“შენ გაკლია, როგორ შეიძლება ადამიანზე
იმსჯელო მხოლოდ მისი კბილების მიხედვით“
ზანდუკ ჩეგური
ჟანაჩკა
კბილებს ძვირფასი, ბალახებისგან დამზადებული პასტით იხეხავს. მენთოლიან “პალ მალს” ეწევა და კრემიან ფუნთუშებს მიირთმევს დილა-საღამოს, ოღონდ ზომიერად. ცელულიტის მასაც ეშინია. შუადღისით კი, რომელიმე მცენარეულ სალათს გეახლებათ. მგონი სულაც ვეგეტარიანელია.
დაბალიაო ვერ იტყვით, თუმცა მაინც მაღალქუსლიანებს იცვამს. მოსწონს, როცა მამაკაცები მის გვერდით კომფორტულად ვერ არიან. ბრიალა, ნუშისფერი თვალები აქვს და ამ თვალების ფასი კარგად იცის. გონივრულად იყენებს. ტუჩები – უსაცხოდაც მუქი წითელი. კუპრივით შავი და გრძელი თმა სქლად ადევს თავსა და მხრებზე. ვერც უგემოვნოდ ჩაცმას დასწამებთ. ჟივენშის სუნამოსაც ისხამს. “ფრინგოს” წინ რომ გამომცემლობაა – იქ მუშაობს და “ფრინგოში” რომელიღაც მწერლების ხელნაწერებით ხელში, დღეში სამჯერ გამოდის. მგონი ჟანა უნდა ერქვას.
_ ვანია, ყავა და შოკოლადის ფუნთუშა, მე რო მიყვარს ისეთი.
_ თქვენ ოღონდ ისურვეთ და წამში გავაჩენ.
ვანიას პასუხზე ჟანაჩკა ღიმილითა და თვალების ბრიალით პასუხობს. ვანიასათვის კი ეს ნებისმიერ გასამრჯელოზე მეტია. აკი გითხარით თვალების ფასი იცის მეთქი.
როცა კი ვანია შეკვეთას მოუტანს, ჟანაჩკა საღეჭ რეზინს პირიდან იღებს და მაგიდის ქვეშ აკრავს. (მის კევს უცნაური ფერი აქვს, სისხლიან ორქიდეას მოგაგონებს, აფხორილსა და უკარებას. გემოც ეგეთივე დაკრავს – უცნაური, ოდესღაც, ალბათ ტკბილი და თან სურნელოვანი, ოღონდ არა ხილის, არამედ ჟანას სურნელი. საღეჭადაც ძნელია, ძნელად დასამორჩილებელი და თუ თვითონ არ მოუნდა ვერაფერს მოახერხებ მასთან).
სანამ ჟანაჩკა “ფრინგონად” გავა, ერთი ტიპი შემორბის. ჯინსის შლაქსებით, ლაკის ფეხსაცმელებითა და “ადიდასის” სამზოლიანი ჟაკეტით. შარვალი ჭიპამდე აუტანია და თავის ჩიორაც, უბეში გამოკრული, ადვილად შესამჩნევია. გული ამოვარდნაზე აქვს. ცხადზე ცხადია: ირბინა ჟანასთვის რომ მოესწრო და იქნებ დალაპარაკებაც გაებედა.
_ შეიძლება თქვენთან ჩამოვჯდე?
_ არა…
…შლაქსიანს კვლავაც არ უმართლებს და ისღა დარჩენია ქალს ღამის სიზმრებში დაელოდოს. თუმცა ბედი არც იქ სწყალობს ხოლმე.
ჟანა სწრაფ-სწრაფად იღებს ნივთებს, ანგარიშს ასწორებს და ქუჩის ბოლოსკენ მიდის. ქუჩის ბოლოს კი, თავისი ბიჭი ელოდება. ისეთი ბიჭი, გოგონები სიზმრებში რომ ელოდებიან. ისეთი ბიჭი, ჟანას რომ ეკადრება…
ობადია
_პოლ ტომას ანდერსონის ახალი ფილმი გამოდის კინოთეატრში, წავიდეთ?
_კარგი, ობადია, წავიდეთ…
ობადიას გოგონები უარს ვერ ეუბნებიან. ობადია უარს მოისმენს თუ არა ტირილს დაიწყებს და შეიძლება ჩაბჟირდეს. ერთი-ორჯერ უნებლიედ ჩაიფსა. ვისაც ამ ოინების ნახვის ნერვები არ აქვს, ურჩევნია ობადიას ორი საათი დაუთმოს.
