50

სათვალიანთა კავშირი

იმ დღეს სამოცდათორმეტჯერ მოვიხსენი სათვალე, მაგრამ სანამ პირველად მოვიხსნიდი, ჯერ თვალის ექიმთან მომიწია მისვლა, ცოტა ადრე  მხედველობა დამიქვეითდა, მანამდე კი ერთი უბნელი გოგო შემიყვარდა ცალმხრივად.

თოტხმეტი წლისა ვიქნებოდი, როცა  გადავწყვიტე წიგნიერი ვინმე უნდა გავხდე – მეთქი.  იმავე დღეს შევამჩნიე, თითქოს ავტობუსის სანომრე ნიშნების გარჩევა გამიჭირდა.  თვალებს იქამდეც შევეწუხებინე,  ესეც ასაკობრივ პრობლემებს მივაწერე და ყურადღებასაც არ ვაქცევდი. ექიმთან მხოლოდ მაშინ წავედი, როცა სკოლის ეზოს ერთ ბოლოში მდგომი, მეორე ბოლოდან მომავალ წვერ-ულვაშდამშვენებულ მამაკაცს იმდენ ხანს აღვიქვამდი სანდომიანი გარეგნობის ქალბატობნად,  სანამ ორიოდე მეტრის ინტერვალით არ მომიახლოვდა.

ოფთალმოლოგის სავარძელში მჯდომს იმის იმედი მაცოცხლებდა, რომ მოპირდაპირე კედელზე გაკრულ ტაბულაზე ყველა ასო-ნიშანს გავარჩევდი, წამოვიდოდი სახლში და მხედველობის სათვალის გარეშე, მშვიდად გავარგძელებდი ცხოვრებას.

ნურას უკაცრავად! . . . სულ სამი ასო-ნიშანი გავარჩიე, სათავეში რომლებიც ეხატა, ვეებერთელები, უსინათლოც ადვილად დაინახავდა.  ექიმ კახაბერს ხელი არ აჰკანკალებია, როცა მხედველობის სათვალე გამომიწერა. არადა რო სცოდნოდა რას ნიშნავდა ეს ჩემთვის!..

…რუსულმა სახუმარო სიტყვამ ачкарик,  ქართულ, განსაკუთრებით კი  ”ვაზისუბნურ ენაზე”  მაქსიმალურად დამცინავი ფუნქცია შეისისხლხორცა.  ამ სიტყვამ ჩემს ცნობიერებაში გააჩინა ჯან-ღონიანი ფობია. ბავშვობაში აჩკარიკად აღვიქვამდი ადამიანს, რომელსაც უცხო სხეული მიეკრო თვალებზე  და არასოდეს მოშორდება,  მარტოს არსად გაუშვებს. აჩკარიკამ, ”კიტელსა”  და ”ინსპექტორებში” გამოწყობილმა, მუდამ ხელჩანთითა და წიგნებით უნდა იაროს აქეთ-იქით.  უბნის ბიჭებმა ”შკოლნიკი” უნდა ეძახონ და მაღაზიაში გააგზავნონ სიგარეტზე. მეგონა, რომ  აჩკარიკა ვერ ითამაშებს ფეხბურთს, ვერ გაერთობა მეგობრებთან ერთად, იმიტომ რომ არავინ იმეგობრებს მასთან,  ვერ წავა  საცურაო აუზზე ან ბარში ლუდის დასალევად. ყველაზე მეტად მაშინებდა ( მაგიჟებდა) ფიქრი, რომ აჩკარიკა დედამიწის ზურგზე არცერთ გოგოს არ მოეწონება. ბავშვობაში მე სულ ორი რამის მეშინოდა: ანაკონდასი და აჩკარიკობის. ალბათ ექიმს ჩემი  ფიქრები რომ სცოდნოდა სათვალეს არც გამომიწერდა, მაგრამ რა იცოდა? მეც ვეღარაფერს გავაწყობდი. თამარ მეფის გამზირზე უნდა გამესეირნა.

თამარ მეფის გამზირი ხო იცით?  ოპტიკების საუფლო, აჩკარიკების ოაზისი. აქ სათვალეების ისეთივე დიდი არჩევანია, როგორიც კახპებისა როსა კაბარკასის ”ღამის მაღაზიაში” – სადაც შეგიძლია ყველაფერი შენს გემოვნებასა და სხეულს მოარგო.

