28

მივიწყებული მთვარის გლობუსი

ჩემმა მეგობარმა ირაკლი ხვიჩაევიჩმა, საოცრად ნატიფი და მოზომილი იუმორის მქონე კაცმა, ერთხელ იხუმრა: ვაზისუბანი თბილისური რაგბის მექააო. ჭეშმარიტად, ასეა! მაგრამ ისევე როგორც დიდ სარაგბო ქვეყნებში, თუნდაც ახალ ზელანდიასა და სამხრეთ აფრიკაში, მოიძებნებიან სპორტის სხვა სახეობის მიმდევრები და ქომაგებიც. ვაზისუბანშიც (უკაცრავად შედარებისთვის) შეიძლება მათი პოვნა სანთლის გარეშეც კი. სხვა თუ არაფერი, ფეხბურთისადმი სიყვარული იმითაც კარგად ჩანს, ჩემი უბნელები, განურჩევლად ძვლებამდე შემაღწეველი ყინვისა თუ ზაფხულის ხვატისა, დღეს ისე არ დააღამებენ ხელოვნურსაფარიან სტადიონზე ერთი-ორი რომ არ გააგორ-გამოაგორონ. ხელოვნურსაფარიანზე ახლა, თორემ დრო იყო ასფალტზე ვაგორავებდით, თან ოღრო-ჩოღრო ასფალტზე. თავგამეტებით ვცდილობდით ნახევრად ჩაფუშული, ან ზოგჯერ სხვა რაიმე რბილი ნივთი, რომელიც ბურთის მაგივრობას დაუზარებლად სწევდა, ორი აგურისგან „შეკრულ“ კარში გაგვეძვრინა. თუ ვინმე ამ ასფალტის უღელტეხილებს ბურთთან (?) ერთად კეთილსინდისიერად გადალახავდა, თან გზად ამ აღმართ-დაღმართზე ძალაუნებურად ერთი-ორ მოწინააღმდეგეს ჩამოიცილებდა, ანუ ოფლისა და სისხლის ფასად გააძვრენდა ბურთს იმ წყეულ აგურებს შორის, მაგრამ სულ ცოტა მაღლა მოუვიდოდა, ესეიგი გაწევ-გამოწევა გარდაუვალი იყო:

–         გოოოოლ –  გლანდების გამოჩენამდე ღრიალით და თუ ზაფხულია მაისურის გახდითაც, როგორც შავ-თეთრ ტელევიზორში აქვს ნანახი.

–         არა, რა გოლ, მაღლა იყო, გადაცდა – ჩაუშხამებს მოწინააღმდეგე. ამ ჩამშხამებლის სიტყვის წონა იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად უფრო კარგად ჩხუბობს მოწინაარმდეგეზე. ერთი სიტყვით, იქ სადაც არაა ძელი და ხარიხა, სინდის-ნამუსი წყვეტს ყველაფერს.

ეს სტადიონი (?) ავტოფარეხებს შორის იყო მოქცეული და ერთი მხრიდან დოლფიკას „კარ-მიდამო“ ედგა. დოლფიკა დათვებზე მონადირე ძაღლი გახლდათ, შავი, დიდი, ჩასისხლიანებული დიდრონი თვალებით. თუკი ვინმეს ღმერთი გაუწყრებოდა, ანუ არასწორად დაარტყამდა . . . „ეეე, ბუცები უკუღმა გაცვია?“ (როგორც წესი, სიტყვა „ბუცი“ ბუტაფორია იყო და მხოლოდ იმიტომ ვიყენებდით, რომ ყურში კარგად გვხდებოდა, თორემ ორიგინალ ვარიანტში ასე უნდა ყოფილიყო: „ეეე, ეგ დაძველებული ფეხსაცმელი, საგარეოდ რომ აღარ გაცვამენ, სადაცაა ძირი რომ გაძვრება, უკუღმა გაცვია?“). ბუნებრივია დოლფიკასთან ის უნდა ჩასულიყო, ვისაც  „ბუცი უკუღმა ეცვა“, აბა ლომის ხახაში სხვის გამო ვინ შევა?

