საეკლესიო აზნაური

ჩვენ ძველი დროის გლადიატორები ვართ. მაშინ ხოჯევანქში ზარის გაგორების ნაცვლად ისტორიის ცოდნაში ეჯიბრებოდნენ. ის არ იყო არც ყველაზე მოწყალე და არც ყველაზე კეთილი ადამიანი, მაგრამ წიგნიერებაში მასთან გაჯიბრება ცოტას თუ შეეძლო. ფულსაც ამით შოულობდა – წიგნებს წერდა. ფართო წრე ნამდვილი სახელით იცნობდა – ირაკლი გუნია, ნაცნობებში კი მეტსახელით მოიხსენიებდნენ: церковный дворянин.

„ცერკოვნი დვარენინი“ ხოჯევანის კანონგარეშე დაწესებულების მთავარი ფალავანი იყო. როცა იქაურობაში გარევა მეც გადავწყვიტე, ფულის შოვნის სურვილი მოვიმიზეზე, სინამდვილეში სწორედ მისი დამარცხება მინდოდა. იქამდე თვალით არ მენახა, წარმოდგენით სოლიდურ, ბრგე კაცად წარმომედგინა, სინამდვილეში კი ჩემი ასაკის, ხმელი და შავგვრემანი ბიჭი დამხვდა. ამ დროს ჩემი გაკვირვება ჰგავდა სალიერის გაკვირვებას, როცა პირველად დაინახა მოცარტი. შეჯიბრს კი, რომელშიც აზნაური უნდა გამომეწვია „მარდაბოი“ ერქვა: მოწინააღმდეგეს გამოიწვევ, მაგიდასთან ერთმანეთის პირისპირ დასხდებით, რიგრიგობით უსვამთ ერთმანეთს კითხვებს მსოფლიოს ისტორიიდან, მაგრამ საქმე არც ასე იოლადაა – ყოველი პასუხის შემდეგ, ერთი ნათალი ჭიქა ჟიპიტაური უნდა გადახუხო. ჩემი მიზნების გადაფარვის გამო და ცოტა ფორმაში მოსასვლელადაც ჯერ იოლი ოპონენტები გამოვიწვიე და სათითაოდ დავდე ზურგზე. ბოლოს კი აზნაურს მივუახლოვდი და ხახლის წინაშე, ხმამაღლა ვუთხარი: you are next… ჩვენი „მადაბოის“ დროდ შემდეგი დღის საღამოს შვიდი საათი დაითქვა, რვა საათზე კი ყველაფერი დამთავრებული იყო, მე კი დამარცხებული ვიყავი – 3:2.

ერთმანეთს მეორედ წმინდა რუთიუს ბლუმგარდტის სახელობის სასწავლებელში შევხვდით, რომელიც სერბეთში დგას ძალიან მაღალ მთაზე, რომლის მაღლაც აღარაფერია შავი ღუბლების გარდა. დღევანდელ ახალგაზრდებში რუთიუს ბლუმგარდტი ცნობილი აღარ არის, ჩვენ დროს კი ვეთაყვანებოდით მითს მის შესახებ. რუთიუსი არ იყო სასულიერო წმინდანი, არამედ მოაზროვნეთა კერპი. ჩვენ მის ლეგენდას სიტყვა-სიტყვით მოვყვებოდით ძილში: „ესე იყო კაცი სათნო, ტანითა მსგავსი ბუდასი და პირ-სახე მისი მსგავსი იყო ცოლის უღალატო კაცისა, დაფარული ბალნით. საქმე მისი არა იყო არაფერი გარდა მწიგნობრობისა და როცა მოწიფდა იგი რუთიუს, მწუხრის ჟამს გაჰპარვოდა დედასა მისსა და მამასა მისსა და ძმასა მისსა და ნათესავთა მისთა ქალაქთაგან სახელად ქუთეის და გაემართა საოცნებოსა ქალაქს ჩახოხბილად წოდებულს, რამეთუ სმენოდა ყურთა მისთა შესახებ თამაშობისა სახელად სვაიაკ და მისი ჯადოქრისა რომელსაც რქმეოდა გაგ და ყოფილა წვეროსანი იგი კაცი ჭიაათურელი მუზარადდადგმული და შიშისმფრქვეველი და განეზრახა ყმაწვილ რუთიუსს დამარცხება ჯადოქრისა მისისა გაგ და დაჯდომა ტახტსა ზედა უძლეველისა წილხვედრ. და გამართულა ბრძოლა საბედსწერო, ხოლოი მესამე კაცად მჯდარა სიჭიდაუდი – ფალავანი არახელწამოსაკრავი და ბედის ამათის გადაწყვეტა სვაიაკის შეკითხვაზედ მიმდგარა და გაუმარჯვია რუთიუსს, შერისხულს მამისა მისისაგან აქიმისა ყელისა, ყურისა და ცხვირისა ღმერთის ხატად შექმნილი ადამიანისა“

