კედი

შავი, გრძელი კაბა ეცვა, ფეხსაცმელიც შავი ჰქონდა – მაღალყელიანი, ხვეული, ჰაეროვანი თმა კეფაზე შეეკრა, ზედა ტუჩთან წერტილივით  ხალი მოუჩანდა და იდგა 2007 წლის 12 ოქტომბერი. სწორედ მაშინ გავიცანი  კედი, როგორც ჩემი მეგობრის, სანდრო ლორთქიფანიძის არაბიოლოგიური, მაგრამ ბიულოგიურზე უფრო ახლობელი და. გავიცანი მაშინ, მაგრამ როგორც მოგვიანებით გაირკვა, მანამდეც არაერთხელ შევხვედროდით ერთმანეთს.

თაკო ფოლადაშვილი, იგივე თამარა სტალინა, როგორც ერთერთ წერილში მოვიხსენიე, ჩემი ჯგუფელი აღმოჩნდა. იმდენად წყნარი, ჩუმი და ბეჯითი, რომ იქამდე ვერც კი შევამჩნიე. მოგვიანებით, როცა ჩვენ უკვე გულითადი მეგობრები ვიყავით, გამიმხილა, რომ პირველ კურსზე სწავლისას, ლექტორის წინაშე ჯოჯოხეთურად უხერხულ მდგომარეობაში ჩამიყენებია. როგორც ჩანს, ჩემს ამპლუაში ვიყავი. ეს იმ პერიოდზე ვყვები, როცა  მხრცოვანი შესახედაობის წყალობით უცნობი პირველკურსელების აუდიტორიებში შევდიოდი და ვატარებდი ერთობ საინტერესო და დამაინტრიგებელ ლექციებს – „შესავალი სექსუალურ მეცნიერებებში“. ლექციის დასრულების შემდეგ კი ხმამაღლა ვაცხადებდი: „სემინარებსაც მე ჩავიბარებ“ და წამიერად აირეკლავდა ხოლმე შიში პირველკურსელი გოგონების თვალებში. შიში და სიკეკლუცე.

მერე იყო ზაფხული. ზაფხული, რომელიც ალბათ არასოდეს დამავიწყდება თავისი შინაარსიანი სატელეფონო წერილების გამო, რომელსაც მე და თაკო ერთმანეთს ვწერდით. არა! ჩვენ არ ვიყავით „ბალის თაობის“ ხალხი და გაწიე-გამოწიე ხუთ-ხუთი მესიჯი გაგვეგზავნა დღე-ღამეში, მაგრამ წერილიდან წერილამდე იმდენს ვფიქრობდით, მეეჭვება გამჩენს ეფიქროს ამდენი სამყაროს შექმნამდე. სხვა შემთხვევაში სამყარო გაცილებით უკეთესი იქნებოდა.

ჰოდა, მიდი-მოდიოდა მესიჯები. მაშინ არ ვიცოდით ვინ ვიყავით ერთმანეთისთვის. ვითომ მეგობრები?  – არც მთლად. რაღაც  მღელვარება იდგა ჩვენ შორის. მოფლირტავე გოგო-ბიჭი? – მოიცა ერთი, როდის იყო ფლირტის დროს ეგეთი საინტერესო საუბრები იხლართებოდა. ალბათ უფრო  ინტერესიანი პირველკურსელები გახლდით. ინტერესიანები და როგორც ბრაზილიური სერიალების ქართულ თარგმანებში ამბობენ ხოლმე – ცხვირმოუხოცავებიც.

ალბათ საუკეთესო მეგობრები ყველას სხვადასხვა ადგილზე გყავთ ნაპოვნი. ზოგი ბავშვობიდან მოყვებით ერთმანეთს. იქნებ პურის რიგში გაიცანით ერთმანეთი და მას მერე ერთად დადიხართ. ზოგს უნივერსიტეტში ნახავდით – ყველაზე უინტერესო ლექციაზე. ვინ – სამარშრუტოში, ვინ – ნაგავსაყრელზე. ამას მნიშვნელობა არ აქვს, ფაქტი ერთია: როცა გვერდიგვერდ დადიხართ, როგორღაც ერთმანეთის გულისცემა გესმით. ჩემი და კედის მეგობრობა კი სკაიპიში გამოიძერწა და როგორ გითხრათ? – მიქელანჯელოს შედევრია ჩემთვის, ხან ძალიან თეთრი და მზიანი, ხან ღრუბლიანი და კუშტი, მაგრამ უდაოდ მიქელანჯელოსი.