ობადიას მთელი სახე მუწუკებით აქვს სავსე, ამიტომაც სანამ პაემანზე წავა, სარკესთან თავს იწესრიგებს. არც ჰიგიენას ივიწყებს, მაგრამ ქუჩაში ოფლის მსუბუქი სუნი მაინც დაკრავს ხოლმე. ვერც პირის ღრუ აქვს მაინცდამაინც წესრიგში, ამიტომაც როცა გოგონებთან ახლო კონტაქტი უწევს, ყოველთვის ღეჭავს ზედმიწევნით სურნელოვან კევს.
საქმე ისაა, რომ ობადიამ, სოფლიდან წამოსვლის წინ, მშობლებს აღუთქვა, უკან მანქანით, ბევრი ფულითა და ღირსეული ცოლით დავბრუნდებიო. ცოტა ხნის წინ, რატომღაც, ჩათვალა რომ უმჯობესია ცოლით დაიწყოს და მას მერე მოსვენებას არ აძლევს უნივერსიტეტში არცერთ გოგოს. ყველაფერში ზოგავს, მხოლოდ კინოთეატრისთვის იმეტებს ფულს. სიაც კი შეადგინა. გუშინ რიგით ორმოცდამესამესთან ერთად იყო…
სეანსის შემდეგ კევი სავარძელს ქვემოდან მიაკრა (მისი კევის ფერი გაცრეცილია, სიტკბოდაკარგული, სურნელებაც გაუქრა და საღეჭადაც მომჩვარულია. ხან იქით ყბას ედება, ხან აქეთას. სადაცაა ნაწილებად დაიშლება). მერე მეორე კევს ღეჭავს. გოგონას მადლობას უხდის და ემშვიდობება. გარწმუნებთ, სახლში მისვლისთანავე სიას ჩახედავს…
ბალბალა
“რა ეჩქარებოდა. ეგრე ხდება: ეს პატარა გოგოები აცუნდრუკდებიან და გადაშლიან ფეხებს. ცხოვრების უღელში შებმა კი იოლი საქმე არ გეგონოს.” – ამბობდა ბებია ოლია ბალბალაზე..
ბალბალა თექვსმეტისა გათხოვდა, ჩვიდმეტისამ შვილი გააჩინა და თვრამეტის არ შესრულებულიყო რომ ბუდუმ, მისმა ქმარმა უთხრა: ჩვენი გადაწყვეტილება ნაჩქარევი იყოო. მოკლედ ხომ იცით როგორც ხდება… ბალბალა ჩამოვიდა ქალაქში ჩვილთან ერთად, სამსახურის საძებრად, რადგანაც მამამ უკან აღარ მიიღო. მამების ამბავიც გეცოდინებათ…
_ ბავშვის მოვლის გამოცდილება გაქვთ?
_ კი, საკუთარ შვილს ვუვლი.
_ მერედა მას ვინ მიხედავს? – ამ კითხვაზე ბალბალა ჩაფიქრდა, თუმცა რაღაც მოახლაფორთა.
… გამთენიისას შვილს მეზობელთან ტოვებს, რომლესაც თვის ბოლოს თავისი ხელფასის 30%-ს კაპიკ-კაპიკ ჩაუთვლის ხელში. მეზობელს გასულ კვირას 87 შეუსრულდა და მე თუ მკითხავთ ყველაზე გაგექილმა მისანმაც არ იცის როდის დაავიწყდება ბავშვი ანთებული გაზის ქურის გვერდით ან აივანის მოაჯირზე. ბალბალა ავტობუსისკენ გარბის, რათა სხვის შვილს მოუაროს. გამთენიისას გაჩერებაზე მარტო დგას. ბოლო კვირებია ამჩნევს, რომ ავტობუსის მძღოლი ეპრანჭება, ზედ ფეხებთან მიუყენებს ხოლმე კარს, თავაზიან სალამსაც მიუძღვნის და სანამ ბალბალა თავის კოხტა უკანალს უბნის ხულიგნებისგან დანაკუწებულ სავარძელზე არ ჩამოდეს, კახა ზახარიჩი ავტობუსს ძვრას არ უზამს. გოგონა გზაში ხვდება, რომ ყბა დაეღალა, რადგანაც წინა საღამოდან მოყოლებული შეუჩერებლივ ღეჭავდა. კევი სკამის ძირს მიაკრა (ეს კევი იყო ძალიან პატარა, ღეჭვაში დაპატარავებული და თითქმის დაშლილი, თუმცა შეწებებისა და შეერთების უნარი მაინც ჰქონდა. ის ჰგავდა გაუთენებელ ღამეს და იყო სიტკბოდაკარგული)… სხვის სახლში მჯიდის, დამქირავებელი ნაძალადევი ღიმილით უღიმის და თვალებით შეახსენებს, რომ ბალბალამ შინიდან წამოღებული რბილი ჩუსტები ჩაიცვას, რათა მაკაგონის ძველებური და მოზაიკური იატაკი არ დასვაროს. ბალბალა სხვის ბავშვს უვლის და ვინ იცის, იქნებ თავის შვილსაც მიამგვანებს ხოლმე ხანდახან, მონატრების წყალობით. ხანდახან შეიძლება კახა ზახარიჩისკენაც გაექცეს ფიქრი, რომელიც დაუღალავად ატრიალებს უშველებელი ავტობუსის უშველებელ საჭეს.
