ნელი სვლით ბათუმისკენ და უკან (გნებავთ წინიდან და უკნიდან)

გასვლამდე ნახევარი საათით ადრე ცნობათა ბიუროში არ იცოდნენ, მატარებელი # 34 რომელ ბაქანზე შემოვიდოდა. საბოლოოდ პირველ ბაქანზე ჩამოდგა, მაგრამ მე თუ მკითხავთ აჯობებდა არ ჩამომდგარიყო. თბილისიდან ბათუმამდე მეცხრამეტე საუკუნეში გამოშვებული მატარებლით ვიმგზავრეთ (მასში ოცდამეერთე საუკუნის ერთადერთი ნივთი სალომე ბარკერის ლეპტოპი იყო.  ჯოჯოხეთურად ცხელოდა  და საბოლოოდ სერიოზულად დავფიქრდით იმ მატარებელში უფრო მეტი ოფლი დაიღვარა თუ ეგვიპტური პირამიდების მშენებლობისას ერთად აღებული.  ამ სიცხეს ემატებოდა ფენა-ფენა დალაგებული ჭუჭყი „საწოლებზე“, მაგიდაზე, ფანჯრებზე და რაც არ უნდა სამარცხვინო იყოს, უკვე ჩვენზეც, რომელსაც ხარისხითა და რაოდენობით მხოლოდ  „ბანგკოკ ჰილტონის“ ციხის ჰიგიენური მდგომარეობა თუ შეედრებოდა. გამცილებელი, რომელსაც დემოსტრაციულად ვუწოდებ „პრავადნიკს“, რადგანაც მას ჯერ კიდევ ერთერთ საბჭოურ რეისზე წარმნოედგინა თავი, არამც და არამც არ გვიშვებდა გვერდითა ვაგონში, სადაც ერთი კუბით მეტი ჟანგბადი ტრიალებდა, სამაგიეროდ ძალიან გაგვახარა, როცა ბათუმში ჩაღწევამდე (!) 20  წუთით ადრე სირბილითა და ყვირილ-ყვირილით ჩაგვიარა „ტვალეტი ღიაა, ტვალეტი ღიაა“. როგორც ჩანს, ახლადგახსნილი ტვ(!)ალეტით პირველმა თვითონ გამოსცადა და მართალი გითხრათ იქ შესულს არათუ ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების სურვილი გამიქრა, საპირფარეშოში შესვლისას დღემდე მზარავს (არადა რარიგ მიყვარდა მატარებლის ტუალეტში პედალზე ფეხის დაბიჯება ბავშვობაში). ცოტა ადრე კი „პრავადნიკმა“ კიდევ ერთხელ გაგვახარა: როცა ვკითხე დათქმულ დროს ჩავალთ თუ დაგვაგვიანდება – მეთქი, თვალი არ დაუხამხამებია, ისე მიპასუხა „ცოტა“ დაგვაგვიანდებაო. საპასუხოდ მივუგე „ცოტა“ რამდენია – მეთქი, მკვახედ მომახალა, რომ „ცოტა-ცოტაა“ (რა მზაკვრული და ჩიხში შემყვანი სიტყვაა ღმერთმანი). საბოლოოდ ეს ცოტა საათზე მეტი აღმოჩნდა (ალბათ მემანქანეს სამტრედიაში საქმე ჰქონდა და ბარემ მოაგვარა, რაღა!)  მეც კარგი უტიფარი ვინმე ვარ და კიდევ მივადექი, უკვე ნახევარ საათს დავაგვიანეთ –  მეთქი, მან კი მაჯას დახედა და მკვირცხლად მომაგება: „რას ამბობ, ნახევარ საათს კი არა, ერთ საათს ვაგვიანებთ უკვეო“ (რა მზაკვრული და ჩიხში შემყვანი სიტყვაა ღმერთმანი 2) …

