კაცუნა რქებით

`ცხოვრება შოკოლადის კოლოფივითაა – არ იცი, შიგნით რა დევს.” ფორესტ გამპის დედა

 

მორგუნოვის,  ვიცინისა და ნიკულინისა არ  იყოს, ცხოვრება  კარგი  რამაა,  კარგად  ცხოვრება  კი – კიდევ  უკეთესი.  იცი,  რა  კაიფი  აქვს  ოცნებას  ძილის წინ?  აი, სცადე. ერთხელ, სანამ დაიძინებ, წარმოიდგინე, რომ   შენც  ბედნიერ  ვარსკვლავზე მოევლინე  ქვეყნიერებას. მამაშენმა  ორჯერ  გაისროლა საგვარეულო  თოფიდან  და  ერთი კვირის  განმავლობაში მთელი სამეზობლო  აპურმარილა. განათლება  კარგი  მოგცეს.  სკოლა  რომ  დაამთავრე, პრესტიჟულ უნივერსიტეტში გასწავლეს.

 სასწავლებელი  რომ  დაამთავრე, მამამ  მსხვილ  კომპანიაში  კარგ  თანამდებობაზე დაგაწყებინა  მუშაობა  და  იმავე  საღამოს გითხრა, ახლა ცოლსა და  შვილზე  იფიქრეო. შენც დაიწყე  ფიქრი და მიხვედი  დასკვნამდე, რომ ერთიც საჭიროა და მეორეც.

 მომავალი  მეუღლე  კომპანიის  წვეულებაზე  გაიცანი. ის შენი თანამშრომელი  ქალის მეგობარი  აღმოჩნდა. მოწყენილი,  კუთხეში  იჯდა  მოკრძალებით.  მიხვედი და გამოელაპარაკე.  მერე  სადღაც დაპატიჟე. ის ყველა  პაემანზე  ისეთივე მოკრძალებული  იყო, როგორიც   იმ  საღამოს. პირველად  კოცნაზეც  კი  უარი  გითხრა. შენც  მოგეწონა. ცოტა  ხანში ცოლობაც  სთხოვე.  ბუნებრივია, დაგთანხმდა  – შენ ხომ სიმპათიური ბიჭი  ხარ, რომელზედაც  გოგონები  ჭკუას  კარგავენ  და  რომელსაც  მაღალი ხელფასი აქვს.  ასეთებს ეუბნებიან უარს? – არა მგონია.

 ქორწილის  შემდეგ  სამოგზაუროდ  წახვედით. მშვენიერ  სასტუმროში  გაჩერდით. ნომერში შესვლისას  იფიქრე,  სამოთხეში  შევაბიჯეო. ღამე ერთმანეთის ფერებასა და სიყვარულში გაატარეთ.  როცა გაიღვიძე  და  გვერდით  გაიხედე,  მშვენიერი ქალის მოშიშვლებული  ზურგი  დაინახე. მშვიდად  ეძინა.  ჩუმად  ადექი,  არ  გავაღვიძოო, იფიქრე  და  მისთვის  საუზმე   ნომერში ამოატანინე.  მძინარე  ცოლის  გვერდით  მწოლიარეს  მისი გამოღვიძების  მოლოდინში  ჩაგეძინა.  ცოტა   ხანში  კისერში კოცნამ   გამოგაღვიძა.

მერე  გარეთ  გაისეირნეთ. ქალაქის  ღირსშესანიშნაობები  დაათვალიერეთ. მთელი  ეს  დრო მისი  წელისთვის  ხელი  არ  მოგიშორებია.  შუადღისას   დაღლილები  ისევ ნომერში ახვედით.  ახალდაქორწინებულებს  ხომ  ზღვა  ენერგია  აქვთ, რომელიც  ზუსტად  იციან რაში  დახარჯონ.  თქვენც  ხარჯავდით დაუზოგავად .  საღამოს  სასტურმროს  რესტორანში  ვახშამი შეუკვეთე.  მშივენიერი  ღვინო დააგემოვნეთ.  შეგახურათ.  მერე  ისევ  გაისეირნეთ. საღამოს ნიავი  გხვდებოდათ   წინ  და  ბედნიერი  იყავი.

