
მე ვიცნობ ადამიანს, რომელსაც ყოველ ღამით ერთი და იგივე კოშმარი აღვიძებს, რომელიც ბავშვობიდან მოყვება: 8 წლის ბავშვს უშველებელი საზამთრო უჭირავს ხელში და მერვე სართულისკენ მიათრევს (ლიფტში ვერ ჯდება – ეშინია). კართან ძლივს მილასლასდება, დაკაკუნებისას კი საზამთრო ხელიდან გადაუვარდება. ბავშვი წარმოიდგენს, რომ საზამთრო ბურთია, რომელიც მიწაზე დაეცემა, ისევ უკან ამოხტება, ხელში დაიჭერს და საღამოს, აბაზანაში ჩაციებულს ჩაატკბარუნებს… ჰოდა ძალიანაც მიჰქარავს თუ ასე ფიქრობს. საზამთრო გასკდა კარის წინ. ბავშვი ნაწილ-ნაწილ კრეფს მარა ხვდება ვეღარ შეაერთებს. მამა გალახავს, დედა ეჩხუბება. ამანაც რა ქნას? – ტირილს იწყებს. . .
დღეს ეს ბავშვი 27 წლისაა, მაგრამ ამასწინათ გამიმხილა, რომ ხანდახან ღამით ისევ მოეზმანება ხოლმე საზამთროს ამბავი და ეღვიძება. აი მე კი, კოშმარების სხვანაირი შემთხვევა მაქვს. ჩემს კოშმარში მე უკვე პირველი კურსის სტუდენტი ვარ და პირველი დღეა რაც ცოდნის ტაძრის კედლებში შევაბიჯე. მოქმედება 1-ლი კორპუსის მარცხენა ფლიგელში ხდება, სადაც გრძელი სტენდი დგას და ზედ ლექციების ცხრილია გამოკრული. ახლადგამოჩეკილი სტუდენტები კი ერთმანეთს აწყდებიან, რათა თავიანთ ჯერაც გადაუშლელ და ჯინსის უკანა ჯიბეში ჩადებით უკვე დაჭმუჭნულ 12-ფურცლიან უბადრუკ რვეულებში უბადრუკი ცხრილი ჩაიწერონ (მათ ჯერ კიდევ არ იციან, რომ ყოველი მეორე ერთმანეთს დაემთხვევა და სხვა ცხრილის ჩაწერა მოუწევთ.) აქ ჭყლეტვაა, ერთმანეთის ლანძღვა, რვეულების წინა რიგებში გადაწოდება და სხვისი ცხრილი ნაცნობობით ჩანიშვნა. ეს ხალხი ჩასაძირად გამზადებულ ტიტანიკზე, ნავების რიგში მდგომი მგზავრების იდენტურია.
მე ცხრილის სანახავად საღამოს მოვბრუნდი. რიგი მაინც დამხვდა, მაგრამ საგრძნობლად შეთხელებული. ჩემს განრიგში ლექციების დაწყების გულისმომაკვდინებელი დროები ეწერა. ასე მაგალითად: „აკადემიური წერა“ – სამშაბათი, 08:30 სთ. . .
„იცით რას ნიშნავს ეს მეგობრებო?“ – უნდა გავიღვიძო 06:00-ზე. ნახევარ საათის განმავლობაში მაღვიძარას 5-5 წუთზე ვეჯღანო და ვემუდარო (ზამთარი უწევს. გარეთ ყინავს, ჩემს საძინებელში – არანაკლებ), მოვწესრიგდე და სახლიდან 07:00-ზე გავიდე. . .
ამ დროს იცით რა ხდება ზამთრიან ვაზისუბანში? – თვალში თითი არ იტაკება, სადღაც შორიდან გორლუმის ხმა მოისმის და ოროდუინიდან ამოფრქვეული ლავის წვეთები აღწევს. გზა მოყინულია. მე კი რკინისკაუჭიანი ბათინკები აღარ მაქვს, 7 წლის ვიყავი როცა დამეხა. გაჩერებაზე მხოლოდ მე და უპატრონო ძაღლი ვდგავართ, რომელის თვალებშიც ჩემი სიბრალული იკითხება.
