4

რუსული ხიზილალას გემო

ქართველები რუსული КВН-ის პრემიერ ლიგის 2014 წლის  ჩემპიონები გამხდარან. დარწმუნებული ვარ, ეს ამბავი საქართველოს მოქალაქეების აზრს რამდენიმე ნაწილად გაჰყოფს. დაახლოებით ასე:

  • „აბა რა, ქართველებს რო ხალასი იუმორი აქვთ – ტყუილია. გადარიეს რუსის ქალები ხო? გურულები იქნებოდნენ მაგენი, გურულები” – იტყვიან შუახნის აზარტული კაცები და „დუ შაშის” მოლოდინში კამათელს გააგორებენ.
  • „დაუთმეს ალბათ, რუსები დამთმობი და შეგნებული ხალხია, ვუყვარვართ მაინც. ის დრო ახსოვთ კაცო, კი არ დავიწყებიათ?! არაფერი ავიწყდებათ მაგათ” – მოაყოლებენ სხვები, ვისაც დალოცვილი რუსული ხიზილალას გემო ჯერაც არ გასვლია პირის ღრუდან.
  • „დრო აღარ იყო? შეიძლება რუსეთთან მტრობა? დიდ, თეთრ დათვთან ჩხუბი გაგონილა? არ ჯობია მოვეფეროთ?! კულტურული პოლიტიკა უნდა ავამუშაოთ, ქართული სიმღერა და ცეკვა გადაგვარჩენს” – ამას ალბათ ირმა სოხაძე იტყოდა.
  • „სირცხვილია ხალხო! სირცხვილია და სხვა არაფერი” – ვიტყვი მე და აი, რატომ:

2008 წლის სექტემბერში მოსკოველ ნაცნობს ვესაუბრებოდი Skype-ის დახმარებით. საუბარი დავიწყეთ თუ არა, ისეთი შეგრძნება მქონდა, ბოდიშს წამი-წამზე მომიხდის – მეთქი, მაგრამ ეს წამი არნახულად გაიწელა. ბოლოს ვეღარ მოვითმინე და ვკითხე, რას ამბობს მანდ ხალხი ჩვენ ქვეყნებს შორის რომ იყო, იმ ომზე – მეთქი. ნეტავ არ მეკითხა! „ჩვენ თქვენზე არ ვბრაზობთ, ყველაფერი სააკაშვილის ბრალია, თქვენ რა შუაში ხართ?! აქაურებს ისევ უყვარხართ” – მითხრა მან. ამის გაგონება იყო და ისე გავწყვიტე ლაპარაკი, არც დავმშვიდობებივარ და დიდხანს, ძალიან დიდხანს გაშტერებით შევცქეროდი მონიტორს. მას შემდეგ იმ ადამიანის ხმაც აღარ გამიგია.

რა აზრი გამოდიოდა აქედან? ჩვენი თავისუფლება და მთლიანობა გულში ხანჯლად ერჭობათ, თვალში შუშის ნატეხად უვარდებათ, მაგრამ ჩვენ ვუყვარვართ?! – ბიჯოს, რაღაც არ ჯდებოდა. ეს ფაზლი დიდხანს ვერ ავაწყე, თუმცა, ცოტა ხნის წინ, როცა ქართველი КВН-შიკების მოსკოვურ სცენაზე გამოსვლის ჩანაწერები და რუსი მაყურებლების გაბადრული სახეები დავინახე, ფაზლის ყველა ნაწილი თვითონ ჩასკუპდა თავის ადგილზე.

ქართველების მოსკოვის სცენაზე გამოსვლა უძღები შვილების მამასთან დაბრუნებას ჰგავდა. ერთდროულად ღიმილიან და ცრემლიან დაბრუნებას. ეს იყო შენ თავზე მცხოვრები მრისხანე და ძლიერი მეზობლის ოჯახში გამართული შერიგების ნადიმი, რომელმაც ცოტა ხნის წინ წყლით ჩამოგრეცხა, ხოლო როცა ახვედი და წყრომის სიტყვა გაუბედე, გვარიანად გაგლახა, წიხლი ჩაგაზილა, კიბეებზე დაგაგორა, შეგაგინა და დაგცინა. ბოლოს კი მოგაძახა შენი ადგილი უნდა იცოდეო.

უყურეთ ჩანაწერებს, სავსეა ინტერნეტი ამ „გრუზინულ-ჯიგიტურ-ლოველასური” და სტერეოტიპული ხუმრობებით, რომლებზეც გაბედულად ვერც იტყვი – ხუმრობააო. ეს ჩვენების ძალზედ უსუსური მარკეტინგული გათვლაა, რომელსაც სახელად „უსამშობლოო ქართველთა მოყვარე რუსების გულის მალამო ჰქვია”. სწორედ ასეთი ქართველები უყვართ და ართობთ ჩვენს ძალიან ერთმორწმუნეებს – მთიელი, მაგრამ უფაფახო რომანტიული Джигит-ები, ოდნავ ჭკუასუსტები, მოქეიფეები, ნაირ-ნაირი სადღეგრძელოების მცოდნეები, ქალის გულისთვის ვითომდა ყველაფრის ჩამდენები, სექსის მანქანები, მოგმირო ელემენტები, ხელგაშლილები – მოსკოვის რესტორნებში ქალებს ყველაზე მეტ ფულს რომ ახარჯებდნენ, რომელსაც ჯერ ბაზარში მწვანილისა და მანდარინის გაყიდვით შოულობდნენ. აი, ოღონდ ასეთები ვიყოთ და ის რუსი ხალხი მართლა გულში ჩაგვისვამს, ხელის გულზე გვატარებს, ცივ ნიავს არ მოგვაკარებს…

ოოო, ხელის გულზე გამახსენდა: ქართველების მოსკოვში ცხოვრება ვინ დააფინანსა და ვინ არ მიაკარა მათ ცივი ნიავი, თვითონვე გამოგვიმჟღავნეს საქართველოს ნაკრების ფლაგმანებმა – ამიკო ჩოხარაძემ და ლევან გოგორელიანმა, რომლებმაც ამ ამბის ქართველებისთვის სახარებლად პრესკონფერენცია გამართეს. „ფიზიკური კომფორტიდან დაწყებული, მორალური კომფორტით დამთავრებული მიხეილ ხუბუტიამ იზრუნა ჩვენზე” – თქვა ამიკომ. რუსეთში ჩასული გურჯი კაცისთვის ფიზიკური კომფორტი რაცაა, ამაზე დიდხანს ნუ გავჩერდებით. აქ მიხეილ ხუბუტიას დიპლიპიტო თავი უფრო საინტერესოა და როგორც აღმოჩნდა ჩვენი მტრის – რუსეთის მეგობარი ამიკოსთვის სულაც არაა მტერი. პირიქით – „ის ჩვენი მეგობარია” – ამბობს მხიარული და საზრიანი. სოსო პავლიაშვილი სულ გვერდში გვედგაო – რუსეთში ყველაზე ცნობილი „გრუზინი”, რომელიც ქართველობას არ კარგავსო. მგონი ნელ-ნელა ვხვდები, რაც არის სინამდვილეში ეს ქართველობა.

გახსოვთ? – ადრე ამბობდნენ ყველაფერი იმ საბჭოური ხიზილალას და გადაშლილი გრძელი ფეხების შუანაწილის გემოს ბრალია რუსეთს რომ ვერ ველევითო („ვაიმე ჩემო ტანია და ვაიმე ჩემო გალია”), მაგრამ ამიკომ ხომ იმ ხიზილალას გემო არ იცის? რა შუაშია აქ საბჭოთა კაცშირი, 37 მანეთი და  გაპარსული რუსული ვაგინა? – ამ ყველაფრის ხიბლი, აი, რა არის შუაში და მნიშვნელობა არ აქვს რა ასაკის ხარ შენ.

გეფიცებით, ცივი ოფლი მასხამს, როდესაც ვინმეს სამშობლოს მოღალატეს უწოდებენ. სანამ ამას იტყვით, დიდხანს, ძალიან დიდხანს უნდა იფიქროთ. ეს უკანასკნელი იარლიყია, რომლის მიწებებაც შეიძლება. მძულს უპასუხისმგებლობა ამ საკითხში და არც ამჯერად ვიტყვი რამეს. სამშობლოს ღალატი ეგრე ადვილი არ არის. ნუ ამჩატდებით შეფასებებში. მითუმეტეს, ქართველთა ნაკრებში ჩემი ორი ნაცნობი დავლანდე – ხალხი, რომლებსაც შეხვედრისას ხელს ვართმევ და გულითად სალამს ვეუბნებით ერთმანეთს. საკუთარი თავისგანაც და ბევრი სხვისგანაც ვიცი, რომ მათ კაიკაცობაში ეჭვის შეტანა არ იქნება სწორი. ის, რასაც ხუბუტიაზე ვიტყვი, არასოდეს დამცდება მათზე. არადა, სწორედ ამ ორი ადამიანის დანახვამ მატკინა გული ყველაზე მეტად.

ერთხელ მამაჩემმა მითხრა, ორგაზმის შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დგება – შეცდომასაც ხედავ და სწორ საქციელსაცო. აი, ორგაზმამდე რომ ისწავლი მტყუან-მართალის გარჩევას, ეგაა ნამდვილი ხელოვნებაო.

ნამდვილ ხელოვნებას გაუმარჯოს!

18

სად გადამალეს ბენდუქიძე?!

Image

იმით დავიწყოთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2013 წლის დასაწყისში (რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი), 95 წლის იუბილესთან დაკავშირებით შესანიშნავი პროექტი განახორციელა: ფოტოები გადაუღო თსუ-ის ცნობილ ან მეტნაკლებად ცნობილ კურსდამთავრებულებს – მწერლებს, პოეტებს, პოლიტიკოსებს, მეცნიერებსა და ზოგიერთ სტუდენტსაც. შემდეგ, ეს ფოტოები უნივერსიტეტის ვეებერთელა დარბაზსა და Facebook-ზე გამოფინეს. ამას მოჰყვა გაზიარება, მოწონებები და თბილ-თბილი სიტყვები.

2013 წლის ფოტოგამოფენას, რომელსაც თსუ-ს მიმართ მუდმივი გულშემატკივრობის გამო, უბრალო სტუმრის ამპლუაში დავესწარი,  პოლიტიკური და იდეოლოგიური ეკლექტიკა, მეტიც თავისუფლება შეენიშნებოდა: თითქმის გვერდიგვერდ ეკიდა გიგი უგულავასა და გიორგი მარგველაშვილის, დავით უსუფაშვილისა და ზაალ სამადაშვილის, ნოდარ ხადურისა და კახა ბენდუქიძის ფოტოები.

