8

კედი

შავი, გრძელი კაბა ეცვა, ფეხსაცმელიც შავი ჰქონდა – მაღალყელიანი, ხვეული, ჰაეროვანი თმა კეფაზე შეეკრა, ზედა ტუჩთან წერტილივით  ხალი მოუჩანდა და იდგა 2007 წლის 12 ოქტომბერი. სწორედ მაშინ გავიცანი  კედი, როგორც ჩემი მეგობრის, სანდრო ლორთქიფანიძის არაბიოლოგიური, მაგრამ ბიულოგიურზე უფრო ახლობელი და. გავიცანი მაშინ, მაგრამ როგორც მოგვიანებით გაირკვა, მანამდეც არაერთხელ შევხვედროდით ერთმანეთს.

თაკო ფოლადაშვილი, იგივე თამარა სტალინა, როგორც ერთერთ წერილში მოვიხსენიე, ჩემი ჯგუფელი აღმოჩნდა. იმდენად წყნარი, ჩუმი და ბეჯითი, რომ იქამდე ვერც კი შევამჩნიე. მოგვიანებით, როცა ჩვენ უკვე გულითადი მეგობრები ვიყავით, გამიმხილა, რომ პირველ კურსზე სწავლისას, ლექტორის წინაშე ჯოჯოხეთურად უხერხულ მდგომარეობაში ჩამიყენებია. როგორც ჩანს, ჩემს ამპლუაში ვიყავი. ეს იმ პერიოდზე ვყვები, როცა  მხრცოვანი შესახედაობის წყალობით უცნობი პირველკურსელების აუდიტორიებში შევდიოდი და ვატარებდი ერთობ საინტერესო და დამაინტრიგებელ ლექციებს – „შესავალი სექსუალურ მეცნიერებებში“. ლექციის დასრულების შემდეგ კი ხმამაღლა ვაცხადებდი: „სემინარებსაც მე ჩავიბარებ“ და წამიერად აირეკლავდა ხოლმე შიში პირველკურსელი გოგონების თვალებში. შიში და სიკეკლუცე.

მერე იყო ზაფხული. ზაფხული, რომელიც ალბათ არასოდეს დამავიწყდება თავისი შინაარსიანი სატელეფონო წერილების გამო, რომელსაც მე და თაკო ერთმანეთს ვწერდით. არა! ჩვენ არ ვიყავით „ბალის თაობის“ ხალხი და გაწიე-გამოწიე ხუთ-ხუთი მესიჯი გაგვეგზავნა დღე-ღამეში, მაგრამ წერილიდან წერილამდე იმდენს ვფიქრობდით, მეეჭვება გამჩენს ეფიქროს ამდენი სამყაროს შექმნამდე. სხვა შემთხვევაში სამყარო გაცილებით უკეთესი იქნებოდა.

ჰოდა, მიდი-მოდიოდა მესიჯები. მაშინ არ ვიცოდით ვინ ვიყავით ერთმანეთისთვის. ვითომ მეგობრები?  – არც მთლად. რაღაც  მღელვარება იდგა ჩვენ შორის. მოფლირტავე გოგო-ბიჭი? – მოიცა ერთი, როდის იყო ფლირტის დროს ეგეთი საინტერესო საუბრები იხლართებოდა. ალბათ უფრო  ინტერესიანი პირველკურსელები გახლდით. ინტერესიანები და როგორც ბრაზილიური სერიალების ქართულ თარგმანებში ამბობენ ხოლმე – ცხვირმოუხოცავებიც.

ალბათ საუკეთესო მეგობრები ყველას სხვადასხვა ადგილზე გყავთ ნაპოვნი. ზოგი ბავშვობიდან მოყვებით ერთმანეთს. იქნებ პურის რიგში გაიცანით ერთმანეთი და მას მერე ერთად დადიხართ. ზოგს უნივერსიტეტში ნახავდით – ყველაზე უინტერესო ლექციაზე. ვინ – სამარშრუტოში, ვინ – ნაგავსაყრელზე. ამას მნიშვნელობა არ აქვს, ფაქტი ერთია: როცა გვერდიგვერდ დადიხართ, როგორღაც ერთმანეთის გულისცემა გესმით. ჩემი და კედის მეგობრობა კი სკაიპიში გამოიძერწა და როგორ გითხრათ? – მიქელანჯელოს შედევრია ჩემთვის, ხან ძალიან თეთრი და მზიანი, ხან ღრუბლიანი და კუშტი, მაგრამ უდაოდ მიქელანჯელოსი.

კედი საოცრებაა, საშუალო სიმაღლის ხვეულთმიანი და ჰაეროვანი საოცრება, რომელიც კეთილი ჯადოქარია მეგობრებისთვის. ასეთ გრძნეულ ამბებში სუსტი ვარ და დილეტანტურად აგიხსნით: აი, სხვების დარდებს რო თავის თავზე იღებს და იზიარებს. იზიარებს დაუზარებლად. იმ გრძნებულებისგან განსხვავებით კედი მხოლოდ ახლო მეგობრებს გვეხმარება. უანგაროდ და დაუზარებლად. კედი კეთილი ფერიაა. ჰო, ჰო, ჰო, რამდენი საათი გაგვიტარებია უნივერსიტეტის ეზოში ჩემს ოღრაშ პრობლემებზე ლაპარაკში და ვერ ვიხსენებ სახეზე ერთი გრამი დაღლა შემემჩნიოს.

