იკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში

ვწუხვარ რომ განმეორება მიწევს, მაგრამ ხანდახან თავ ზემოთ ძალა არ არის და ლიტერატორები დამეთანხმებიან კიდეც – თუ გინდა ერთ ამბავს მეორე მიაყოლო, საერთო ძაფი უნდა გამოუნახო. ასეთი ძაფი კი ამ შემთხვევაში ტაქსია. თუკი ბათუმში ხარ და გადაადგილების ერთადერთ საშუალებად ტაქსის აღიარებ, გამოდის, რომ საქართველოში სამი – ღარიბი, საშუალო და მდიდარი კლასის გარდა მეოთხეც არსებობს და შენ სწორედ ამ მეოთხე კატეგორიას მიეკუთვნები (მდიდარ-სულელებს). თუ მე და ისაკაძეს კარგად ჩაგვიღრმავდებით, სულელების იარლიყი შეიძლება მოგვაკეროთ, მაგრამ სიმდიდრეს კი ვერცერთი სოციალური დაზღვევის აგენტი ვერ დაგვწამებს, მაგრამ დაგვიანების ხარისხმა (რაც ისაკასთვის ცხოვრების წესია ჩემთვის კი მიზეზი რის გამოც ისაკა უნდა მძულდეს)  ზენიტს, ხოლო მომლოდინე გუნიას ზარების სიხშირემ პიკს მიაღწია (ბოლოს ტელეფონი ჩემ უკითხავად უთიშავდა) და ჩვენც გავრისკეთ . . . გავრისკეთ და შევცდით. დაახლოებით ორი კილომეტრის (არც!) გავლაში იმდენი გადავიხადეთ, რამდენადაც სომალის ერთ ტომს ერთი თვის სამყოფ საკვებს ვუყიდდით. სამაგიეროდ მძღოლმა არნახული პატივი მოგვაგო – ზედ სამარშრუტოს ბაქანთან გაგვიჩერა. ჩვენდა გასაკვირად (და გასახარად) გუნიას გარდა კიდევ ორი მეგობარი – დაჩი ქინქლაძე და მარიამ გიგუაშვილი დაგვხვდნენ. აღმოჩნდა, რომ მათაც რაჭისკენ ეჭირათ გეზი (მყარად მწამს,  მოვა დრო, როცა ბათუმიდან რაჭამდე ჩვენს მსვლელობას ისტორიკოსები აღიარებენ არგონავტების მოგზაურობის შემდეგ ყველაზე სახიფათო და მომქანცველ თავგადასავლად).

თითო – თითო ფანტა – კოკა-კოლა – სპრაიტს გეახელით და ვინმე „აცკი ვაძიწელმა“ „რეისი ბათუმი – რაჭა 001/14“ ბაქანზე შემოაგელვა, რის შემდეგაც ბარგი ავიკიდეთ და ჭიანჭველას ნაბიჯებით მივუახლოვდით. მე ერთადერთი მგზავრი აღმოვჩნდი, რომლის ჩანთაც საბარგულში მოათავსეს. უფრო სწორად კი, რომლის ჩანთისთვისაც საბარგულში ადგილი შემორჩა ორი ტომარა ფქვილის, იატაკის გერმანული ლაქის, „უგოლნიკებისა“ და მთელი რიგი სარემონტო – კულინარიული მასალის გვერდით (თუ ქვემოთ). დანარჩენების ბარგი მძღოლის თანაშემწემ (ე.წ Gunman-მა) სახურავზე შემოაწყო. გავლის ორიოდე საათი და ეს კაცი კიდევ აძვრება სახურავზე და ეს ასვლა სავალალოდ დასრულდება.  სავალალოდ ბარგისთვის, თორემ კაცს ჯვარი სწერია!

