გამოქვეყნდა ჟურნალში “დრო მშვიდობისა”
– რამშტაინის კასეტა გაქვთ?
– Конечно.
– რა ღირს?
– Пять лари, у меня только оригинал остался.
– სუფთა ორიგინალია?
– Сам подумай брат, зачем мне тебя обманывать?, ты мой постоянный клиент.
– ჰო, ჰო, მაჩვენეთ აბა – ვპასუხობ რუბიკას, რომელიც დიდ ბაბუად თუ არა, ბაბუად მაინც მერგება, მაგრამ რაც თავი მახსოვს „ბრატ“-ით მომმართავს. რუბიკას, რომელსაც ყველაზე ხრინწიანი ხმა აქვს დედამიწის ზურგზე, მუდამ კუბოკრული პერანგი აცვია და ზედ ჟილეტი აქვს მოსხმული. ვეებერთელა ცხვირზე სქელლინზიანი სათვალე აზის და ყურში იმოდენა ბეწვები აქვს, ვინმეს მისი წამება რომ მოუნდეს უეჭველად მაგ ბალანის ღერიღერ დაწიწკვნით დაიწყებს.
რუბიკა სიმწრით გადანახული ხუთი ლარის სანაცვლოდ რამშტაინის „ორიგინალ“ კასეტას მაძლევს, რომელსაც დავხედავ თუ არა ვხვდები, რომ რამდენიმე დღის წინ, მისივე „ცვეტა მუზიკებიან“ მაგნიტოფონში გაკეთებული „ზაპისია“, მაგრამ რამშტაინის კასეტა ისე მჭირდება, რომ ამ ყველაფერზე თვალს ვხუჭავ. თუმცა, აქ რომც გავახურო, მაინც ვერაფერს გავხდები, ჯერ ერთი სხვა უბანში ვარ და ამ უბნელებს ჩემი უბნელები მაინცდამაინც გულზე არ ეხატებათ და თან სულ ცამეტი წლის ვარ. ასე რომ რუბიკას „ძმები“ ყოფას მიტირებენ. მადლობას ვუხდი და მოვდივარ. . .
ეს იმდროინდელი ამბავია, თბილისში როკერებისა და რეპერების სამოქალაქო ომი რომ გაჩაღდა და მისმა ეიფორიამ ჩვენს საკლასო ოთახშიც შემოაღწია.ერთ დღესაც, სანამ პირველი გაკვეთილი დაიწყებოდა, ორ ჯგუფად გავიყავით. მე, ერეკლე გულაშვილთან და ირაკლი ისაკაძესთან ერთად უმცირესობაში აღმოვჩნდი, რადგან იმ მხარეს დგომა სადაც ნაკლები ხალხია ყოველთვის მხიბლავდა. ჩვენ „როკერებში“ ჩავეწერეთ. მეორე ნაპირას კი დათო ნაცვლიშვილი, შოთა ცინცაძე, გიორგი ედიშერაშვილი, ლევან კირვალიძე და სხვები დარჩნენ. იმ დღიდან მოყოლებული დიდი ხნის განმავლობაში ჩვენს კლასში დიდი სასამართლო სხდომები იმართებოდა, სადაც ჩვენ-ჩვენი არგუმენტები მოგყავდა უპირატესობის დასამტკიცებლად. „როკერები“ ვამტკიცებდით, რომ დიდი ისტორია გვაქვს, ლეგენდარული შემსრულებლები გვიდგანან უკან და ამ დროს ჩამოვთვლიდით ყველას, ვისი სახელიც კი ოდესმე გაგვეგონა და ამ ჩამონათვალში, როგორც წესი ყოველთვის გამოერეოდა უამრავი „არალეგენდარული“, თუმცა დემაგოგიურ სიტყვას ეს მცირეოდენი გაყალბება ვერაფერს აკლებდა, პირიქით! ჩვენი გამოსვლა ყოველთვის ერთი და იგივე რიტორიკული შეკითხვით მთავრდებოდა: „და თქვენ კი ვინ გყავთ?!“ – იკითხავდა ერეკლე და საკუთარ შეკითხვას თავადვე დიდსულოვნად გასცემდა პასუხს: „ერთი 2Pac-ი და ისიც ხულიგანი“ – ამასაც დააყოლებდა ხოლმე მიყრუებით.
