23

მე ავად ვარ

მეხუთე თვეა ვცდილობ გავიღვიძო . მერე ვხვდები რომ ხუთი თვეა საერთოდაც არ მძინებია, სულ მღვიძავს. არ ვწვები და არ ვდგები, უბრალოდ ხან ვდგავარ და ხან ვწევარ. ხანდახან  უძილობა ჯოჯოხეთურად აუტანელი ხდება და მინდება სულ ათი წუთით მაინც მოვკვდე. მაშინ ბაბუაჩემის ნაჩუქარ აქლემის ტყავის ლაბადას ვიფარებ სახეზე. არც ეს მშველის, მაგრამ ერთ სამსახურს კი მიწევს – ბავშობის ამბებს მახსენებს.  .  .

            . . . მე მქვია აურელიანო  კრუსი. ბავშვობაშიც აურელიანო კრუსი მერქვა, მაგრამ მაშინ სხვა აურელიანო კრუსი ვიყავი. მხრები ცოდვებით არ მქონია დამძიმებული, არც უამრავი პრობლემა მედო ალესილი ხანჯალივით კისერზე, არც ცოლი მყავდა (მერე სამი გამოვიცვალე), არც გული მქონდა სავსე სიძულვილით  და ბავშვური სილამაზეც დამკრავდა სახეზე  (უნდა ვაღიარო, ჩემი შესახედაობა ცხოვრებამ გვარიანად იხმარა) . . .

            მართალია მღვიძავს, მაგრამ სიზმრებს ვხედავ. სიზმრებს. . . სიზმრებს არა, მოჩვენებებს ვხედავ. ამ ხუთ თვეში გუბერნატორის სახლშიც ვივახშმე, მარიბელასაც ჩავაკითხე მადრიდში (ყვავილებით ხელში),  შარლ  აზნავურის კონცერტს დავესწარი პარიზში. ამისთვის სახლიდან გასვლაც არ დამჭირვებია.. .დამენძრა. აქლემის ლაბადას ვიფარებ . . .

            . . .  ბავშვობაში ჩემს ოჯახს ერთი მწერალი სტუმრობა, პედრო სანჩესი. ბაბუაჩემი ამბობდა კარგი მწერალია, მაგრამ პოლიტიკური შეხედულებების გამო არ გაახარესო. პედრო სანჩესმა, დაწუნებულმა მწერალმა,  ჩემზე თქვა ამაზე ნათელი გონების ბავშვი არასოდეს შემხვედრია, ეს მწერალი უნდა გახდესო. მეც დავუჯერე. სამწუხაროდ. . . მომბეზრდა მკვდრად ყოფნა. აქლემის ლაბადას ვიხდი. . .

            . . . მე, აურელიანო კრუსი, ცნობილი მწერალი ვარ. ყველა მეტნაკლებად განათლებულმა ადამიანმა იცის ჩემი სახელი. ცოტა უფრო განათლებულ ადამიანს კი ჩემი ერთი წიგნი მაინც წაუკითხავს. მთალდ  იდიოტებს კი – ყველა. ცხრამეტი წიგნი დავწერე. სამოცდაათამდე მოთხრობა. დაახლოებით ამდენივე  ესსე და ერთიც სალექციო სიტყვა, რომელიც ნობელის პრემიით დაჯილდოების ცერემონიალზე წავიკითხე.

            ამ დღის მერე თხუთმეტი წელი გავიდა, მე კი მხოლოდ ერთი რომანის შექმნა შევძელი. რომანის . . . რომანის?  . . . იმ თაროსკენ გახედვაც არ მინდა სადაც ეგ წიგნი დევს. ახლა კიდევ ერთ რომანს ვეჭიდავები.  .  .  ძველეგვიპტელ  მონებზე. ამაზე დიდი იდიოტობა ხულიო ესკობარსაც (ჩვენი ქალაქის მეორე მწერალს) კი არ დაუწერია. წერის დროს გული მერევა. დამენძრა . . . სიგარეტის კვამლში ვახვევ ყველაფერს. აქლემის ლაბადაც სიგარეტის სუნითაა გაჟღენთილი, მაგრამ მე მაინც ვიფარებ. სიკვდილი მინდა ათი წუთით . . .

