9

დიეგო არხენტინელი

შორეულ მხარე არხენტინაში, რომელიც ქართველებისთვინ ძალიან შორს, უშველებელა წყლის გადაღმა მხარეს იყო, ცხოვრობდა ერთი ხელიდან წასული კაცი, გვარად მარადონა, დიეგოდ წოდებული, მამამაგისი დიეგოსა და დედამაგისი დალმა სალვადორ ფრანკოს ვაჟი.
ბავშვობიდან ფუტბოლსა ჰყვარობდა და ეგ ამბავი კარგადაც გამოუდიოდა. ზოგი იფიცება კიდევ უფრო გადაღმამხარელ შავ ყმაწვილ პელესაც არ უდებდა ტოლსაო. ეგ კი არა, ნანა მჭედლიძე ამბობს თავად იასონ კვირკველიას ასი თავით და კიდევ უფრო მეტით ჯობნიდაო. ნანა თუ ამბობს, წყალგაუსვლელად ეგრეა.
ამ შუა ფუტბალისტობის დროს დიეგოს მაიმუნობა დაუწყია, თურმე ბურნუთსა სუნთქავდა. აბა ბურნუთის ყნოსვას ფუტბოლის კამისარი როგორღა აპატიებდა?- გააძევეს

მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა, დიეგო ხან ლუარსაბივით გასუქდა, ხან ბუშზე აუგი თქვა, ხან რომელიღაც კანალზე თავისი გადაცემა წაიყვანა, მოკლედ ფულის გულისთვის რას აღარ კადრულობდა. საქართველოშიც კი ჩამოვიდა, მაგრამ ამათ შეპირებული ფული სრულად არ მიუციათ და შეუთვლიათ აქედან მალე ჩვენიანი წამოვა და გამოვატანთო. არ იდარდოო.მაგის მერეც ბევრი დრო გავიდა.
ახლა დიეგოს არხენტინელების კამანდა ჩააბარეს და შეჯიბრე ჰყამს წაყვანილი. მაჯაზე ორი საათი შემოურტყამს, წელზე ქამარი და კარგი კრევდიშილის კასტუმიც ჩაუცვამს (საეკლესიო აზნაური ჰერეკლე გუნია იფუცება ბალღმა სთხოვაო).
დიეგოს კაცური სიტყვა უთქვამს, თუ არხენტინელები ამ შეჯიბრს მოიგებენ მოედანს ისეთივე ტიტლიკანა შემოვირბენ, როგორიც დედაჩემმა გამაჩინაო. ვუცქიროთ რას იზამენ არხენტინელები და გამოვცადოთ დიეგოს კაცურკაცობა

Advertisements
16

უცნობი მხატვრის ეროტიკა

ამასწინათ ჩემი თაობის ვაჟიშვილების შესახებ დავწერე და თითქოს მკაცრად მქონდა გადაწყვეტილი მსგავს თემებზე აღარაფერს მოვყვები – მეთქი. ამას ისიც დაერთო, რომ ჩემმა მეგობარმა, ირაკლი გუნია უსაქმურად ყოფნისას გამეხუმრა შენ ხომ ქალების მწერალი ხარო, ეგეთი თემებით იზიდავ მკითხველებსო. ბუნებრივია ირაკლი ხუმრობდა, მაგრამ მისი ოხუნჯობა მაინც გულზე მომხვდა და იქიდან მოყოლებული საკუთარ თავს ცენზორად ვუდგავარ.      

  აღარც ეს წერილი დაიწერებოდა იმავე ირაკლი გუნიას ერთი განცხადება რომ არ ეჩვენებინა, რომლებსაც თურმე მეტროსადგურ რუსთაველთან არიგებდნენ. აქ წერდნენ „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ მიერ გაკეთებულ სასარგებლო საქმეებზე და მოსახლეობას მოუწოდებდნენ სოლიდარობა გამოეცხადებინათ ამ ორგანიზაციისთვის. სასარგებლო საქმეთა ჩამონათვალში ეწერა ისიც, რომ „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა“ შეაჩერა საჯარო სკოლებში გარყვნილობის (თუ არ ვცდები ამ სიტყვას იყენებდნენ) სწავლება.

   განცხადების წაკითხვისას გულწრფელად ჩავფიქრდი მართლაც საჭიროა თუ სკოლაში მამაკაცისა და ქალის სქესობრივი კონტაქტის შესახებ ასწავლონ – მეთქი. ბუნებრივია მე განათლების რეფორმასა და სწავლების მეთოდებში დიდი ვერაფერი ვინმე ვარ და ამ შემთხვევაში ისევ საკუთარი თავის მაგალითი და ჩემი თაობის გულანთებული ბიჭები გამახსენდა.

