს არ ვაშორებდი “ტერორისტებს”.  ჩემი ჭკუით ყველაფერს ფარდა ავხადე: ქალს რომ ხელჩანთა ეჭირა, იმაში ბომბი იყო. გრძელი კაბის შიგნით დამაგრებული ჰქონდა ტროტილის კოლოფები. კაცი ტყავის ქურთუკის უკან ავტომატს მალავდა. რამდენჯერაც გაინძრეოდნენ, იატაკზე დასაწოლად ვემზადებოდი. ჯერ ისიც ვიფიქრე დანიშნულების ადგილზე ადრე ხომ არ ჩავიდე – მეთქი, მაგრამ გადავიფიქრე. მე, რაინდს, მამაჩემის შვილსა და ბაბუაჩემის შვილიშვილს ეს არ მეკადრება – მეთქი.

 საბოლოოდ, ჩამოვედი დანიშნულების ადგილზე. მთელ დღეს იმ ჩეჩნებზე მეფიქრებოდა. შინ რომ დავბრუნდი, საინფორმაციო ჩავრთე და ველოდი, თუ როდის გადმოგვცემდნენ: “დღეს, თბილისის მეტროპოლიტენში მოხდა ტერორისტული აქტი . . .”.   ეს იყო შერლოკ ჰოლმსის ერთადერთი მცდარი გამოძიება.

ჩვენ ვაჟიშვილები ვიყავით

55 Comments

 ამასწინათ გამოუკვლევიათ: როცა ფრანგ კაცს ჰკითხავ, თუ რამდენ ქალთან ჰქონია ურთიერთობა, ის რეალურზე ოთხჯერ დიდ ციფრს დაასახელებს. . .  მე ექვსჯერ უფრო დიდ რიცხვს ვასახელებდი და მე, მხოლოდ „მე“ არ ვიყავი. ამ შემთხვევაში მე ჩემი ქართველი თანატოლების უმრავლესობა გახლდით (ერთი-ორის გამოკლებით)

 სკოლაში სწავლის პერიოდში, როცა ბიჭებს გოგონებთან „ნელების“ ცეკვის გვერიდებოდა „ჟიზნენი“ სიმღერებზე, როცა ნამდვილ „ვეჩერინკებს“ მხოლოდ „ამრიკულ ნამცხვარში“ ვხედავდით, როცა პორნო ვიდეო კასეტებს ზურგჩანთებით უჩუმრად ვატარებდით, როცა ბიოლოგიის გაკვეთილზე ბოქვენის გაგონებაზე სიცილი გვიტყდებოდა და ტუალეტში, მოფსმისას, შარვლის შიგნითა შარვალს საგანგებოდ ვმალავდით, ერთმანეთს ვეუბნებოდით, რომ ათობით ქალს ვჩუქნიდით სიყვარულს.  

 არ ვიცი სხვა ქვეყნებში როგორ ხდება, მაგრამ ჩვენთან კი ასე იყო (და ვეჭვობ არც ახლა უნდა შეცვლილიყო მოდის ტენდენციები). საბოლოოდ იმდენს ვლაპარაკობდი ჩემს „მხეცობაზე“, რომ ხანდახან მავიწყდებოდა კიდეც ჩემი ვაჟიშვილობის ამბავი. ისე კი, საკუთარი თავისთვის შემიმჩნევია: როცა ასეთებზე ბევრს ლაპარაკობ, აზარტში შედიხარ, იგონებ, ხატავ, აფერადებ, ყვები და მეგობრები ჩაკაიფებული სახით გისმენენ, მერე კი თვითონ იწყებენ „კამა სუტრას“ კასკადს და შენ მიდიხარ კაიფში, უკვე საკუთარ მეს გრცხვენია  თვალებში შეხედო და საერთოდაც ივიწყებ მას.

 როგორც წესი, უბანში ერთერთი საუკეთესო ვიყავი ამგვარი ამბების მოყოლაში. დაახლოებით ასე ხდებოდა: როცა გამოსვლას ვიწყებდი, შეგრძნება მქონდა, რომ ხალხი აივნებს ეფინებოდა, ბიჭები მგლების ხროვასავით გროვდებოდნენ. იყო გადაძახილი: გორგილა ილაპარაკებს. როცა მოქუჩდებოდნენ, მათ შორის ყველაზე გამბედავი მომმართავდა: გთხოვთ, მაესტრო. მეც,  ლილოში ნაყიდ ტანისამოსში გამოწკეპილი, მედიდური ღიმილით ვიწყებდი პრესკონფერენციას.  ხალხი ისევ კაიფში მიდიოდა და ასე გადიოდა დრო.

