მე ავად ვარ

მეხუთე თვეა ვცდილობ გავიღვიძო . მერე ვხვდები რომ ხუთი თვეა საერთოდაც არ მძინებია, სულ მღვიძავს. არ ვწვები და არ ვდგები, უბრალოდ ხან ვდგავარ და ხან ვწევარ. ხანდახან  უძილობა ჯოჯოხეთურად აუტანელი ხდება და მინდება სულ ათი წუთით მაინც მოვკვდე. მაშინ ბაბუაჩემის ნაჩუქარ აქლემის ტყავის ლაბადას ვიფარებ სახეზე. არც ეს მშველის, მაგრამ ერთ სამსახურს კი მიწევს – ბავშობის ამბებს მახსენებს.  .  .

            . . . მე მქვია აურელიანო  კრუსი. ბავშვობაშიც აურელიანო კრუსი მერქვა, მაგრამ მაშინ სხვა აურელიანო კრუსი ვიყავი. მხრები ცოდვებით არ მქონია დამძიმებული, არც უამრავი პრობლემა მედო ალესილი ხანჯალივით კისერზე, არც ცოლი მყავდა (მერე სამი გამოვიცვალე), არც გული მქონდა სავსე სიძულვილით  და ბავშვური სილამაზეც დამკრავდა სახეზე  (უნდა ვაღიარო, ჩემი შესახედაობა ცხოვრებამ გვარიანად იხმარა) . . .

            მართალია მღვიძავს, მაგრამ სიზმრებს ვხედავ. სიზმრებს. . . სიზმრებს არა, მოჩვენებებს ვხედავ. ამ ხუთ თვეში გუბერნატორის სახლშიც ვივახშმე, მარიბელასაც ჩავაკითხე მადრიდში (ყვავილებით ხელში),  შარლ  აზნავურის კონცერტს დავესწარი პარიზში. ამისთვის სახლიდან გასვლაც არ დამჭირვებია.. .დამენძრა. აქლემის ლაბადას ვიფარებ . . .

            . . .  ბავშვობაში ჩემს ოჯახს ერთი მწერალი სტუმრობა, პედრო სანჩესი. ბაბუაჩემი ამბობდა კარგი მწერალია, მაგრამ პოლიტიკური შეხედულებების გამო არ გაახარესო. პედრო სანჩესმა, დაწუნებულმა მწერალმა,  ჩემზე თქვა ამაზე ნათელი გონების ბავშვი არასოდეს შემხვედრია, ეს მწერალი უნდა გახდესო. მეც დავუჯერე. სამწუხაროდ. . . მომბეზრდა მკვდრად ყოფნა. აქლემის ლაბადას ვიხდი. . .

            . . . მე, აურელიანო კრუსი, ცნობილი მწერალი ვარ. ყველა მეტნაკლებად განათლებულმა ადამიანმა იცის ჩემი სახელი. ცოტა უფრო განათლებულ ადამიანს კი ჩემი ერთი წიგნი მაინც წაუკითხავს. მთალდ  იდიოტებს კი – ყველა. ცხრამეტი წიგნი დავწერე. სამოცდაათამდე მოთხრობა. დაახლოებით ამდენივე  ესსე და ერთიც სალექციო სიტყვა, რომელიც ნობელის პრემიით დაჯილდოების ცერემონიალზე წავიკითხე.

            ამ დღის მერე თხუთმეტი წელი გავიდა, მე კი მხოლოდ ერთი რომანის შექმნა შევძელი. რომანის . . . რომანის?  . . . იმ თაროსკენ გახედვაც არ მინდა სადაც ეგ წიგნი დევს. ახლა კიდევ ერთ რომანს ვეჭიდავები.  .  .  ძველეგვიპტელ  მონებზე. ამაზე დიდი იდიოტობა ხულიო ესკობარსაც (ჩვენი ქალაქის მეორე მწერალს) კი არ დაუწერია. წერის დროს გული მერევა. დამენძრა . . . სიგარეტის კვამლში ვახვევ ყველაფერს. აქლემის ლაბადაც სიგარეტის სუნითაა გაჟღენთილი, მაგრამ მე მაინც ვიფარებ. სიკვდილი მინდა ათი წუთით . . .

 . . . პირველი ცოლი – ადელა მაკედო, ოცდაოთხისამ მოვიყვანე. აქვე ვიტყვი:  დიდი უმაქნისი ქალი იყო. არც გარეგნობით გადარევდა კაცს. ფეხები ოდნავ სქელი, მკერდი სასურველზე ბევრად დიდი (ყველაზე ხარბი კაცისთვისაც კი), თვალები – უმეტყველო, მაგრამ ტუჩები ჰქონდა. . . სხვა რომ არაფერი ყოფილიყო, მის ტუჩებს ვითხოვდი ცოლად. ლაბადას ვიძრობ. ეგებ ადელას ტუჩებმა მიშველოს და რომანის დასრულება შევძლო. . .

