ნ ი კ ა

თქვენ შეგიძლიათ ლეონარდ შელბი დაუძახოთ. ზოგი – კასაბიანს ეძახის. მე გაელ იობარს ვუწოდებ და მისი  ნომერი დღემდე ამ სახელით მიწერია ტელეფონში. ისე კი, ერისკაცობაში,   ნიკა ესებუა ჰქვია.

ხუთი წლის წინ, პირველ კურსზე სწავლისას, როცა ერთმანეთს პირველად დავემგზავრეთ №35 სამარშრუტო ტაქსიში ელბაქიძის დაღმართიდან შინ, ვაზისუბნისკენ მიმავალნი, ნიკამ მითხრა, რომ ალ პაჩინო ყლეა. მე დავეთანხმე.

მას შემდეგ 5 წელი წელი გავიდა და ძალიანაც რომ დავძაბო გონება, მისი ფსკერიდან გამიჭირდება ისეთი საკითხის ამოქექვა, რაშიც ნიკას აზრს არ დავთანხმებივარ. ხანდახან იდეური თანხვდომის გამო, ხანაც იმიტომ, რომ მასთან კამათში ყოველთვის დამარცხებული გამოვდივარ ხოლმე და დასაწყისშივე ფარ-ხმალს ვყრი.

მაშინ ალბათ არცერთს წარმოგვედგინა, რომ №35 სამარშრუტო ჩვენი დიდი მეგობრობის ინკუპატორი გახდებოდა, რადგანაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ლეონარდ შელბი იყო უბრალო ყმაწვილი, რომელიც ჟურნალისტიკას სწავლობდა და ამავდროულად ღრუბლებში დაფრინავდა, ისევე როგორც უნივერსისტეტის სტუდენტთა დიდი ნაწილი.

მაშინ არც ის წარმომედგონა, რომ თსუ-ში ჩემი და ირაკლი გუნიას გარდა არსებობდა ისეთი ვინმე, ვინც მზად იყო კარგი კინოს სანაცვლოდ საკუთარი მარჯვენა ყვერი გაეწირა. ვერც იმას ვიფიქრებდი, რომ ჩემ გარდა დედამიწის ზურგზე დაიარებოდა ტიპი, რომელიც სამარშრუტო ტაქსების მძღოლების მიხედვით კინოპერსონაჟებს ქმნიდა.

თურმე ვცდებოდი. თან, მწარედ.

ლეონარდ შელბი სკოლაში სწავლის პერიოდში გავიცანი ინტელექტუალურ შეჯიბრზე, რომელსაც მე და ირაკლი ისაკაძე ვეტერანი მოთამაშეების რანგში ვესწრებოდით და იდაყვებდაკაპიწებულები, სახეზე დაფენილი ღიმილით ვუყურებდით აუდიტორიას.

ნიკა ახალბედა ჩანდა.

ვინც შელბის იცნობს პარადოქსად მოეჩვენება, მაგრამ როცა ის პირველად ვნახე, წმინდა პეტრეზე ლაპარაკობდა. საუბრობდა დინჯად და აუღელვებლად, წინასწარ შერჩეული სიტყვების გარეშე. შიგადაშიგ ჟარგონებსაც გამოურევდა ხოლმე. იმდროინდელი გარეუბნელი ყმწვილისთვის ეს ლოთიანად გამბედავი საქციელი გახლდათ. ვერ გეტყვით ამან მომხიბლა თუ გამაბრაზა (მაშინ ეკლესიურ ვინმედ ვითვლებოდი), მაგრამ უცნაური გრძნობა კი დამიტოვა.

ესეც პარადოქსია, მაგრამ ლეონარდ შებლი  მეორედ უკვე ეკლესიის ეზოში ვნახე, საკვირაო წირვაზე, რომელსაც მე რწმენით თუ შიშით ვესწრებოდი ხოლმე. ნიკა – არამგონია. მაშინ 5 წუთიანი საუბარი საკმარისი აღმოჩნდა იმის დასადგენად, რომ ერთ უბანში ვცხოვრობთ და ერთსა და იმავე უნივერსიტეტში, ერთსა და იმავე ფაკულტეტზე ჩავირიცხეთ.