მძღოლს ვაცნობეთ, რომ ბილეთები უკვე აღებული გვქონდა, რაც მაინცდამაინ არ ესიამოვნა და უკმაყოფილება არც დაუმალავს: „ნაყიდი ბილეთებისთვის უკანა ადგილებია გათვალისწინებული. წინა დასაჯდომებს კი მე ვანაწილებ, ასე რომ თქვენ წააგეთ“ – გვითხრა და ჩვენ მივხვდით, რომ „ტიტანიკის“ დაღუპვის შემდეგ, ეს იყო ადამიანთა მიერ დაშვებული  ყველაზე დიდი შეცდომა დედამიწის ზურგზე. „დამარცხებულები“ უკანა ადგილებზე მოგვათავსეს.  სანამ დავიძრებოდით, უკვე მოვასწარით რამდენიმე თანამგზავრზე გარკვეული შთაბეჭდილების შექმნა. მაგალითად ერთმა ქალბატონმა, რომელიც დიდი ხნის უნახავ ნათესავს ოჯახურ ამბებს უყვებოდა გოეთეს სადარი სიტყვები წარმოთქვა: „ბიძინამ ცოლად ფრანგი შეირთო. ფრანგია, მაგრამ კარგი გოგოა“. ჩვენ თავს დავაჯერეთ, რომ ეს იყო ქართული სიმღერის ფრანგული ვარიაციის ნიმუში –  „თუში ვარ, მაგრამ კარგი ვარ“ და გულები ამით დავიმშვიდეთ. მძღოლმა იმთავითვე გაგვაფრთხილა (ღირსეულად მოიქცა) „მე მარტო ერთხელ შეგაწუხებთ, ქუთაისში 20 წუთით გავჩერდებითო“ და სადღაც 5 საათში ჩავალთო. ფრანგი ქალის მოყვარემ ამ დროს ერთი პატარა და ამავდროულად მრავლისმთქმელი რუსული სიტყვით შეაფასე საჭეთმპყრობელის მონოლოგი: „მნოგო“.

ქუთაისში „20 წუთით გასაჩერებელი სამარშრუტო“  40 წუთით გაჩერდა, რადგანაც  აღმოჩნდა, რომ მასზე სამშენებლო მასალა კიდევ უნდა დაემატებინათ. რას არ ნახავდით, სულო და გულო – მავთულები, მეტალოპლასტმასი,  „იქითური, აქეთური“, ყველაფერი შემოალაგეს და Gunman-ი კიდევ ერთხელ აძვრა სახურავზე. ყველაფერი ზემოჩამოთვლილი  მგზავრთა ბარგის გვერდით (ზე) მოათავსა და მუშაობის პროცესში ოფლით დანამა თითოეული მათგანი. ხოლო მე გავითავისე, როგორც კი ჩემი მეგობრები თავიანთ ჩანთებს დახედავენ, ყოველთვის მოაგონდებათ  თავგანწირული  შრომა და ჯაფა, რომელსაც მძღოლის თანაშემწეები რეისის დროს სწევენ. სამწუხაროა, რომ ჩემს „ადიდასს“ იგივე ბედი არ ერგო.

გზა განვაგრძეთ, მაგრამ ბედნიერება ამოუწურავი როდია?! – მალევე გააჩერა, ამჯერად ავტობუსი საკვებით დაიტვირთა. მართალი გითხრათ, „კაი პურის მჭამელებს“ არც ჩვენ ჩამოუვარდით და ერთი საგულისხმო აღმოჩენაც გავაკეთეთ – დინოზავრები არ გადაშენებულან. შეიძლება გადაშენდნენ კიდეც და მათი ხორცი რეგიონულ სასადილოებში ბრაზილიიდან გაყინული ბარკლების სახით შემოდის, მაგრამ ფაქტი ერთია, ჩვენ დინოზავრის ხორცი მივირთვით. 