ელის ბოიდ რედინგი, სტივენ კინგის გმირი წიგნიდან „რიტა ჰეივორტი ან გაქცევა შოუშენკიდან“, ციხეში არსებული ყოფის აღწერისას ამბობს, რომ გისოსებს მიღმა დრო ისე გჭრის, როგორც ბასრი სამართებელი. მართალი გითხრათ, არც თბილისურ-ბათუმურ „პლაცკარტში“ გატარებული ცხრა საათია ხუმრობა საქმე.  დრო და გარემო ერთმანეთს ხელს უწყობს და ძალაუნებურად იქმნება საინტერესო პასაჟები. ჯერ იყო და ერთგვარი „ბეღურების გადაფრენა“ გათამაშდა, როცა ჩეხეთიდან ახლადდაბრუნებულმა კოლექტივის (ეს სიტყვა იმავე მატარებელში გონების ფსკერიდან ამოგვიტივტივა სალომე ბარკერმა, თითქოს შემოდგომის მიწურულს ნაფტალინიდან ძველისძველი ქურთუკი გამოეღოს) ერთერთმა წევრმა თავისი ევრპუპი ვოიაჟების შესახებ დაიწყო მოყოლა, რასაც შემდეგ „კუდები გამოვაბით“ და გულიანად ვიცინეთ ყველამ ერთად. სიცილი დამთავრებული არ გვქონდა, რომ ზესტაფონის გაჩერებაზე ასე 40 წლის კაცი ამოვარდა ორი ჩანთით ხელში, რომლებშიც  როგორც თავად ამბობდა „ოჯახში გამომცხვარი კარტოფილის პერაშკები“ (გნებავთ ღვეზელები) ეწყო. ის-ის იყო დამშეულებმა ხელი გააქანეს საფულეებისკენ, რომ ამ კაცმა ფასი არ დაახანა: „სამი ცალი 1 ლარი“ და ცხადზე ცხადი გახდა რა „ოჯახში გამომცხვარი პერაშკებიც“ (გნებავთ ღვეზელები) ეწყო იმ „ბრეზენტის“ ტომსიკაში. უმრავლესობას მადა გაუქრა, თუმცა, არც იმათი სახეები დამვიწყებია, დაუნანებლად რომ ჩაუთვალეს ლარ-ლარი, ღიმილიანი სახით რომ შეექცეოდნენ და ზეთიან თითებს  ილოკავდნენ. გაივლის ორიოდ საათი და „პრავადნიკის“ დაძახებაზე „ტვალეტი ღიაა“ ისინი თავქუდმოგლეჯილები გაიქცევიან იქით, ჰარიქა არავინ დამასწროსო.

მთელი ამ ხნის განმავლობაში, ჩვენ გვერდით იჯდა მამა-შვილი. დრო მიცვალებულზე მეტი მქონდა და შიგადაშიგ (გნებავთ შიგდაშიგ) გადავხედავდი ხოლმე იმათ. მე და ირაკლი ისაკაძე ერთხმად შევთანხმდით, რომ მამა შვილს ცხოვრებას ასწავლიდა (გნებავთ „კაკ ასტავატსია ვ ჟივიხ“). ეს ცხოვრების სწავლება კი ბანქოს ოსტატობაში გამოიხატებოდა. მთელი გზა არ გაჩერებულან, მხოლოდ ათ წუთს გავიდნენ „ჰაერზე“ და მაგიდაზე პარკით ვაშლატამები დატოვეს, რომელზეც ნერწყვი მოგვადგა და საცოდავის მზერით ვუყურებდით.  სალომემ იკითხა კიდეც, დათვლილი თუ ექნებათო, რაზეც ვაწყენინე „ჩემი თვალით დავინახე როგორ ითვლიდა-მეთქი“. . . „დურაკათი“ დაიწყეს და მგონი პრეფერანსით დაამთავრეს. ჩაწყობა, მოტყუება, გადახედვა, ბლეფი, სამშობლოსა და მშობლიური ენის სიყვარული . . . ყვეაფერი ჩაუნერგა. მე და ისაკა ვხუმრობდით ყველა თამაში სრულყვეს და მგონი ჯოკერზე მაღალი კარტიც გამოიგონესო. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე მგონია, რომ კარგია, როცა მამა საკუთარი შვილის ნათელ და უსაფრთხო მომავალზე ზრუნავს!