რა დასამალია, რომ არსებობდა რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ნიკა ესებუა გულზე არ მეხატებოდა. პირველი მიზეზი ის იყო, რომ იცოდა რა უნდოდა ცხოვრებაში და ისიც კარგად მოეხსენებოდა ამისთვის რისი გაკეთება იყო საჭირო (მე ამ მხრივ ძლიერი ვერასოდეს ვიყავი. ვერც მაშინ, ვერც ახლა), აზროვნებდა გაცილებით უფრო თავისუფლად (ეს არც მე მაკლდა, მაგრამ ნააზრევის თამამად გადმოცემაში კი მოვიკოჭლებდი), იცვამდა თავის გემოზე (მე ამ ყველაფერში ჩემი უფროსი ძმა მეხმარებოდა და პრაქტიკულად მის გამოცვალ ტანსაცმელში გავიზარდე), ატარებდა წვერს (ჩემი ბალნიანობის პატრონს წვერის მოშვება ყოველთვის ბოჰემურ სიამოვნებად მიმაჩნდა), და ჰქონდა გრძელი თმა (რამდენჯერაც იმავეს გაკეთებას შევეცადე, იმდენჯერ განში წავიდა, ბაკები დამიხუჭუჭდა და გამხმარ ნეხვს დაემსგავსა). ამ ყველაფერს პირველ კურსზე სწავლის დროს კიდევ ერთი რკინა-ბეტონის არგუმენტი დაემატა – ნიკა ესებუამ თვალსა და ხელ შუა აგვცაპნა ხატი და იკონა სრულიად პირველკურსისა – იაკო.

მოკედ, ესებუა იუდა !

მაშინ, როცა გაელ იობარმა ალ პაჩინო მამაკაცის გენეტალიას შეადარა, თემოს სამარშრუტოში ვისხედით. ჩვენ დღემდე ვცხოვრობთ და ვარსებობთ ჩვენ მიერვე შექმნილ კინოპერსონაჟებთან ერთად, რომლებიც №35 სამარშრუტო ტაქსის მძღოლები არიან. მე და ნიკამ 5 წლის მანძილზე უამრავი წარმოსახვითი ოსკარი გადავეცით მათ. ეს სრული იდილიის წლები იყო. კინოაკადემიას მხოლოდ ჩვენ ორნი შევადგენდით და სანთლითაც რომ მოგეძებნათ, ვერ იპოვიდით კრიტიკოსს, რომელიც ჩვენს გადაწვეტილებას გაასაჩივრებდა. რაც შეეხება თემოს, ის ერთერთი ოსკაროსანია, კერძოდ კი, ორი ხმლიანი რაინდის მფლობელი.

თემო სულით რაინდი კაცია. თუ ვინმემ 10 თეთრი დააკლო, პირში არ შეგარცხვენს, როცა 100 მეტრით მოშორდები სამარშრუტოს და თავს დაიარხეინებს, მაშინღა მოგაძახებს: „ჩემი თესლით ხარ გაკეთებული შე დედამოტყნულისშვილო?“ – ეს შეკითხვა რიტორიკულია, რადგანაც თემო ის კაცი არ არის, თავისი ცისფერი სპერმა ალალბედად გახარჯოს და სადმე „ბასტარდები“ დატოვოს. დარწმუნებული ვარ, ერთადერთი საბჭოელია, რომლის ნაშიერიც არცერთ სლავურ სახელმწიფოში არ დადის.  ამ ყრანტალის გამო მე და ნიკას არაერთხელ გვინახავს თემოს სახეზე ხუთი თითის ნაკვალევი და ხანდახან დადაღვის მომენტსაც შევსწრებივართ.