ყველანაირი მორალური, ამორალური, საღვთო, საკანონმდებლო წესის გათვალისწინებით დანიშნულების ადგილამდე აღარ უნდა შევჩერებულიყავით, მაგრამ ჯერჯერიბით საბურავები ისევ რეზინისაგან მზადდება და როგორც ჩანს მათ შორის ყველაზე უხარისხო, სწორედ ჩვენს სამარშრუტოს ეყენა (საბურავის გამოცვლა, ერთი-ორჯერ მოშარდვა, ხალხის ჩასვლა-ამოსვლა და შეპირებულ 5 საათს ლოთიანად გადავცდით საბოლოოდ).  იმერეთი უკან მოვიტოვეთ თუ არა, ერთერთმა თანამგზავრმა მამაკაცმა, სასადილოდან წამოღებული „ნაბეღლავიდან“ ბოლო წვეთი გამოწრუპა და ორჯერ მორიდებით ამოაბოყინა კიდეც. ერთი ჩუმად, მეორე ცოტა ხმაურიანად. მერე ირაკლი გუნიას გამოხედა, რომელმაც ფანჯარასთან ადგილი წამართვა და უთხრა გადააგდეო. გუნიამ ერთხელ თავი გაუქნია, რაზეც „მინერალკის“ მოყვარულმა ალბათ იფიქრა რაღაც სათანადოდ ვერ გამოვთქვიო და ამჯერად სიტყვა „გადააგდესთან“ ერთად ხელის მოძრაობითაც სცადა ირაკლის აზრზე მოყვანა, რაზეც ხვიჩაევიჩმა დინჯად და ამჯერად ვერბალურად მიუგო: „არ შემიძლია“.  ამ ეპიზოდმა  ძალადობაზე დამყარებული ფილმები გამახსენა, როცა ვინმე ბებერი, ღიპიანი  ოღრაში ახალგაზრდა, ასე ვთქვათ უკოცნელ გოგოს შეცდენას უპირებს („ჰა შენ კიკუ თუმანი და გაიხადე“-ს მსგავსი) და ის კი თაკილობს. რა თქმა უნდა ამ პასაჟის დანახვისას სიცილი ვერ შევიკავეთ ვერც „გარემოს დამცველის“ მეგობრებმა და ვერც „მენაბეღლავემ“, რომლიც კბილები მთლიანად დაკრიჭა, უფრო სწორად პირი მთლიანად გააღო (მე იქ ვერცერთი კბილი ვერ შევამჩნიე) და მომღიმარ სახეზე მისი აზრები ნათლად იკითხებოდა: „ჰა-ჰა-ჰა, ქალაქელი პიჟონები“

ასე იყო თუ ისე, ამბროლაურს მივუახლოვდით. მართალი გითხრათ ეს ვიზიტი ჩემთვის მხოლოდ მეგობრებთან დროის სასიამოვნოდ გასატარებლად ჩასვლა არ იყო. მე – ნახევრად რაჭველმა (დედის მხრიდან) პირველად დავინახე იქაურობა. უფრო სწორად კი  ხუმრობის გარეშე ვიტყვი – იქაურობა ვიგრძენი. დანიშნულების ადგილს მივუახლოვდით თუ არა, ნინიასთან, ნათიასთან და ნინოსთან (ისინი უკვე იქ იყვნენ) ზარი განვახორციელეთ:

–         სად მოვიდეთ?

–         ხიდს რომ გადმოხვალთ, ფილარმონიის მსგავს შენობას დაინახავთ და იქ ჩამოდით. ტაქსი 3 ლარად მოგიყვანთ.

–         და ტქსის მძღოლს რა ვუთხრა? ისეთ ადგილას მიგვიყვანე სადაც 3 ლარად დადიხარ – მეთქი?

–         არა, ჭონქაძის ქუჩა უთხარი.

–         ეგრე რა თქვე დალოცვილებო!

ფილარმონიის მსგავსი შენობა მაღაზია აღმოჩნდა, რომელშიც როგორც ირაკლი ისაკაძემ დაწერა „სტიქარი, ფეხბურთის ბურთი და სენდვიჩი გვერდიგვერდ იყიდებოდა“. „ფილარმონიის“ მიმდებარე ტერიტორია კი ბოლო გაჩერება ყოფილა. სანამ დანარჩენები ოფლით დანამულ ჩანთებს ელოდნენ, მე საკუთარი ფქვილიანი „ადიდასი“ ხელთ მეპყრა და ტაქსისკენ მივაპობდი ამბროლაურის ჰაერს. არ ვიცი უბრალო დამთხვევა იყო თუ არა, მაგრამ რაჭაში ჩასულებს პირველი ვინც შემხვდა, სწორედ ისეთი ტიპური რაჭველი იყო, როგორებზეც ხუმრობებში მომისმენია. მე გიამბობთ, ტაქსის მძღოლის სიტყვებზე რაჭული კილოს დადება კი თქვენზე იყოს:

–         ჭონქაძის ქუჩაზე 3 ლარად წაგვიყვან?

