ისაკა

ნიუტონს რომ ვაშლი დაეცა. არა, უფრო ადრე – რუსთაველმა რომ „ვეფხისტყაოსნის“ წერა დაიწყო. ნწუ, იქნებ უფრო ადრე? – რომის იმპერია რომ დაემხო. არაა, კიდევ უფრო შორეულ წარსულში. . . ხანდახან მგონია, რომ ისაკას მანამდეც ვინობდი, სანამ ადამი ევას გაიცნობდა ან მანამდე, სანამ ღმერთი მიხვდებოდა, რომ ის ღმერთი იყო. ისაკას ღმერთის არ სწამს. მე კი მწამს, რომ მას მართლა არ სწამს ღმერთის და იმ მედროვე „უღმერთოებს“ არ ჰგავს, ვისთვისაც ათეიზმი მოდაშია.

მე და ირაკლი ისაკაძე კლასელები ვიყავით და თითქმის სულ ერთ მერხზე ვისხედით;  ჩვენ წყვილში ვთამაშობდით „ქაუნთერ სთრაიქს“ „მაზიანზე” უბნელების წინააღმდეგ; ჩვენ ერთ გუნდში ვიყავით, როცა „რა? სად? როდის?“ – ვთამაშობდით სხვა სკოლის ნაკრებების პირისპირ (ერთ გუნდში ვართ და ახლაც); ჩვენ ერთ გუნდში ვიყავით, როცა საქართველოს ჩემპიონები გავხდით საკონსტიტუციო ოლიმპიადაში; ჩვენ ერთად ვმუშაობთ „გადაცემაზე რა? სად? როდის“ და ახლაც ერთ მაგიდასთან ვსხედვართ. ანუ, ჩემი სტატისტიკა ალბათ ასე გამოიყურება – ცხოვრების 1/3-ს ძილში ვატარებ, 1/3-ს კი ირაკლი ისაკაძესთან ერთად.

ისაკა ყველაზე ნობისმოყვარე და ნიჭიერი ადამიანია, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ, მაგრამ ცნობისმოყვარეობასაც ნა ნიჭიერებასაც საგულდაგულოდ მალავს. როცა პირველ კლასში შევედით, ისაკამ სწავლის რამდენიმე დღე გააცდინა, მასწავლებელმა კი გვითხრა: „ირაკლი პროგრამას მაინც არ ჩამორჩება, წერა-კითხვა უკვე იცის“. სინამდვილში კი აღმოჩნდა, რომ მან  ინგლისური ანბანიც კარგად იცოდა და სიტყვათა მარაგიც დაეგროვებინა. „ნეტა ვინ არის ეს ირაკლი?“ – ვფიქრობდით. რამდენიმე დღის შემდეგ მოვიდა ერთი ჭიის ნაწლავისხელა ბიჭი, რომელსაც „შაპკა“ (ვარცხნილობა, რომელსაც ბავშვის ღამის ქოთნის დახმარებით აკეთებენ – ავტორის შენიშვნა) ჰქონდა შეჭრილი და ჩვენში დარჩეს, ოდნავ დაუნის იერიც დაჰკრავდა.

მეშვიდე კლასში პირველი გასვლითი მატჩი ვითამაშეთ. ჩვენ მეშვიდეკლასელები, დანარჩენები მეათე – მეთერთმეტე. ძალიან მინდა რაიმე მსუბუქი და ცენზურის ფარგლებში მოქცეული ზმნით აღვწერო იქ განვითარებული მოვლენები და არ გამოვიყენო ისეთი ზუსტი სიტყვები როგორებიცაა „ვიხმარეთ“ ან „დავტყანით“, ამიტომაც უბრალოდ ვიტყვი, რომ გავიმარჯვეთ და შარავანდედით მოსილნი გამოვედით ბრძოლის ველიდან. რაღა ჩვენ, რაღა უილიამ უოლესი სტირლინგის ბრძოლის შემდეგ.

