5

and the oscar goes to . . .

გამოქვეყნდა I-მედიაჟურნალის  ბლოგზე

რაც უფრო ახლოვდება “ოსკარებით” დაჯილდოვების ცერემონიალი, მით უფრო მატულობს ვნებათაღელვა იმ ფილმების ირგვლივ, რომლებიც, სავარაუდოდ, ჯილდოს მოსაპოვებელ ბრძოლაში ჩაებმებიან.   წელს კინოაკადემია სიახლესაც გვთავაზობს- რიგით  ოთხმოცდამეერთე დაჯილდოების ცერემონიალზე წლის ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად ხუთის ნაცვლად, ათი ფილმი იბრძოლებს.

 მიუხედავად იმისა, რომ რიგი გახმაურებული  ფილმების პრემიერები ჯერ არ შემდგარა და ჩვენ მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა  გვაქვს მათზე  „ტრეილერებიდან“, სხვადასხვა ვებსაიტზე უკვე დაიწყო სავარაუდო ნომინანტების დასახელება.

გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ოსკარებით  დაჯილოვდოვების 2009 წლის ცერემონიალიც პოლიტიკურად იქნება დამუხტული.

პირველი  “პოლიტიკური”  ფილმი – კანდიდატი  კლინტ ისტვუდის „ადამიანური ფაქტორია“ (human factor  ან  invictus ), რომელიც ნელსონ მანდელას ცხოვრებას ეძღვნება. სიუჟეტი  1995 წლის  რაგბის  მსოფლიო ჩემპიონატის დროს    ვითარდება. ფილმს დამატებით ინტერესს მსახიობების ფაქტორი მატებს – ნელსონ მანდელას მორგან ფრიმანი განასახიერებს, ხოლო მეთ დეიმონი რაგბის გუნდის კაპიტნის როლში მოგვევლინება.

 სავარაუდო კანდიდატთა სიაში იხსენიებენ აგრეთვე ფილმს „ძვირფასი“ (precious)   ამ სურათმა უკვე   გაიმარჯვა „სანდენსის“ კინოფესტივალზე. ის  უშნო გარეგნობის დაკომპლექსებულ  შავკანიან გოგონაზე მოგვითხრობს, რომელსაც არაადამიანურად ეპყრობიან.  კრიტიკოსი ედ გონსალესი ამბობს, რომ ეს ფილმიც შემატებს „პოლიტიკურობას“ ცერემონიალს.  ედ გონსალესს არ ეთანხმება  კინომცოდნე ნინია კაკაბაძე. ის იხსენებს, რომ შარშან კინოაკადემიამ  მართლაც პოლიტიზირებული გადაწყვეტილებები მიიღო, როცა  შონ პენი დააჯილდოვა ამერიკელი ჰომოსექსუალი პოლიტიკოსის, ჰარვი მილკის, როლის შესრულებისთვის და აგრეთვე რვა ოსკარი უბოძა ფილმს „მილიონერი ჯურღმულიდან“. მიუხედავად ამისა, ნინიას აზრით,  წლევანდელი დაჯილდოება განსხვავებული იქნება და ამას შემდეგნაირად  ხსნის:  „ ოსკარი“ ყველაზე აპოლიტიკური დაჯილდოებაა, აქ გაცილებით უფრო დიდი ყურადღება სანახაობას ენიჭება და არა შინაარსს, ამიტომაც არ მგონია, წელს პოლიტიზირებული დაჯილდოება ვიხილოთ“.

სავარაუდო კანდიდატთა შორის აპოლიტიკური ფილმები სჭარბობს.