   გამახსენდა ბიოლოგიის გაკვეთილები, როცა ჩუმი ინტერესით, ერთმანეთისაგან ფარულად ყველანი ველოდებოდით ბოლოს წინა პარაგრაფამდე მისვლას, სადაც სქესობრივ კავშირზე ეწერა, ეგ გაკვეთილი ყველას ას-ასჯერ გვქონდა წაკითხული და მგონი უკვე ზეპირადაც ვიცოდით. ხოლო როცა ამ სანუკვარ პარაგრაფს მივუახლოვდით, მასწავლებელმა ცივი წყალი გადაგვასხა ის გაკვეთილი გამოტოვა და პირდაპირ ბოლო პარაგრაფისკენ გაგვიძღვა. ვერც ვერაფერი ვთქვით. მაშინ ეგეთ რამეზე რას იტყოდი?! „ტი შტო“?!

  მართალია წიგნიდან არა, მაგრამ მკაცრად გასაიდუმლოებულ ინფორმაციას სხვადასხვა გზებით მაინც ვიღებდით. მოარული ხმებისგან; პორნოგრაფიული გაზეთიდან, რომელსაც კორპუსის უკანა ეზოში შეულახავ მდგომარეობაში ვპოულობდით, თითქოს გამოწერილი გვქონდა (ეტყობა იმას, ვისაც ამ გაზეთზე ხელი მიუწვდებოდა ახალ-ახალი ნომრები მისდიოდა და ძველებს უცნაური მეთოდით და უცნაურ ადგილას იშორებდა ხოლმე) მოგვიანებით ჩემმა მეგომარმა კიდევ ერთ აკრძალული ინფორმაციის წყაროს მიაგნო , რომელიც ყოველთვის ერთსა და იმას გვეუბნებოდა, არასოდეს იცვლებოდა, მაგრამ მაინც ყოველთვის ჰქონდა თავის ეშხი და ფასი: ჩემი უბნის სკოლასა და ბაგა-ბაღს შორის წყლის ძველი და დანგრეული ბოილერი იდგა, რომლშიც ერთი უცნობი მხატვარი შეპარულიყო და ერთერთ კედელზე დიდი ნახატი დაეტოვებინა. ნახატი მართლაც ვეებერთელა იყო, ყველაფერი გარკვევით ჩანდა. როცა დაბალ კლასებში ვიყავით და სკოლიდან გამოვიდოდით, მოჩვენებებად გადავიქცეოდით ხოლმე და ბოილერში შევიპარებოდით. შესვლისთანავე ჩვენ წინ აღიმართებოდა ძალიან უცნაური სცენა, რომლის მნიშვნელობასაც თითქოს ვარკვევდით და თან შეკითხვებიც გვიჩნდებოდა. ამ კითხვებს არასოდეს ვუსვამდით ერთმანეთს. პასუხის გამცემი მაინც არავინ იყო. ასე გადიოდა დრო. მოგვიანებით კედლის ნახატი „ფოე-ფოე“ ჟურნალებმა, „აკრძალულმა“ ვიდეომასალამ და არც მეტი არც ნაკლები XXL-მა ჩაანაცვლა.

  ახლა იმ სამი დაწესებულებიდან მხოლოდ სკოლასღა შერჩა თავის პირვანდელი ფუნქცია. ბაგა-ბაღში იძულებით გადაადგილებულები დაასახლეს, ბოილერი ვიღაც ფულიანმა შეისყიდა და კეთილმოწყობილ შენობად აქცია, თუმცა რა ფუნქციას დააკისრებს კაციშვილმა არ იცის. ბუნებრივია ის ნახატი აღარ არსებობს (არამგონია თვალსაჩინოებისთვის დაეტოვებინათ). როცა იმ კედლისკენ ვიხედები, ყოველთვის ის ნახატი და ნერვიულობა მახსენდება (გვეშინოდა ვინმეს იქ არ დავენახეთ) ის ნახატი ალბათ ცხოვრების ბოლომდე დარჩება ჩემთვის ყველაზე ეროტიულ და ამავდროულად ყველაზე აკრძალულ ნამუშევრად.

  ჩემს ბავშობაში ეგრე იყო. სკოლაში ლიტერატურას, ისტორიას, გეოგრაფიასა და ფიზიკას ვსწავლობდით. ეგეთებს კი უცნობი მხატვარი გვასწავლიდა.

დავით გორგილაძე