ფირცხელანი

227021_4443836452579_2082051430_n

გიორგი ფირცხელანი საქართველოში სელტიკის ფან – კლუბის ვიცე – პრეზიდენტია,  გულით კი ლივერპულელი გახლავთ. ფეხბურთის მეხოტბე, სტივენ ჯერარდისა და წარსულის წითელი აჩრდილების ტრფიალი. საერთოდაც, ფირცხელა წარსულის კაცია. საძინებლის დასავლეთ კედლიდან ჯერარდის მომღიმარი სიფათი უყურებს, თავთით კი მაიკლ კეინისა და პოლ ნიუმანის ფილმის პოსტერები უკიდია. სასთუმალთან მუდმივად ასკილის წვენი უდგას და ცდილობს იმაზე ოცი წლით მოხუცი იყოს, ვიდრე სინამდვილეშია.

მე თუ მკითხავთ, გიო 70-იანი წლების ბრიტანეთში უნდა დაბადებულიყო. მეტიც, ფირცხელას სამოთხე ალბათ იმდროინდელი შოტლანდიური საფეხბურთო მოედნის გარემოა, სადაც თვითონ ნორჩ აღსაზრდელთა გუნდის მწვრთნელია და როცა ბავშვებს სტენლი მეტიუზის სახელობის თასს მოაგებინებს, მათთან განშორების  დროც დადგება. ფირცხელას ღაწვზე ცრემლი ჩამოუგორდება, როცა ბავშვები წასვლისას სკამებზე შემოდგებიან და მიმართავენ: „ო, კაპიტანო, ჩემო კაპიტანო!“ – ღრმად მწამს, ფირცხელა ასეთ სიზმრებს ხშირად ხედავს.

გია ჭანტურია გახსოვთ? სკოლაში, საზღვარგარეთის გეოგრაფიას მისი წიგნით ვსწავლობდი. ეს იყო ერთადერთი მიმზიდველი სახელმძღვანელო იმ დროისთვის, რომელიც გაწყობილი გახლდათ სხვადასხვა ქვეყნების ღირსშესანიშნაობების ფოტოებით. ჭანტურიას ბრიტანეთზე ფეტიში ჰქონდა. დარწმუნებული ვარ, სრულყოფილ ორგაზმს მხოლოდ ბრიტანეთზე ფიქრისას აღწევდა. ფირცხელანი მისი გაუმჯობესებული ვერსიაა. ბევრად გაუმჯობესებული. გიოს მიაჩნია, რომ სახლის აშენებასთან, შვილის გაკეთებასთან და ხის დარგვასთან ერთად, კაცისთვის კიდევ ერთი პირობის შესრულებაა საჭირო: ბრიტანეთის ცვრიან ბალახზე ფეხშიშველი გავლა. ფირცხელა ფიქრობს, რომ თუკი იმავე აქცენტით ისაუბრებ, როგორც გაი რიჩის „Snatch“- ში ლაპარაკობენ, გინდაც მდიდარი იყო ღვთის სასუფეველს დაიმკვიდრებ და გინდაც აქლემი იყო – ნემსის ყუნწში გაძვრები. ფირცხელას აზრით, შონ ქონერის განავალი განსხვავებულია.

ჩაცმაც ეგეთი იცის – როგორ ვთქვა? – ლონდონური. ხანდახან, ფირცხელა ფილმის პერსონაჟებში იხლართება, ჩაცმის სტილით, ხასიათებით. გიო ახერხებს იმას, რაც ვერასოდეს შევძელი – კინოგმირს ბოლომდე დაუჭიროს მუღამი და ერთხანს მისი ცხოვრებით იცხოვროს.  მახსოვს: ტარანტინოს ნაბიჭვრები გამოვიდა. ცალ-ცალკე ვუყურეთ. მეორე დღეს უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსთან ვდგავართ. გავიხედეთ და ლეიტენანტი ალდო რეინი არ მოდის? თვალები მოვიფშვნიტე და მაინც – ფირცხელა ბრედ პიტია. თმა, სიარულის მანერა, წინ წამოწეული ყბა. . . ყელზე დიდი ნაიარევიღა აკლდა და ეგ იყო. გიოს პერფორმანსები მას შემდეგაც ბევრი მინახავს.

სტანისლავსკის მეთოდით განვსხვავდებით, საკვების სიყვარული კი ოდითგანვე გვაერთიანებს. ჩვენი ტრადიციით, მეგობრები პირველ იანვარს, სისხამ დილით,  სახინკლეში მივდივართ და მაშინ, როცა სახინკლის თვალებგამოღამებული მესვეურები გაკვირვებულები გვიყურებენ – ჩვენ შეუმჩნევლად ვუბერავთ. ერთიც იყო, ძალიან ნაადრევად გავედით და სახინკლე დაკეტილი დაგვიხვდა. მაკდონალდსში შევისეირნეთ. მაკდონალდსის თანამშრომლებმა საარაკოდ გამოთაყვანებულებად მიგვიჩნიეს. ორ-ორი ბიგ-მაკი, ორ-ორი ორმაგი ჩიზბურგერი, დიდ-დიდი კარტოშკები და კოკა-კოლები ჩავარაკრაკეთ. იქიდან გამოსულები კი სიხარბემ აგვიტანა და რაღაი შხარა უკვე გახსნილი დაგვხვდა, იქაურ თხელკანა ხინკალსა და ქაბაბებსაც მოვესიყვარულეთ. ამის მერე, ერთი ურბანული ლეგენდა შეიქმნა, რომელსაც, ალბათ, მემუარებში გიამბობთ.