თამარ მეფის გამზირზე გასეირნებამდე  დიდხანს ვითრიე ფეხი. ხან გრიპი მოვიმიზეზე, ხან თავის ტკივილი. ბოლოს მივხვდი ვერსად გავექცეოდი აჩკარიკობას და გავისეირნე.  ავარჩიე სათვალე – უაპრავო, პეწიანი, მაქსიმალურად სოლიდური. ოსტატს მშვენივრად დაემზადებინა.  სიახლის ფერი დაჰკრავდა და ეტყობოდა მელოდებოდა – რამაც ძალიან დამწყვიტა გული. გარეთ გამოვედი და სათვალის გაკეთებისთანავე გადაიწმინდა მიდამო. თამარ მეფის გამზირიც უფრო ვრცელი და ნათელი გამოჩნდა, შორს მოსიარულე ხალხიც აღარ წააგავდა ჭიანჭველების მოფუსფუსე გროვას.

იმ დღეს სათვალე პირველად მაშინ მოვიხსენი, როცა სამარშრუტო ტაქსიში ავედი. მაშინ  მომეჩვენა, რომ ყველამ მე შემომხედა და გონებაში გაივლეს: ”ერთი უყურეთ ამ აჩკარიკას, რას ჰგავს”. სამარშრუტოდან რომ ჩამოვედი და სახლის გზას ფეიხით გავუყევი, ყოველი ნაცნობის დანახვაზე ვიხსნიდი სათვალეს. როს-როდის, იმის შიშ-კანკალით ახლობელი არ შემომხვდეს – მეთქი, ძლივს ავაღწიე შინ.

ვეღარ დავიმალებოდი. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, გადავწყვიტე ეზოში ჩავსულიყავი და თავი ოფიციალურად გამომეცხადებინა აჩკარიკად. აქაც კარგა ხანს ვითრიე ფეხი. ცხოვრებაში რომ არ გამომიჩენია ინიციატივა ჩემი საწერი მაგიდის უჯრები მომეწესრიგებინა (რომელშიც ახლაც ათას ხარა-ხურას წააწყდებით), იმ დღეს გულმოდგინედ დავალაგე და მხოლოდ მერე გავედი ქუჩაში. გზად სადარბაზოდან ”ჯიბოს ბუტკამდე” (ვაზისუბნის IVმ/რ-ის, I კვარტლის ოფიციალური ბირჟაა) და მერე იქ დგომისას ორმოცდასამი ნაცნობი შემხვდა და ორმოცდასამჯერვე მოვიხსენი სათვალე. იმ დღეს წითელი ფერი ჩემს სახეს არ მოშორებია.

დამაგვირგვინებელი, სამოცდამეთორმეტე მოხსნა მაშინ  მოხდა, როცა იმ გოგონამ გამოიარა იმხანად რომ მიყვარდა და შემომხედა. . . იმ დროს მინდოდა მიწა გამსკდომოდა და შიგ ჩავეტანე. ერთბაშად დამედო ჭარხლისფერი და ხელის ნერვიული მოძრაობით ჩამოვიგლიჯე სათვალე სახიდან. იმ დღეს ბევრი რამ შეიცვალა.   იმ გოგოს ნორმალურად აღარ შემოუხედავს ჩემთვის (სიმართლე ვთქვა არც იქამდე იკლადა თავს). იმ დღეს სათვალით მეძინა და საერთოდაც, მას შემდეგ სირცხვილის მიზეზით აღაარასოდეს მომიხსნია სათვალე.

რამდენიმე წლის შემდეგ . . .

ახლა როცა ”აჩკარიკოფობია” დამარცხებული მყავს   და საკუთარი თავი სათვალის გარეშე ვერ წამომიდგენია,  მგონია, რომ ყველა მაგარ ტიპს სათვალე უნდა ეკეთოს. ჩემი შეყვარებული ნინია, რომელსაც  უძირო თვალები აქვს  და  რომაელ ქალს,  ხანაც მითოლოგიურ, ულამაზეს ღვთაებას მაგონებს (და რომელიც მე ტკივილამდე მიყვარს), ამბობს, რომ სათვალე ძალიან მიხდება.  ხანდახან ახალი დიზაინის შერჩევაშიც მეხმარება. ზოგ-ზოგიერთი,  ადრე რომ აჩკარიკებს გვიწოდებდა, დღეს მოდას აყოლია და უნომრო სათვალე დაუთრევია,  ტყუილად დაუკოფსებია ცხვირზე  და კოხტაობს. ჩვენ, ლამფის შუქზე წიგნის კითხვის გამო თვალებდათხრილებსაც აჩკარიკები უნდა გვერქვას და მათაც? სადაა სამართალი!?

