იაშა თბილისის ქუჩიდან

 

     ამბავს გიყვებით უბრალო კაცისასიაშა  ერქვა.  თავად ამბავიც უბრალოა, არაფრით განსაკუთრებული, მაგრამ მიუხედავად ამისა ვინმე კარგ მწერალს, ან გაცვეთილ  ლიტერატორს, რომელიც წერისას  ფრთხილობს და ყოველ სიტყვას გრამობით წონის, მაინც  გაუჭირდებოდა გადაწყვეტილების მიღება, ეს წერილი პირდაპირ იაშას ამბის მოყოლით დაეწყო თუ უფრო შორიდან მოევლოჩემი წარმომავლობის მისადგომებიდან. მაგრამ რადგანაც მე არც კარგი მწერალი მქვია და არც ლიტერატორობას ვიჩემებ, ჩემთვის უფრო ადვილია გადაწყვეტილების მიღება. მე ხომ მხოლოდ იაშას ამბის მოყოლა მსურს. მეტი არაფერი.

 

დ. გ

                                                              

მამაჩემი, ქობულეთელი კაცი, რუსეთში სამედიცინო განათლებამიღებული, ერთხანს იქვე ნამუშევარი,  ვაზისუბანსა და თბილისის სხვა ადგილებშიც სახელგანთქმული ექიმი იშვიათად, მაგრამ დამაჯერებელი ტონით ამბობს,  გორგილაძეები აჭარაში სოფელ ჭრებალოდან ჩასახლდნენო. ჩემდა სამარცხვინოდ არც საკუთარი გვარის წარმომავლობა გამომირკვევია არასოდეს და არც მამაჩემის თეორიის გადამოწმება მიცდია როდესმე – არა იმიტომ, რომ მის მოსაზრებას უპირობოდ, სიტყვაზე ვენდე, უბრალოდ ძველ დოკუმენტებში ქექვა და დამტვერილ წიგნში ჩაძვრომა  მხატვრული ფილმის ყურებისას  უფრო მანიჭებდა სიამოვნებას. მითუმეტეს დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს გორგილაძეები აჭარაში ჭრებალოდან ჩავიდნენ თუ ტიფლისიდან. მთავარია  მშვიდობით ჩააღწიეს, კარგად მოეწყვნენ, გამრავლდნენ, მამაჩემმა გაიცნო დედაჩემი – თბილისელი გოგონა (შემდგომში და ამჟამად  რუსული ენისა და ლიტერატურის, მოსწავლეების ძალიან საყვარელი და პატივსაცემი მასწავლებელი), დასახლდნენ თბილისში. ჯერ ჩემი ძმა გაჩნდა, ოთხი წლის მერე მეც მოვყევი.

            მას შემდეგ წელი არ გაივლის ისე, ზაფხულში ქობულეთში რომ არ ჩავიდეთ, ნათესავ-ახლობლები არ მოვინახულოთ და არ დავისვენოთ. ჩემი გონების ფსკერზე ყოველთვის დარჩება მოგონება თბილისიდან ქობულეთამდე მგზავრობაზე ღამის, ჩახუთული და ჯოჯოხეთურად ცხელი მატარებლით. მგზავრობაზე, რომელიც  ოთხმოცდაათიანებში სამ დღე – ღამესაც გაჭიმულა. რას ვიზამთ?! დრო იყო ასეთი, შავ-ბნელი.

            ბაბუაჩემისა და ბებიაჩემის აშენებული ორსართულიანი, ახლა უკვე მოძველებული სახლი რკინიგზის სადგურთან ძალიან ახლოს დგას, თბილისის ქუჩაზე. საერთოდაც თბილისის ქუჩა უკვე მოძველებულია, ოდნავ მორკალული მიუყვება გზას ზღვის ნაპირისკენ, პარალელურად ჩამწკრივებული ასევე მოძველებული სახლებით, ერთი-ორის გამოკლებით. თბილისის ქუჩა გვარიანადაა დაშორებული ქობულეთის ცენტრს, ჰოდა ამის გამო თბილისელი, სვეცკი დამსვენებლი აქ იშვიათად ჩერდება. იმათ ცხოვრების დუღილი და ტანცი-მანცები უყვართ – ეგეთები კიდე ცენტრისკენ უნდა მოიკითხოთ, აღმაშენებლის ქუჩის ოთხას – ხუთასებში. ჰოდა ამ თბილისის ქუჩაზე ცხოვრობდა ჩემი ერთი ნათესავიც.

