ჯეფ ბრიჯესის პერსონაჟზე და არა მხოლოდ

”შეშლილი გული” ბოლოსთთვის შემოვინახე და ოსკარებით დაჯილდოების ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე ვუყურე ერთი მიზეზის გამო – მინდოდა ცხელ გულზე მეგულშემატკივრა ჯეფ ბრიჯესისთვის.

კინოაკადემიამ წელს არაერთი სადავო გადაწყვეტილება მიიღო . ჯერ მარტო ის რად ღირს ორიგინალური სცენარის ნომინაციაში ”უსახელო ნაბიჭვრები” რომ დაიკიდეს და ქეთრინ ბიგელოუს ასიამოვნეს. ან ეს სანდრა ბულოკი ვის დაკარგვია, საიდან გამოტყვრა? მიუხედავად ამ რაღაცებისა (!), იყო რამდენიმე გაცემული ოსკარი, რომელზე კამათიც ალბათ არავის მოუვა აზრად. მაგალითად მეორეხარისხოვანი როლების შემსრულებელნი, კრისტოფ ვალცი („უსახელო ნაბიჭვრები“) და მონიკი („ძვირფასი“) (- მართლაც უნაკლოდ ასრულებენ. ესენი რომ არ დაეჯილდოებინათ ჯობდა საერთოდაც არ ჩატარებული ცერემონია). ანიმაციური ფილმი „მაღლა”(რომლის ყურებისას, პირველი თხუთმეტი წუთის განმავლობაში, უგულო უნდა იყო, ცრემლი რომ არ მოგადგეს) ვიზუალური ეფექტებისთვის დაჯილდოებული „ავატარი“( – რაც მართალია, მართალია). და ალბათ მამაკაცის მთავარი როლის შემსრულებელი ჯეფ ბრიჯესიც . . .

ადამიანებს ხელოვნებისადმი სუბიექტური მიდგომა რომ ახასიათებთ, ამაში ახალი არაფერია. ჩვენ, ხშირ შემთხვევაში, ისეთი ფილმები მოგვწონს, რომლებშიც საკუთრ თავს ვხედავთ, საკუთარი ხმა გვესმის. . .

არსებობს ხალხი, რომლებსაც ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე წარუმატებლობა ეწვიათ, ძირს დაანარცხა და ისინიც წარმატების მისაღწევად აღარაფერს აკეთებენ. დამარცხებულები მიუყვებიან ცხოვრების დინებას და მცირედითაც კმაყოფილდებიან. ასეთ სისუსტეს საკუთარ თავსაც ვამჩნევ ხოლმე.

შეშლილი გული“ სწორედ ასეთ ადამიანზე გვიყვება. ბედ ბლეიკი (ჯეფ ბრიჯესი), ძველი თაობის საყვარელი მომღერალია. ბედი ქანთრის „უბერვს“, მართალია მისი ალბომები თითქმის აღარ იყიდება, ბლეიკსაც მხოლოდ 10 დოლარი აქვს ჯიბეში, მაგრამ ხანდახან ”უმართლებს” და ორმოცდაათსგადაცილებულ მსმენელს ჩაიგორებს ლოგინში, ხანაც დახლიდარი ცოლისთვის ავტოგრაფს ართმევს და მის საყვარელ ვისკისაც უსახსოვრებს. ბედს ვიკი უყვარს. მეტიც, ბედი ალკოჰოლიკია. დაიარება (!) აშშ-ს მიყრუებულ ადგილებში „ორი კაპიკის“ (ქართული ტერმინით რომ ვთქვათ) საშოვნელად და ხშირ შემთხვევაში მისი აუდიტორიაც ბოულინგის დარბაზში შეკრებილი ორიოდე ათეული ადამიანისგან შედგება. ზოგჯერ ბედს ამ აუდიტორიის წინაშე „იაღლიში“ მოსდის და სამი წუთით გადის სარწყევად. ალკოჰოლი მოქმედებს. მერე რა, ვის არ მოსვლია?

ასე მიდის ბედ ბლეიკის ცხოვრება, როცა ერთი ჟურნალისტი გამოჩნდება. ჯეინი (მეგი გილენჰალი), განათხოვარი, შვილიანი (ზუსტად ისეთი, როგორისაც ეშინია რიგით ქართველ პოტენციურ დედამთილს) გოგოშკაა. ბედ ბლეიკი ჯეინისთვის ჩვეულებრივი რესპონდენტი არ აღმოჩნდება და პირიქით. მოკლედ ისე, როგორც ცხოვრებისეულ ფილმებში ხდება ხოლმე.