აი, კახა ბენდუქიძეზე შეჩერება ნამდვილად ღირს: მე თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების PR-ის მენეჯერი ვარ. გლეხურად რომ ვთქვა – ბენდუქიძესთან ვმუშაობ და,  თუკი,  საშუალო სტატისტიკურ ქართველს ავუხსნი ჩემი სამსახურის ავან-ჩავანს, ვეტყვი: ქართული მდინარეების კალაპოტები რომ გაყიდა და პირს ჩვილი ბავშვების სისხლით რომ იგემრიელებს, ე, იმ კაცთან ვმუშაობ.

იმავე, 2013 წელს, როცა ფოტოპროექტის გაგრძელებაზე მუშაობდნენ, მასში მეც მოვხვდი. რა დამავიწყებს,  ამის გამო ისეთი ამაყი ვიყავი, რომ მთელი დღის განმავლობაში ვცქმუტავდი და უაზროდ ვიღიმოდი. წარმატებულ უნივერსიტეტელებში გამომარჩიეს და აბა როგორ?!

საბოლოო ფოტოგამოფენა გუშინ, 2014 წლის 12 თებერვალს (რექტორი ლადო პაპავა) მოეწყო და ჰოი, საოცრებავ – ბენდუქიძის ფოტო სადღაც გაქრა. მას ვერც კედელზე ნახავდით და ვერც ძალიან ლამაზ ფოტოალბომში, რომელიც პროექტის ავტორებს სპეციალურად ამ პროექტის დასაგვირგვინებლად დაუბეჭდავთ. ბენდუქიძის გარდა გიგი თევზაძე (ილიას უნივერსიტეტის რექტორი) და გიგი უგულავაც (თბილისის ყოფილი მერი) დაკარგულიყვნენ.

გუშინდელს მერე, ბენდუქიძის ფოტოს გაქრობის რამდენიმე ვერსია მიტრიალებს თავში:

ვერსია I: მისტიური

კახა ბენდუქიძე არ არსებობს და არც არასოდეს უცხოვრია დედამიწაზე. ის წარმოსახვითი პერსონაა, რომელიც წინა მთავრობამ ჩაგვიპროგრამა გონებაში. ის არ ყოფილა მინისტრი, შესაბამისად საქართველოს არასოდეს ჰქონია 12%-იანი ეკონომიკური ზრდა. არასოდეს  დაარსებულა დღესდღეობით საქართველოში ყველაზე რეიტინგული, თავისუფალი უნივერსიტეტი და განათლების სფეროში არცერთ მელოტ და მსუქან მამაკაცს არ ჩაუდია მრავალი მილიონი. შესაბამისად არარსებული ადამიანი ვერ მიიღებდა მონაწილეობას თსუ-ს ფოტოპროექტში. ის ჩემი წარმოსახვის ნაყოფია. რეალურად მე არ მაქვს სამსახური.

 

ვერსია II: აბსურდული

კახა ბენდუქიძეს არ დაუმთავრებია თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. მან გაყიდა მეობა და იმ ფულით იყიდა თსუ-ს დიპლომი. ეს აფიორა აღმოაჩინა ლადო პაპავამ და გამოასწორა შეცდომა – არაუნივერსიტეტელი ბენდუქიძის ფოტო გააქრო ფოტოალბომიდან.

ვერსია III: აბსურდული

რადგანაც ფოტოპროექტში მხოლოდ წარმატებული უნივერსიტეტელები იღებდნენ მონაწილეობას, კახა ბენდუქიძემ ვერ გაუძლო კონკურენციას.  ეს დაასკვნა ლადო პაპავამ და ცისფერსისხლიანებს მდაბიო ჩამოგვაშორა.

ვერსია III: თითქმის დამაჯერებელი

თსუ-ს ფოტოალბომში არაკორექტული იქნებოდა სხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლების გამორევა. სწორედ ამიტომ ამოიღეს კახა ბენდუქიძისა და გიგი თევზაძის ფოტოები (თუმცა რატომ უგულავასი?). ამ ვერსიას თითქმის დავიჯერებდით, რომ არა კახა შენგელია, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტია, მაგრამ მიუხედავად ამისა,  მისი სახე თსუ-ს ფოტოალბომიდან ამაყად გვიმზერს.

ვერსია IV: დამაჯერებელი

ლადო პაპავას კახა ბენდუქიძე არ ეპიტნავება. ამიტომ გააქრო მისი ფოტო.

ასეა ეს!

არადა, ბენდუქიძის გაბარიტების მქონე კაცის ფოტოს გადამალვა არაა ხუმრობა საქმე, ბატონო ლადო.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირადი სიმპატიებით არ უნდა იმართებოდეს, ბატონო ლადო.

რადიო 105-ს რომ დავესესხო, ტეხავს რა, მაგრად ტეხავს, ბატონო ლადო.

მოყვარეს პირში უძრახეს ამბავში, თორემ თსუ-ს წარმატება, როგორც მის კურსდამთავრებულს, პირველს მე გამეხარდება, ბატონო ლადო.

ფოტოპროექტის ავტორებს გულწრფელი მადლობა. ჩემს ფოტოს კი, თუ მაჩუქებთ, სიამაყით ჩამოვიკიდებ კედელზე, ბატონო ლადო.

8

წესია და იმიტომ

გაივლის წლები და მაინც გავიხსენებ იმ შორეულ ღამეს, მამაჩემმა რომ შემწვარი გოჭის წამოსაღებად თონეში წამიყვანა. 31 დეკემბრის ღამეს, 12 საათი რომ სრულდებოდა, 9 სართულიან კორპუსებს შორის, ფოიერვერკების წვიმაში მოვყევით. ლანგარზე გართხმული გოჭი მამას ეჭირა და იმხანად, მისი ერთი ნაბიჯი ჩემს ოთხ ნაბიჯს უტოლდებოდა. ის სწრაფად მიდიოდა, მე თავქუდმოგლეჯილი მივდევდი და თან შუბლზე ჩამოფხატულ ქუდს ვისწორებდი. ცის შავი ფონი ათასი ფერით ნათდებოდა და დროდადრო, იმ ასაფეთქებლების ხმას, ყური ბოლო დღეების განმავლობაში ისედაც რომ შეჩვეოდა, გამოერეოდა გამაყრუებელი გრუხუნი – ეს  ფულიანი, ბობოლა ხალხის გრუხუნი იყო. იმ დროს, ასეთი ტკბილხმოვანი ასაფეთქებლები მხოლოდ მდიდარი მამების შვილებს ჰქონდათ. რაც უფრო მეტ ჩვილს დაუფრთხობდა ძილს შენი ბომბის პოლიფონია, მით უფრო მაგარი მამა გყავდა შენ – ასე ცდებოდნენ ზოგიერთები. იყვნენ ისეთებიც, ფულის ელმავალს მათ ქუჩაზე დიდი ხნის წინ რომ ჩაევლო და მოძველებული რემონტის მქონე ბინების აივნებზე კალაშნიკოვს რომ აკაკანებდნენ.

მე და მამა ვჩქარობდით. ვჩქარობდით განა იმიტომ, რომ  პრეზიდენტის ან პატრიარქის საახალწლო მილოცვის გამოტოვება არ გვინდოდა; ან საახალწლო მრავალჟამიერის მოსმენა გულით გვსურდა; არც ОРТ-ზე გასული ტაკიმასხარაობით ტკბობის სურვილი გვტანჯავდა – არა. ვჩქარობდით იმიტომ რომ თაობებსა და თაობებს შორის, ადამიანებმა გამოძერწეს კანონი, რომ ასეა საჭირო. თითქოს, ტელევიზორის თავზე ჩამოკიდებულ საათზე თორმეტს რომ ჩამოჰკრავდა, თუკი სახლში ვერ შევასწრებდი, გოგრად გადავიქცეოდი.  ამის გამო, როცა თბილისში საახალწლო კონცერტების ტრადიცია დამკვიდრდა, მე ერთდროულად გაკვირვებით, სიბრალულითა და ირონიით ვუყურებდი იმ ახალგაზრდების თავებს, რომლებიც თავისუფლების მოედანზე აღმართული სცენის წინ გათოშილები იდგნენ.  ისე კი, არ ვიცი ბავშვობისდროინდელ ტრავმას დავაბრალო თუ ამ ტრადიციის კომიკურობას, მაგრამ ქართული საახალწლო კონცერტებზე ახლაც აუგის მთქმელი ვარ. რატომ? – თვალის ერთი შევლებითაც ჩანს რომ ყალბია და იმიტომ.

ქართულ სიყალბეზე მოთქმა არახალი ამბავია. ჩემმა მეგობარმა, ირაკლი გუნიამ ამაზე ცხრიანში მოსახვედრი წერილიც დაწერა და თქვა, რომ ვინც ქართულ სიყალბეზე საუბრობს, ისიც ვერ გაურბის მასო. ჭეშმარიტად, ასეა! ჩვენ დავცინით, ვაკრიტიკებთ, ვქილიკობთ ქართულ სიყალბეზე და ამავდროულად მის ლაბირინთში ბოლთას ვცემთ. რეალურად, სცენაზე გამომსვლელი მომღერლებისა და ცისფერ ეკრანებთან მოკალათებული ადამიანების უმეტესობა აუცილებლად საყურადღებო თარიღს აღნიშნავს და არა ახალ წელს, ახალ ეტაპს, ახალ გზას, ახალ შესაძლებლობებს.

შეგიმჩნევიათ? ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ქართველების უმეტესობა იდუმალებით მოცული და კარჩაკეტილი არსება ხდება. თითქოს შუაგულ ოკეანეში ამოხეთქილ დაუსახლებელ კუნძულზე გადასახლდა ოჯახთან ერთადო. სუფრის სამზადისში ხარჯავენ ფულს და ამაზე დროდადრო მოთქვამენ კიდეც, ოღონდ გულში, რადგანაც თუკი ხმამაღლა დასცდება სიტყვა, არსთა განმრიგე შეისმენს და ვინ იცის, ერთი ქართველი დეპუტატის არ იყოს, ეგებ ამ წელს ხელი გაუხმეს, ოჯახი დაერღვეს, კერა გაუცივდეს. საახალწლოდ, ხალხი მალავს სად იყიდა ნიგოზი საბაზრო ფასზე უფრო იაფად; რომელ დახლზე მიაგნო კარგად ნაკვებ, სანაქებო ფერზე მყოფ გარდაცვლილ ინდაურს; მალავენ რამდენი დაუჯდათ ჩაზნექილი სუფრის მოკვარახჭინება.

საახალწლოდ ჩვენ ვხდებით ეჭვიანები, გაუცხოებულები, ურწმუნოები და ჩვეულებრივები.

