წესია და იმიტომ

გაივლის წლები და მაინც გავიხსენებ იმ შორეულ ღამეს, მამაჩემმა რომ შემწვარი გოჭის წამოსაღებად თონეში წამიყვანა. 31 დეკემბრის ღამეს, 12 საათი რომ სრულდებოდა, 9 სართულიან კორპუსებს შორის, ფოიერვერკების წვიმაში მოვყევით. ლანგარზე გართხმული გოჭი მამას ეჭირა და იმხანად, მისი ერთი ნაბიჯი ჩემს ოთხ ნაბიჯს უტოლდებოდა. ის სწრაფად მიდიოდა, მე თავქუდმოგლეჯილი მივდევდი და თან შუბლზე ჩამოფხატულ ქუდს ვისწორებდი. ცის შავი ფონი ათასი ფერით ნათდებოდა და დროდადრო, იმ ასაფეთქებლების ხმას, ყური ბოლო დღეების განმავლობაში ისედაც რომ შეჩვეოდა, გამოერეოდა გამაყრუებელი გრუხუნი – ეს  ფულიანი, ბობოლა ხალხის გრუხუნი იყო. იმ დროს, ასეთი ტკბილხმოვანი ასაფეთქებლები მხოლოდ მდიდარი მამების შვილებს ჰქონდათ. რაც უფრო მეტ ჩვილს დაუფრთხობდა ძილს შენი ბომბის პოლიფონია, მით უფრო მაგარი მამა გყავდა შენ – ასე ცდებოდნენ ზოგიერთები. იყვნენ ისეთებიც, ფულის ელმავალს მათ ქუჩაზე დიდი ხნის წინ რომ ჩაევლო და მოძველებული რემონტის მქონე ბინების აივნებზე კალაშნიკოვს რომ აკაკანებდნენ.

მე და მამა ვჩქარობდით. ვჩქარობდით განა იმიტომ, რომ  პრეზიდენტის ან პატრიარქის საახალწლო მილოცვის გამოტოვება არ გვინდოდა; ან საახალწლო მრავალჟამიერის მოსმენა გულით გვსურდა; არც ОРТ-ზე გასული ტაკიმასხარაობით ტკბობის სურვილი გვტანჯავდა – არა. ვჩქარობდით იმიტომ რომ თაობებსა და თაობებს შორის, ადამიანებმა გამოძერწეს კანონი, რომ ასეა საჭირო. თითქოს, ტელევიზორის თავზე ჩამოკიდებულ საათზე თორმეტს რომ ჩამოჰკრავდა, თუკი სახლში ვერ შევასწრებდი, გოგრად გადავიქცეოდი.  ამის გამო, როცა თბილისში საახალწლო კონცერტების ტრადიცია დამკვიდრდა, მე ერთდროულად გაკვირვებით, სიბრალულითა და ირონიით ვუყურებდი იმ ახალგაზრდების თავებს, რომლებიც თავისუფლების მოედანზე აღმართული სცენის წინ გათოშილები იდგნენ.  ისე კი, არ ვიცი ბავშვობისდროინდელ ტრავმას დავაბრალო თუ ამ ტრადიციის კომიკურობას, მაგრამ ქართული საახალწლო კონცერტებზე ახლაც აუგის მთქმელი ვარ. რატომ? – თვალის ერთი შევლებითაც ჩანს რომ ყალბია და იმიტომ.

ქართულ სიყალბეზე მოთქმა არახალი ამბავია. ჩემმა მეგობარმა, ირაკლი გუნიამ ამაზე ცხრიანში მოსახვედრი წერილიც დაწერა და თქვა, რომ ვინც ქართულ სიყალბეზე საუბრობს, ისიც ვერ გაურბის მასო. ჭეშმარიტად, ასეა! ჩვენ დავცინით, ვაკრიტიკებთ, ვქილიკობთ ქართულ სიყალბეზე და ამავდროულად მის ლაბირინთში ბოლთას ვცემთ. რეალურად, სცენაზე გამომსვლელი მომღერლებისა და ცისფერ ეკრანებთან მოკალათებული ადამიანების უმეტესობა აუცილებლად საყურადღებო თარიღს აღნიშნავს და არა ახალ წელს, ახალ ეტაპს, ახალ გზას, ახალ შესაძლებლობებს.