სადღაც მერვე კლასში ისაკამ მერხებზე ხატვა დაიწყო. ხატავდა შიშველ და დიდძუძუებიან ქალებს. დიდი ეჭვი მაქვს, შთაგონება სკოლის წინ მდგომი ბოილერის შიდა კედლიდან მიიღო, სადაც ისეთი სექსის სცენა იყო აღბეჭდილი, ჰო, ჰო, ჰო ეგეთი არ გენახოთ. ჯენა ჯეიმსონის ან ბრუკ ბურკის კადრები ამასთან შედარებით სკოლის ეზოში შებინდებისას „ზასავია“ და მეტი არაფერი. ალბათ მისი სწორედ ამ შემოქმედებითი წიაღსვლის შემდეგ შევეჩვიე ირაკლი ისაკაძის მერხს და ცოცხალი თავით არავის ვუთმობდი ადგილს. სხვათა შორის, ისაკას ერთი ნახატი სკოლის ფოიეშიც იყო გამოკრული. რა თქმა უნდა შიშველი ქალის არა – იმაზე მარინისტული სურათი იყო აღბეჭდილი. თუ სწორად მახსოვს.

ამავე წელს, „რაიონული მასშტაბით“ გამართული ინტელექტუალური თამაშების მორიგ ჩემპიონატზე ჩვენი გუნდი გაბღენძილ-გაბრექილი წასდგა მოწინააღმდეგეთა წინაშე. გადამწყვეტი კითხვაა, გუნდს ორი ვერსია აქვს – „სიკვდილი“ ან „ფული“. ჩვენი გუნდის ერთი გამოსირებული ფურცელს იღებს და წერს „სიკვდილი“, მეორე გამოსირებული ამ ფურცელს ყველასგან უკითხავად სეკუნდანტს აწვდის. წამდენიმე წამის შემდეგ ირკვევა, რომ სწორი პასუხი „ფული“ იყო, ის ორი გამოსირებული კი მე და ისაკა ვიყავით.

ამ ბრძოლის ველიდან კი ისევე გამოვედით, როგორც ჯოფრი ბარათეონი-ლანისტერისა ბინძური კარიბჭის გალავანიდან. ერთი სიტყვით, ჩავისვარეთ.

სწორედ ეგ წელი იყო, როცა საქართველოს ინტელექტკლუბში მივედით. ინტერნეტ-კაფეში საიტი აღმოვაჩინეთ www.mosidze.ge სადაც ეწერა, რომ თსუ-ში კვირაობით თამაშები იმართება და მივაჭერით.

–         ეგაა?

–         კი, კი, ეგაა.

–         შარვალ-კოსტიუმი რატო არ აცვია?

–         რა ვიცი მე, სცხელა ალბათ.

მე და ისაკა ვთათბირობთ გიორგი მოსიძეა თუ არა ის კაცი, ტრიბუნასტან რომ დგას და კითხვებს სვამს.

მივუახლოვდით, ხელი გამოგვიწონა. „ვააა“ – ვიფიქრეთ და ჩამოვართვით.

მე: თამაში გვინდა.

მოსიძე: ითამაშეთ მერე.

მე: ასაკში შეზღუდვა არ არის?

ამ დროს მოსიძე სნიკერსის დიდ ლუკმას კბეჩს და მპასუხობს: „თუ გინდა ბებიაშენი მოიყვანე“. ამ პასუხის შემდეგ მე და ისაკამ კიდევ დიდხანს ვითათბირეთ მართლა მოსიძე იყო თუ არა ის კაცი და საბოლოოდ ჭეშმარიტად ის აღმოჩნდა. იმავე დღეს გავიცანით აკაკი მოსახლიშვილი, რომელმაც „25-ე საათში“ თამაში შემოგვთავაზა. ასე დავიწყეთ და ახლა გადაცემის რედაქტორები ვართ, იქაურ წრეში სიტყვა გვეთქმის და რამე, თუმცა ეს ცალკე თემაა.

მერე აღმოვაჩინეთ შალვა.