ამასთანავე, მართლმორწმუნე ქართველი დიასახლისები სიცილ-სიცილით, ვითომდა ხუმრობა-ხუმრობაში, სინამდვილეში კი დაძაბული თვალებითა და დაცქვეტილი ყურებით უსმენენ, თუ რას იტყვის მიხეილ ცაგარელი: როგორი დრაკონის წელიწადი მოდის –  წითლის? იქნებ ყვითელის? – არ შეგეშალოთ, მნიშვნელოვანია! რა ფერის მორთულობა უყვარს მას; რა უნდა დაახვედრონ სუფრასთან.

გიფიქრიათ იმაზე, თუ რატომ ვისვრით 12:00 საათზე? ძველ წელს ვაცილებთ? – არა, ეს ხომ უკვე წარსულია, დაუძლურებული და მომაკვდავი დრო, მისი უპატივცემლობა ვეღარაფერს დაგვაკლებს – მომავალია საშიში; ახალს ვეგებებით? – ეს უფრო ახლოსაა სიმართლესთან, მაგრამ არსებობს მესამე ვერსიაც:  ისინი უბრალოდ, გაუაზრებლად ისვრიან.  წესია და იმიტომ.

მერე კი, ახალი წელი რომ შემოდგება, სახლში შემოსული წითელი დრაკონის სული  ვერდიქტს რომ გამოიტანს, იდუმალებას ვაშიშვლებთ და კარს ვხსნით. ამის შემდეგ, ჩვენი სახლები ვნების კვირის სამოთხეს ჰგავს – ყველასთვის ღიაა.

ჩემი თაობის ადამიანებმა ორი შობა-ახალი წელი ვიცით – ქართული და ჰოლივუდური. ქართული შობა-ახალი წელი ასეთია: ვჭამთ იმდენს, რამდენიც საკმარისია იმისათვის, რომ გაღიზიანებული ნაღვლის ბუშტი ატომური სოკოსავოთ არ გასკდეს; ვსვამთ იმდენს რამდენიც საკმარისი იქნება იმის დასავიწყებლად, რომ მალე სამოთხის კარი ერთი წლით დაიკეტება და სამსახურებში მოგვიწევს წასვლა.

ჩემი თაობა ხედავს, რომ ჰოლივუდური ახალი წელი სხვანაირია. იქ სხვა რაღაცები ახარებთ, სხვანაირი საჩუქრები ხვდებათ ნაძვის ხესთან, სვამენ ცოტას, საუბრობენ ბევრს, ერთად ყოფისგნა მეტ სიამოვნებას იღებენ. ჰოდა ვიბნევით, რომელია სწორი? რომელია ნამდვილი ზეიმი?

ჩემი აზრით, რომელიც, ღმერთო კი მომკალი სულაც არაა დასაჯერებელი, ქართველები ახალი წლის ნამდვილ მუღამს ვერ ვიჭერთ. აქ ხომ მთავარი არა კალენდარი, არამედ ცვლილებების ათვლის წერტილია. მთავარია 1 იანვარს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადახვიდე, ახალი მიზნები დასახო, ახალი სანაძლეოები დაუდო საკუთარ თავს, ახალ ოცნებებში გაიხლართო.

ესაა ახალი  წელი. სხვა ყველაფერი ძველის გაგრძელებაა. ძველს კი, ჩვენში დარჩეს,  რამდენი ხანია ვაგრძელებთ.

დამდეგს გილოცავთ.

 

 

 

 

 

10

ბაგრატიონთა თამაშები

მეფე მოკვდა!

მოკვდა 1800 წელს. არც ის მეფე ექნა ღმერთს და ახლა რომ ძალით გვაჩეჩებენ, ემანდ დავითი რომ ჰქვია – ეს ხომ საერთოდ არ უქნია.

ეს დათო ბაგრატიონი დიდი მუდო ვინმე ჩანს. ჯვრისწერისას დანა პირს არ უხსნიდა და მას შემდეგ, ერთხელაც ვერ გააცინეს. მირონცხებული მეფე ხარ შე კაი კაცო – ღიმით დალოცე ერი. მერედა მეფის ხელი როგორ წამლად გვჭირდება ნეტა იცოდე.

მაგრამ რას გაგვიღიმებს, დარდს შეუბოჭავს მეფე ბატონი – ოჯახზე დარდობს. ცოლი კი ნაყოფიანი ჰყავს – უფლისწული გაუჩინა საქართველოს, მაგრამ სიმამრია ცოტაოდენ პატივმოყვარე. საცა კი კამერა გამოჩნდება კნიაზი ნუგზარი იმას გაიძახის ერთადერთი კანონიერი მეფე უფლისწოლია და მას ეს ლეგეტიმურობა დედის მხრიდან გადმოჰყვაო. აბა, ასეთ სიმამრთან ორი ჭიქა აიწევა? მეფე კაცი ასეთ სიმამრთან ყანწით ხელში ვახტანგურს შესვამს? გმირ წინაპრებს მოიგონებს?

უი, წინაპრებზე გამახსენდა:

გამჩენმა შემინდოს, მაგრამ მაინცდამაინც არც მათი წინაპრები ექნა ღმერთს. ნუ, რამდენიმეს გამოკლებით – რაც მართალია, მართალია. ვინც კარგია, კარგია. აღმაშენებელი – это рас, თამარი – это два, გიორგი ბრწყივალე – это три. არა, ვახტანგიც იყო, გორგასალი, მაგრამ ეს კაცი თან ნახევრად მითიური არსებაა და თანაც გორგასლის შთამომავალი დათო ბაგრატიონი კი არა, მირიან ბარათეონია.

წასულებზე დიდხანს გაჩერება არ შეიძლება…

მომავალი თაობები დავლოცოთ, უფლისწული გიორგისი ვთქვათ!

თან ყრმა გუშინ მოვნათლეთ. ტელევიზიების წყალობით ერს ერთხმად აღმოგვხდა – „მომავალი მეფე შიშველია”

მითხარი ვინ არის შენი ნათლია და გეტყვი მამაშენს რა ბიზნეს ინტერესები ჰქონდაო – საკუთარი თავისგან მსმენია. არა რა, ამ ბიჭს ნათლიაში გაუმართლა. რაღა თავადი ლევანი და რაღა ვიტო კორლეონე. უცხო ენის სწავლა მოუდება? – საუკეთესო პედაგოგს დაუქირავებს. მუსიკა ენდომება? – ბეშტეინის როიალს ჩამოუთრევს ლენინგრადიდან. სკოლას დაამთავრებს? – უმაღლესში მოაწყობს. მეტი რა ქნას? ვინ დაუწუნებს მას ნათლიობას? მინამ გიორგი გელოვანის პერსონაჟის სიტყვებს ვიხსენებდი, იმანაც დამკრა თავში, რომ იქნება და გიორგი უფლისწულს საერთოდ არ უნდა მეფობა? ამის ღმერთი არ იყვეს, 21-ე საუკუნეა, თავისუფლების ეპოქა. კაცს გვერდით გახედვა მოეპრიანება, მოგზაურობა, პროფესიის დაუფლება, სპორტული მანქანის მართვა, დოქტორ მარტენსის ფეხსაცმელებით სიარული, მადამ ტიუსოს მუზეუმის რიგში დგომა, ეგზოტიკური ქვეყნის ჭრელა-ჭრულა ბაზარში გაცნობილ გოგოსთან ერთად ცხოვრება, ღამე ორღაშულად დათრობა და ლესელიძის ქუჩაზე ღრიალი. თქვენ კიდევ ეუბნებით, გინდა თუ არა მეფე ხარო, თვალი გვერდით არ გაგექცესო, საზღვარგარეთ მხოლოდ სამეფო დელეგაციასთან ერთად წახვალო, აგერ დიპლომი ინებეო, მერსედესი გეყოლება, ოღონდ მძღოლი მოგემსახურებაო, ტყავის შუზები უნდა გეცვასო, მუზეუმის რიგში რავა დაგაყენებთ, უკანა შესასვლელიდან შეხვალთო, ცოლად კნეინა შეირთე და თან ღმერთი არ გაგიწყრეს, ცოლად არ მოიხსენიო – თანამეცხედრე უწოდეო. ლესელიძეზე ხომ საერთოდ! არავინ დაგინახოსო.

კარგით რა, ხალხი არ ხართ? არაა ეგ ქურდული… უკაცრავად, მეფური საქციელი. არ უყვარს კაცს ეს კნეინა დარეჯანი და გაეშვით. ბიჯოს!

უფლისწული იქით იყოს, მოუგვარებელი პირადი ცხოვრება ჩემი მძულს და ამ სამეფო ოჯახს რჩენა არ უნდა? კარგი, 5 დღეს იოლად გავლენ, მაგრამ ხორციანი სადილი კვირაში ორჯერ მაინც არ უნდა ჰქოდეთ? იქ ჩასაცმელი – დედა დედოფალი იტყვის გიოს ფეხზე არ აქვსო; იქ დასვენება – უფლისწულს ჰაერი არ უნდა გამოვუცვალოთ? ქვეყანა არ ვართ? ვაიდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გრანტი ვერ აიღოს?… გაუნათლებელი მეფე გვინდა ჩვენ?!

ბევრი ფული უნდა ამ ყველაფერს ბაბა, ბევრი ფული.

მაგას იცით რა აჯობებს? აგერ, ჯორჯ მარტინი რამდენიმე წელიწადში Game of Thrones-ს დაასრულებს და რომანების ახალი სერია შევუკვეთოთ. ასეთი სახელი მოვცეთ: „სიმღერა ძველი გულებისა და ხმლისა”. ტომები კი ასე დავყოთ:

წიგნი პირველი: „ბაგრატიონთა და ვასაძეთა თამაშები”

წიგნი მეორე: „ბაგრატიონ – გრუზინსებისა და ბაგრატიონ – მუხრანსკების ბრძოლა”

წიგნი მესამე: „ყანწების ქარიშხალი”

წიგნი მეოთხე: „მრევლის ნადიმი”

წიგნი მეხუთე: „ცეკვა ვარსკვლავებთან”

წიგნი მეექვსე: „დიღმის ქარები”

წიგნი მეშვიდე: „ივერთა სამეფოს გაბრწყინება”

ეკრანიზაციას რეზო ჩხეიძე დადგამს და სერსეას როლზე რომ შორენა ბეგაშვილია დამტკიცებული, ამაზე დიდხანს არ შევჩერდები. სამეფო კარზე მთავარ ინტრიგებს ვინც გახლართავს, არც ეგაა რთული გამოსაცნობი.

