10

ჯიმ ჯარმუში ილია ჭავჭავაძის მოთხრობას გააცოცხლებს?

 

დღეს დილიდან ცნობილი  რეჟისორის, ჯიმ ჯარმუშის პერსონალურ ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯარმუშს დიდი სურვილი აქვს გადაიღოს ფილმი ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანის?!” მიხედვით.

 ამერიკელი რეჟისორი აქამდეც არ მალავდა თავის აღფრთოვანებას ქართული ლიტერატურის ცალკეული ნიმუშების მიმართ და გამოთქვამდა სურვილს გაეცოცხლებინა ისინი ეკრანზე.  ამჯერად ის მზადაა შეუდგეს საქმეს, მეტიც, ჯარმუშმა უკვე დაასახელა მსახიობები, რომლებიც ფილმში მთავარ როლებს შეასრულებენ. ლუარსაბის როლს ჯეიმს განდოლფინი მოირგებს, რომელსაც  ქართველი მაყურებელი სერიალ “სოპრანოს კლანიდან” იცნობს. დარეჯანის განსახიერებას კი რეჟისორი ყველასდა გასაკვირად  არც მეტი, არც ნაკლები დემი მურს შესთავაზებს. ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსახიობები თანახმანი არიან ფილმში მონაწილეობაზე, თუმცაღა მათი პროდიუსერები კომენტარს არ აკეთებენ.

 მიუხედავად ჯარმუშის ღია განცხადებისა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ. სამაგიეროდ ამ საკითხზე ბევრს საუბრობენ ქართული კინემატოგრაფის წარმომადგენლები. საქართველოს დამოუკიდებელ რეჟისორთა კავშირმა სათანადო განცხადება უკვე გაავრცელა. ისინი მიიჩნევენ, რომ “კაცია ადამიანი?!” ის ნაწარმოებია, რომლის ეკრანიზაციაც მხოლოდ ეროვნებით ქართველმა უნდა გააკეთოს. ისინი ჯარმუშის იდეას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეთანხმებიან, თუკი ფილმის თანარეჟისორი რომელიმე მათი წარმომადგენელი გახდება.

 წამოწყებას მიესალმება ახალგაზრდა რეჟისორთა კავშირი. მათი თქმით ეს არის შანსი, რომლის ხელიდან გაშვებაც არ შეიძლება “თუკი ჯიმ ჯარმუშმა ეს ფილმი გადაიღო, ის აუცილებლად დაიმსახურებს ამერიკის კინოაკადემიის უმაღლეს ჯილდოს” – აცხადებს გაერთიანების თავმჯდომარე ბესო ლადარია.

 ამ საკითხზე საუბარი ჯერ მხოლოდ დღეს დაიწყო. დაველოდოთ მოვლენების შემდგომ განვითარებას.

 დათო გორგილაძე