დოლფიკას ეზო-კარში რომ მოხვედრილიყავი, ჯერ ავტოფარეხზე აძვრომა, მერე მილზე გადაცოცება, ბოლოს კი იმავე მილით ჩასრიალება იყო საჭირო, მაგრამ ამ სასიკვდილო ნომერზე წასვლა, მხოლოდ მას შემდეგ იყო მიზანშეწონილი, რაც ძაღლი დაიძინებდა. „რწმენით გადადგი ნაბიჯი შენი“ – გახსოვთ ის ეპიზოდი, როცა ინდიანა ჯონსი წმინდა გრაალისკენ მიმავალ გზაზე უფსკრულს გადააწყდება? – დაახლოებით ასეთი ვარიანტი იყო. თუ ინდიანა ჯონსი არ გახსოვთ, სუპერ მარიო გეხსომებათ: ჯოჯოხეთური მუსიკის ფონზე , ცეცხლოვან „რაღაც-რაღაცებს“ თავი დააღწიე და დრაკონს თვალი თვალში გაუყარე, ეს სასიკვდილო შეხვედრაა, ან შენ დარჩები ცოცხალი, ან ის, მაგრამ უკან დასახევი გზა არ გაქვს (თამაშში ტექნიკური საკითხიდან გამომდინარე და ჩვენ შემთხვევაში, თუკი უკან დაბრუნდება და ბურთს არ ამოიტანს დოლფიკას მაგივრად ჩვენ მოვკლავთ. რა აზრი აქვს? ), ქვევიდან გაუძვრები დრაკონს. ის ფეხის თითებს შეათამაშებს და ჩაინთქმება ცეცხლში როგორც ბეჭედი საურონის მიერ გამოჭედილი. შენ კი მიეახლები სატრფოს (ბურთს) შენსას.

ჩვენ, პატარები ასე ვწვალობდით. დიდებს (ჩვენს „ვზროსლ“ ძმებს) მერვე კორპუსის სტადიონი ჰქონდათ. მართალია არც იქაური ინფრასტრუქტურა მოჭრიდა კაცს თვალს, მაგრამ ბოლო-ბოლო დოლფიკა მაინც არ ჰყავდათ სხვა თუ არაფერი.

აი ასეთი ტანჯვა-წამების პერიოდში ვაზისუბანს ჰყავდა სამეფო საფეხბურთო კლუბი ზედმეტად კრეატიული სახელწოდებით – „მთვარის გლობუსი“. სულ მაინტერესებდა ვის მოუვიდა აზრად, ან რა ცხარე კამათში იშვა „მთვარის გლობუსი“, მაგრამ ვერანაირმა დედუქციამ, ვერანაირმა ინტუიციამ პასუხამდე ვერ მიმიყვანა და დავნებდი. ამ გუნდში ვაზისუბანის, კერძოდ კი მეოთხე მიკროს პირველი კვარტლის ყველა ის ახალგაზრდა ირიცხებოდა, ვისაც კი თუ „გაჭიმულის“ და „ბაჩოკის“ არა, „ნასოკის“ დარტყმა ავად თუ კარგად მაინც გამოსდიოდა. რა თქმა უნდა მე ამ გუნდში არ ვირიცხებოდი. სხვა რამე არ იფიქროთ – ასაკით პატარა ვიყავი. მე გახლდით „მთავრის გლობუსის“ ერთერთი (თუ ერთადერთი არა) გულმხურვალე გულშემატკივარი. თამაში რომ თამაშია – ის არ გამიცდენია. ეს იყო წრე ჩემთვის სანატრელი და მიუწვდომელი და ერთი სული მქონდა წამოვზრდილიყავი და მეც მომერგო მისი მაისური (მაისური პირობითად, სად ჰქონდათ მაშინ გუნდებს ფორმები).

