ხოსე და უფსკრულისფერთმიანი გოგონა

 

მე ხოსე მქვია.  გონებამახვილი ვინმე ვარ. ყველას ვარწმუნებ რომ ჩემი საყვარელი მწერლის, კამილო ხოსე სელას პატივსაცემად დამარქვეს ასე. სინამდვილეში კი,  ჩემი ბაბუის ფრონტის მეგობრის სახელი მიბოძეს, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკიდან გამოქცეულა და გზაში შიშისაგან მომკვდარა, რომ  მიპოვონ მერე რაღა ვქნაო.

 სანთლით რომ მოიაროთ მთელი დუნია, ჩემზე უშნო ყმაწვილის პოვნა გაგიჭირდებათ. საკუთარ თავს ვეხუმრები ხოლმე, ბავშვობამ დაგაბეჩავა – მეთქი. ბავშვბობა კი მართლაც რთული მქონდა. წამითაც კი არ გამივლია თავში, რომ თოვლის ბაბუა სინამდვილეშიც არსებობდა. არ მეჯერა, რომ ისეთი სათნო და კეთილი არსება, როგორადაც თოვლის ბაბუას მიხატავდნენ  შეიძლებოდა ისეთი ძუნწი ყოფილიყო, როგორიც ჩემი.

 მე განსაკუთრებული ნიჭი მაქვს. სურნელის მიხედვით შემიძლია მივხვდე, რა ფერის კანი ან თმა აქვს ქალს. პოლკოვნილ ფრენკ სლეიდს ვგავარ, ფილმიდან „ქალის სურნელი“, მაგრამ ერთ ქალსაც ვერ იპოვით დედამიწის ზურგზე, რომელიც იტყვის ხოსე მიზიდავსო. მიუხედავად ამისა თავს უფლებას ვაძლევ ადელიტა არანორმალური სიყვარულით მიყვარდეს…

 ადელიტა ქვესკნელისისფერთმიანი გოგოა. მისი თმა ყველაფერზე შავი და გასაოცარია. თმაზე უფრო გასაოცარი კი მისი თვალებია. თვალები მის თმაზე უფრო შავია. ადელიტას ფეხზე წამომდგარი მკერდი და ხავერდის კანი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მის ფეხებზე ვერ იტყვით გამჩენმა საგანგებოდ, თხლად ჩამოასხაო, მე მაინც მიყვარს ადელიტა.

 1997 წლის 23 აპრილს, ჩირაღდნების ქუჩაზე ადელიტას სურნელი ტრიალებდა. თავად გოგონა კი მსუქანი გაბოს კაფეში იჯდა, რომელსაც სახელად „ღია ცის ქვეშ“ ჰქვია. სურნელმა ადელიტამდე მიმიყვანა . . .

 როცა სულს განვუტევებ და გამჩენის წინაშე წარვდგები, მინდა რომ უზენაესმა  ჩემი კეთილი საქმეების საკომპენსაციოდ,  ჩემი ცხოვრების რომელიმე ეპიზოდში წამიერი დაბრუნება შემომთავაზოს. მე  იმ წამს ავიჩევ როცა ადელიტა დავინახე პირველად. მსუქანი გაბოს კაფეში მჯდომი, სასიამოვნო სურნელების მფრქვეველი.

1997 წლის 23 აპრილის შემდეგ მე მიყვარს ადელიტა. მიყვარს მისი ფეხზე წამომდგარი მკერდი, კუპრზე უფრო შავი თმა, უფსკრულზე უფრო შავი თვალები და არცთუ ზედმიწევნით ლამაზად ჩამოსხმული ფეხები.

 1997 წლის 23 აპრილის შემდეგ მე ყოველდღე ვუთქვამ პაემანს ადელიტას. დილის თერთმეტ საათზე,  ჩირაღდნების ქუჩაზე, კაფეში სახელად „ღია ცის ქვეშ“

 დილის ცხრა საათიდან ვიწყებ პაემანისთვის მზადებას. მივირთმევ ღარიბულ საუზმეს, ვიცვამ ჩემი გარდერობის საუკეთესო კოსტიუმს, ვიპკურებ სუნამოს, რომელსაც მამიდა მჩუქნის ყოველი წლის შობა დღეს და ველოდები თერთმეტ საათს.