07:20 წუთია. ამ დროს ორი ვარიანტი არსებობს: ან ვლად დრაკულას უეკიპაჟო ეტლი ჩამოივლის, ან დალოცვილი #35 სამარშრუტო ტაქსი. ჯემალი ხელის დაუქნევლად, თავისი ინიციატივით გამიჩერებს და შიგ მსხდომ, უკვე კარგად ნაცნობ ხალხსაც ღიმილით, უსიტყვო სალამს ვეტყვი. წინასწარ ვიცი, რომ ჯემალი ელბაქიძეზე მივა, ხალხს ჩამოსვამს, ტრაფარეტს მოხსნის და ვაკისკენ გააგრძელებს გზას სადაც მეორე სამსახურში აქვს. მე კი გზად, პირველ კორპუსთან მიმაბრძანებს.
„აკადემიური წერის“ ლექციაზე კი რამდენიმე „კოლორიტი“ მელოდება და ერთერთი რატი შუბლაძეა.
ვისაც რატი არასოდეს უნახავს, მისი აღწერა და დახასიათება ძალიან მარტივად შეიძლება. უბრალოდ, ის ერთი კონკრეტული მულტფილმის ერთ კონკრეტულ პერსონაჟს უნდა შეადარო. „მულანი“ ხომ გინახავთ? – მულანი რომ ჯარში ერთ უწყინარ, კეთილ და მსუქან მეგობარს გაიჩენს გახსოვთ? ჩეინ პო ჰქვია. ჰოდა რატი სწორედ ეგ არის. გარეგნობითაც და ხასიათითაც (უბრალოდ ჩვენს რატის უფრო მეტი თმა აქვს).
რატი დიდი ბუშლატით დადიოდა (ამ ქურთუკზე გუნია იცინოდა, კარადაში ჰქონდა შეჩქურთული და ნაფტალინიდან გამოიღოო. მგონი მართლა ასე იყო) და ისეთი ჩანთა ჰქონდა გადაკიდებული, როგორსაც გარეუბნებში დასცინიან და ერთერთი სექტის ატრიბუტს ეძახიან. მაშინ, როცა მე, ირაკლი გუნია და ნიკა ლომიძე ლექციას ხუმრობა-ხუმრობაში ვატარებდით, ის ხმას არ იღებდა. ხანდახან საშინაო დავალებას (შინ დაწერილ განცხადებას ან მინდობილობის ტექსტს) წაიკითხავდა ხოლმე. მისი ნაწერი ყოველთვის უშეცდომო იყო.
ახლა რომ ვუფიქრდები, ენციკლოპედიური ცოდნის დაგროვებაში და განათლების მიღებაში, რატის ძალიან დაეხმარა მისი ხასიათი და წარმომავლობა. ქუთაისელი ბიჭი, რომელიც კომუნიკაციის ინიციატივას თითქმის არასოდეს იჩენდა, თბილისში დეიდასთან ცხოვრობდა. მე თუ მკითხავთ რატიმ ამით დრო მოიგო. მერე კი ჩვენც გამოვჩნდით . . .
როცა პირველად ირაკლის ვკითხე, ნეტა ეს „კაზიოლი“ ვინ არის – მეთქი, აღმოჩნდა, რომ ისინი უკვე იცნობდნენ ერთმანეთს. მაშინ გუნიამ მიპასუხა: „უცნაური ტიპია. გუშინ სახლში მივდიოდი, ეგ ჩემ წინ მისეირნობდა. მე მარტო სიარული დამეზარა და დავუძახე“. ახლა წარმომიდგენია გულის სიღრმეში როგორ გაეხარდებოდა ამ ხმის გაგება რატის: „აუუუუ, ჩემი“ – გულში იტყოდა, მაგრამ არამგონია სახეზე შეტყობოდა.
„სმიშლიონნი პარენь“ – ასე დაახასიათა გუნიამ, მაგრამ ისიც მოაყოლა „ცოტა გამოსირებულიაო“. ირაკლი დასკვნებში ხშირად ცდება, მაგრამ ამჯერად ორივე შეფასებაში მართალი იყო.
მერე გავიგეთ, რომ „რა? სად? როდის?“ -ს თამაშობს. ამ ამბავმა კიდეევ უფრო დაგვაინტერესა, იმიტომ, რომ ჩვენც ამ თამაშის „შვილები“ ვიყავით, თან გამოჩენილი შვილები. (გაივლის რამდენიმე თვე და რატი შუბლაძეს ჩვენს გუნდში, „25-ე საათში“ დავპატიჟებთ სათამაშოდ. რატისთან ერთად კიდევ ორი ქუთაისელი ფალავანი, ცვატა ბერძენიშვილი და გიორგი ჭეიშვილი შემოგვიერთდებიან და ჩვენ საუკეთესო ახალგაზრდული გუნდის სტატუსს გავინაღდებთ გარკვეული დროით, მაგრამ შემდეგ ყველაფერი აირევა).