. . .  სიგარეტის კვამლში ვეხვევი. საწერად ვჯდები, მაგრამ ადელას ტუჩები  ვერაფერს მშველის. კიდევ ერთი სიგარეტი . . . კიდევ მეორე . . . მესამე სიგარეტი. ადელას ტუჩების გემოც კი აღარ მახსოვს. ნეტავ სად არის ახლა ადელა? დავურეკო? ტელეფონს ვიღებ, მაგრამ ვხვდები, რომ ადელა  ოცი წლის აღარ იქნება და მისი ტუჩების დანახვა საქმეს უფრო გააფუჭებს. აჯობებს ისეთი მახსოვდეს, როგორსაც მაშინ ვკოცნიდი. სიგარეტის კვამლში ვეხვევი. დამენძრა . . .

. . . ალისია, ჩემი მეორე ცოლი, სულაც არ იყო ცუდი ქალი. შესახედათაც არაუჭირდა, საჭმლის მომზადებაც ეხერხებოდა და არც ლოგინის საქმე გამოსდიოდა ცუდად. შეიძლება ითქვას ბედნიერებიც ვიყავით, მაგრამ ერთხელაც შხაპი მიიღო, ჩვენს საძინებელში შევიდა, გაიხადა და დაწვა. ამით ყველაფერი დაასრულა.  თუმცა მთავარი დამავიწყდა. ჩვენს საძინებელში შევიდა კარმენ  გაესთან ერთად. საინტერესო ყმაწვილი იყო კარმენ გაესი . . . ორი წლის წინ აღესრულნენ  ალისია და კარმენი ერთად, თავიანთ საწოლში, ჩახუტებულები. სიცოცხლის ბოლო წუთამდე უყვარდათ ერთმანეთი თურმე.

სიგარეტის კვამლში ვეხვევი. საწერ მაგიდასთან ვზივარ, მაგრამ სიტყვა რომ სიტყვაა, იმასაც ვერ ვამატებ ნაწერს. აბაზანაში შევდივარ, წყალი უნდა შევისხა სახეზე, მაგრამ როცა შევედი, გამახსენდა რომ ხუთი წუთის წინ გავაკეთე ეს.

სუნთქვას ვიკრავ. თითქოს მინდა გული წამივიდეს, მაგრამ ვერ ვძლებ. დამენძრა . . . ფილომენა? ჩემი უკანასკნელი ცოლი? ის ვერაფრით დამეხმარება? . .  ფილომენასთან გატარებული ჩემი უკანასკნელი ღამე მახსენდება, როცა  სამსაათიანი უშედეგო  ბრძოლების შემდეგ მოურიდებლად მომახალა:

–         შენი ინსტრუმენტი შენს ბოლო რომანს დაემსგავა აურელიანო.

–         რას გულისხმობ?

–         სისხარტეც მოაკლდა, ინტერესიც და ზომაც.

მე ამ სიტყვების მერე მინდა მიწამ პირი მიყოს და შიგ ჩამიტანოს, მაგრამ ასე არ ხდება და ვცდილობ მდგომარეობა შევიმსუბუქო:

–         შენ ჩემს რომანებსაც კითხულობ? – ფილომენას უკვე სძინავს . . .

 . . . მინდა ჩავიცვა, მაგრამ როცა ტანზე  ვიხედები, ყველაფერი ზედ მაცვია. ჭამა მინდა – მუცელი სავსე მაქვს. ტეკილას ვიყუდებ, მაგრამ დიდი ხანია მთვრალი ვარ. სიგარეტის კვამლში ვეხვევი. აღარც აქლემის ლაბადა მინდა. ბავშვობაც მეჯავრება და პედრო  სანჩესიც იმ რჩევის გამო.

მოიცადეთ! ოთახში ვიღაც შემოდის. მამაჩემი? რამ გაახსენა ჩემი თავი?

–         სიგარეტის სუნია აურელიანო, სიგარეტი  მოწიე  საზიზღარო  ბავშვო?

–         დამენძრა.

