სად მთავრდება რეალობა და იწყება მტკვრის მარჯვენა სანაპირო

ვაზისუბანი ნაცრისფერი მიწაა. ოცდათხუთმეტი წლის წინ აშენებული უფერული და უკვე წვიმისგან ჩამორეცხილი კორპუსებით და რამდენიმე სასადილოთი. ამათგან ერთერთში ბუზების შემმუსრავი ლენტი ზედ მაგიდის თავზე ჰკიდია; მეორეში მიმტანები იღრინებიან; მესამეში კი – თუ ბედი გაგიღიმებთ, ისეთივე საჭმელს შეჭამთ, როგორსაც გამდიდრებული ბუდარა და ბუდარიხა აჭმევენ თავიანთ ჭკუასუსტ მუშას. თუმცა, რა დასამალია, რომ ალაგ-ალაგ თანამედროვეობის ელემენტები იჩენს თავს და მაშინვე შეხვერდრის დათქმის ადგილებად შეიქნება ხოლმე. „სმარტთან დაგელოდები“, „ლიბერთი ბანკთან გამიჩერეთ“, „ტაოსთან მოდი“ – ეს ფრაზები ვაზისუბნური დიალექტის ნაწილი ხდება. სულ პირველი კი – ეკლესია იყო. აქ ისეთები უთქვამდნენ ერთმანეთს პაემანს, ღმერთის სახელი რომ მხოლოდ ლათინოამერიკულ სერიალებში გაეგოთ, გვადალუპეს ან პრეფექტას ბაგეებიდან გამომსკდარი. ისიც, უნიჭოდ ნათარგმანები.

აი, ჩემი სტუდენტობისას ბრენდების აშკარა სიდუხჭირე იყო. ღრმა ბავშვობაში კი ბრენდი ალბათ სალანძღავ სიტყვად გამოიყენებოდა. ნაცრისფერს მხოლოდ ყვითელი ავტობუსები აფერადებდა, რომელთა დამუხრუჭების დროს გამოცემული ჭრიალის ხმა იმჰოტეპს მკვდართა წიგნში ჩაბეჭდილი შელოცვის გარეშე გამოიხმობდა საიქიოდან. ახლა ყვითელი ავტობუსები ყვითელმა სამარშრუტოებმა ჩაანაცვლა და იმჰოტეპსაც მშვიდად სძინავს, ვიდრე სამუხრუჭეების პირველ ცვეთამდე.

რამ დამავიწყა: სამაგიეროდ, ახალ წელს, ბოძებზე თოვლის ბაბუებს ჩამოკიდებენ ხოლმე. ყოველ შეთხვევაში, წრფელი გულით მინდა მწამდეს, რომ ეს თოვლის ბაბუაა და არა ჯეკი მფატრავი, ან რომელიმე მისნაირი ოხერი სერიული მკვლელი. ჩვენ ყველანი იმას ვხედავთ, რისი დანახვაც გვინდა. ახლა, რომელიღაც ჩინური კომპანია ოლიმპიურ სოფელსა და დიდ სავაჭრო ბაზას აშენებს, რაზეც ერთი მითქმა-მოთქმაა ატეხილი. ამიტომ მეშინია მარტინ სკორსეზეს „ვაზისუბნის ბანდების“ გადაღების საბაბი არ გაუჩნდეს. დღემდე ურყევად დგას რამდენიმე საბანკეტო დარბაზი, რომლებშიც ჩვეულებრივზე ხშირად სახელოვანი ქელეხები იმართება და როგორც ერთ ხუმრობაშია, ისეთი ხაშლამა შეაქვთ, ხალხი ფეხზე დგება და ტაშს უკრავს. ხანდახან ბისზეც იძახებენ. როგორც წესი, სუფრის სიმძიმეს და მიცვალებულის ასაკს გააჩნია.