საბოლოოდ, თემოს 2 ოსკარი გადავეცით: პირველი ფილმისათვის „ბენზინი“, რომელშიც მან უბადლოდ შეასრულა მძროლის როლი, რომელიც უსამართლობის დასაძლევად პროფკავშირებში წევრიანდება და ბოლოს ჯიმი ჰოფას ძმობილი ხდება. მეორე კი – ფილმისათვის  „ბანქო, ფული, ხაჭაპური და კოკა-კოლა“, რომელშიც თემომ გააშიშვლა წუთისოფლის რუტინა და განგაშის ზარები შემოჰკრა უსაქმურთა გამოსაცოცხლებლად.

ჩვენ ვსწავლობდით ჟურნალისტიკაზე და ლექტორებს 2 გზას ვუტოვებდით: ან ხუმრობაში უნდა აგვყოლოდნენ, ან ლექციიდან გავეყარეთ. საიდუმლოდ გეტყვით, რომ კარს მიღმა არაერთხელ აღმოვჩენილვართ, თუმცა მთავარ აუღებელ ციხესიმაგრედ დღემდე ანნა ასათიანი მიგვაჩნია.

ანნა ასათიანი ანალიზურ ჟურნალისტიკას გვასწავლიდა. ახლა „იმედის“ ნიუ-იორკის ბიუროშია და რამე. მაშინ PS-ში მუშაობდა. ახალგაზრდაა და ალბათ ამიტომ, ყოველთვის ცდილობდა ურთიერთობაში დისტაცია დაეჭირა. სემესტრის განმავლობაში მხოლოდ 2-ჯერ შევძელით მის სახეზე ღიმილი მოგვეფინა. ერთხელ მე, ერთხელ – ნიკამ. თუმცა ლეონარდ შელბის ვარიანტი გაცილებით სანახაობრივი იყო: ერთერთი სტატიის გარჩევისას, როცა ლალი ცერცვაძემ ვერაფრით წარმოთქვა სიტყვა პენისი და ალტერნატივების ჩამონათვალში „ჩიტუნა“, „ჩიორა“ და „ჭაკუტაც“ კი ახსენა, ნიკა გულწრფელად გაოგნებული სახით წამოვარდა და დაიყვირა: „როგორ შეიძლება ჟურნალისტს პენისი არ უყვარდეს?“ – ამაზე ანკას გაეცინა. თუმცა, ამ მომენტის სრულად შესაგრძნობად, როგორც იტყვიან, იქ უნდა ყოფილიყავით.

ჰო, იუმორი ცალკე სათქმელი ამბავია. ამ დარგში ჩვენ ჩემპიონთა ლიგის მოასპარეზეები გახლდით და თუ გამარჯვებულები ვერა, ფინალისტები ხომ ვიყავით და ვიყავით. თუმცა ეგოიზმი ხომ თავისას შვრება და ნაღებ ხუმრობებს მხოლოდ ერთმანეთში ვათამაშებდით. მასებზე კი სხვა ნაწილი იყო გათვლილი. საექსპორტოდ განკუთვნილი.

თუკი ჩვენს შიდა იუმორს ვინმე მოისმენს, ალბათ ჩათვლის, რომ 1986 წელს ორიოდ ნაბიჯში ვიდექით ჩერნობილის რეაქტორთან აფეთქების დროს და შევეცოდებით, რადგანაც ჩემი და ნიკას გარდა არ მოიძებნება  ადამიანი, რომელიც ამ ხუმრობებზე გაიცინებს. არადა, მომკლალით და ესაა ყველაზე სასაცილო.

ჩვენ ჩაფსმამდე გვიცინია ყველა თემაზე, რაც აზრადაც ვერ მოგივათ: ჯიხურში მჯდომი გუშაგის თვითმკვლელობაზე, ქიაჩელის ქუჩის სექსუალურად აღტკინებულ ბირჟავიკებზე, ელიას მთაზე ტაქსისტის ვიზიტზე და ვინ მოსთვალოს ცაში ვარსკვლავები, კიდევ იმდენ რამეზე.

