16

უცნობი მხატვრის ეროტიკა

ამასწინათ ჩემი თაობის ვაჟიშვილების შესახებ დავწერე და თითქოს მკაცრად მქონდა გადაწყვეტილი მსგავს თემებზე აღარაფერს მოვყვები – მეთქი. ამას ისიც დაერთო, რომ ჩემმა მეგობარმა, ირაკლი გუნია უსაქმურად ყოფნისას გამეხუმრა შენ ხომ ქალების მწერალი ხარო, ეგეთი თემებით იზიდავ მკითხველებსო. ბუნებრივია ირაკლი ხუმრობდა, მაგრამ მისი ოხუნჯობა მაინც გულზე მომხვდა და იქიდან მოყოლებული საკუთარ თავს ცენზორად ვუდგავარ.      

  აღარც ეს წერილი დაიწერებოდა იმავე ირაკლი გუნიას ერთი განცხადება რომ არ ეჩვენებინა, რომლებსაც თურმე მეტროსადგურ რუსთაველთან არიგებდნენ. აქ წერდნენ „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ მიერ გაკეთებულ სასარგებლო საქმეებზე და მოსახლეობას მოუწოდებდნენ სოლიდარობა გამოეცხადებინათ ამ ორგანიზაციისთვის. სასარგებლო საქმეთა ჩამონათვალში ეწერა ისიც, რომ „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა“ შეაჩერა საჯარო სკოლებში გარყვნილობის (თუ არ ვცდები ამ სიტყვას იყენებდნენ) სწავლება.

   განცხადების წაკითხვისას გულწრფელად ჩავფიქრდი მართლაც საჭიროა თუ სკოლაში მამაკაცისა და ქალის სქესობრივი კონტაქტის შესახებ ასწავლონ – მეთქი. ბუნებრივია მე განათლების რეფორმასა და სწავლების მეთოდებში დიდი ვერაფერი ვინმე ვარ და ამ შემთხვევაში ისევ საკუთარი თავის მაგალითი და ჩემი თაობის გულანთებული ბიჭები გამახსენდა.

   გამახსენდა ბიოლოგიის გაკვეთილები, როცა ჩუმი ინტერესით, ერთმანეთისაგან ფარულად ყველანი ველოდებოდით ბოლოს წინა პარაგრაფამდე მისვლას, სადაც სქესობრივ კავშირზე ეწერა, ეგ გაკვეთილი ყველას ას-ასჯერ გვქონდა წაკითხული და მგონი უკვე ზეპირადაც ვიცოდით. ხოლო როცა ამ სანუკვარ პარაგრაფს მივუახლოვდით, მასწავლებელმა ცივი წყალი გადაგვასხა ის გაკვეთილი გამოტოვა და პირდაპირ ბოლო პარაგრაფისკენ გაგვიძღვა. ვერც ვერაფერი ვთქვით. მაშინ ეგეთ რამეზე რას იტყოდი?! „ტი შტო“?!

  მართალია წიგნიდან არა, მაგრამ მკაცრად გასაიდუმლოებულ ინფორმაციას სხვადასხვა გზებით მაინც ვიღებდით. მოარული ხმებისგან; პორნოგრაფიული გაზეთიდან, რომელსაც კორპუსის უკანა ეზოში შეულახავ მდგომარეობაში ვპოულობდით, თითქოს გამოწერილი გვქონდა (ეტყობა იმას, ვისაც ამ გაზეთზე ხელი მიუწვდებოდა ახალ-ახალი ნომრები მისდიოდა და ძველებს უცნაური მეთოდით და უცნაურ ადგილას იშორებდა ხოლმე) მოგვიანებით ჩემმა მეგომარმა კიდევ ერთ აკრძალული ინფორმაციის წყაროს მიაგნო , რომელიც ყოველთვის ერთსა და იმას გვეუბნებოდა, არასოდეს იცვლებოდა, მაგრამ მაინც ყოველთვის ჰქონდა თავის ეშხი და ფასი: ჩემი უბნის სკოლასა და ბაგა-ბაღს შორის წყლის ძველი და დანგრეული ბოილერი იდგა, რომლშიც ერთი უცნობი მხატვარი შეპარულიყო და ერთერთ კედელზე დიდი ნახატი დაეტოვებინა. ნახატი მართლაც ვეებერთელა იყო, ყველაფერი გარკვევით ჩანდა. როცა დაბალ კლასებში ვიყავით და სკოლიდან გამოვიდოდით, მოჩვენებებად გადავიქცეოდით ხოლმე და ბოილერში შევიპარებოდით. შესვლისთანავე ჩვენ წინ აღიმართებოდა ძალიან უცნაური სცენა, რომლის მნიშვნელობასაც თითქოს ვარკვევდით და თან შეკითხვებიც გვიჩნდებოდა. ამ კითხვებს არასოდეს ვუსვამდით ერთმანეთს. პასუხის გამცემი მაინც არავინ იყო. ასე გადიოდა დრო. მოგვიანებით კედლის ნახატი „ფოე-ფოე“ ჟურნალებმა, „აკრძალულმა“ ვიდეომასალამ და არც მეტი არც ნაკლები XXL-მა ჩაანაცვლა.

  ახლა იმ სამი დაწესებულებიდან მხოლოდ სკოლასღა შერჩა თავის პირვანდელი ფუნქცია. ბაგა-ბაღში იძულებით გადაადგილებულები დაასახლეს, ბოილერი ვიღაც ფულიანმა შეისყიდა და კეთილმოწყობილ შენობად აქცია, თუმცა რა ფუნქციას დააკისრებს კაციშვილმა არ იცის. ბუნებრივია ის ნახატი აღარ არსებობს (არამგონია თვალსაჩინოებისთვის დაეტოვებინათ). როცა იმ კედლისკენ ვიხედები, ყოველთვის ის ნახატი და ნერვიულობა მახსენდება (გვეშინოდა ვინმეს იქ არ დავენახეთ) ის ნახატი ალბათ ცხოვრების ბოლომდე დარჩება ჩემთვის ყველაზე ეროტიულ და ამავდროულად ყველაზე აკრძალულ ნამუშევრად.

  ჩემს ბავშობაში ეგრე იყო. სკოლაში ლიტერატურას, ისტორიას, გეოგრაფიასა და ფიზიკას ვსწავლობდით. ეგეთებს კი უცნობი მხატვარი გვასწავლიდა.

დავით გორგილაძე