კედი ჩემთვის საჩუქარია, მაგრამ მე კედისთვის უფრო პრობლემა ვარ. ახლა აღარ. სტუდენტობის დროზე ვღაღადებ, როცა თამარა ჩვენ ორის მაგივრად წერდა დავალებებს და მე კი ურცხვად ვიღებდი ქულებს. ახლა მაგისტრატურაში ვსწავლობ და კედი ისევე მაკლია, როგორც ხელები ან თვალები დამაკლდებოდა.

კედი პოეტია. ქართულად რომ ვთქვა „ლექსებს წერს“. კედი მოთხრობებსაც წერს, მაგრამ ჩემთვის ის მაინც პოეტია. რაღაცნაირად მისტიური და საფიქრალი ხაზების ავტორი. როცა მის ნაწერებს ვკითხულობ, მიჩნდება შეგრძნება, რომ კედლები ვიწროვდება და ჭერი დაბლა მოიწევს. გარეთ ნისლი დგება და დიდი პროჟექტორის მჭახე სინათლე მბჟუტავ და გადათხაპნილ ნათებად მოჩნს. ძაღლები ეზოებში ყეფენ, მაგრამ მათი არავის ესმის. კედის ლექსების კითხვისას სხეულით ვგრძნობ, რომ ამ წამს ვიღაც მოკვდა. ვაჰ! ამ წამს ვიღაც დაიბადა. ეს ალბათ იმიტომ, რომ კედი კეთილი ფერიაა და ჩვენს დარდებსაც სხეულში იხვევს. მერე კი, ფურცლებს უყვება. ღირებული ფურცლები კი როდის იყო უჯრებში სამუდამოდ იდებდნენ ბინას.

ჰო! ჩვენ ლიტერატურაც გვაერთიანებს და ღმერთმანი, ყველაფერი წესრიგში ვერა გვაქვს. სულ დაბნეულები დავდივართ. ერთიცაა და სამარშრუტოში ვზივარ, ელბაქიძეს მივუყვები. გაგანია ზაფხულია. გავიხედოთ და კედი მისეირნობს. ვურეკავ:

–         სად ხარ კენდაის? – ვეკითხები და ვიღიმი.

–         სახლში.

–         ეეე – ვფიქრობ ჩემთვის და ვგრძნობ როგორ მედგმევა ვირის თავი, როგორც შორეულ ტომისა და ჯერის თავგადასავლებში მოსდიოდა ხოლმე ტომს.

დაბლა ჩავედი და კედი ლოთიანად გამოვთათხე. კაი ხანს არ ვლაპარაკობდით.

სტალინას მესიჯები ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ისინი ერთი ჩემი ძველი ტელეფონის მეხსიერების ფსკერზეა დალექილი და თუკი ეს ტელეფონი ისეთივე გამძლეა, როგორც ამბობენ, გამოდის, რომ ძალიან დიდხანს მდიდარი კაცი ვიქნები.

 

 

 

19

ისაკა

ნიუტონს რომ ვაშლი დაეცა. არა, უფრო ადრე – რუსთაველმა რომ „ვეფხისტყაოსნის“ წერა დაიწყო. ნწუ, იქნებ უფრო ადრე? – რომის იმპერია რომ დაემხო. არაა, კიდევ უფრო შორეულ წარსულში. . . ხანდახან მგონია, რომ ისაკას მანამდეც ვინობდი, სანამ ადამი ევას გაიცნობდა ან მანამდე, სანამ ღმერთი მიხვდებოდა, რომ ის ღმერთი იყო. ისაკას ღმერთის არ სწამს. მე კი მწამს, რომ მას მართლა არ სწამს ღმერთის და იმ მედროვე „უღმერთოებს“ არ ჰგავს, ვისთვისაც ათეიზმი მოდაშია.

მე და ირაკლი ისაკაძე კლასელები ვიყავით და თითქმის სულ ერთ მერხზე ვისხედით;  ჩვენ წყვილში ვთამაშობდით „ქაუნთერ სთრაიქს“ „მაზიანზე” უბნელების წინააღმდეგ; ჩვენ ერთ გუნდში ვიყავით, როცა „რა? სად? როდის?“ – ვთამაშობდით სხვა სკოლის ნაკრებების პირისპირ (ერთ გუნდში ვართ და ახლაც); ჩვენ ერთ გუნდში ვიყავით, როცა საქართველოს ჩემპიონები გავხდით საკონსტიტუციო ოლიმპიადაში; ჩვენ ერთად ვმუშაობთ „გადაცემაზე რა? სად? როდის“ და ახლაც ერთ მაგიდასთან ვსხედვართ. ანუ, ჩემი სტატისტიკა ალბათ ასე გამოიყურება – ცხოვრების 1/3-ს ძილში ვატარებ, 1/3-ს კი ირაკლი ისაკაძესთან ერთად.