 კინოკრიტიკოსები დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ რობ მარშალის მიუზიკლს   „ცხრა“ (nine).  ეს ფილმი ინტერესს  მრავალი მიზეზის გამო იწვევს. პირველი ფაქტორი რეჟისორის გამოცდილებაა. რობ მარშალმა 2002 წელს გადაიღო შესანიშნავი მიუზიკლი „ჩიკაგო“, რომელმაც ოსკარებიც დაიმსახურა; მეორე  მიზეზი კი  მსახიობთა შესანიშნავი დასია – ორი ოსკარის მფლობელი  დენიელ დეი ლიუისი მისთვის უჩვეულო ამპლუაში და მდედრი მსახიობების მთელი თანავარსკვლავედი: ჯუდი დენჩი, სოფი ლორენი, მარიონ კოტიარი, პენელოპა კრუსი, ნიკოლ კიდმანი და კეით ჰადსონი.

 დიდი ინტერესითა და იმედით ელიან პიტერ ჯექსონის ახალ ფილმს „საყვარელი ძვლები“ (lovely bones), რომლის პრემიერაც დეკემბრის დასაწყისში იგეგმება. სურათი მოგვითხრობს 14 წლის გოგონას შესახებ, რომელიც მანიაკმა გააუპატიურა და მოკლა. სივდილის შემდეგ ის სამოთხიდან  ადევნებს თვალს ახლობლების ცხოვრებას.  ოფიციალურ „ტრეილერში“ უკვე  ჩანს, თუ რა ოსტატურად დახატა რეჟისორმა არაამქვეყნიური სამყარო, რომელშიც გოგონამ გადაინაცვლა.

 „ჰაერში“ (Up in the air)  ჯეისონ რაიტმანის ახალი ფილმია, რომელშიც მთავარ როლს ჯორჯ ქლუნი ასრულებს. მისი გმირი დადის ქვეყნის გარშემო და კორპორაციულ მუშაკებს ათავისუფლებს. ის  ხშირად  ამბობს, თუ რა კარგია ცხოვრება ურთიერთობების გარეშე.  აქ ყველაზე საინტერესოა თავად რეჟისორის, რაიტმანის ფაქტორი,  მას სულ სამი სრულმეტრაჟიანი მხატვრული  სურათი აქვს გადაღებული და ამათგან ერთი, „ჯუნო“,  ოსკარზეც იყო წარდგენილი, ნომინაციაში „საუკეთესო ფილმი“. ფილმმა ორიგინალური სცენარისთვის დაიმსახურა აკადემიის ჯილდო  .

  „ გზა“ (the road)  ჯონ ჰილკოუტის პოსტაპოკალიფსური ჟანრის  ფილმია. საინტერესოა, რომ სურათი კორმაკ მაკკარტის 2006 წელს გამოშვებული, ამავე სახელწოდების წიგნის  მიხედვითაა გადაღებული. ფილმში მამა – შვილის როლს ვიგო მორტენსენი და კოდი სმიტ – მაკფი ასრულებენ. ოფიციალური „ტრეილერიდან“ ნათლად  ჩანს, რეჟისორის პოსტაპოკალიფსური სამყარო მრავალფეროვანი და მიმზიდველია.

დაბოლოს,   კინოსამყარო დაძაბული ელოდება ჯეიმს კამერუნის ახალ ფილმს –  „ავატარი“ (avatar), რომლის  გადაღების იდეაც მას დაახლოებით თხუთმეტი წლის წინ გაუჩნდა, თუმცა იმ დროს არსებულმა კომპიუტერული ტექნოლოგიებმა ამის საშუალება არ მისცა.   ფილმის შექმნაში სამას მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯა. სურათი ფანტასტიკის ჟანრს მიეკუთვნება და მოგვითხრობს პარალიზებული ადამიანის შესახებ, რომელიც ტექნიკური მიღწევების წყალობით შეძლებს გაჰყვეს ექსპედიციას პლანეტა „პანდორაზე“.

 გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ფილმებისა, ფავორიტთა შორის აქტიურად სახელდებიან:  “დამსმენი“ (The Informant) , “სერიოზული კაცი” (Serious Man),  და “ცხოვრების ხე” (the tree of life) შონ პენისა და ბრედ პიტის მონაწილეობით.