მარტო ინტელექტ-კლუბი არ ხდიდა რატის ჩემთვის საინტერესოს. აღმოჩნდა, რომ ისიც იმავე საფეხბურთო კლუბს გულშემატკივრობდა, რომელსაც მე – „მიუნხენის ბაიერნს“. ჩემ მსგავსად, ოლივერ კანი მისი კუმირიც იყო და 1999 წელს, როცა მანჩესტერელმა ნაბიჭვრებმა ოლის ბოლო წუთზე ორი ბურთი შეუგდეს, რატიც ტიროდა.
„ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების სიყვარულს, ამ ქვეყნის სიყვარულიც დაერთო. მაშინ გერმანია ჩემი საოცნებო ქვეყანა იყო. მახსოვს ბავშვობაში ადოლფ ჰიტლერის ფანატიც ვიყავი, რის გამოც მამაჩემი მანამ მსჯიდა, სანამ გონს არ მოვეგე. რატიმ გამოგვიცხადა, მე გერმანელი ვარ და ჩემი ნამდვილი გვარი ბლუმგარდტიაო. როს-როდის დავუჯერეთ, მაგრამ დღემდე ეჭვი გვაქვს, რომ სინამდვილეში ქუთაისელი ებრაელია და დიდძალ ქონებას მალავს „ზავოდში“ მდგარი ერთერთი ხის ქვეშ. ამის გამო, შუბლაძეს (გნებავთ ბლუმგარდტს) ლიტერატურული თიკუნიც მოვუძებნე – „ჩორტავ ჟიდ“.
ყველა ადამიანს ხომ თავისი ბედნიერება აქვს. აი მაგალითად ნინია მაჭარაშვილისთვის ბედნიერება შობის დროს ლონდონის ქუჩებში სეირნობაა. ირაკლი გუნიასთვის სამარყანდში მოგზაურობა (რათა თემურ-ლენგის მემკვიდრეობა მოილოცოს), ირაკლი ისაკაძისთვის „Call of duty“-ში 1000 კაცის 45 წამში დახოცვა.
ერთხელ, რატი ბლუმგარტმა თავისი ბედნიერების შესახებ მითხრა:
– რატი, წამოდი კეკელიძეზე ლობიანები ვჭამოთ.
– არა, ერთი სული მაქვს სახლში როდის მივალ. ყველანი ქუთაისში არიან, მაცივარში ვიჩინა და სამი ბოთლი „ლოვენბრაუ“ მელოდება. კომპიუტერში კი „რესტლინგი“ მაქვს ჩაწერილი. აუუუ, რა მაგარია…
მოგვიანებით გაირკვა, რომ რატისთვის ვიჩინასთან და ლუდთან ერთად ბედნიერებას წარმოადგენს ვიკიპედიის სტატიების კითხვა შუა საუკუნეების რომელირაც რაინდებზე, რომელთა არსებობაც თავიანთი ერის შვილებსაც კი დავიწყებიათ; ან თუნდაც მისი ახალი „რუმ მეითისთვის“ სისულელეების მოყოლა, მასთან სამსახურში ჩუსტებით, გასარეცხი მაისურითა და პურით ხელში მისვლა, გასაღების გამორთმევის მიზნით. თავისებური ჯონ უოტსონია, ოღონდ ჰოლმსზე მეტად განათლებული.
რატის პრიორიტეტებმა კიდევ ერთხელ განგაცვიფრა, როცა მე, გუნიამ და ბლუმგარდტმა „ქალებში წასვლა“ გადავწყვიტეთ. რატი დაგვეთანხმა, მაგრამ მომდევნო დღეს გამოგვიცხადა „გერმანიის ნაკრების თამაშია და ვერ წამოვალო“. საბოლოოდ მე და ხვიჩაევიჩი წავედით თბილისურ „მულენ რუჟში“ – აფრიკაში, სადაც თავის დროზე მე ჩემი უბიწოება კოჭლ ჯუნას ჩავაბარე.