 . . . პირველი ცოლი – ადელა მაკედო, ოცდაოთხისამ მოვიყვანე. აქვე ვიტყვი:  დიდი უმაქნისი ქალი იყო. არც გარეგნობით გადარევდა კაცს. ფეხები ოდნავ სქელი, მკერდი სასურველზე ბევრად დიდი (ყველაზე ხარბი კაცისთვისაც კი), თვალები – უმეტყველო, მაგრამ ტუჩები ჰქონდა. . . სხვა რომ არაფერი ყოფილიყო, მის ტუჩებს ვითხოვდი ცოლად. ლაბადას ვიძრობ. ეგებ ადელას ტუჩებმა მიშველოს და რომანის დასრულება შევძლო. . .

. . .  სიგარეტის კვამლში ვეხვევი. საწერად ვჯდები, მაგრამ ადელას ტუჩები  ვერაფერს მშველის. კიდევ ერთი სიგარეტი . . . კიდევ მეორე . . . მესამე სიგარეტი. ადელას ტუჩების გემოც კი აღარ მახსოვს. ნეტავ სად არის ახლა ადელა? დავურეკო? ტელეფონს ვიღებ, მაგრამ ვხვდები, რომ ადელა  ოცი წლის აღარ იქნება და მისი ტუჩების დანახვა საქმეს უფრო გააფუჭებს. აჯობებს ისეთი მახსოვდეს, როგორსაც მაშინ ვკოცნიდი. სიგარეტის კვამლში ვეხვევი. დამენძრა . . .

. . . ალისია, ჩემი მეორე ცოლი, სულაც არ იყო ცუდი ქალი. შესახედათაც არაუჭირდა, საჭმლის მომზადებაც ეხერხებოდა და არც ლოგინის საქმე გამოსდიოდა ცუდად. შეიძლება ითქვას ბედნიერებიც ვიყავით, მაგრამ ერთხელაც შხაპი მიიღო, ჩვენს საძინებელში შევიდა, გაიხადა და დაწვა. ამით ყველაფერი დაასრულა.  თუმცა მთავარი დამავიწყდა. ჩვენს საძინებელში შევიდა კარმენ  გაესთან ერთად. საინტერესო ყმაწვილი იყო კარმენ გაესი . . . ორი წლის წინ აღესრულნენ  ალისია და კარმენი ერთად, თავიანთ საწოლში, ჩახუტებულები. სიცოცხლის ბოლო წუთამდე უყვარდათ ერთმანეთი თურმე.

სიგარეტის კვამლში ვეხვევი. საწერ მაგიდასთან ვზივარ, მაგრამ სიტყვა რომ სიტყვაა, იმასაც ვერ ვამატებ ნაწერს. აბაზანაში შევდივარ, წყალი უნდა შევისხა სახეზე, მაგრამ როცა შევედი, გამახსენდა რომ ხუთი წუთის წინ გავაკეთე ეს.

სუნთქვას ვიკრავ. თითქოს მინდა გული წამივიდეს, მაგრამ ვერ ვძლებ. დამენძრა . . . ფილომენა? ჩემი უკანასკნელი ცოლი? ის ვერაფრით დამეხმარება? . .  ფილომენასთან გატარებული ჩემი უკანასკნელი ღამე მახსენდება, როცა  სამსაათიანი უშედეგო  ბრძოლების შემდეგ მოურიდებლად მომახალა:

–         შენი ინსტრუმენტი შენს ბოლო რომანს დაემსგავა აურელიანო.

–         რას გულისხმობ?

–         სისხარტეც მოაკლდა, ინტერესიც და ზომაც.

