8

ზღვის სანახავად წავედი

 ბავშვობაში  დაბრუნებას სხვა ბევრ მიზეზთან ერთად კიდევ იმიტომ ვისურვებდი, რათა კიდევ ერთხელ მემგზავრა თბილისიდან ქობულეთამდე ღამის მატარებლით.

 დღე, როცა ამ ნაწერს ვწერ, ჩემთვის დიდი საქმეების დღე არ არის. საღამომდე ყველა საქმე დავგმე და გადავწყვიტე ბავშვობის მოგონებებში ჩავიძირო.

 ჩემი გონების კფსკერზე განისვენებს მოგონება იმაზე, თუ როგორ მივემგზავრებოდი, ოჯახთან ერთად, ზაფხულში,  ქობულეთისკენ ღამის მატარებლით. როცა ამ მოგონებას ვაღვიძებ შიგადაშიგ მეღიმება, შიგადაშიგ ვნაღვლიანდები. რადგანაც ეს მოგონება ჩემთვის ძვირფასია და მას ჩემი გონების ფსკერზე სამუდამოდ შევინახავ, გადავწყვიტე დავწერო კიდეც. . .

  ქობულეთი ჩემი მამულეთია. ჩვენ ყოველ ზაფხულს მივდივართ ქობულეთში დასასვენებლად და უახლოესი ნათესავების მოსანახულებლად. უშუქობისა და უგაზობის ხანას რომ ვეძახით, მე იმას უმანქანობის ხანსაც დავარქმევდი. სწორედ ამ უმანქანობის ხანაში ჩვენი მგზავრობის უპიორატესი საშუალება მატარებელი იყო. შევეცდები ყველაფერი წერის პროცესში აღვიდგინო:

 გამგზავრების დღე

 მამაჩემი დილით მიდის რკინიგზის სადგურის სალაროში, რათა მოახერხოს და ბილეთები იყიდოს. ამ დროს ყველა დასავლეთისკენ მიემგზავრება და მამაჩემს მოუწევს მთელი თავისი სანაცნობო წრე ჩართოს საქმეში, რათა ბილეთები გააჩალიჩოს. როგორც ყოველთვის ჩემს სამშობლოში სანაცნობო წრე ყველა პრობლემას აგვარებს და მამაჩემი ბილეთებს შოულობს. რეკავს და გვეუბნება რომ დღეს გამგზავრების დღეა.

 ამ ზარის შემდეგ იწყება ჩემი მგზავრობისწინანდელი ნერვიულობა, რომელიც მხოლოდ მაშინ მთავრდება, როცა უკვე ვაგონში ვართ. ნერვიულობის მიზეზი კი მხოლოდ ერთია – მატარებელმა არ გაგვასწროს.

 ბარგის ჩალაგებას ვიწყებ. განჯინაში ორი ზურგჩანთაა, ჩემთვის და ჩემი ძმისთვის განკუთვნილი. ჩემი ზურგჩანთა შედარებით პატარა ზომისაა. მე უმცროსი ძმა ვარ. იმ მდგომარეობაში ვარ, როცა ჩემზე ვერ იტყვით აღელვებულიაო – უფრო განერვიულებული. განერვიულებული იმაზე, რომ შეიძლება მატარებელმა გაგვასწროს. გარდერობიდან ვიღებ ყველაფერს, რაც კი შეიძლება რომ ადამიანმა ზაფხულში  ჩაიცვას და ყველაფრის ზურგჩანთაში ჩატენვას ვიწყებ. დედაჩემი ხვდება რომ წასვლის წინა ნერვიულობა უკვე დამეწყო და მშვიდად მეუბნება, რომ ამდენი ჩასაცმელი ქობულეთში არ დამჭირდება, სულ ორი კვირით მივდივართ. მე ეს უფრო მანერვიულოებს და ჩანთის ჩალაგებაზე ხელს ვიღებ. ამ პროცესს ყოველთვის დედაჩემი ასრულებს . რამდენიმე წუთში ზურჩანთა სამგზავროდაა გამზადებული. ჯერ თორმეტი საათია. თბილისში ყოფნის შვიდი საათი ჩემს განკარგულებაშია. ჩავდივარ უბანში და ინერტულად ვიწყებ სიარულს ისეთ ადგილებში, სადაც ჩვეულებრივ დროს გავლა აზრადაც არ მომივა. თითქოს ვემშვიდობები გარემოს სადაც გავიზარდე. მე ხომ მივემგზავრები – მთელი ორი კვირით. საბოლოოდ მომწყინდება ხეტიალი. თვალს გადავავლებ მეგობრებს, რომლებიც ჯერაც ქალაქში არიან და ხმისამოუღებლად ვემშვიდობები. ამ დროს ბებიაჩემი სახლში ორცხობილებს აცხობს, გზაში რომ მივირთვათ.

 სახლიდან გასვლის წუთები

 ტელევიზორის თავზე დაკიდებული საათის ისრები რომ შვიდთან მივლენ, წასვლის დროც ესაა.  ბებიაჩემი ჩანთაში გვილაგებს ორცხობილებს და მაცივარში საგანგებოდ გაციებულ წყალს, რომელიც ჯოჯოხეთივით გახურებულ მატარებელში მაინც გუბის წყალს დაემსგავსება, მაგრამ მაინც. ბებიაჩემი მკოცნის და ორი კვირით მემშვიდობება. ჩემი ნერვიულობა პიკს აღწევს.  მე მისი დატოვება არ მინდა და  ვთხოვ ჩვენთან ერთად წამოვიდეს. ბებიაჩემს ეცინება, კიდევ ერთხელ მკოცნის და მეუბნება ჭკვიანად იყავიო. და მივდივართ.

 სამარშრუტო ტაქსი მიიზლაზნება. მე მცხელა, მწყურია, მეშინია მატარებელმა არ გაგვასწროს და მზად ვარ მძღოლს თავში რაც შეიძლება მაგარი რამე ვუთავაზო, რათა უფრო სწრაფად გააქანოს თავისი თუნუქის კოლოფი, რომელსაც თვითონ მანქანას უწოდებს და რომელსაც წინიდან “მერსედესის”  ლოგო ამშვენებს.

