12

გოგონა ლამაზი კოჭებით

   ბაგრატა ხშირად იმეორებდა: „უბანს ერთი გიჟი და ერთი ქორფა ქალი უნდა ჰყავდეს, რომელიც დიდიან-პატარიანად თავს მოანდომებს ყველას“. ბაგრატა გიჟის მოვალეობას თავადვე პირნათლად და დაუზარებლად ასრულებდა,  უბნის ლამაზმანის ფუნქცია კი გრეტას კისერზე იყო . . .

მეგონა, რომ გრეტას გვარი გადამავიწყდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, არც არასოდეს მცოდნია. არც მე, არც სხვას: „გვარი? გვარი არ ვიცი, მაგრამ თუ გინდა სხაპასხუპით აღგიწერ აღნაგობასა და ფორმებს. ან საერთოდ, ჰქონდა მაგას გვარი?  სჭირდებათ გვარები ეგეთ ღვთაებებს? ან სახელი რათ უნდათ რო?“ – იმედგაცრუებული გამომისტუმრა უბნის ყველაზე გამოცდილმა ჟამთააღმწერელმა კოტიამ, რომელსაც ყველა მოკლეკაბიანი ახსოვს, ვისაც კი ჩვენს დასახლებაში 1991 წლის შემდეგ გაუვლია. მართლაც! მისი გვარი ჩვენთვის მეათეხარისხოვანი იყო!

გრეტა, ასე ათი წლით იქნებოდა ჩემზე უფროსი და უბნის დიდ ბიჭებს ემეგობრებოდა. სუსტი იყო, საშუალოზე ოდნავ მაღალი. ყველა ფორმა საგულდაგულოდ ჰქონდა მოჩუქურთმებული, თითქოს ხელით ნაძერწია და ავტორი დიდხანს მუშაობდა მასზეო. კუპრივით შავი თმა სქლად ჩამოშლოდა და მხრებს მთლიანად უფარავდა. მახსოვს, ყოველთვის კევს აღლაჭუნებდა.

გრეტა აღმომჩენი გახლდათ და უბანში სიახლეები შემოჰქონდა. ჩვენი დასახლების ხალხი კი სიახლეებთან მწყრალად იყო, მითუმეტეს მაშინ, მე რომ თითისტოლა ვიყავი. გრეტა ბევრი რამით გამოირჩეოდა: განსხვავებული, იმ დროისთვის შეუფერებელი ჩაცმა სჩვეოდა. ტანზე თხელ ნაჭრებს შემოიხვევდა ხოლმე – ისე, რომ წელი გამოსჩენოდა. ამ დროს ხელხემლის მალებიც დაეთვლებოდა. კისრისკენ მიმავალ გზაზე ჩამწკრივებულები, რომლებიც განსაკუთრებით მიმზიდველს ხდიდა გრეტას. დაბალწელიანი ჯინსების და ბოტასების ჩაცმა უყვარდა, ხოლო მათ შორის  მოუჩანდა საოცრად ლამაზად გამოყვანილი კოჭები და თუ შავი კოლგოტიც ეცვა, კოჭები კიდევ უფრო ლამაზდებოდა, ჩემი სისხლი კი – უფრო და უფრო მაღალ გრადუსზე დუღდა.

არ დამავიწყდება: გვიანი გაზაფხულის საღამოა. გრეტა თავის მეგობრებთან ერთად კორპუსის წინ ბანქოს თამაშობს. თაზო, გიგლა, მუთია და მე შორიახლოს, მწვანე ბალახზე წამოგორებულები ვათვალიერებთ გრეტას ღირსებებს. მუთია ამბობს, რომ ასეთი ლამაზი სახე ტელევიზორშიც კი არ უნახავს. გიგლა შემოგვჩივის, თუ რა საოცრად უნდა მის მკერდზე თავი დაამხოს და დიდხანს, დიდხანს, დიიიიდხანს იძინოს. თაზო გრეტას უკანალს მიშტერებია და თავს არ იწუხებს თავის ბინძურ შთაბეჭდილებებში გაგვხვიოს. მე კი ვამბობ: „შეხედეთ, რა ლამაზი კოჭები აქვს, სადმე გინახავთ ასეთი ლამაზი კოჭები? შეხედეთ, ხედავთ რა კოჭებია?“ – ამაზე ბიჭებმა დამცინეს.