 მოგზაურობიდან   დაბრუნებისას  აეროპორტში   მამაშენმა  ახალი  სახლის  გასაღები გადმოგცა.  სახლი  ელიტურ  უბანში  დგას.  შენ  და  ცოლი  იქ  ცხოვრობთ.  შემართებით მუშაობ  და  ბევრ  ფულსაც  იღებ.  სახლში  დაბრუნებულს  ცოლი   სხვადასხვა რესტორანში მიგყავს,  ან  მეგობრებთან   ერთად ერთობით.   დადიხართ  ქალაქგარეთ.  ძალიან  მოგწონს მასთან  სექსი.  საჩუქრებით  ანებივრებ.  ძილის  წინ  ფიქრობ,  რომ  შენზე  ბედნიერი  არავინაა  ქვეყანაზე  და  იმის  გაფიქრებაც   კი გზარავს,  შენი ცხოვრება სხვაგვარად რომ იყოს მოწყობილი რა  მოხდება.  სიცოცხლე  გახარებს  და  როცა  კი  სამსახურიდან  გათავისუფლდები,  სახლში  მირბიხარ, ცოლს  რომ  ჩაეხუტო.

 აი, დღესაც  ოთხი  საათით  ადრე  მიდიხარ  შინ.  მანქანა  სახლთან  გააჩერე.   ჩვევად  გაქვს, კარები  თავად,  შენი   გასაღებით  გააღო (ალბათ,  იმიტომ, რომ  ცოლი  არ  დატვირთო ზედმეტად). ჩუმად  აღებ კარს ,  იცი,  ამ  დროს ,  წესით  უნდა  ეძინოს.  ოთახისკენ  მიდიხარ, რომ  მძინარეს  კეფაზე  აკოცო.  ოთახს   რომ  უახლოვდები,  ხმაზე  ხვდები  არ  სძინავს  და გაღიმებული  აღებ   კარს,  რათა   შენი  მისვლით გაახარო.

რას  ხედავ? – შენი  ცოლის  სწორი  და  ლამაზი  ფეხები  ვიღაც  კაცს  შემოხვევია  წელზე. შენი გამოჩენისას  ორივენი  გაშეშდნენ.  ღიმილი  შეგაშრა  პირზე  და  გაოგნებული  დგახარ.

 ამ დროს რა ხდება ხოლმე? – ფილმებში  გაქვს  ნანახი.  წესით,  ცოლი  მუხლებში  უნდა ჩაგივარდეს  და  უტიფრად  გიმტკიცოს , რომ  ეს  ის  არ  არის,  რასაც  შენ  ფიქრობ;  რომ  მას მხოლოდ   შენ   უყვარხარ;  რომ   შენ   გარეშე  ვერ  იცოცხლებს;  პატიება  უნდა  გთხოვოს; უნდა  იტიროს;  შეეცადოს,  დაგარწმუნოს,  რომ   შეცდა;   გეხვეწოს;   ხელები   უნდა აუკანკალდეს;  აქ   მისმა  საყვარელმა  დრო  უნდა   იხელთოს  და  სადმე,  ჯანდაბაში  გაიქცეს შიშველი.  შენ   და  ცოლი   კი  უნდა  დარჩეთ.  ის უნდა  ტიროდეს.  შენ  გაქვავებული  სახით უყურებდე   შენს   ფეხებთან   გართხმულ   ქალს, რომელიც  უკვე  სლუკუნებს.  წესით,  მერე  მას  ბოზი  უნდა   უწოდო  და   მოჰყვე  ლაპარაკს,  რომ   ძალიან  სულელი  ყოფილხარ , რომ   ამდენ ხანს ტყუვდებოდი;  რომ  ის  არაფრის ღირსი არაა. ბოლოს   კი  უნდა წარმოთქვა   ჯადოსნური   სიტყვები: გაეთრიე   ჩემი  სახლიდან!