            იაშა გორგილაძე, ჩემი ნათესავი, თბილისის ქუჩის კოლორიტი –  ყველაზე დიდი არარსებული გემის კაპიტანი იყო. გემისა, რომელსაც არასდროს არ აუღია გეზი სამხრეთისკენ. ან იმ  გემისა, რომელიც გაცოფებულმა ზღვამ შთანთქა და ახლაც მის ფსკერზე განისვენებს.   კაცი მაღალი და გამომხმარი, უთქმელი,  მსხვილი ძვლებით. ჩემს ცნობიერებაში დარჩენილ იაშას დაჰკრავს იერი, რომელიც მიგანიშნებდა – ახალგაზრდობაში კარგი შესახედი ბიჭი ვიყავიო.

            იაშა ჩემთვის უინტერესო ვინმე იყო, არაფრით გამორჩეული, არაფრით განსაკუთრებული სანამ ფოკუზის გაკეთება არ მასწავლა, რომლის წყალობითაც შემდგომში არაერთი სანაძლეო მოვიგე და ახლაც ვიყენებ ხოლმე ხანდახან, როცა საქმეს სჭირდება. მაგრამ სანამ იაშა ფოკუზს მასწავლიდა, ბევრი რამ მოხდა მის ცხოვრებაში: ცოლ-შვილი გაექცა,  მერე ალკოჰოლიკი გახდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში გვერდით დედამისი ედგა – ნინა ბაბუშკა.

            ნინა ბაბუშკა (ასე ვუწოდებდით მისი რუსული ფესვების გამო) საინტერესო ქალი იყო, მგონი იაშას მამას რუსეთის რომელიმე მხარიდან ჩამოეყვანა და ქართულად არ ლაპარაკობდა. ნაკლებად მეფიქრება, რომ საქართველოში გატარებული ათეულობით წლის განმავლობაში ქართული ვერ ისწავლა, უბრალოდ არ უნდოდა და  არ ლაპარაკობდა. აკი ვთქვი საინტერესო ქალი იყო – მეთქი.  ქობულეთში ჩასულს, პირველსავე დღესვე მიმიხმობდა თავისთან და გარჩეული მზესუმზირით სავსე ქარალდის შეკვრას მომცემდა, მერე იმასაც მოაყოლებდა –  პირადად შენთვის გავარჩიეო. მერე მივრბოდი, სადმე დავიმალებოდი და მარტოდმარტო მოვუღებდი ხოლმე ბოლოს იმ მზესუმზირას. მუჭებით ვჭამდი. ახლაც მახსოვს იმ მზესუმზირის გემო.  ნინა ბაბუშკასთან ურთიერთება ორი მიზეზის გამო იყო სასარგებლო: საინტერესო ამბებსაც მიყვებოდა და თან რუსულშიც ვვარჯშობდი. ჰოდა ახლა რომ ცუდად არ ვლაპარაკობ რუსულად, ეს მისი დამსახურებაცაა.

            ნინა ბაბუშკა იაშას მანამ ამხნევებდა, სანამ სული არ განუტევა. იაშაც მარტო დარჩა სახლში. მისი უმცროსი და იქით ცხოვრობს, ქობულეთის ცენტრისკენ. იქითაა გათხოვილი.  არარსებული გემის კაპიტანიც სვამდა და სვამდა. მიუშვა და მიუშვა.