 ბაქანზე ყოველთვის თავქუდმოგლეჯილი ავრბივარ. ვხედავ რომ მატარებელი დგას, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს რომ წამიწამზე დაიძრება. ამიტომაც ოჯახს ვაჩქარებ: ფეხი გამოადგით – მეთქი.

მატარებელში

 ბაქანსა და ვაგონს შორის ნაპრალი, ჩემი რუბიკონია. როცა მას გადავლახავ ვმშვიდდები. სურნელმა, რომელიც ვაგონში შესვლისთანავე მეგებება, ჩემს ცნობიერებაში დიდი ხანია დაიმკვიდრა სახელი – “მატარებლის სუნი”. ის არცერთ სხვა სურნელს არ ჰგავს. მე ეს სურნელი გულისამრევად მეჩვენება (თუმცა, ამასწინათ, როცა ნათესავი გავაცილე და მატარებელში ბარგი შევატანინე, ეს გულისამრევი სურნელიც ნოსტალგიურად მომეჩვენა). გამცილებელი, რომელსაც ლურჯი უნიფორმა მოსავს და ეს უნიფორმა ძალიან წააგავს საბჭოურს, კუპემდე მიგვაცილებს. ის გვაიძულებს მისი შემოთავაზებული თეთრეული გამოვიყენოთ და სანაცვლოდ მამაჩემს ფულს სთხოვს. ჩვენ ამ წესს ვემორჩილებით, ვიხდით საფასურს, მაგრამ არ ვიყენებთ იმ თეთრეულს, რადგანაც მასაც მატარებლის სუნი აქვს.

 მატარებელი დაიძრა და დაცხა. მე ისე აღარ ვნერვიულობ. დედა ორცხობილას მაწვდის. მე ვჭამ ორცხობილას და ვაყოლებ მაცივარში საგანგებოდ ჩაციებულ წყალს, რომელიც როგორც დაგპირდით  უკვე კუპრივით ცხელია.  მატარებელში არასოდეს მეძინება. არ ეძინება ჩემი ოჯახის არცერთ წევრს. მშობლები ძველ ამბებს ჰყვებიან. მე ეს ამბები მართობს.

 ამ დროს წყლად გასაღებული კუპრი თავისას შვრება და ტუალეტში გავდივარ. თუკი ადამიანს არ უნახავს საქართველოს რკინიგზის საკუთრებაში მყოფი მატარებლის ტუალეტი, მას არ უნახავს მსოფლიოში ყველაზე საშიში ადგილი. ადგილი სადაც შეიძლება ონკანზე ხელის მოკიდებით ვენერიული დაავადება აითვისო. თუმცაღა მე ბავშვი ვარ და აქ მოშარდვა მხოლოდ იმიტომ მიღირს, რომ მერე უნიტაზზე მომაგრებულ გაცვეთილ პედალს ფეხი დავადგა და ამით გავერთო. ტუალეტის ონკანშიც კუპრი მოედინება.

 კუპეში ვბრუნდები და მაინც არ ვიძინებ. ისევ მშობლების მოყოლილი ამბებით ვერთობი. თუმცაღა ვიცი, რომ წინ დიდი ნერვიულობა მელის. მოვა დრო, როცა ჩემი უფროსი (თუმცა იმ დროისთვის ჯერ კიდევ ასაკით პატარა) ძმა თავს გამოიდებს, რომ გაჩერებაზე ჩავიდეს და ოჯახს ახალი, ცივი წყალი მოაშველოს. მამაჩემი მას დაეთანხმება და ორივენი ჩავლენ. ამ დროს მე ისე მეშინია, მატარებელმა არ გამოასწროთ, რომ მზად ვარ საკუთარ შარვალში მოვშარდო. ისინი ასწერებენ ვაგონში დაბრუნებას და მე მოსაშარდად ისევ ჯოჯოხეთში მივდივარ.

 საკუთარი თავისთვის მიცემულ პირობას ვერასოდეს ვასრულებ და მაინც ჩამეძინება. თან მშობლემის მოყოლილი ამბები ჩამესმის და ვერთობი.

 ქუბულეთამდე რომ ათი წუთის სავალი გზა რჩება ბედნიერი ვარ. ჩემს ზურგჩანთას ვიკიდებ და ვაგონის შესასვლელისკენ მივრბივარ, სადაც ულვაშიანი და საბჭოურ ფორმაში გამოწყობილი გამცილებელი მხვდება, რომელსაც მატარებლის სურნელი ასდევნებია.

 პლაჟზე გაკვირვებული ვუყურებ ლამაზ უკანალებს და ისეთი გრძნობები მეძალება, რომელსაც ახლა ვუძებნი ახსნას.

დავით გორგილაძე

 18/12/2009

14

“უსახელო ნაბიჭვრები”

 

“უსახელო ნაბიჭვრები” კვენტინ ტარანტინოს ბოლო ფილმია. საკუთარ თავს უწინ პირობა მივეცი, რომ არასოდეს გადმოვიწერდი კინოს, რომელიც ცუდი ხარისხით იქნებოდა შემოთავაზებული ვებგვერდზე. თუმცა, როცა “უსახელო ნაბიჭვრების” პირატულ და ცუდხარისხიან ვერსიას წავაწყდი, იძულებული გავხდი ეს პირობა დამერღვია, რადგან ძალიან დიდი იყო ჩემი მოლოდინი ამ ფილმის მიმართ. მას შემდეგ რაც ცუდი ხარისხის ჩანაწერი ვნახე, შთაბეჭდილება დამჩა, რომ ეს ის არ იყო, რასაც მოველოდი ტარანტინოსგან. როცა ნაცნობები აზრს მეკითხებოდნენ, ვპასუხობდი: “არის რა – მეთქი”.