ასე რომ, დამწყებო აჩკარიკებო, ნუ შეგეშინდებათ. ვერ ხედავთ ჯონი დეპს? – სათვალეს ატარებს და მის დანახვაზე გოგოშკები იფსამენ . ანაც რაღა შორს წავიდეთ? – მე, ქალაქში ცნობილი აჩკარიკა, სათვალიანთა კავშირის საპატიო წევრი,  უნივერსიტეტში ყველაზე ლამაზ გოგოს ვუყვარვარ.

3

ჯეფ ბრიჯესის პერსონაჟზე და არა მხოლოდ

”შეშლილი გული” ბოლოსთთვის შემოვინახე და ოსკარებით დაჯილდოების ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე ვუყურე ერთი მიზეზის გამო – მინდოდა ცხელ გულზე მეგულშემატკივრა ჯეფ ბრიჯესისთვის.

კინოაკადემიამ წელს არაერთი სადავო გადაწყვეტილება მიიღო . ჯერ მარტო ის რად ღირს ორიგინალური სცენარის ნომინაციაში ”უსახელო ნაბიჭვრები” რომ დაიკიდეს და ქეთრინ ბიგელოუს ასიამოვნეს. ან ეს სანდრა ბულოკი ვის დაკარგვია, საიდან გამოტყვრა? მიუხედავად ამ რაღაცებისა (!), იყო რამდენიმე გაცემული ოსკარი, რომელზე კამათიც ალბათ არავის მოუვა აზრად. მაგალითად მეორეხარისხოვანი როლების შემსრულებელნი, კრისტოფ ვალცი („უსახელო ნაბიჭვრები“) და მონიკი („ძვირფასი“) (- მართლაც უნაკლოდ ასრულებენ. ესენი რომ არ დაეჯილდოებინათ ჯობდა საერთოდაც არ ჩატარებული ცერემონია). ანიმაციური ფილმი „მაღლა”(რომლის ყურებისას, პირველი თხუთმეტი წუთის განმავლობაში, უგულო უნდა იყო, ცრემლი რომ არ მოგადგეს) ვიზუალური ეფექტებისთვის დაჯილდოებული „ავატარი“( – რაც მართალია, მართალია). და ალბათ მამაკაცის მთავარი როლის შემსრულებელი ჯეფ ბრიჯესიც . . .

ადამიანებს ხელოვნებისადმი სუბიექტური მიდგომა რომ ახასიათებთ, ამაში ახალი არაფერია. ჩვენ, ხშირ შემთხვევაში, ისეთი ფილმები მოგვწონს, რომლებშიც საკუთრ თავს ვხედავთ, საკუთარი ხმა გვესმის. . .

არსებობს ხალხი, რომლებსაც ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე წარუმატებლობა ეწვიათ, ძირს დაანარცხა და ისინიც წარმატების მისაღწევად აღარაფერს აკეთებენ. დამარცხებულები მიუყვებიან ცხოვრების დინებას და მცირედითაც კმაყოფილდებიან. ასეთ სისუსტეს საკუთარ თავსაც ვამჩნევ ხოლმე.

შეშლილი გული“ სწორედ ასეთ ადამიანზე გვიყვება. ბედ ბლეიკი (ჯეფ ბრიჯესი), ძველი თაობის საყვარელი მომღერალია. ბედი ქანთრის „უბერვს“, მართალია მისი ალბომები თითქმის აღარ იყიდება, ბლეიკსაც მხოლოდ 10 დოლარი აქვს ჯიბეში, მაგრამ ხანდახან ”უმართლებს” და ორმოცდაათსგადაცილებულ მსმენელს ჩაიგორებს ლოგინში, ხანაც დახლიდარი ცოლისთვის ავტოგრაფს ართმევს და მის საყვარელ ვისკისაც უსახსოვრებს. ბედს ვიკი უყვარს. მეტიც, ბედი ალკოჰოლიკია. დაიარება (!) აშშ-ს მიყრუებულ ადგილებში „ორი კაპიკის“ (ქართული ტერმინით რომ ვთქვათ) საშოვნელად და ხშირ შემთხვევაში მისი აუდიტორიაც ბოულინგის დარბაზში შეკრებილი ორიოდე ათეული ადამიანისგან შედგება. ზოგჯერ ბედს ამ აუდიტორიის წინაშე „იაღლიში“ მოსდის და სამი წუთით გადის სარწყევად. ალკოჰოლი მოქმედებს. მერე რა, ვის არ მოსვლია?

