იაკო

უნივერსიტეტში სწავლისას ვცდილობდი საგანი ლექტორის მიხედვით ამერჩია.  ამისთვის ერთგვარი კრიტერიუმები მქონდა დაწესებული: 1) სნობური (თუ ტელევიზორში ხშირად ვხედავდი და მინდოდა სინამდვილეშიც მენახა, ანუ ჩემზე ლექტორის „კურიკულუმი“ ახდენდა ზეგავლენას),   2) მზაკვრულ – სარგებლიანი  (თუ სტუდენტობაში ხმა იყო გავარდნილი, ქულებს  იოლად წერსო, ანუ როგორც ჩვენ ვამბობდით  „არიგებს“)  მესამე კრიტერიუმი კი – წმინდად ინტუიციური გახლდათ, ანუ გვარის მიხედვით ვაკეთებდი არჩევანს. ასე მოხდა  სტატისტიკის შემთხვევაშიც, რომელიც უნივერსიტეტში ჩარიცხვისთანავე სავალდებულო საგნად მომაგებეს და ეს „ვალდებულება“ რომ არა, ლექტორის არათუ გვარ-წარმომავლობა, გავრცელებული ხმები „არიგებს-აც ვერ შემიტყუებდა იმ აუდიტორიაში (უცნობებისთვის განვმარტავ: მე ის კაცი ვარ, რომელსაც მარტივი მათემატიკური მოქმედების გაკეთებას თუ დაავალებ, ნერწყვს მწარედ გადაყლაპავს, თვალებს გააშტერებს, სუნთქვას შეიკრავს, შუბლი ოფლით დაენამება და დიდი შანსია ბოლოს გითხრათ, რომ არ იცის, ან უკეთეს შემთხვევაში არასწორი პასუხი მოგახსენოთ). ჰოდა, ამ სავალდებულო სტატისტიკის ლექტორად ავირჩიე იმ დროს ჩემთვის სრულიად უცნობი ბატონი – ბესარიონ დოჭვირი.

ამ საგანზე ბევრი მეგობარი (მომავალში) შევიყარეთ, მათ შორის ირაკლი გუნიაც და რატი შუბლაძეც (თუმცა მაშინ რატი შუბლაძეს ყურადღებას არავინ აქცევდა, მათ შორის თავად რატი შუბლაძე). ჯერ უნივერსიტეტის პირველი კორპუსი სტუდენტების განკარგულებაში იყო და ლექციებიც იქვე,  211-ე აუდიტორიაში გვიტარდებოდა.

სინამდვილეში სტატისტიკამ ძალიან დაგვაინტერესა.  ჩვენ ჩავიძირეთ ციფრებისა და დიაგრამების მორევში და ისინი ჩვენი ცხოვრების მეგზურები გახდნენ, როგორც ოდესღაც ჯონ ნეშმა დაიმეგობრა რიცხვები.  ჩვენ განუწყვეტლივ ვმოგზაურობდით დეკარტის ღერძზე, აბსცისადან ორდინატასკენ და პირიქით,  მინუსებიდან – პლუსებისკენ.  კამათლებსა და ბანქოზე ამოცანების ამოხსნაში იმდენ ხანს ვატარებდით, რომ მოსაშარდად დრო აღარ გვრჩებოდა. რა თქმა უნდა, ყველაფერი ზემოთ აღნიშნული ტყუილია.

