25

ოპერაცია თეთრი კურდღელი

        ტაქსის მძღოლმა სპიდომეტრის ისარი მხოლოდ მას შემდეგ გადააცილა 20-იანის ნიშნულს, რაც მშვიდად და აუღელვებლად ვკითხე: „ბატონო ჩემო, როგორ ფიქრობთ, რატომ გავაჩერე ტაქსი და რატომ არ წავყევი დაწყევლილ 117 ნომერ სამარშრუტოს?“ მოდით თავადვე გიპასუხებთ – მეთქი და ვუპასუხე: „იმიტომ, რომ ზემოხსენებული სამარშრუტო ჯერ მთელ ქალაქს ურტყამს წრეს და ორი საათის მერე მიდის მაიაკოვსკის ძეგლთან. მე კი ნამდვილად არ მინდა საყვარელ ადამიანს ვაცდევინო. ამისათვის საჭიროა, რომ მაიაკოვსკის ძეგლთან ორ საათზე ნაკლებ დროში მივიდე“ – მძღოლმა კეთილი ინება და ახლა 20 კ/მ საათის ნაცვლად უკვე 40 კ/მ საათში სიჩქარით მივაპობდით ჭაღარა და მრავალჭირნახადი თბილისის ჰაერს.  ნინიასთან მეჩქარებოდა. ნინია მელოდებოდა.

            სანამ მე ტაქსის მძღოლს კლიენტის მომსახურებისა და მორალურ-ეთიკურ კოდექსზე ველაპარაკებოდი და იმასაც ვუხსნიდი, რომ მის მანქანას იმაზე მეტი შეუძლია ვიდრე მას წარმოუდგენია, ნინიკო თურმე ცხოველების ბაზრობაზე თავდაუზოგავად ეძებდა პატარა თეთრ კურდღელს, რათა ჩემთვის ეჩუქებინა და გავეხარებინე. . .

            ტაქსის ორი საათი ნამდვილად არ დასჭირდა დანიშნულების ადგილზე მისასვლელად, არამედ საათი და ორმოცდაათი წუთი. ათ წუთ შეღავათს ეხუმრებით?!  ამასობაში ნინიკომ მომწერა და თავისი ზუსტი ადგილსამყოფელი შემატყობინა. მითხრა რომ სკვერში სულ განაპირა მხარეს მელოდებოდა, სუფთა სკამებთან  (სხვა სკამებზე ტალახები ბელტებად ყრია. არა, არ გეგონოთ, რომ ახალგაზრდები ფეხებს ალაგებენ და ისე მიირთმევენ მზესუმზირას. მე ამას ვერ დავიჯერებ!)

            . . .  მეც მივედი. ნინიკო იქ დამხვდა თეთრი, წითელთვალება,  ძალიან საყვარელი კურდღლით ხელში. ამ საჩუქარმა უსაზღვროდ გამახარა. ნინიას ბაჭიასთვის წითელი ყელსაბამი გაეკეთებინა და ძალიან მაგრად გამოიყურებოდა. ერთხანს სკამზე ვისხედით. მერე გადავწყვიტეთ გავისეირნოთო და წამოდგომა გაგვიჭირდა. არა, რევმატიზმების ბრალი არ უნდა ყოფილიყო, უფრო ახლადშეღებილი სკამებისა, რომელმაც ტანსაცმელი მიიკრო. აი თურმე რატომ დარჩა სუფთად ის სკამები. მეც არ გამიკვირდა!

            სკამიდან როცა ავდექი, ცისარტყელას ფერებში ვიყავი გამოწყობილი. არა, უფრო ფარშევანგს ვგავდი. ნინიას მაინცდამაინც არაფერი ეტყობოდა.  ორ საათში  სერიოზული შეხვედრა მქონდა დაგეგმილი, ასეთ ფორმაში ვერ წავიდოდი, იძულებული გავხდი შინ დავბრუნებულიყავი და ტანსაცმელი გამომეცვალა. . .

