– 21 წლის ვარ და ჯიბეში ორი ლარი მიჩხრიალებს.
– მთავარია რო ჩხრიელებს, თორე ნუგზარ კვაშალს ვერ უყურებ? მაგის ოქროა ჩუმად და შენი ორლარიანიც კი ჩხრიალებს.
– ტრაკისკენაა ჩემი საქმე.
– მერე? რითი ვუშველოთ?
– არაყი შველის მაგასო, ამბობენ.
– მე კი გამიგია რო მსხვილკალიბრიანი ფიშტო უფრო ადვილად კურნავს.
– წვრილკალიბრიანიც.
– ჰო, საფეთქელთან როცა გადევს გინდა მაგნუმი იყოს და გინდა იზოს დედის ენა – მაინც ერთნაირად გახვრეტს.
– არა, იზოს დედის ენა უფრო მძლავრი იარაღია.
– ოოო, არ შევეცი იზოს და დედამისს?
– არსად დაგეკარგონ. განსაკუთრებით დედამისი.
– რას ამბობ, გადავკეტავ გულის კარებს, რომ გულიდან არ გამექცნენ, რომ გულიდან არ გამექცნეეეენ . . .
– მორჩი რა ღლაბუცს. მგონი შენ ფული არ გადარდებს, ბევრი გაქვს? . .
მე იორამაზე მეტი ფული მქონდა ჯიბეში, ზუსტად ორი ლარით მეტი, მაგრამ საჭიროდ არ ჩავთვალე მისთვის პასუხი გამეცა, რადგან მართალი გითხრათ იორამას სულ ფეხებზე ჰკიდია ჩემი ჯიბის შესაძლებლობები, მე კი ზედმეტი ლაპარაკი არ მხიბლავს. იორამს ჩემი ჯიბე კი არა, ყველაფერი ორ ფეხ შუა ჰკიდია და სიტუაციიდან გამოსავალი გზა სულ რომ დეტალურად დავუხატო თეთრ ფურცელზე, ის ამ ნახაზს მაინც არასოდეს გაყვება.
იორამა სასიამოვნო გარეგნობის თბილისელი ყმაწვილია. ჩვენი უბნელი ხოსესი არ იყოს, სახელში არც მას გაუმართლა, ამიტომაც თავისი ცხოვრების წარუმატებლობას სწორედ სახელს აბრალებს, მაგრამ ეს მხოლოდ თავის მართლებაა.
იორამი საკუთარ თავს ძაღლს ადარებს და თუ კარგად დავუკვირდებით, ერთი თავისუბურებით ის მართლაც ჰგავს უტრაკო, ყოყოჩა ძაღლს, რომელიც ტრასაზე მიმავალ მანქანას გაცოფებული, ყეფა-ყეფით გაეკიდება, მაგრამ თუკი მძღოლს ნერვვები უმტყუნებს და გადაწყვეტს ძაღლს მისი საქციელის გამო პასუხი მოსთხოვოს, ანუ ზემოთ ნახსენები მხსვილ ან წვრილკალიბრიანი იარაღით, ან თუნდაც ბეისბოლის ბიტით, ან სულაც შიშველი ხელებით გამოუდგეს, ძაღლი თვალს არ დაახამხამებს ისე მოკურცხლავს იქიდან.
იორამი ყველაზე ნიჭიერი ვინმეა დედამიწის ზურგზე და თუ მოინდომებს, შეუძლია მოხვდეს წიგნში სახელად „100 ადამიანი, რომლებმაც სამყარო შეცვალეს“ ან მისი ფოტოებიტ აჭრელდეს წამყვანი ჟურნალების გარეკანები: „იორამი – კაცი, რომელმაც სამყარო გლობალურ სოფლად აქცია“; „მარშალ მაკლუენიდან იორამამდე“; „იორამი, 23-ე საუკუნის ადამიანი“ . მოკლედ რომ ვთქვათ მას შეუძლია სამყაროსთვის ერთი ჩვეულებრივი ადამიანი არ იყოს და ლოგინში ჩაიგოროს ყველა ის ქალი, რომლის დანახვაზეც სისხლი შეუფართხალდება, მაგრამ ეს ყველაფერი ასე არ ხდება, იმიტომ რომ იორამს ეს არ უნდა. უფრო სწორად უნდა, მაგრამ ის ხომ უტრაკო ძაღლია.