ისაკა ყველაზე ნობისმოყვარე და ნიჭიერი ადამიანია, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ, მაგრამ ცნობისმოყვარეობასაც ნა ნიჭიერებასაც საგულდაგულოდ მალავს. როცა პირველ კლასში შევედით, ისაკამ სწავლის რამდენიმე დღე გააცდინა, მასწავლებელმა კი გვითხრა: „ირაკლი პროგრამას მაინც არ ჩამორჩება, წერა-კითხვა უკვე იცის“. სინამდვილში კი აღმოჩნდა, რომ მან  ინგლისური ანბანიც კარგად იცოდა და სიტყვათა მარაგიც დაეგროვებინა. „ნეტა ვინ არის ეს ირაკლი?“ – ვფიქრობდით. რამდენიმე დღის შემდეგ მოვიდა ერთი ჭიის ნაწლავისხელა ბიჭი, რომელსაც „შაპკა“ (ვარცხნილობა, რომელსაც ბავშვის ღამის ქოთნის დახმარებით აკეთებენ – ავტორის შენიშვნა) ჰქონდა შეჭრილი და ჩვენში დარჩეს, ოდნავ დაუნის იერიც დაჰკრავდა.

მეშვიდე კლასში პირველი გასვლითი მატჩი ვითამაშეთ. ჩვენ მეშვიდეკლასელები, დანარჩენები მეათე – მეთერთმეტე. ძალიან მინდა რაიმე მსუბუქი და ცენზურის ფარგლებში მოქცეული ზმნით აღვწერო იქ განვითარებული მოვლენები და არ გამოვიყენო ისეთი ზუსტი სიტყვები როგორებიცაა „ვიხმარეთ“ ან „დავტყანით“, ამიტომაც უბრალოდ ვიტყვი, რომ გავიმარჯვეთ და შარავანდედით მოსილნი გამოვედით ბრძოლის ველიდან. რაღა ჩვენ, რაღა უილიამ უოლესი სტირლინგის ბრძოლის შემდეგ.

სადღაც მერვე კლასში ისაკამ მერხებზე ხატვა დაიწყო. ხატავდა შიშველ და დიდძუძუებიან ქალებს. დიდი ეჭვი მაქვს, შთაგონება სკოლის წინ მდგომი ბოილერის შიდა კედლიდან მიიღო, სადაც ისეთი სექსის სცენა იყო აღბეჭდილი, ჰო, ჰო, ჰო ეგეთი არ გენახოთ. ჯენა ჯეიმსონის ან ბრუკ ბურკის კადრები ამასთან შედარებით სკოლის ეზოში შებინდებისას „ზასავია“ და მეტი არაფერი. ალბათ მისი სწორედ ამ შემოქმედებითი წიაღსვლის შემდეგ შევეჩვიე ირაკლი ისაკაძის მერხს და ცოცხალი თავით არავის ვუთმობდი ადგილს. სხვათა შორის, ისაკას ერთი ნახატი სკოლის ფოიეშიც იყო გამოკრული. რა თქმა უნდა შიშველი ქალის არა – იმაზე მარინისტული სურათი იყო აღბეჭდილი. თუ სწორად მახსოვს.

ამავე წელს, „რაიონული მასშტაბით“ გამართული ინტელექტუალური თამაშების მორიგ ჩემპიონატზე ჩვენი გუნდი გაბღენძილ-გაბრექილი წასდგა მოწინააღმდეგეთა წინაშე. გადამწყვეტი კითხვაა, გუნდს ორი ვერსია აქვს – „სიკვდილი“ ან „ფული“. ჩვენი გუნდის ერთი გამოსირებული ფურცელს იღებს და წერს „სიკვდილი“, მეორე გამოსირებული ამ ფურცელს ყველასგან უკითხავად სეკუნდანტს აწვდის. წამდენიმე წამის შემდეგ ირკვევა, რომ სწორი პასუხი „ფული“ იყო, ის ორი გამოსირებული კი მე და ისაკა ვიყავით.

ამ ბრძოლის ველიდან კი ისევე გამოვედით, როგორც ჯოფრი ბარათეონი-ლანისტერისა ბინძური კარიბჭის გალავანიდან. ერთი სიტყვით, ჩავისვარეთ.

სწორედ ეგ წელი იყო, როცა საქართველოს ინტელექტკლუბში მივედით. ინტერნეტ-კაფეში საიტი აღმოვაჩინეთ www.mosidze.ge სადაც ეწერა, რომ თსუ-ში კვირაობით თამაშები იმართება და მივაჭერით.

–         ეგაა?

–         კი, კი, ეგაა.

–         შარვალ-კოსტიუმი რატო არ აცვია?

–         რა ვიცი მე, სცხელა ალბათ.

