ყოველთვის, როდესაც ჩხუბზე, გაწევ – გამოწევასა და გარჩევაზე მომესმება რაიმე, მაშინვე წარმომიდგება სურათი როგორ მიახლოვდება ჩემი ერთი შორეული ნაცნობი სასოწარკვეთილი სახით და მთხოვს მას და სოსოს ჩხუბში დავეხმარო. . . მოიცადეთ, ჯერ სად ხართ.
მაშინ ჯერ სათვალეს არ ვატარებდი, არც მაინცდამაინც გამოსული ბიჭი მეთქმოდა და თან ვაზისუბნელი ვიყავი (ახლაც ვარ), მეოთხესპირველელი. ეხუმრებით? ოთხმოცდაათიანებში ყველა უბანში რომ ადამიანურად – დანებითა და იარაღებით ჩხუბობდნენ „შაიკები“, ჩვენთან ეგეთი გარჩევები „ლიმონკებით“ გვარდებოდა. . . ერთიცაა და აუჩქარებლად მოვაბიჯებ ტანჯული დედაქალაქის ერთერთ მთავარ ქუჩაზე და ნაცნობი მეფეთება. ეს იცით როგორი ნაცნობია? სხვა დროს გვერდით რომ გაუვლი და ერთმანეთს სიტყვიერად კი არა, თავის დაქნევით რომ მიესალმებით და ღიმილით რომ მოიკითხავთ. ნურას უკაცრავად! ახლა გადამეხვია. აბა დავით როგორ ხარ და რას შვრები, შენი ჭირი მე და შენ გენაცვალე, სახლში რას შვრებით, ხომ კარგად? (ოჯახის წევრების სახელები არ იცის, მაგრამ მაინც გულიანად მაბარებს მოკითხვას). ყველაფერი რო რიგზე ვერ იყო ვხვდებოდი, მაგრამ მიზეზამმდე შორს ვიყავი – სამი შანსი რომ მოგეცათ, თავის მინიშნებებით, მაინც ვერ მივხვდებოდი. თქმა არ დამჭირვებია, მოკითხვიდან თვითონვე გადავიდა საქმეზე: „მე და სოსოს ჩხუბი გვაქვს“. ისე, რომ იცოდეთ ეს სოსო ვინაა – არ ვიცი.
– ჰოო? რა მოხდა? ვისთან? – დავინტერესდი (ვითომ)
– აი, მესნი ახვრები არიან რა
– ჰოო? – არადა ძაან მკიდია მაგ დროს ეს მესნი ახვრები (რომლებიც შეიძლება სულაც არ არიან ახვრები), რას უზამენ ამას და სოსოს (რომელიც არც კი ვიცი ვინ არის)
– უნდა გამომყვე დავით რა, კაცურად, სხვა გზა არაა.
რა უნდა მექნა? თქვენ რას იზამდით? – გავყევი, რაღა. თან გზაში ვეკითხები:
– სად არიან? სად უნდა ჩავიდეთ?
ამ შეკითხვაზე ჩემი ნაცნობი მისახელებს ადგილს – რაღა მანდ გიჩხუბია და რაღა პროკურატურის შენობის ეზოში. ან კიდევ უარეს ადგილას – შიგ პროკურატურის შენობაში.
მეც კაი ძველი ბიჭივით რჩევას ვაძლევ ამ ჩემს ნაცნობს: „მოდი ცოტა მყუდრო ადგილას ვილაპარაკოთ, მე მაღლა ავალ და იმათაც აუხსენი და ამოიყვანე რა“
შედეგად თურმე ეს იდიოტი ჩემი ნაცნობი ჩადის იქ და „მესნი ახვრებს“ ეუბნება დათო გორგილაძე გიბარებთო. იდიოტია აბა ვინ არის?
გავიხედე და მოდიან: ეს იდიოტი, საცოდავი სოსო და მგლების „შაიკა“. იცით როგორი ტიპები? თავგადაპარსულები, ზაფხულშიც რო თბილად აცვიათ – ტყავის „კურტკები“ და შინგნით რო აბრეზებს და „დუბინკებს“ მალავენ.
– ერიჰააააა
მივხვდი ტრაკისკენ იყო ჩემი საქმე. „ვის დაკარგვია ეს სოსო? ან ვინაა საერთოდ? იცნობ? რა გინდოდა რო მოდიოდი? ახლა რო დაგალილავენებ მერე სოსომ გიმკურნალოს, „ტოჟე მნე რობინ გუდ ბლიად“ – ვეუბნები ჩემს თავს. ჰოდა ის ისაა მგონია რო წიხლ ქვეშ გამიფენენ ამ ორთან ერთად, რო „გლავარი“, ყველაზე მგელი, მომმართავს:
– დავით, იზვინი ძმაო რო შეგაწუხეთ, პატარა გაუგებრობაა, მეტი არაფერი.
– ოპააააააააა, მაგარ პონტში ვააარ, ვიღაცაში ვეშლები (ოღონდ ეს ვიფიქრე, არ მითქვამს)
მე უცებ ცალი თვალი მოვჭუტე, ანუ იმიჯი შევიქმენი, რო რომელიღაც თავანის ჩაბარების დროს „ხიპიში“ აიწია და ვიღაც ჩათლახმა დამიზიანა. ჰოდა შევიფერე და შევიფერე. გავუშვი და გავუშვი.
წავიდა იქ „ვზროსლი ძმის“ დარიგებები: „მეორედ არ დავინახო იჩხუბოთ“, „აბა ხელი ჩამოართვით და გადაკოცნეთ“, „გულში არაფერი ჩაგრჩეთ“, „ამის მერე სხვა რო მოვიდეს სხვას ერთად უნდა ეომოთ ბიჭო“ . . .
რამდენიმე თვის შემდეგ, უკვე სათვალიანი და მკლავქვეშ წიგნებამოჩრილი ისევ მივუყვები მრავალჭირნახადი თბილისის ქუჩას. უცებ ის ტიპი იჩითება, „გლავარი“ და მესალმება: „გაუმარჯოს დავით“.
– გაგიმარჯოს
– რას შვრები, როგორ ხარ?
– რა ვიცი აბა. ჩვენ კონფერენციაზე გამოვდიოდით ერთად არა? მაქედან ვიცნობთ ერთმანეთს – ღმერთი, რჯული ვერ ვიცანი, მოწესრიგებულად ეცვა.
პასუხს ვერ მცემს, დადებილებული მიყურებს. . .
რას ფიქრობდა ნეტაი ჩემზე? ალბათ გაიფიქრა „მასკიროვკა აქვსო“ ან . . . ან რა ვიცი ახლა მე იმან რა გაიფიქრა.
დავით გორგილაძე