6

სვეტა

ჩვენთან ერთი კაფე-ბარი იყო.

კაფე-ბარი პირობითად ერქვა, თორემ სინამდვილეში დიდი დარბაზი გახლდათ, რკინის გასაშლელი მაგიდებით, ზედ გადაკრული ალაგ-ალაგ ამომწვარი პრიალა გადასაფარებლებით და ქელეხის სკამებით.

ვინ უნდა დამდგარიყო უკანასკნელ გზაზე, რომ მისი ქელეხი ამ კაფე-ბარში არ გამართულიყო – საარაკო ქელეხი გულისმომკვლელი მოსაგონარებით. აქ იყო ცრემლი, იაფად ნაშოვნი ღვინო, ცოცხალი თევზი, მუქი შილა, ნათელი, სანთელი და ხანდახან, ღრეობის დასალიერს მაგიდის კუთხეში ანაზდად ნამღერი ხასანბეგურაც.

ალაგ-ალაგ ლხინის სუფრებიც იმართებოდა და უფრო იშვიათად გაუგებარი ღონისძიებები, მაგალითად მამაჩემის არჩევა პარტიულ თანამდებობაზე. იმ დღეს, მესამე კლასელი ბიჭი ძალიან ამაყი ვიყავი.

ძაღლის თავი კი სხვაგან არის დამარხული. კაფე-ბარში კიდევ ერთი ბარი იყო, გვერდითა მხრიდან. გაცილებით მომცრო, ძველებური სავარძლებით – ეგეთები მხოლოდ რესტორან „ბერიკონში“ თუ გინახავთ. ამ ბარის დიასახლისი სვეტა გახლდათ.

სვეტა ყველაზე მამალი ქალია დედამიწის ზურგზე. მე თუ მკითხავთ, გასაქანი რომ მისცემოდა, მსოფლიოს გავლენიანი ქალების ათეულში ანგელა მერკელსაც უკან ჩამოიტოვებდა და ოპრა უინფრისაც. რის ბენაზირ ფხუტო, რა მიშელ ობამა.

სვეტა გასაოცრად ფაშფაშაა, N რაოდენობით თამბაქოს ეწევა და მიმიქარავს 90-იანი წლების სტატისტიკური ძველი ბიჭი – მრავალსართულიანს იგინება და როცა ის გაგინებს, მერწმუნეთ მისი ძუძუები სულაც არ გლოცავენ. საერთოდაც, მგონია, რომ სვეტას გინება ხელოვნებაა.

ეს ქალბატონი საფიხვნოს თავში იჯდა, უფლებებსაც აკაჩავებდა, ძველებთანაც მეგობრობდა და გვარიანი გამტრაკებელიც იყო. იმ დროის კანონები რა ვთქვი, თორემ სვეტას ქურდად არმონათვლა იქნებოდა? – ძედუშკა ხასანზე ნაკლები კი არ გაგეგებოდა.

ერთიც იყო, სვეტამ და მისმა მეუღლემ სამშობლოს მიაშურეს. ჩასხდნენ თვითმფრინავში და გაკვეთეს ჰაერი ისრაელისკენ. იქიდან მოყოლებული საქართველოში რა აღარ მოხდა: ბაბუ წავიდა და თან წაიღო ქელეხის დარბაზების აწყობილი სისიტემა და ძველბიჭური ამბები. კაფე ბარის ადგილას რა აღარ გაიხსნა – ტოტალიზატორი, ტაოპრივატბანკი, საქართველოს ბანკი . . . ვერაფერმა იმუშავა. მგონი სვეტას წყევლა ადევს, ტუტანხამონისა არ იყოს.

დღეს სვეტაობაა. სვეტაობას იმ დღეს ვეძახი, როცა ჩვენი ძველი ძმა და მეგობარი სვეტა მეორე სამშობლოში ერთი-ორი კვირით ჩამოდის, აივანზე გადმოდგება და ებრაულ ფილტრიანს გაუკიდებს. წუთში ერთხელ კი გამვლელებს თავისებურად მიესალმება და მოიკითხავს.

ჰოდა, ეს ქალები ნამეტნავად რომ ინაზებიან და იპრანჭებიან, ერთი სურვილი არ უნდა გაუჩნდეთ რო რკინის კვერცხები გამოიბან და მამალი ქალები გახდნენ? მიბაძეთ სვეტას: გაფაშფაშდით, შავი თმა ქერად გადაიღებეთ და ძირებში მუქი ფერი დაიტოვეთ, გაატრაკეთ, ხალხი დაჩაგრეთ და დილაობით შემხევდრს თამბაქოსგან ჩახლეჩილი ხმით გურჯულად მიესალმეთ: „დათოჯან, დრასტი შე ტრაკო“.

 

Advertisements