            გაგანია ზაფხულის ერთ დღეს, მგონი აგვისტოს პირველ სამშაბათს, როცა იდუმალ ფოკუზს მასწავლიდა, მაშინაც ჩარტყმული ჰქონდა. ფოკუზის მოკვარახჭინებისთვის მხოლოდ ქაღალდის ნაგლეჯი და ხელები კმაროდა. იაშას ხელები გულიანად კანკალებდა გრადუსის გამოისობით. როცა ნაძალადევად აჯაფსანდალნაჭამი და უსაშველოდ გაგულისებული სასადილო ოთახიდან ქარიშხალივით გამოვვარდი ეზოში და მოწყვეტით დავეშვი ხის გრძელ სკამზე, რომელის მსგავსებიც სადგურების მგზავრთა მოსაცდელებში უდგათ ხოლმე, იაშაც შოარიახლოს იჯდა, ისიც ხის სკამზე, ოღონდ სადგურისაზე არა.  საერთოდ იაშას უყვარდა ხშირად შემოვლა ხის სკამზე მოკალათება და გამუსაიფება. ამ დროს, გაბრაზებულსა და მოღუშულს იაშა გამომეხმაურა: „გინდა ფოკუზი გასწავლო?“ – ჩემთვის, ოთხმოცდაათიანების ყმაწვილისთვის, ფოკუზი ერთს დიდ გასართობ რამეს წარმოადგენდა და იაშას  მოგებიან შემოთავაზებას თავის ქანქარით დავთანხმდი. მაგის მერე მე და იაშა დავმეგობრდით. ერთი ფოკუზიდან დაიწო გემის კაპიტანისა და ჩემი მეგობრობა და ნაბიჯ-ნაბიჯ დათბა.

            გემის კაპიტნად პირველად იაშა მაშინ წარმოვიდგინე, როცა  ქობულეთის ძია კაცები ქობულეთის სახელიანი მოცურავეების ამბებს იხსენებდნენ და იაშას სახელიც ბლომად ახსენეს ეგეთებს შორის. მაშინ ჩემს ბავშვურ წარმოსახვაში უბრალო ტანისამოსში გამოწყობილი იაშა  მეკობრის ჩასაცმელში წარმოვიდგინე. ის სახელგანთქმულ მეზრვაურად გარდაისახა, რომელიც  უშველებელ გემსა და დიდ ეკიპაჟს მეთაურობს, ის მკაცრი, მაგრამ გულკეთილია და არასოდეს მარცხდება – ასეთები მხოლოდ კინოებში მენახა. კინოებში, სადაც შუაღამის გაშმაგებული ზღვა გემის მორევში ჩათრევას ცდილობს, მაგრამ კაპიტანი საჭევართად დგას, განკარგულებებს გულუხვად და სხარტად არიგებს და გემიც არ იღუპება – კაპიტანი ყოჩაღად უფროსობს.  „სასწაულად ცურავდა“ – გაიხსენა ამასწინათ საქართველოში დროებით დაბრუნებულმა მამაჩემის ძმამ.  მეც მიხაროდა, რომ გემის კაპიტანი მყავდა მეგობრად. ვის არ გაუხარდებოდა?! ოცნებად მქონდა ქცეული იაშასთან ერთად ზღვაში შესვლა და გაცურვა ჰორიზონტამდე და ჰორიზონტზე უფრო შორს, მეორე ჰორიზონტამდე. მერე ისიც გავიგე იაშა გაქანებულ გემს ქვევით ძვრებოდაო. ამან საერთოდ გადამრია. „ასე ვის მოუტყუებიხარ ბიჭო?“ – მკითხა მოგვიანებით,  როცა ამ ამბის მასთანვე გადამოწმება ვცადე. თავმდაბალი იყო იაშა, იოლად გააწითლებდი. შემეგობრებიდან ორი წლის თავზე  ოცნება სანახევროდ ავიხდინე და ჩვენ ერთად მოვხვდით ზღვის ნაპირას – მე და კაპიტანი, ოღონდ კაპიტანმა სურდოს გამო ვერ შეძლო ზღვაში შემოსვლა.  მე მარტო ვერ მოვახერხებდი მეორე ჰორიზონტამდე მიცურვას. მე მაშინ ღლაპი ვიყავი. . .