თავიანთი დემაგოგები „რეპერებსაც“ ჰყავდათ და მათ რიგებში განსაკუთრებით პოეტი გიორგი ედიშერაშვილი გამოირჩეოდა, რომელიც ყველა არგუმენტს სიმღერის ნაწყვეტს დაუმატებდა ხოლმე. მახსოვს, როცა მათ მუსიკას დავცინეთ გაუგებარი ტექსტების გამო და მაგალითან მოვიყვანეთ 2pac-ის „გეტოს სახარების“ დასაწყისი „Hit them with a lil’ ghetto gospel“, რომელიც ჩვენდა სამარცხვინოდ მაშინ დაახლოებით ასე გვესმოდა: „ჰერო ლერო ვერო გეტო გასფელ“, როგორც ჩანს გიორგიმ სახლში ბევრი იფიქრა და მეორე დღეს საკადრისი პასუხი მოგვაგება: „ეგ ამერიკულია მისამღერია. აი ჩვენ ხომ გვაქვს ოდელია დელია, ან ჰოი რანინა, ეგეთივეა, ოღონდ ამერიკული“ – ვეღარაფერი ვუპასუხეთ.
„როკერებისა“ და „რეპერების“ სასამართლოს ერთი უჩვეულო ტრადიცია ჰქონდა, რომელიც არცერთხელ არ დარღვეულა: დებატების მიწურულს თავგანწირული ჩხუბი იწყებოდა და ამ დროსაც ჩემი შთაგონების წყარო როკი იყო, ოღონდ ამჯერად როკი ბალბოა.
დროთა განმავლობაში „რამშტაინი“ „აეროსმიტმა“ და „განს ენ როუზმა“ ჩაანაცვლა, ხოლო რუბიკას კასეტები მუსიკალური ცენტრის კომპაქტ დისკებმა, მაგრამ ძალაუნებურად ჩემს ცნობიერებაში დარჩა რამდენიმე სიმღერა, რომლებსაც ვერა ძალა ვერ ამოშლის იქიდან.
November Rain – პირველად ტელევიზორში მოვისმინე და მას მერე დიქტოფონით ხელში ვდარაჯობდი. როცა მიზანს მივაღწიე და შედეგის მოსმენა დავიწყე, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს საბჭოთა კავშირის რომელიმე მიყრუებულ ადგილას ვიყავი და მალულად ვცდილობდი „ამერიკის ხმა“ დამეჭირა. ჩანაწერი იმდენად „ხარისმიანი“ იყო, რომ შიგადაშიგ სიმღერის ხმაც ისმოდა. ხოლო როცა „სუფთა“ ჩანაწერს ვეღირსე, თითქოს მელოდიათა ზღვა გადმომეღვარა ტანზე. ტექსტიდან სულ რამდენიმე სიტყვა მესმოდა, მაგრამ ვგრძნობდი ეს სიმღერა იტევდა ყველა ჩემს ოცნებას, სამომავლო გეგმებს, კარიერას, საოცნებო გოგონებს. მასში იყო ყველა ნაფიქრალი. ეს ყველაფერი ახალგამჟღავნებული ფირივით გარბოდა ჩემ თვალწინ, მერე კი, უცებ სლეშის სოლოს ავყავდი სადღაც მაღლა. ცაში. არა, ცაზე მაღლა და კიდევ უფრო მაღლა. ავყავდი ნელა და მიდუღდა სისხლი. მერე კი ექსელ როუზის ხმა რომელსაც სიამოვნება დასასრულისკენ მიჰყავდა. ხოლო მაშინ, როცა კაიფს დასრულებულად ჩათვლიდი, ფორტეპიანო, გიტარა და დასარტყამი ინსტრუმენტი დიდი აფეთქებისკენ მიგიძღვებოდა. სიმღერა მთავრდებოდა, მე ვქოშინებდი და გული ამოვარნაზე მქონდა, თითქოს მთელი სამყარო შემომერბინოს ფეხით.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, მუსიკაში მაინც დილეტანტი ვარ და დღესაც რამდენიმე კომპოზიციით ვსაზრდოობ, მათ შორის „არაროკერულითაც“. (და ეს მყოფნის). ამ ამბის მოყოლაც მხოლოდ იმიტომ გადავწყვიტე, რომ დღეს აქსელ როუზის ვიდეოს გადავაწყდი და გავიფიქრე: „დაბერებულხარ, მოტეხილხარ და დაჩაჩანაკებულხარ ჩემი ბავშვობის კუმირო ექსელ“. შესაბამისად, ეს წერილიც ისევე შემთხვევით დაიწერა, რაოდენ შემთხვევითადაც მე „როკერებში“ ჩავეწერე .