კედი საოცრებაა, საშუალო სიმაღლის ხვეულთმიანი და ჰაეროვანი საოცრება, რომელიც კეთილი ჯადოქარია მეგობრებისთვის. ასეთ გრძნეულ ამბებში სუსტი ვარ და დილეტანტურად აგიხსნით: აი, სხვების დარდებს რო თავის თავზე იღებს და იზიარებს. იზიარებს დაუზარებლად. იმ გრძნებულებისგან განსხვავებით კედი მხოლოდ ახლო მეგობრებს გვეხმარება. უანგაროდ და დაუზარებლად. კედი კეთილი ფერიაა. ჰო, ჰო, ჰო, რამდენი საათი გაგვიტარებია უნივერსიტეტის ეზოში ჩემს ოღრაშ პრობლემებზე ლაპარაკში და ვერ ვიხსენებ სახეზე ერთი გრამი დაღლა შემემჩნიოს.

კედი ჩემთვის საჩუქარია, მაგრამ მე კედისთვის უფრო პრობლემა ვარ. ახლა აღარ. სტუდენტობის დროზე ვღაღადებ, როცა თამარა ჩვენ ორის მაგივრად წერდა დავალებებს და მე კი ურცხვად ვიღებდი ქულებს. ახლა მაგისტრატურაში ვსწავლობ და კედი ისევე მაკლია, როგორც ხელები ან თვალები დამაკლდებოდა.

კედი პოეტია. ქართულად რომ ვთქვა „ლექსებს წერს“. კედი მოთხრობებსაც წერს, მაგრამ ჩემთვის ის მაინც პოეტია. რაღაცნაირად მისტიური და საფიქრალი ხაზების ავტორი. როცა მის ნაწერებს ვკითხულობ, მიჩნდება შეგრძნება, რომ კედლები ვიწროვდება და ჭერი დაბლა მოიწევს. გარეთ ნისლი დგება და დიდი პროჟექტორის მჭახე სინათლე მბჟუტავ და გადათხაპნილ ნათებად მოჩნს. ძაღლები ეზოებში ყეფენ, მაგრამ მათი არავის ესმის. კედის ლექსების კითხვისას სხეულით ვგრძნობ, რომ ამ წამს ვიღაც მოკვდა. ვაჰ! ამ წამს ვიღაც დაიბადა. ეს ალბათ იმიტომ, რომ კედი კეთილი ფერიაა და ჩვენს დარდებსაც სხეულში იხვევს. მერე კი, ფურცლებს უყვება. ღირებული ფურცლები კი როდის იყო უჯრებში სამუდამოდ იდებდნენ ბინას.

ჰო! ჩვენ ლიტერატურაც გვაერთიანებს და ღმერთმანი, ყველაფერი წესრიგში ვერა გვაქვს. სულ დაბნეულები დავდივართ. ერთიცაა და სამარშრუტოში ვზივარ, ელბაქიძეს მივუყვები. გაგანია ზაფხულია. გავიხედოთ და კედი მისეირნობს. ვურეკავ:

–         სად ხარ კენდაის? – ვეკითხები და ვიღიმი.

–         სახლში.

–         ეეე – ვფიქრობ ჩემთვის და ვგრძნობ როგორ მედგმევა ვირის თავი, როგორც შორეულ ტომისა და ჯერის თავგადასავლებში მოსდიოდა ხოლმე ტომს.

დაბლა ჩავედი და კედი ლოთიანად გამოვთათხე. კაი ხანს არ ვლაპარაკობდით.

სტალინას მესიჯები ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ისინი ერთი ჩემი ძველი ტელეფონის მეხსიერების ფსკერზეა დალექილი და თუკი ეს ტელეფონი ისეთივე გამძლეა, როგორც ამბობენ, გამოდის, რომ ძალიან დიდხანს მდიდარი კაცი ვიქნები.

 

 

 

8 thoughts on “კედი

  1. ჩმოვდნები და ჩამოვეღვენთები დედამიწას ასე რომ წერდეს ვინმე ჩემზე❤ :რასაყვარელიხარ:

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s