25

ყვითელი კორპუსი

korpusi

აჯობებს თავიდან დავიწყო:  სამოქალაქო ომის დროსა და მისი მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ვაზისუბანში შუქი იშვიათად მოდიოდა. დღესაც კი მახსოვს ის სიხარული, რომელიც ნათურის ანთებას მოსდევდა ხოლმე ყვითელ კორპუსსა და მის შემოგარენში. ატყდებოდა სტვენა და ყიჟინა.  მერე  კი ვიხსენებ ემოციას, რომელიც მოჰყვებოდა ერთი წუთის შემდეგ ნათურის კვლავ ჩაბნელებას. მკაფიოდ მახსენდება სიტყვები რომლითაც იხსენიებდნენ ფიდერისტების ოჯახის წევრებს.

სანამ გენერატორების ეპოქა შემოვიდოდა, იყო სანთელი, “ლამფა”, ერთმანეთთან ახლოს ჯდომა  მოზღვავებული სიყვარულისა და ამავდროულად გათბობის მიზნით და იყო „ქალაქობანას“ თამაში, რომლის წყალობითაც ბავშვობაში ბევრს  გავეჯიბრებოდი გეოგრაფიის ცოდნაში. შემდეგ  იმ ვაზისუბნელმა აბორიგენებმა, რომლებსაც სხვებზე  მეტი სახსარი ჰქონდათ, გენერატორი მოიშინაურეს. იყვნენ „გენერატორმაგნატები“, რომლებსაც თავიანთი კლიენტები ჰყავდათ. იყო „მეორე არხი“; გადაცემა „ამბობენ“.  მე მაგიჟებდა ცხოვრება, რომელზეც ჰყვებოდა თეა გვასალია. მე თავად თეა გვასალიაც მაგიჟებდა. საღამოს მთელი სამეზობლო ერთად ვუყურებდით „სანტა ბარბარას“  და ვცხოვრობდით მის გმირებთან ერთად. გვინდოდა იდენსა და კრუზს ერთმანეთი სიცოცხლის ბოლომდე ჰყვარებოდათ. ვათბობდით ერთმანეთს. გვიანობამდე  ვუცქერდით  ფილმებს და „ეკლებზე ვისხედით“, რომ „გენერატორმაგნატს“ ფილმის დამთავრებამდე არ  წაერთმია ჩვენთვის  ის სიხარული რასაც შუქი ერქვა. ჟან კლოდ ვან დამი  იყო   ჩვენი კუმირი. ჯერ იყო მწვანე, შემდეგ  წითელი „კერასინები“. იყო გაზის ბალონების დანეტვა და სასწორი, რომელიც იქვე იდგა და გამუდმებით იტყუებოდა. იყო კორპუსის ელექტრო დამცველების დაზიანებები და ჩვენი მამების შეკრებები იმ ადგილას.  სჯა-ბაასი გამოსავლის ძიებაში და ჩვენი სიხარული მათთან ერთად დგომისა. იყო სიცივე და  სუსხი, იყო სინდი კროუფორდის გადაცემები და მისი ფეხები, რომლის დანახვაზეც ისეთი რამ მემართებოდა, რის ახსნასაც ახლა ვპოულობ. იყო საღეჭი რეზინი „ლოვე“, იყო კაბა-შარვალი და  ერევნის ხსნარი, გაკრახმალებული თეთრეული და მისი სპეციფიკური სურნელი. იყო დაბადების დღეები, რომლებსაც იშვიათად თუ ვინმე აღნიშნავდა. ჩვენ ვცხოვრობდით სიბნელეში და მოარული ხმები გვეუბნებოდნენ, რომ სადღაც არსებობდა სინათლე. ჩვენ ვოცნებობდით ამ სინათლეზე და სიბნელეში ერთმანეთის სილუეტებს  ძლივს ვარჩევდით.