რენდელ პატრიკ მაკმერფის (გნებავთ კენ კიზის) რომ დავესესხო,  მე პირველივე ლექციაზე ვცადე ყველასთვის დამემტკიცებინა, რომ „არავიზე ნაკლებად გაფრენას არ ვაპირებ“ და „შევუშვი“ უკბილო ღადაობები, რაზეც მაინცდამაინც არავის ეცინებოდა. ბატონმა ბესარიონმა რამდენჯერმე ისე „შემჯორა“,  ჩემს ადგილას ვინმე ნორმალური მეორედ იქ აღარ მიბრუნდებოდა, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, ეს დაუწერელი მორალური კანონი „ვინმე ნორმალურზე“ ვრცელდებოდა, ანუ ჩემთან შეხებიის წერტილიც კი არ გააჩნდა, ამიტომაც ყოველ მორიგ მეცადინეობაზე სუფთა სინდისითა და ახალ-ახალი უკბილო ხუმრობების იდეებით მივდიოდი. საბოლოოდ ლექტორის თვალში რეპუტაცია ისე გავიფუჭე, რაც არ უნდა მეკითხა (თუნდაც შეკითხვა ალბათობის თეორიის ფუძემდებლების ბიოგრაფიის ფარგლებში ყოფილიყო), სტანდარტული ფრაზით მპასუხობდა: „შენც არ მყავდე ვარდის მურაბა“ (აქვე უნდა გითხრათ, რომ ბატონი ბესარიონმა ჩემს თვალში უჩვეულოდ დადებითი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა და პირველი კურსის დასრულების შემდეგ, როცა მას ქუჩაში ვხვდები, წითელი ფერი  სახიდან არ ჩამომდის).

მოკლედ, სტატისტიკის ლექცია ჩემთვის იგივე იყო, რაც ედმონ დანტესისთვის იფის ციხესიმაგრე,  იონასთვის ვეშაპის მუცელი, ან თუ მაინცდამაინც არც ფრანგულ ლიტერატურაში გადაჭრა გვინდა და არც ბიბლიური პერსონაჟების მაგალითები მოგვწონს – ეს ლექცია ჩემთვის იგივე იყო, რაც  ჭოლა წულაძისთვის „ჯეოსტარის“ ჟიურიში ჯდომა. თუმცა, როგორც ყველას,  ამ გამურულ მედალსაც ჰქონდა თავისი მეორე, ნათელი მხარე და მას იაკო ერქვა.

როგორ გითხრათ? – იაკო, ირაკლი გუნიასთვის და ჩემთვის  სტატისტიკის ლექციაზე ისეთივე როლს ასრულებდა, როგორსაც ნუნუ ექიმი წინასწარი დაკავების იზოლატორში.  მე ვიყავი კაკო დევდარიანი (ლიმონა), გუნია იყო ზაზა ნაკაშიძე, ხოლო კამერაში (აუდიტორიაში) ჭიჭიკო გოგოლები, ტიგრან გულოიანები და შოშია გოგოლაძეებიც ბლომად ისხდნენ.

ამ საგანზე იაკოს ღვაწლმოსილი მოღვაწეობა შთამბეჭდავად დაიწყო: პირველი ლექციაა. ბატონი ბესარიონი  იმის ალბათობას ანგარიშობს, თუ რამდენი პროცენტია იმის შანსი, რომ ერთი გაგორებით კამათელზე ხუთი (ფანჯი) დაჯდეს (ნუ, მოკლედ, რაღაც ამნაირს ხსნის). გუნია ცდილობს იმის იმიტირება მოახდინოს, რომ უსმენს და აინტერესებს, რაც იმაში გამოიხატება, რომ დოჭვირის გამოხედვაზე, თავ-პირს დააქნევს ხოლმე. მე – ამის ამბიცია უკვე დაკარგული მაქვს, თავი მერხზე  ჩამოვაყრდნე, ღაბაბი ნაკეც-ნაკეც მიდევს მსუქანი, ბოღრა ძაღლივით და ხმამაღლა ვსუნთქავ. რატი შუბლაძე კი ყველაფერს ბლოკნოტში იწერს და ხანდახან არც იმას ერიდება, ლექტორს გამეორება სთხოვოს. (. . . ამ დროს რკინის ალაყაფის სარკმელი ხმაურიანად იღება და ნუნუ ექიმის სახე იკვეთება, რომელიც გვეკითხება: რამე ხომ არ გაწუხებთ ბოროტმოქმედებო?  ჩვენ კი,  ყვირილით: წელი ნუნუ ექიმოოო (ლუმინალი), გული ნუნუ ექიმოოო (ლუმინალი), ყელი ნუნუ ექიმოოო ( ბა – წა – რი) . . . სინამდვილეში კი ხის ჭრიალა კარი იღება და ოთახში იაკო შემოდის, ბატონ ბესარიონს ბოდიშსა და დაჯდომის უფლებას სთხოვს და აუდიტორიის მარცხენა ნაწილში თავსდება.  „პლეზანტვილი“ გაიხსენეთ, შავ-თეთრ სამყაროში ფერადი ადამიანი რომ ჩნდება – ამას ჰგავდა.