შეგიმჩნევიათ? ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ქართველების უმეტესობა იდუმალებით მოცული და კარჩაკეტილი არსება ხდება. თითქოს შუაგულ ოკეანეში ამოხეთქილ დაუსახლებელ კუნძულზე გადასახლდა ოჯახთან ერთადო. სუფრის სამზადისში ხარჯავენ ფულს და ამაზე დროდადრო მოთქვამენ კიდეც, ოღონდ გულში, რადგანაც თუკი ხმამაღლა დასცდება სიტყვა, არსთა განმრიგე შეისმენს და ვინ იცის, ერთი ქართველი დეპუტატის არ იყოს, ეგებ ამ წელს ხელი გაუხმეს, ოჯახი დაერღვეს, კერა გაუცივდეს. საახალწლოდ, ხალხი მალავს სად იყიდა ნიგოზი საბაზრო ფასზე უფრო იაფად; რომელ დახლზე მიაგნო კარგად ნაკვებ, სანაქებო ფერზე მყოფ გარდაცვლილ ინდაურს; მალავენ რამდენი დაუჯდათ ჩაზნექილი სუფრის მოკვარახჭინება.

საახალწლოდ ჩვენ ვხდებით ეჭვიანები, გაუცხოებულები, ურწმუნოები და ჩვეულებრივები.

ამასთანავე, მართლმორწმუნე ქართველი დიასახლისები სიცილ-სიცილით, ვითომდა ხუმრობა-ხუმრობაში, სინამდვილეში კი დაძაბული თვალებითა და დაცქვეტილი ყურებით უსმენენ, თუ რას იტყვის მიხეილ ცაგარელი: როგორი დრაკონის წელიწადი მოდის –  წითლის? იქნებ ყვითელის? – არ შეგეშალოთ, მნიშვნელოვანია! რა ფერის მორთულობა უყვარს მას; რა უნდა დაახვედრონ სუფრასთან.

გიფიქრიათ იმაზე, თუ რატომ ვისვრით 12:00 საათზე? ძველ წელს ვაცილებთ? – არა, ეს ხომ უკვე წარსულია, დაუძლურებული და მომაკვდავი დრო, მისი უპატივცემლობა ვეღარაფერს დაგვაკლებს – მომავალია საშიში; ახალს ვეგებებით? – ეს უფრო ახლოსაა სიმართლესთან, მაგრამ არსებობს მესამე ვერსიაც:  ისინი უბრალოდ, გაუაზრებლად ისვრიან.  წესია და იმიტომ.

მერე კი, ახალი წელი რომ შემოდგება, სახლში შემოსული წითელი დრაკონის სული  ვერდიქტს რომ გამოიტანს, იდუმალებას ვაშიშვლებთ და კარს ვხსნით. ამის შემდეგ, ჩვენი სახლები ვნების კვირის სამოთხეს ჰგავს – ყველასთვის ღიაა.

ჩემი თაობის ადამიანებმა ორი შობა-ახალი წელი ვიცით – ქართული და ჰოლივუდური. ქართული შობა-ახალი წელი ასეთია: ვჭამთ იმდენს, რამდენიც საკმარისია იმისათვის, რომ გაღიზიანებული ნაღვლის ბუშტი ატომური სოკოსავოთ არ გასკდეს; ვსვამთ იმდენს რამდენიც საკმარისი იქნება იმის დასავიწყებლად, რომ მალე სამოთხის კარი ერთი წლით დაიკეტება და სამსახურებში მოგვიწევს წასვლა.

ჩემი თაობა ხედავს, რომ ჰოლივუდური ახალი წელი სხვანაირია. იქ სხვა რაღაცები ახარებთ, სხვანაირი საჩუქრები ხვდებათ ნაძვის ხესთან, სვამენ ცოტას, საუბრობენ ბევრს, ერთად ყოფისგნა მეტ სიამოვნებას იღებენ. ჰოდა ვიბნევით, რომელია სწორი? რომელია ნამდვილი ზეიმი?

ჩემი აზრით, რომელიც, ღმერთო კი მომკალი სულაც არაა დასაჯერებელი, ქართველები ახალი წლის ნამდვილ მუღამს ვერ ვიჭერთ. აქ ხომ მთავარი არა კალენდარი, არამედ ცვლილებების ათვლის წერტილია. მთავარია 1 იანვარს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადახვიდე, ახალი მიზნები დასახო, ახალი სანაძლეოები დაუდო საკუთარ თავს, ახალ ოცნებებში გაიხლართო.

ესაა ახალი  წელი. სხვა ყველაფერი ძველის გაგრძელებაა. ძველს კი, ჩვენში დარჩეს,  რამდენი ხანია ვაგრძელებთ.

დამდეგს გილოცავთ.