იყვნენ ყვითელი კორპუსის სხვა მცხოვრებები, რომლებიც მიყვარდნენ და რომლებსაც ვუყვარდი. დღეს ბევრი მათგანი ცოცხლებში აღარ არის. მე მახსენდება ორთაჭალელ ბიჭებზე ვახტანგ თურმანიძის მოყოლილი ამბები, თეიმურაზ მეტრეველის დარიგებები ჟურნალისტიკაზე, დათო დონაძის ხუმრობები და თამაზ სილაგაძის ყურით ჩატარებული ფოკუზი.  ჩვენ ვცხოვრობდით სიძულვილითა და სიცივით  სავსე ქვეყანაში, მაგრამ საკუთარი სიყვარულით ვათბობდით ერთმანეთს. მდგომარეობა ნელ-ნელა  უმჯობესდებოდა.

უკვე   „სუპერ მარიოს“ ვთამშობდით. მე და ჩემს ძმას საპასუხისმგებლო მისია გვეკისრა: მშვენიერი ქალი უნდა გამოგვეხსნა დრაკონის ტყვეობიდან,  რომელსაც საკუთარ სასახლეში დაემწყვდია ქალი  და თავადვე დარაჯპბდა. როცა ამას ვახერხებდით, გვიხაროდა. მახსოვს როგორ მიჩქარდებოდა გულისცემა, როცა გმირი შიშისმომგვრელ სასახლეს მიუახლოვდებოდა.

იყო სკოლა. ახალი მეგობრები. თავისუფალი თემები, რომლებიც იმედიან გაზაფხულს შეეხებოდა. იყო დამალობანა და სხვა ბევრი საინტერესო გასართობი. იყო „შტაბების“ შენება, საღამომდე თამაში  და შემდეგ დედების ხმები, რომლებიც შინ გვიხმობდნენ. იყო „ჭიაკოკონასთვის“ მზადება და ხევში ძველი საბურავების ძებნა, რათა დიდი ცეცხლი დაგვენთო. მეორე დილით კი იდგა გამჭვარტლული კორპუსები. იყვნენ გოგონები, რომლებიც მომწონდა, მაგრამ მათთან საუბრის მერიდებოდა. იყო სოფია, რომელმაც მომკლა და შემდეგ გათხოვდა. იყო ქართულის წიგნში ჩადებული მისი სურათი და პერიოდი, როცა ქართულის წიგნს ხელიდან არ ვუშვებდი.

მერე იყო რევოლუცია და მოვლენების სწრაფად განვითარება. ახლა მე მესამე კურსის სტუდენტი ვარ.

დღეს ჩემი კორპუსი ისევ ყვითელია. გარეთაც ისევ თამაშობენ  სხვა ბავშვები, ოღონდ უკვე განსხვავებულ თამაშებს. დღეს ისევ წვიმს ვაზისუბანში, მაგრამ არა ისე ძლიერად როგორც უწინ. დღეს წითელი კერასინები ხალხს სხვენებში აქვს შენახული.  მოზარდები ერთობიან ინტერნეტით და კომპიუტერული თამაშებით. სკოლის მოსწავლე გოგო-ბიჭები ერთად სეირნობენ საღამოს და ეს ძალიან მახარებს, მაგრამ მე რომ ის ძველი უბანი და „ლამფის“ სურნელი მენატრება?

დათო გორგილაძე

4

სარეცელზე შექმნილი ფილმი

ვინც მე მიცნობს, ჩემი კინოსადმი სიყვარულის შესახებაც კარგად მოეხსენებააქ თქვენ წაიკითხავთ ხოლმე ჩემს შეხედულებებს ზოგიერთ ფილმთან დაკავშირებით.

 ამასწინათ კიდევ ერთხელ ვუყურე  სტივენ სპილბერგის პირველ სატელევიზიო ფილმს  “დუელი“. აი რას ვფიქრობ მასზე:

დაფიქრდით და მიხვდებით, რომ სტივენ სპილბრგი რეჟისორი არ არის. ის უფრო მეტი – “ფილმმეიკერია”. მოდით ქართულადაც ვთარგმნოთ – ფილმების მკეთებელი.  მოკლედ ამ კაცმა ძალიან კარგად იცის კინოს არსი (ვითომ ახალი ვთქვი რამე? არა მგონია). ჰოდა ამ ფილმშიც ყველაფერი სპილბერგისეულადაა. ანუ ყველაფერი თავის ადგილზე დგას.