მე და გუნიამ, ქალების გათავისუფლების მოლოდინში, გერმანია-ხორვატიის შეხვედრას საუნის ბარის „სტოიკასთან“ ვუყურეთ იქაურობის მსუქან და თავმოტვლეპილ ზედამხედველთან ერთად, რომელსაც „გოგონები“ ბაბუს ეძახიან. ორი ქალი ავირჩიეთ. ფული ცოტა გვქონდა და მათ ერთ ოთახში შევვიყვანეს. იმ დღეს დამარცხდა ჩვენი წმინდათა წმინდა იდეა, სექსში მამაკაცის დომინანტობისა, რადგანაც „ჩვენი დღე არ აღმოჩნდა“. ჩვენ სულიერად დაგვთრგუნეს და არცერთი კაპრიზი არ შეგვისრულეს. გარეთ გამოსვლისას, ირაკლიმ დაღვრემილი სახით მითხრა, პირობა დავდოთ, რომ ჩვენი დაჩუხანების ამბავს ვერავინ გაიგებსო. მე დავეთანხმე. ჩენ სევდიანები მივაბიჯებდით აფრიკის მთავარ ქუჩაზე. დაღვრემილი იჯდა სახლში რატიც, რადგანაც იმ შეხვედრაში გერმანია ხორვატიასთან დამარცხდა, მე და გუნია კი – აფრიკის ბოზებთან.
მე ჩვენი პირობა დიდხანს შევინახე. მთელი 12 საათით. მეორე დღეს ეს სასაცილო ამბავი, ჩემ მიერ კიდევ უფრო გადაპრანჭული, მთელმა უნივერსიტეტმა იცოდა. ამჯერად კი მთელ საქართველოს ვუყვები.
რადგანაც იუმორზე მიდგა საქმე, იმაზეც უნდა გითხრათ, რომ რატი ერთადერთი ქუთაისელია, რომელსაც იუმორის გრძნობა პულსადაც კი არ ესინჯება. მე, ირაკლიმ და ნიკა ესებუამ ეს საკითხი ძირფესვიანად გამოვიკვლიეთ და იმ დასკვნამმდე მივედით, რომ ყველაფერი გერმანულ-ებრაული ფესვების დამსახურებაა და აქ არანაირი ჩარევა შედეგს არ გამოიღებს.
მოგვიანებით რატის ცხოვრება აირია და ბლუმგარდტი დეპრესიაში გადაგვივარდა. სამწუხაროდ ჩემი მხრიდან, ამ ცუდ პერიოდში, მას დიდი ნუგეში არ მიუღია, რადგანაც ჩვენ შორისაც მოხდა არეულობა. რატიმ „25 საათი“ დატოვა და „ინტეგრალში“ გადაბარგდა. ჩვენი გუნდის წევრებიდან ეს ამბავი ყველაზე მტკივნეულად მე განვიცადე. არ ვიცი სწორად მოვიქეცი თუ არა, მაგრამ „ბიზნესი“ პირად ურთიერთობებში გადავიტანე, მაგრამ ამას დღემდე არ ვნანობ.
მას მერე დიდი ხანი გავიდა. „ინტეგრალმა“ ჩვენს გუნდს გადაუჯოკრა, მაგრამ ახლა ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. რატომღაც მგონია, რომ ჩემი და რატის ურთიერთობა ბოლომდე დღემდეც არ დალაგებულა და ამას ძალიან განვიცდი. მე მოსვენების საშუალებას არ მაძლევს ის რეფერატი, რომელიც მან დამიწერა. რატიმ შესანიშნავად მიმოიხილა სურინამისა და გაიანას პოლიტიკურ -ეკონომიკური ვითარება. შედეგად, მე 30 ქულა მივიღე. მან-29.
რატი სოციოლოგია, ძალიან მაგარი სოციოლოგი. ასევე ის რეკორდსმენია ქართველებს შორის ვიკიპედიის სტატიების კითხვაში. რატი კარგი მეგობარია. მისი ნაჩუქარი „კაპიტანი ალატრისტე“ საწერ მაგიდაზე მიდევს და ხშირად მახსენებს ჩვენს მეგობრობას, რომელიც ერთ დროს საუკეთესო იყო. ახლა ცოტა დაკოჭლდა.
მე ოპტიმისტი ვარ და მგონია, რომ ადრე თუ გვიან ყველაფერი გამოსწორდება. თუკი ოდესმე ჩემს საქციელს ბოლომდე ვინანემ და ბოდიშის მოხდა მომინდება, ვიცი როგორც უნდა მოვიქცე. მაღაზიაში შევალ და გამყიდველს თავაზიანად ვეტყვი: ვიჩინა და „ლოვენბრაუ“, თუ შეიძლება.
დათო გორგილაძე.