თუმცა, წეღან ვიჩქარე, როცა გითხარით პერსონაჟებში არ გავხლართულვარ – მეთქი. ერთხელ მოხდა და ისიც ფირცხელას დამსახურებით:

ნინია წყალტუბოში გამართული საერთაშორისო ბანაკის ლიდერი იყო. დიდხანს არ მენახა და წავედი. ფირცხელაც გავიყოლე. ბანაკი სანატორიუმში იყო განლაგებული. გარემოსგან მოწყვეტილ, ძალიან ლამაზ ბუნებაში. ნინიამ მოახერხა და განათლების სამინისტროს დელეგატებად შეგვრაცხა, შედეგად კი ავირიეთ, ვეღარ გაგვერკვია ვისთან ვისი სახელით გველაპარაკა. მაშინ ვიგრძენით თავები „Shutter Island“ – ის პერსონაჟებად, რომელიც შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე არიან გამოკეტილები და არ იციან ვისი ნდობა შეიძლება.

იქ საინტერესო ამბები დატრიალდა: საღამოს, როცა ვითომდა სამინისტროს ატაშეებმა შორტები ამოვიცვით და ბარძაყები გამოვამზეურეთ, ბავშვებმა ფრენბურთის სათამაშოდ მიგვიწვიეს. რატომღაც დავთანხმდით. შუა თამაშში ერთი მეათეკლასელი მობაბულიკო ტიპი გამოიკვეთა. ამის გამო ფირცხელა მიახლოვდება და მოურიდებლად მეკითხება:

–         მოვუტყნათ დედის ტრაკი?

–         დაოკდი

მე დაახლოებით ხუთი წუთი დამჭირდა გიოსთვის იმის ასახსნელად, რომ ჩვენ, სამინისტროს ფსევდო თანამშრომლებს, მეათე კლასელი ბიჭისთვის არათუ დედის ტრაკი არ უნდა მოგვეტყნა, პირიქით, უნდა დაგვეყვავებინა.

ფირცხელას ფარული აგრესია ახალგაზრდების მიმართ შუაღამისას კიდევ ერთხელ გამოჩნდა. როგორც ჩანს ზოგიერთები ღამ-ღამობით ცარიელ ოთახებს ეძებდნენ ბანქოს სათამაშოდ. ისე მოხდა, რომ ერთერთში მე და ფირცხელა დავუხვდით. მე ღრმად მეძინა და იქამდე ვერაფერი გავიგე, სანამ გიოს განწირულმა ხმამ არ გამომაღვიძა: „გააჯვით აქედან“. თვალი რომ გავახილე, დავინახე, როგორი შიშით უყურებდნენ ახალგაზრდები საცვლებისამარა დარჩენილ ჩემს ბალნიან სხეულს.

მეორე დილით საერთო სააბაზანოსთან რიგი დამითმეს.

ბანაკში ერთი ტკბილი შოტლანდიელი ბაბუ გავიცანით – ბილი ერქვა. ფირცხელას ბრიტანული აქცენტი მოესმა თუ არა, ეგრევე დაიძაბა, როცა გაიგო შოტლანდიელი იყო ყელში ბურთი გაეჩხირა და ნიკაპი აუკანკალდა, ხოლო როცა ბილიმ გიორგის საყვარელი გუნდის შესახებ გაიგო და  თქვა: „გოდ ბლეს ლივაფულ“, ფირცხელა დედა-ღვთისმშობელს მადლობას სწირავდა წყალტუბოში  ვოიაჟისთვის.

მოგვიანებით, ნინიას ბიძის სახლში ფირცხელამ ბილი მაგრად დაათრო. თვითონაც გვარიანად შეჟუჟუნდა და სუფრის დასასრულს ლამის ასეთ დიალოგებს მოვკარი ყური: „ჩვენმა შვილებმა ერთმანეთი არ უნდა დაკარგონ“, „რუთი და პატარა ანგელოზები დამიკოცნე“… ეგ კი არა,  გამოსვლისას „გაფრინდი შავო მერცხალო“ ამღერა დაბალ ხმაში.

ჩვენი სამეგობროსთვის ფირცხელანის სახლი მთავარი საფიხვნოა. „მკვდარი პოეტების საზოგადოებაში“ – გამოქვაბული რომ აქვთ – ისე. მის ოთახში კი ბრიტანეთი და მსოფლიო კინოკლასიკა ერთმანეთს ერთვის.

გაუმარჯოს ფირცხელანს!

 

2 thoughts on “ფირცხელანი

  1. ვაა, თბილისში სელტიკის ფანებიც არსებობენ? დიდი სიამოვნებით გავიცნობდი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s