 ნებისმიერ ქართულ საიტზე ნახავთ ამ ფილმის მსგავს განმარტებას: “დევიდი კალიფორნიის ტრასის გავლით მიიჩქარის შეხვედრაზე, მას გზად სატვირთო მანქანა შეხვდება, რომელიც ხან გზას არ უთმობს, ხან კი დასდევს და მის მოკვლას ცდილობს” მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ვებგვერდებზე  ფილმების განმარტებების კითხვისას მე დილემის წინაშე ვდგები ვიცინო თუ ვიტირო, ამ ფილმის შემთხვევაში ისინი უცოდველები არიან: ამ კინოში რეალურად მეტი მართლაც არაფერი ხდება. ეს არის ფილმი უაღრესად მარტივი სიუჟეტით… მაგრამ სპილბერგის შემთხვევაში მთავარი არ არის რა ხდება. არამედ როგორ ხდება. სატვირთოებისა და მსუბუქი მანქანების, ანაც მსუბუქებისა და ფეხითმოსიარულეების მსგავსი “ურთიერთობები” ჩვენ სხვა ფილმებშიც გვინახავს, მაგრამ ეს ცოტა განსხვავებული რამაა.

 ვფიქრობ რეჟისორისთვის რთული ამოცანა უნდა იყოს მთელი ფილმის განმავლობაში ერთფეროვანი მოქმედების გადაღება, თითქმის მხოლოდ ერთი მსახიობის მონაწილეობით, ერთნაირ ადგილებში და  ეს ნამუშევარი არ გამოვიდეს ძალიან მოსაწყენი და რუტინული. სპილბერგი ამ ამოცანას ფრიადზე ხსნის და ყურებისას მოწყენილობა ახლოსაც არ გეკარება, პირიქით, მთელი სხეულით ერთვები ფილმში.

 მსგავსი კინოს ყურებისას ადამიანი ინტერესდება ხოლმე “ბოროტი” მანქანის იდუმალი მძღოლით. ვერ მოგატყუებთ, რომ არ მომინდა სატვირთოს “შოფრის” სიფათის დანახვა და შემდეგ გვარიანად მოდება მის ყბაში, მაგრამ დროთა განმავლობაში სატვირთო მანქანა თავად ცოცხლდება და ის ერთერთი მსახიობი ხდება, რომელიც აღსანიშნავია იდეალურადაა შერჩეული ყველა სხვა მსახიობთან ერთად.  წითელი  “პლიმუტიც”  “ზედ გამოჭრილია”

 მსახიობზე ჩამოვარდა საუბარი… შეიძლება ფილმის დასაწყისში მოგეჩვენოთ, რომ დენის უივერი სიტუაციასთან შეუფერებლად იქცევა. მანქანაში წყნარად ხომ არ უნდა იჯდეს კაცი, რომელსაც წინ სატვირთო მანქანა ეღობება და გზას არ უთმობს? მარცხენა ხელი უნდა გადმოყოს და დედა აგინოს მძღოლსაც და იმასაც ვინც მას მართვის მოწმობა მისცა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ  ეს შეფასება სუბიექტურია და ჩემი თბილისური ბავშვობიდან გამომდინარეობს. აქ ასე ხდება ხოლმე. რამდენადაც დასაწყისში არ მომეწონა უივერი, ფილმის  იმდენად მომხიბლა მისმა თამაშმა ფილმის „გახურებისას“.  ოსტატურად ფიქრობს, ნერვიულობს, “ისტერიკობს” და ოფლიანდება.

 საერთოდაც ამ ფილმში ყველაფერი თავის ადგილზეა: კალიფორნიის უხალხო და ძალიან გრძელი ტრასები, მანმარტოებული ბენზინგასამართი სადგურები თავიანთი უცნაური მეპატრონეებით, ასეთივე სასაუზმეები თავიანთი მოხუცი მიმტანებით. ოფლიანი კაცები რომლებიც, “ქოვბოიებად” მოაქვთ თავი,  მათი ტყავის ფეხსაცმელები, სასაუზმის სენდვიჩები, მტვერი, სიცხე, რადიო, ნერვიულობა და შიში.