ლეგენდის დასასრულს ვიგებდით, რომ რუთიუს ბლუმგარდტმა ტახტის დაუფლების შემდეგ და იმის გამოც, რომ მამამ შერისხა, ბინა დაიდო სერბეთის სწორედ იმ მაღალ მთაზე, ჩვენ რომ წავედით სასწავლებლად. იქაურრმა გარემომ ძალიან დაგვაახლოვა, ხოლო იქიდან წამოსვლისას უკვე საუკეთესო მეგობრები ვიყავით. ბლუმგარდტის აკადემიაში დიადი ამბები გადაგვხვდა თავს. ჯერ იყო და რექტორის ქალიშვილებს დავუწყეთ არშიყი და ღამ-ღამობით დაგვყავდა „ბღენძი პოეტების საზოგადოების“ შეკრებაზე, რომელიც ჩვენ დავაარსეთ. ამის გამო მაგრად დავისაჯეთ და რამდენიმეს, ჩვენ ორს, ესააბ ნიკოლაუსს, ბაჩანა ჯანჯღს, პაპუნიუს ნოზს, კოლია ლომგულს, გეორგ ჭეისა და თამარა სტალინას გამოსაგდებადაც გვქონდა საქმე, რადგანაც ფრიდონ ფუნამ რექტორს მოახსენა აზნაურს თქვენს გოგოსთან უზრდელობების კეთება უნდოდაო.

იქ ბევრი ვიყალთაბანდეთ, მაგრამ ერთი კარგი საქმის გაკეთება კი მოვასწარით. ამბობენ წიგნის ქურდი ქურდი არ არისო და ერთ იქაური ბიბლიოთეკარის – მაგდანა გოგოლაკის დახმარებით რუთი ბლუმგარდტის ხელნაწერები და მისი წერილები მაიკო ორბელიანისადმი მიწერილი დავაბრუნეთ სამშობლოში. მთელი ჩვენი იქაური ცოდვები და სიკეთეები ესააბ ნიკოლაუსმა ფილმად აქცია, რომელსაც არნახული წარმატება მოჰყვა. კინოშედევრისთვის სახელად „ნიუ ბალანსების თაობა“ ესააბმა მიიღო უმაღლესი ჯილდო – ჭოლა (ბიკენტი) ლომთათიძის წიგნების მთელი კოლექცია, აგრეთვე ფასდაკლების ვაუჩერები ავეჯის სახლებში. სამშობლოში დაბრუნებულებს აზნაურმა გამოგვიცხადა, რომ კეთილი საქმეები საკეთებლად მიდიოდა. მაშინ ჩვენ საბოლოდ დაბრწმუნდით, რომ ოდესღაც რუხი ლორდის (ასეც მოიხსენიებდნენ) აბსოლუტური გაკეთილშობილება მოხდა და ის წავიდა.

რამდენიმე წლის განმავლობაში მასზე არაფერი გვსმენოდა, სანამ ტელევიზორში არ ვიხილეთ, როცა გაეროს იმდროინდელ და მის ისტორიაში ყველაზე მდიდარ გენერალურ მდივანს – ზვიოლდ ბარაქიანს ანგარიშს აბარებდა რუანდის გენოციდის შედეგების აღმოფხვრასთან დაკავშირებით. აღმოჩნდა, რომ ამ დროს აზნაურისთვის ტუტსისა და ჰუტუს ტომელებს უკვე მიენიჭებინათ სახალხო გმირის წოდება გაწეული სამსახურის გამო. ის წელი რუანდაში სწორედ მის წლად გამოცხადდა და შედეგად იმ წელს დაბადებულ ყველა ბავშვს, ვაჟსაც და ქალსაც რუანდელი დედები ირაკლის არქმევდნენ.

ისიც აღმოჩნდა, რომ აზნაურს ცოლი მოუყვანია, რომელიც სვებედნიერ ბრაქიდაქტილტა შეკრებაზე გაიცნო. ცნობილი მსახიობი მეგან ფოქსი. როგორც წერილებში იწერება ხოლმე მჭადების ჩაცხობა კარგად დაამუღამებინა და სამ თითსაც კი ასვამსო. ცოტა ხანში, დაოჯახებასთან ერთად მას გაეროს მშვიდობის ელჩის წოდებაც მისცეს და უკვე ახალი მეგობრები ჰყავს – ბონო და ანჯელინა ჯოლი. ჯურნალ „7 дней“ – ში ამოვიკითხე სშირად იკრიბებიან ოჯახებით და მოლხენისას ოდრი ჰეფბერნის შესანდობარის თქმაც არ ავიწყდებათო.

წლეულს ლონდონში მიწევს გამოზამთრება ახალ წიგნზე სამუშაოდ და შემპირდა აუცილებლად გეწვევი ერთი კვირითო, მაგრამ ტიბეტისკენ ამბები იძაბება და ვეჭვობ შეიძლება იმათი ამბების მოგვარება მოიწადინოს აზნაურმა. მაინც სხვანაირი გულის ბიჭია.

დათო გორგილაძე

5 thoughts on “საეკლესიო აზნაური

  1. აქაც მომწონს ათიათასმეერთედ :*

  2. გორგილ, რაფინირებული იუმორისთვის გაიხარე. ძილის წინ, ამაზე კარგს რას ვისურვებდი?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s