ღრმად მწამს, რომ ვაზისუბნის სიმდიდრე მეზობლებია და ღრმადვე ვწუხვარ, რომ ამ მხრივ, ბოლო დროს, გაღარიბებისკენ გვიჭირავს გეზი. ძველ დროს არ მივტირი, ღმერთო კი მომკალი, მაგრამ ბნელი ოთახის შუაგულში აგიზგიზებული ერთი პატარა ლამფა ალბათ თავისას შვრებოდა. თავისი საქმის მკეთებელი იყო „სანტა ბარბარა“, „ბლანკოს ქვრივი“, „ველური გული“ და „სამანტა“. ჩემი აზრით, თუკი „გლობო“ თავისი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი საპნის ოპერის სცენარის შექმნას ჩვენ მოგვანდობს, „პაჩკა-პაჩკა დოლარები“ გარანტირებულად ჩამოუცვივდება ციდან. მეზობლები კი, როგორ ვთქვა? – გვერდით არიან, მაგრამ თითქოს შორეულ მოგზაურობაში წავედით ყველანი და ერთმანეთს ტელეფონით ვეხმიანებით. ტელეფონით, რომლის ყურმილშიც განწირული ხმით უნდა იყვირო, თუკი ხმის გაწვდენა მართლაც მოგდომებია.

ვაზისუბანი ალალი ხალხის სამფლობელოა. მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ანჯელინა ჯოლის ტუჩებში არ აკოცებენ, რადგანაც 100%-ით დარწმუნებულნი არიან, რომ ჯონ ვოიტის ასულს მავნთათვის ორალური სიამოვნება მიუნიჭებია. რა თქმა უნდა, სათქმელი მე გადავპრანჭე, თორემ ჩემი ალალი ნაცნობები ყველაფერს პირდაპირ ამბობენ: „მინეტჩიცაა“ ან „პირში აქვს აღებული“. გაგიკვირდებათ და ასეთი ხალხი მიყვარს – ღაღადებენ იმას, რისაც გულით სწამთ. ჩემი აზრით ეს გაცილებით უფრო დიდი ღირსებაა, ვიდრე ემხრობოდე იმ აზრს, რისიც არ გჯერა. მგონი მაგას კონფორმიზმის მეორე სტადიას ეძახიან. ვაზისუბანში კონფორმისტები იშვიათობაა.

იყო ხანები, როცა ჩვენთან ნემსზე ჯდომა და მთელი ოჯახის ფულის საკუთარ ვენაში გაშვება უყვარდათ. მე მინახავს როგორ ამზადებდნენ ბაიანებს შებინდებისას კორპუსის წინ და როგორ მოსდიოდათ დორბლები მოუთმენლობისგან. მე მინახავს ჩემი უფროსი უბნელების მკლავები, რომლებსაც ნანემსარების ნაცვლად ჭები ჰქონდათ ხელებზე. მომისმენია მათი საუბარი და მივმხვდარვარ, რომ ცხოვრებაში უნდა იყოს რაიმე ამაზე უფრო საინტერესო და მართალიც აღმოვჩენილვარ. მე ახლაც ვხედავ იმ ადამიანებს, რომლებმაც წარსული გაჭირვებით დაივიწყეს და თვალებში ვკითხულობ, როგორი ენთუზიაზმით დაიბრუნებდნენ დაკარგულს დროს, მაგრამ თავადვე ხვდებიან, რომ ეს შეუძლებელია. მაგრამ ცხოვრების გაგრძელება მაინც ღირს.

ჩვენ განთქმულები ვიყავით მოჩხუბარი ძაღლებით. აქეთ პიტ-ბული, იქით – სტაფი; აქეთ მეცხვარე, იქით – ბულ-ტერიერი. მე მინახავს ჩხუბები სიკვდილამდე, როცა ძაღლები ერთმანეთს ყელებს აცლიან, პატრონები კი თავგამეტებით ყვირიან: „დაფერთხე“ ან „ხორცი ჭამე“. მე მინახავს დამარცხებული ძაღლების მეპატრონეთა სახეები და წამიკითხავს მათი ფიქრები იმის შესახებ, რომ ისინი გამოსირებულები არიან. და მართლაც ასეა.

