ვენერას სასწაულების შესახებ ჩემს უბანში ყველამ იცოდა. ვენერა მიწისქვეშა დაწესებულება „აფროდიტეს“ ერთერთი მთავარი დიასახლისი იყო. ვინც კი ადამიანის შვილი ვინმე მასთან მივიდოდა, დღეს არ გაუშვებდა მასზე სიტყვა მაინც არ ეთქვა: „ვენერა დავრდომილს ააყენებს ფეხზე“, „გათითოებულს გაამრავლებს“, „დაწოლილსა და გათელილს აქოჩრავს, გაააფთრებს“, „მისგან სულ სხვა კაცი გამოდიხარ“, „დაავადებულს განკურნავს“, „ვენერამ შეიძლება მკვდრის გაცოცხლებაც შეძლოს“ – კიდევ უამრავს გაიგონებდით ვენერაზე. ის ბევრს არ ენახა, მაგრამ ამბებს ვენერას შესახებ ჩვენი დასახლების ნებისმიერი კაცი მოგიყვებოდათ – ზოგს ნამდვილს, ზოგსაც მოგონილს, ზოგს – ერთმანეთში არეულს. ამბობდნენ, რომ ვენერა ერევნიდან ჩამოიყვანეს და იქ განგებ ამზადებდნენ „აფროდიტესთვისო“. ზოგიც კი ამბობდა ყველაფერი რაც კი იცის მოსკოვში დაასწავლესო. ყურმოკვრით ვიცოდით, რომ ერთ დროს გათხოვილიც ყოფილა, მაგრამ ამჟამად უოჯახოდ იყო თბილისში. გარეგნობითაც, ყველას ჩვენებურად, ფოტორობოტის დონეზე წარმოგვედგინა: საგანგებოდ ამოქნილი თხელი წარბები და გრძელი წამწამები, რომლებიც ცხაურად ეფინებოდა მუქ თაფლისფერ თვალებს. მელირებული თმა, ამოპრეხილი ცხვირი, თხელი ტუჩები, რომელსაც კონტურის მოსმით ისქელებდა. არატანწერწეტა, არამედ მოსული და დიდმკერდიანი, სწორი და მოპუტკუნებული თეძოებით. რაც მთავარია, ვენერა დაჯილდოებული იყო დედამიწაზე ყველაზე გრძელი და ლამაზი თითებით.
მიუხედავად საქვეყნოდ გავარდნილი ხმებისა, მე ვენერასთან ვიზიტზე არასოდეს მეფიქრა, რადგანაც ბოლო თოთხმეტი წლის მანძილზე პრინციპების ერთგული გახლდით და სხვისკენ გახედვაზე რომ არაფერი ვთქვა, ფიქრი რომ ფიქრია, ფიქრითაც კი არ მეღალატა სტელასთვის. ის იყო ერთადერთი, რომელიც ბოლო თოთხმეტი წლის მანძილე მყავდა. ალბათ არც არასოდეს ვუღალატებდი, ბოლოდროინდელი შეუთავსებლობა რომ არა. მე როგორც მოსალოდნელი იყო გენეტიკური პრობლემები ადრევე დამეწყო, სტელა კი სათანადოდ ვეღარ ასრულებდა ჩემს მოთხოვნებს. ბოლოს მან მითხრა: „თუ აღარ მოგწონვარ, სხვა მონახე“ და ამით თითქოს ლოდი ჩამომაცილა გულიდან. თუმცაღა უპასუხოდ გამოვბრუნდი, მაგრამ ვხვდებოდი, მიუხედავად მისი ნებართვისა ეს მაინც ღალატი იქნებოდა.