            117 ნომერი სამარშრუტო ტაქსი გაკიცხვას მხოლოდ იმის გამო არ იმსახურებს, რომ ძალიან ნელა და დიდ გზაზე დადის, არამედ ზომაზე (აქ იგულისხმება როგორც ფართობი, ასევე მორალი) მეტ ხალხს იტევს, ხან  ვინ გაზის თავზე, ხან ვინ. ხოდა ათასი ჯურის ადამიანიდან  რა გასაკვირია, რომ ზოგიერთი მათგანი ჰიგიენასთან „გამარჯობა-გაგიმარჯოს“ დამოკიდებულებაში იყოს? – მაგრამ მე სხვა გზა მაინც არ მქონდა და 117-ს დავემგზავრე. ნინიკომ სამარშრუტომდე გამომაცილა და თან დამაბარა კურდღელს კარგად მიხედეო. . .

            მეც ვზივარ და ვიხედები ფანჯარაში. თვალწინ ხან ნახალოვკის თვალწარმტაცი ხედები მეშლება, ხან პერეხადნოის ბრწყინვალება მჭრის თვალს (თან ვაზისუბანში მივდივარ). ერთიცაა და უსიამოვნო სურნელი მიმოიფრქვა მანქანაში. მე იმწამსვვე ამრეზით გავხედე ერთ ტიპს, რომელიც ბომჟს წააგავდა, რადგანაც ამ სურნელში დამნაშავედ სწორედ ის მივიჩნიე, მაგრამ ნურას უკაცრავად . . .!

            ასე ამრეზით იმ უდანაშაულო ბომჟს იქამდე ვუყურებდი, სანამ მუხლზე სითბო არ ვიგრძენი. ნინიკოს ნაჩუქარმა თეთრმა, წითელთვალება და ძალიან საყვარელმა ბაჭიამ შარდით დამასაჩუქრა. ცოტა ხანში ხალხი მე მიყურებდა ამრეზით, რადგანაც ყუთს (რომელშიც კურდღელი იჯდა) საგულდაგულოდ ვმალავდი, მაგრამ სურნელს სად დავმალავდი? . . .

            …ძნელია კურდღლების ხვედრი. იბადება და ხშირ შემთხვევაში დამწყვდეული ჰყავთ. მერე ცხოველების ბაზრობაზე გაიყვანენ გასაყიდად. მერე კი ვინმე ახალგაზრდა საჩუქრად იყიდის თავისი შეყვარებულისთვის. კურდღლის რა ბრალია ასეთი საყვარელი როა? რა მისი ბრალია რომ ეფსია და იძულებულია ნებისმიერ ადგილას მოფსას?

            ეჰ, ძნელია კურდღლის ხვედრი. არც კურდღლის პატრონობა იოლი.  როცა 117 ნომერი სამარშრუტოთი ერთად მგზავრობთ მითუმეტეს.

დავით გორგილაძე

18

იაშა თბილისის ქუჩიდან

 

     ამბავს გიყვებით უბრალო კაცისასიაშა  ერქვა.  თავად ამბავიც უბრალოა, არაფრით განსაკუთრებული, მაგრამ მიუხედავად ამისა ვინმე კარგ მწერალს, ან გაცვეთილ  ლიტერატორს, რომელიც წერისას  ფრთხილობს და ყოველ სიტყვას გრამობით წონის, მაინც  გაუჭირდებოდა გადაწყვეტილების მიღება, ეს წერილი პირდაპირ იაშას ამბის მოყოლით დაეწყო თუ უფრო შორიდან მოევლოჩემი წარმომავლობის მისადგომებიდან. მაგრამ რადგანაც მე არც კარგი მწერალი მქვია და არც ლიტერატორობას ვიჩემებ, ჩემთვის უფრო ადვილია გადაწყვეტილების მიღება. მე ხომ მხოლოდ იაშას ამბის მოყოლა მსურს. მეტი არაფერი.

 

დ. გ

                                                              