სადმე გავექცეოდით განგებას? – ის ჩვენი ოცნების ქალი გახდა. უკან ჩამოიტოვა გვადალუპეც, კასანდრაც, სამანტაც . . . ის ჩვენი გვირგვინოსანი ლამაზმანი იყო, სახელად გრეტა, გვარად . . . თუმცა, გვარს რა მნიშვნელობა აქვს, როცა ასეთი ლამაზი კოჭების პატრონი ხარ?!

გაგანია ზაფხულია. ავტოფარეხებს შორის ჩაკარგულ ასფალტის მოედანზე ფეხბურთს ვთამაშობთ. უცებ გვირგვინოსანი ლამაზმანი თითქოს არსაიდან ჩნდება, ეტყობა გადაღლილ-გადაქანცულია, გვერდს ჩაგვივლის, კორპუსთან ჩერდება და ხმამაღლა დაუწყებს მეგობარს ძახილს. ამ დროს ბურთს ყველანი ერთბაშად ვანებებთ თავს და გრეტას გავცქერით, გრეტა – კორპუსს, კორპუსიდან კი პასუხი არ ისმის.

„ამის დედაც ვატირე“ (მაშინ უფრო გულიანად ვერ ვიგინბოდი) – ვთქვი გულში, გრეტასთან ელვის სისწრაფით მივირბინე და გადავდგი ყველაზე გაბედული ნაბიჯი იმ დროისთვის: „მე გაგეგზავნები შენს მეგობართან“ – ვუთხარი.

ეჭვის თვალით გამომხედა, ლამაზად გამიღიმა და მითხრა: „კარგი ბიჭი ხარ“. მერე ხელი მომხვია და დაიწყო იმის ახსნა, თუ სად უნდა ავსულიყავი, ვინ უნდა მენახა და რა უნდა მეთქვა. მე კი, გრეტას სუნამოს სურნელით მთვრალი და მისი გადაღლილი სხეულის სითბოსგან განაბული ვლოცულობდი, რომ ეს დარიგება არასოდეს დამთავრებულიყო. ეს იყო ჩემი პირველი ინტიმი ქალთან. თან ოცნების ქალთან!..

ცოტა ხნის შემდეგ გრეტა ჩვენგან გაფრინდა. გაფრინდა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ცოლად გაჰყვა ვიღაც ბიზნესმენს და გადასახლდნენ უცხოეთში. დიდხანს არაფერი გვსმენოდა მასზე. მე მხოლოდ მოგონებებშიღა ვხედავდი მას, თბილ, სურნელოვან და სასიამოვნო მოგონებებში. მხოლოდ ერთხელ, მოარულმა ხმამ გვამცნო, რომ ჩვენს გვირგვინოსან ლამაზმანს ხუთი შვილი გაუჩენია და სხეულის ფორმებიც ცოტა შელახვია.

მას შემდეგაც წლები გავიდა.

ცოტა ხნის წინ, როცა ჭავჭავაძის გამზირზე მივაბიჯებდი და შეგუებული ვიყავი იმ აზრს, რომ ბავშვობა დიდი ხანია უკან დარჩა და მასთან აღარაფერი მაკავშირებს, ჩემკენ მომავალ ხალხს ერთი ქალი გამოეყო, შილიფად და გემოვნებით ჩაცმული. ეტყობოდა, რომ ხუთი შვილის გაჩენამ აიძულა ტანზე მომდგარ ტანსაცმელზე უარი ეთქვა, კუპრივით შავ თმაში კი ლამაზი სამაგრი ჰქონდა ჩამაგრებული…

როცა გრეტას სახე სავსებით აღვიქვი და აღვიდგინე, მაშინვე ვიგრძენი ის სურნელი, რომელმაც ბავშვობაში დამათრო. წამითაც არ შევყოვნებულვარ – ფეხებისკენ გავაქციე თვალი: დროს ტანის ფორმები შეელახა, მაგრამ კოჭები ხელუხლებლად დაეტოვებინა.

მე გამეღიმა და მივხვდი: სანამ გრეტა ჭავჭავაძის გამზირზე დააბიჯებს, ჩემი, თაზოს, გიგლას და მუთიას ბავშვობაც  შორიახლოს იქნება.

დათო გორგილაძე