სანამ მე  წამოვიწარდე, ანუ „ნასოკის“ დარტყმა მეტნაკლებად დავამუღამე, „მთვარის გლობუსი“, ჩვენი სამეფო კლუბი დარბაზის ფულის გადაუხდელობის გამო დაიხურა, ანუ ვიღაცამ მე ოცნება გამომაცალა ხელიდან და დღემდე ხინჯად მაქვს გულში. ამასწინათ ვიფიქრე, თუ ოდესმე ბევრი ფული გამომიჩნდება აუცილებად დავაარსებ „მთვარის გლობუსს“ და ძალიან ბებერიც რომ ვიყო ერთ გასვლით თამაშს მაინც ჩავატარებ – მეთქი. თუმცა გუნდის დაშლას ჩემი საფეხბურთო კარიერისთვის ხაზი არ გადაუსვამს. როგორც იტყვიან, ყველაფერი წინ იყო.

პელე იყო თავმდამსხმელი, ზიდანი იყო ნახევარმცველი, ბეკენბაუერი იყო მცველი, მე კი გახლდით მეკარე (გოლЬკიპერი). მავანი იტყვის, რომ გარეთ არაფერი გამოსდიოდა და იმიტომაც განმწესდა კარშიო, მაგრამ მე ეგრე არ ვთვლი. მართალია „უდარის“ მეშინოდა, მხედველობა მიჩმახებდა, მარჯვნივ გაგახტომას ვერიდებოდი, მარხნივ – უფრო, მსუქანი ვიყავი და სხვა გარემოებებიც იყო, მაგრამ მე ყოველთვის მომდგამდა რაღაც საყრდენის ფუნქციის მსგავსი. „კაცი რომელსაც ციხე-სიმაგრე უნდა შეენახა“ – თუ როგორ თქვა ფრიდონ მშველაძემ?

მარკესის არ იყოს ცხოვრებაში ყველაფერი საუკეთესო მოულოდნელად ხდებაო და ერთ მშვენიერ დღესაც გადავწყვიტე მეკარე გავმხდარიყავი. ჩემი დაბადების დღე ახალი ჩავლილი იყო, შესაბამისად ხალხმა ცოტა ფული ჩამიკუჭა ჯიბეებში „შენთვის რაც გინდა ის იყიდეო“ და მეც ჭკუაში დამიჯდა მეკარის ეკიპირება შემეძინა. „დედა, ლილოში წამიყვანე“.

რადგანაც ოლივერ კანი ჩემი კუმირი იყო და მის გამო 12 წლისას ლამის ჭაღარა გამიჩნდა, როცა ბოდიში მომითხოვია და დედამოტყნულმა რონალდომ ზედიზედ ორი ბურთი შეუგორა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში (ჩემი მეგობბარი რატი შუბლაძე, როგორცთავად  გაგვიმხილა ამ დროს ტიროდა), გადავწყვიტე მას დავმსგავსებოდი. თმას ვერ შევიღებავდი, თვალები თაფლისფერი მაქვს, ის ჩემზე ტანადია, ისღა დამრჩენოდა მისნაირი ფორმა მეშოვნა. „ადიდასის“ ბუცები (ბოტასს ჰგავდა)  ვიყიდეთ, 20 ლარი მივეცით, ისეთი კარგი ბუცები იყო სანამ არ გაცვდა სკოლაში ვიცვამდი ხოლმე. მერე ხელთათმანები ისიც „ადიდასის“,  ბოლოს კი – ფორმა, რომელსაც „ადიდასი“ კი ეწერა, მაგრამ გერმანიისას ნამდვლად არ ჰგავდა, უფრო აზერბაიჯანის ნაკრების იქნებოდა. გამყიდველი კი მიმტკიცებდა „კანტისაა, კანტისაა (ასე აღიქვა ჩემ მიერ ნახსენები სიტყვები „ოლივერ კანი“) შვლებს გეფიცები, თან ნახე შენს ტანზეა შეკერილი, საიდან იცოდნენ ნეტავ შენი ზომებიო, თუ ამაზე იაფად სადმე ნახო მოიტანე და დავიბრუნებო, სულ ორმოცებში დავყიდე (!) შენ გაძლევ ოცდაათადო, ვიცი რომ სულ ჩემთან ყიდულობ და იმიტომო“.  ღმერთმანი იმ ქალს პირველად ვხედავდი, მაგრამ მართლა იაფად გვთავაზობდა და ვიყიდეთ. ეს ეკიპირება სამ დღეს მეცვა გაუხდელად, სახლშიც და გარეთაც. კარში ხომ სულ სხვა ხალისით ვიდექი.

