მთავარი გამტრაკებელი

მეორე არხის კინოსეანსები გახსოვთ? მე მაგის ტრფიალი ვიყავი. ლამფიანი ტელევიზორიდან სამი მეტრის მოშორებით, ძველ სავარძელში მოვკალათდებოდი, თბილ საბანში გავეხვეოდი და გადავდიოდი იმ სამყაროში, რომელიც რეალურად თვალიტ არ მენახა. შეიძლება ვინმემ ამ დროს „ბნელი ოთხმოცდაათიანები“ უწოდოს, ან  „დაკარგული თაობის დრო“,  იქნებ  „უშუქობის ხანა“.  მე  კი  „ჟან კლოდ ვან დამის ეპოქას“ უფრო დავარქმევდი.

ეს ის დროა, როცა ვან დამის შემწუხებელი ჩემი შემწუხებელი იყო და სად უნდა გამეგზავნა თუ არა კუკიაზე. ქუჩაში სადმე მწყურვალი მენახა, წყალი არ უნდა მიმეცა, მშიერი მენახა, პური არ გამეწვდინა, წაქცეულს წავდგომოდი თავს, ფეხზე წამოდგომაში არ დავხმარებოდი.

ჟან კლოდს კი გამტრაკებელი ბევრი ჰყავდა. ვინ სინგაპურში,  ვინ ჰონგკონგში, ვინ ბეიჯინგში, ვინ ამერიკაში. თან რამდენი?! „ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა“?! ზოგი „კუმიტე“-ს საბრძოლო რინგზე, ზოგი ქუჩაში, ზოგი რესტორანში. აქეთ გემზე, იქით მანქანაში. ჯერ მარტო უნივერსალური ჯარისკაცობის დროს დოლფ ლუნდგრენთან ჭიდაობა რად ღირს. მაგრამ დოლფი ზღვაში წვეთია  ბოლო იენთან შედარებით.

ნუ გაახურებთ! ბოლო იენი სახელი და გვარია. მერე რა თუ არ ყურით არ გეცნობათ, თვალი თვალს რო გაეყრება, ცნობა მერე ნახეთ. სულ წინ დაგიდგეთ ძველი დროის მოგონებები. ზოგი ტკბილები, ზოგიც მწარეები. ეს ის ყოჩაღია „სისხლიან სპორტში“, აი „კრავავი სპორტს“ რო დაუძახებთ, ხალხს წიწილებივით რო ხოცავს და ჩონგ ლის რო ეძახიან. ან გინდათ „დვაინოი უდარში“ ცალი თვალი რო ძია ფრენკმა გაუფუჭა ყმაწვილკაცობაში და მერეც გადაიკვეთება მათი გზები გრიფიტთან, ზენგთან, ჩეტთან და ალექსთან ერთად. ღმერთო ჩემო! ლამის ცრემლები გადმომცვივდეს.

ბოლო იენი მთლად მთავარი იყო.  ჩვენს ბიჭს ჯერ პანტაპუნტით უნდა დაეხოცა სხვები და ბოლოს ამასთან შეხვედრის ჯერი დამდგარიყო. „ჩონგ ლი“ ძუძუებს აათამაშებდა,  ცერა თითს ცალ ნესტოზე მიიდებდა და ერთი დაქუხებით მეორედან ჟღვლინტებს გამოყრიდა ხოლმე. მერე იწყებოდა მთელი დაკა-დაკა, გამიშვი-დამაკავე, მიდი-მოვდივარ. ჯერ ჩონგ ლი დაწინაურდებოდა, მაგრად დაალილავებდა ჩვენს შუბლკოპიან ბიჭს, გვარიანად გამოათაყვანებდა. ერთი ისიც მახსოვს, უკადრისი იკადრა და თვალში წამალი შეაყარა, მარა ჟან კლოდი ის ბიჭი არ არის? მტრებს რო ხოცავს და ჭერში აწყობს? – ეგაა ეგ.

ბავშვობაში ბევრი კინოგმირის მეშინოდა, მაგრამ ბოლო იენს ბადალი არა ჰყავდა იმათ შორის. ეს ყველაზე მრისხანე იყო. ეს მთავარი გამტრაკებელი გახლდათ.

ისე, ცოტა ხნის წინ ვფიქრობდი და მგონი სწორ დასკვნამდეც მივედი: ფილმის ბოროტი გმირები, ცხოვრებაში ძალიანაც კეთილები არიან. ისე მოხდა, რომ დღეს ბოლო იენის ამბების კითხვას გადავაყოლე ნახევარი დღე და ჩემს დასკვნაში კიდევ უფრო დავრწმუნდი. ამ კაცის მრისხანებაც რაღაცნაირად სასაცილო გახდა,  სასიამოვნოდ მოსაგონარი მრისხანება.

ბოლო იენი, როგორღაც ჩემი ბავშვობის მეგობარია.  დღეს, მისი ახლანდელი ფოტოები ვნახე. გვარიანად მოტეხილა. ის, ვინც ბავშვობაში ყველაზე მეტად მაშინებდა, უცებ სულ სხვა კაცად გადაიქცა. ჰოდა რაღაცნაირად მომინდა მასთან მისვლა, ლოყაზე ხელის მიტყაპუნება და თქმა: შე ბებერო.

 

4 thoughts on “მთავარი გამტრაკებელი

  1. “ისე, ცოტა ხნის წინ ვფიქრობდი და მგონი სწორ დასკვნამდეც მივედი: ფილმის ბოროტი გმირები, ცხოვრებაში ძალიანაც კეთილები არიან.”

    სადღაც 12-13 წლის ვიყავი რომ წავიკითხე გარი ოლდმანი საუკეთესოა უარყოფითი როლების შესრულებაშიო, ჰოდა, მაშინ დავინტერესდი ამ კაცით. ჩავუჯექი 4-5 ფილმს ეგ სადაც მონაწილეობდა და ვუყურე. მაშინაც მჯეროდა რომ მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ცუდი როლები აქვს, კარგი კაცი იქნებოდა. არაფერი ვიცი გარის ბიოგრაფიაზე, მაგრამ დღესაც მასე მჯერა xD

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s