16

ხოსე და უფსკრულისფერთმიანი გოგონა

 

მე ხოსე მქვია.  გონებამახვილი ვინმე ვარ. ყველას ვარწმუნებ რომ ჩემი საყვარელი მწერლის, კამილო ხოსე სელას პატივსაცემად დამარქვეს ასე. სინამდვილეში კი,  ჩემი ბაბუის ფრონტის მეგობრის სახელი მიბოძეს, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკიდან გამოქცეულა და გზაში შიშისაგან მომკვდარა, რომ  მიპოვონ მერე რაღა ვქნაო.

 სანთლით რომ მოიაროთ მთელი დუნია, ჩემზე უშნო ყმაწვილის პოვნა გაგიჭირდებათ. საკუთარ თავს ვეხუმრები ხოლმე, ბავშვობამ დაგაბეჩავა – მეთქი. ბავშვბობა კი მართლაც რთული მქონდა. წამითაც კი არ გამივლია თავში, რომ თოვლის ბაბუა სინამდვილეშიც არსებობდა. არ მეჯერა, რომ ისეთი სათნო და კეთილი არსება, როგორადაც თოვლის ბაბუას მიხატავდნენ  შეიძლებოდა ისეთი ძუნწი ყოფილიყო, როგორიც ჩემი.

 მე განსაკუთრებული ნიჭი მაქვს. სურნელის მიხედვით შემიძლია მივხვდე, რა ფერის კანი ან თმა აქვს ქალს. პოლკოვნილ ფრენკ სლეიდს ვგავარ, ფილმიდან „ქალის სურნელი“, მაგრამ ერთ ქალსაც ვერ იპოვით დედამიწის ზურგზე, რომელიც იტყვის ხოსე მიზიდავსო. მიუხედავად ამისა თავს უფლებას ვაძლევ ადელიტა არანორმალური სიყვარულით მიყვარდეს…

 ადელიტა ქვესკნელისისფერთმიანი გოგოა. მისი თმა ყველაფერზე შავი და გასაოცარია. თმაზე უფრო გასაოცარი კი მისი თვალებია. თვალები მის თმაზე უფრო შავია. ადელიტას ფეხზე წამომდგარი მკერდი და ხავერდის კანი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მის ფეხებზე ვერ იტყვით გამჩენმა საგანგებოდ, თხლად ჩამოასხაო, მე მაინც მიყვარს ადელიტა.

 1997 წლის 23 აპრილს, ჩირაღდნების ქუჩაზე ადელიტას სურნელი ტრიალებდა. თავად გოგონა კი მსუქანი გაბოს კაფეში იჯდა, რომელსაც სახელად „ღია ცის ქვეშ“ ჰქვია. სურნელმა ადელიტამდე მიმიყვანა . . .

 როცა სულს განვუტევებ და გამჩენის წინაშე წარვდგები, მინდა რომ უზენაესმა  ჩემი კეთილი საქმეების საკომპენსაციოდ,  ჩემი ცხოვრების რომელიმე ეპიზოდში წამიერი დაბრუნება შემომთავაზოს. მე  იმ წამს ავიჩევ როცა ადელიტა დავინახე პირველად. მსუქანი გაბოს კაფეში მჯდომი, სასიამოვნო სურნელების მფრქვეველი.

1997 წლის 23 აპრილის შემდეგ მე მიყვარს ადელიტა. მიყვარს მისი ფეხზე წამომდგარი მკერდი, კუპრზე უფრო შავი თმა, უფსკრულზე უფრო შავი თვალები და არცთუ ზედმიწევნით ლამაზად ჩამოსხმული ფეხები.

 1997 წლის 23 აპრილის შემდეგ მე ყოველდღე ვუთქვამ პაემანს ადელიტას. დილის თერთმეტ საათზე,  ჩირაღდნების ქუჩაზე, კაფეში სახელად „ღია ცის ქვეშ“

 დილის ცხრა საათიდან ვიწყებ პაემანისთვის მზადებას. მივირთმევ ღარიბულ საუზმეს, ვიცვამ ჩემი გარდერობის საუკეთესო კოსტიუმს, ვიპკურებ სუნამოს, რომელსაც მამიდა მჩუქნის ყოველი წლის შობა დღეს და ველოდები თერთმეტ საათს.

 კაფეში თერთმეტამდე წუთებით ადრე მივდივარ. როცა ადელიტას სურნელს ვიგრძნობ გულისცემა მიჩქარდება. ადელიტას ჩემ დანახვაზე ყოველთვის ეღიმება. მე ეს ღიმილი ქვეყანას მირჩევნია. ხავერდისკანიანი გოგონა იქ საუზმობს. ფუნთუშას და საკუთარი თმასავით შავ ყავას მიირთმევს. კაფეში მე და ადელიტა არასოდეს ვსაუბრობთ. როცა ის გაიღიმებს, მეც ვიღიმი. როცა დამწუხრდება, მეც უმალ იმავეს ვაკეთებ. როცა არც იღიმის და არც ნაღვლიანობს, მეც ჩვეულებრივი ხოსეს გამომეტყველება მაქვს, რომელიც ტკივილამდე სასაცილოა.

 ადელიტას ფინჯანი რომ დაიცლება, პაემანის დასასრულიც ესაა. ჩვენ ვდგებით. ჩირაღდნების ქუჩას ერთად მივუყვებით ხოლმე, მაგრამ ადელიტას ერთი ნაბიჯით წინ სიარული უყვარს. მე არ მელოდება. საოცრად ჯიუტია.

 ქუჩის ბოლოს რომ მივუახლოვდებით, ადელიტა შემობრუნდება და გამიღიმებს ხოლმე. ამის შემდეგ ის ჩირაღდნების ქუჩას ტოვებს. მე სურნელით  ვხვდები საით წავიდა, მაგრამ კვალს არასოდეს მივყვები. სახლში ვბუნდები და ხვალინდელი პაემანისთვის ვემზადები.

 . . . მერე რა რომ მე არასოდეს დავლაპარაკებივარ ადელიტას? მერე რა თუ ჩვენ სხვადასხვა მაგიდას ვუსხედვართ კაფეში? მიუხედავად ამისა, 1997 წლის აპრილიდან  მოყოლებული, ლამაზთვალება ღვთაებას ჩემთვის, დინოზავრისპროფილიანი ვაჟიშვილისთვის, არცერთხელ არ უთქვამს უარი პაემანზე. მეტიც, არასოდეს დაუგვიანია.

 მე ხოსე ვარ. ყველაზე უშნო არსება დედამიწაზე. მე ქვესკნელისფერთმიანი ღვთაების სიყვარულს ვბედავ. . .

. . .  როცა მოვკვდები და უფალი ჩემი ცხოვრების რომელიმე ეპიზოდის წამიერ განმეორებას შემომთავაზებს, მე უეჭველად ავირჩევ იმ წამს, როცა ადელიტა დავინახე პირველად. კაფეში მჯდომი,  ვნებისაღმძვრელი სურნელის მფრქვეველი.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

დავით  გორგილაძე

24 ოქტომბერი

Advertisements