დავით გორგილაძე

23 thoughts on “მე ავად ვარ

  1. ჰაჰაჰაა!! რა დასასრულიიიი 😀 მომეწონა გორგილ🙂 მოწოდების სიმაღლეზე ხარ როგორც ყოველთვის🙂

  2. dzalian magaria!!! dzalian magariiiiiiiii!!! :))))))))))))))) pirvelad vkitxulob shens nawers da vxvdebi,rom momavalshi chemi shvilishvilebi rom waikitxaven shen nawarmoebebs,iseti interesit, rogorc dgehs me vkitxulob selenjers da ase shemdeg, sibereshi vityvi gorgiladze chemi tanamedrove iyo tqo!!! ;))))))))))))))))))) da ertxel kargadac gamashayira- metqi! (nergadze var ginda tua ara!! ) 😀

  3. ვა დავით.. მომეწონა ჩავიკითხე კარქათ ^^ განსაკუთრებით ის ადგილი იყო ძალიან მაგარი. “მაგრამ ერთხელაც შხაპი მიიღო, ჩვენს საძინებელში შევიდა, გაიხადა და დაწვა. თუმცა მთავარი დამავიწყდა. ჩვენს საძინებელში შევიდა კარმენ გაესთან ერთად.” აი რავიცი, კარგად იყო მოფიქრებული ^^

  4. ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე… ზოგი აბზაცი რამდენჯერმეც… ერთი ამოსუნთქვით წერ დავით და იმიტომ! არ გეპირფერები! განსხვავებული სტილი გაქვს, ქართული ლიტერატურისთვის და პროზისთვის არადამახასიათებელი და ამიტომაც მჯერა, ,,ასეთი ნათელი გონების ბავშვი” ( ჩემთვის ყოველთვის ბავშვი იქნები და არ გეწყინოს:) ძნელად მოიძებნება…🙂
    გისურვებ შემოქმედებით წარმატებას.
    მე ყოველთვის მჯეროდა შენი:)
    ეკა სილაგაძე

  5. dawyebac sakaifo iyo da damtavrebac nu rogorc yoveltvis dgesac es motxroba dzalian momewona datooo sheni fani var ase gamodis.😀 nu mokled warmatebebi da male kidev axlebs veliiit :* nichiero mweralo :*

  6. rooooooooooogori nichieri xaaaar forreeeest :*:*:*:* dzaaaaaaalian magari rame sheHkmeni!!!:D mindoda rom ar damtavrebuliyo…sheni wignis wakitxva minda da roooodis shemedzlebaa?😛

  7. ამ დასასრულმა ყველა ,,შენს” დანარჩენ დასასრულზე მეტად მომხიბლა

  8. შენი მუდმივი მკითხველი ხარ… აქამდე იმდენად მომწონდა ვერ ვხვდებოდი რა უნდა დამეწერა…ახლაც მხოლოდ იმას დავწერ რომ თითქმის ყოველდღე იმ იმედით შემოვდივარ რომ იქნებ და ახალი პოსტი დამხვდეს🙂
    წარმატებები…

  9. გორგილ, შენი ნაწერების წაკითხვის მერე ღიმილი არ მშორდება სახეზე : )
    ძალიან სასიამოვნოდ წერ, ალბათ უკვე მერამდენედ გეუბნები ამას და არც მრცხვენია გამეორების : )

    ზაფხულში არ გეგონოს, არ გკითხულობდი : ))
    ლეპტოპი მქონდა წაღებული, შენი ნაწერები მაქვს შენახული და ძილის წინ იავნანასავით მქონდა მომზადებული : ))
    სასიამოვნოდ გავატარე ზაფხული, ნაწილობრივ შენი დამსახურებით🙂

  10. და წაკითხვის სიამოვნება წინ აქვს? :)) ვერ მივხვდი კომპლიმენტად მივიღო თუ პირიქით🙂

  11. რათქმაუნდა კომპლიმენტად :p
    როგორც ბატონი ვასილ კეჟერაძე იტყოდა: ეჰ, მე ეს ბედნიერება უკვე განვლილი მაქვს😦

  12. ცნობილი მწერალი ვარ. ყველა მეტნაკლებად განათლებულმა ადამიანმა იცის ჩემი სახელი. ცოტა უფრო განათლებულ ადამიანს კი ჩემი ერთი წიგნი მაინც წაუკითხავს. მთალდ იდიოტებს კი – ყველა

    namdvilad kargia da tan sakaipod shemkvani. momecona

  13. კარგია ძალიან, სხვა პოსტებიც მომეწონა, მაგრამ ეს მართლა ყველაზე კარგი იყო. ერთ–ერთი კომენტარი იყო ასეთი _ ლათინო–ამერიკული სუნი უდისო და აი მართლა!
    იმდენად მომეწონა, რომ მეგონა მარკეს–ბორხეს–ალიენეს კარგ ქართულ თარგმანს ვკითხულობდი🙂
    P.S. ზოგადად, მართლა შესანიშნავზე შესანიშნავი სტილი გაქვს!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s