ბაგრატიონთა თამაშები

მეფე მოკვდა!

მოკვდა 1800 წელს. არც ის მეფე ექნა ღმერთს და ახლა რომ ძალით გვაჩეჩებენ, ემანდ დავითი რომ ჰქვია – ეს ხომ საერთოდ არ უქნია.

ეს დათო ბაგრატიონი დიდი მუდო ვინმე ჩანს. ჯვრისწერისას დანა პირს არ უხსნიდა და მას შემდეგ, ერთხელაც ვერ გააცინეს. მირონცხებული მეფე ხარ შე კაი კაცო – ღიმით დალოცე ერი. მერედა მეფის ხელი როგორ წამლად გვჭირდება ნეტა იცოდე.

მაგრამ რას გაგვიღიმებს, დარდს შეუბოჭავს მეფე ბატონი – ოჯახზე დარდობს. ცოლი კი ნაყოფიანი ჰყავს – უფლისწული გაუჩინა საქართველოს, მაგრამ სიმამრია ცოტაოდენ პატივმოყვარე. საცა კი კამერა გამოჩნდება კნიაზი ნუგზარი იმას გაიძახის ერთადერთი კანონიერი მეფე უფლისწოლია და მას ეს ლეგეტიმურობა დედის მხრიდან გადმოჰყვაო. აბა, ასეთ სიმამრთან ორი ჭიქა აიწევა? მეფე კაცი ასეთ სიმამრთან ყანწით ხელში ვახტანგურს შესვამს? გმირ წინაპრებს მოიგონებს?

უი, წინაპრებზე გამახსენდა:

გამჩენმა შემინდოს, მაგრამ მაინცდამაინც არც მათი წინაპრები ექნა ღმერთს. ნუ, რამდენიმეს გამოკლებით – რაც მართალია, მართალია. ვინც კარგია, კარგია. აღმაშენებელი – это рас, თამარი – это два, გიორგი ბრწყივალე – это три. არა, ვახტანგიც იყო, გორგასალი, მაგრამ ეს კაცი თან ნახევრად მითიური არსებაა და თანაც გორგასლის შთამომავალი დათო ბაგრატიონი კი არა, მირიან ბარათეონია.

წასულებზე დიდხანს გაჩერება არ შეიძლება…

მომავალი თაობები დავლოცოთ, უფლისწული გიორგისი ვთქვათ!

თან ყრმა გუშინ მოვნათლეთ. ტელევიზიების წყალობით ერს ერთხმად აღმოგვხდა – „მომავალი მეფე შიშველია”

მითხარი ვინ არის შენი ნათლია და გეტყვი მამაშენს რა ბიზნეს ინტერესები ჰქონდაო – საკუთარი თავისგან მსმენია. არა რა, ამ ბიჭს ნათლიაში გაუმართლა. რაღა თავადი ლევანი და რაღა ვიტო კორლეონე. უცხო ენის სწავლა მოუდება? – საუკეთესო პედაგოგს დაუქირავებს. მუსიკა ენდომება? – ბეშტეინის როიალს ჩამოუთრევს ლენინგრადიდან. სკოლას დაამთავრებს? – უმაღლესში მოაწყობს. მეტი რა ქნას? ვინ დაუწუნებს მას ნათლიობას? მინამ გიორგი გელოვანის პერსონაჟის სიტყვებს ვიხსენებდი, იმანაც დამკრა თავში, რომ იქნება და გიორგი უფლისწულს საერთოდ არ უნდა მეფობა? ამის ღმერთი არ იყვეს, 21-ე საუკუნეა, თავისუფლების ეპოქა. კაცს გვერდით გახედვა მოეპრიანება, მოგზაურობა, პროფესიის დაუფლება, სპორტული მანქანის მართვა, დოქტორ მარტენსის ფეხსაცმელებით სიარული, მადამ ტიუსოს მუზეუმის რიგში დგომა, ეგზოტიკური ქვეყნის ჭრელა-ჭრულა ბაზარში გაცნობილ გოგოსთან ერთად ცხოვრება, ღამე ორღაშულად დათრობა და ლესელიძის ქუჩაზე ღრიალი. თქვენ კიდევ ეუბნებით, გინდა თუ არა მეფე ხარო, თვალი გვერდით არ გაგექცესო, საზღვარგარეთ მხოლოდ სამეფო დელეგაციასთან ერთად წახვალო, აგერ დიპლომი ინებეო, მერსედესი გეყოლება, ოღონდ მძღოლი მოგემსახურებაო, ტყავის შუზები უნდა გეცვასო, მუზეუმის რიგში რავა დაგაყენებთ, უკანა შესასვლელიდან შეხვალთო, ცოლად კნეინა შეირთე და თან ღმერთი არ გაგიწყრეს, ცოლად არ მოიხსენიო – თანამეცხედრე უწოდეო. ლესელიძეზე ხომ საერთოდ! არავინ დაგინახოსო.