 ჰო, ოპერატორიც ძალიან მომეწონა. 1971 წლის ფილმის კვალობაზე, რბოლა შესანიშნავადაა გადაღებული.

 რა არ მომეწონა? მგონი ამ შემთხვევაში სიმპატიები ფარავენ ანტიპატიებს.

რა არის ფილმის დედა აზრი? ალბათ ის, რომ ტრასაზე თავისთვის, წყნარად მიმავალი ადამიანი არ უნდა აიძულო მკვლელი გახდეს.

ეჰჰ, “ფილმების მკეთებელია” სპილბერგი. ჰო, ის ფილმებს საკუთარი პენისით აკეთებს.

 დათო გორგილაძე

9

კაცუნა რქებით

`ცხოვრება შოკოლადის კოლოფივითაა – არ იცი, შიგნით რა დევს.” ფორესტ გამპის დედა

 

მორგუნოვის,  ვიცინისა და ნიკულინისა არ  იყოს, ცხოვრება  კარგი  რამაა,  კარგად  ცხოვრება  კი – კიდევ  უკეთესი.  იცი,  რა  კაიფი  აქვს  ოცნებას  ძილის წინ?  აი, სცადე. ერთხელ, სანამ დაიძინებ, წარმოიდგინე, რომ   შენც  ბედნიერ  ვარსკვლავზე მოევლინე  ქვეყნიერებას. მამაშენმა  ორჯერ  გაისროლა საგვარეულო  თოფიდან  და  ერთი კვირის  განმავლობაში მთელი სამეზობლო  აპურმარილა. განათლება  კარგი  მოგცეს.  სკოლა  რომ  დაამთავრე, პრესტიჟულ უნივერსიტეტში გასწავლეს.

 სასწავლებელი  რომ  დაამთავრე, მამამ  მსხვილ  კომპანიაში  კარგ  თანამდებობაზე დაგაწყებინა  მუშაობა  და  იმავე  საღამოს გითხრა, ახლა ცოლსა და  შვილზე  იფიქრეო. შენც დაიწყე  ფიქრი და მიხვედი  დასკვნამდე, რომ ერთიც საჭიროა და მეორეც.

 მომავალი  მეუღლე  კომპანიის  წვეულებაზე  გაიცანი. ის შენი თანამშრომელი  ქალის მეგობარი  აღმოჩნდა. მოწყენილი,  კუთხეში  იჯდა  მოკრძალებით.  მიხვედი და გამოელაპარაკე.  მერე  სადღაც დაპატიჟე. ის ყველა  პაემანზე  ისეთივე მოკრძალებული  იყო, როგორიც   იმ  საღამოს. პირველად  კოცნაზეც  კი  უარი  გითხრა. შენც  მოგეწონა. ცოტა  ხანში ცოლობაც  სთხოვე.  ბუნებრივია, დაგთანხმდა  – შენ ხომ სიმპათიური ბიჭი  ხარ, რომელზედაც  გოგონები  ჭკუას  კარგავენ  და  რომელსაც  მაღალი ხელფასი აქვს.  ასეთებს ეუბნებიან უარს? – არა მგონია.

 ქორწილის  შემდეგ  სამოგზაუროდ  წახვედით. მშვენიერ  სასტუმროში  გაჩერდით. ნომერში შესვლისას  იფიქრე,  სამოთხეში  შევაბიჯეო. ღამე ერთმანეთის ფერებასა და სიყვარულში გაატარეთ.  როცა გაიღვიძე  და  გვერდით  გაიხედე,  მშვენიერი ქალის მოშიშვლებული  ზურგი  დაინახე. მშვიდად  ეძინა.  ჩუმად  ადექი,  არ  გავაღვიძოო, იფიქრე  და  მისთვის  საუზმე   ნომერში ამოატანინე.  მძინარე  ცოლის  გვერდით  მწოლიარეს  მისი გამოღვიძების  მოლოდინში  ჩაგეძინა.  ცოტა   ხანში  კისერში კოცნამ   გამოგაღვიძა.