ნიკა კინოს ოსტატია. თვითონ ამბობს, რომ ია ვეკუას და ოთო ჯანგავაძეს მასზე მეტი ფილმი აქვთ ნანახი, მაგრამ ეს რომ წმინდა წყლის სიმართლე იყოს, მაინც არ მჯერა. ხშირად, როცა ვფიქრობ, თუ რამ შეუწყო ჩვენს მეგობრობას ხელი, ერთ დასკვნამდე მივდივარ – კინომ. ხოლო კინოს სიყვარულში კი ჩვენი პროვინციული ქალაქელობა დაგვეხმარა, როცა ტელევიზორის დახმარებით ორივე შევეცადეთ სადმე უცხო სამყაროში შეგვეჭყიტა და დროებით მაინც გვეთქვა უარი ნაცრისფერი კორპუსების ხედებზე, რომლებიც პირამიდებივით საუკუნო მდუმარებას გვპირდებოდა. საბოლოოდ, ამ წამოწყებამ ორივე ბოლომდე ჩაგვითრია.

ხშირი იდეური თანხმობის მიუხედავად, ჩვენ დღემდე ვერ შევჯერებულვართ პრინციპულ საკითხზე, რომელზეც აგერ უკვე 5 წელია ვკამათობთ. ლეონარდ შელბის მიაჩნია, რომ პორნო ფილმებში შიშველ ქალზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები ესთეტიურად ლამაზია. მე მიმაჩნია, რომ ეს სიტუაციას ვნებას აკლებს. ამ დიალოგის მომსწრე გივიმ, [რომელიც არს ღმერთი მფარველი სამარშრუტოებისა ქართულს მითოსში და ჭერი და ბჭე ყოველის მძღოლისა, ი გივ უშიშარ ვითარცა უხორცო. ესრეთ მას შესწევს ძალა და ნება და უფლება წინ უსწროს და უკან ჩამოიტოვოს და ათრიოს ვითარცა ძაღლი უბადრუკ და თვალნიც დაუბუშტოს ყველა სამარშრუტოს კლიტეთმპყრობელს და დედალი კიბო რქუას მათზე თანდასწრებითვე მათისა. ესრეთ არს გივი, ბრძენი იგი და ყოვლისმცოდნე და საჭეთმყრობელი ხნიერი მერსედესებისა] – გვითხრა „აბა რეებ ლაპარაკობთ, კაი ჯანმრთელ ქალს რა ჯობიან, ერთ ისეთ რო მოუჭერს, იქნება პროსტინას ნახევარ საათ პროჭიდან იცლიდე“ –  მას შემდეგ მე და ნიკა გივისთან ქალებზე საუბარს ვერიდებით.

გივის 7 ოსკარი აქვს. იგია ერთდროულად ოგუსტ და მარი ლუი  ლუმიერი. მასთან ერთად ყველა მგზავრობა ჩვენთვის ერთი ხოშიანი ფილმია, რომელსაც ოპერატორული ნამუშევარიც იანუშ კამინსკისი აქვს,  სცენარი დევიდ კოეპის, მუსიკა ჯონ უილიამსის, სამსახიობო ოსტატობა ჯეკ ნიკოლსონის, რეჟისურა კი მილოშ ფორმანის, მაგრამ ყველაფერი ამის შემოქმედი მაინც გივია. მის ფილმებს არ აკლია არც ექშენი (საცობებში გაძვრომა-გამოძვრომა), არც მძაფრი სიუჟეტი (დაკა-დაკა კონკურენტებთან), არც ქალი (გვერდით ყოველთვის მოისვამს ხოლმე ვინმეს და ცხოვრებას ასწავლის).