შალვა ვიქტორინოქსის დანასავითაა. ინტერნეტ-კაფეს მეპატრონე იყო. იმავე ინტერნეტ-კაფეში უნივერსიტეტი ჰქონდა გახსნილი. იმავე უნივერსიტეტის რექტორი იყო. იმავე უნივერსიტეტში ასწავლიდა სამართალს და სამხედრო კათედრაც საკუთარ თავზე ჰქონდა აღებული. მნიშვნელოვანია, რომ შალვას სტუდენტები ყველაზე სასიამოვნო გარემოში გადიოდნენ სამხედრო კათედრას. რექტორთ-რექტორი ამბობდა, რომ „ქაუნთერის“ თამაში საბრძოლო უნარ-ჩვევებს ანვითარებს და საათში ლარ-ლარსაც მოგებას ნახულობდა. აქვე უნდა ითქვას, რომ რამდენჯერმე მე და ისაკამ ყური მოვკარით შალვას სამართლის ლექციას და მისი პათოსი მაფიქრებინებს, რომ ანდრეს ბრეივიკის უკან სწორედ ის იდგა. როცა შალვასთან პირველად  მივედით, მან ღიმილიანი სახით გაგვაცნო იქაური გარემო და დინჯად წარმოგვიდგინა ინტერნეტ-კაფეს განვითარების მისეული ხედვა. ასევე შემოგვთავაზა ცივი წყალი: „ეს ჩვენი კლიენტების მაქსიმალური კომფორტისთვისაა“ (სად იყო კოკა სეფერთელაძე როცა შალვა განათლების სისტემაში 24- საათიან კომფორტს ქმნიდა). ჩვენ ჭიკა მოვითხოვეთ. ამაზე შალიკო აილეწა და ცალყბად გვითხრა ბოთლიდანვეო. როცა ბოთლს სახურავი მოვხსენი და ზედ პომიდვრის მიმხმარი კანები დავინახე, მივხვდი, რომ კაპიტალიზმში ადამიანი ადამინისთვის მართლაც მგელია.

შალვას კომპიუეტრებში მე და ისაკა ვეზიარეთ „მირკს“. ჩვენი მიმოწერა „შაკალადკასთან“, „ნინჩო_ნინჩო_ კარამელთან“ და „მულატკა-26“-თან არაფრით ჩამოუვარდება ნიკოლოზ ბარათაშვილისა და მაიკო ორბელიანის, ან თუნდაც გალაკტიონისა და ოლია ოკუჯავას მიმოწერას. ყველაფერი კი უხერხულობით დაიწყო:

ჩვენ: Hi

მულატკა_26: asl plz.

ჩვენ: ტრაკიც ხარ და შენი დედასაც შევეცი . . .

აქვე ვთამაშობდით „ქაუნთერს“ და არაერთხელ აგვიტირებია შალვას სამხედრო კათედრაგამოვლილი ბაკალავრ-მაგისტრანტები. მე AVP-ოს ოსტატი ვიყავი, ისაკა M-16-ის. მე ტომას ბეკეტი გახლდით, ისაკა – რემბო. ის „ბლიჟნი ბოი“, მე – „დალნი რასტრელი“ საბოლოო სტატისტიკაში ისაკას 87 კაცი ჰყავდა მოკლული, მე – 3.

მეცხრე კლასში ირაკლი ამირანოვიჩი ხელიდან წავიდა და სკოლაში თვის განმავლობაში 2-3-ჯერ თუ გამოჩნდებოდა ხოლმე. შალვას ბუნაგს მიეჩვია. სახლის ტელეფონს თიშავდა, რომ დამრიგებელს არ დაერეკა და „შკოლნიკის“ ნიღაბსაც ნუგზარ კვაშალივით ირგებდა.  საღამოობით კი დამირეკავდა ბატონი ამირანი, ირაკლის მამა და მკითხავდა ხომ არ იცი სად არისო. მე მივაკითხავდი და წამოვიყვანდი. მერე კი, მანქანაში მიმდინარეობდა ლექცია, რომელიც უცილობლად იწყებოდა ბატონი ამირანის ერთი და იგივე შეკითხით: „მე და ამ კაცს კიბო უნდა გაგვიჩინო?“ . . .

