ამ ნაწერს ალუზიური კავშირი აქვს გაბრიელ გარსია მარკესის უკანასკნელ და ჩემი აზრით მის ყველაზე სუსტ რომანთან “ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენების ჟამს”
მე საბჭოთა ჯარის გადამდგარი გენერალი ვარ. უკვე იმდენი ხანია გენერალ წარბას მეძახიან მსოფლიოში ყველაზე უშნო წარბების გამო, რომ საკუთარი სახელი, ერნესტი თითქმის გადამავიწყდა. ხვალ, რვა ივლისს ბრიტანეთის არმიის ტრიბუნალის წინაში უნდა წარვსდგე. მომიწევს პასუხი გავცე ვიღაც ახლადგამომცხვარ ფორმიანებს თავიანთ უაზრო შეკითხვებზე, რომლებიც ალბათ ბევრიც იქნება, უხერხული საპასუხოც. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ შეკითხვებს თავიანთ ენაზე დამისვამენ.
უკან რომ ვიხედები, ვხვდები, რომ ყოველთვის ვიცოდი რომელი იყო სწორი გზა, მაგრამ არასოდეს ამირჩევია ის სასიარულოდ, რადგან ძალიან რთულად სავალი მეჩვენებოდა. როცა ბრიტანული ტიპის მსახურება შემოვიდა ჩვენს არმიაში, მე უარი ვთქვი მასზე. შევინარჩუნე ძველმოდურობა და როცა თავადაც კი მივხვდი, რომ ძალიან გავუტიე, მხოლოდ მაშინ გადავწვიტე პენსიაზე გასვლა. როგორც ჩანს დამიგვიანდა. ხვალ ტრიბუნალზე მელიან.
რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ტრიბუნალი სამარცხვინოდ ჩამომართმევს სამხედრო წოდებას, მე კი ამის გაფიქრებაც მზარავს, გადავწყვიტე საერთოდაც არ გამოვცხადდე მაღლივ კორპუსში, ტრიბუნალზე. რის გაკეთებასაც ვაპირებ – თავადაც მიხვდებოდით.
ჯოჯოხეთში გამგზავრებამდე საათებით ადრე, დაგეგმილი მაქვს მრავალი რამ მოვასწრო უკანასკნელად. პირველი, რაც დღის წესრიგში დავაყენე, ესაა გიჟური სიყვარულის ერთი საათი თბილისის რომელიმე პერიფერიაში არსებული ღამის ბარის კახპასთან. მიზნად დავისახე, რომ ქალი უნდა ჯობდეს ყველა მის წინამორბედს, რომელთანაც კი სქესობრივი ურთიერთობა მქონია ოდესმე და აგრეთვე მან ამ საქმისთვის არ უნდა გამომართვას იმაზე მეტი ფული ვიდრე მე ჯიბეში მიდევს.
მეორე, რაც უეჭველად უნდა აღვასრულო, ეს ჩემი საყვარელი ფილმის რიგით სამოცდამეათედ და უკანასკნელად ნახვაა. აგრეთვე დღის წესრიგში შევიყვანე: საყვარელი მუსიკის მოსმენა, საოჯახო ალბომის დათვალიერება, მეზობელთან ნარდის თამაში, რათა ძალით წავაგო, მოგებული ოცი კათხა ლუდი გავუბათილო, რომ მათზე დარდი საიქიოში არ გამყვეს. გემრიელად უნდა ვიბანაო აჰავას არომატის საშხაპე კრემით; უნდა ვჭამო ნახევარფაბრიკატი პელმენი. აგრეთვე უეჭველად უნდა დავრეკო რამდენგანმე:
პირველი, ვისაც აუცილებლად დავურეკავ, ეს ჩემი ბავშვობის სიყვარულია, მარიბელა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ხმა უკვე აღარაფრით განსხვავდება ადუღებული სამოვრის ხმისაგან, მაინც ხშირად ვრეკავ ხოლმე და როცა ალოს რამდენჯერმე გაიმეორებს, მერე ყურმილს ვკიდებ. რას ვიზამთ, ეს ერთერთია იმ მრავალ სისუსტეთაგან, რომელიც აგერ უკვე სამოცდათორმეტი წელია მომყვება.
მეორე ადრესატი ჩემი ფრონტის მეგობარი ენგელსა იქნება. ოდესღაც დავიფიცე, ადრე თუ გვიან ენგელსა სიმართლეს გაიგებდა იმის, შესახებ, რომ ის ნაღმი, რომლის წყალობითაც მან ორივე ფეხი, ორივე ხელი და ცალი თვალი დაკარგა, ყაზარმასთან მე ჩავდე მიწაში ნასვამმა. არ ვიცი ამას როგორ მიიღებეს ენგელსა, მაგრამ მსგავსი ტვირთით მე ვერ გავფრინდები.
მესამე ადრესატი კი ჩემს თავზე მცხოვრები მეზობელი იქნება. შევეცდები დავარწმუნო, რომ ის წყალი, რომელიც ახლა, წერისას თავზე მესხმება უნდა გადაკეტოს.
მერე გემრიელად უნდა დავიძინო, რათა კიდევ ერთხელ ვნახო ის კოშმარი, რომელიც ღამეში რამდენჯერმე მაღვიძებს ლოტკინის შეტაკებებიდან მოყოლებული გამუდმებით. შუაღამისას კი, როცა მაღვიძარა დაიწკარუნებს (თუ იმდღევანდელივით დილამდე ტკბილად არ დამაძინა), წამოვდგები, კარადიდან გამოვიღებ ჩემს სააღლუმო ფორმას, რომელიც 1987 წელს მეცვა ფიდელ კასტროსთან შეხვედრისას. ჩავიცვამ ლაკის ფეხსაცმელებს, საწერი მაგიდის უჯრიდან ამოვიღებ იარაღს, უკანასკნელად გავწმენდ და დავიხლი შუბლში. . . ამით დამთავრდება საბჭოთა გენერლის ცხოვრება…
……………………………………………………………………………………………………………………………………………… ალბათ დაახლოებით ასე განვითარდებოდა მოვლენები მეგობრებს რომ არ დავერწმუნებინე, რომ მაღლივ კორპუსში, ინგლისურის გამოცდაზე, გადაწერის საშუალება იქნება და სცადე შენგან რა მიდისო. . . :))