 შემდეგ  “უსახელო ნაბიჭვრებს” DVD ფორმატში ვუყურე.  კიდევ ერთხელ დავწმუნდი და ისევ, ამჯერად კატეგორიულად დავუსვი თავს საკითხი, რომ ცუდი ხარისხის ფილმებს აღარ ვუყურებ. ამასვე გირჩევთ თქვენ. იყავით ისეთივე პრეტენზიული კინომოყვარული, როგორიც ჩემი მეგობარი ირაკლი გუნია. რეალურად, მეორე ჯერზე სულ სხვა კინო ვნახე.

 “უსახელო ნაბიჭვრები” ზედმიწევნით კარგად დალაგებული ფილმია. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს არის კინო, რომელიც ერთი კაცის, კვენტინ ტარანტინოს ახირებაზეა აგებული, ხოლო ამ ახირებულ კაცს ძალიან ბევრი უფიქრია თავის სამუშაო გეგმაზე.

 ფილმი ეხება ფაშისტებს, ებრაელების დევნას, საფრანგეთის ოკუპაციას. რეალურად, მართლაც ყელში გვაქვს ამოსული ფილმები ნაცისტებსა და ებრაელების დევნაზე. “შინდლერის სია” ხომ ნანახი მაქვს? – ვფიქრობდი. სინამდვილეში ეს არ არის იმ მეორე მსოფლიო ომის ასახვა, რომელიც ჩვენ ვიცით. ეს სხვა მსოფლიო ომია. ისეთი, როგორადაც წარმოუდგენია ის ტარანტინოს.

 შევეცდები აგიხსნათ: იღვიძებთ დილით და იწყებთ ისტორიული მოვლენების თქვენებურ გადათამაშებას. მაგალითად: არ მოისურვებთ, რომ რომის იმპერია დაშლილიყო,  თემურ ლენგის მამას ცხოვრებაში ორგაზმი განეცადა, ნიქსონს მოსმენები ეწარმოებინა.

 სწორედ ასეთი ფილმია “უსახელო ნაბიჭვრები”. ფილმი აგებულია იმაზე, თუ როგორ ხედავს “თავხედი” ტარანტინო მეორე მსოფლიო ომის დროს საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებს.  მათ ვისაც ფილმი ჯერ არ უნახავს, ვპირდები: როცა კინო დამთავრდება, იტყვით: “ტარანტინოს ხედვამ დაგლიჯა”

 ვფიქრობ ფილმი შესანიშნავია არა მხოლოდ სიუჟეტის განვითარებისა და რეჟისურის მხრივ. სურათს მშვენივრად ერგებიან მსახიობებიც. როგორც წესი, ტარანტინო წარმატებულობისა და პოპულარულობის მიხედვით არ არჩევს ხოლმე მსახიობებს (გავიხსენოთ “მაკულატურა” სადაც მან იმ დროისთვის “ჩაძირულ” მსახიობებს მისცა ბურთი და მოედანი), არამედ ის ეძებს შესაფერისს.

 კრისტოფერ ვოლცმა (პოლკოვნიკი ჰანს ლანდა) გადამრია.  ქართველი სპორტული კომენტატორების საყვარელ ტერმინს გამოვიყენებ: ვოლცი მოწოდების სიმაღლეზეა. მის გმირი ფილმის ერთ ეპიზოდში გაამხელს თავის წარმატებულობის საიდუმლოს ებრაელების დაჭერის საქმეში: “მე ვფიქრობ, როგორც ებრაელი”. დამრჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ პოლკოვნიკი ლანდას პერსონაჟზე მუშაობისას, ვოლცი ფიქრობდა როგორც გერმანელი ჯარისკაცი, რომელმაც საფრანგეთში მყოფი ყველა ებრაელი უნდა გამოიჭიროს. სწორედ ამიტომაც, ვფიქრობ მისი გმირი ფილმში ყველაზე დასამახსოვრებელი და ძლიერია.

  დასამახსოვრებელი გმირი ჰყავს ბრედ პიტსსაც. ლეიტენანტი ალდო რეი მთავარი ნაბიჭვარია. მას შვენის ოდნავ წინ გამოწეული ქვედა ყბა და ყელზე შემორჩენილი იარა, რომელიც გვაჩვენებს, რომ როდესღაც ის ძლივს გადაურჩა სულის გაფრთხობას. დაგამახსოვრდებათ ელი როტის გმირიც თავისი ხელკეტით, რომლითაც თავს უჩეჩქვავს ნაცისტებს.

ფირი მილიმეტრებშია გაზომილი. ძნელია ფილმში დაინახოთ ისეთი კადრი, რომელსაც უადგილოდ მიიჩნევთ. ტარანტინომ ყველაფერი ზედმეტი მოიშორა. მუსიკა კადრებს უხდება და ის ზუსტად მაშინ ირთვება, როცა მაყურებელს სჭირდება. გრძელდება მანამ, სანამ მისი ადგილი არის.  

 ამ კინოზე ბევრი დადებითის დაწერა შეიძლება. მე მის მთავარ ღირსებად მაინც რეჟისორის ალტერნატიულ ხედვას მივიჩნევ. ტარანტინომ მოახერხა ვესტერნის თანამედროვეობაში გადმოტანა. ფილმში შექმნა სიტუაციები, რომლის დასასრულსაც მაყურებელი ვერ მიუხვდება, ვერ გამოიცნობს. შექმნა მოულოდნელობის ეფექტი.

 სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ კვენტინ ტარანტინო ამ ფილმში მთავარი ნაბიჭვარია.

15

წინ, ნობელისკენ, გორგილ!

