ჩატი, სახელად Gala.net

Gorgiladze.dato@inbox.ru  – ასეთი იყო ჩემი პირველი ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელიც დიდი ენთუზიაზმით შევქმენი ახლად ნაყიდ კომპიუტერში. მაშინ, ჩემმა თანაკლასელმა გოგონამ (ცხოვრების დიდი ნაწილი მოსკოვში ჰქონდა გატარებული, მე კი – მოსკოვის გაგონებაზე გრძელი ფეხები, გამოყვანილი მკერდი და ქერათმნიანი ქალები წარმომიდგებოდა ხოლმე) ერთი ბუნაგის მისამართი მიმასწავლა: „Gala.net“. ეს იყო უკრაინული ჩატი და უკრაინულივე ფორუმი, სადაც მეტწილად ეთნიკური რუსები იყრიდნენ თავს. მათ შორის უკრაინაში მცხოვრები რუსები.

ჩატში შესასვლელად მარტივი რეგისტრაციის გავლა იყო საჭირო. დამეფიცება, ინტერნეტ მეტსახელის მოფიქრებაზე იმაზე მეტი ვიფიქრე, ვიდრე გამჩენმა სამყაროს შექმნამდე. ქართული სტერეოტიპების მსხვერპლს, დაუძლეველი სურვილი მქონდა რაიმე ცეცხლოვანი შემერჩია, რაც ქართველი კაცის ტემპერამენტსა და ქალთმოყვარეობას გაუსვამდა ხაზს. ჰოდა, არც მეტი, არც ნაკლები, ასეთი თიკუნი შევირჩიე, დიდი და ლათინური ასოებით: „VELIKI GRUZIN“.  ჩემ მიერ ცხოვრებაში ჩადენილი ნამოქმედარებიდან, ყველაზე მეტად ორი რამ აღმაშფოთებს და მარცხვენს – პირველი ის, რომ იმ გოგოს მინიშნებას ვერ მივუხვდი და ხევში „ტყემლის საჭმელად“ არ წავყევი. მეორე კი – ამ რეგვენული ID-ს შერჩევის სინანულია. სინანული, რომელიც ყოველ გახსენებაზე მაიძულებს სიგარეტს მოვუკიდო და მწარე ნაფაზი გამოვარტყა.

გალა ჩატში ჩემი შესვლა ისეთივე შთამეჭდავი იყო, როგორიც მოსეს ნაბიჯები ორად გაპობილ ზღვაში. საერთო ფანჯარაში წითელი დიდი ასოებით, ამაყად დავწერე: ZDRASTVUITE LUDI, LARISU IVANOVNU XACHU, შეტყობინება ვარფინე, მოურიდებლად გავარღვიე ჰაერი საქართველოდან ნიმფების სამყაროში და ანკესგადაგებული მებადურივით დაველოდე მსხვერპლის გამოჩენას . . .

რა გასაკვირია, რომ არავინ მიპასუხა. სახელიდან გამომდინარე, მიიჩნიეს, რომ ერთი კუტუნია ბიჭი ვარ. ღმერთო კი მომკალი, არ გაიმტყუნებოდნენ.

დიდი ხნის განმავლობაში გარსია მარკესის პოლკოვნიკზე უფრო მარტოსული ვიყავი – მის მსგავსად არც მე მეწრდა არავინ. საერთო ფანჯარაში გაგზავნილი ჩემი ტექსტების რიტორიკაც შერბილდა. ვიყავი ჩატის მარგინალივით, მანამ, სანამ თათიკა კეშელავა არ გამოჩნდა.

თათიკა კეშელავა მოსკოვში ცხოვრობდა. თავადვე შემომეხმიანა. „ქართველებთან ურთიერთობა მომენატრა“ – მითხრა. ჩატს სურათების გაგზავნის ფუნქცია არ ჰქონდა, ამიტომაც მეილი მოიშველია. სწორედ ის მეილი – Gorgiladze.dato@inbox.ru. სიმართლე ვთქვა, მე რუსებთან ურთიერთობის დილიხორი უფრო მქონდა, ამიტომაც წერილი უხალისოდ გავხსენი. თურმე, სად ვბანაობ! ფოტო ნელ-ნელა იტვირთებოდა, ფრაგმენტ-ფრაგმენტ იშლებოდა თათიკას სახე. ეს იყო ულამაზესი გოგონა, უკან შეკრული ჩალისფერი თმით, თაფრისფერი თვალებით, ოდნავ აპრეხილი ვცხვირით და უჩვეულო ფერის კანით. როცა სურათი ბოლომდე ჩაიტვირთა, მე მადლობას ვუძღვნიდი ღმერთს, რომ ქვეყნად ჩემი მოვლინება ისურვა; მადლობას ვწირავდი საიტის ადმინს, რომელმაც ვებ-გვერდი შექმნა, ხოტბას ვასხამდი ჩემს თანაკლასელს, რომლმაც Gala.net-ის ბილიკები მასწავლა.