მე და ისაკა ვთათბირობთ გიორგი მოსიძეა თუ არა ის კაცი, ტრიბუნასტან რომ დგას და კითხვებს სვამს.

მივუახლოვდით, ხელი გამოგვიწონა. „ვააა“ – ვიფიქრეთ და ჩამოვართვით.

მე: თამაში გვინდა.

მოსიძე: ითამაშეთ მერე.

მე: ასაკში შეზღუდვა არ არის?

ამ დროს მოსიძე სნიკერსის დიდ ლუკმას კბეჩს და მპასუხობს: „თუ გინდა ბებიაშენი მოიყვანე“. ამ პასუხის შემდეგ მე და ისაკამ კიდევ დიდხანს ვითათბირეთ მართლა მოსიძე იყო თუ არა ის კაცი და საბოლოოდ ჭეშმარიტად ის აღმოჩნდა. იმავე დღეს გავიცანით აკაკი მოსახლიშვილი, რომელმაც „25-ე საათში“ თამაში შემოგვთავაზა. ასე დავიწყეთ და ახლა გადაცემის რედაქტორები ვართ, იქაურ წრეში სიტყვა გვეთქმის და რამე, თუმცა ეს ცალკე თემაა.

მერე აღმოვაჩინეთ შალვა.

შალვა ვიქტორინოქსის დანასავითაა. ინტერნეტ-კაფეს მეპატრონე იყო. იმავე ინტერნეტ-კაფეში უნივერსიტეტი ჰქონდა გახსნილი. იმავე უნივერსიტეტის რექტორი იყო. იმავე უნივერსიტეტში ასწავლიდა სამართალს და სამხედრო კათედრაც საკუთარ თავზე ჰქონდა აღებული. მნიშვნელოვანია, რომ შალვას სტუდენტები ყველაზე სასიამოვნო გარემოში გადიოდნენ სამხედრო კათედრას. რექტორთ-რექტორი ამბობდა, რომ „ქაუნთერის“ თამაში საბრძოლო უნარ-ჩვევებს ანვითარებს და საათში ლარ-ლარსაც მოგებას ნახულობდა. აქვე უნდა ითქვას, რომ რამდენჯერმე მე და ისაკამ ყური მოვკარით შალვას სამართლის ლექციას და მისი პათოსი მაფიქრებინებს, რომ ანდრეს ბრეივიკის უკან სწორედ ის იდგა. როცა შალვასთან პირველად  მივედით, მან ღიმილიანი სახით გაგვაცნო იქაური გარემო და დინჯად წარმოგვიდგინა ინტერნეტ-კაფეს განვითარების მისეული ხედვა. ასევე შემოგვთავაზა ცივი წყალი: „ეს ჩვენი კლიენტების მაქსიმალური კომფორტისთვისაა“ (სად იყო კოკა სეფერთელაძე როცა შალვა განათლების სისტემაში 24- საათიან კომფორტს ქმნიდა). ჩვენ ჭიკა მოვითხოვეთ. ამაზე შალიკო აილეწა და ცალყბად გვითხრა ბოთლიდანვეო. როცა ბოთლს სახურავი მოვხსენი და ზედ პომიდვრის მიმხმარი კანები დავინახე, მივხვდი, რომ კაპიტალიზმში ადამიანი ადამინისთვის მართლაც მგელია.

შალვას კომპიუეტრებში მე და ისაკა ვეზიარეთ „მირკს“. ჩვენი მიმოწერა „შაკალადკასთან“, „ნინჩო_ნინჩო_ კარამელთან“ და „მულატკა-26“-თან არაფრით ჩამოუვარდება ნიკოლოზ ბარათაშვილისა და მაიკო ორბელიანის, ან თუნდაც გალაკტიონისა და ოლია ოკუჯავას მიმოწერას. ყველაფერი კი უხერხულობით დაიწყო:

ჩვენ: Hi

მულატკა_26: asl plz.

ჩვენ: ტრაკიც ხარ და შენი დედასაც შევეცი . . .

აქვე ვთამაშობდით „ქაუნთერს“ და არაერთხელ აგვიტირებია შალვას სამხედრო კათედრაგამოვლილი ბაკალავრ-მაგისტრანტები. მე AVP-ოს ოსტატი ვიყავი, ისაკა M-16-ის. მე ტომას ბეკეტი გახლდით, ისაკა – რემბო. ის „ბლიჟნი ბოი“, მე – „დალნი რასტრელი“ საბოლოო სტატისტიკაში ისაკას 87 კაცი ჰყავდა მოკლული, მე – 3.

მეცხრე კლასში ირაკლი ამირანოვიჩი ხელიდან წავიდა და სკოლაში თვის განმავლობაში 2-3-ჯერ თუ გამოჩნდებოდა ხოლმე. შალვას ბუნაგს მიეჩვია. სახლის ტელეფონს თიშავდა, რომ დამრიგებელს არ დაერეკა და „შკოლნიკის“ ნიღაბსაც ნუგზარ კვაშალივით ირგებდა.  საღამოობით კი დამირეკავდა ბატონი ამირანი, ირაკლის მამა და მკითხავდა ხომ არ იცი სად არისო. მე მივაკითხავდი და წამოვიყვანდი. მერე კი, მანქანაში მიმდინარეობდა ლექცია, რომელიც უცილობლად იწყებოდა ბატონი ამირანის ერთი და იგივე შეკითხით: „მე და ამ კაცს კიბო უნდა გაგვიჩინო?“ . . .