მამაჩემი, ქობულეთელი კაცი, რუსეთში სამედიცინო განათლებამიღებული, ერთხანს იქვე ნამუშევარი,  ვაზისუბანსა და თბილისის სხვა ადგილებშიც სახელგანთქმული ექიმი იშვიათად, მაგრამ დამაჯერებელი ტონით ამბობს,  გორგილაძეები აჭარაში სოფელ ჭრებალოდან ჩასახლდნენო. ჩემდა სამარცხვინოდ არც საკუთარი გვარის წარმომავლობა გამომირკვევია არასოდეს და არც მამაჩემის თეორიის გადამოწმება მიცდია როდესმე – არა იმიტომ, რომ მის მოსაზრებას უპირობოდ, სიტყვაზე ვენდე, უბრალოდ ძველ დოკუმენტებში ქექვა და დამტვერილ წიგნში ჩაძვრომა  მხატვრული ფილმის ყურებისას  უფრო მანიჭებდა სიამოვნებას. მითუმეტეს დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს გორგილაძეები აჭარაში ჭრებალოდან ჩავიდნენ თუ ტიფლისიდან. მთავარია  მშვიდობით ჩააღწიეს, კარგად მოეწყვნენ, გამრავლდნენ, მამაჩემმა გაიცნო დედაჩემი – თბილისელი გოგონა (შემდგომში და ამჟამად  რუსული ენისა და ლიტერატურის, მოსწავლეების ძალიან საყვარელი და პატივსაცემი მასწავლებელი), დასახლდნენ თბილისში. ჯერ ჩემი ძმა გაჩნდა, ოთხი წლის მერე მეც მოვყევი.

            მას შემდეგ წელი არ გაივლის ისე, ზაფხულში ქობულეთში რომ არ ჩავიდეთ, ნათესავ-ახლობლები არ მოვინახულოთ და არ დავისვენოთ. ჩემი გონების ფსკერზე ყოველთვის დარჩება მოგონება თბილისიდან ქობულეთამდე მგზავრობაზე ღამის, ჩახუთული და ჯოჯოხეთურად ცხელი მატარებლით. მგზავრობაზე, რომელიც  ოთხმოცდაათიანებში სამ დღე – ღამესაც გაჭიმულა. რას ვიზამთ?! დრო იყო ასეთი, შავ-ბნელი.

            ბაბუაჩემისა და ბებიაჩემის აშენებული ორსართულიანი, ახლა უკვე მოძველებული სახლი რკინიგზის სადგურთან ძალიან ახლოს დგას, თბილისის ქუჩაზე. საერთოდაც თბილისის ქუჩა უკვე მოძველებულია, ოდნავ მორკალული მიუყვება გზას ზღვის ნაპირისკენ, პარალელურად ჩამწკრივებული ასევე მოძველებული სახლებით, ერთი-ორის გამოკლებით. თბილისის ქუჩა გვარიანადაა დაშორებული ქობულეთის ცენტრს, ჰოდა ამის გამო თბილისელი, სვეცკი დამსვენებლი აქ იშვიათად ჩერდება. იმათ ცხოვრების დუღილი და ტანცი-მანცები უყვართ – ეგეთები კიდე ცენტრისკენ უნდა მოიკითხოთ, აღმაშენებლის ქუჩის ოთხას – ხუთასებში. ჰოდა ამ თბილისის ქუჩაზე ცხოვრობდა ჩემი ერთი ნათესავიც.

            იაშა გორგილაძე, ჩემი ნათესავი, თბილისის ქუჩის კოლორიტი –  ყველაზე დიდი არარსებული გემის კაპიტანი იყო. გემისა, რომელსაც არასდროს არ აუღია გეზი სამხრეთისკენ. ან იმ  გემისა, რომელიც გაცოფებულმა ზღვამ შთანთქა და ახლაც მის ფსკერზე განისვენებს.   კაცი მაღალი და გამომხმარი, უთქმელი,  მსხვილი ძვლებით. ჩემს ცნობიერებაში დარჩენილ იაშას დაჰკრავს იერი, რომელიც მიგანიშნებდა – ახალგაზრდობაში კარგი შესახედი ბიჭი ვიყავიო.

            იაშა ჩემთვის უინტერესო ვინმე იყო, არაფრით გამორჩეული, არაფრით განსაკუთრებული სანამ ფოკუზის გაკეთება არ მასწავლა, რომლის წყალობითაც შემდგომში არაერთი სანაძლეო მოვიგე და ახლაც ვიყენებ ხოლმე ხანდახან, როცა საქმეს სჭირდება. მაგრამ სანამ იაშა ფოკუზს მასწავლიდა, ბევრი რამ მოხდა მის ცხოვრებაში: ცოლ-შვილი გაექცა,  მერე ალკოჰოლიკი გახდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში გვერდით დედამისი ედგა – ნინა ბაბუშკა.

