23

მიმიქარავს ჯონა ლომუ

ძველ ამბავს გიყვებით, სკოლისდროინდელს: სადღაც მეშვიდე-მერვე კლასში ვარ, ბოლო – მეშვიდე გაკვეთილს ვესწრებით, მგონი ბიოლოგიას.  გარეთ ისეთი ყინვაა, თუ გულის მაგივრად ქვა არ გაქვს, ძაღლს არ გააგდებ. ოთახის  ტემერატურაზე რა გითხრათ, სკოლის მნე ამბობს რომ „სიცივე მოტეხილია“, მე ვამბობ, რომ ისე ძალიან არ ყინავს როგორც გარეთ, მაგრამ აქაც ყინავს. მასწავლებელი ადამიანის კიდურებზე ყვება რაღაცას და რბილად რო ვთქვა – მე ეს საერთოდ არ მაინტერესებს. გუგას გამოვახედებ: ფს! და ხელით ვანიშნებ ზარი რამდენ ხანში იქნება – მეთქი (გუგას კაი ელექტრონული საათი ჰქონდა), გუგა დახედავს და ხუთ თითს გაშლის. ხუთ წუთში ვბაირამობთ!

ამ დროს კარი იღება და დირექტორი შემოდის ვიღაც „ზდაროვ“ კაცთან ერთად და გვიცხადებს: ბიჭები ფეხზეო. მართალია ამ დროს ცოტა წავიძველბიჭებ, მარა მაინც დირეხაა, სხვა გზა არა არის, უნდა ავდგე.  ეს „ზდაროვი“ კაცი გია ყოფილა – ჩვენი უბნის რაგბის გუნდის „ტრენერი“. ცოტა მაღლები ან გასიებულები ვინც ვიყავით გვითხრა ჩემთან იარეთო, მაგარი ტანი გაქვთო, კაი სპორტსმენებად დაგაყენებთო. ამ დროს მე ისეთი მსუქანა ვარ, სახლში მისვლისას დენი თუ არ არის, შანსი არაა – არ ავალ. მე და ჩემი ასაკოვანი მეზობელი ერთად დაველოდებით მეცხრე ბლოკის ამუშავებას. თუ ღმერთი გამიწყრა და ავედი – ფილტვები ჯიბეებში უნდა ჩავილაგო. მოკლედ, როგორც ზოგი სქელო იტვის: „გული ქონში მაქვს“.

ჰოდა დავფიქრდი ამ გიას შეგირდობაზე.

სახლში მაგრად დამცინეს. რა რაგბიო, რის რაგბიო, ხომ არ გადაირიეო. ერთი სიტყვით კულტურულად მიმანიშნეს, რომ ტრაკი უნდა დამეყენებინა, მაგრამ არა – ძალას მე დავდექი და ძალას ისინი. ბოლოს „საჭირო ხალხი მოვისყიდე“ და  ეგ არი – „კანალი“ გაჭრილია. გამოვეწყე სპორტიულად, თავზე „მიუნხენ ბავარიას“ წარწერიანი ქუდი ჩამოვიფხატე, ჩემი ძმის ნაქონი ტყავის „კურტკა“ შემოვისხი და გავქანდი.

აქვე უნდა ვთქვა, რომ ეს არ იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში. პირველივე დღეს მაგრად დავიჟეჟე. მეორე დილას ლოგინიდან ვერ ვდგებოდი, ძვლებს მარნის კარებივით გაუდიოდა ჭრიალი, სახლში კიდევ დამცინეს. მეც ავდექი და ჯინზე ისევ მივედი. იქაურებს მაგრად გაუკვირდათ: თურმე ხშირია, როცა ახალმისულები მხოლოდ ერთ ვარჯიშს ესწრებიან და მერე უჩინარდებიან. მას მერე მეც ბევრი მახსოვს ეგრე გაუჩინარებული: „გია მასწ, ინგლისური მაქვს და შეიძლება წავიდე“? გიას ეღიმება და უშვებს. გულში კი ყველანი ერთსა და იმავეს ვფიქრობთ: „ მეტი არაა ჩემი მტერი მე შენ მეორდრა გნახო აქ მოსული“