 მე აუცილებლად მომანიჭებენ ნობელის პრემიას. მე პირველი ქართველი არ ვიქნები ვინც ამ პრესტიჟულ ჯილდოს მიიღებს. პირველი მარი ბექაური იქნება. მარი ერთერთი საუკეთესო ახალგაზრდა მწერალია. მარის ძალიან მოსწონს ქალი მწერლები და ის განუწყვეტლივ კითხულობს ვირჯინია ვულფს, აგოტა კრისტოფს, სელმა ლაგერლოფს, ენ სექსტონს, დორის ლესინგს, მაგრამ წერისას არ ექცევა მათი ზეგავლენის ქვეშ.

 პირველი შემთხვევაა, რომ ჩემს ბლოგზე განთავსებული ნაწერის ავტორი მე არ ვარ. მისი ავტორი მარი ბექაურია. ის ჩემი და მისი მეგობრობის შესახებ წერს.

 გაფრთხილებთ, რომ მარი აჭარბებს სინამდვილეს, როცა ჩემი იუმორის გრძნობაზე საუბრობს

 ………………………………………………………………………………………………..

გორგილა იუმორის მამა და კამილო ხოსე სელას რეინკარნაციაა. როდესაც გორგილა ღადაობას იწყებს, უკვე ვიცი, რომ გამეცინება და ამიტომ მაშინვე მიტყდება სიცილი. რა ვქნა, განწყობა მაქვს ასეთი. გორგილა წერს ესპანურ სტილში. შესაბამისად, მისი ნებისმიერი მოთხრობა, რაც არ უნდა ტრაგიკულ შინაარს მოიცავდეს, მაინც კუჭის ჩახევამდე სასაცილოა. მე მჯერა გორგილასი, გორგილას – ჩემი. ორივეს კი იმის, რომ ჩვენ აუცილებლად ავიღებთ ნობელის პრემიას. თუმცა ვერაფრით ვთანხმდებით, რომელი ჩვენგანი იქნება პირველი…

 დათო გორგილაძე დაახლოებით ექვსი წლის წინ გავიცანი მისი მეგობრის ლიტერატურულ საღამოზე. ეს მეგობარი, სხვათა შორის, ჩემი მეგობარიც გახლდათ, რომელთანაც ხანგრძლივი დავა მქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ჩვენგანი იყო პირველი პოეტი საქართველოში და ერთერთი ჩვენგანი რომ იყო, ამაში ეჭვიც არ შეგვპარვია… არ მახსოვს, როგორ წამოიჭრა საკითხი, რომლის საშუალებითაც დათო გავიცანი, მაგრამ მახსოვს, რომ როდესაც წამოვდექი, დარბაზს თავმომწონედ გადავხედე და განვაცხადე, “ნაირა გელაშვილი საუკეთესო ქართველი მწერალია-მეთქი”, უკანა რიგიდან ჯერ ვიღაცის ხარხარი მომესმა, მერე კი შავგვრემან, სათვალიან ტიპს მოვკარი თვალი, რომელიც დამცინავად მომჩერებოდა.

-რაის ნაირა გელაშვილი? – მკითხა ბიჭმა.

-რა, არა?! – ამაყად გავიბღინძე.

-კარგი რა, ამხელა ლიტერატურა გვაქვს და გელაშვილი როგორ მიგაჩნია საუკეთესოდ?!

ამ შეპასუხებამ სასტიკად აღმაშფოთა. რადგან იმ პერიოდში გატაცებული ვიყავი გელაშვილის შემოქმედებით (როგორც ყველა მდედრობითი სქესის მოზარდი) და მასზე უკეთესი ქვეყნად არავინ მეგულებოდა.

-აბა, ერთი დამისახელე! – განვაგრძე აღშფოთებულმა.

ამ შემთხვევაში რა მოსატანი იყო და ამ შავგვრემანმა ყმაწვილმა “ილია ჭავჭავაძეო” – მომათხლიშა.

-რას ამბობ?! – შევიცხადე მე. – ილიას და გელაშვილს როგორ ადარებ! ილიას პროზა რა არის! ერთი გაუთავებელი აბდაუბდაა! ნაირა კი საოცრად ღრმაა…

 ბიჭმა ისეთი სახით გადმომხედა, რომ აშკარად ფიქრობდა, “ნეტა, მართლა თუ სჯერა, რასაც ამბობსო” და როდესაც მიხვდა, რომ არ ვხუმრობდი, წამოდგა და თავადაც აღშფოთებულმა მომიგო:

-რაღაც სისულელეს რომ ამტკიცებ, ვერ ხვდები?!

 ამას მოჰყვა ნახევარსაათიანი დავა ილიასა და ნაირას უკეთესობაზე და ჩვენ ამ ჩვენი საერთო მეგობრის საღამო, ფაქტობრივად, ვიმსხვერპლეთ. ხალხი ხან ჩემკენ შემობრუნდებოდა, ხანაც ჩემი მეტოქისკენ და რადგანაც ამ უაზრობის მტკიცება აღარ გავათავე, ბიჭის აღშფოთება მათაც გადაედოთ და სულ მალე მთელს დარბაზს ვეომებოდი, როგორც ჭეშმარიტ პატრიოტს შეშვენის. შეთანხმება მიღწეულ არ იქნა და მე გამარჯვებული იერით გადავხედე სათვალიან ყმაწვილს და დარბაზი დავტოვე. ასეთი გახლდათ ჩემი და გორგილას პირველი შეხვედრა…