            ნინა ბაბუშკა (ასე ვუწოდებდით მისი რუსული ფესვების გამო) საინტერესო ქალი იყო, მგონი იაშას მამას რუსეთის რომელიმე მხარიდან ჩამოეყვანა და ქართულად არ ლაპარაკობდა. ნაკლებად მეფიქრება, რომ საქართველოში გატარებული ათეულობით წლის განმავლობაში ქართული ვერ ისწავლა, უბრალოდ არ უნდოდა და  არ ლაპარაკობდა. აკი ვთქვი საინტერესო ქალი იყო – მეთქი.  ქობულეთში ჩასულს, პირველსავე დღესვე მიმიხმობდა თავისთან და გარჩეული მზესუმზირით სავსე ქარალდის შეკვრას მომცემდა, მერე იმასაც მოაყოლებდა –  პირადად შენთვის გავარჩიეო. მერე მივრბოდი, სადმე დავიმალებოდი და მარტოდმარტო მოვუღებდი ხოლმე ბოლოს იმ მზესუმზირას. მუჭებით ვჭამდი. ახლაც მახსოვს იმ მზესუმზირის გემო.  ნინა ბაბუშკასთან ურთიერთება ორი მიზეზის გამო იყო სასარგებლო: საინტერესო ამბებსაც მიყვებოდა და თან რუსულშიც ვვარჯშობდი. ჰოდა ახლა რომ ცუდად არ ვლაპარაკობ რუსულად, ეს მისი დამსახურებაცაა.

            ნინა ბაბუშკა იაშას მანამ ამხნევებდა, სანამ სული არ განუტევა. იაშაც მარტო დარჩა სახლში. მისი უმცროსი და იქით ცხოვრობს, ქობულეთის ცენტრისკენ. იქითაა გათხოვილი.  არარსებული გემის კაპიტანიც სვამდა და სვამდა. მიუშვა და მიუშვა.

            გაგანია ზაფხულის ერთ დღეს, მგონი აგვისტოს პირველ სამშაბათს, როცა იდუმალ ფოკუზს მასწავლიდა, მაშინაც ჩარტყმული ჰქონდა. ფოკუზის მოკვარახჭინებისთვის მხოლოდ ქაღალდის ნაგლეჯი და ხელები კმაროდა. იაშას ხელები გულიანად კანკალებდა გრადუსის გამოისობით. როცა ნაძალადევად აჯაფსანდალნაჭამი და უსაშველოდ გაგულისებული სასადილო ოთახიდან ქარიშხალივით გამოვვარდი ეზოში და მოწყვეტით დავეშვი ხის გრძელ სკამზე, რომელის მსგავსებიც სადგურების მგზავრთა მოსაცდელებში უდგათ ხოლმე, იაშაც შოარიახლოს იჯდა, ისიც ხის სკამზე, ოღონდ სადგურისაზე არა.  საერთოდ იაშას უყვარდა ხშირად შემოვლა ხის სკამზე მოკალათება და გამუსაიფება. ამ დროს, გაბრაზებულსა და მოღუშულს იაშა გამომეხმაურა: „გინდა ფოკუზი გასწავლო?“ – ჩემთვის, ოთხმოცდაათიანების ყმაწვილისთვის, ფოკუზი ერთს დიდ გასართობ რამეს წარმოადგენდა და იაშას  მოგებიან შემოთავაზებას თავის ქანქარით დავთანხმდი. მაგის მერე მე და იაშა დავმეგობრდით. ერთი ფოკუზიდან დაიწო გემის კაპიტანისა და ჩემი მეგობრობა და ნაბიჯ-ნაბიჯ დათბა.