ეს ღმერთის ნიშანია: მაშინ, როცა ქვეყანაში ორპრეზიდენტობა და ორპრემიერობაა, როცა მტრის საზღვარი დედაქალაქისკენ მოიწევს, როცა ლანგ თემურისა და ყრუ მურვანის ძვლები საფლავებში აჩხარუნდნენ, როცა ცა წითლად იქუფრება – გამჩენი მირონცხებულ მეფეს გვიგზავნის – უშიშარს, ვითარცა უხორცოს.

ასეა… ყველა ბედნიერი ქვეყანა ბედნიერია ერთნაირად. ყველა უბედური ქვეყანა, უბედურია თავისებურად.

4

გნებავთ რუსუდანი დაუძახეთ, გნებავთ მაკა

ელვა შიშველი ხის ტოტებს ხატავდა, თითქოს ბახუსნარევი ზევსი ღვთაებრივი ნადიმის შემდეგ ადამიანთა მოდგმაზე ბრაზობდა. გულღრძო ყასაბმა ცა მახვილით გაფატრა – თქეშად მოდიოდა. ტელევიზორში უჩვენებდნენ მხატვრულ ფილმს გიგანტური გველის შესახებ, რომელიც ის-ის იყო დენი ტრეხოს ანძაზე ამძვრალ  გმირს გადასანსლავდა. მაშინ პირველად დავინახე ანაკონდა და მივხვდი, რომ გველების შიში მთელი ცხოვრების მეგზურად ამეკიდებოდა.

ღამით დავსველდი. სიზმარი და მოლანდებები ერთმანეთში აირია. ვხედავდი, როგორ ეხვეოდა ჩემს საწოლს უშველებელი გველი და სადაც იყო წელში გადამამტვრევდა. მაშინ ბებიაჩემისკენ გადავბრუნდი და მძინარეს ხელი ჩავკიდე.

ჩემი ბებია 77 წლისაა და რუსუდანი ჰქვია, თუმცა მეორე სახელიც აქვს – მაკა. ამგვარად მხოლოდ მშობლიურ სოფელში, ხნიერი ხალხიღა მოიხსენიებს და ყოველთვის, როცა ასე მიმართავენ, თვალები უბრწყინდება და კარგ ხასიათზე დგება.

როცა მეკითხებიან, თუ სად გავიზარდე, არასოდეს ვპასუხობ: საქართველოში, თბილისში ან ვაზისუბანში, არამედ  დაუფიქრებლად ვეუბნები – ფილარმონიაში. მგონი, კარგა 30 წელიწადს, თუ მეტს არა,  რუსუდანი ფილარმონი მუშაობდა. პრაქტიკულად, ფილარმონიაში ვმუშაობდი მეც. მიწისქვეშა გასასვლელები, სცენის ქვედა საწყობი, დიდი საწყობი, სცენის მართვის პულტი მთავარი მემანქანის, გაიოზის დარად ვიცი, ან როგორც მურტალო იყტოდა, ალილუიასავით მაქვს დაზეპირებული. როცა ბებიაჩემმა თანამშრომელს პირველად სთხოვა ჩემი შვილიშვილი პულტთან დასვიო, გული ამიჩქარდა, ხოლო როცა ამ თანამშრომელმა კონცერტი გამახსნევინა, ანუ ფილარმონიის ლეგენდარული ფარდა ამაწევინა, თავი ყოვლისშემძლე მამაღმერთი მეგონა.

„რუსიკო როგორ ხარ?” – ჰკითხა ლიფტიდან გამოსულმა ალექსანდრე ბასილაიამ ბებიაჩემს და მაშინ მივხვდი, რომ რუსუდანი ჩვეულებრივი თანამშრომელი არ იყო. არა, განა თანამდებობით გამოირჩეოდა, უბრალოდ საკუთარი გულისხმიერება და პატიოსნება შეუცვლელ ადამიანად აქცევდა იმ კოლექტივში.

ფილარმონიაში წასვლა ზეიმი მარტო იმის გამო კი არ იყო, რომ „ქუჩის ბიჭებს”, აჩი მეფარიძეს, ქეთა თოფურიას და იმ დროის სხვა კაშკაშა ვარსკვლავებს ვხედავდი, უფრო დიდ დღესასწაულად ფენოვანი ხაჭაპური და კოკა-კოლა მიმაჩნდა. ბებიაჩემს მელიქიშვილის გამზირზე გადავყავდი, სადაც პატარა კაფე იყო – წყნარი და მუდამ გრილი, რომლის ლურჯად დაბურული ფანჯრები საოცრად მყუდრო გარემოს ქმნიდა. მგონი ახლა იმ ადგილას „ორი ლულაა” გახსნილი. იქ იყიდებოდა უგემრიელესი ფენოვანი – ფუშფუშა, დიდი, თხელი ფენებითა და ნამდვილი ყველით. რუსუდანი თავისი ხელით მიჭრიდა პატარ-პატარა ლუკმებად და კოკა-კოლასაც თვითონ მისხამდა. გეფიცებით, არასოდეს დამავიწყდება მისი კმაყოფილი სახე, როცა ყბაგამოტენილს მიყურებდა.

ფილარმონიის წლების მოსაგონარი ახლა ჩემი საძინებლის გარდერობში ინახება: ჯო ზავინულის, სეზარია ევორას, ქულიოს, ჯამოროქვაისა და ტანია მარიას ავტოგრაფები. ამ უკანასკნელის მიერ ნაჩუქარი ჭიქა კი სამზარეულოს საპატიო კუთხეში დგას.

თუკი რამ სასიხარულო საჩუქარი გაუკეთებიათ ცხოვრებაში, საუკეთესო ბებიაჩემის იყო. მომღერლების შემყურეს, ვკვდებოდი ისე მინდოდა მიკროფონი. ძვირი ღირდა და იაფიც რომ ყოფილიყო რა მეთქვა, რა ჯანდაბად მინდა – მეთქი? ერთ მისვლაზეც რუსუდანმა ვერცხლისფერი, ლამაზი მოყვანილობის მიკროფონი მაჩუქა, რომელსაც საყელოზე რუსული ასოები და ციფრები ეწერა. რა თქმა უნდა, ეს მიკროფონი ბუტაფორია გახლდათ – უხმო და უნიჭო მომღერლებისთვის განკუთვნილი რკინის ნაჭერი, მაგრამ ჩემთვის ეს იყო სიწმინდე. დიდი ხნის განმავლობაში ამ სიწმინდით კონცერტებს ვმართავდი, აგუგუნდებოდა Guns N Roses, Aerosmith, Scorpions და დაუვიწყარი ლაივები მქონდა სახლის სასტუმრო ოთახში, სადაც წარმოსახვაში ყველა ის ცრემლნარევი გოგო გაჰკიოდა ჩემს სახელს, ვინც კი ოდესმე მომწონებია.

ერთხელ კულისებში ვიდექით და რუსუდანმა მითხრა: „ხედავ? დარბაზში კაციშვილი არ ზის, მაგრამ ამ სცენაზე გასვლა მაინც მიჩქარებს გულს”. დავაკვირდი და მართლაც ეგრე იყო. რამდენიმე წლის წინ, როცა ბებიაჩემმა ფილარმონიაში მუშაობას თავი დაანება, მივხვდი, რომ ცხოვრების 30 წელიწადის ზარდახშაში ჩადება და მასთან ერთად ცხოვრება მოუწევდა. დაახლოებით ერთი თვის წინ ფილარმონიის სცენაზე მომიწია გასვლა, ოღონდ დარბაზი ამჯერად სავსე იყო. როცა რუსუდანს ამის შესახებ ვუთხარი, სევდიანად ჩაეღიმა და ვიგრძენი როგორ შეჯანჯღარდა იმ ზარდახშის სახურავი. „შეცვლილია იქაურობა?” – მკითხა. „ყველაფერი ისევ ისეა, როგორც შენ დატოვე” – ვუთხარი და თვალი ჩავუკარი.

ბაბუაჩემი 1988 წელს გარდაიცვალა და ბებიაჩემი დღესაც სიყვარულითა და მოწიწებით იგონებს მას – „ჯაფარიძე”; ბებიაჩემი ქუჩებს ძველებურად მოიხსენიებს და მაშინვე ვხვდები, რამდენად უყვარს მას თბილისი; ბებიაჩემი საკუთარ პენსიას ჩვენს საჩუქრებში ხარჯავს; პირველ კლასში რომ ვსწავლდობდი, ბებიაჩემი კარს უკან მელოდა და მე ამას ვგრძნობდი; როცა ჩემს რომელიმე ძმიშვილს სიცხე აუწევს, ყველაზე მეტად ბებიაჩემი განიცდის; ხუთი წლის წინ ბებიაჩემმა ფეხი მოიტეხა, მაგრამ წამოდგომა შეძლო, იმიტომ რომ ძლიერი ქალია; როცა კი რაიმე ჯილდოს მივიტან სახლში, ის ბებიაჩემის საკუთრება ხდება – ჯერ მეზობლებში ჩამოატარებს, შემდეგ ან კედელზე აკრავს ან პიანინოზე დგამს; ბებიაჩემი ყოველ საღამოს მითანხმებს დილის მენიუს და მზად მახვედრებს; ბავშვობიდან მოყოლებული, დედ-მამასთან უთანხმოებისას ბებიაჩემი ვახოსა და ჩემ მხარეს იჭერს; სანამ ბებიაჩემი სახლიდან გამოსვლის წინ კეთილ დღეს არ მისურვებს, ფეხს ვითრევ; ბებიაჩემს მშობლიური სოფელი მუდმივად ენატრება; ახალ ტყემალს ბებიაჩემზე უკეთ ვერავინ აკეთებს.

ჭექა-ქუხილიანი ღამის შემდეგ ანაკონდას შესახებ კიდევ სამი ფილმი გამოვიდა და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ რუსუდანისთვის წლების წინ ჩაჭიდებული ხელი ახლაც არ გამიშვია. ხანდახან ვფიქრობ, რა უსახურია ჩემთვის ზურა დოიჯაშვილის ნამღერი „მელიქიშვილის გამზირი” – ია, ვარდი და ბზა აქ უადგილოა. ჩემთვის მელიქიშვილის მხოლოდ ის გამზირი არსებობს, სადაც ფილარმონია და პატარა კაფე დგას.

2

ფირცხელანი

227021_4443836452579_2082051430_n

გიორგი ფირცხელანი საქართველოში სელტიკის ფან – კლუბის ვიცე – პრეზიდენტია,  გულით კი ლივერპულელი გახლავთ. ფეხბურთის მეხოტბე, სტივენ ჯერარდისა და წარსულის წითელი აჩრდილების ტრფიალი. საერთოდაც, ფირცხელა წარსულის კაცია. საძინებლის დასავლეთ კედლიდან ჯერარდის მომღიმარი სიფათი უყურებს, თავთით კი მაიკლ კეინისა და პოლ ნიუმანის ფილმის პოსტერები უკიდია. სასთუმალთან მუდმივად ასკილის წვენი უდგას და ცდილობს იმაზე ოცი წლით მოხუცი იყოს, ვიდრე სინამდვილეშია.