ასე მიდის ბედ ბლეიკის ცხოვრება, როცა ერთი ჟურნალისტი გამოჩნდება. ჯეინი (მეგი გილენჰალი), განათხოვარი, შვილიანი (ზუსტად ისეთი, როგორისაც ეშინია რიგით ქართველ პოტენციურ დედამთილს) გოგოშკაა. ბედ ბლეიკი ჯეინისთვის ჩვეულებრივი რესპონდენტი არ აღმოჩნდება და პირიქით. მოკლედ ისე, როგორც ცხოვრებისეულ ფილმებში ხდება ხოლმე.

ჯეფ ბრიჯესი ყოველგვარი თეატრალურობისა და ტრანსში შესვლების გარეშე განასახიერებს გმირს. გულიანად ეწევა, თავდავიწყებით სვამს. შემოტევებისას ისევე გადაეყუდება უნიტაზში, როგორც ყველა აკეთებს. მოკლედ არაფერია მის შესრულებაში არაჩვეულებრივი, ანუ ისეთი, როგორიც ცხოვრებაში არ გინახავთ. სწორედ ამაშია ამ როლის წარმატების საიდუმლო – არაფერი ზედმეტი, არაფერი განსაკუთრებული. ჯეფ ბრიჯესმა გაუძლო განსაკუთრებულობის ცდუნებას.

მაყურებელს შეიძლება გაუჩნდეს შეკითხვა (სამართლიანად): „ დარენ არონოვსკიმ დაახლოებით ასეთი შინაარსის ფილმი 2008 წელს არ გადაიღო? მგონი „რესტლერი“ ჰქვია“ – ზოგი იმსაც იტყვის, მიკი რურკი უკეთ თამაშობს ვიდრე ჯეფ ბრიჯესი და მაშინ რატომღა არ მისცეს ოსკარი. . . აი, სად გამოჩნდა ადამიანების სუბიექტური მიდგომა ხელოვნებისადმი.

მართლაც, „შეშლილი გული“ თავისი შინაარსითა და მთავარი პერსონაჟით ძალიან ჰგავს „რესტლერს“, მაგრამ არის განსხვავებებიც.

დარენ არონოვსკიმ 2008 წელს ექვს მილიონ დოლარად (რაც კატასტროფულად დაბალი თანხაა) გადაიღო ფილმი წარსულში წარმატებული და აწმყოში განადგურებული რესტლერი შესახებ, რომელიც რამდენიმე ათეული დოლარის საშოვნელად საკუთარი სიცოცხლით რისკავს. ფილმმა მაქსიმალურად ზუსტად ასახა ყველაფერი, მაგრამ მისი ყურებისას, თითქოს მთავარ გმირთან ერთად იტანჯები. ალბათ ეს დადებითად ლაპარაკობს კინოზე, მაგრამ ტანჯვა ტანჯვად რჩება. „შეშლილი გული“ კი გაცილებით უფრო მსუბუქი საყურებელია. არც იმას უარყოფს ვინმე, რომ მიკი რურკი არანაკლებ კარგად ართმევს დავალებას თავს, მაგრამ მისი დავალება ხომ გაცილებით მარტივია,  მიკის საკუთარი ცხოვრება უნდა განესახიერებინა. თითქოს არონოვსკიმ მსახიობის ცხოვრებაზე გადაიღო ფილმი. და ბოლოს (ნახევრად ხუმრობით) „რესტლერი“ რესტლერზეა, „შეშლილი გული“ მუსიკოსზე – ზოგს ქანთრის მოსმენა ურჩევნია თავ-პირისმტვრევის ყურებას.

ჩვენთან ქანთრის მსმენელს იშვიათად შეხვდებით, მაგრამ აუცილებელი არ არის მუსიკის ამ ჟანრს უსმენდეთ, რომ „შეშლილი გულის“ მუსიკა მოგეწონოთ, განსაკუთრებით კი დამაგვირგვინებელი საუნდტრეკი, რომელზეც იფიქრებთ ცნობილი ჰიტია და კინოში სპეციალურად გამოიყენესო.

ჩემმა მეგობარმა კინომანმა, ირაკლი გუნიამ, რომელმაც ჩემზე ადრე ნახა ”შეშლილი გული”, მითხრა: „ჯეფ ბრიჯესი იცი როგორ თამაშობს ალკოჰოლიკ მუსიკოსს? – გაგრძნობინებს, რომ არასასიამოვნო სუნი ასდის“.

სწორედ ამიტომ, ჩემო ჯეფ, შენ (უკაცრავად შენობით მომართვისთვის) დაიმსახურე ეს პრესტიჟული ჯილდო.

 

დავით გორგილაძე