            გემის კაპიტნად პირველად იაშა მაშინ წარმოვიდგინე, როცა  ქობულეთის ძია კაცები ქობულეთის სახელიანი მოცურავეების ამბებს იხსენებდნენ და იაშას სახელიც ბლომად ახსენეს ეგეთებს შორის. მაშინ ჩემს ბავშვურ წარმოსახვაში უბრალო ტანისამოსში გამოწყობილი იაშა  მეკობრის ჩასაცმელში წარმოვიდგინე. ის სახელგანთქმულ მეზრვაურად გარდაისახა, რომელიც  უშველებელ გემსა და დიდ ეკიპაჟს მეთაურობს, ის მკაცრი, მაგრამ გულკეთილია და არასოდეს მარცხდება – ასეთები მხოლოდ კინოებში მენახა. კინოებში, სადაც შუაღამის გაშმაგებული ზღვა გემის მორევში ჩათრევას ცდილობს, მაგრამ კაპიტანი საჭევართად დგას, განკარგულებებს გულუხვად და სხარტად არიგებს და გემიც არ იღუპება – კაპიტანი ყოჩაღად უფროსობს.  „სასწაულად ცურავდა“ – გაიხსენა ამასწინათ საქართველოში დროებით დაბრუნებულმა მამაჩემის ძმამ.  მეც მიხაროდა, რომ გემის კაპიტანი მყავდა მეგობრად. ვის არ გაუხარდებოდა?! ოცნებად მქონდა ქცეული იაშასთან ერთად ზღვაში შესვლა და გაცურვა ჰორიზონტამდე და ჰორიზონტზე უფრო შორს, მეორე ჰორიზონტამდე. მერე ისიც გავიგე იაშა გაქანებულ გემს ქვევით ძვრებოდაო. ამან საერთოდ გადამრია. „ასე ვის მოუტყუებიხარ ბიჭო?“ – მკითხა მოგვიანებით,  როცა ამ ამბის მასთანვე გადამოწმება ვცადე. თავმდაბალი იყო იაშა, იოლად გააწითლებდი. შემეგობრებიდან ორი წლის თავზე  ოცნება სანახევროდ ავიხდინე და ჩვენ ერთად მოვხვდით ზღვის ნაპირას – მე და კაპიტანი, ოღონდ კაპიტანმა სურდოს გამო ვერ შეძლო ზღვაში შემოსვლა.  მე მარტო ვერ მოვახერხებდი მეორე ჰორიზონტამდე მიცურვას. მე მაშინ ღლაპი ვიყავი. . .

…ღლაპიც ვიყავი და წასულ-მოსული ტვინის ვინმეც. რაღაც-რაღაცებს მივედ-მოვედებოდი. ჯერ იყო და „რეპებს“ ვუსმენდი. გაქანებული ემინემისტი ვიყავი. ემინემი მაშინ ძილ-ბურანიდან გამოსული პოსტ საბჭოთა სივრცის საქართველოსთვის მზე და მთვარე იყო განგების მიერ მოვლენილი, მაგრამ ცოტა ხნის მერე თბილისს როცა როკმუსიკის ვეებერთელა ტალღამ გადაუარა, სულაც არ გამჭირვებია ამ ტალღას ავყოლოდი და მერე წავიდა ქუინები, ზეპელინები და ეგეთები (მაგ პერიოდიდან გაივლის რამდენიმე წელი და უკვე სტიუ უანდერსა და ბარი უაითს მოვუსმენ. ეგეთია მოზარდის ტვინი, წასულ-მოსული). ჰოდა ისე გამოდიოდა, რომ ქობულეთში ყოველ ზაფხულს ახალი გატაცებით ჩავდიოდი. როცა იქ ზეპელინებით გატაცებული ჩავედი, ერთი გმირობა იყო ჩემი გაძლება – დავიზუთხე ერთი-ორი ამბავი და გაუჩერებლად ვლაქლაქებდი. მერედა მისმენდა ვინმე?! ორი ვარიანტია: ან მუსიკა არ აინტერესებდათ, ან ჩემთან საუბარი მუსიკაზე. ღმერთი-რჯული მეორე ვარიანტზე უფრო მეფიქრება, მეორე უფრო სავარაუდოა. . .

. . . გავიხედოთ და იაშას დააინტერესა. ნაბიჯ-ნაბიჯ გაირკვა რომ გემის კაპიტანი ძველი მელომანი ყოფილა, როკერების სტაჟიანი გულშემატკივარი. ისეთი ვიღაცები ჩამომითვალა, იქამდე არც გამეგონა, ისეთ ამბებს მომიყვა პირი ღია დამრჩა. იაშა ნელ-ნელა მიდიოდა მუსიკის უღრანებში და უფრო და უფრო უჭირდა სააქაოს გამოსვლა. გვარიანად შეზარხოშებულ იაშას თვალებზე ეტყობოდა რო წარსულს იხსენებდა და თითქოს ეს სიამოვნებასაც ანიჭებდა და რაღაც ნაღველსაც მოაყოლებდა ამ წარსულის გახსენება. იაშას თვალებზე ეტყობოდა ძველი ამბების გახსენება იოლი არ იყო მისთვის. მგონი  ძველ მუსიკაზე ლაპარაკიც არ ეიოლებოდა, მაგრამ იხსენებდა და იხსენებდა, ყვებოდა და ყვებოდა. იმას რაღა გააჩერებდა?! მელომანი გემის კაპიტნის გაჩერება იოლი საქმე არ გეგონოს.

