8

გამოცდებსა და “სხვა დემონებზე”

 ალბათ აქ ჩავა. მეც კიდევ ერთხელ გამოვიჩენ ქართულ მეტიჩრობას, დავასწრებ ბილეთის ფულის გადახდას და ამით დასრულდება ჩვენი დღევანდელი ურთიერთობა, რომელიც, უნდა ვაღიარო არც მინდოდა დაწყებულიყო. ასეც ხდება, მიღიმის და ჩადის. მე კი ვაგრძელებ გზას. იმ მუსიკის ფონზე, რომლის მოსმენასაც მძღოლი გვაიძულებს, კიდევ შემომრჩა ფიქრის უნარი. საფიქრალი კი ბევრი მაქვს და ჩემს გაჩერებამდე ჯერ კიდევ შორია…

 ყოველთვის მქონდა მორიდებული ინტერესი რამდენიმე საკითხის მიმართ: თუ როგორი შეგრძნება გეუფლება, როცა ლატარეაში მილიონ დოლარს მოიგებ, ან რა რეაქია გექნება, დილით რომ გაიღვიძებ და შენ გვერდით მწილიარე ადრიანა ლიმას შიშველ სხეულს დაინახავ, კიდევ მაინტერესებდა როგორი შეგრძნება აქვს სტუდენტს როცა საგანი სადაცაა შეეტენება. ბედიის ირონიით გამჩენმა პირველად სწორედ ეს უკანასკნელი გამომაცდევინა. მესამე კურსზე გადავდივარ და ასეთი პრობლემა პირველად შემექმნა. ახლა სწორედ ამ საქმის გასარკვევად მივდივარ უნივერსიტეტში. ეგებ როგორმე თავი დავიხსნა განმეორებითი გამოცდისგან, რომელზეც მთელი რიგი სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო დასწრებას ვერ ვახერხებ.

 დღეს დილით ყველაფერი ჩემი საუნივერსიტეტო კომპიუტერული ბაზის დათვალიერებით დაიწყო, რომელშიც პერიოდულად იმ ქულებს ვამოწმებ, რომელიც გამოცდებში მიგროვდება ხოლმე. დღეს არასასიამოვნო სიურპრიზი დამხვდა: ანალიზურ ჟურნალისტიკაში საჭირო ქულების რაოდენობა ვერ მომიგროვებია თურმე. ნეტავ რა უნდა გაიგო კაცმა ამაზე სასიამოვნო სისხამ დილით? აზრადაც არ მომდის სხვა რამე.

 ელბაქიძის დაღმართიდან მომიწია ფეხით წავსულიყავი უნივერსიტეტამდე. ამას თავის მიზეზები ჰქონდა. ავტობუსს რომ გავყოლოდი ხურდა ფული უნდა მქონოდა, რომელიც იმ მომენტში არ აღმომაჩნდა. ტაქსისთვის ფულის მიცემა დამენანა და ყველაზე მთავარი, მიუხედავად გამაბრუებელი სიცხისა ფეხით გასეირნებაში მაინც დვინახე გარკვეული ეგზოტიკა თანაც, გაგებული მაქვს საგანი როცა გეტენება მისწრება ყოფილა მელიქიშვილის ქუჩაზე ფეხით სიარული.

 მერედა ჩემი ამბავი რომ იცოდეთ. . . თბილისში ასი მეტრის გავლას ნახევარ საატს ვანდომებ. არა იმიტომ რომ რევმატიზმებთან დაკავშირებული პრობლემები მაქვს, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით , უბრალოდ უამრავი ნაცობი მხვდება და ატყდება ხოლმე იქ პაჩი-პუჩი და ამბები. აი უკვე ხუთი წუთი იქნება ველაპარაკები ერთ ყმაწვილ კაცს და ბოლომდე მაინც ვერ გავიხსენე საიდან ვიცნობ. სახეზე კი მეცნობა.

 გზას ვაგრძელებ. ამ სიცხეში ისე გავიხვირთქლე, ვინმეს კატორღიდან გამოქცეული ვეგონები.  წინიდან ისეთი მდედრი მოდის  ზევსის ნაშა გეგონება. წამით  ისიც კი ვიფიქრე ხომ არ ავედევნო და წავყვე ყველგან სადაც კი წავა-მეთქი, მაგრამ მერე საკუთარ თავს შევძახე: ჰეი, ჰეი, ანალიზური გეტენება შე ვირო . . . მეც დაჟინებით მივიკვლევ გზას უნივერსიტეტისკენ. რას ამბობთ. ორი წლის მერე დიპლომი მაქვს სახლში მისატანი და რა ვთქვა? ვიღაც წითელკაბიანს  გადავაყოლე ჩემი პროფესიული მომავალი-მეთქი? გადაირიეთ?

 უნივერსიტეტამდე მივაღწიე და დეკანატში ავდივარ. საერთოდ ზრდილობიანი ვინმე ვარ. უფროსებთად და გოგონებთან ლაპარაკისას ვწითლდები (ნუ გოგონების შემთხვევაში გადავამეტე. საქმეს სჭირდება ახლა ასე) ჰოდა კაბინეტში შევლის წინ ხომ მთლად მდუმარე კრავის სიფათი დავიყენე, სახეზე ფერი გადავითეთრე და შევედი. . .

 . . . ისე მეც კარგი სულელი ვინმე ვარ. რას შევდიოდი საერთოდ? რითი უნდა დამხმარებოდნენ  დეკანატში? განმეორებითი გამოცდაო, ადვილად ჩააბარებო და გამომიშვეს. მაგრამ რომ ვერ ვახერხებ ამ გამოცდის დროს ქალაქში ყობნას?

 არ ვნებდები ბედს და ახლა გავბედე ლექტორს დავურეკო. ახლა რომ ეს სურათი ჩემი ოჯახის რომელიმე წევრმა ნახოს, იტყვის ჩემ დროს ვინ გაბედავდა ლექტორთად დარეკვასო. მაგრამ ახლა ხომ აქ ჩემი ოჯახის არცერთი წევრი არ არის? თამამად შემიძლია დავრეკო. ისევ კრავის ხმას ვიყენებ და ვრეკავ . .  .

 . . .ისე მეც კარგი სულელი ვინმე ვარ. რას ვრეკავდი საერთოდ? რითი უნდა დამხმარებოდა ლექტორი? განმეორებითი გამოცდაო, ვერაფრით დაგეხმარებიო.

ეს გრძნობა გამოვცადე. ადრიანა ლიმას და მილიონსაც თუ გამოვდი არ იქნება ურიგო.

თოთხმეტში განმეორებითი გამოცდა მაქვს და უნდა მოვემზადო. შენ კიდე მაგ დროს სადღაც რომ უნდა გამოგყოლოდი. . . ბოდიში ბატონო. საგანი რომ “შემეტენოს”  რას იტყვის ხალხი?

დათო გორგილაძე