  რა დასამალია და მეცხრე კლასამდე მაგარი “შკოლნიკი” ვიყავი. წიგნებს სულ თავში ვირახუნებდი და ამის საფასურად საუკეთესო მოსწავლედ ვითვლებოდი სკოლაში. შესაბამისად, რა ოლიმპიადა თუ კონფერენცია არ უნდა ჩატარებულიყო, ყველგან მე მგზავნიდნენ. მეც წავიდოდი, ვიყოჩაღებდი და როცა სიგელებს მიბოძებდნენ, ახალი მთვარესავით გაბადრული ვბრუნდებოდი შინ… ამ ზემოთაღნიშნული საღამოდან ერთი წელი თუ იქნებოდა გასული, როცა 61-ე თუ 63-ე რესპუბლიკურ კონფერენციაზე გავედი. თემა სამ სხვადასხვა სფეროში მქონდა გაგზავნილი და სამივეგან გამომიძახეს. ჩავიცვი ისე, როგორც “შკოლნიკს” შეჰფერის (ანუ ჩამაცვა დედაჩემმა) და მორიგი წარმატების მოსაპოვებლად ღიმილით გავემართე საკონფერენციო დარბაზისკენ. კარის სახელური უნდა ჩამომეწია, რომ ზურგზე ვიღაცამ დამიკაკუნა: “ნაირა!” “ა” – გაგრძელებულად. “რა ნაირა-მეთქი” კი გავიფიქრე, მაგრამ როცა მოვტრიალდი და ამ დამკაკუნებელში ის შავგვრემანი, სათვალიანი ყმაწვილი შევიცანი, ჩემს აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა. თუმცა გარეგნულად არაფერი შემიმჩნევია და საკმაოდ აგდებულად მივუგე:

-ააააა… ილია… როგორ ხარ?

-კარგად, ნაირა, შენ?

-კარგად. თემა გაქვს გაგზავნილი?

-კი.

გავჩუმდით.

-შენ კიდევ იმ აზრზე ხარ, რომ ნაირა რუსთაველს ჯობია?

-რუსთაველი რაღა შუაშია?

-თუ ილიას?

“ჰმ! თავხედი!” – გავიფიქრე.

-მეჩქარება. – კარი შევაღე და დარბაზში შევედი… ცოტა ხანში ისე აგრესიულად ვკითხულობდი თემას ხევსურეთის ხატ-სალოცავებსა და მასთან დაკავშირებულ ლეგენდებზე, რომ დამსწრეებმა ალბათ იფიქრეს, ამ ხევსურებს რა ბრაზიანი ღმერთი ჰყოლიათო…

  გავიდა კიდევ ერთი წელი – ერთი საშინელი, აბიტურიენტობის წელი – თეთრი ღამეებით, მაგიდაზე დახვავებული წიგნებითა და დაცლილი ყავის ფინჯნებით აღსავსე, რომელსაც მოჰყვა ახალი ეტაპის დასაწყისი – სტუდენტობა… ზაფხულის მიწურულს შედეგები გამოქვეყნდა. ჩავირიცხე და აი: სოფელში ვარ. გახარებული შევრბივარ ოთახში და ლოგინში მწოლიარე დედაჩემს დავყვირი:

-დედა! დედა! პირველივეზე მოვხვდი და 70 პროცენტიანი დაფინანსება ავიღე!

დედაჩემი დაეჭვებით მიყურებს და გაბრაზებული მეუბნება:

-რატომ ასიანი ვერ აიღე?

გაზეთებში გამოქვეყნდა ჩარიცხულ სტუდენთა სიები, საიდანაც გავიგე, რომ მე და გორგილაძე კურსელები ვიყავით. “რა კოშმარია, ღმერთო!” – ვამბობდი ჩემთვის…

 კურსელობა საკმარისი არ აღმოჩნდა. ჩემდა სამწუხაროდ, გორგილამაც იგივე სპეციალობა აირჩია, რაც მე. ასე რომ, ორივენი ვისხედით ხოლმე ჟურნალისტიკის ლექციებზე და ირონიული სახეებით ვათვალიერებდით ერთმანეთს. “ა, ესე იგი, ნაირა უფრო მაგარია, ვიდრე ილია, ხო?” – მეკითხებოდა დათო ხითხითით. “თავხედი! უზრდელი! დამპალი!” – პირს ვაბრუნებდი მე.

  მეორე კურსზე რომ გადავედი, ჩემი მეგობრის შემოთავაზებით, გადავწყვიტე, ინტელექტულურ თამაშში, “რა? სად? როდის?”, მიმეღო მონაწილეობა. პირველი თამაში ოქტომბრის დასაწყისში ჩატარდა. ისეთ პახმელიაზე ვიყავი, თვალებიდან მწვანე ბოლს ვუშვებდი. თუმცა მაინც არ გამჭირვებია გორგილაძის დანახვა, რომელიც საზეიმო იერით მომეახლა, ტუჩები ყურთან მომიტანა და ჩამჩურჩულა: “ჰა, როგორია ნაირა?” ვერაფრით მოინელა რა! ბოლომდე მაჭამა ჩემი სისულელე…

  კლუბში დავრჩი დაახლოებით სამ თვეს. ამ ხნის განმავლობაში ყოველ თამაშზე მაწამებდა გორგილა თავისი მზერით, რომელიც გამოხატავდა “ნაირა მაგარია?”, თვალის ჩაპაჭუნებით, რომელიც გულისხმობდა “ხომ მაგარია ნაირა?”, თითის დაქნევით, რომელიც აგრეთვე ნიშნავდა: “ნაირა მხეცია!”

  ბოლოსდაბოლოს, კლუბიდან წამოვედი. სპეციალობაც შევიცვალე და ჟურნალისტიკიდან ფსიქოლოგიაზე – უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსიდან მესამეში გადავინაცვლე. ასე რომ, გორგილას ხილვის ბედნიერება კარგა ხანს აღარ მქონია…

   მესამე კურსზე სწავლას შევუდექი ნაავადმყოფარი, ფრუსტრირებული, კოგნიტურპროცესებდაქვეითებული, ყოვლად გაუბედურებული. ვერ ვიტანდი ხალხს და ნაცნობებთან შეხვედრა ნერვებს მიწიწკნიდა. ვისი, ვისი და გორგილას ნახვის პერსპექტივა ყველაზე ნაკლებ მხიბლავდა. მაგრამ მე ხომ ბედი არასოდეს მწყალობდა. და აი, ერთ მშვენიერ დღესაც სასწავლებლიდან გამოვდივარ და რას ვხედავ: დგას ეს ჩვენი გორგილა კაი ძველი ბიჭივით და სიგარეტს ეწევა. ვიცოდი, რომ დათოს ალერგია ჰქონდა სიგარეტზე და ამის დანახვამ ენით აღუწერელი ნეტარება მომანიჭა.