შემოვიდა – ყველანი იაკოს ვუყურებთ. დაჯდა – მხოლოდ მამრები ვუყურებთ. ნახევარი საათი გავიდა – მხოლოდ მე და გუნია ვუყურებთ (პუნქტი ინფორმაციისათვის: მთელი ამ ხნის განმავლობაში რატი შუბლაძე წერს და ანგარიშობს).

–         რას იტყვი ძია?! – ირაკლი მდუმარებას არღვევს.

–         ღმერთი არსებობს ხარებ! – ვპასუხობ დინჯად.

–         მერე, რა ვქნათ ძია?

–         რა უნდა ვქნათ ხარებ?

–         რამე ხო უნდა ვქნათ?

მე მივხვდი, რომ ირაკლის ასეთი ჭეშმარიტება არასოდეს ამოსვლია პირიდან და მოქმედებაზე გადასვლა ვცადე.

–         შეიძლება იქით გადავსხდეთ ბატონო ბესარიონ? აქეთ მზე გვაჭერს.

–         შენც არ მყავდე რა ვარდის მურაბა – მპასუხობს.  ანუ,  გადაჯექიო.

ლექტორის თანხმობისთანავე, ორივენი ზებგერითი სისწრაფით გადავბარგდით აუდიტორიის მარცხენა ფლიგელში და იაკოს ზურგსუკან, მყუდროდ მოვთავსდით. ნახევარი საათი ისე მიილია, ხმა არცერთს დაგვიძრავს (რაც სტატისტიკის ლექციაზე ჩვენი პირადი რეკორდის დაახლოებით ოცდაცხრაწუთიანი გაუმჯობესება იყო). მართალი გითხრათ, ერთდროულად, საუბრის საბაბიც გვქონდა და დუმილისაც.  იას ტანზე „ბადე“ ეცვა, შავი ბადე, რომელშიც გამოყვანილი წელი სიტყვასიტყვით იკითხებოდა. ქვემოთ საშუალო სტატისტიკურ უნივერსიტეტელ გოგონაზე მოკლე კაბა, უცნაურად დავარცხნილი კუპრივით შავი თმა, წითელი პომადა და სხვა ღირსებები. ერთი სიტყვით, ამ მონაცემებმა იოლად მოახერხეს ქალაქის პერიფერიებიდან ვაკეში მოხვედრილი ორი ახალგაზრდა, ირაკლი და მე ნახევარი საათით დავედუმებინეთ.

ოცდაათი წუთის შემდეგ ჯადომ ძალა დაკარგა. „უიღბლო მექალთანეთა საბჭომ“, რომელსაც იმ დღეს მხოლოდ ორი წევრი ესწრებოდა, მოლაპარაკების ხელმძღვანელობა მე დამაკისრა.  მართალი გითხრათ იქამდე აზრადაც არ მომივიდოდა, რომ სტატისტიკის ლექციაზე ასეთ სასიამოვნო დავალებას მივიღებდი, მაგრამ შესასრულებლად ძალიან რთული გამოდგა და ისევე როგორც „ფანჯის დაჯდომის“ პროცენტული ალბათობა, ვერც ეს ამოცანა ამოვხსენი. მოყოლად კი ღირს:

თმას ვისწორებ, ვაზისუბნური ღიმილის ნიღაბს ვირგებ და ყოველგვარი ტაქტიანი მისალმების გარეშე, პირდაპირ საქმეზე გადავდივარ

–         უცებ გავიფიქრე, რაიმე ცხოვრებისეულ ფილმს ხო არ გვეყურებინა ერთად?