 

 

 

 

 

8 thoughts on “წესია და იმიტომ

  1. ესაა ახალი წელი. სხვა ყველაფერი ძველის გაგრძელებაა. ძველს კი, ჩვენში დარჩეს, რამდენი ხანია ვაგრძელებთ. <<< მხოლოდ ეგ რომ გეთქვა ეგეც საკმარისი იქნებოდა ))

  2. მთავარია 1 იანვარს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადახვიდე, ახალი მიზნები დასახო, ახალი სანაძლეოები დაუდო საკუთარ თავს, ახალ ოცნებებში გაიხლართო- ესაა მთავარი ! ძალიან მაგარი პოსტია🙂

  3. გიორგი კეკელიძეს ეწერა თავის Facebook-ის გვერდზე:”რა გითხრათ,რით გაგახაროთი”,რომ ვულოცავთ ქართველები ერთმანეთს ისევ ახალ წელს,არა მგონია,რომ სასიხარულო იყოსო,არც ილიას გაუხარდებოდაო . ჩვენთან ყველა დღესასწაული რატომღაც მარაზმამდე ადის,ოჯახები შიმშილობენ იმიტომ რომ 31ში სუფრები ჩაზნიქოს მათმა პურ-მარილმა. ვის რაში სჭირდება ეს მეტიჩრობა-მატრაკვეცობა,არ ვიცი,ისე კი ყველაფერში გეთანხმები.მიუხედავად იმისა,რომ უკვე მე20 31 დეკემბერს შევხვდები,ჩემთვის ის 1იანვარი ჯერ არ დამდგარა,ახალ მიზნებს რომ დამასახინებს,ახალ სანაძლეოს რომ დამადებინებს ))

  4. ქართველებს საერთოდ ახალი წელი ფორმალურად უხარიათ, და მოსვლამდე ტირიან ფულზე რაც იქ დაიხარჯა.. საერთოდ ხო ქართველები წუწურაქები არიან.. აი ის მომენტიაქვთ სხვა გზა რომ არარის წესი წესია “არა ბიჯო აალაპარაკებენ ახლა სხვას ” :)))

  5. ცხოვრებაში ერთადერთი ახალი წელი მახსოვს მართლა გახარებული ,მართლა ბედნიერი, მართლა სიამოვნებით , ყველანაირი ძალდატანებების და ჩაზნექილი სუფრების ვადებულებისგან თავისუფალი, მხიარული, საინტერესო და უზომოდ თბილი , და ეს ახალი წელი კათოლიკურ ქვეყანაში კათოლიკური კალენდრით შობა–ახალი წელი იყო. ბავშვობაში ხომ უზრუნველი ახალი წლებია ხოლმე, დედის ფუსფუსს , წუთი–წუთზე მოსწრებულ ხაჭაპურს და ზუსტად 12 საათზე შამპანურის ბუთქს რომ უყრებ და ფიქრობ სურვილს რომდაწერ ფურცელზე მერე რომდაწვავ და შამპანურის ჭიქაში ჩაყრი, თუ დაგაცლევინებენ ბოლომდე :)) ჰოდა აი ამ ბავშვობის ახალწლებზე ბავშვური ახალი წელი იყო ის და ვისურვებდი რომ ჩვ ენტანაც ესწავლოთ ნამდვილად ახალწლობა :(((

  6. ყველამ თავის საკუთარ კომპლექსსა და ცხოვრების წესს მიხედოს. არ შეიძლება ყველას ერთმანეთთან გაიგივება. ავტორს ვურჩევდი ნაკლებ ნიჰილიზმს და მეტს სიყვარულს გარშემომყოფებისთვის..

  7. “ჩემი აზრით, რომელიც, ღმერთო კი მომკალი სულაც არაა დასაჯერებელი, ქართველები ახალი წლის ნამდვილ მუღამს ვერ ვიჭერთ. აქ ხომ მთავარი არა კალენდარი, არამედ ცვლილებების ათვლის წერტილია. მთავარია 1 იანვარს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადახვიდე, ახალი მიზნები დასახო, ახალი სანაძლეოები დაუდო საკუთარ თავს, ახალ ოცნებებში გაიხლართო.”
    ზუსტად!

    ისე კი, რა ემოციური მომენტები გამახსენა ამ პოსტმა, რომ იცოდე. მე და მამაჩემი გამახსენა საახალწლო პერიოდში.😦

  8. ძალიან საინტერესო იყო პირველი აბზაცი. სამწუხაროდ, მეტის წაკითხვას ვეღარ ვასწრებ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s