რაგბიზე სამ წელიწადს ვიარე და ერთადერთი ლელო გავიტანე – ისიც ვარჯიშზე, ისიც შემთხვევით. ბიჭებს ჯარიმა ეგონათ და გაჩერდნენ, მე მოვკიდე „ნესვს“ ხელი და გავიქეცი. იმ წუთს რა დამავიწყებს, თავი ყველაზე „ძერსკი“ მეგონა, ხილვა მქონდა – როგორ იწეწავდნენ თმებს ჩემი უბნელი გოგონები ტრიბუნებზე და გაჰკიოდნენ ჩემს სახელს. ეს კარგი, მაგრამ ვარჯიშებიდან ცუდი უფრო მეტი მახსოვს: გიას ასეთი წესი ჰქონდა – თუკი ვინმეს ბურთი ხელიდან გაუვარდებოდა,  მთელი გუნდი კროსებს დარბოდა. ვერცერთი ბუღალტერი ვერ დაითვლის იმ კილომეტრებს, რამდენიც მთელ გუნდს ჩემ გამო ურბენია. მაგრამ არ მსაყვედურობდნენ, კარგ ხალხთან მქონდა საქმე. სხვათა შორის ამ უხეირო წამოწყებამ ბევრი კარგი მომცა და ერთერთი – გულითადი ძმაკაცებია. მე რო რაგბისტი ძმაკაცები მყავს, მაგდენი არ ვიცი ვის ეყოლება. თან ჩხუბები რა ბიჭები არიან უნდა ნახოთ. მას მერე სულ არხეინად ვჩუხობდი ხოლმე –  ესენი თავ-ყბას ამტვრევდნენ ყველას.

„ზახვატებშიც“ მაგრად ვიჭედებოდი: ერთი ჩემი ახმახი გუნდელი ცენტრში რო მითავაზებდა „რუჩკას“,  ვარჯიშის ბოლოს მპოულობდნენ „აუტში“.

უფრო დიდი სასაცილო რამე კი თამაშები იყო. რაც მართალია, მართალია – „ტრენერს“ მოედანზე  ყოველთვის შევყავდი, ასე 4-5 წუთით ადრე თამაშის დასრულებამდე. თუკი 60 ქულაზე მეტი სხვაობით ვიგებდით ათი წუთით ადრეც შევუყვანივარ (ვერ დავუკარგავ!), მაგრამ რათ გინდა – ჩემი ბუცები სხვას ეცვა, მე კი მისი „დიდი რაზმერის“ ბუცებით დავლასლასებდი.

ერთხელ  ქობულეთელებს ვეთამაშებოდით. მამაჩემი ქობულეთელი კაცია და თამაშზე დასწრება მოინდომა. გაგანია ჯახია: ცირეკა იქით-აქეთ ფანტავს ხალხს, ბორა ორმოცდაათმეტრიან პასებს უშვებს, ზვიადა ტრაქტორივით გადაუვლის ხოლმე რაქს და ამ დროს რას ვხედავ: მამაჩემი ქობულეთელების ტრიბუნასთან არ დგას? „მამა, ეს რატომ გამიკეთე?“ – ვფიქრობ გულში. ეს ამბავი გიასაც შეუმჩნევია და მეკითხება: „ის ზურაბი არაა?“ ის – ის იყო ვაპირებდი მეთქვა „არა, გეშლებათ – მეთქი“, რო თავადვე მოაყოლა: „ჰო, ჰო მამაშენია, მარა იქ რა უნდა?“  მე ვუთხარი ისე ნერვიულობს ჩვენი გუნდის გამო, რო ვეღარც კი ამჩნევს ვის მხარეს დგას – მეთქი. დამიჯერა.

მოკლედ ასე იყო. ბოლოს მივხვდი, რომ რაგბი ჩემი საქმე არაა და სათვალე გავიკეთე. დღეს ძველ სურათებს ვათვალიერებდი და გუნდის ერთობლივი ფოტო შემხვდა. ეს ამბავიც მაგიტომ გავიხსენე.  მერე ჩემი ფეხბურთელობის ამბებსაც მოგიყვებით. ის უფრო საინტერესოა.

დათო გორგილაძე

5

საეკლესიო აზნაური

ჩვენ ძველი დროის გლადიატორები ვართ. მაშინ ხოჯევანქში ზარის გაგორების ნაცვლად ისტორიის ცოდნაში ეჯიბრებოდნენ. ის არ იყო არც ყველაზე მოწყალე და არც ყველაზე კეთილი ადამიანი, მაგრამ წიგნიერებაში მასთან გაჯიბრება ცოტას თუ შეეძლო. ფულსაც ამით შოულობდა – წიგნებს წერდა. ფართო წრე ნამდვილი სახელით იცნობდა – ირაკლი გუნია, ნაცნობებში კი მეტსახელით მოიხსენიებდნენ: церковный дворянин.