ისაკა ჩემი მშველელია. ვინდოუსი გამქვს გადასაყენებელი? – ისაკაძე; დასაგუგლი მაქვს რამე? – ირაკლი ამირანოვიჩი; ნინიას დავშორდები? – ისაკა მამშვიდებს და მეუბნება, რომ არც ისეთი მახინჯი ვარ, როგორადაც თავი წარმომიდგენია. უფრო სწორად, ჩემზე მახინჯებიც არსებობენ.  ჰო, ერთი ისაა, რომ ქალებში სხვადასხვაგვარი გემოვნება გვაქვს. ამაში სალომე ბარკერი დამეთანხმება, რომელიც ირაკლის შეყვარებული გახლდათ და ერთხელ ვუთხარი მეზიზღები – მეთქი. სინამდვილეში კი ძალიან ბევრი გვაქვს გადამხდარი ერთად საიმისოდ რომ მეზიზღებოდეს. დაე ამ პასქვილმა ამცნოს სალომე ბარკერს რომ ძალიანაც მიყვარს.

ჩვენ ორს შორის ისაკა ყოველთვის პროცესორი იყო, მე – მონიტორი. როცა წარსულს გადავხედავ, ვხვდები, რომ ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპში არის ირაკლი ისაკაძე. მგონი საქართველოში არ მოიძებნება კუთხე, სადაც ჩვენ თავგადასავალი არ გადაგვხდენია. თავგადასავლები კი ქობულეთში დაიწყო, როცა მეცხრეკლასელებმა ერთი კოლოფი სიგარეტი 15 წუთში მოვწიეთ და 3 დღეს ჟირაფის ნეხვის ფერი გვედო სახეზე.

ქართულად როგორ ვთქვა? – ირაკლი ყველაზე „პოხუისტი“ ადამიანია დედამიწის ზურგზე. სკოლა ლეგენდის სტატუსით დაიწყო და მგონი სამებზე დაამთავრა. ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი დაფინანსება მიიღო და ლექციებზე მხოლოდ პირველ სამ კვირას იარა. ირაკლი ისაკაძეს წაკითხული აქვს საბავშვო ლიტერატურა, კლასიკა, ფენტეზი, სამეცნიერო ფანტასტიკა, სათავგადასავლო ლიტერატურა. . . ნანახი აქვს n რაოდენობით ფილმი, დახურული აქვს ყველა სტრატეგიული თამაში და ამასთანავე აქვს მხოლოდ სკოლის ატესტატი.

ირაკლი ისაკაძე პირველ კორპუსში ცხოვრობს, მე – მეთორმეტეში. ჩვენ სახლებ შორის რამდენიმე კორპუსი და სკოლის შენობაა. როცა სადმე ერთად მივდივართ „პიტაჩოკზე“ „ვსტრელავთ“ ხოლმე, სადაც ის მინიმუმ 40 წუთს, მაქსიმუმ კი 2 საათს აგვიანებს. თუ ქალის ამბავია, ანუ „ოდეს გულს დარდი შემოაწვება“ მაშინაც „პიტაჩოკზე“ ვყიდულობთ ლუდებს და სანამ ჩვილი ბავშვის შარდის ფერი არ დაგვედება, იქამდე ვიჭყიპებით.

ცხოვრება კი მიდის. წლები გვემატება. იმედდი მაქვს – ჭკუაც. ვაზისუბნის ინფრასტრუქტურა ვითარდება, მათ შორის „პიტაჩოკიც“. ეროტიული ბოილერის ადგილას ახლა საბანკეტო დარბაზია წამოჭიმული, სკოლა ისევ სკოლაა, მაგრამ ახლა იქ სხვა ბავშვები სწავლობენ და მგონი რა? სად? როდის? და „ქაუნთერი მაზიანებზე“ აღარ იტაცებთ, მე და ისაკა ისევ ძმაკაცები ვართ . . .

. . . და მაინც, სად არის ნეტავ ახლა შალვა?

10

ნ ი კ ა

თქვენ შეგიძლიათ ლეონარდ შელბი დაუძახოთ. ზოგი – კასაბიანს ეძახის. მე გაელ იობარს ვუწოდებ და მისი  ნომერი დღემდე ამ სახელით მიწერია ტელეფონში. ისე კი, ერისკაცობაში,   ნიკა ესებუა ჰქვია.

ხუთი წლის წინ, პირველ კურსზე სწავლისას, როცა ერთმანეთს პირველად დავემგზავრეთ №35 სამარშრუტო ტაქსიში ელბაქიძის დაღმართიდან შინ, ვაზისუბნისკენ მიმავალნი, ნიკამ მითხრა, რომ ალ პაჩინო ყლეა. მე დავეთანხმე.