იორამი უტრაკო ძაღლთან ერთად მაძებარი ძაღლიცაა – დღესა და ღამეს პერსონალურ კომპიუტერთან ასწორებს და დაუღალავად დაეძებს მისთვის სასიამოვნო გარეგნობის გოგონებს. ხანდახან თვეები ეპარება თვალსა და მონიტორს შუა. ჰოდა ერთ შემოდგომაზე, როცა მან მიზნად დაისახა მწვანეთმიანი და ყვითელთვალება გოგონას პოვნა, რომელსაც სახე პირსინგებით უნდა ჰქონოდა ამოვსებული, მიზანს ორეგონის შტატის ქალაქ რედმონდში მიაგნო, ჰოდა როცა გარეთ გაიხედა, უკვე გაზაფხული იყო. ასე ორ – სამ წუთს უყურა მის ფოტოს და თავი მიანება. მთავარია მიზანს მიაღწია, მისთვის სასიამოვნო გარეგნობის გოგონა აღმოაჩინა. თუმცა მისთვის სასიამოვნო გარეგნობის გოგონა არ ნიშნავს ჩემთვის სასიამოვნო გარეგნობის გოგონას, ამიტომაც ჩვენთვის სიტყვები „ლამაზი გოგო“, „კარგი მკერდი“, „სექსუალური გარეგნობა“, „მხრებზე შემოსაწყობი ფეხები“ – სულ სხვადასხვანაირ რამეებს აღნიშნავს.
იორამი ვირტუალურ სამყაროში ფრთებს შლის და თავის ბინძურ ფანტაზიას გასაქანს აძლევს:
– იცი? მამაკაცის ორგაზმის ხანგრძლივობა იმაზეა დამოკიდებული თუ სხეულის რამდენი პროცენტი აქვს მოხატული ქალს.
– მართლა? არ ვიცოდი
– ჰო, მეცნიერებმა გამოიკვლიეს
– მე მთელი ტანი მაქვს მოხატული და ჩემს კაცს რამდენ ხანს ექნება?
– ასე ზეპირად ვერ გეტყვი, გააჩნია რამხელა ნახატებია.
– მერე არ გამოვიკვლიოთ?
– აუცილებლად
პაემანი დაითქვა. უფრო სწორად სამეცნიერო დაკვირვების ჩატარების თარიღი – იმავე წლის 22 მაისი. დაითქვა ადგილიც – აგურის მიტოვებული ქარხნის მარცხენა ფრთა, სადაც უფრო მოსახერხებლად ჩატარდება ექსპერიმენტი, რომელში მონაწილე ადამიანების რაოდენობა მკაცრადაა შეზღუდული და სულ ერთი მეცნიერის – ოირამისა და ერთი მოხალისესაგან შედგება.
იორამი ოცნების ასრულებასთან ახლოს დგას და დაგეშილია. სამეცნიერო ექსპერიმენტი სრულიად მოხატულტანიამ წითელთმიან გოგონასთან, ეს ხომ მისთვის სამუდამო ორგაზმის ტოლფასია, ამიტომაც იორამი 22 მაისისთვის განსაკუთრებული ხალისით ემზადება. დანაზოგი ფულით თმას გაილამაზებს, ახალ სუნამოს იყიდის, კუბოკრულ წინდებსა და ტრუსებს, შხაპის ქვეშ დიდხანს იდგება და მამამისის საშხაპე ლოსიონს უყაირათოდ დახარჯავს, თავისი გარდერობის ყველაზე იღბლიან მაისურს ჩაიცვამს.
აი, იორამი მზადაა სამეცნიერო ექსპერიმენტისთვის. საკუთარი საძინებლის შუაგულში დგას და ფეხის წვერებზე ხტუნავს. დროდადრო კისერს უხეშად ატრიალებს და მასაც ტკაცა-ტკუცი გაუდის. ამ მდგომარეობაში უკვე რამდენიმე წუთია, უკვე აგვიანდება კიდეც.
და ამ დროს, იორამი მოძრაობებს ანელებს, მერე სულაც ჩერდება რადგან ახსენდება, რომ ის ძალიან ჰგავს უტრაკო, ყოყოჩა ძაღლს, რომელიც გაქანებულ მანქანას კი ყეფა-ყეფით და მრისხანედ მისდევს, მაგრამ თუკი მანქანა გაჩერდა – ვერაფერსაც ვერ დააკლებს. სწორედ ამიტომ, იორამი ტელეფონს იღებს და ტანმოხატულ გოგონას სწერს, რომ სამეცნიერო ექსპერიმენტისთვის ვეღარ მოიცლის.