„ცერკოვნი დვარენინი“ ხოჯევანის კანონგარეშე დაწესებულების მთავარი ფალავანი იყო. როცა იქაურობაში გარევა მეც გადავწყვიტე, ფულის შოვნის სურვილი მოვიმიზეზე, სინამდვილეში სწორედ მისი დამარცხება მინდოდა. იქამდე თვალით არ მენახა, წარმოდგენით სოლიდურ, ბრგე კაცად წარმომედგინა, სინამდვილეში კი ჩემი ასაკის, ხმელი და შავგვრემანი ბიჭი დამხვდა. ამ დროს ჩემი გაკვირვება ჰგავდა სალიერის გაკვირვებას, როცა პირველად დაინახა მოცარტი. შეჯიბრს კი, რომელშიც აზნაური უნდა გამომეწვია „მარდაბოი“ ერქვა: მოწინააღმდეგეს გამოიწვევ, მაგიდასთან ერთმანეთის პირისპირ დასხდებით, რიგრიგობით უსვამთ ერთმანეთს კითხვებს მსოფლიოს ისტორიიდან, მაგრამ საქმე არც ასე იოლადაა – ყოველი პასუხის შემდეგ, ერთი ნათალი ჭიქა ჟიპიტაური უნდა გადახუხო. ჩემი მიზნების გადაფარვის გამო და ცოტა ფორმაში მოსასვლელადაც ჯერ იოლი ოპონენტები გამოვიწვიე და სათითაოდ დავდე ზურგზე. ბოლოს კი აზნაურს მივუახლოვდი და ხახლის წინაშე, ხმამაღლა ვუთხარი: you are next… ჩვენი „მადაბოის“ დროდ შემდეგი დღის საღამოს შვიდი საათი დაითქვა, რვა საათზე კი ყველაფერი დამთავრებული იყო, მე კი დამარცხებული ვიყავი – 3:2.

ერთმანეთს მეორედ წმინდა რუთიუს ბლუმგარდტის სახელობის სასწავლებელში შევხვდით, რომელიც სერბეთში დგას ძალიან მაღალ მთაზე, რომლის მაღლაც აღარაფერია შავი ღუბლების გარდა. დღევანდელ ახალგაზრდებში რუთიუს ბლუმგარდტი ცნობილი აღარ არის, ჩვენ დროს კი ვეთაყვანებოდით მითს მის შესახებ. რუთიუსი არ იყო სასულიერო წმინდანი, არამედ მოაზროვნეთა კერპი. ჩვენ მის ლეგენდას სიტყვა-სიტყვით მოვყვებოდით ძილში: „ესე იყო კაცი სათნო, ტანითა მსგავსი ბუდასი და პირ-სახე მისი მსგავსი იყო ცოლის უღალატო კაცისა, დაფარული ბალნით. საქმე მისი არა იყო არაფერი გარდა მწიგნობრობისა და როცა მოწიფდა იგი რუთიუს, მწუხრის ჟამს გაჰპარვოდა დედასა მისსა და მამასა მისსა და ძმასა მისსა და ნათესავთა მისთა ქალაქთაგან სახელად ქუთეის და გაემართა საოცნებოსა ქალაქს ჩახოხბილად წოდებულს, რამეთუ სმენოდა ყურთა მისთა შესახებ თამაშობისა სახელად სვაიაკ და მისი ჯადოქრისა რომელსაც რქმეოდა გაგ და ყოფილა წვეროსანი იგი კაცი ჭიაათურელი მუზარადდადგმული და შიშისმფრქვეველი და განეზრახა ყმაწვილ რუთიუსს დამარცხება ჯადოქრისა მისისა გაგ და დაჯდომა ტახტსა ზედა უძლეველისა წილხვედრ. და გამართულა ბრძოლა საბედსწერო, ხოლოი მესამე კაცად მჯდარა სიჭიდაუდი – ფალავანი არახელწამოსაკრავი და ბედის ამათის გადაწყვეტა სვაიაკის შეკითხვაზედ მიმდგარა და გაუმარჯვია რუთიუსს, შერისხულს მამისა მისისაგან აქიმისა ყელისა, ყურისა და ცხვირისა ღმერთის ხატად შექმნილი ადამიანისა“