  იმედი მაქვს გარკვეული შთაბეაჭდილება შეგიქმენით წლევანდელ ფავორიტ ფილმებზე. ახლა კი ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ ჯერ ნომინანტთა გამოცხადებას და შემდეგ კი კინოაკადემიის რიგით ოთხმოცდამეორე დაჯილდოვებას.  შესაძლებელია ამ პროგნოზებიდან ზოგიერთი არ გამართლდეს და ამის გამო ნუ გამინაწყენდებით,  როგორც ცნობილმა კრიტიკოსმა როჯერ ებერტმა ერთხელ იხუმრა : „ოქროს რაინდიდან ოქროს ჟოლომდე სურ ერთი ნაბიჯია“

 დათო გორგილაძე

14

“ყველაფერი კარგად იქნება” – ვიცინოთ თუ ვიტიროთ?

  ბოლო ქართული ფილმი, რომელიც მომეწონა, “სამი სახლი” იყო. მასოვს სასიამოვნოდ გაკვირვებულმა დავტოვე დარბაზი. სიმართლე გითხრათ დღეს, კინოთეატრში რომ მივდიოდი, იმის ილუზია არ მქონდა, როცა ფილმი დამთავრდება სულ “ეს რა მაგარი რამე ვნახე და როგორ ვიცინე”-ს ძახილით გამოვალ –   მეთქი. მეტიც, “ყველაფერი კარგად იქნებას”-ს ყურება დროის სიჭარბის გამო გადავწყვიტე (დრო უნდა გამეყვანა).

  ახლა, როცა ფილმი უკვე ნანახი მაქვს, ვთვლი, რომ ეს იყო დროის გაყვანის ყველაზე ცუდი ფორმა რაც კი ცხოვრებაში გამომიცდია. კინო, რომელიც სახელწოდების, პოსტერის, მსახიობთა დასის და რეჟისორის მიხედვით კომედიას უნდა ჰგავდეს . . . ერთადერთხელ გამეცინა ფილმის ყურებისას. უფრო სწორად ჩამეღიმა.

“ხუმრობები” ფილმში ან ძალიან მოძველებულია (მაგალითად სომხებზე ღადაობა იმის გამო, რომ ყველას და ყველაფერს სომხურს უწოდებენ), ანაც ძალიან ვულგარულია.  ზოგჯერ კი რეჟისორი ცდილობს უცენზურო სიტყვებით გააცინოს მაყურებელი (ფაქტია რომ დღეს, დარბაზში რამდენიმე ამ ანკესზე წამოეგო და სირის გაგონებაზე ხარხარებდა) 

 ფილმში რიგზე არ არის მსახიობების საკითხი.  არა, მე იქ მონაწილე არცერთ მსახიობს არ ვუწუნებ პროფესიონალიზმს, უბრალოდ ისინი თავიანთ სტიქიაში არიან. დავწვრილმანდეთ: “შუა ქალაქშის” – მსახიობებს თავი  სერიალში ჰგონიათ. (“შუა ქალაქში”  ძალიან კარგი სერიალია და ეს დასი იქ ძალიან კარგადაც გამოიყურება. უფრო სწორად იმ სერიალს ერგება, მაგრამ აქ . . .) დუტა სხირტლაძე ფილმშიც “ჯეოსტარის” კასტინგზეა.  შორენა ბეგაშვილი – ფოტოსესიაზე. სხვათა შორის ამ ფილმში ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდის მთავარი გმირი სწორედ ის არის.

 რაღა მსახიობის ოსტატობას ჩავაცივდი. ფილმის აზრს რაღა ვუყოთ? – უკეთ რომ ვთქვა  ამ კინოს აზრი არ აქვს საერთოდ. შემაძრწუნა სურათში რუსი ჟურნალისტი ქალბატონის აბსოლუტურად ყალბმა ტექსტმა, რომელიც ქართველების “უმზეს სულზე” საუბრობს და დაზვერვაზე მყოფს პაცეფიზმის იდეა შეიპყრობს სრულიად უეცრად. რეჟისორს მეტად ორიგინალური ფორმა აურჩევია ქართულ – რუსული ურთიერთობის დათბობისთვის.