იმ წუთის მერე გაათმაგდა ჩემ მიერ გაცდენილი გაკვეთილების რაოდენობა, დავიკელი წონაში, რადგანაც სამზარეულოში იშვიათად შევდიოდი, ჩამიშავდა თვალები, რადგანაც ლეონარდო და ვინჩის გრაფიკით მეძინა. გავიდა რამდენიმე დღე და თათიკამ მითხრა, მამაჩემთან ჩამოვდივარ თბილისშიო, მანდ ბიზნესი აქვს და ზაფხული მაქეთ უნდა გავატაროო, მანდ მარტო ყოფნა არ მინდა  და კომპანიონობას ხო გამიწევო?

„ჰოი, სულთამხუთავო და ყოვლისშემძლე მაჯლაჯუნა, წმინდაო სილვია – განგადიდებ მე შენ“ – ვიმეორებდი გუნებაში და იმის მიუხედავად, რომ თათიკა ორ თვეში უნდა ჩამოვიდეს, ტანსაცმელს ვირჩევ.

მაგრამ ჩემს ბედს ხომ ო’ჰენრი წერს. სინამდვილეში მომხდარა ასე: ჩემს ძმას თავის შეყვარებულთან (აწ უკვე მეუღლესთან) უთქვამს, ჩემი ძმა სულ დაქლიავდა, რუს ქალებს დაეძებს ჩატებშიო. ჰოდა, დაუგეგმავთ მზაკვრული გეგმა – ბომბეიდან ლონდონამდე ჩემი დაცინვისა. ასე აღმოჩნდა თათიკა კეშელავა თამთა მჭედლიძე. ასე აღმოჩნდა ჩემი ძმა ჩემი გამქილიკებელი. ასე აღმოჩნდა თათიკას სურათი რომელიღაც რუსი მოდელისა და ასე აღმოვჩნდი მე VELIKI GRUZINI  – სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.

ისე მოხდა, რომ დღეს Gala.net-ზე შევიხედე და გამახსენდა მიმოწერები мательдоник-თან, кабаскас-სთან და თათიკა კეშელავასთან. ახლა, როცა ამ ტექსტში ბოლო წერტილს დავსვამ, გავხსნი ოკუპანტი ქვეყნის ერთერთ მძლავრ საფოსტო საიტს და შევეცდები თათიკა კეშელავას ფოტო ვიპოვო. თუკი პაროლი გავიხსენე, რა თქმა უნდა.

 დათო გორგილაძე

4 thoughts on “ჩატი, სახელად Gala.net

  1. როგორც ამბობენ ხოლმე – შენ მოგიკვდი, გორგილ :დ :დ

  2. ahaha…mec maxsovs ert dros rogor viyavi gadashvebuli tavidan fexebamde am chatebshi…ragac rusul chatshi mec viyavi mara ar maxsovs ra eqva…inglisur chatebshic viyavi da vigac indoeli gavicani…mailit gamomigzavna surati…araferi gansakutrebuli…samedicinoshi blomad arian egetebi…subiakar kumari erqva…:D😀😀😀 qartvelebsac vebaasebodi…mokled virtualuri samyaro zalian mizidavda…shexvedra ar mindoda aravistan…ubralod zalian msiamovnebda ucxo adamianebtan guliaxdilad ro shemezlo saubari yvelaferze da azrze ar iyvnen vin viyavi…shengan gansxvavebit maxeshi ar gavbmulvar, imito ro gacxovelebuli mqonda “ynosva” da mgrznobeloba… 3-4 mesijshi vcnobdi nacnobs…:D😀😀 eh mokled kai iyo…:D😀😀 ise sheizleba me da shenc ki vchetaobdit…lol

  3. ძაან დიდ დორს ატარებდა ხალხი, ეგ დრო წავიდაა🙂
    მარა ეხლა სხვაგან ათენებენ და აღამებენ🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s