ლეგენდის დასასრულს ვიგებდით, რომ რუთიუს ბლუმგარდტმა ტახტის დაუფლების შემდეგ და იმის გამოც, რომ მამამ შერისხა, ბინა დაიდო სერბეთის სწორედ იმ მაღალ მთაზე, ჩვენ რომ წავედით სასწავლებლად. იქაურრმა გარემომ ძალიან დაგვაახლოვა, ხოლო იქიდან წამოსვლისას უკვე საუკეთესო მეგობრები ვიყავით. ბლუმგარდტის აკადემიაში დიადი ამბები გადაგვხვდა თავს. ჯერ იყო და რექტორის ქალიშვილებს დავუწყეთ არშიყი და ღამ-ღამობით დაგვყავდა „ბღენძი პოეტების საზოგადოების“ შეკრებაზე, რომელიც ჩვენ დავაარსეთ. ამის გამო მაგრად დავისაჯეთ და რამდენიმეს, ჩვენ ორს, ესააბ ნიკოლაუსს, ბაჩანა ჯანჯღს, პაპუნიუს ნოზს, კოლია ლომგულს, გეორგ ჭეისა და თამარა სტალინას გამოსაგდებადაც გვქონდა საქმე, რადგანაც ფრიდონ ფუნამ რექტორს მოახსენა აზნაურს თქვენს გოგოსთან უზრდელობების კეთება უნდოდაო.

იქ ბევრი ვიყალთაბანდეთ, მაგრამ ერთი კარგი საქმის გაკეთება კი მოვასწარით. ამბობენ წიგნის ქურდი ქურდი არ არისო და ერთ იქაური ბიბლიოთეკარის – მაგდანა გოგოლაკის დახმარებით რუთი ბლუმგარდტის ხელნაწერები და მისი წერილები მაიკო ორბელიანისადმი მიწერილი დავაბრუნეთ სამშობლოში. მთელი ჩვენი იქაური ცოდვები და სიკეთეები ესააბ ნიკოლაუსმა ფილმად აქცია, რომელსაც არნახული წარმატება მოჰყვა. კინოშედევრისთვის სახელად „ნიუ ბალანსების თაობა“ ესააბმა მიიღო უმაღლესი ჯილდო – ჭოლა (ბიკენტი) ლომთათიძის წიგნების მთელი კოლექცია, აგრეთვე ფასდაკლების ვაუჩერები ავეჯის სახლებში. სამშობლოში დაბრუნებულებს აზნაურმა გამოგვიცხადა, რომ კეთილი საქმეები საკეთებლად მიდიოდა. მაშინ ჩვენ საბოლოდ დაბრწმუნდით, რომ ოდესღაც რუხი ლორდის (ასეც მოიხსენიებდნენ) აბსოლუტური გაკეთილშობილება მოხდა და ის წავიდა.

რამდენიმე წლის განმავლობაში მასზე არაფერი გვსმენოდა, სანამ ტელევიზორში არ ვიხილეთ, როცა გაეროს იმდროინდელ და მის ისტორიაში ყველაზე მდიდარ გენერალურ მდივანს – ზვიოლდ ბარაქიანს ანგარიშს აბარებდა რუანდის გენოციდის შედეგების აღმოფხვრასთან დაკავშირებით. აღმოჩნდა, რომ ამ დროს აზნაურისთვის ტუტსისა და ჰუტუს ტომელებს უკვე მიენიჭებინათ სახალხო გმირის წოდება გაწეული სამსახურის გამო. ის წელი რუანდაში სწორედ მის წლად გამოცხადდა და შედეგად იმ წელს დაბადებულ ყველა ბავშვს, ვაჟსაც და ქალსაც რუანდელი დედები ირაკლის არქმევდნენ.

ისიც აღმოჩნდა, რომ აზნაურს ცოლი მოუყვანია, რომელიც სვებედნიერ ბრაქიდაქტილტა შეკრებაზე გაიცნო. ცნობილი მსახიობი მეგან ფოქსი. როგორც წერილებში იწერება ხოლმე მჭადების ჩაცხობა კარგად დაამუღამებინა და სამ თითსაც კი ასვამსო. ცოტა ხანში, დაოჯახებასთან ერთად მას გაეროს მშვიდობის ელჩის წოდებაც მისცეს და უკვე ახალი მეგობრები ჰყავს – ბონო და ანჯელინა ჯოლი. ჯურნალ „7 дней“ – ში ამოვიკითხე სშირად იკრიბებიან ოჯახებით და მოლხენისას ოდრი ჰეფბერნის შესანდობარის თქმაც არ ავიწყდებათო.

წლეულს ლონდონში მიწევს გამოზამთრება ახალ წიგნზე სამუშაოდ და შემპირდა აუცილებლად გეწვევი ერთი კვირითო, მაგრამ ტიბეტისკენ ამბები იძაბება და ვეჭვობ შეიძლება იმათი ამბების მოგვარება მოიწადინოს აზნაურმა. მაინც სხვანაირი გულის ბიჭია.

დათო გორგილაძე