სკოლის ნაკრებში სრულიად უცაბედად მიმიწვიეს. ფიზკულტურის მასწავლებელმა მითხრა სხვას არავის უნდაო და გამამწესეს ჩემპიონატზე. „არმაგედონი“ გახსოვთ? გასაფრენად რომ ემზადებიან და „შატლისკენ“ აწყოფილი ნაბიჯითა და დაყენებული სახეებით მიდიან – ისე წავედით.  ზამთარია, ცივა. შორტისა და „გამაშების“ შიგნით სპორტიული შარვალი მაცვია, ხელთათმანები, მაისური – ყველაფერი რიგზეა. მალე დაიწყება. . .

საქმე ისაა, რომ წვერი ნაადრევად ამომივიდა და ულვაშები დამეწკიპა, მოკლედ ალალი ვაჟიშვილის გამომეტყველება მქონდა და ნაადრევად გავიპარსე, ჰოდა ამ წვერულვაშდამშვენებული კაცის დანახვა არ ესიამოვნათ მოწინააღმდეგეებს, „ვზროსლი ჰყავთ ვზროსლიო“ ჩურჩულებდნენ და მეც შევიფერე. სანამ მსაჯი ჩასტვენდა გადავიფურთხე, მუხლებში მოვიხარე, ანუ ყველაფერი ისე, როგორ ოლივერ ლორფოვიჩი აკეთებდა, უფრო უნაკლოდაც . . . მსაჯმა ჩასტვინა, მეტოქეებმა გაათამაშეს და ერთმა ცენტრიდანვე   გამოუშვა („უდარი“) წუილით. მე წყნარად და სათნოდ გავაყოლე თვალი, მეორე წამს კი მომესმა ხმები: „გოოოლ, გოოოოოლ, გოოოოლ“.

„ფუ ამის დედას შევეცი“ – გავიფიქრე.

ის თამაში 12-25 დამთავრდა. რა თქმა უნდა  მოწინააღმდეგეების სასარგებლოდ, მაგრამ იმით ვიმშვიდებ თავს, რომ  ოცდახუთივე ჩემთვის არ გაუტანიათ. ოცდამეოთხე რომ გავუშვი, განერვიულებული გამოვვარდი მოედნიდან და ბოლო ბურთი ვასო დემურაძის კისერზეა.

გაგიკვირდებათ და ეს თამაში საბედისწერო არ გამოდგა. ბედი ერთხელაც ვცადე. გუნდს „ტორო“ ერქვა. აქაც ერთადერთი თამაში ჩავატარე, აქაც ბლომად  გავუშვი, მაგრამ ერთი მომენტი კი ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება: გვიტევენ, კარს უახლოვდებიან, მე თვალები გადმოცვენაზე მაქვს და ხმის ჩაწყვეტამდე ვყვირი „არ შემოუშვაააათ“, მაგრამ ქართველი მცველების სტუმართმოყვარეობის ამბავი გეცოდინებათ. ურტყამს. მე ხელებს მაღლა ვწევ და ხმამარლა ვამბობ: „გადავიდა ბიჭებო“. სინამდვილეში კი ბურთი ძელს ხვდება და ზანზარი გაუდის. გუნდელები ჩასისხლიანებული თვალებით მიმზერენ, ბურთი ისევ მეტოქის თავდამსხმელთან მიდის და ისიც თაურს გზავნის ჩემს კარში. მე საოცარ ნახტომს ვაკეთებ და გუნდს მეათე გოლისაგან გადავარჩენ.

როცა მოვკვდები, მინდა რომ სწორედ ეს კადრი გაადიდონ და შავ ჩარჩოში ჩასვან, რადგანაც მთელი ჩემი წარუმატებელი საფეხბურთო კარიერა ამ ნახტომად ღირს.

დავით გორგილაძე