–         არა, იყოს!

–         რატო კი მარა?

–         არ მიყვარს კინო.

ეს იყო უმძიმესი დარტყმა! „უიღბლო მექალთანეთა საბჭომ“  ანგარიში მოისმინა (პრინციპში საუბარსაც ისმენდა) და ჩემი მუშაობა არაეფექტურად სცნო. ვერდიქტს თან ერთვოდა დოკუმენტი იმის შესახებ, რომ მოლაპარაკებები აღარ განახლდებოდა, რადგანაც საბჭოს მეორე წევრს ამის „ერთი ადგილი“ არ ჰქონდა.

მე არ დავნებდი და „უიღბლო მექალთანეთა საბჭოსგან“ დამოუკიდებლად შევეცადე „ჩემი სიმართლის დამტკიცებას“. ფრონტმა კი 211- ე აუდიტორიიდან „იაჰუ მესენჯერის“ ფურცლებზე გადაინაცვლა. ძნელი აღსაწერია ის მცდელობები და იერიშები, რომლებიც მე იაკოს გულის მოსაგებად  მივიტანე, მაგრამ როგორც საბოლოოდ აღმოჩნდა, ნიკა ესებუას გაცილებით ძლიერი ავიაცია და საზღვაო ფლოტი ჰყოლია, სტრატეგიული სიმაღლეებიც ჩემზე ადრე დაუკავებია (მე მაშინ პირველად დავფიქრდი მეგრული ჯიშის უპირატესობებზე), მაგრამ უკანასკნელი ძალებით მაინც ვცდილობდი სტალინგრადის დაცვას, სანამ ერთხელაც  ნიკამ ტელეფონზე არ დამირეკა და ამიხსნა, რომ ყოველგვარი -„კაიბიჭური“,“ არაკაიბიჭური“ და თუნდაც იურიდიული წესებითაც კი – თეთრი ალამი უნდა ამეფრიალებინა.  ბევრი ვიჭოჭმანე, მაგრამ ჭეშმარიტებას ღამბობდაა ის კაცი და ნიკა რომ გაჩუმებულიყო, ქვები აღაღადდებოდნენ მის ნაცვლად (ახლა, როცა მე და ნიკა უახლოესი მეგობრები ვართ, ხშირად წამომაყვედრის ხოლმე, გახსოვს ჩემს შეყვარებულს რო ეჩალიჩებოდიო?!).

ისე მოხდა, რომ სპეციალობად ორივემ (იაკომ და მე)  ჟურნალისტიკა ავირჩიეთ და ერთი აუდიტორიის ფარგლებშიც ხშირად ვექცეოდით. პირველ კურსზე დამარცხებული კაცის ინსტიქტები თავს არ მანებებდა. გუნია და მე, სოფლის ბირჟის ჭორიკანა კაცებივით, რამდენჯერაც ნიკას და იას ერთად მოვკრავდით თვალს, სტანდარტულ ფრაზას ვამბობდით რიგ-რიგობით: „ცოდოა ეს გოგო ამ ბიჭისთვის“. თუმცა, გაგონილი გექნებათ, რომ ბოროტმოქმედი დანაშაულის ადგილას აუცილებლად ბრუნდება და ეს წესი არც მე დამირღვევია, ოღონდ ჩემი საქციელი ხუმრობის ფარგლებს იდეაშიც კი არ გასცდენია: ქართულის ლექციაზე შევდივარ, ვხედავ იაკო მარტო ზის. შანსს ხელიდან არ ვუშვებ და გვერდით ვჯდები. არ გადის ერთი წუთი და ჩემს გახურებულ ხელს იას მუხლზე ვადებ და მის რექციას ვუცდი. ვხედავ ხმლის ბასრი პირივით როგორ ირეკლება შიში იაკოს თვალებში, ენა უროსავით უმძიმდება და მუხლი უკანკალებს. მე უცებ სიცილს ვიწყებ და ჩემს ბანჯგვლიან ტორს იაკოს მუხლს ვაშორებ. იაკო შვებით იცინის.