ღალატის წინა ღამე თეთრად ჩამომათენდა გამგეობის ახალი შენობის პროექტის ხაზვაში – ასე თავგანწირვით არასოდეს მიმუშავია. ჩავიძინე მხოლოდ გამთენიისას და ისიც ერთი საათით, რის გამოც მთელ დღეს ვერ მოვიშორე თავის ტკივილი. ათი შესრულდა თუ არა, ტელეფონის ყურმილს ხელი დავტაცე და „აფროდიტეში“ დავრეკე. ვიცოდი ათზე იწყებდნენ. ხაზის მეორე მხარეს ბუღალტერი მელაპარაკებოდა, რომელმაც მითხრა, რომ ვენერა დაკავებული იყო და მხოლოდ მეორე დღეს შეძლებდა ჩემ მიღებას. მე ძალაზე დავდექი და მკაცრად ვუთხარი:
– იცოდეთ, მეორედ აღარ დავრეკავ .
– ეგ მადარდეთ ბატონო, როგორც გენებოთ, კარგად ბრძანდებოდეთ.
– მოიცადეთ, მოიცადეთ. შემიძლია ორმაგი გადაგიხადოთ…
როგორც ერთ ცნობილ რომანშია, მე მას ისეთი რამ შევთავაზე, რაზეც უარს ვერ მეტყოდა და დროც დავთქვით – საღამოს შვიდი საათი.
განსაკუთრებულად არ მოვმზადებულვარ. არც გული მითმენდა და დროზე გაცილებით ადრე გავედი სახლიდან. გადავწყვიტე ფეხით მივსულიყავი „აფროდიტემდე“. როგორ უკვე გითხარით „აფროდიტე“ მიწის ქვეშ იყო განლაგებული ცნობილი არაბი თავისუფლებისთვის მებრძოლის – იირაკლია მაჰმუდ გუნიალადენის ქუჩაზე, რომელსაც ძალიან ჰყვარებია ჰარამხანული გართობა. ქუჩის ბოლოს კიბეების დიდი დერეფანი ჩაუყვებოდა სიღრმეში და იქიდან ადამიანის თმის სუნი ამოდიოდა.
იქაურობა სავსე იყო ჩემნაირებით. ბუღალტერს თავი შევახსენე და ფულიც კაპიკ-კაპიკ ჩავუთვალე, ისიც ხალისით გამიძღვა ვენერამდე მისასვლელ გზაზე. მთელი ამ ხნის მანძილზე თვალიდან არ გადამდიოდა სტელა და მკლავდა სინდისის ქენჯნა. ვენერა ზუსტად ისეთივე აღმოჩნდა, როგორც ჩემ მიერ შექმნილი ფოტორობოტი.
– გავიგე ჩემ გამო მსხვერპლზე წასულხართ – მითხრა
– იმედია არ ვინანებ – ვუპასუხე, რაზეც გაეცინა.
– როგორ მოგწონთ? როგორ მოგემსახუროთ? – მკითხა
მე ავუხსენი, როგორც მომწონდა და ჩემი გასაჭირის შესახებაც მოვაყოლე: რომ თმის ცვენა ჩვენი საგვარეულო პრობლემაა: „მამაჩემი, ბაბუაჩემი, ბაბუაჩემის ბაბუა, კიდევ იმის ბაბუა და ყველა ბაბუა ჩვენს გვარში, მელოტები იყვნენ“. ვუთხარი, რომ სიქაჩლის ნიშნები მეც გამომიჩნდა და სტელა, ჩემი ყოფილი პარიკმახერი ვეღარ უმკლავდებოდა ჩემი გალამაზების პრობლემებს: „ბოლო დროს ისე ვეღარ აკეთებდა, როგორც მე მომწონს, როგორც მე მსიამოვნებს, ნანეტიც კი აღარ გამოსდის, ბაკებს ყოველთვის ზომაზე მეტად მიღებს“. მერე კი ვენერას შექება დავიწყე: „გავიგე გათელილ თმას ფეხზე აყენებთ, თმის დაავადებებს კურნავთ და ქაჩლებს აქოჩრიანებთ. მართალია?“ ვენერამ, რომელსაც იმ დღეს შესრულებია 57 წელი, ეშმაკურად ჩამიღიმა, წინსაფარი შემოიხვია, ინსტრუმენტები წესრიგში მოიყვანა და ჩემს თავზე სასწაულების მოხდენა დაიწყო.
დავით გორგილაძე