ჯეფ ბრიჯესი ყოველგვარი თეატრალურობისა და ტრანსში შესვლების გარეშე განასახიერებს გმირს. გულიანად ეწევა, თავდავიწყებით სვამს. შემოტევებისას ისევე გადაეყუდება უნიტაზში, როგორც ყველა აკეთებს. მოკლედ არაფერია მის შესრულებაში არაჩვეულებრივი, ანუ ისეთი, როგორიც ცხოვრებაში არ გინახავთ. სწორედ ამაშია ამ როლის წარმატების საიდუმლო – არაფერი ზედმეტი, არაფერი განსაკუთრებული. ჯეფ ბრიჯესმა გაუძლო განსაკუთრებულობის ცდუნებას.

მაყურებელს შეიძლება გაუჩნდეს შეკითხვა (სამართლიანად): „ დარენ არონოვსკიმ დაახლოებით ასეთი შინაარსის ფილმი 2008 წელს არ გადაიღო? მგონი „რესტლერი“ ჰქვია“ – ზოგი იმსაც იტყვის, მიკი რურკი უკეთ თამაშობს ვიდრე ჯეფ ბრიჯესი და მაშინ რატომღა არ მისცეს ოსკარი. . . აი, სად გამოჩნდა ადამიანების სუბიექტური მიდგომა ხელოვნებისადმი.

მართლაც, „შეშლილი გული“ თავისი შინაარსითა და მთავარი პერსონაჟით ძალიან ჰგავს „რესტლერს“, მაგრამ არის განსხვავებებიც.

დარენ არონოვსკიმ 2008 წელს ექვს მილიონ დოლარად (რაც კატასტროფულად დაბალი თანხაა) გადაიღო ფილმი წარსულში წარმატებული და აწმყოში განადგურებული რესტლერი შესახებ, რომელიც რამდენიმე ათეული დოლარის საშოვნელად საკუთარი სიცოცხლით რისკავს. ფილმმა მაქსიმალურად ზუსტად ასახა ყველაფერი, მაგრამ მისი ყურებისას, თითქოს მთავარ გმირთან ერთად იტანჯები. ალბათ ეს დადებითად ლაპარაკობს კინოზე, მაგრამ ტანჯვა ტანჯვად რჩება. „შეშლილი გული“ კი გაცილებით უფრო მსუბუქი საყურებელია. არც იმას უარყოფს ვინმე, რომ მიკი რურკი არანაკლებ კარგად ართმევს დავალებას თავს, მაგრამ მისი დავალება ხომ გაცილებით მარტივია,  მიკის საკუთარი ცხოვრება უნდა განესახიერებინა. თითქოს არონოვსკიმ მსახიობის ცხოვრებაზე გადაიღო ფილმი. და ბოლოს (ნახევრად ხუმრობით) „რესტლერი“ რესტლერზეა, „შეშლილი გული“ მუსიკოსზე – ზოგს ქანთრის მოსმენა ურჩევნია თავ-პირისმტვრევის ყურებას.

ჩვენთან ქანთრის მსმენელს იშვიათად შეხვდებით, მაგრამ აუცილებელი არ არის მუსიკის ამ ჟანრს უსმენდეთ, რომ „შეშლილი გულის“ მუსიკა მოგეწონოთ, განსაკუთრებით კი დამაგვირგვინებელი საუნდტრეკი, რომელზეც იფიქრებთ ცნობილი ჰიტია და კინოში სპეციალურად გამოიყენესო.

ჩემმა მეგობარმა კინომანმა, ირაკლი გუნიამ, რომელმაც ჩემზე ადრე ნახა ”შეშლილი გული”, მითხრა: „ჯეფ ბრიჯესი იცი როგორ თამაშობს ალკოჰოლიკ მუსიკოსს? – გაგრძნობინებს, რომ არასასიამოვნო სუნი ასდის“.

სწორედ ამიტომ, ჩემო ჯეფ, შენ (უკაცრავად შენობით მომართვისთვის) დაიმსახურე ეს პრესტიჟული ჯილდო.

 

დავით გორგილაძე

3 thoughts on “ჯეფ ბრიჯესის პერსონაჟზე და არა მხოლოდ

  1. ძალიან მინდა ამ ფილმის ნახვა უკვე ძალიან დიდი ხანია.
    აუცილებლად უნდა ვნახო.

    მეც რაღაც ვერ მოვიცალესავით.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s