მე თუ მკითხავთ, გიო 70-იანი წლების ბრიტანეთში უნდა დაბადებულიყო. მეტიც, ფირცხელას სამოთხე ალბათ იმდროინდელი შოტლანდიური საფეხბურთო მოედნის გარემოა, სადაც თვითონ ნორჩ აღსაზრდელთა გუნდის მწვრთნელია და როცა ბავშვებს სტენლი მეტიუზის სახელობის თასს მოაგებინებს, მათთან განშორების  დროც დადგება. ფირცხელას ღაწვზე ცრემლი ჩამოუგორდება, როცა ბავშვები წასვლისას სკამებზე შემოდგებიან და მიმართავენ: „ო, კაპიტანო, ჩემო კაპიტანო!“ – ღრმად მწამს, ფირცხელა ასეთ სიზმრებს ხშირად ხედავს.

გია ჭანტურია გახსოვთ? სკოლაში, საზღვარგარეთის გეოგრაფიას მისი წიგნით ვსწავლობდი. ეს იყო ერთადერთი მიმზიდველი სახელმძღვანელო იმ დროისთვის, რომელიც გაწყობილი გახლდათ სხვადასხვა ქვეყნების ღირსშესანიშნაობების ფოტოებით. ჭანტურიას ბრიტანეთზე ფეტიში ჰქონდა. დარწმუნებული ვარ, სრულყოფილ ორგაზმს მხოლოდ ბრიტანეთზე ფიქრისას აღწევდა. ფირცხელანი მისი გაუმჯობესებული ვერსიაა. ბევრად გაუმჯობესებული. გიოს მიაჩნია, რომ სახლის აშენებასთან, შვილის გაკეთებასთან და ხის დარგვასთან ერთად, კაცისთვის კიდევ ერთი პირობის შესრულებაა საჭირო: ბრიტანეთის ცვრიან ბალახზე ფეხშიშველი გავლა. ფირცხელა ფიქრობს, რომ თუკი იმავე აქცენტით ისაუბრებ, როგორც გაი რიჩის „Snatch“- ში ლაპარაკობენ, გინდაც მდიდარი იყო ღვთის სასუფეველს დაიმკვიდრებ და გინდაც აქლემი იყო – ნემსის ყუნწში გაძვრები. ფირცხელას აზრით, შონ ქონერის განავალი განსხვავებულია.

ჩაცმაც ეგეთი იცის – როგორ ვთქვა? – ლონდონური. ხანდახან, ფირცხელა ფილმის პერსონაჟებში იხლართება, ჩაცმის სტილით, ხასიათებით. გიო ახერხებს იმას, რაც ვერასოდეს შევძელი – კინოგმირს ბოლომდე დაუჭიროს მუღამი და ერთხანს მისი ცხოვრებით იცხოვროს.  მახსოვს: ტარანტინოს ნაბიჭვრები გამოვიდა. ცალ-ცალკე ვუყურეთ. მეორე დღეს უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსთან ვდგავართ. გავიხედეთ და ლეიტენანტი ალდო რეინი არ მოდის? თვალები მოვიფშვნიტე და მაინც – ფირცხელა ბრედ პიტია. თმა, სიარულის მანერა, წინ წამოწეული ყბა. . . ყელზე დიდი ნაიარევიღა აკლდა და ეგ იყო. გიოს პერფორმანსები მას შემდეგაც ბევრი მინახავს.

სტანისლავსკის მეთოდით განვსხვავდებით, საკვების სიყვარული კი ოდითგანვე გვაერთიანებს. ჩვენი ტრადიციით, მეგობრები პირველ იანვარს, სისხამ დილით,  სახინკლეში მივდივართ და მაშინ, როცა სახინკლის თვალებგამოღამებული მესვეურები გაკვირვებულები გვიყურებენ – ჩვენ შეუმჩნევლად ვუბერავთ. ერთიც იყო, ძალიან ნაადრევად გავედით და სახინკლე დაკეტილი დაგვიხვდა. მაკდონალდსში შევისეირნეთ. მაკდონალდსის თანამშრომლებმა საარაკოდ გამოთაყვანებულებად მიგვიჩნიეს. ორ-ორი ბიგ-მაკი, ორ-ორი ორმაგი ჩიზბურგერი, დიდ-დიდი კარტოშკები და კოკა-კოლები ჩავარაკრაკეთ. იქიდან გამოსულები კი სიხარბემ აგვიტანა და რაღაი შხარა უკვე გახსნილი დაგვხვდა, იქაურ თხელკანა ხინკალსა და ქაბაბებსაც მოვესიყვარულეთ. ამის მერე, ერთი ურბანული ლეგენდა შეიქმნა, რომელსაც, ალბათ, მემუარებში გიამბობთ.

თუმცა, წეღან ვიჩქარე, როცა გითხარით პერსონაჟებში არ გავხლართულვარ – მეთქი. ერთხელ მოხდა და ისიც ფირცხელას დამსახურებით:

ნინია წყალტუბოში გამართული საერთაშორისო ბანაკის ლიდერი იყო. დიდხანს არ მენახა და წავედი. ფირცხელაც გავიყოლე. ბანაკი სანატორიუმში იყო განლაგებული. გარემოსგან მოწყვეტილ, ძალიან ლამაზ ბუნებაში. ნინიამ მოახერხა და განათლების სამინისტროს დელეგატებად შეგვრაცხა, შედეგად კი ავირიეთ, ვეღარ გაგვერკვია ვისთან ვისი სახელით გველაპარაკა. მაშინ ვიგრძენით თავები „Shutter Island“ – ის პერსონაჟებად, რომელიც შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე არიან გამოკეტილები და არ იციან ვისი ნდობა შეიძლება.

იქ საინტერესო ამბები დატრიალდა: საღამოს, როცა ვითომდა სამინისტროს ატაშეებმა შორტები ამოვიცვით და ბარძაყები გამოვამზეურეთ, ბავშვებმა ფრენბურთის სათამაშოდ მიგვიწვიეს. რატომღაც დავთანხმდით. შუა თამაშში ერთი მეათეკლასელი მობაბულიკო ტიპი გამოიკვეთა. ამის გამო ფირცხელა მიახლოვდება და მოურიდებლად მეკითხება:

–         მოვუტყნათ დედის ტრაკი?

–         დაოკდი

მე დაახლოებით ხუთი წუთი დამჭირდა გიოსთვის იმის ასახსნელად, რომ ჩვენ, სამინისტროს ფსევდო თანამშრომლებს, მეათე კლასელი ბიჭისთვის არათუ დედის ტრაკი არ უნდა მოგვეტყნა, პირიქით, უნდა დაგვეყვავებინა.

ფირცხელას ფარული აგრესია ახალგაზრდების მიმართ შუაღამისას კიდევ ერთხელ გამოჩნდა. როგორც ჩანს ზოგიერთები ღამ-ღამობით ცარიელ ოთახებს ეძებდნენ ბანქოს სათამაშოდ. ისე მოხდა, რომ ერთერთში მე და ფირცხელა დავუხვდით. მე ღრმად მეძინა და იქამდე ვერაფერი გავიგე, სანამ გიოს განწირულმა ხმამ არ გამომაღვიძა: „გააჯვით აქედან“. თვალი რომ გავახილე, დავინახე, როგორი შიშით უყურებდნენ ახალგაზრდები საცვლებისამარა დარჩენილ ჩემს ბალნიან სხეულს.

მეორე დილით საერთო სააბაზანოსთან რიგი დამითმეს.

ბანაკში ერთი ტკბილი შოტლანდიელი ბაბუ გავიცანით – ბილი ერქვა. ფირცხელას ბრიტანული აქცენტი მოესმა თუ არა, ეგრევე დაიძაბა, როცა გაიგო შოტლანდიელი იყო ყელში ბურთი გაეჩხირა და ნიკაპი აუკანკალდა, ხოლო როცა ბილიმ გიორგის საყვარელი გუნდის შესახებ გაიგო და  თქვა: „გოდ ბლეს ლივაფულ“, ფირცხელა დედა-ღვთისმშობელს მადლობას სწირავდა წყალტუბოში  ვოიაჟისთვის.

მოგვიანებით, ნინიას ბიძის სახლში ფირცხელამ ბილი მაგრად დაათრო. თვითონაც გვარიანად შეჟუჟუნდა და სუფრის დასასრულს ლამის ასეთ დიალოგებს მოვკარი ყური: „ჩვენმა შვილებმა ერთმანეთი არ უნდა დაკარგონ“, „რუთი და პატარა ანგელოზები დამიკოცნე“… ეგ კი არა,  გამოსვლისას „გაფრინდი შავო მერცხალო“ ამღერა დაბალ ხმაში.

ჩვენი სამეგობროსთვის ფირცხელანის სახლი მთავარი საფიხვნოა. „მკვდარი პოეტების საზოგადოებაში“ – გამოქვაბული რომ აქვთ – ისე. მის ოთახში კი ბრიტანეთი და მსოფლიო კინოკლასიკა ერთმანეთს ერთვის.

გაუმარჯოს ფირცხელანს!

 

6

სვეტა

ჩვენთან ერთი კაფე-ბარი იყო.

კაფე-ბარი პირობითად ერქვა, თორემ სინამდვილეში დიდი დარბაზი გახლდათ, რკინის გასაშლელი მაგიდებით, ზედ გადაკრული ალაგ-ალაგ ამომწვარი პრიალა გადასაფარებლებით და ქელეხის სკამებით.

ვინ უნდა დამდგარიყო უკანასკნელ გზაზე, რომ მისი ქელეხი ამ კაფე-ბარში არ გამართულიყო – საარაკო ქელეხი გულისმომკვლელი მოსაგონარებით. აქ იყო ცრემლი, იაფად ნაშოვნი ღვინო, ცოცხალი თევზი, მუქი შილა, ნათელი, სანთელი და ხანდახან, ღრეობის დასალიერს მაგიდის კუთხეში ანაზდად ნამღერი ხასანბეგურაც.

ალაგ-ალაგ ლხინის სუფრებიც იმართებოდა და უფრო იშვიათად გაუგებარი ღონისძიებები, მაგალითად მამაჩემის არჩევა პარტიულ თანამდებობაზე. იმ დღეს, მესამე კლასელი ბიჭი ძალიან ამაყი ვიყავი.

ძაღლის თავი კი სხვაგან არის დამარხული. კაფე-ბარში კიდევ ერთი ბარი იყო, გვერდითა მხრიდან. გაცილებით მომცრო, ძველებური სავარძლებით – ეგეთები მხოლოდ რესტორან „ბერიკონში“ თუ გინახავთ. ამ ბარის დიასახლისი სვეტა გახლდათ.