მახინჯაურის სადგურზე ფეხი ჩავდგით თუ არა  „ტაქსიმ დაგვიჭირა“ (წესით პირიქით ხდება ხოლმე) ბათუმში ყოფნის მერე დაუღალავად მეფიქრება იმაზე, რომ იქაური ტაქსისტები მანქანებში ბენზინის, „სალიარკის“, დიზელის, გაზის ან რაიმე ამდაგვარის ნაცვლად საკუთარ სისხლს ასხამენ. აბა, გაგონილა მაგალითად „ფილარმონიიდან ვაკის პარკამდე მანძილში“ თხუთმეტი ლარი მოითხოვო? და როცა შეიცხადებ თვითონაც შეიცხადოს? ღმერთი, რჯული, გადავირიე! . .

(პ.ს ბათუმის მშენებლობები და პიაცა ვნახე (რომელიც აქამდე არ მენახა და ჩემნაირმა გულღრძო ცინიკოსმაც კი უნდა თქვას, რომ მშვენიერია)

ეს კიდევ რა არის?! ბათუმიდან რაჭაში სამარშრუტო ტაქსით მომიწია წასვლა. იქ უარესები დატრიალდა. შემდეგი გაჩერება ბათუმის მთავარი ავტოსადგურია, ბაქანი მეათე. თუმცა, ამაზე მერე, ხვალ.

დათო გორგილაძე

11 thoughts on “ნელი სვლით ბათუმისკენ და უკან (გნებავთ წინიდან და უკნიდან)

  1. ჰეჰ🙂 შენ რა გითხარი ვეჟო :)) კიდევ კარგი ვიცოდი რა ხილიც იყო ეგ პლაცკარტი და არ ვიმგზავრე.. ჰოდა, მშვენიერი პიაცა არსად დაგეკარგოს, უგემოვნობის პიკია (ეს სნობური ტონით), ოღონდ მართლა..

  2. რა ქალოიასავით გიწერია, რაია ეს? არიქა და ორიგინალური ვიქნები, თუ ლაშა ბუღაძესავით ყოველივე ვინტში ჟანგს ვნახავო? :დდდდ
    თუ ის არ იცოდი, მსოფლიოს ერთ-ერთ უნიტაზ ქვეყანაში რომ ვხოვრობ?
    ჰოდა კიდე ის იცოდე, რომ მაგ შავ ზღვაში თურქებს რადიოაქტიული რაღაცები ჩაეღვარათო – ამბობენ ასე და.. თუ მაგ თავზე თმები ამოგიყვანა, ჯანდაბას. მარა თუ ფეხები – მაშინ ოოოო :დდდდდდ

  3. კარგი ხარ დათია, სრული სიმძაფრით შევიგრძენი შენი განცდილი :))) ყოჩჩჩჩაღ!

  4. ჯიგარი ხარ :)))) მეც გამახსენდა ერთ დროს ზუგდიდიდ მატარებელში გატარებული დრო 3 წლის წინ დაახლოებით. იმის მერე მრავალმა არიელმა, ტაიდმა, ვენიშმა და ვერნელმა განვლო, მაგრამ ჩემს ტანისამომსს კვლავაც ასდის იმ კალოშების სუნი მატარებლის გასათბობად რომ წვამდნენ! მო*****ნ ტურისტული ქვეყანა :))))

  5. ეეჰ, ვაი რომ თქვენს გვერდით “პლაცკარტში” ვიჯექი მეც და ჩემ ზურგზეც გადაიარა ზემოთ ნახსენებმა ტკივილმა😦 :დ

  6. Pingback: თბილისი-ბათუმი-რაჭა-თბილისი, ანუ იქით და აქეთ « Samidabliu 2.0

  7. vaime gorgil😀 eama gulss mag matareblis gaxsenebac :D:D

    bevri vicine, da auztan gamaxsenda mag sagamos vaxsham =)))))))))

  8. Pingback: თბილისი-ბათუმი-რაჭა-თბილისი, ანუ იქით და აქეთ | Samidabliu 2.0

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s