ამ დღიდან მოყოლებული, ოთხი წლის განმავლობაში მე გამუდმებით ვეხუმრებოდი იაკოს ამგვარად (ამჯერად მხოლოდ ვერბალურად)  და საოცარია, მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩემს არცერთ ხუმრობას  არ ჰქონია წინაპირობა, ქვეტექსტი, ანუ ისინი არ გამომდინარეობდა რაიმე „არაჯანსაღი“ ფიქრებისგან. ია ძალიან ახლო მეგობარი გახდა. მან დამარწმუნა, რომ შინაგანად ისევე საინტერესო ადამიანია,  როგორც გარეგნულად. სამწუხაროდ, სხვები მასში მხოლოდ გარეგნობას აქცევენ ხოლმე ყურადღებას, ისევე როგორც მე ერთ დროს.

ოთხი წლის განმავლობაში ერთად უამრავი საინტერესო პასაჟი შეგვმთხვევია. ჯერ მარტო ის ამბავი რად ღირს, ნინია მაჭარაშვილის თხოვნით პირველ გიმნაზიაში ბავშვებისთვის ინტერვიუების გამოსართმევად და სურათების გადასაღებად მშვიდად მივედით, იქითა გზიდან კი ატირებული ბავშვების არმია მოგვზდევდა უკან.

იაკო უკვე ბაკალავრია და „ჯიპაში“ აპირებს „გამაგისტრებას“, რაშიც გულითადად ვუსურვებ წარმატებას და დარწმუნებულიც ვარ – ამას მოახერხებს. მე უფრო მის პირველ ლექციაზე მეფიქრება, როცა მორიდებით შეაღებს ხის ჭრიალა კარს, ლექტორს პატიებასა და დაჯდომის უფლებას სთხოვს, ამ დროს კი აუდიტორიაში  ვინმე ორი აფუსფუსდება: „რას იტყვი ძია?!“

17 thoughts on “იაკო

  1. ბიჯოო, ერთხელაც, სვაიაკის მორიგი ჰონორარით, რატი პისტოლეტს იყიდის და ჩაგხოცავს😀

  2. me agfrtovanebuli var jer kidev . agarc maxsovs ase bednierad tavi bolos rodis vigrdzeni :)) dzalian miyvars davita da es is adamiania,romelsac namdvilad shegidzlia endo da misi imedi gqondes..gamorcheuli adamiania❤

  3. პირველად მოვხვდი ამ ბლოგზე და უკვე მომწონს.
    საერთოდ უზარმაზარი პოსტების წაკითხვა მეზარება ხოლმე მაგრამ ისერ კარგად ეწერა რო დიდი ინტერესით ჩავედი ბოლომდე.

  4. well done: ))
    იაკო მართლა საოცარი მუზაა:)) ყოველთვის როცა ქუჩაში მხვდება კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ აბსოლუტურად ყველასგან გამორჩეულია ჩაცმით და გარეგნობით: )) ფერადი შავ–თეთრ მასაში:))

  5. ეე გასწორა გორგილ
    დოჭვირი ჩემი ლექტორიც იყო, შენი და მაგის ურთიერთობას რომ ვკითხულობდი, მეგონა ჩემზე ლაპარაკობდი :დ
    ზუსტად მაგიტო ვერ მიტანდა მეც :დ მაგარი კაცია ისე, ოღონდ მარტო მე ჩამჭრა ჯგუფიდან :დ :დ
    კარგი იყო პოსტი, ძალიან ვიცინე :დ

  6. მე პირველი დღიდან ვიცნობ :ჯუმპ: რა კარგი პოსტია გორგილაძე❤

  7. ეეე გორგილ რა ცუდად მახსოვს დოჭვირის ლექციები, რამდენჯერ გავულანძღივარ შენს გამო🙂🙂

  8. ეს ადამიანი ძალიან მეცნობა, ბევრი ვიფიქრე საიდან, მაგრამ ვერ გავიხსენე, შესაძლოა, უნივერსიტეტის ეზოში დამინახავს და დამამახსოვრდა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s