…ღლაპიც ვიყავი და წასულ-მოსული ტვინის ვინმეც. რაღაც-რაღაცებს მივედ-მოვედებოდი. ჯერ იყო და „რეპებს“ ვუსმენდი. გაქანებული ემინემისტი ვიყავი. ემინემი მაშინ ძილ-ბურანიდან გამოსული პოსტ საბჭოთა სივრცის საქართველოსთვის მზე და მთვარე იყო განგების მიერ მოვლენილი, მაგრამ ცოტა ხნის მერე თბილისს როცა როკმუსიკის ვეებერთელა ტალღამ გადაუარა, სულაც არ გამჭირვებია ამ ტალღას ავყოლოდი და მერე წავიდა ქუინები, ზეპელინები და ეგეთები (მაგ პერიოდიდან გაივლის რამდენიმე წელი და უკვე სტიუ უანდერსა და ბარი უაითს მოვუსმენ. ეგეთია მოზარდის ტვინი, წასულ-მოსული). ჰოდა ისე გამოდიოდა, რომ ქობულეთში ყოველ ზაფხულს ახალი გატაცებით ჩავდიოდი. როცა იქ ზეპელინებით გატაცებული ჩავედი, ერთი გმირობა იყო ჩემი გაძლება – დავიზუთხე ერთი-ორი ამბავი და გაუჩერებლად ვლაქლაქებდი. მერედა მისმენდა ვინმე?! ორი ვარიანტია: ან მუსიკა არ აინტერესებდათ, ან ჩემთან საუბარი მუსიკაზე. ღმერთი-რჯული მეორე ვარიანტზე უფრო მეფიქრება, მეორე უფრო სავარაუდოა. . .

. . . გავიხედოთ და იაშას დააინტერესა. ნაბიჯ-ნაბიჯ გაირკვა რომ გემის კაპიტანი ძველი მელომანი ყოფილა, როკერების სტაჟიანი გულშემატკივარი. ისეთი ვიღაცები ჩამომითვალა, იქამდე არც გამეგონა, ისეთ ამბებს მომიყვა პირი ღია დამრჩა. იაშა ნელ-ნელა მიდიოდა მუსიკის უღრანებში და უფრო და უფრო უჭირდა სააქაოს გამოსვლა. გვარიანად შეზარხოშებულ იაშას თვალებზე ეტყობოდა რო წარსულს იხსენებდა და თითქოს ეს სიამოვნებასაც ანიჭებდა და რაღაც ნაღველსაც მოაყოლებდა ამ წარსულის გახსენება. იაშას თვალებზე ეტყობოდა ძველი ამბების გახსენება იოლი არ იყო მისთვის. მგონი  ძველ მუსიკაზე ლაპარაკიც არ ეიოლებოდა, მაგრამ იხსენებდა და იხსენებდა, ყვებოდა და ყვებოდა. იმას რაღა გააჩერებდა?! მელომანი გემის კაპიტნის გაჩერება იოლი საქმე არ გეგონოს.

            იაშას სიცოცხლის ბოლო წელს, როცა თბილისიდან ქობულეთში ინტელექტუალის იმიჯითა და ორატორობით გატაცებული ჩავედი, იაშას თრობა გადაეგდო და ახალი ცხოვრების დაწყებას აპირებდა. ამან გამახარა. საქმე ის იყო, რომ იაშას კვირეებით ადრე შეტევა ჰქონოდა თუ შოკში ჩავარდნილიყო სმის გამო. „სიკვდილს ჩავხედე თვალებში“ – მითხრა, როცა ჩავედი და მერე თანამედროვე მუსიკის ამბები გამომკითხა.

            იმ ზაფხულს იაშა იშვიათად შემოივლიდა ხოლმე მუსიკაზე სამუსაიფოდ. იმ ზაფხულს იაშა საარაკოდ ფხიზელი დაიარებოდა. ჩემი თბილისად გამომგზავრების ბოლო საღამოს კი შემოიარა ბედად. ლაპარაკ-ლაპარაკში ქართველი კაცის ბუნებაც ვახსენეთ და მეც არ დავახანე. შევუბერე და შევუბერე. ანგარიში დავკარგე და გატაცებით მოვყვებოდი საარაკო ამბებს ქართველი კაცის უმზეს სულზე, ვაჟკაცობასა და სიმამაცეზე. იაშამ ერთადერთი წინადადება თქვა, მთლად ეგრეც არ არის საქმეო და გაჩუმდა. მე კი  („ინტელექტუალი“, „ორატორი“)  ხელმეორედ ჩავირთე. მეორე წრეზე წასულმა კი ანგარიში სულ დავკარგე და დამსწრე საზოგადოება ლამის გამოვლანძღე („ინტელექტუალმა“, „ორატორმა“) . იაშას სიტყვა არ უკადრებია. საერთოდაც მისგან არ მახსოვს ისეთი საქციელი, რომელიც მაგრძნობინებდა, რომ ნაკლებად რამის მცოდნე ვარ. იაშამ იცოდა მოქცევა. იაშა გემის კაპიტანი იყო. მერე რა თუ მისი გემი არ არსებობდა. ბოლოს იაშას სილუეტი ჭიშკართან დავლანდე.