ნიკა ადამიანებს იარლიყებს ანიჭებს ხოლმე. ამაში ხშირად მეც ვეხიდები. საქმე ისაა, რომ ყველა ის ადამიანი, ვისთვისაც ოდესმე სახელი შეგვირქმევია, ჩვენს წარმოსახვაში ყოველთვის იმგვარად იქნება აღბეჭდილი ქვეყნის აღსასრულამდე. მაგალითად „წითელი“ – კეკელიძის ქუჩაზე ერთერთი საკონიდროს მეპატრონე, რომელიც 4 წლის განმავლობაში გამხმარი და ცივი ლობიანებით გვანაყრებდა. ხანდახან, თუკი ლობიანი 3 დღის სიძველის იყო, 10-10 თეთრსაც აკლებდა.

ჩვეულებრივი ტიპი, რომელიც ჟურნალისტიკას ეუფლებოდა და ღრუბლებში დაფრინავდა, სინამდვილეში უჩვეულო კაცი აღმოჩნდა, რომელიც შესანიშნავად ერკვევა კინემატოგრაფში, კარგად წერს და ყველაზე მყარად დგას მიწაზე, რადგან იცის რა უნდა და როგორ უნდა მიაღწიოს მიზანს.

ვაჰმე, ვინ დაითვლის რამდენი ცივი ლობიანი გვიჭამია ერთად სტუდენტობის დროს. რამდენი კილომეტრი დაგვიფარავს ფეხით უფულობის ჟამს, რამდენი გვიხუმრია №35-ით მგზავრობისას, რამდენი წარმოსახვითი ოსკარი გაგვიხარჯავს უყაირათოდ, რამდენი გოგო გაგვიშიშვლებია (რა თქმა უნდა წარმოსახვაში).

თუ ის დრო არ მენატრებოდეს, მე ვიყო ბიჭოლას ბალიში.

10 thoughts on “ნ ი კ ა

  1. უნდა დაგიძმაკაცდე, მეც მინდა ვინმემ ჩემზე დაწეროს ასეთი ტექსტები :დ

  2. ლეიტო რას გამოუტოვე სახელებში : )))))) სიგარეტის მოწევა როგორ დაიწყო ეგ მახსოვს კიდე. სათითაოდ ყველამ ვკითხეთ მგონი გაოგნებული სახით “შენ ეწევიი?”. მეექვსეს “კვარცხლბეკზე” რომ შემოვსხდებოდით ხოლმე, ახ : ))))

  3. მაშინ არც ის წარმომედგონა, რომ თსუ-ში ჩემი და ირაკლი გუნიას გარდა არსებობდა ისეთი ვინმე, ვინც მზად იყო კარგი კინოს სანაცვლოდ საკუთარი მარჯვენა ყვერი გაეწირა…

    იმედია კარგი კინო ჯერ არც ერთს გინახავთ///

  4. ჯგუფი კასაბიანი მეც მომწონს. ჩემი აღმოჩენაა “london boulevard”-ის ნახვის შემდეგ.

    ” შებლი” არა, შელბი.
    “გამოცვალ” – გამონაცვალ.
    “აგვცაპნა” – აგვწაპნა.
    “მოკედ” – მოკლედ.

    ვიცი, რომ საზიზღარი ვარ.😀 შეგიძლია აღარ მითხრა.😀
    :((

    „ბანქო, ფული, ხაჭაპური და კოკა-კოლა“ – ვაიმეეეე, ჰაჰააჰ :)) გაი რიჩის როგორ გაუხარდება ეს ამბავი 😀

    ნიკას შორიდან ვიცნობ. ბლოგერობაში ხომ იცი როგორც არის, ყველა ყველას იცნობს. მის ბლოგს ერთი პერიოდი სულ ვკითხულობდი, მერე რატომღაც გული აიცრუა და ჟურნალისტიკაში უფრო გადაეშვა. ნიჭიერი მგონი არის, აბა საიდან მეცოდინებოდა?! მგონი “ტაბულა”-ში მუშაობს.

    ესეც დოდკას მიერ გაკეთებული ნიკას და სხვების შარჟი😀

  5. უი, მთავარი გამომრჩა. პოსტი ძალიან კარგი იყო.
    საერთოდ, შენ ძალიან კარგად წერ და თურმე ჟურნალისტი ყოფილხარ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s