გვიცნობდეთ: ვაზისუბანი თბილისური რაგბის მექაა. აქედან სახელოვანი ხალხი წასულა დიდ რაგბიში და ჩემი ახლო მეგობრები დღემდე ცდილობენ ტრადიცია დაიცვან. თუკი ვაზისუბნელებს რაიმე მართლა კარგად გამოსდით, ალბათ ერთერთი პირველი რაგბის ბურთაობაა. მერე  ლუდის სმა და ქალებზე ლაპარაკი.

თუკი ჩვენს მიდამოებში ხელჩართული ჩხუბი არ გინახავთ, სტივენ სიგალის, სილვესტერ სტალონეს ან ჟან კლოდ ვან დამის ცქერით დაკარგულს ვერ დაიბრუნებთ. მაშინ, ბაბუს დროს, როცა დანარჩენ თბილისში ცივილურად, ანუ დანებითა და ცეცხლსასროლი იარაღებით არკვევდნენ მტყუან-მართალის ვინაობას, ვაზისუბანში ჭეშმარიტების დასადგენად ხელყუმბარა გამოიყენებოდა.  ჰოდა თუკი  გრიგოლ ორბელიანს უნდა თავისი მუშტი – კრივით რომელიმე ბანოვანი გააოცოს, დაუკარგავს ის ქალი და ეგაა. თავის დროზე ჩვენს საზღვართან ჩაკ ნორისის მოქმედების არეალიც კი წყდებოდა.

ცნობილი ამბავია: „ცუდია, მაგრამ შენია“. არაა, ვაზისუბანი სულაც არ არის ძალიან ცუდი, მაგრამ საქმე საქმეზე თუ მიდგა, ალბათ ბევრ ალაგს ვამჯობინებდი. მაგალითად ქიაჩელის ქუჩას. სტუდენტობისას დამეწყო და ხანდახან ახლაც მეუფლება ხოლმე რაღაც უცნაური გრძნობა: როცა სამარშრუტოში ჩავჯდები და ვაზისუბნის „ტრუბას“ ჩავცდები, მერე მოძმე ვარკეთილს გავშორდები, აეროპორტის ტრასას მივლევ, ისნისა და ავლაბრის სტეპებს დავლაშქრავ და ბარათაშვილის ხიდსაც ბორბალ-ბორბალ გადავივლი, ვხვდები სად მთავრდება რეალობა და იწყება მტკვრის მარჯვენა სანაპირო. ჰოდა, როგორც ვალიკო მიზანდარის სიმღერაშია, მაშინვე ვგრძნობ, რომ სადღაც, შორიდან ჩემი ბავშვობა მათბობს.

 

9 thoughts on “სად მთავრდება რეალობა და იწყება მტკვრის მარჯვენა სანაპირო

  1. გამიხარდა ჩემ მშობლიურ ვაზისუბანის პროპაგანდაზე რომ ზრუნავ.

  2. ვაზისუბანში ბინების ფასის ზრდა მხოლოდ შენი დამსახურებაა:))
    ისე კოკორინა გამოგრჩა.

  3. რაღაცნაირი საინტერესო სტილი გაქვს, უშუალო და მხიარული🙂 მომეწონა :))

  4. ვაიმე, ესეც რა კარგი იყო❤

    ჩემი ბავშვობაცაა დაკავშირებული ვაზისუბანთან, ოღონდ უფრო ბოღმიანია … ჩვენთან შუქი რომ წავიდოდა და თქვენკენ ამოვიხედავდი – ანათებდით – აი, ისეთი განცდა მეუფლება – მეხი დაეცეს ამ ვაზისუბანს და ჩააბნელოს-მეთქი :დ

  5. მიყვარს შენი წერის სტილი.
    რამდენი წელია ამ ბლოგს ვკითხულობ და რაღაცნაირად იკითხება რა.

    რატომღაც ჩემზე უფროსი მეგონე, არადა ჩემზე პატარა ყოფილხარ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s