            ზამთარში დარეკეს ქობულეთიდან. შეგვატყობინეს რომ იაშა გარდაიცვალა. მას შემდეგ ხშირად მიფიქრია, რა იქნებოდა არ შემოსულიყო იმ საღამოს. ჩვენ სამუდამოდ დავრჩით შეკამათებულ გულითად მეგობრებად და დუმილი იყო იაშას ბოლო სიტყვა ჩემთვის ნათქვამი.

            მე გარდაცვლილი იაშა არ მინახავს. ამიტომ  როცა ქობულეთში ჩავდივარ სულ მგონია, რომ გემის კაპიტანი იქ დამხვდება, გამომკითხავს თბილისურ ამბებს, ისევ ვილაპარაკებთ მუსიკაზე. ის ისევ შევა მუსიკის უღრანებში და გამოსვლა გაუჭირდება. გაიხსენებს წარსულს და მისი თვალები დარდს ვერ დამალავენ. მისი სიკვდილიდან წლების შემდეგ ის  მახსენდება ისეთი, როგორიც ბოლოს დავინახე,  ეზოდან მიმავალი, გამხდარი და მაღალი. გემის კაპიტნის მსგავსი.

            არაა! იაშას გემი ზღვაში არ დაღუპულა. ეგებ ის რაღაც მიზეზის გამო საერთოდაც არ ჩაუშვიათ წყალში და ახლაც მიყრუებული ნავსაყუდელის მიყრუებულ კუთხეში განისვენებს.

            რად ღირდა იაშას ცხოვრება? – ძნელია საპასუხოდ. მგონი მას საკუთარი ხელებით არასოდეს აუშენებია სახლი. მგონი არც ხე დაურგავს, მაგრამ მან სიცოცხლე მისცა ვაჟს და სხვა ყველაფერი რომ დავუკარგოთ, იაშა მხოლოდ ამის გამო მხოლოდ პატივისცემას იმსახურებს.

 დავით გორგილაძე

18 thoughts on “იაშა თბილისის ქუჩიდან

  1. საინტერესო ვინმე ყოფილა იაშა ბიძია, ან კიდევ საინტერესოდ წერია🙂

  2. ra mizans emsaxureba es werili ver mivxdi..azri ver davinaxe.sheizleba me vcdebi magram es erti ubralo santimentaluri motxrobaa…

  3. კარგი და ლამაზი, დაუთოვებული ბლოგი გაქვს ბალაშ, მე მომეწონა!

  4. giga: “ამბავს გიყვებით უბრალო კაცისას – იაშა ერქვა. თავად ამბავიც უბრალოა, არაფრით განსაკუთრებული. . . ”

    საქართველოში სულ რამდენიმე ბლოგია ისეთი, რომელიც რაღაც მიზანს ემსახურება (ზოგი განათლებას, ზოგიერთი რეკლამას და ა.შ) დანარჩენები ჩვეულებრივი დღიურებია, ე.წ უბის წიგნაკები, რომელშიც ბლოგერები წერენ იმას, რაც უნდათ და არ არის აუცილებელი ყოველთვის რაიმე მიზანი დაუსახო ნაწერს.
    დაბოლოს, ეს მოთხრობა არცაა, არამედ ძველი მეგობრის გახსენება, რომელიც დავწერე იმიტომ, რომ რაღაცნაირად ვალდებულად ვგრძნობდი თავს და თუ ჩემი ნაწერი თვალზე ცრემლის მოსადენ საშუალებად მიიჩნიეთ (თანაც არცთუ ეფექტურ საშუალებად, რადგანაც უბრალო სენტიმენტალური მოთხრობა უწოდეთ), ეს ჩემი საქმე არ არის. მადლობას გიხდით, რომ დრო დაუთმეთ ჩემი აბდაუბდას წაკითხვას და გული მწყდება, რომ ჩემმა ნაწერმა (ან ნაწერებმა) შთაბეჭდილება ვერ მოახდინა თქვენზე. ალბათ გაცილებით უფრო აზრიან და შინაარსობრივ ტექსტებს სხვა ბლოგებზე გაეცნობით.
    პატივისცემით, უბრალო, სენტიმენტალური მოთხრობის ავტორი