-ვა, მოწევა დაიწყე? – ვეკითხები აგდებულად.

-ხო. – ისეთი ხმით მპასუხობს, რომ ვხვდები, რაღაც ისე ვერაა.

-რა მოხდა?

-არაფერი. – იგივე ტონი.

-კარგი… დიდი ხანია ეწევი? – ჩემი ჭკუით ვეკაიფები.

დათო მიყურებს. საოცრად ნაღვლიანი სახე აქვს. მარკესის მეძავივით.

-რაც გავიგე, რომ ლეიკემია მაქვს, დავიწყე რა. – ვითომ უდარდელი სიფათი აქვს.

-რას ამბობ?! – საშინლად ვიბნევი.

-ხო.

-მეღადავები?

-კარგი რა…

 ვხვდები, რომ არ მეღადავება, რადგან ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჩვენი შეხვედრა ნაირა გელაშვილის ხსენების გარეშე ჩაივლის და შემდეგი ორი დღე გულდათუთქული დავიარები. “საწყალი დათო… არადა რა კარგი ბიჭია… როგორი განათლებული, როგორ ნიჭიერი, როგორი სიმპატიური… ცოდვა არაა ახლა ასეთი ბიჭის სიკვდილი?! ოი, რა უსამართლოდაა მოწყობილი ეს ქვეყანა!”

  რაღა თქმა უნდა, გორგილამ დამცინა და დამცინა მწარედ. ლეიკემია არა ტახი! რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც ლიტერატურული კონკურსის მეორე ტურზე ერთად გავემგზავრეთ კახეთში, მთელი გზა მეკაიფებოდა, “ხო მაგრად დაგაბოლეო.” დაბოლებით კი მართლა დამაბოლა. აბა, რას წარმოვიდგენდი, ასეთი დაუნდობელი თუ იქნებოდა… სამაგიეროდ, კახეთში გატარებული ორი დღის განმავლობაში იმდენი მაცინა, რომ ყველაფერი შევუნდე ნაირადან დაწყებული ლევკემიით დამთავრებული და როდესაც ჩვენს მშობლიურ თბილისს დავუბრუნდით, ყოველ ღამე იმას ვთხოვდი ღმერთს, “ხვალე გორგილაძე შემახვედრე, რომ პოზიტიური დღე მქონდეს-მეთქი.” თუმცა რაღა დაგიმალოთ და ერთხელ მაინც შემომელანძღა… როდესაც მეორე ტურზე დაწერილი საკუთარი მოთხრობით ისე ვამაყობდი, რომ მეგობრებს გამარჯობას აღარ ვეუბნებოდი (“რომელი ხარ, გიცნობ საერთოდ?”), წავიკითხე ბატონი დავითის ასევე მეორე ტურზე დაწერილი მოთხრობა, რომელმაც მისი იუმორივით დაუნდობლად შემკვეცა ფრთები. პირველი ფრაზა, რომელიც კითხვის დასრულებისთანავე აღმომხდა, გახლდათ ასეთი: “დამპალი ნაბიჭვარი!” მეორე: “არადა იქ იმას გაიძახოდა, “აზრზე არ ვარ, რა დავწეროო!” მესამე: “ასე ხომ გაიმარჯვებს და ეგაა!” და ბოლოს: “ვაჟბატონი!”

  რასაკვირველია, არ შევმცდარვარ (კარგი გემოვნება მაქვს) და დათომ გაიმარჯვა. ხუმრობა იქით იყოს და, მისმა წარმატებამ ძალიან გამახარა, რადგან დათო ნაირასა და ლევკემიის მიუხედავად, ძალიან შემიყვარდა და აწ უკვე ჩემს საუკეთესო მეგობრად მივიჩნევდი. მაინც, რა საოცარია ეს ცხოვრება, კამილო ხოსე სელასი არ იყოს…

  ამის მერე მე და გორგილა საკმაოდ ხშირად ვნახულობთ ერთმანეთს. დათო ჰოთდოგებს მიირთმევს, მე კოკას ვსვამ, ან ორივენი ვსვამთ – ოღონდ ლუდს და ძველ ამბებს ვიგონებთ. დათომ გამიმხილა, რომ ნაირა გელაშვილის არაფერი წაუკითხავს და დამპირდა, “აუცილებლად წავიკითხავო”. გორგილა წერს ესპანურ სტილში. შესაბამისად, მისი ნებისმიერი მოთხრობა, რაც არ უნდა ტრაგიკულ შინაარს მოიცავდეს, მაინც კუჭის ჩახევამდე სასაცილოა. მე მჯერა გორგილასი, გორგილას – ჩემი. ორივეს კი იმის, რომ ჩვენ აუცილებლად ავიღებთ ნობელის პრემიას. თუმცა ვერაფრით ვთანხმდებით, რომელი ჩვენგანი იქნება პირველი…

პ.ს. ამ მოთხრობას მხოლოდ იმ შემთხვევაში იხილავენ გორგილაძის ლამაზი თვალები, თუ დათო დამპირდება, რომ მას გამოაქვეყნებს თავის ბლოგზე ბოლოში დართული მოკლე რეზიუმეთი, სადაც ნათქვამი იქნება, რომ ვარ საოცრად ნიჭიერი ახალგაზრდა მწერალი და რომ გორგილაზე ადრე მე მომანიჭებენ ნობელის პრემიას…

მარი ბექაური

15.12.09

7

“ჩეჩილიაში”

ავტორი: ნანული კალატოზიშვილი 

აგერ უკვე ოცი წელია რაც ნობელის პრემიის ლაურეატი დავით გორგილაძე თბილისში იშვიათად ჩამოდის. მან მუდმივ საცხოვრებლად ვენესუელას ბოლივარული რესპუბლიკა აირჩია. წლების წინ მან უარი განაცხადა ჟურნალისტებთან ურთიერთობაზე და კარაკასთან რამდენიმე კილომეტრში მდებარე საკუთარ მამულში ჩაიკეტა…

 ჩვიდმეტთვიანი, დაუღალავი მოლაპარაკებისა და თხოვნის შემდეგ მწერალი ინრვიუზე დამთანხმდა. ინტერვიუმდე ბოლო სატელეფონო საუბრისას, მან თავადვე დაარქვა ჩვენს შეხვედრას დუელი. დუელის ადგილად კი პუერტო კაბელოს სიახლოვე აირჩია, უფრო ზუსტად კი პატარა ბარი სახელად “ჩეჩილია”, რომელსაც წმინდა ლათინოსური გარეგნობის მეპატრონე ჰყავს, ოთხმოცს მიტანებული როსა გუარდიოლა.