მას შემდეგ 5 წელი წელი გავიდა და ძალიანაც რომ დავძაბო გონება, მისი ფსკერიდან გამიჭირდება ისეთი საკითხის ამოქექვა, რაშიც ნიკას აზრს არ დავთანხმებივარ. ხანდახან იდეური თანხვდომის გამო, ხანაც იმიტომ, რომ მასთან კამათში ყოველთვის დამარცხებული გამოვდივარ ხოლმე და დასაწყისშივე ფარ-ხმალს ვყრი.

მაშინ ალბათ არცერთს წარმოგვედგინა, რომ №35 სამარშრუტო ჩვენი დიდი მეგობრობის ინკუპატორი გახდებოდა, რადგანაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ლეონარდ შელბი იყო უბრალო ყმაწვილი, რომელიც ჟურნალისტიკას სწავლობდა და ამავდროულად ღრუბლებში დაფრინავდა, ისევე როგორც უნივერსისტეტის სტუდენტთა დიდი ნაწილი.

მაშინ არც ის წარმომედგონა, რომ თსუ-ში ჩემი და ირაკლი გუნიას გარდა არსებობდა ისეთი ვინმე, ვინც მზად იყო კარგი კინოს სანაცვლოდ საკუთარი მარჯვენა ყვერი გაეწირა. ვერც იმას ვიფიქრებდი, რომ ჩემ გარდა დედამიწის ზურგზე დაიარებოდა ტიპი, რომელიც სამარშრუტო ტაქსების მძღოლების მიხედვით კინოპერსონაჟებს ქმნიდა.

თურმე ვცდებოდი. თან, მწარედ.

ლეონარდ შელბი სკოლაში სწავლის პერიოდში გავიცანი ინტელექტუალურ შეჯიბრზე, რომელსაც მე და ირაკლი ისაკაძე ვეტერანი მოთამაშეების რანგში ვესწრებოდით და იდაყვებდაკაპიწებულები, სახეზე დაფენილი ღიმილით ვუყურებდით აუდიტორიას.

ნიკა ახალბედა ჩანდა.

ვინც შელბის იცნობს პარადოქსად მოეჩვენება, მაგრამ როცა ის პირველად ვნახე, წმინდა პეტრეზე ლაპარაკობდა. საუბრობდა დინჯად და აუღელვებლად, წინასწარ შერჩეული სიტყვების გარეშე. შიგადაშიგ ჟარგონებსაც გამოურევდა ხოლმე. იმდროინდელი გარეუბნელი ყმწვილისთვის ეს ლოთიანად გამბედავი საქციელი გახლდათ. ვერ გეტყვით ამან მომხიბლა თუ გამაბრაზა (მაშინ ეკლესიურ ვინმედ ვითვლებოდი), მაგრამ უცნაური გრძნობა კი დამიტოვა.

ესეც პარადოქსია, მაგრამ ლეონარდ შებლი  მეორედ უკვე ეკლესიის ეზოში ვნახე, საკვირაო წირვაზე, რომელსაც მე რწმენით თუ შიშით ვესწრებოდი ხოლმე. ნიკა – არამგონია. მაშინ 5 წუთიანი საუბარი საკმარისი აღმოჩნდა იმის დასადგენად, რომ ერთ უბანში ვცხოვრობთ და ერთსა და იმავე უნივერსიტეტში, ერთსა და იმავე ფაკულტეტზე ჩავირიცხეთ.

რა დასამალია, რომ არსებობდა რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ნიკა ესებუა გულზე არ მეხატებოდა. პირველი მიზეზი ის იყო, რომ იცოდა რა უნდოდა ცხოვრებაში და ისიც კარგად მოეხსენებოდა ამისთვის რისი გაკეთება იყო საჭირო (მე ამ მხრივ ძლიერი ვერასოდეს ვიყავი. ვერც მაშინ, ვერც ახლა), აზროვნებდა გაცილებით უფრო თავისუფლად (ეს არც მე მაკლდა, მაგრამ ნააზრევის თამამად გადმოცემაში კი მოვიკოჭლებდი), იცვამდა თავის გემოზე (მე ამ ყველაფერში ჩემი უფროსი ძმა მეხმარებოდა და პრაქტიკულად მის გამოცვალ ტანსაცმელში გავიზარდე), ატარებდა წვერს (ჩემი ბალნიანობის პატრონს წვერის მოშვება ყოველთვის ბოჰემურ სიამოვნებად მიმაჩნდა), და ჰქონდა გრძელი თმა (რამდენჯერაც იმავეს გაკეთებას შევეცადე, იმდენჯერ განში წავიდა, ბაკები დამიხუჭუჭდა და გამხმარ ნეხვს დაემსგავსა). ამ ყველაფერს პირველ კურსზე სწავლის დროს კიდევ ერთი რკინა-ბეტონის არგუმენტი დაემატა – ნიკა ესებუამ თვალსა და ხელ შუა აგვცაპნა ხატი და იკონა სრულიად პირველკურსისა – იაკო.