 ქალის გული ამას ვერ გაიგებს:

ერთხელაც, როცა მე უკვე მრავალი გოგოსთვის მქონდა სითბო ნაჩუქარი, მართლაც დამიდგა „ქალებში წასვლის“  (ეს სიტყვა ვფიქრობ ცალკე სიტყვადაა შესატანი ლექსიკონში. დიდი დატვირთვა აქვს) დრო.  როგორც წესი, ქალებში, პირველად ან უფროს ძმებს მიჰყავთ ან ბიძებს. ჩემს შემთხვევაში ეს მისია ძმამ იკისრა. მართლაც, მხოლოდ კაცის გული თუ აღიქვამს იმ გრძნობას, რასაც პირველად ქალებში წასვლა ჰქვია: როცა საგანგებოდ ემზადები, დაისხამ  სუნამოს, იცვამ „საგარეო“ ტანსაცმელს, ჯდები მანქანაში და მიდიხარ საუნაში (ეს სიტყვაც ცალკეა შესატანი ლექსიკონში. ეს უფრო ღრმაა). როცა მანქანა ადგილზე ჩერდება, შენ გული გიჩქარდება . როგორც წესი, ქალის არჩევაში ძმა (ან ბიძა) გეხმარება, ფულს უხდის, ჩუმად (ისე რომ შენ არ გაიგო, მაგრამ მაინც გესმის) მეძავს ეუბნება, რომ პირველად ხარ და „აკურატნად“ მოგექცეს.

 გამიგონია, პირველი ქალი უშნო უნდა იყოსო. ყოველ შემთხვევაში მე ამით ვიმშვიდებ გულს, რადგანაც ეს სიბრძნე ბოლომდე გავამართლე .

იქ რაც მოხდა, იმას გადავახტეთ. მაინც არ დამიჯერებთ მას მერე რაც მოგიყევით.

 

იქიდან რომ გამოდიხარ შენ ხარ ყველაფერი: მარკო ბანდერასი, ჯეკ ნიკოლსონი, მუჰამედ ალი, დედა ტერეზა, ჩაის ჭიქა, „კიპიწილნიკი“. შენ შეგიძლია დაჭერილი მეგობარი გამოიხსნა ციხიდან „ბლატებით“, თუთიყუშს ასწავლო ლაპარაკი, ყველა გაუხსნელი საქმე გამოიძიო, ბუფონს გოლი გაუტანო და რონალდოს პენალტი აუღო.

აი ასე გემართება როცა პირველად გამოდიხარ საუნიდან, რომელიც აფრიკაშია, მოსკოვის პროსპექტს რომ გაცდებით. 5 ნომერი სამარშრუტო გადის ნავთლუღიდან.

ბეღელის სარკმელთან, მარგალიტას ხათრით

15 Comments

მარგალიტა არც ლამაზია და არც სიმპატიური. საერთოდაც, ჩვენი სოფლის მშრომელთა კლუბის თავმჯდომარე ბუდუ ამბობდა, რომ მარგალიტა მახინჯია. მიუხედავად ამისა, ჩვენი კლუბის ყველა კაცი ხმარობდა ხოლმე მარგალიტას, მათ შორის თავმჯდომარე ბუდუც. ოღონდ უჩუმრად.  როცა სიყვარულისთვის ფულს უხდიდნენ , იმისთვისაც უმატებდნენ, რომ მარგალიტას არსად წამოაყრანტალებინა მათი სიყვარულის ამბავი. ისიც საგულდაგულოდ მალავდა. აქედან გამომდინარე, ჩვენი სოფლის ყველა კაცს ეგონა, რომ ის ერთადერთი კაცი იყო მარგალიტასთვის და ეს ახარებდათ. ყველაზე მეტად, საკუთარ ერთადერთობაში დარწმუნებული თავმჯდომარე ბუდუ იყო, რომელიც მარგოს იმისთვისაც უმატებდა ფულს, რომ არსად წამოსცდეენოდა  მისი ჯადოსნური ჯოხის უნიათობის ამბავი.

 სულ ორმა ადამიანმა იცოდა რომ მარგალიტას ყველა ხმარობდა. თავად მარგალიტამ და მე. მაგრამ მე არ ვითვლებოდი. ჩვეულებრივი ადამიანების სათვალავიდან დაბადებიდანვე ამომშალეს, როცა თანდაყოლილი დაავადებებით მოვევლინე ქვეყანას. მაგ ამბის შემდეგ არცერთხელ არ მოუმართავთ ჩემთვის სახელით. დაუნს მეძახდნენ. უკეთეს შემთხვევაში დებილს. მხოლოდ მარგალიტა მომმართავდა: ჰექტორ! – ჰექტორი ჩემი ნამდვილი სახელია. ხანდახან მგონია რომ ჰექტორს დაუნი ჯობია, მაგრამ მაინც მსიამოვნებდა  როცა მარგალიტას ბილწი ბაგეებიდან ეგ სიტყვა გამოდიოდა.