 ადგილზე დაგვიანებით მივედი ჩემი საშინელი ესპანურის გამო, რომელმაც დამაბრკოლა ბარის ზუსტი ადგილმდებარეობის გაგებაში. მწერალი უკვე ადგილზე დამხვდა. როსასთან ერთად მოჰიტოს სვამდა და წარსულზე საუბრობდნენ. თანაც იღიმოდნენ. როცა მივუახლოვდი, მიხვდა ვინც ვიყავი, ფეხზე წამოდგა, ხელზე მეამბორა და თან თვალებით მანიშნა – დაიგვიანეო.

 გადაწყვეტილი მქონდა სანამ ნერვიულობას დავძლევ  სამშობლოდან გადახვეწილს რაიმე ახალს ვეტყვი საქართველოზე და გავახარებ–მეთქი. პირველი ახალი ამბავი, რომელიც იმ წუთას თავში მომივიდა,  საქართველოს პარლამენტის თბილისიდან ქუთაისში გადაბარგება იყო. “დღეს, ქუთაისში პარლამენტის პირველი და საზეიმო სხდომა ჩატარდება” – ვუთხარი.

– არ ჩატარდება. შენობაში ელექტროგაყვანილობის პრობლემა გამოჩნდა და გადაიდო.

ამ მკაცრი პასუხის შემდეგ მივხვდი, რომ ის ჩემზე კარგად იცნობდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ვცადე დამეწყო: “კარგით, მაშ პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ “– ვუთხარი.

– პირდაპირ აქვე? კიბატონო. თქვენნაირ ქალს უარს ვერაფერზე ვეტყვი, თუმცა, ეჭვი მაქვს როსა იეჭვიანებს. არც ეს მადარდებს, როსამ კარგა ხანია დაკარგა თავის ხიბლი, მაგრამ გაბრაზდება და მოჰიტოს აღარ მოგართმევთ, რომელიც თქვენ დაუკითხავად შევუკვეთე თქვენთვის. როსა მსოფლიოში ყველაზე მაგარ მოჰიტოს ამზადებს.

 მე მისმა შემოთავაზებამ გამაწითლა. უფრო სწორად გამაწითლა მისმა ასაკმა, რომელიც შვიდ ათეულ წელზე მეტს ითვლის. თანაც გამაკვირვა მისმა მამლაყინწობამ, რადგანაც სექსს მთავაზობდა კაცი, რომელმაც ორიოდე წუთის წინ უკანალი ძლივს წამოსწია, რათა ჩემთვის სალამი ეთქვა და ხელზე ეკოცნა. მიყვარს ასეთი კაცები, იხტიბარს რომ არ იტეხენ და საქმე საქმეზე რომ მიდგება, საკუთარ წარუმატებლობას ბევრ ალკოჰოლს აბრალებენ. სწორედ ასეთ კაცად წარმოვიდგინე დავით გორგილაძე, რომელიც ჩემს საყვარელ მწერლად მიმაჩნია თანამედროვე პროზაიკოსებს შორის და რომელიც ყველაზე მაგრად აღწერს სიყვარულის სცენებს. ისე კი, მისმა წინადადებამ გამახარა კიდეც. მერწმუნეთ, კარგი შეგრძნებაა, როცა საყვარელი მწერალი სექსს გთავაზობთ.

  როსამ მოჰიტო მომიტანა. მე მოვწრუპე და დავრწმუნდი, რომ ის მართლაც საუკეთესოა. ჩემი შეკითხვების სია ამოვაძვრინე, დიქტოფონი ჩავრთე , სიაში პირველი კითხვის დასასმელად მოვემზადე, რომელიც მწერლის ბოლო რომანს ეხებოდა. თუმცაღა, გულმა სხვა სიტყვები ამომაძრო პირიდან:

– ბატონო დავით, სასქესო ორგანო სახაზავით გაგიზომავთ?

– გორგილაძემ თვალები ჩემს მკერდს უცებ მოაშორა და სხარტად მიპასუხა:

– რა თქმა უნდა.

16

ხოსე და უფსკრულისფერთმიანი გოგონა

 

მე ხოსე მქვია.  გონებამახვილი ვინმე ვარ. ყველას ვარწმუნებ რომ ჩემი საყვარელი მწერლის, კამილო ხოსე სელას პატივსაცემად დამარქვეს ასე. სინამდვილეში კი,  ჩემი ბაბუის ფრონტის მეგობრის სახელი მიბოძეს, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკიდან გამოქცეულა და გზაში შიშისაგან მომკვდარა, რომ  მიპოვონ მერე რაღა ვქნაო.

 სანთლით რომ მოიაროთ მთელი დუნია, ჩემზე უშნო ყმაწვილის პოვნა გაგიჭირდებათ. საკუთარ თავს ვეხუმრები ხოლმე, ბავშვობამ დაგაბეჩავა – მეთქი. ბავშვბობა კი მართლაც რთული მქონდა. წამითაც კი არ გამივლია თავში, რომ თოვლის ბაბუა სინამდვილეშიც არსებობდა. არ მეჯერა, რომ ისეთი სათნო და კეთილი არსება, როგორადაც თოვლის ბაბუას მიხატავდნენ  შეიძლებოდა ისეთი ძუნწი ყოფილიყო, როგორიც ჩემი.