კარგით რა, ხალხი არ ხართ? არაა ეგ ქურდული… უკაცრავად, მეფური საქციელი. არ უყვარს კაცს ეს კნეინა დარეჯანი და გაეშვით. ბიჯოს!

უფლისწული იქით იყოს, მოუგვარებელი პირადი ცხოვრება ჩემი მძულს და ამ სამეფო ოჯახს რჩენა არ უნდა? კარგი, 5 დღეს იოლად გავლენ, მაგრამ ხორციანი სადილი კვირაში ორჯერ მაინც არ უნდა ჰქოდეთ? იქ ჩასაცმელი – დედა დედოფალი იტყვის გიოს ფეხზე არ აქვსო; იქ დასვენება – უფლისწულს ჰაერი არ უნდა გამოვუცვალოთ? ქვეყანა არ ვართ? ვაიდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გრანტი ვერ აიღოს?… გაუნათლებელი მეფე გვინდა ჩვენ?!

ბევრი ფული უნდა ამ ყველაფერს ბაბა, ბევრი ფული.

მაგას იცით რა აჯობებს? აგერ, ჯორჯ მარტინი რამდენიმე წელიწადში Game of Thrones-ს დაასრულებს და რომანების ახალი სერია შევუკვეთოთ. ასეთი სახელი მოვცეთ: „სიმღერა ძველი გულებისა და ხმლისა”. ტომები კი ასე დავყოთ:

წიგნი პირველი: „ბაგრატიონთა და ვასაძეთა თამაშები”

წიგნი მეორე: „ბაგრატიონ – გრუზინსებისა და ბაგრატიონ – მუხრანსკების ბრძოლა”

წიგნი მესამე: „ყანწების ქარიშხალი”

წიგნი მეოთხე: „მრევლის ნადიმი”

წიგნი მეხუთე: „ცეკვა ვარსკვლავებთან”

წიგნი მეექვსე: „დიღმის ქარები”

წიგნი მეშვიდე: „ივერთა სამეფოს გაბრწყინება”

ეკრანიზაციას რეზო ჩხეიძე დადგამს და სერსეას როლზე რომ შორენა ბეგაშვილია დამტკიცებული, ამაზე დიდხანს არ შევჩერდები. სამეფო კარზე მთავარ ინტრიგებს ვინც გახლართავს, არც ეგაა რთული გამოსაცნობი.

ეს ღმერთის ნიშანია: მაშინ, როცა ქვეყანაში ორპრეზიდენტობა და ორპრემიერობაა, როცა მტრის საზღვარი დედაქალაქისკენ მოიწევს, როცა ლანგ თემურისა და ყრუ მურვანის ძვლები საფლავებში აჩხარუნდნენ, როცა ცა წითლად იქუფრება – გამჩენი მირონცხებულ მეფეს გვიგზავნის – უშიშარს, ვითარცა უხორცოს.

ასეა… ყველა ბედნიერი ქვეყანა ბედნიერია ერთნაირად. ყველა უბედური ქვეყანა, უბედურია თავისებურად.

10 thoughts on “ბაგრატიონთა თამაშები

  1. ნწუ, ნწუ, ნწუ…. სტატიას კოჭებში ეტყობა, სულ მცირე, პროფესიონალის დაწერილია🙂 oh my god, “это три”😀 და მეტი ღირსეული ბაგრატიონი აღარ “ახსენდება”(აღარ ახსენდება კაცო,თორე როგორ არ იცის?!). გორგასალი მითიური კაცი ყოფილა. თან რა იუმორ ნარევი ირონიაა…….

  2. ძირითადად ყველაფერში ვეთანხმები ავტორს მარა ეს, უკვე ბანალური, ვაიშემოქმედებითი სტილი წერისა მართლა ყელშია, ესეც სახადივით აქვს როგორც ჩანს ჩვენს საზოგადოებას, დრო უნდა რო მიხვდეს სინამდვილეში იაფფასიანი გონებამახვილობა რო გულისამრევია😐

  3. ki martalia magram rchenas auvalt ,magaze momkol tavad aznaurobas ra ukot matac xo akvt poziciebi dasakavebeli,nu geshiniat ilia mashin tmida ikneba da ikidan gvakurtxebs.vai vuis shekara vegar axtevs tavs vai vusze bevris mtkmelo rit ver axtev tavs.

  4. Nu gaviget ,rom avtors Fandorini waukitxavs,magram aris faqtobrivi shecdomebi,ironia kide sashualo doneze, magram vigacam xo unda dacinos amat ase ,rom esec misagebia

    • 1. ფანდორინი არ წამიკითხავთ
      2. 1800 წელს გარდაცვლილ მეფეში გიორგი XII იგულისხმება (თუ ფაქტობრივ უზუსტობაში ამას გულისხმობთ)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s