მერე  გარეთ  გაისეირნეთ. ქალაქის  ღირსშესანიშნაობები  დაათვალიერეთ. მთელი  ეს  დრო მისი  წელისთვის  ხელი  არ  მოგიშორებია.  შუადღისას   დაღლილები  ისევ ნომერში ახვედით.  ახალდაქორწინებულებს  ხომ  ზღვა  ენერგია  აქვთ, რომელიც  ზუსტად  იციან რაში  დახარჯონ.  თქვენც  ხარჯავდით დაუზოგავად .  საღამოს  სასტურმროს  რესტორანში  ვახშამი შეუკვეთე.  მშივენიერი  ღვინო დააგემოვნეთ.  შეგახურათ.  მერე  ისევ  გაისეირნეთ. საღამოს ნიავი  გხვდებოდათ   წინ  და  ბედნიერი  იყავი.

 მოგზაურობიდან   დაბრუნებისას  აეროპორტში   მამაშენმა  ახალი  სახლის  გასაღები გადმოგცა.  სახლი  ელიტურ  უბანში  დგას.  შენ  და  ცოლი  იქ  ცხოვრობთ.  შემართებით მუშაობ  და  ბევრ  ფულსაც  იღებ.  სახლში  დაბრუნებულს  ცოლი   სხვადასხვა რესტორანში მიგყავს,  ან  მეგობრებთან   ერთად ერთობით.   დადიხართ  ქალაქგარეთ.  ძალიან  მოგწონს მასთან  სექსი.  საჩუქრებით  ანებივრებ.  ძილის  წინ  ფიქრობ,  რომ  შენზე  ბედნიერი  არავინაა  ქვეყანაზე  და  იმის  გაფიქრებაც   კი გზარავს,  შენი ცხოვრება სხვაგვარად რომ იყოს მოწყობილი რა  მოხდება.  სიცოცხლე  გახარებს  და  როცა  კი  სამსახურიდან  გათავისუფლდები,  სახლში  მირბიხარ, ცოლს  რომ  ჩაეხუტო.

 აი, დღესაც  ოთხი  საათით  ადრე  მიდიხარ  შინ.  მანქანა  სახლთან  გააჩერე.   ჩვევად  გაქვს, კარები  თავად,  შენი   გასაღებით  გააღო (ალბათ,  იმიტომ, რომ  ცოლი  არ  დატვირთო ზედმეტად). ჩუმად  აღებ კარს ,  იცი,  ამ  დროს ,  წესით  უნდა  ეძინოს.  ოთახისკენ  მიდიხარ, რომ  მძინარეს  კეფაზე  აკოცო.  ოთახს   რომ  უახლოვდები,  ხმაზე  ხვდები  არ  სძინავს  და გაღიმებული  აღებ   კარს,  რათა   შენი  მისვლით გაახარო.

რას  ხედავ? – შენი  ცოლის  სწორი  და  ლამაზი  ფეხები  ვიღაც  კაცს  შემოხვევია  წელზე. შენი გამოჩენისას  ორივენი  გაშეშდნენ.  ღიმილი  შეგაშრა  პირზე  და  გაოგნებული  დგახარ.

 ამ დროს რა ხდება ხოლმე? – ფილმებში  გაქვს  ნანახი.  წესით,  ცოლი  მუხლებში  უნდა ჩაგივარდეს  და  უტიფრად  გიმტკიცოს , რომ  ეს  ის  არ  არის,  რასაც  შენ  ფიქრობ;  რომ  მას მხოლოდ   შენ   უყვარხარ;  რომ   შენ   გარეშე  ვერ  იცოცხლებს;  პატიება  უნდა  გთხოვოს; უნდა  იტიროს;  შეეცადოს,  დაგარწმუნოს,  რომ   შეცდა;   გეხვეწოს;   ხელები   უნდა აუკანკალდეს;  აქ   მისმა  საყვარელმა  დრო  უნდა   იხელთოს  და  სადმე,  ჯანდაბაში  გაიქცეს შიშველი.  შენ   და  ცოლი   კი  უნდა  დარჩეთ.  ის უნდა  ტიროდეს.  შენ  გაქვავებული  სახით უყურებდე   შენს   ფეხებთან   გართხმულ   ქალს, რომელიც  უკვე  სლუკუნებს.  წესით,  მერე  მას  ბოზი  უნდა   უწოდო  და   მოჰყვე  ლაპარაკს,  რომ   ძალიან  სულელი  ყოფილხარ , რომ   ამდენ ხანს ტყუვდებოდი;  რომ  ის  არაფრის ღირსი არაა. ბოლოს   კი  უნდა წარმოთქვა   ჯადოსნური   სიტყვები: გაეთრიე   ჩემი  სახლიდან!