 პირველად, როცა მარგალიტას სიყვარულს შევესწარი, შვიდი წლისა ვიყავი. ბეღელს უკან მატლებს ვაგროვებდი, როცა სოფლის ბუღალტერმა შახიმ სინათლის სისწრაფით გააქანა მარგალიტა ბეღელში. ცოტა ხანში მარგოს ხმა გავიგე. არც ლაპარაკს ჰგავდა, არც ყვირილი იყო, არც კივილი. მომეწონა კი და ბეღელს მივუახლოვდი. კარების შეღებისთანავე ორივემ მე შემომხედა. ერთი მითხრა შახიმ აქედან მოშორდიო და მოძრაობა გააგრძელა. . . მას შემდეგ მე მარგალიტას ბეღელს არ მოვშორებივარ. ვუყურებდი გამუდმებით, დღისით, ღამით, ნაშუადღევს. მარგო ხან ზემოდან მოექცეოდა კაცს, ხან ქვემოდან, ხანაც გადაიხრებოდა და კაცი უკნიდან მოძრაობდა.  როცა მარგალიტას სიყვარულს ვაკვირდებოდი – ვკვდებოდი. ბაბუაჩემი ამბობდა , როცა ადამიანი ერთბაშად გახურდება და სისხლი აუდუღდება,  ესეიგი კვდებაო.

 როცა ჩვიდმეტი შემისრულდა, ანუ ათი წელი იყო გასული, რაც მარგალიტას ვადევნებდი თვალყურს. უკვე ვხვდებოდი, რომ ის რაც ამ დროს მემართებოდა, სიკვდილის მოახლოება კი არა, ქალის მიმართ ლტოლვა იყო. მაშინ ზეპირად ვიცოდი რის მაქნისი იყო ჩემი სოფლის ნებისმიერი კაცი. ის ამოცანაც ამოვხსენი თუ რატომ დაიარებოდა ბუდუს ცოლი გამუდმებით გაღიზიანებული და შახის მეუღლე რატომ დაათრევდა წელს მუდამდღე.

  ჩემი მეჩვიდმეტე დაბადების დღის დილას მარგოს ბეღელთან ვიჯექი და ხეებს ვითვლიდი, როცა უკნიდან ხელი დამავლო მარგალიტამ, ბეღელში შემიყვანა, ხელი მკრა, თივის ზვინზე მიმაგდო და რამდენიმე წამში ისეთი სითბო ჩამეღვარა სხეულში, რომ ეს მართლა გავდა რაღაცის დასასრულს, შეიძლება სიცოცხლისაც და მე ვმადლობდი შემქმნელს, რომ გავჩნდი ქვეყანაზე, თუნდაც თანდაყოლილი დაავადებებით.

 იმ დღის შემდეგ დილა არ გამიცდენია, რომ ბეღელთან არ დავმჯდარიყავი და მარგალიტას თავდასხმის მოლოდინში არ გამერინდა მთელი სხეული, მაგრამ მარგალიტა არა და არ მოდიოდა. მე აღარ მსიამოვნებდა, როცა მას სხვა კაცები ხმარობდნენ.  როცა მივხვდი, რომ ხეების თვლაში გატაცებულს მარგო აღარასოდეს დამესხმებოდა თავს, გადავწყვიტე მე თავად დამესაკუთრებინა სამუდამოდ. რადგანაც მე სრულიად უფულო ვიყავი, გადავწყვიტე ჯერ ეს პრობლემა მომეგვარებინა და ქალაქში წავედი.

  გავყევი იმ გზას, ავტობუსი რომ მისდევდა ხოლმე  ყოველ პარასკევ დღეს და ორი კვირის თავზე ჩავედი ქალაქში. როცა დავფიქრდი, თუ რისი გაკეთება შემეძლო, მივხვდი, რომ ცხოვრებაში, მარგალიტას ჟიმაობის მეტი არაფერი მინახავს. სამაგიეროდ ეგ ბერჯერ მქონდა ნანახი. . .

 მწერლობა დავიწყე. ვწერდი მარგალიტაზე, რომელიც ჩემი ცოლი უნდა გამხდარიყო. ვწერდი მის საყვარლებზე. მე ზუსტად გადმოვცემდი ყველაფერს იმას, რასაც მის ბეღელში ვხედავდი ხოლმე.  ქალაქში ყოფნის დროს თოთხმეტი წიგნი დავწერე, ყველა ერთნაირი სახელწოდებით: „ ბეღელის სარკმელთან, მარგალიტას ხათრით“.  უკლებლივ ყველა გაიყიდა. ახლა, უკვე ქალაქში ყველა იცნობდა თავმჯდომარე ბუდუს,  ბუღალტერ შახისა და მის ცოლს, სირშას, მცხობელ გურუს და რაც მთავარია ყველა იცნობდა ჩემს საცოლეს – მარგალიტას.

  სოფელში დიდძალი ფულითა და სახელგანთქმული მწერლის სახელით დავბრუნდი. დიდი სახლი ავაშენე. ბუდუ შურის თვალით მიყურებს  ხოლმე. შურის თვალით მიყურებს ჩვენი სოფლის ყველა მშრომელი კაციც, რომლებსაც მარგალიტა წავართვი. ქალები კი სულ იმას გაიძახიან, რომ დაუნმა ბავშვამა ჩემით მივაღწიე ყველაფერს. აღაც მარგალიტაა ბოზი. ის ახლა სახელგანთქმული მწერლის, ჰექტორის მეუღლეა.  აღაც მე ვზივარ ბეღელთან, გარინდული, მარგოს თავდასხმის მოლოდინში.

დავით გორგილაძე

Older Entries Newer Entries

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 42 other followers