სვეტა ყველაზე მამალი ქალია დედამიწის ზურგზე. მე თუ მკითხავთ, გასაქანი რომ მისცემოდა, მსოფლიოს გავლენიანი ქალების ათეულში ანგელა მერკელსაც უკან ჩამოიტოვებდა და ოპრა უინფრისაც. რის ბენაზირ ფხუტო, რა მიშელ ობამა.

სვეტა გასაოცრად ფაშფაშაა, N რაოდენობით თამბაქოს ეწევა და მიმიქარავს 90-იანი წლების სტატისტიკური ძველი ბიჭი – მრავალსართულიანს იგინება და როცა ის გაგინებს, მერწმუნეთ მისი ძუძუები სულაც არ გლოცავენ. საერთოდაც, მგონია, რომ სვეტას გინება ხელოვნებაა.

ეს ქალბატონი საფიხვნოს თავში იჯდა, უფლებებსაც აკაჩავებდა, ძველებთანაც მეგობრობდა და გვარიანი გამტრაკებელიც იყო. იმ დროის კანონები რა ვთქვი, თორემ სვეტას ქურდად არმონათვლა იქნებოდა? – ძედუშკა ხასანზე ნაკლები კი არ გაგეგებოდა.

ერთიც იყო, სვეტამ და მისმა მეუღლემ სამშობლოს მიაშურეს. ჩასხდნენ თვითმფრინავში და გაკვეთეს ჰაერი ისრაელისკენ. იქიდან მოყოლებული საქართველოში რა აღარ მოხდა: ბაბუ წავიდა და თან წაიღო ქელეხის დარბაზების აწყობილი სისიტემა და ძველბიჭური ამბები. კაფე ბარის ადგილას რა აღარ გაიხსნა – ტოტალიზატორი, ტაოპრივატბანკი, საქართველოს ბანკი . . . ვერაფერმა იმუშავა. მგონი სვეტას წყევლა ადევს, ტუტანხამონისა არ იყოს.

დღეს სვეტაობაა. სვეტაობას იმ დღეს ვეძახი, როცა ჩვენი ძველი ძმა და მეგობარი სვეტა მეორე სამშობლოში ერთი-ორი კვირით ჩამოდის, აივანზე გადმოდგება და ებრაულ ფილტრიანს გაუკიდებს. წუთში ერთხელ კი გამვლელებს თავისებურად მიესალმება და მოიკითხავს.

ჰოდა, ეს ქალები ნამეტნავად რომ ინაზებიან და იპრანჭებიან, ერთი სურვილი არ უნდა გაუჩნდეთ რო რკინის კვერცხები გამოიბან და მამალი ქალები გახდნენ? მიბაძეთ სვეტას: გაფაშფაშდით, შავი თმა ქერად გადაიღებეთ და ძირებში მუქი ფერი დაიტოვეთ, გაატრაკეთ, ხალხი დაჩაგრეთ და დილაობით შემხევდრს თამბაქოსგან ჩახლეჩილი ხმით გურჯულად მიესალმეთ: „დათოჯან, დრასტი შე ტრაკო“.

 

4

ჩატი, სახელად Gala.net

Gorgiladze.dato@inbox.ru  – ასეთი იყო ჩემი პირველი ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელიც დიდი ენთუზიაზმით შევქმენი ახლად ნაყიდ კომპიუტერში. მაშინ, ჩემმა თანაკლასელმა გოგონამ (ცხოვრების დიდი ნაწილი მოსკოვში ჰქონდა გატარებული, მე კი – მოსკოვის გაგონებაზე გრძელი ფეხები, გამოყვანილი მკერდი და ქერათმნიანი ქალები წარმომიდგებოდა ხოლმე) ერთი ბუნაგის მისამართი მიმასწავლა: „Gala.net“. ეს იყო უკრაინული ჩატი და უკრაინულივე ფორუმი, სადაც მეტწილად ეთნიკური რუსები იყრიდნენ თავს. მათ შორის უკრაინაში მცხოვრები რუსები.

ჩატში შესასვლელად მარტივი რეგისტრაციის გავლა იყო საჭირო. დამეფიცება, ინტერნეტ მეტსახელის მოფიქრებაზე იმაზე მეტი ვიფიქრე, ვიდრე გამჩენმა სამყაროს შექმნამდე. ქართული სტერეოტიპების მსხვერპლს, დაუძლეველი სურვილი მქონდა რაიმე ცეცხლოვანი შემერჩია, რაც ქართველი კაცის ტემპერამენტსა და ქალთმოყვარეობას გაუსვამდა ხაზს. ჰოდა, არც მეტი, არც ნაკლები, ასეთი თიკუნი შევირჩიე, დიდი და ლათინური ასოებით: „VELIKI GRUZIN“.  ჩემ მიერ ცხოვრებაში ჩადენილი ნამოქმედარებიდან, ყველაზე მეტად ორი რამ აღმაშფოთებს და მარცხვენს – პირველი ის, რომ იმ გოგოს მინიშნებას ვერ მივუხვდი და ხევში „ტყემლის საჭმელად“ არ წავყევი. მეორე კი – ამ რეგვენული ID-ს შერჩევის სინანულია. სინანული, რომელიც ყოველ გახსენებაზე მაიძულებს სიგარეტს მოვუკიდო და მწარე ნაფაზი გამოვარტყა.

გალა ჩატში ჩემი შესვლა ისეთივე შთამეჭდავი იყო, როგორიც მოსეს ნაბიჯები ორად გაპობილ ზღვაში. საერთო ფანჯარაში წითელი დიდი ასოებით, ამაყად დავწერე: ZDRASTVUITE LUDI, LARISU IVANOVNU XACHU, შეტყობინება ვარფინე, მოურიდებლად გავარღვიე ჰაერი საქართველოდან ნიმფების სამყაროში და ანკესგადაგებული მებადურივით დაველოდე მსხვერპლის გამოჩენას . . .

რა გასაკვირია, რომ არავინ მიპასუხა. სახელიდან გამომდინარე, მიიჩნიეს, რომ ერთი კუტუნია ბიჭი ვარ. ღმერთო კი მომკალი, არ გაიმტყუნებოდნენ.

დიდი ხნის განმავლობაში გარსია მარკესის პოლკოვნიკზე უფრო მარტოსული ვიყავი – მის მსგავსად არც მე მეწრდა არავინ. საერთო ფანჯარაში გაგზავნილი ჩემი ტექსტების რიტორიკაც შერბილდა. ვიყავი ჩატის მარგინალივით, მანამ, სანამ თათიკა კეშელავა არ გამოჩნდა.

თათიკა კეშელავა მოსკოვში ცხოვრობდა. თავადვე შემომეხმიანა. „ქართველებთან ურთიერთობა მომენატრა“ – მითხრა. ჩატს სურათების გაგზავნის ფუნქცია არ ჰქონდა, ამიტომაც მეილი მოიშველია. სწორედ ის მეილი – Gorgiladze.dato@inbox.ru. სიმართლე ვთქვა, მე რუსებთან ურთიერთობის დილიხორი უფრო მქონდა, ამიტომაც წერილი უხალისოდ გავხსენი. თურმე, სად ვბანაობ! ფოტო ნელ-ნელა იტვირთებოდა, ფრაგმენტ-ფრაგმენტ იშლებოდა თათიკას სახე. ეს იყო ულამაზესი გოგონა, უკან შეკრული ჩალისფერი თმით, თაფრისფერი თვალებით, ოდნავ აპრეხილი ვცხვირით და უჩვეულო ფერის კანით. როცა სურათი ბოლომდე ჩაიტვირთა, მე მადლობას ვუძღვნიდი ღმერთს, რომ ქვეყნად ჩემი მოვლინება ისურვა; მადლობას ვწირავდი საიტის ადმინს, რომელმაც ვებ-გვერდი შექმნა, ხოტბას ვასხამდი ჩემს თანაკლასელს, რომლმაც Gala.net-ის ბილიკები მასწავლა.

იმ წუთის მერე გაათმაგდა ჩემ მიერ გაცდენილი გაკვეთილების რაოდენობა, დავიკელი წონაში, რადგანაც სამზარეულოში იშვიათად შევდიოდი, ჩამიშავდა თვალები, რადგანაც ლეონარდო და ვინჩის გრაფიკით მეძინა. გავიდა რამდენიმე დღე და თათიკამ მითხრა, მამაჩემთან ჩამოვდივარ თბილისშიო, მანდ ბიზნესი აქვს და ზაფხული მაქეთ უნდა გავატაროო, მანდ მარტო ყოფნა არ მინდა  და კომპანიონობას ხო გამიწევო?

„ჰოი, სულთამხუთავო და ყოვლისშემძლე მაჯლაჯუნა, წმინდაო სილვია – განგადიდებ მე შენ“ – ვიმეორებდი გუნებაში და იმის მიუხედავად, რომ თათიკა ორ თვეში უნდა ჩამოვიდეს, ტანსაცმელს ვირჩევ.

მაგრამ ჩემს ბედს ხომ ო’ჰენრი წერს. სინამდვილეში მომხდარა ასე: ჩემს ძმას თავის შეყვარებულთან (აწ უკვე მეუღლესთან) უთქვამს, ჩემი ძმა სულ დაქლიავდა, რუს ქალებს დაეძებს ჩატებშიო. ჰოდა, დაუგეგმავთ მზაკვრული გეგმა – ბომბეიდან ლონდონამდე ჩემი დაცინვისა. ასე აღმოჩნდა თათიკა კეშელავა თამთა მჭედლიძე. ასე აღმოჩნდა ჩემი ძმა ჩემი გამქილიკებელი. ასე აღმოჩნდა თათიკას სურათი რომელიღაც რუსი მოდელისა და ასე აღმოვჩნდი მე VELIKI GRUZINI  – სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.

ისე მოხდა, რომ დღეს Gala.net-ზე შევიხედე და გამახსენდა მიმოწერები мательдоник-თან, кабаскас-სთან და თათიკა კეშელავასთან. ახლა, როცა ამ ტექსტში ბოლო წერტილს დავსვამ, გავხსნი ოკუპანტი ქვეყნის ერთერთ მძლავრ საფოსტო საიტს და შევეცდები თათიკა კეშელავას ფოტო ვიპოვო. თუკი პაროლი გავიხსენე, რა თქმა უნდა.