 ამ  ყველაფერს  წამის  მეათასედში  ფიქრობ,  მაგრამ  ხვდები,  არ  მოგწონს  მოქმედების ამგვარი  განვითარება.  გრძნობ,  რომ  ცოლი  გიყვარს  და  მის  გარეშე  ვერ  იცხოვრებ –  გალოთდები.  მერე  სამსახურიდან  გაგაგდებენ.  სახლის  გაყიდვა   მოგიწევს.  აღარავინ დადგება   შენ   გვერდით. მერე  ამაზე   ფიქრს  ჭკუიდან  გადაყავხარ  და   ჩერდები. გადაწყვეტ,   აპატიო.

 ელოდები,  რომ  ისე  მოხდება,   როგორც   კინოში.  მის  მუდარას   უცდი.   ამ  დროს  ცოლი რას  აკეთებს? – მაპატიე,  მაგრამ  აღარ  მიყვარხარო,  გეუბნება.

შენ  რას  აკეთებ? – იმას,  რაც  შენს  ცოლს  უნდა   გაეკეთებინა: ემუდარები ,  დარჩეს  შენთან. მუხლებში  უვარდები. მისი  საყვარელი  გაოგნებულია   და   მართლა  იპარება  ოთახიდან. ოღონდ   სანამ  თქვენ  ურთიერთობებს  არკვევთ,  მან   ჩაცმა  მოასწრო.

ერთხანს   მის   მუხლებთან ტირი.  ცოლი  ხმას  არ  იღებს. მერე  დგები   და  სახლიდან მიდიხარ.  მთავარია, იქაურობას   მოსცილდე.  მერე  დასალევით  იჭყიპები.  გზაზე გადადიხარ.   გონზე   მანქანის  ხმას   მოყავხარ.  მარჯვნივ  რომ  იხედები,   დიდი   მანქანის ორ   ფარს  ხედავ.  ფარები  გიახლოვდებიან…

 საავადმყოფოში   იღვიძებ.  ექიმი  გეუბნება,   რომ    სასწაულით  გადარჩი  და  სასხვათაშორისოდ   იმასაც   აყოლებს,   რომ  ფეხზე   ვერასოდეს   გაივლი.  როცა   ცდილობ, გაოგნებულმა   რაღაც   უთხრა   და   ვერ  ახერხებ,  იმასაც  ამატებს,  რომ  რაღაცნაირი (სახელი  ვერ  გაიგე) დამბლა   გაქვს  და  ლაპარაკიც  არ  შეგიძლია.

 ცოლი   ისე   მოდის  შენთან,  ვითომც  არაფერი მომხდარა.  გეუბნება,  მალე  სახლში წავალთო.  შენ  ისეთ  მდგომარეობაში  ხარ  სიკვდილი  გინდა,  მაგრამ  ამის  მოსმენა მაინც გახარებს. . .

 ყოველ  საღამოს  ცოლს  ეტლით  გაყავხარ  მეორე  საძინებელში  და  ტელევიზორს  რთავს. ყველაზე  საინტერესო  კი  ისაა,  რომ  მულტფილმების  არხზე  მომართავს  ხოლმე.  მერე  შუბლზე  გკოცნის  და  გეუბნება,  ჭკვიანად მოიქეციო.  ცოტა   ხანში  კარზე  ზარის ხმა   გესმის. მერე  კი _ შენი  ცოლის  კვნესისა,  შენივე  საძინებლიდან  გამომავალი.  ამას  შეეგუე  კიდეც.  შენ   ხომ  ცოლი  გიყვარს და გსურს, რომ ბედნიერი იყოს. . . ?

ახლა   ძალიან  გინდა,   გაგეღვიძოს   და   ყველაფერი ძველებურად დაგხვდეს,   არა? კარგი, ჯანდაბას,   გაიღვიძე . . .