… სხვისი ბავშვი ძვირფას ჭოჭინაში ჩასვა და ეშმაკმა იცის, მისი შვილი გულო ბებიას იქნებ გაზქურაზეც შემოავიწყდა.
მე
… მე ამათ არ ვგავარ. ტკბილ კევს არასოდეს ვღეჭავ. ძალაუნებურად მხოლოდ უშაქროს გეახლებით. დავდივარ კაფეებში, კინოთეატრებში, ვმგზავრობ ავტობუსით და თუკი მაგიდის ან სკამის ქვეშ ამოწებებული კევი შემხვდება, ეგრევე პირისკენ გავიქანებ. ყოველთვის, როცა კი კაფეს მიმტანი, კინოთეატრის მოლარე ან ავტობუსის მძღოლი დამინახავს, მოურიდებლად და ხმამაღლა მომაძახებს: „ისევ ეს ავადმყოფი მოვიდა“. რას ვიზამთ, ვერავის გავამტყუნებ, ყველას თავისი აზრი აქვს. ჯანდაბამდეც გზა ჰქონიათ. ვღეჭავ სხვების კევებს, თვალებს მოვხუჭავ და გემოს დახმარებით წარმოვიდგენ ვინაა ამ კევის პატრონი და როგორი ცხოვრება აქვს მას. მე თუ მკითხავთ, ადამიანის ამოსაცნობად თვალებში ჩახედვა ან საათობით გასაუბრება არ კმარა. მიმტანი და მძღოლი ავადმყოფს მეძახიან. არ ვიცი სადაზღვევო აგენტი, სკოლის მასწავლებელი ან სულაც ექიმი რა სახელს მომისადაგებდა, მაგრამ მე კი მგონია, რომ თანამედროვეობის შერლოკ ჰოლმსი ვარ, მაგრამ გაცილებით უფრო უტყუარი მეთოდებით.
მეხუთე წელია ამ საქმით ვარ დაკავებული და ჩვენი რაიონის მოსახლეობის უმეტესობის ავან-ჩავანი სულ ზეპირად ვიცი. ისიც ვიცი, ტირიფების ხეივნელი სკოლის მასწავლებელი მედიკო თავის დირექტორთან რო ერთობა და ისიც კარგად ვიცი, სკოლის დირექტორი სხვა მასწავლებლებთანაც ხშირად ატარებს დროს. მედიკოს კი თავი შეუცვლელი ჰგონია. ცუდ დროში ვცხოვრობთ, ვერავის ენდობი.
ჩემი ყოველდღიური მარშრუტი ერთფეროვანია, მაგრამ აბა წარმოიდგინეთ დღეში რამდენი მრავალფეროვანი ადამიანის საფუძვლიანად გაცნობის საშუალება მეძლევა?! ერთი კი ნაღდია – დამღლელი სამსახური მაქვს და ხანდახან პირში ცუდ გემოსაც მიტოვებს. განსაკუთრებით მაშინ, როცა გულნაზისნაირებს გადავეყრები. შინ გვიან ღამით ვბრუნდები. ყველაზე საინტერესო კევები სამუშაო დღის ბოლოს იშოვება. მერე ვწერ ისტორიებს ადამიანებზე, რომელთა დიდი ნაწილიც თვალითაც არ მინახავს. რა თქმა უნდა მამაჩემიც ამბობს, რომ ცოტა დაქნეული ვარ.
ეს ლიტერატურულ პალიტრაში წავიკითხე და ძალიან მომეწონა 😉
Please let me know if you’re looking for a author for
your site. You have some really great articles and I believe I
would be a good asset. If you ever want to take some of the load off, I’d absolutely love to write some articles for your blog in exchange for
a link back to mine. Please shoot me an email if interested.
Thanks!
I am genuinely glad to read this website posts which contains
lots of useful information, thanks for providing such information.
Hello to all, as I am in fact eager of reading this weblog’s post to be updated on a regular
basis. It contains nice stuff.
Write more, thats all I have to say. Literally, it seems as though you relied on the video to make your point.
You obviously know what youre talking about, why throw away your intelligence on just posting videos to your weblog when you could be giving us something enlightening to read?
Generally I do not read article on blogs, but I wish to
say that this write-up very compelled me to take a look at and do so!
Your writing taste has been surprised me. Thanks,
very nice post.
ძალიან კარგია. ყოჩაღ!