–         რავა არ წაგიყვან

–         ახლა დანარჩენებიც მოვლენ და წავიდეთ

–         დანარჩენებიც მოდიან?

–         კი

–         ბგონი არ მოდიან დანარჩენები

–         როგორ არა, ერთად მივდივართ

–         ერთად მიდიხართ?

–         კი

ამათ, როგორც იქნა საშველი დაადგათ და თავიანთი სამუზეუმო ექსპონატები (ჩანთები) საბარგულში ჩაალაგეს. ჩავსხედით და დავიძარით თუ არა, მოხუცმა მძღოლმა ღიმილით გვითხრა:

–         რო არ ვიცი ჭონქაძე სადაა? თქვენ იცით?

–         არა, ჩვენ პირველად ვართ.

–         კაი, წავიდეთ და გზაში შეგვხვდება სადმე . . .

მე თავიდანვე შევიტანე ეჭვი იმაში, რომ ჭონქაძის ქუჩა სადმე „ქუჩაში გადაგვეყრებოდა“, ამიტომაც თანამგზავრებს შევთავაზე ვინმე ადგილობრივს დავეკითხოთ – მეთქი. წინადადება დასრულებული არ მქონდა, ჩვენ წინ ქალი გამოჩნდა.

–         დავეწიო? – კითხულობს მძღოლი

–         როგორც თქვენ გინდათ

–         დავეწევი მაშინ

ჩვენ მას დავეწიეთ! მაგრამ ამაოდ. მგონი ჭონქაძის ქუჩა ამბროლაურისთვის იგივეა, რაც „ცისფერი მთებისთვის“ გივი – იციან რომ არის, მაგრამ სად? – გამჩენმა უწყის. ბოლოს გადავწყვიტეთ გოგონებისთვის დაგვერეკა და იმათ ცოტა აზრზე მოგვიყვანეს. საუბრის დასრულებიდან დაახლოებით 2 წუთის შემდეგ მძღოლმა მკითხა: „რას შვრები, ურეკავ?“

მივაღწიეთ! ჩვენმა მასპინძელმა, ბატონმა მამუკამ  სადილობისასვე შეგვატყო, რომ დიდი ვერაფერი მსმელები ვიყავით და დაგვპირდა საღამოს ადგილობრივ კოლორიტს მოვიყვან და აბა სცადეთ გაძალიანებაო. მოსალოდნელი სირცხვილის თავიდან ასაცილებლად  ბიჭები მთელ დღეს ვცდილობდით საფირმო სადღეგრძელოებში გვევარჯიშა და საღამოხანს გამოვძერწეთ ქართველი ემიგრანტების სადღეგრძელო, რომელიც საბოლოოდ სუფრაზე მაინც არ ითქვა. მაგიდის თამადად ირაკლი გუნია დაინიშნა, რომელმაც შეიძლება ითქვას ბეწვის ხიდზე იარა და კინაღამ ხელმეორედ აგვკიდა „ქალაქელი პიჟონების“ სტატუსი, მაგრამ საბოლოოდ მაინც მშვენივრად გაართვა თავი. ადგილობრივი კოლორიტი, ბატონი გურამი შესანიშნავი მოსაუბრე აღმოჩნდა. მან უგემრიელესი რაჭული შუშხუნა ღვინოც მოგვართვა და ამის ფონზე ჩვენ, ახალგაზრდები უფროსი თაობის ორ წარმომადგენელთან ერთად გაუჩერებლად ვსაუბრობდით ისტორიაზე, მორალზე, დღევანდელობაზე, საქართველოსა და ახალგაზრდობაზე.

რაჭის დღეები, თავისი ლამაზი ბუნებით, ცივი წყლით, გულითადი ხალხით, ჯოკრის სადღეღამისო თამაშით, გამოუცდელი მზარეულების მიერ შემწვარი ქათმებით (რომლებსაც გულით მკვდრის შესახედაობა ჰქონდათ), ირაკლი ისაკაძის მიერ გათლილი (?) კარტოფილით, შაორის ტბით (რომელშიც სახელგანთქმული მოცურავის იმიჯით დღის პირველ საათზე შევედი და 7-მდე, ანუ წამოსვლამდე წყლიდან გამოსვლას ვცდილობდი), კონტაქტის თამაშით (რომელშიც ნინიამ, ნათიამ და ნინომ ვერ დაგვამარცხეს, რადგან ისეთი ძლიერები აღმოვჩნდით, მეეჭვება მხოლოდ ათოსის, პორთოსის და არამისის ტრიო თუ მოახერხებს ჩვენს დაჯაბვნას, ისიც დარტანიანის დახმარებით), ხუმრობებით, ლუდით, თევზით, ნივრიანი ძეხვით . . . ყველაფერი ეს იმდენს ახერხებს, რომ  გონების ფსკერზე სასიამოვნო მოგონებები დამიტოვოს.