 დათო გორგილაძე

15

ვაჟიშვილების საკითხავი

აფრიკაში ერთი საუნაა. მოსკოვის პროსპექტი ბოლომდე უნდა მილიოთ და მწვანე ფერის სასტუმროსთან, რომელზეც ბორდელი ითქმის, მარცხნივ გადაუხვიოთ. იაროთ, იაროთ, ხიდქვეშ გაძვრეთ და 200-300 მეტრის მოშორებით ისევ მარცხნივ აიღოთ საჭე. რა დასამალია, რომ ამ საუნას დანიშნულებისამებრ არავინ იყენებს. სწორედ აქ ჩავაბარე უბიწოება ჯუნას – ქალს მეგრული ყველის მსგავსად ჩამოწელილი ძუძუებით და რაგატკასავით მოგრეხილი წვივებით, რომელთა შორისაც ცხენზე ამხედრებული ქამარ-ხანჯალ-მაუზერ ასხმული დათა თუთაშხია თავისუფლად, ჭენებ-ჭენებით გაძვრებოდა. ჯუნას ასევე ამშვენებდა ოპერაციისგან ნაანდერძევი იარა მკერდიდან იმ ადგილამდე, რომელთან საურთიერთოდაც აფრიკას ვესტუმრე.

სამწუხაროდ, თბილისში ასე ხდებოდა: 14-15 წლის ბიჭებს, რომლებსაც ჯერ კიდევ ნედლი ულვაში უყიდიდა სექსუალურ გამოუცდელობას, ბიძები, უფროსი ძმები ან მამების ძმაკაცები მოკიდებდნენ ხოლმე ხელს და უცხოური მანქანებით, რომლებსაც მაშინ „ინომარკებად“ მოიხსენიებდნენ, აფრიკის საუნის მსგავს ადგილებში მიაბრძანებდნენ. „მალაკასოსი“ უძველესი პროფესიის მქონე ბანოვნებითა და სიგარეტის კვამლით გაძეძგილ ოთახში სათავისკბილოს ამოირჩევდა და რადგანაც მოლაპარაკების თავი პირადად არ ექნებოდა, თანმხლებს აცნობებდა თავის არჩევანის შესახებ. მეძავთან ლაპარაკი იოლი საქმე როდია, თავისი სირთულით ის ბანკში გამაგრებულ ტერორისტებთან მოლაპარაკებას უტოლდება. 1000 რამაა შესათანხმებელი: ფასი, სიყვარულობის ქრონომეტრაჟი, რეზინის ხარისხი. მითუმეტეს გამოუცდელების დაკაცება, ან დავაჟკაცება, როგორც ამას ჩვენს მხარეში უწოდებენ, ზოგისთვის საწვალებელია, ზოგისთვის სახალისო, ზოგისთვის კი იოლი შრომა, რადგანაც სავარაუდოდ გამოუცდელი არც ნასვამი იქნება და ზედმეტი ფანტაზიორული მოთხოვნებითაც არ შეაწუხებს. თუმცა, კამიკაძეებიც არსებობენ. მოკლედ, ბოზს გააჩნია.

სანამ ჯადოქრობა დაიწყება, ბიძა ყველაფერს აჟურში მოიყვანს და ბანოვანი ჯაბუკს ნომრისკენ გაუძღვება. ჰოდა, თუკი შენობა ლაბირინთულია, შეიძლება ეს პროცესია სიკვდილმისჯილის დასახვრეტ ოთახამდე გასავლელ გზას შევადაროთ. და თუკი ლაბირინთული არ არის, მაშინ ნერვიულობის ხარისხით ყველა შემთხვევაში გაუტოლდება. ნომერი პირობითი ნათქვამია. არსებობს დაწესებულებები, სადაც ნომრის მაგივრად 3 კვადრატული მეტრის ფართობის ალაგი და თეთრი ლუდოვიკოს ნაცვლად უროლოგიური სავარძელი დაგხვდებათ. პრინციპში, უროლოგიური სავარძელი რიგ შემთხვევებში ამართლებს, რადგანაც თუკი რეზინა საკმარისად გამძლე არ აღმოჩნდა, პარალელურად მასზე შემოსკუპებას შეეჩვევი. საუნების განუყოფელი ატრიბუტი რეზინის ჩუსტებია, რომლებსაც M2000  აწერია, მუდმივად საწოლის (ან უროლოგიური სავარძლის) სასთუმალთან აწყვია და მათ მოხმარებასაც ბანოვანი უცილოდ რამდენჯერმე შემოგთავაზებთ. ჰოდა, თუკი რაიმე ვენერიულს გადაურჩით და M2000-ები ჩაიცვით, მაშინ სოკოსგან ვეღარ დაიძვრენთ თავს.

როცა ნომერში ვულკანები იფრქვევა, NASA-ს რაკეტა სტარტს იღებს, ელმავალი იქამდე მიუწვდომელ სიჩქარებს ავითარებს და კვირტები იფურჩქნება, ბიძათქვენი კარს უკან ბოლთას სცემს და ცდილობს ხმები ამოიცნოს. თუმცა, მაღალხმოვანებაზე დარდი ამაოა, პირველ ჯერზე რადიოს გემოვნების მიხედვით მომართვა არსენა ოძელაშვილსაც არ გამოსვლია. ჩემი აზრით რა თქმა უნდა.

რადგანაც ამ დროს თქვენი ოღრაშული მეტსახელი იძერწება, შეგიძლიათ დედაკაცთან მცირე ფინანსურ გარიგებაზე წახვიდეთ, რათა ნომრიდან გამოსვლის შემდეგ, კართან მდგომ ბიძათქვენს აქოშინებული ხმით, ერთსიტყვიანი წინადადებით მიუგოს: „მხეცია“.

ერთხელ საოცარ უხერხულობაში ჩავვარდი: ასე, მე-7 კლასში ვარ. მამაჩემს სამსახურში გავყევი და სანამ პაციენტს იღებს, მე კლინიკის ეზოში ვდგავარ სხვა ხალხთან ერთად. რამდენიმე ექთანი ქალი, დარაჯი და ვიღაც ადმინისტრაციასთან გათანაბრებული კაცები. გარეგნობით სრულწლოვანს ვგავარ, მაგრამ გაუპარსავი ულვაში ჩემს სექსუალურ წარსულზე ხმამაღლა ლაპარაკობს. ერთერთი კაცი თავისი ოღრაშული კარიერის დასაწყისს იხსენებს და ზუსტად ასე ჰყვება: „ცხონებული ბიძაჩემი, სოხუმელი კაცი იყო, ნაღდი ბერეჟნი კაცი. მაგან რო საჩუქარი გამიკეთა, ეგეთი არ გენახოს. გავიხედოთ, მირეკავს ამოდიო. ავედი და რას ვხედავ, მაგარი გრეჩკა (ჩემი ღრმა რწმენით ბერძენს გულისხმობდა) ქალი დამახვედრა. თვითონ გავიდა. რო ვეცი და გავჭიმე რააა, ფრთები გავშალე, ფრთები “. ექთნები, დარაჯი, ყველანი ჩაბჟირებამდე იცინიან. ზრდილობისთვის ვიცინი მეც, მაგრამ დიდ ბედნიერებას ხომ დიდი უბედურება მოსდევს. ჰოდა კახა (მის სახელსა და შესახედაობას რა დამავიწყებს) მობრუნდა და მეკითხება: „ქალთან მანყოფი ხარ შვილი?“. ყველა ჩემკენ ბრუნდება, ექთნები იუდას ღიმილით მიყურებენ. „ღმერთო, რატომ მეხი არ დამეცემა; მტკვარო, რატომ არ წამლეკავ; მიწავ, რატომ პირს არ გახსნი ჩემ ფეხებქვეშ; დედაჩემო, რატომ დამბადე“ – ვფიქრობ გულში და ყელში ტირილის ბურთი მეჩხირება. . .

ეს ეპიზოდი მაიძულებს დავფიქრდე: რატომ „მიდიან ქალებში“ მოზარდები? ქალი უნდათ? თუ ვაჟიშვილობის სცხვენიათ? – ალბათ ორივე ერთად, თუმცა მთავარი მაბიძგებელი ალბათ სირცხვილია. მახსოვს ბავშვობაში როგორ ვყვებოდით დიდი სიყვარულობების ამბებს მაშინ, როცა ვაგინა მხოლოდ ტელეეკრანზე ან გაზეთის „ძინ-ძინ“ ფურცლებზე გვენახა.

საქართველოში სექსი არის, მაგრამ მისი იერსახე მეტად მახინჯია. ახალგაზრდა ყმაწვილების უმეტესობა კომპლექსიანია  და თავისი პირველი სექსი მხოლოდ მეძავთან ესახება, ზმანებებში კი სხვა ქალებს ხედავს. ეს ყველაფერი იმით გვირგვინდება, რომ ბოზთან სიყვარულობის დროს, ორგაზმის მოახლოებისას თავისი შეყვარებულის სახელი წამოსცდებათ ხოლმე. ზოგიერთი შეყვარებული ამას თავისებურად ათეთრებს: „კაცია და რა ქნას“, ზოგი გმობს. არსებობენ ისეთებიც თავიანთ აპკს რომ საგვარებულო თოფივით უფრთხილდებიან და სამაგიეროდ ანალურ და ორალურ სიამოვნებას ჩუქნიან ჭაბუკებს. მოკლედ, როგორც ერთმა გამჭრიახმა დაწერა, რომლის სახელიც სამწუხაროდ არ მახსენდება, საქართველო აპკისტანიაო.

აქეთ იანუსივით ორსახოვანი გივი სიხარულიძე გვყავს – ვითომ სექსმანქანა, რომელიც ფართო აუდიტორიის წინაშე ურცხვად ჰყვება თავის ოღრაშულ ისტორიებს და ამასთანავე წმინდა სიყვარულს ქადაგებს.

შედეგად ჩვენ ბევრნაირი შემთხვევა ვიცით: ვიცით ადამიანები, რომლებსაც სექსუალური განათლება არ ეყოთ, როგორც თავად ამბობენ ბრმად მიენდნენ და მუცელგამობერილები დადიან;  ვიცით ორმოცწელსგადაცილებული ბანოვანები, რომლებმაც უბიწოება თეთრ ცხენზე ამხედრებულს შეუნახეს და ქორწილის პირველ ღამეს სასწრაფო დახმარების ბრიგადები უჩერებდნენ სისხლდენას; ვიცნობთ ქალიშვილებს, რომლებიც ბლოუჯობის ოსტატები არიან და როგორც ერთ ანეკდოტშია, ისეთ მინეტს აკეთებენ, კაცები ეხვეწებიან მასწავლეო. სად ვართ დღეს ჩვენ სექსუალური განათლების მიხედვით?  ევროპაში, ამერიკაში, აზიაში თუ სადმე ისეთ პლანეტაზე, რომელიც ჯერ არ აღმოუჩენიათ?