 უკაცრავად, მაგრამ მისი ფილმის შემხედვარე, ავთო ვარსიმაშვილის დადგმული ინაუგურაცია უფრო მომწონს.

2

ქალი ტრანსილვანიიდან

თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ნობელის კომიტეტი ამჯერად არაევროპელს მიაგებდა პატივს. ჩემს მოსაზრებას (ჩემი ჭკუით) ის უჭერდა მხარს, რომ ბოლო წლებში სწორედ ევროპელ მწერლებზე გააკეთა კომიტეტმა აქცენტი (ჟან მარი გუსტავ ლე კლეზიო, დორის ლესინგი, ორჰან ფამუქი და ა.შ). მეგონა კომიტეტი ამჯერად ევროპას გადაიგდებდა გონებიდან. მითუმეტეს, რომ წარდგენილთა სიაში ერია ცნობილ არაევროპელთა სახელები:  ამოს ოზი (ისრაელი) ,  მარიო ვარგას ლიოსა (პერუ),  მარგარეტ ეტვუდი (კანადა),  ჯოის კეროლ ოუტსი (ამერიკა).  თუმცაღა არჩევანი ისევ ევროპელზე გაკეთდა და ეს ევროპელი (საკმაოდ ცნობილი) ჰერტა მიულერია.

 თუკი ორმოცდათექვსმეტი წლის ჰერტა მიულერის ბიოგრაფიას გადავხედავთ, გაგვიჭირდება გადაჭრით ვთქვათ, ეს პრემია გერმანელ მწერალს მიენიჭა თუ რუმინელს.  . ის გერმანიაში მხოლოდ ჩაუშესკუს რეჟიმის დამხობის შემდეგ გადასახლდა.

 მწერალს საკმაოდ საინტერესო სტატუსი შეურჩია კომიტეტმა: „ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში გადაეცემა,მას ვინც საკუთარი დაკვირვებულობით პოეზიაში და გულწრფელობით პროზაში, ხატავს განცალკევებულთა ( გადმარტოებულთა) პეიზაჟს“.  ჰერტა მიულერის უმთავრესი საწერი თემა, სწორედ  ძალადობისა და არაადამიანურ  პირობებში ცხოვრებაა. მისი რომანების უმეტესობაში, მოქმედება რუმინეთის რეგიონებში, ჩაუშესკუს მმართველოსბის დროს ვითარდება.  მიულერის მთავარი იარაღი საკუთარი გამოცდილებაა, რომელიც მას საშუალებას აძლევს რეალისტურად აღწეროს ძალადობისა და რეჟიმის დროს ინდივიდთა და ამასთანავე  კოლექტივის ცხოვრება.

 მისი პირველი რომანი „ დაბლობები“ 1982 წელს გამოიცა (გერმანულ ენაზე) , თუმცაღა რუმინულმა ცენზურამ ის დამახინჯებული სახით გამოუშვა. რომანის ნამდვილი ვერსია გერმანიაში დაბეჭდეს. საერთოდაც გერმანია საკმაოდ გულუხვი აღმოჩნდა ამ ქალბატონის მიმართ. ის იბეჭდებოდა საკმაოდ ხშირად.

 სხვათა შორის ჰერტა მიულერი მრავალი ლიტერატურული პრემიისა და ჯილდოს მფლობელია. მაგალითად ფრანც კაფკას და ჰენრიხ ფონ კლეისტის სახელობის პრემიის. მგონი დროა საქართველომაც გაიცნოს ეს მწერალი. გირჩევთ ჩემთან ერთად წაიკითხოთ მისი ცნობილი რომანები: „მხეცი“, „უკეთესი იქნებოდა დღეს ჩემს თავს არ შევხვედროდი“, „შესასვლელი – გამოსასვლელი“.