ერთი მწერალი გვირჩევდა: როცა სათქმელი კიდევ ბევრი გაქვს, მაგრამ თავს ვერ უყრი და რაღაცებს მიედ – მოედები, ნუ დახარდები – შეელიე ფიქრებს. უბრალოდ ღრმად ჩაისუნთქე და დასვი წერტილი.

9 thoughts on “იკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში

  1. მე თავიდანვე შევიტანე ეჭვი იმაში, რომ ჭონქაძის ქუჩა სადმე „ქუჩაში გადაგვეყრებოდა“

    :დ :დ :დ :დ

  2. “მგონი ჭონქაძის ქუჩა ამბროლაურისთვის იგივეა, რაც „ცისფერი მთებისთვის“ გივი – იციან რომ არის, მაგრამ სად? – გამჩენმა უწყის”
    :DDDDDDDDDDDDDDDD

  3. მძღოლის მონაკვეთი ძალიან შემოკლებულია :დ
    -ესა ჭონქაძეა?..
    -არ ვიცით.
    -არ აწერია?..
    -არა.
    -აბა კარგად შეხედეთ ბიჯო, არ აწერია?..
    -არა!
    -არც ნომერი?..
    -აარრა!
    -არ არი ესა ჭონქაძე?
    -არ ვიცით!
    -თქვენა ჭონქაძეზე გინდათ?
    -კი!!!
    -ურეკავ?
    -დავურეკე.
    -დოურეკე?
    -კი!!!!

  4. Pingback: თბილისი-ბათუმი-რაჭა-თბილისი, ანუ იქით და აქეთ « Samidabliu 2.0

  5. ჰაჰ კარგი იყო, მძღოლის საუბარმა მეც მომაგონა რთი პასაჟი ჩემი წლევანდელი რაჭაში ვიზიტიდან. მეგობარმა წამიყვანა თავისი მანქანით, კარგი მანქანაა დაბალი “პასადკით” და ჩემი სოფლის გზას ვერ შევკადრებდით, ამიტომ ეს მანქანა ქვემოთ სოფელში დავტოვეთ და ზემოდან ჩემი თანასოფლელი გამოვიძახეთ “კოლხოზნიკით” აგვიყვანეთქო, მივყავართ მე წინ ვზივარ ჩემი სტუმრები უკან და გაცხოველებით საუბრობენ რაღაცეებზე, ეს ჩემი თანასოფლელი კი ცდილობს საუბარში ჩართვას მაგრამ ვერ ახერხებს, ჰოდა ერთიც ვნახოთ ჩემმა მეგობარმა, იმან ვისი მანქანითაც ჩამოვედით თქვა წელს მყინვარწვერზე ვაპირებ ასვლას და რას ფიქრობთ ვერ ავალო? ამას მძღოლი გამოეხმაურა გააჩნია რა მაშინითო. მე ვიფიქრე რომ ძალიან დიდი ხანია რაჭაში არ ვყოფილვარ და იუმორი სხვა მიმართულებით განვითარებულა მეთქი, მაგრამ მძღოლმა დაამატა შენი მაშინით ვერ ახვალო. ჩემმა მეგობარმა სულ სხვა ვიღაცას ჰკითხა რატომო სხვა საკითხზე მძღოლმა კი ჩათვალა ე ბიჭო გონია მეკამათებიანო და კიდევ ერთხელ დაადასტურა რატომ და იმიტომ მაგ მაშინით ვერ ახვალო… ისე დამწყდა გული რომ ეს კომბინირებული “დიალოგი” მხოლოდ მე მოვისმინეე:)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s