18

სად გადამალეს ბენდუქიძე?!

Image

იმით დავიწყოთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2013 წლის დასაწყისში (რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი), 95 წლის იუბილესთან დაკავშირებით შესანიშნავი პროექტი განახორციელა: ფოტოები გადაუღო თსუ-ის ცნობილ ან მეტნაკლებად ცნობილ კურსდამთავრებულებს – მწერლებს, პოეტებს, პოლიტიკოსებს, მეცნიერებსა და ზოგიერთ სტუდენტსაც. შემდეგ, ეს ფოტოები უნივერსიტეტის ვეებერთელა დარბაზსა და Facebook-ზე გამოფინეს. ამას მოჰყვა გაზიარება, მოწონებები და თბილ-თბილი სიტყვები.

2013 წლის ფოტოგამოფენას, რომელსაც თსუ-ს მიმართ მუდმივი გულშემატკივრობის გამო, უბრალო სტუმრის ამპლუაში დავესწარი,  პოლიტიკური და იდეოლოგიური ეკლექტიკა, მეტიც თავისუფლება შეენიშნებოდა: თითქმის გვერდიგვერდ ეკიდა გიგი უგულავასა და გიორგი მარგველაშვილის, დავით უსუფაშვილისა და ზაალ სამადაშვილის, ნოდარ ხადურისა და კახა ბენდუქიძის ფოტოები.

აი, კახა ბენდუქიძეზე შეჩერება ნამდვილად ღირს: მე თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების PR-ის მენეჯერი ვარ. გლეხურად რომ ვთქვა – ბენდუქიძესთან ვმუშაობ და,  თუკი,  საშუალო სტატისტიკურ ქართველს ავუხსნი ჩემი სამსახურის ავან-ჩავანს, ვეტყვი: ქართული მდინარეების კალაპოტები რომ გაყიდა და პირს ჩვილი ბავშვების სისხლით რომ იგემრიელებს, ე, იმ კაცთან ვმუშაობ.

იმავე, 2013 წელს, როცა ფოტოპროექტის გაგრძელებაზე მუშაობდნენ, მასში მეც მოვხვდი. რა დამავიწყებს,  ამის გამო ისეთი ამაყი ვიყავი, რომ მთელი დღის განმავლობაში ვცქმუტავდი და უაზროდ ვიღიმოდი. წარმატებულ უნივერსიტეტელებში გამომარჩიეს და აბა როგორ?!

საბოლოო ფოტოგამოფენა გუშინ, 2014 წლის 12 თებერვალს (რექტორი ლადო პაპავა) მოეწყო და ჰოი, საოცრებავ – ბენდუქიძის ფოტო სადღაც გაქრა. მას ვერც კედელზე ნახავდით და ვერც ძალიან ლამაზ ფოტოალბომში, რომელიც პროექტის ავტორებს სპეციალურად ამ პროექტის დასაგვირგვინებლად დაუბეჭდავთ. ბენდუქიძის გარდა გიგი თევზაძე (ილიას უნივერსიტეტის რექტორი) და გიგი უგულავაც (თბილისის ყოფილი მერი) დაკარგულიყვნენ.

გუშინდელს მერე, ბენდუქიძის ფოტოს გაქრობის რამდენიმე ვერსია მიტრიალებს თავში:

ვერსია I: მისტიური

კახა ბენდუქიძე არ არსებობს და არც არასოდეს უცხოვრია დედამიწაზე. ის წარმოსახვითი პერსონაა, რომელიც წინა მთავრობამ ჩაგვიპროგრამა გონებაში. ის არ ყოფილა მინისტრი, შესაბამისად საქართველოს არასოდეს ჰქონია 12%-იანი ეკონომიკური ზრდა. არასოდეს  დაარსებულა დღესდღეობით საქართველოში ყველაზე რეიტინგული, თავისუფალი უნივერსიტეტი და განათლების სფეროში არცერთ მელოტ და მსუქან მამაკაცს არ ჩაუდია მრავალი მილიონი. შესაბამისად არარსებული ადამიანი ვერ მიიღებდა მონაწილეობას თსუ-ს ფოტოპროექტში. ის ჩემი წარმოსახვის ნაყოფია. რეალურად მე არ მაქვს სამსახური.

 

ვერსია II: აბსურდული

კახა ბენდუქიძეს არ დაუმთავრებია თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. მან გაყიდა მეობა და იმ ფულით იყიდა თსუ-ს დიპლომი. ეს აფიორა აღმოაჩინა ლადო პაპავამ და გამოასწორა შეცდომა – არაუნივერსიტეტელი ბენდუქიძის ფოტო გააქრო ფოტოალბომიდან.

ვერსია III: აბსურდული

რადგანაც ფოტოპროექტში მხოლოდ წარმატებული უნივერსიტეტელები იღებდნენ მონაწილეობას, კახა ბენდუქიძემ ვერ გაუძლო კონკურენციას.  ეს დაასკვნა ლადო პაპავამ და ცისფერსისხლიანებს მდაბიო ჩამოგვაშორა.

ვერსია III: თითქმის დამაჯერებელი

თსუ-ს ფოტოალბომში არაკორექტული იქნებოდა სხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლების გამორევა. სწორედ ამიტომ ამოიღეს კახა ბენდუქიძისა და გიგი თევზაძის ფოტოები (თუმცა რატომ უგულავასი?). ამ ვერსიას თითქმის დავიჯერებდით, რომ არა კახა შენგელია, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტია, მაგრამ მიუხედავად ამისა,  მისი სახე თსუ-ს ფოტოალბომიდან ამაყად გვიმზერს.

ვერსია IV: დამაჯერებელი

ლადო პაპავას კახა ბენდუქიძე არ ეპიტნავება. ამიტომ გააქრო მისი ფოტო.

ასეა ეს!

არადა, ბენდუქიძის გაბარიტების მქონე კაცის ფოტოს გადამალვა არაა ხუმრობა საქმე, ბატონო ლადო.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირადი სიმპატიებით არ უნდა იმართებოდეს, ბატონო ლადო.

რადიო 105-ს რომ დავესესხო, ტეხავს რა, მაგრად ტეხავს, ბატონო ლადო.

მოყვარეს პირში უძრახეს ამბავში, თორემ თსუ-ს წარმატება, როგორც მის კურსდამთავრებულს, პირველს მე გამეხარდება, ბატონო ლადო.

ფოტოპროექტის ავტორებს გულწრფელი მადლობა. ჩემს ფოტოს კი, თუ მაჩუქებთ, სიამაყით ჩამოვიკიდებ კედელზე, ბატონო ლადო.