  5. “ბაბუაჩემისა და ბებიაჩემის აშენებული ორსართულიანი, ახლა უკვე მოძველებული სახლი რკინიგზის სადგურთან ძალიან ახლოს დგას, თბილისის ქუჩაზე. საერთოდაც თბილისის ქუჩა უკვე მოძველებულია, ოდნავ მორკალული მიუყვება გზას ზღვის ნაპირისკენ, პარალელურად ჩამწკრივებული ასევე მოძველებული სახლებით.” – ლამაზად გიწერია.

    კარგი კაცი ყოფილა იაშა.
    რომელი ფოკუზი გასწავლა?🙂

  6. yoveltvis sainteresoa, rogor isveneben da rogor isvenebdnen xolme sxva adamianebi. tan mshvenieri stilitaa naweri.
    respect.🙂

  7. es ambavi xom gewera ukve?
    ra icit es , rapis mosmenas bavshvobas rom edzaxit da umetesoba “chkuashi chavardebit” da rockze gadadixart :))

    p.s. kargia🙂

  8. gasagebia santimenataluri motrobis avtoro:) me shetxzuli motxroba megona…sainteresoa musika ra rols tamashobs adamianistvis realobis agqmashi..
    p.s. me qobuletshi vcxovrob da movikitxe cxonebuli iasha,magram veravisgan ver gavige cnobebi mis shesaxeb….

  9. diax giga. motxroba araa – mogonebaa. iasha cotas tu exsomeba qobuletshi. tu nacershi naxseneb quchaze moikitxav exsomebat.

    rac sheexeba focus.ge – s. tanamshromloba shemomtavazes da siamovnebit davtanxmdi. anu mati blogeri var🙂

    tkven romel quchaze cxovrobt qobuletshi?

  10. თქვენი ნომერი მომეცით. წელს ვაპირებ ჩამოსვლას და განახებთ მის ყოფილ სახლს თუ ასე ძალიან არ გჯერათ. ისეთ ხალხსაც გაგაცნობთ ვინც კარგად იცნობდა🙂

  11. shens blogs davuyevi da bevri posti wavikitxe,tan dzaan vixalise.am postze moulodnelad cremlebi chamomigorda tvalebidan.komentarebi wavikitxe da dzalian gavbrazdi imitom rom mgoni veravin veraferi gaigo,an aravis arafris gageba ar undoda,roca am ambavs kitxulobda.es sityva “sentimentaluri”yvelaze uidioturesi natkvamia rac ki odesme msmenia da atana ar makvs ambebis “sentimentalurad” shepasebis.mogonebebi aris is ritic vcxovrobt da warsuli aris is rac chveni yvelas tanmdevia,bevri ambavi gvaxsendeba, zogi sasaciloa, zogi satirali,zogi sxvadasxvagvar emociebs agdzravs chvenshi,magram yvela ambavi,yvela mogoneba dzvirsfasia,da aranair shefasebas ar sachiroebs ukve garkveuli drois gasvlis shemdeg,ubralod ambebad rchebian romelta moyola da gaxseneba gvindeba.es postic amis magaliti iyo.nodar dumbadziseul ketil motxrobas gavda romelzec iseve rogorc 10wlis asakshi, aseve 30wlis asakshi cremli mogdis da cxovrebaze gafikrebs.me exlac metireba..dzalian kargi mtxrobeli xar,madloba am ambistvis.

  12. მადლობა თქვენ ამ სიტყვებისთვის. საბოლოო ჯამში ვერავინ გაიგო რატო დავწერე ეს ამბავი. ამით მინდოდა პატივისცემა გამომეხადა ამ ადამიანის ხსოვნისადმი. ეს არაა მოტხრობა, ეს მოგონება ძველელი მეგობრისა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s