 კაფეში თერთმეტამდე წუთებით ადრე მივდივარ. როცა ადელიტას სურნელს ვიგრძნობ გულისცემა მიჩქარდება. ადელიტას ჩემ დანახვაზე ყოველთვის ეღიმება. მე ეს ღიმილი ქვეყანას მირჩევნია. ხავერდისკანიანი გოგონა იქ საუზმობს. ფუნთუშას და საკუთარი თმასავით შავ ყავას მიირთმევს. კაფეში მე და ადელიტა არასოდეს ვსაუბრობთ. როცა ის გაიღიმებს, მეც ვიღიმი. როცა დამწუხრდება, მეც უმალ იმავეს ვაკეთებ. როცა არც იღიმის და არც ნაღვლიანობს, მეც ჩვეულებრივი ხოსეს გამომეტყველება მაქვს, რომელიც ტკივილამდე სასაცილოა.

 ადელიტას ფინჯანი რომ დაიცლება, პაემანის დასასრულიც ესაა. ჩვენ ვდგებით. ჩირაღდნების ქუჩას ერთად მივუყვებით ხოლმე, მაგრამ ადელიტას ერთი ნაბიჯით წინ სიარული უყვარს. მე არ მელოდება. საოცრად ჯიუტია.

 ქუჩის ბოლოს რომ მივუახლოვდებით, ადელიტა შემობრუნდება და გამიღიმებს ხოლმე. ამის შემდეგ ის ჩირაღდნების ქუჩას ტოვებს. მე სურნელით  ვხვდები საით წავიდა, მაგრამ კვალს არასოდეს მივყვები. სახლში ვბუნდები და ხვალინდელი პაემანისთვის ვემზადები.

 . . . მერე რა რომ მე არასოდეს დავლაპარაკებივარ ადელიტას? მერე რა თუ ჩვენ სხვადასხვა მაგიდას ვუსხედვართ კაფეში? მიუხედავად ამისა, 1997 წლის აპრილიდან  მოყოლებული, ლამაზთვალება ღვთაებას ჩემთვის, დინოზავრისპროფილიანი ვაჟიშვილისთვის, არცერთხელ არ უთქვამს უარი პაემანზე. მეტიც, არასოდეს დაუგვიანია.

 მე ხოსე ვარ. ყველაზე უშნო არსება დედამიწაზე. მე ქვესკნელისფერთმიანი ღვთაების სიყვარულს ვბედავ. . .

. . .  როცა მოვკვდები და უფალი ჩემი ცხოვრების რომელიმე ეპიზოდის წამიერ განმეორებას შემომთავაზებს, მე უეჭველად ავირჩევ იმ წამს, როცა ადელიტა დავინახე პირველად. კაფეში მჯდომი,  ვნებისაღმძვრელი სურნელის მფრქვეველი.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

დავით  გორგილაძე

24 ოქტომბერი

16 thoughts on “ხოსე და უფსკრულისფერთმიანი გოგონა

  1. “ვისაც “სამოსელი პირველი” წაუკითხავს, კარგად ეხსომება, რომ დოჩანაშვილი რომანში იყენებს იტალიურ-ესპანურ ონომასტიკონსა და ტოპონიმებს. მართალი რომ გითხრათ, რომანში ამის ვერავითარ აუცილებლობას ვერ მივაგენი. იგი უფრო ავტორის აკვიატებულ სურვილად მეჩვენა.”

    გაგრძელებაში იმასაც წერს აკაკი ბაქრაძე, მწერალს უფლება აქვს, სურვილისამებრ მოიქცეს, რომ დომენიკო ალბათ უფრო კეთილხმოვან სახელად მიიჩნია ავტორმა და ეს მისი გადასაწყვეტი იყოო…

    მაგრამ მე მაინც მიჩნდება კითხვა, რატომ გინდა შენც სხვების მიერ კარგად გატკეპნილი გზით იარო, ეს ხოსეები, ალეხანდროები, კამილები უკვე იმდენგან არიან, მარტო უცხოელი მწერლებისა ამოვიდა ყელში, ახლა ჩვენებიც რომ არ დაემატოს.