მე ამ სიტყვების მერე მინდა მიწამ პირი მიყოს და შიგ ჩამიტანოს, მაგრამ ასე არ ხდება და ვცდილობ მდგომარეობა შევიმსუბუქო:

–         შენ ჩემს რომანებსაც კითხულობ? – ფილომენას უკვე სძინავს . . .

 . . . მინდა ჩავიცვა, მაგრამ როცა ტანზე  ვიხედები, ყველაფერი ზედ მაცვია. ჭამა მინდა – მუცელი სავსე მაქვს. ტეკილას ვიყუდებ, მაგრამ დიდი ხანია მთვრალი ვარ. სიგარეტის კვამლში ვეხვევი. აღარც აქლემის ლაბადა მინდა. ბავშვობაც მეჯავრება და პედრო  სანჩესიც იმ რჩევის გამო.

მოიცადეთ! ოთახში ვიღაც შემოდის. მამაჩემი? რამ გაახსენა ჩემი თავი?

–         სიგარეტის სუნია აურელიანო, სიგარეტი  მოწიე  საზიზღარო  ბავშვო?

–         დამენძრა.

დავით გორგილაძე

41

ორი გოგო და ორიც ლარი

მაშინ ჯერ სად იყო რკინის ფული. ქობულეთში გაგანია სეზონი იდგა. მე  მთელი მაყუთი დახარჯული მქონდა. საღამოხანს  ხელები  სახლის ღობეზე  ჩამომელაგებინა,  ჯიბეში ტკიცინა ორლარიანი მეგულებოდა  და თავი კაცი მეგონა. ორი ლარი რა, ფული არ არის?!

ის-ის იყო ამხელა ფულის პატრონი კაცი გასართობად მიმავალ ხალხს შურის თვალით გავყურებდი, რომ მათ რიგებში ჩემი ორი ძველი მეგობარი გოგოც გამოერია. ატყდა იქ ერთი ამბავი;  რავა ხარ –  რას შვრები;  როდის ჩამოხვედი – როდის მიდიხარ; სხვა რავა ხარ – სხვა რას შვრები. ეგრე ამოვწურეთ მთელი  ბიუროკრატია და ჯერი მიდგა საბედისწერო შემოთავაზებაზე: „წამოდი, პარკში გავისეირნოთ“ .მერჩივნა ეთქვათ: „წამოდი, საწამლავი დაგალევინოთ“ ან  „წამოდი, ზღვაში შევიდეთ და აღარ გამოვიდეთ, მაგრამ მაინცდამაინც პარკში გასეირნება მთხოვეს. მე თავი კი კაცი მგონია, მაგრამ ჯიბეში რო მარტო ზაქარიას სურათი მიდევს ეგ ამბავი ხო არ დაგვიწყებიათ?

მივიხედე-მოვიხედე. კაცი შვილი ჩემი ნაცნობი, მეგობარი, ოჯახის წევრი არაა რო ფული გამოვართვა. მაშინ დაიკარგება ხოლმე ყველა!  ბედი არ გინდა?! უარის სათქმელად  მიზეზების მოფიქრება შემეძლო:  არ მცალია; შეუძლოდ ვარ . . . მაგრამ მე ყველაზე მაგარი მოვიფიქრე. . . წავყევი.

რისი „თავით“ მივყვებოდი არ ვიცოდი, მაგრამ ერთი კი მყარად მქონდა შეგნებული: რო არ „დავმწვარიყავი“, სასწაულების მოხდენა მომიწევდა (სამაგიეროდ მერე ვიტყოდი ქალის გულისთვის სიგიჟეები ჩამიდენია – მეთქი. გივი სიხარულიძისა არ იყოს)

–         რითი წავიდეთ? მკითხა ერთმა. (ჰო, მართლა, დამავიწყდა მეთქვა: ჩვენ ქობულეთის ერთ ბოლოში ვიდექით, წასასვლელები კი მეორე ბოლოში ვიყავით)

–         ფეხით. წყნარად და დამაჯერებლად მივუგე . მხოლოდ ასე თუ გაერთობი ბოლომდე – ესეც მივაყოლე.