დავუშვათ ჯანდაბაში ვართ, მაგრამ იქიდანაც ხომ უნდა არსებობდეს გზა? მთავარია, ბიოლოგიის მასწავლებლები ანატომიის წიგნებში იმ გვერდებს არ გადაახტნენ, რომლებზეც ადამიანთა გამრავლების შესახებ წერია. გივიმ კი ილაპარაკოს. პარალელურად.

9

სად მთავრდება რეალობა და იწყება მტკვრის მარჯვენა სანაპირო

ვაზისუბანი ნაცრისფერი მიწაა. ოცდათხუთმეტი წლის წინ აშენებული უფერული და უკვე წვიმისგან ჩამორეცხილი კორპუსებით და რამდენიმე სასადილოთი. ამათგან ერთერთში ბუზების შემმუსრავი ლენტი ზედ მაგიდის თავზე ჰკიდია; მეორეში მიმტანები იღრინებიან; მესამეში კი – თუ ბედი გაგიღიმებთ, ისეთივე საჭმელს შეჭამთ, როგორსაც გამდიდრებული ბუდარა და ბუდარიხა აჭმევენ თავიანთ ჭკუასუსტ მუშას. თუმცა, რა დასამალია, რომ ალაგ-ალაგ თანამედროვეობის ელემენტები იჩენს თავს და მაშინვე შეხვერდრის დათქმის ადგილებად შეიქნება ხოლმე. „სმარტთან დაგელოდები“, „ლიბერთი ბანკთან გამიჩერეთ“, „ტაოსთან მოდი“ – ეს ფრაზები ვაზისუბნური დიალექტის ნაწილი ხდება. სულ პირველი კი – ეკლესია იყო. აქ ისეთები უთქვამდნენ ერთმანეთს პაემანს, ღმერთის სახელი რომ მხოლოდ ლათინოამერიკულ სერიალებში გაეგოთ, გვადალუპეს ან პრეფექტას ბაგეებიდან გამომსკდარი. ისიც, უნიჭოდ ნათარგმანები.

აი, ჩემი სტუდენტობისას ბრენდების აშკარა სიდუხჭირე იყო. ღრმა ბავშვობაში კი ბრენდი ალბათ სალანძღავ სიტყვად გამოიყენებოდა. ნაცრისფერს მხოლოდ ყვითელი ავტობუსები აფერადებდა, რომელთა დამუხრუჭების დროს გამოცემული ჭრიალის ხმა იმჰოტეპს მკვდართა წიგნში ჩაბეჭდილი შელოცვის გარეშე გამოიხმობდა საიქიოდან. ახლა ყვითელი ავტობუსები ყვითელმა სამარშრუტოებმა ჩაანაცვლა და იმჰოტეპსაც მშვიდად სძინავს, ვიდრე სამუხრუჭეების პირველ ცვეთამდე.

რამ დამავიწყა: სამაგიეროდ, ახალ წელს, ბოძებზე თოვლის ბაბუებს ჩამოკიდებენ ხოლმე. ყოველ შეთხვევაში, წრფელი გულით მინდა მწამდეს, რომ ეს თოვლის ბაბუაა და არა ჯეკი მფატრავი, ან რომელიმე მისნაირი ოხერი სერიული მკვლელი. ჩვენ ყველანი იმას ვხედავთ, რისი დანახვაც გვინდა. ახლა, რომელიღაც ჩინური კომპანია ოლიმპიურ სოფელსა და დიდ სავაჭრო ბაზას აშენებს, რაზეც ერთი მითქმა-მოთქმაა ატეხილი. ამიტომ მეშინია მარტინ სკორსეზეს „ვაზისუბნის ბანდების“ გადაღების საბაბი არ გაუჩნდეს. დღემდე ურყევად დგას რამდენიმე საბანკეტო დარბაზი, რომლებშიც ჩვეულებრივზე ხშირად სახელოვანი ქელეხები იმართება და როგორც ერთ ხუმრობაშია, ისეთი ხაშლამა შეაქვთ, ხალხი ფეხზე დგება და ტაშს უკრავს. ხანდახან ბისზეც იძახებენ. როგორც წესი, სუფრის სიმძიმეს და მიცვალებულის ასაკს გააჩნია.

ღრმად მწამს, რომ ვაზისუბნის სიმდიდრე მეზობლებია და ღრმადვე ვწუხვარ, რომ ამ მხრივ, ბოლო დროს, გაღარიბებისკენ გვიჭირავს გეზი. ძველ დროს არ მივტირი, ღმერთო კი მომკალი, მაგრამ ბნელი ოთახის შუაგულში აგიზგიზებული ერთი პატარა ლამფა ალბათ თავისას შვრებოდა. თავისი საქმის მკეთებელი იყო „სანტა ბარბარა“, „ბლანკოს ქვრივი“, „ველური გული“ და „სამანტა“. ჩემი აზრით, თუკი „გლობო“ თავისი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი საპნის ოპერის სცენარის შექმნას ჩვენ მოგვანდობს, „პაჩკა-პაჩკა დოლარები“ გარანტირებულად ჩამოუცვივდება ციდან. მეზობლები კი, როგორ ვთქვა? – გვერდით არიან, მაგრამ თითქოს შორეულ მოგზაურობაში წავედით ყველანი და ერთმანეთს ტელეფონით ვეხმიანებით. ტელეფონით, რომლის ყურმილშიც განწირული ხმით უნდა იყვირო, თუკი ხმის გაწვდენა მართლაც მოგდომებია.

ვაზისუბანი ალალი ხალხის სამფლობელოა. მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ანჯელინა ჯოლის ტუჩებში არ აკოცებენ, რადგანაც 100%-ით დარწმუნებულნი არიან, რომ ჯონ ვოიტის ასულს მავნთათვის ორალური სიამოვნება მიუნიჭებია. რა თქმა უნდა, სათქმელი მე გადავპრანჭე, თორემ ჩემი ალალი ნაცნობები ყველაფერს პირდაპირ ამბობენ: „მინეტჩიცაა“ ან „პირში აქვს აღებული“. გაგიკვირდებათ და ასეთი ხალხი მიყვარს – ღაღადებენ იმას, რისაც გულით სწამთ. ჩემი აზრით ეს გაცილებით უფრო დიდი ღირსებაა, ვიდრე ემხრობოდე იმ აზრს, რისიც არ გჯერა. მგონი მაგას კონფორმიზმის მეორე სტადიას ეძახიან. ვაზისუბანში კონფორმისტები იშვიათობაა.

იყო ხანები, როცა ჩვენთან ნემსზე ჯდომა და მთელი ოჯახის ფულის საკუთარ ვენაში გაშვება უყვარდათ. მე მინახავს როგორ ამზადებდნენ ბაიანებს შებინდებისას კორპუსის წინ და როგორ მოსდიოდათ დორბლები მოუთმენლობისგან. მე მინახავს ჩემი უფროსი უბნელების მკლავები, რომლებსაც ნანემსარების ნაცვლად ჭები ჰქონდათ ხელებზე. მომისმენია მათი საუბარი და მივმხვდარვარ, რომ ცხოვრებაში უნდა იყოს რაიმე ამაზე უფრო საინტერესო და მართალიც აღმოვჩენილვარ. მე ახლაც ვხედავ იმ ადამიანებს, რომლებმაც წარსული გაჭირვებით დაივიწყეს და თვალებში ვკითხულობ, როგორი ენთუზიაზმით დაიბრუნებდნენ დაკარგულს დროს, მაგრამ თავადვე ხვდებიან, რომ ეს შეუძლებელია. მაგრამ ცხოვრების გაგრძელება მაინც ღირს.

ჩვენ განთქმულები ვიყავით მოჩხუბარი ძაღლებით. აქეთ პიტ-ბული, იქით – სტაფი; აქეთ მეცხვარე, იქით – ბულ-ტერიერი. მე მინახავს ჩხუბები სიკვდილამდე, როცა ძაღლები ერთმანეთს ყელებს აცლიან, პატრონები კი თავგამეტებით ყვირიან: „დაფერთხე“ ან „ხორცი ჭამე“. მე მინახავს დამარცხებული ძაღლების მეპატრონეთა სახეები და წამიკითხავს მათი ფიქრები იმის შესახებ, რომ ისინი გამოსირებულები არიან. და მართლაც ასეა.

გვიცნობდეთ: ვაზისუბანი თბილისური რაგბის მექაა. აქედან სახელოვანი ხალხი წასულა დიდ რაგბიში და ჩემი ახლო მეგობრები დღემდე ცდილობენ ტრადიცია დაიცვან. თუკი ვაზისუბნელებს რაიმე მართლა კარგად გამოსდით, ალბათ ერთერთი პირველი რაგბის ბურთაობაა. მერე  ლუდის სმა და ქალებზე ლაპარაკი.

თუკი ჩვენს მიდამოებში ხელჩართული ჩხუბი არ გინახავთ, სტივენ სიგალის, სილვესტერ სტალონეს ან ჟან კლოდ ვან დამის ცქერით დაკარგულს ვერ დაიბრუნებთ. მაშინ, ბაბუს დროს, როცა დანარჩენ თბილისში ცივილურად, ანუ დანებითა და ცეცხლსასროლი იარაღებით არკვევდნენ მტყუან-მართალის ვინაობას, ვაზისუბანში ჭეშმარიტების დასადგენად ხელყუმბარა გამოიყენებოდა.  ჰოდა თუკი  გრიგოლ ორბელიანს უნდა თავისი მუშტი – კრივით რომელიმე ბანოვანი გააოცოს, დაუკარგავს ის ქალი და ეგაა. თავის დროზე ჩვენს საზღვართან ჩაკ ნორისის მოქმედების არეალიც კი წყდებოდა.

ცნობილი ამბავია: „ცუდია, მაგრამ შენია“. არაა, ვაზისუბანი სულაც არ არის ძალიან ცუდი, მაგრამ საქმე საქმეზე თუ მიდგა, ალბათ ბევრ ალაგს ვამჯობინებდი. მაგალითად ქიაჩელის ქუჩას. სტუდენტობისას დამეწყო და ხანდახან ახლაც მეუფლება ხოლმე რაღაც უცნაური გრძნობა: როცა სამარშრუტოში ჩავჯდები და ვაზისუბნის „ტრუბას“ ჩავცდები, მერე მოძმე ვარკეთილს გავშორდები, აეროპორტის ტრასას მივლევ, ისნისა და ავლაბრის სტეპებს დავლაშქრავ და ბარათაშვილის ხიდსაც ბორბალ-ბორბალ გადავივლი, ვხვდები სად მთავრდება რეალობა და იწყება მტკვრის მარჯვენა სანაპირო. ჰოდა, როგორც ვალიკო მიზანდარის სიმღერაშია, მაშინვე ვგრძნობ, რომ სადღაც, შორიდან ჩემი ბავშვობა მათბობს.