            იაშას სიცოცხლის ბოლო წელს, როცა თბილისიდან ქობულეთში ინტელექტუალის იმიჯითა და ორატორობით გატაცებული ჩავედი, იაშას თრობა გადაეგდო და ახალი ცხოვრების დაწყებას აპირებდა. ამან გამახარა. საქმე ის იყო, რომ იაშას კვირეებით ადრე შეტევა ჰქონოდა თუ შოკში ჩავარდნილიყო სმის გამო. „სიკვდილს ჩავხედე თვალებში“ – მითხრა, როცა ჩავედი და მერე თანამედროვე მუსიკის ამბები გამომკითხა.

            იმ ზაფხულს იაშა იშვიათად შემოივლიდა ხოლმე მუსიკაზე სამუსაიფოდ. იმ ზაფხულს იაშა საარაკოდ ფხიზელი დაიარებოდა. ჩემი თბილისად გამომგზავრების ბოლო საღამოს კი შემოიარა ბედად. ლაპარაკ-ლაპარაკში ქართველი კაცის ბუნებაც ვახსენეთ და მეც არ დავახანე. შევუბერე და შევუბერე. ანგარიში დავკარგე და გატაცებით მოვყვებოდი საარაკო ამბებს ქართველი კაცის უმზეს სულზე, ვაჟკაცობასა და სიმამაცეზე. იაშამ ერთადერთი წინადადება თქვა, მთლად ეგრეც არ არის საქმეო და გაჩუმდა. მე კი  („ინტელექტუალი“, „ორატორი“)  ხელმეორედ ჩავირთე. მეორე წრეზე წასულმა კი ანგარიში სულ დავკარგე და დამსწრე საზოგადოება ლამის გამოვლანძღე („ინტელექტუალმა“, „ორატორმა“) . იაშას სიტყვა არ უკადრებია. საერთოდაც მისგან არ მახსოვს ისეთი საქციელი, რომელიც მაგრძნობინებდა, რომ ნაკლებად რამის მცოდნე ვარ. იაშამ იცოდა მოქცევა. იაშა გემის კაპიტანი იყო. მერე რა თუ მისი გემი არ არსებობდა. ბოლოს იაშას სილუეტი ჭიშკართან დავლანდე.

            ზამთარში დარეკეს ქობულეთიდან. შეგვატყობინეს რომ იაშა გარდაიცვალა. მას შემდეგ ხშირად მიფიქრია, რა იქნებოდა არ შემოსულიყო იმ საღამოს. ჩვენ სამუდამოდ დავრჩით შეკამათებულ გულითად მეგობრებად და დუმილი იყო იაშას ბოლო სიტყვა ჩემთვის ნათქვამი.

            მე გარდაცვლილი იაშა არ მინახავს. ამიტომ  როცა ქობულეთში ჩავდივარ სულ მგონია, რომ გემის კაპიტანი იქ დამხვდება, გამომკითხავს თბილისურ ამბებს, ისევ ვილაპარაკებთ მუსიკაზე. ის ისევ შევა მუსიკის უღრანებში და გამოსვლა გაუჭირდება. გაიხსენებს წარსულს და მისი თვალები დარდს ვერ დამალავენ. მისი სიკვდილიდან წლების შემდეგ ის  მახსენდება ისეთი, როგორიც ბოლოს დავინახე,  ეზოდან მიმავალი, გამხდარი და მაღალი. გემის კაპიტნის მსგავსი.

            არაა! იაშას გემი ზღვაში არ დაღუპულა. ეგებ ის რაღაც მიზეზის გამო საერთოდაც არ ჩაუშვიათ წყალში და ახლაც მიყრუებული ნავსაყუდელის მიყრუებულ კუთხეში განისვენებს.

            რად ღირდა იაშას ცხოვრება? – ძნელია საპასუხოდ. მგონი მას საკუთარი ხელებით არასოდეს აუშენებია სახლი. მგონი არც ხე დაურგავს, მაგრამ მან სიცოცხლე მისცა ვაჟს და სხვა ყველაფერი რომ დავუკარგოთ, იაშა მხოლოდ ამის გამო მხოლოდ პატივისცემას იმსახურებს.

 დავით გორგილაძე