 მე განსაკუთრებული ნიჭი მაქვს. სურნელის მიხედვით შემიძლია მივხვდე, რა ფერის კანი ან თმა აქვს ქალს. პოლკოვნილ ფრენკ სლეიდს ვგავარ, ფილმიდან „ქალის სურნელი“, მაგრამ ერთ ქალსაც ვერ იპოვით დედამიწის ზურგზე, რომელიც იტყვის ხოსე მიზიდავსო. მიუხედავად ამისა თავს უფლებას ვაძლევ ადელიტა არანორმალური სიყვარულით მიყვარდეს…

 ადელიტა ქვესკნელისისფერთმიანი გოგოა. მისი თმა ყველაფერზე შავი და გასაოცარია. თმაზე უფრო გასაოცარი კი მისი თვალებია. თვალები მის თმაზე უფრო შავია. ადელიტას ფეხზე წამომდგარი მკერდი და ხავერდის კანი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მის ფეხებზე ვერ იტყვით გამჩენმა საგანგებოდ, თხლად ჩამოასხაო, მე მაინც მიყვარს ადელიტა.

 1997 წლის 23 აპრილს, ჩირაღდნების ქუჩაზე ადელიტას სურნელი ტრიალებდა. თავად გოგონა კი მსუქანი გაბოს კაფეში იჯდა, რომელსაც სახელად „ღია ცის ქვეშ“ ჰქვია. სურნელმა ადელიტამდე მიმიყვანა . . .

 როცა სულს განვუტევებ და გამჩენის წინაშე წარვდგები, მინდა რომ უზენაესმა  ჩემი კეთილი საქმეების საკომპენსაციოდ,  ჩემი ცხოვრების რომელიმე ეპიზოდში წამიერი დაბრუნება შემომთავაზოს. მე  იმ წამს ავიჩევ როცა ადელიტა დავინახე პირველად. მსუქანი გაბოს კაფეში მჯდომი, სასიამოვნო სურნელების მფრქვეველი.

1997 წლის 23 აპრილის შემდეგ მე მიყვარს ადელიტა. მიყვარს მისი ფეხზე წამომდგარი მკერდი, კუპრზე უფრო შავი თმა, უფსკრულზე უფრო შავი თვალები და არცთუ ზედმიწევნით ლამაზად ჩამოსხმული ფეხები.

 1997 წლის 23 აპრილის შემდეგ მე ყოველდღე ვუთქვამ პაემანს ადელიტას. დილის თერთმეტ საათზე,  ჩირაღდნების ქუჩაზე, კაფეში სახელად „ღია ცის ქვეშ“

 დილის ცხრა საათიდან ვიწყებ პაემანისთვის მზადებას. მივირთმევ ღარიბულ საუზმეს, ვიცვამ ჩემი გარდერობის საუკეთესო კოსტიუმს, ვიპკურებ სუნამოს, რომელსაც მამიდა მჩუქნის ყოველი წლის შობა დღეს და ველოდები თერთმეტ საათს.

 კაფეში თერთმეტამდე წუთებით ადრე მივდივარ. როცა ადელიტას სურნელს ვიგრძნობ გულისცემა მიჩქარდება. ადელიტას ჩემ დანახვაზე ყოველთვის ეღიმება. მე ეს ღიმილი ქვეყანას მირჩევნია. ხავერდისკანიანი გოგონა იქ საუზმობს. ფუნთუშას და საკუთარი თმასავით შავ ყავას მიირთმევს. კაფეში მე და ადელიტა არასოდეს ვსაუბრობთ. როცა ის გაიღიმებს, მეც ვიღიმი. როცა დამწუხრდება, მეც უმალ იმავეს ვაკეთებ. როცა არც იღიმის და არც ნაღვლიანობს, მეც ჩვეულებრივი ხოსეს გამომეტყველება მაქვს, რომელიც ტკივილამდე სასაცილოა.

 ადელიტას ფინჯანი რომ დაიცლება, პაემანის დასასრულიც ესაა. ჩვენ ვდგებით. ჩირაღდნების ქუჩას ერთად მივუყვებით ხოლმე, მაგრამ ადელიტას ერთი ნაბიჯით წინ სიარული უყვარს. მე არ მელოდება. საოცრად ჯიუტია.

 ქუჩის ბოლოს რომ მივუახლოვდებით, ადელიტა შემობრუნდება და გამიღიმებს ხოლმე. ამის შემდეგ ის ჩირაღდნების ქუჩას ტოვებს. მე სურნელით  ვხვდები საით წავიდა, მაგრამ კვალს არასოდეს მივყვები. სახლში ვბუნდები და ხვალინდელი პაემანისთვის ვემზადები.

 . . . მერე რა რომ მე არასოდეს დავლაპარაკებივარ ადელიტას? მერე რა თუ ჩვენ სხვადასხვა მაგიდას ვუსხედვართ კაფეში? მიუხედავად ამისა, 1997 წლის აპრილიდან  მოყოლებული, ლამაზთვალება ღვთაებას ჩემთვის, დინოზავრისპროფილიანი ვაჟიშვილისთვის, არცერთხელ არ უთქვამს უარი პაემანზე. მეტიც, არასოდეს დაუგვიანია.

 მე ხოსე ვარ. ყველაზე უშნო არსება დედამიწაზე. მე ქვესკნელისფერთმიანი ღვთაების სიყვარულს ვბედავ. . .

. . .  როცა მოვკვდები და უფალი ჩემი ცხოვრების რომელიმე ეპიზოდის წამიერ განმეორებას შემომთავაზებს, მე უეჭველად ავირჩევ იმ წამს, როცა ადელიტა დავინახე პირველად. კაფეში მჯდომი,  ვნებისაღმძვრელი სურნელის მფრქვეველი.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

დავით  გორგილაძე

24 ოქტომბერი