    ურა პატრიოტიზმს კი არ ვქადაგებ, მაგრამ ჩემი აზრით მწერალი ზუსტად იმის პოპულარიზებას უნდა ცდილობდეს რაც გამორჩეული და განსხვავებულია, “ესპანურად” წერის დროს კი ეს ნაკლებად მიღწევადია, ისევ ესპანურ ჩარჩოებში ჩაიკეტები და ისევე დაწერ, როგორც ათასობით ესპანელსა და კოლუმბიელს + ათასობით ქართველი, დოჩანაშვილის ხელმძღვანელობით.

    იმიტომ ვწერ ამას, რომ მგონია, შეგიძლია გამორჩეულად წერო, შენი გზა მონახო და სხვებს არ ჰგავდე, ჭკუის სწავლებასავით კი გამომდის, მაგრამ, მგონი, რაც უფრო ადრე შეგეძლება მოაწერო შენს მოთხრობას გორგილაძე (ან არ მოაწერო, მაგრამ მაინც ყველა მიხვდეს, რომ ეს გორგილაძეა!), მით უკეთესია. ისე რომ ჩამვარდნოდა ხელში ეს მოთხრობა, ბლოგზე კი არა, სადმე ხელნაწერად “მოარული”, ვერაფრით მივხვდებოდი რომელმა ალეხანდრიტომ, კარმელიტომ თუ ადრიანიტომ დაწერა : )

    რომ არ მომწონებოდა, არც ამებს დავწერდი, უბრალოდ ისე მიიღე, როგორც რიგითი მკითხველის სურვილი და შენიშვნები… just.

  2. პირველ რიგში დიდი მადლობა რჩევისათვის.
    პერსონაჟებისთვის არაქართული სახელების დარქმევა ჩემი ახირებაა (ბუნებრივია პირველი არ ვარ ქართველთა შორის, ვისაც ეს ახირება აქვს. ამის მაგალითად გურამ დოჩანაშვილიც კმარა, ისე კი უხერხულად ვგრძნობ თავს, როცა გურამ დოჩანაშვილსა და დავით გორგილაძეს, როგორც მწერლებს, ერთ კონტექსტში გავიხილავ🙂.
    ამ ჩემს ახირებას, რკინა–ბეტონის (ჩემი შეხედულებით) წინაპირობა უმაგრებს ზურგს. ბევრჯერ ვცადე ქართული სახელების გამოყენება მოთხრობებში და როცა გადავიკითხე, მივხვდი, რომ ამაზე ვულგარული და გოიმური აქამდე არაფერი წამეკითხა. ამით განა იმას ვამბობ, რომ ქართული სახელები ნაწერს “ავულგარულებს”, უბრალოდ მე არ მაქვს ნიჭი მათი სწორად გამოყენების.
    სწორედ ამიტომაც ავირჩიე ძალიან იოლი გზა, ავიღე უცხოური სახელები და ამით შევიმსუბუქე მისია. რეალურად, ეს ჩემი, როგორც “მწერლის” ნაკლია.
    სულ მალე ისევ ვცდი ქართულ სახელებზე გადმობარგებას. ვნახოთ როგორ გამოვა.
    კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.

  3. datoo : )))
    ra sasiamovno weris stili gaqvs!!
    namdvilad didi siamovneba mivige : )

    dzalian, dzalian momewona..

    bevri rom ar visulelo, ubralod didi madloba : ))

  4. არ გაბედო ქართულ სახელებზე გადასვლა! :))
    მომეწონა!
    Best regards
    AdelitA

  5. გადავხედე აქ მთელი გარჩევა იყო. მე ახლა მაგ მხრივ არაფერს ვიტყვი, ან რა უფლება მაქვს, როცა არ ვიცნობ ავტორს. უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ შარშან ეს ნაწარმოები იმსახურებდა შემოდგომის ლეგენდაში გამარჯვებას და რატომ ვერ გაიმარჯვა გაუგებარია…

  6. vuertdebi adelitas.martla zalian uxdeba latinuri saxelebi shens ambebs,amitomac yvelaze metad es posti momwons da “me avad var”.vafiqsireb chems pativiscemas latonoamerikuli mwerlobis siyvarulis gamoc.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s