ისაკა ჩემი მშველელია. ვინდოუსი გამქვს გადასაყენებელი? – ისაკაძე; დასაგუგლი მაქვს რამე? – ირაკლი ამირანოვიჩი; ნინიას დავშორდები? – ისაკა მამშვიდებს და მეუბნება, რომ არც ისეთი მახინჯი ვარ, როგორადაც თავი წარმომიდგენია. უფრო სწორად, ჩემზე მახინჯებიც არსებობენ.  ჰო, ერთი ისაა, რომ ქალებში სხვადასხვაგვარი გემოვნება გვაქვს. ამაში სალომე ბარკერი დამეთანხმება, რომელიც ირაკლის შეყვარებული გახლდათ და ერთხელ ვუთხარი მეზიზღები – მეთქი. სინამდვილეში კი ძალიან ბევრი გვაქვს გადამხდარი ერთად საიმისოდ რომ მეზიზღებოდეს. დაე ამ პასქვილმა ამცნოს სალომე ბარკერს რომ ძალიანაც მიყვარს.

ჩვენ ორს შორის ისაკა ყოველთვის პროცესორი იყო, მე – მონიტორი. როცა წარსულს გადავხედავ, ვხვდები, რომ ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპში არის ირაკლი ისაკაძე. მგონი საქართველოში არ მოიძებნება კუთხე, სადაც ჩვენ თავგადასავალი არ გადაგვხდენია. თავგადასავლები კი ქობულეთში დაიწყო, როცა მეცხრეკლასელებმა ერთი კოლოფი სიგარეტი 15 წუთში მოვწიეთ და 3 დღეს ჟირაფის ნეხვის ფერი გვედო სახეზე.

ქართულად როგორ ვთქვა? – ირაკლი ყველაზე „პოხუისტი“ ადამიანია დედამიწის ზურგზე. სკოლა ლეგენდის სტატუსით დაიწყო და მგონი სამებზე დაამთავრა. ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი დაფინანსება მიიღო და ლექციებზე მხოლოდ პირველ სამ კვირას იარა. ირაკლი ისაკაძეს წაკითხული აქვს საბავშვო ლიტერატურა, კლასიკა, ფენტეზი, სამეცნიერო ფანტასტიკა, სათავგადასავლო ლიტერატურა. . . ნანახი აქვს n რაოდენობით ფილმი, დახურული აქვს ყველა სტრატეგიული თამაში და ამასთანავე აქვს მხოლოდ სკოლის ატესტატი.

ირაკლი ისაკაძე პირველ კორპუსში ცხოვრობს, მე – მეთორმეტეში. ჩვენ სახლებ შორის რამდენიმე კორპუსი და სკოლის შენობაა. როცა სადმე ერთად მივდივართ „პიტაჩოკზე“ „ვსტრელავთ“ ხოლმე, სადაც ის მინიმუმ 40 წუთს, მაქსიმუმ კი 2 საათს აგვიანებს. თუ ქალის ამბავია, ანუ „ოდეს გულს დარდი შემოაწვება“ მაშინაც „პიტაჩოკზე“ ვყიდულობთ ლუდებს და სანამ ჩვილი ბავშვის შარდის ფერი არ დაგვედება, იქამდე ვიჭყიპებით.

ცხოვრება კი მიდის. წლები გვემატება. იმედდი მაქვს – ჭკუაც. ვაზისუბნის ინფრასტრუქტურა ვითარდება, მათ შორის „პიტაჩოკიც“. ეროტიული ბოილერის ადგილას ახლა საბანკეტო დარბაზია წამოჭიმული, სკოლა ისევ სკოლაა, მაგრამ ახლა იქ სხვა ბავშვები სწავლობენ და მგონი რა? სად? როდის? და „ქაუნთერი მაზიანებზე“ აღარ იტაცებთ, მე და ისაკა ისევ ძმაკაცები ვართ . . .

. . . და მაინც, სად არის ნეტავ ახლა შალვა?

19 thoughts on “ისაკა

  1. არც ერთს გიცნობთ, არც მეორეს, შალვას მითუმეტეს არ ვიცნობ, ისიც არ მახსოვს აქ საიდან გადმოვმისამართდი და როგორ აღმოვჩნდი.. ასეთ შემთხვევებში პირველ აბზაცს იქით არც ვაგრძელებ ხოლმე კითხვას, მაგრამ აჰა, ბოლომდე შემომეკითხა და კომენტარიც კი დავწერე…

    კარგად დაწერილია!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s