 ამ  ყველაფერს  წამის  მეათასედში  ფიქრობ,  მაგრამ  ხვდები,  არ  მოგწონს  მოქმედების ამგვარი  განვითარება.  გრძნობ,  რომ  ცოლი  გიყვარს  და  მის  გარეშე  ვერ  იცხოვრებ –  გალოთდები.  მერე  სამსახურიდან  გაგაგდებენ.  სახლის  გაყიდვა   მოგიწევს.  აღარავინ დადგება   შენ   გვერდით. მერე  ამაზე   ფიქრს  ჭკუიდან  გადაყავხარ  და   ჩერდები. გადაწყვეტ,   აპატიო.

 ელოდები,  რომ  ისე  მოხდება,   როგორც   კინოში.  მის  მუდარას   უცდი.   ამ  დროს  ცოლი რას  აკეთებს? – მაპატიე,  მაგრამ  აღარ  მიყვარხარო,  გეუბნება.

შენ  რას  აკეთებ? – იმას,  რაც  შენს  ცოლს  უნდა   გაეკეთებინა: ემუდარები ,  დარჩეს  შენთან. მუხლებში  უვარდები. მისი  საყვარელი  გაოგნებულია   და   მართლა  იპარება  ოთახიდან. ოღონდ   სანამ  თქვენ  ურთიერთობებს  არკვევთ,  მან   ჩაცმა  მოასწრო.

ერთხანს   მის   მუხლებთან ტირი.  ცოლი  ხმას  არ  იღებს. მერე  დგები   და  სახლიდან მიდიხარ.  მთავარია, იქაურობას   მოსცილდე.  მერე  დასალევით  იჭყიპები.  გზაზე გადადიხარ.   გონზე   მანქანის  ხმას   მოყავხარ.  მარჯვნივ  რომ  იხედები,   დიდი   მანქანის ორ   ფარს  ხედავ.  ფარები  გიახლოვდებიან…

 საავადმყოფოში   იღვიძებ.  ექიმი  გეუბნება,   რომ    სასწაულით  გადარჩი  და  სასხვათაშორისოდ   იმასაც   აყოლებს,   რომ  ფეხზე   ვერასოდეს   გაივლი.  როცა   ცდილობ, გაოგნებულმა   რაღაც   უთხრა   და   ვერ  ახერხებ,  იმასაც  ამატებს,  რომ  რაღაცნაირი (სახელი  ვერ  გაიგე) დამბლა   გაქვს  და  ლაპარაკიც  არ  შეგიძლია.

 ცოლი   ისე   მოდის  შენთან,  ვითომც  არაფერი მომხდარა.  გეუბნება,  მალე  სახლში წავალთო.  შენ  ისეთ  მდგომარეობაში  ხარ  სიკვდილი  გინდა,  მაგრამ  ამის  მოსმენა მაინც გახარებს. . .

 ყოველ  საღამოს  ცოლს  ეტლით  გაყავხარ  მეორე  საძინებელში  და  ტელევიზორს  რთავს. ყველაზე  საინტერესო  კი  ისაა,  რომ  მულტფილმების  არხზე  მომართავს  ხოლმე.  მერე  შუბლზე  გკოცნის  და  გეუბნება,  ჭკვიანად მოიქეციო.  ცოტა   ხანში  კარზე  ზარის ხმა   გესმის. მერე  კი _ შენი  ცოლის  კვნესისა,  შენივე  საძინებლიდან  გამომავალი.  ამას  შეეგუე  კიდეც.  შენ   ხომ  ცოლი  გიყვარს და გსურს, რომ ბედნიერი იყოს. . . ?

ახლა   ძალიან  გინდა,   გაგეღვიძოს   და   ყველაფერი ძველებურად დაგხვდეს,   არა? კარგი, ჯანდაბას,   გაიღვიძე . . .

დათო გორგილაძე

9 thoughts on “კაცუნა რქებით

  1. : )) : ))

    ეს რა იყო =))=))

    ჰაჰაჰჰჰჰ რა ვიკითხე ამდენ ხანს : ))

  2. კაი ბლოგია (ჯერჯერობით; მერე ვნახოთ. . .)

    ოთხივე წავიკითხე და მომეწონა

    კარგია

    არ დაანებო თავი :mo:

  3. 😀😀😀 auf, mocharbebulad gqonia fantaziis unari! momewona ra, gemrielad wasakitxia🙂 imedi maqvs, rom aseti shemtxvevebi ishviatia🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s