მოკედ, ესებუა იუდა !

მაშინ, როცა გაელ იობარმა ალ პაჩინო მამაკაცის გენეტალიას შეადარა, თემოს სამარშრუტოში ვისხედით. ჩვენ დღემდე ვცხოვრობთ და ვარსებობთ ჩვენ მიერვე შექმნილ კინოპერსონაჟებთან ერთად, რომლებიც №35 სამარშრუტო ტაქსის მძღოლები არიან. მე და ნიკამ 5 წლის მანძილზე უამრავი წარმოსახვითი ოსკარი გადავეცით მათ. ეს სრული იდილიის წლები იყო. კინოაკადემიას მხოლოდ ჩვენ ორნი შევადგენდით და სანთლითაც რომ მოგეძებნათ, ვერ იპოვიდით კრიტიკოსს, რომელიც ჩვენს გადაწვეტილებას გაასაჩივრებდა. რაც შეეხება თემოს, ის ერთერთი ოსკაროსანია, კერძოდ კი, ორი ხმლიანი რაინდის მფლობელი.

თემო სულით რაინდი კაცია. თუ ვინმემ 10 თეთრი დააკლო, პირში არ შეგარცხვენს, როცა 100 მეტრით მოშორდები სამარშრუტოს და თავს დაიარხეინებს, მაშინღა მოგაძახებს: „ჩემი თესლით ხარ გაკეთებული შე დედამოტყნულისშვილო?“ – ეს შეკითხვა რიტორიკულია, რადგანაც თემო ის კაცი არ არის, თავისი ცისფერი სპერმა ალალბედად გახარჯოს და სადმე „ბასტარდები“ დატოვოს. დარწმუნებული ვარ, ერთადერთი საბჭოელია, რომლის ნაშიერიც არცერთ სლავურ სახელმწიფოში არ დადის.  ამ ყრანტალის გამო მე და ნიკას არაერთხელ გვინახავს თემოს სახეზე ხუთი თითის ნაკვალევი და ხანდახან დადაღვის მომენტსაც შევსწრებივართ.

საბოლოოდ, თემოს 2 ოსკარი გადავეცით: პირველი ფილმისათვის „ბენზინი“, რომელშიც მან უბადლოდ შეასრულა მძროლის როლი, რომელიც უსამართლობის დასაძლევად პროფკავშირებში წევრიანდება და ბოლოს ჯიმი ჰოფას ძმობილი ხდება. მეორე კი – ფილმისათვის  „ბანქო, ფული, ხაჭაპური და კოკა-კოლა“, რომელშიც თემომ გააშიშვლა წუთისოფლის რუტინა და განგაშის ზარები შემოჰკრა უსაქმურთა გამოსაცოცხლებლად.

ჩვენ ვსწავლობდით ჟურნალისტიკაზე და ლექტორებს 2 გზას ვუტოვებდით: ან ხუმრობაში უნდა აგვყოლოდნენ, ან ლექციიდან გავეყარეთ. საიდუმლოდ გეტყვით, რომ კარს მიღმა არაერთხელ აღმოვჩენილვართ, თუმცა მთავარ აუღებელ ციხესიმაგრედ დღემდე ანნა ასათიანი მიგვაჩნია.

ანნა ასათიანი ანალიზურ ჟურნალისტიკას გვასწავლიდა. ახლა „იმედის“ ნიუ-იორკის ბიუროშია და რამე. მაშინ PS-ში მუშაობდა. ახალგაზრდაა და ალბათ ამიტომ, ყოველთვის ცდილობდა ურთიერთობაში დისტაცია დაეჭირა. სემესტრის განმავლობაში მხოლოდ 2-ჯერ შევძელით მის სახეზე ღიმილი მოგვეფინა. ერთხელ მე, ერთხელ – ნიკამ. თუმცა ლეონარდ შელბის ვარიანტი გაცილებით სანახაობრივი იყო: ერთერთი სტატიის გარჩევისას, როცა ლალი ცერცვაძემ ვერაფრით წარმოთქვა სიტყვა პენისი და ალტერნატივების ჩამონათვალში „ჩიტუნა“, „ჩიორა“ და „ჭაკუტაც“ კი ახსენა, ნიკა გულწრფელად გაოგნებული სახით წამოვარდა და დაიყვირა: „როგორ შეიძლება ჟურნალისტს პენისი არ უყვარდეს?“ – ამაზე ანკას გაეცინა. თუმცა, ამ მომენტის სრულად შესაგრძნობად, როგორც იტყვიან, იქ უნდა ყოფილიყავით.

ჰო, იუმორი ცალკე სათქმელი ამბავია. ამ დარგში ჩვენ ჩემპიონთა ლიგის მოასპარეზეები გახლდით და თუ გამარჯვებულები ვერა, ფინალისტები ხომ ვიყავით და ვიყავით. თუმცა ეგოიზმი ხომ თავისას შვრება და ნაღებ ხუმრობებს მხოლოდ ერთმანეთში ვათამაშებდით. მასებზე კი სხვა ნაწილი იყო გათვლილი. საექსპორტოდ განკუთვნილი.