თვალებში ხო წაგიკითხავთ ვის რა გაუფიქრია თქვენთან საუბრისას? მე ზუსტად ეს წავიკითხე ერთერთის თვალებში:

–         ერიჰაააა, ეს მგონი ვერ არის.

ძალაზე ისინი დადგნენ, ძალაზე მე. ბოლოს გავიმარჯვე და დავიძარით (თან დავპირდი ნამდვილი ქობულეთის გემოს განახებთ – მეთქი. . . მაშინაც გამეცინა). ვინ ვინ და მე კი დარწმუნებული ვიყავი, რომ ფილეას ფოგზე რთული მისია მეკისრა.

            ასე მივუყვებოდით ზღვის ჯებირს. წამოსვლიდან ათიოდე წუთში მთელი სალაპარაკო თემები ამოვწურეთ და . . .  გზაზე სამი დადუმებული ადამიანი მიდიოდა. დაახლოებით მეშვიდე კილომეტრზე დიდი მოწიწებით გამიმხილეს რომ დაიღალნენ.

–         სადმე ხომ არ დავსხდეთ? – (ახლა ვეჭვობ კაფე იგულისხმეს)  მე კი ჯებირისკენ გავიშვირე ხელი და კარგი მასპინძელივით მივაცილე.

ქობულეთის პარკში მივაღწიეთ (!). მისვლას იმას ვერ დავარქმევ. ხუთი წუთის შემდეგ მშობლებისგან მიტოვებული ბავშვებივით ვისხედით სკამზე და გვეძინებოდა. ვამთქნარებდით (პირზე ხელი არ აგვიფარებია არცერთს)

            სკამზე დავისვენეთ. ახლა ის დროა სადმე რო უნდა დაპატიჟო. არა, ფული კი მაქვს (ორი ლარი) , ეგ არაა პრობლემა, მარა. . .  მარა მაინც.

–         ჩემი ბიძაშვილი იცით რა ყავას ადუღებს? წამოდით, გეპატიჟებით – დავპატიჟე, პატივი ვეცი.

სხვა რა გზა ქონდათ? დამთანხმდნენ.

–         რითი დავბრუნდეთ უკან? – ახლა მე დავასწარი კითხვა და პასუხს არ დაველოდე. საკმარისი იყო ასო ფ მეხსენებინა და ყელს გამომჭრიდნენ.

მივედი ტაქსისტთან. ორ ლარად წაგვიყვან?

–         არა.

მაშინ მე ჩამოვთვალე ყველა ადამიანის სახელი ვისაც კი ვიცნობდი და ვინც კი ოდესმე თვალით მენახა. როს როდის ერთი ნაცნობი გამოგვერია და მანქანაც დაიძრა ქობულეთის გარეუბნისკენ.

სახლთან რო მივედით, მთელი ეზო გადავსებული დამხვდა ხალხით (რო მჭირდებოდით მაშინ  სად იყავით დალოცვილებო?). ზოგი ნარდს უბერავს, ზოგი ტელევიზორს უყურებს.

ესენი რო ვერანდაზე მოვახვედრო (სადაც ყავა უნდა დავალევინო), ჯერ ეს ეზო უნდა გავატარო, მერე კიბეებზე ავიყვანო და ბოლოს  – კორიდორი . კიბეებს ავცდით, კორიდორში შევიხედე და რას ვხედავ: მამაჩემს სძინავს.

–         მამა, შეგიძლია რომელიმე ოთახში დაიძინო? მეგობრები უნდა მოვიდნენ – ვაღვიძებ.  მამაჩემი ბუზღუნ-ბუზღუნით წავიდა.

ყავა დავლიეთ. . . ცოტა ხანში:

–         „სტრეპტოციტში“ ხო არ წავიდეთ საცეკვაოდ? – მკითხეს

რამდენი მიზეზის მოფიქრება შემეძო უარისთვის?, მაგრამ მე ვუპასუხე, რომ . .  თუმცა, ამას რა მნიშვნელობა აქვს.

დავით გორგილაძე