დათო გორგილაძე

18

ამბავი ბიჭისა, მწერლობა და ჟურნალისტობა რომ უნდოდა

  როცა მეზობელ კორპუსთან მცოხრებმა, ხალხის მოწყალების მოლოდინში მყოფმა ძაღლმაც კი საკუთარი ბლოგი გააკეთა, გადავწყვიტე ზრდილობის გამო მაინც მოვქცეულიყავი ანალოგიურად და აი თქვენ წინაშე ვარ: ქართული ცხვირით, გადაბმული წარბებით, არცთუ ძალიან ლამაზი ღიმილით, მოჭარბებული კილოგრამებით, საკუთარი თავისა და რამდენიმე ჩემნაირისათვის მოსაწონი იუმორის გრძნობით,  სიყვარულით, სიძულვილით, ბაზრობაზე ნაყიდი ტანსაცმლით,  მოძველებული მენტალიტეტით, ზოგჯერ კი გამაოგნებლად თანამედროვე აზროვნებით, თბილისის პერიფერიულ უბანში მცხოვრები ადამიანის ქცევით და მუდამ ჩემ ცხვირზე მყოფი სათვალით. გთხოვთ მიცნობდეთ და შემიყვაროთ. ანაც მხოლოდ ნაცნობობით შემოვიფარგლოთ.

 18 წლის მანძილზე უამრავი პროფესია გამოვიცვალე.  ჯერ გამომძიებლობა მინდოდა, ერკიულ პუაროს, შერლოკ ჰოლმსის, კომისარი მეგრეს, ლეიტენანტ კოლომბოსა და ზაზა კანაშვილის გამო, რომელიც ჩემს უბანში ცხოვრობდა და კოვერკოტის კოსტიუმით დადიოდა ხოლმე. შემდეგ უბრალო იურისტი მინდოდა ვყოფილიყავი, მემანქანე, არქეოლოგი, მერე ექიმობა გადავწყვიტე, რომელზეც მამაჩემმა მითხრა არ გინდა ჩემსავთთ გაწვალდებიო და ახლა კი  ბრაზობს რატომ არ გახდი ექიმიო. კინორეჟისორობაც მინდოდა, მაგრამ ამ გიჟურ აზრს მაშინ დაესვა წერტილი, როცა ბაადურ  წულაძემ დამარწმუნა  კარგად იცოდე  კინოს ისტორია და იყო კარგი კინორეჟისორი – განსხავებული ცნებებია. . .

 სანამ ჟურნალისტობამდე მივიდოდა საქმე მწერლობის იდეა გამიჩნდა. ჟურნალისტმა მწერლებმა, გაბრიელ გარსია მარკესმა, კარელ ჩაპეკმა, ერნესტ ჰემინგუეიმ, კენ კიზიმ და ტრუმენ კაპოტემ (ამ წყალწაღებულმა გეიმაც კი) დამარწმუნეს, რომ “თუკი შეგიძლია გააკეთო კარგი რეპორტაჟი, შენ იმავე წარმატებით შეძლებ შექმნა კარგი რომანი” (გაბრიელ გარსია მარკესი). როცა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავირიცხე, მივხვდი, რომ რომანისა და მოთხრობის შექმნა, “შუშანიკისა და ვარსქენის შედარებითი დახასიათების” წერაზე  რთულია. ველი იმ დროს, როცა ამ სირთულესთან შეჭიდებას შევძლებ.   დღესდღეობით ვთვლი, რომ  ჟურნალისტობა მართლაც ჩემი საქმეა (ოღონდ შორს პოლიტიკა

  ერთხელ, ერთმა ჭკვიანმა კაცმა მითხრა: “როცა ვინმე იბადება ისე, რომ მერე თითებში დაუძლეველ ქავილს გრძნობს, რაც შემდგომში მხოლოდ წერით თუ დაცხრება ხოლმე, იმან აუცილებლად უნდა წეროს”

 მე ამ დაავადებით ვარ შეპყრობილი.  ჰოდა ამიტანეთ როგორც გინდათ და იკითხეთ ჩემი ნაწერები.

 მუდამ თქვენი, დათო გორგილაძე