თუკი ჩვენს შიდა იუმორს ვინმე მოისმენს, ალბათ ჩათვლის, რომ 1986 წელს ორიოდ ნაბიჯში ვიდექით ჩერნობილის რეაქტორთან აფეთქების დროს და შევეცოდებით, რადგანაც ჩემი და ნიკას გარდა არ მოიძებნება  ადამიანი, რომელიც ამ ხუმრობებზე გაიცინებს. არადა, მომკლალით და ესაა ყველაზე სასაცილო.

ჩვენ ჩაფსმამდე გვიცინია ყველა თემაზე, რაც აზრადაც ვერ მოგივათ: ჯიხურში მჯდომი გუშაგის თვითმკვლელობაზე, ქიაჩელის ქუჩის სექსუალურად აღტკინებულ ბირჟავიკებზე, ელიას მთაზე ტაქსისტის ვიზიტზე და ვინ მოსთვალოს ცაში ვარსკვლავები, კიდევ იმდენ რამეზე.

ნიკა კინოს ოსტატია. თვითონ ამბობს, რომ ია ვეკუას და ოთო ჯანგავაძეს მასზე მეტი ფილმი აქვთ ნანახი, მაგრამ ეს რომ წმინდა წყლის სიმართლე იყოს, მაინც არ მჯერა. ხშირად, როცა ვფიქრობ, თუ რამ შეუწყო ჩვენს მეგობრობას ხელი, ერთ დასკვნამდე მივდივარ – კინომ. ხოლო კინოს სიყვარულში კი ჩვენი პროვინციული ქალაქელობა დაგვეხმარა, როცა ტელევიზორის დახმარებით ორივე შევეცადეთ სადმე უცხო სამყაროში შეგვეჭყიტა და დროებით მაინც გვეთქვა უარი ნაცრისფერი კორპუსების ხედებზე, რომლებიც პირამიდებივით საუკუნო მდუმარებას გვპირდებოდა. საბოლოოდ, ამ წამოწყებამ ორივე ბოლომდე ჩაგვითრია.

ხშირი იდეური თანხმობის მიუხედავად, ჩვენ დღემდე ვერ შევჯერებულვართ პრინციპულ საკითხზე, რომელზეც აგერ უკვე 5 წელია ვკამათობთ. ლეონარდ შელბის მიაჩნია, რომ პორნო ფილმებში შიშველ ქალზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები ესთეტიურად ლამაზია. მე მიმაჩნია, რომ ეს სიტუაციას ვნებას აკლებს. ამ დიალოგის მომსწრე გივიმ, [რომელიც არს ღმერთი მფარველი სამარშრუტოებისა ქართულს მითოსში და ჭერი და ბჭე ყოველის მძღოლისა, ი გივ უშიშარ ვითარცა უხორცო. ესრეთ მას შესწევს ძალა და ნება და უფლება წინ უსწროს და უკან ჩამოიტოვოს და ათრიოს ვითარცა ძაღლი უბადრუკ და თვალნიც დაუბუშტოს ყველა სამარშრუტოს კლიტეთმპყრობელს და დედალი კიბო რქუას მათზე თანდასწრებითვე მათისა. ესრეთ არს გივი, ბრძენი იგი და ყოვლისმცოდნე და საჭეთმყრობელი ხნიერი მერსედესებისა] – გვითხრა „აბა რეებ ლაპარაკობთ, კაი ჯანმრთელ ქალს რა ჯობიან, ერთ ისეთ რო მოუჭერს, იქნება პროსტინას ნახევარ საათ პროჭიდან იცლიდე“ –  მას შემდეგ მე და ნიკა გივისთან ქალებზე საუბარს ვერიდებით.

გივის 7 ოსკარი აქვს. იგია ერთდროულად ოგუსტ და მარი ლუი  ლუმიერი. მასთან ერთად ყველა მგზავრობა ჩვენთვის ერთი ხოშიანი ფილმია, რომელსაც ოპერატორული ნამუშევარიც იანუშ კამინსკისი აქვს,  სცენარი დევიდ კოეპის, მუსიკა ჯონ უილიამსის, სამსახიობო ოსტატობა ჯეკ ნიკოლსონის, რეჟისურა კი მილოშ ფორმანის, მაგრამ ყველაფერი ამის შემოქმედი მაინც გივია. მის ფილმებს არ აკლია არც ექშენი (საცობებში გაძვრომა-გამოძვრომა), არც მძაფრი სიუჟეტი (დაკა-დაკა კონკურენტებთან), არც ქალი (გვერდით ყოველთვის მოისვამს ხოლმე ვინმეს და ცხოვრებას ასწავლის).

ნიკა ადამიანებს იარლიყებს ანიჭებს ხოლმე. ამაში ხშირად მეც ვეხიდები. საქმე ისაა, რომ ყველა ის ადამიანი, ვისთვისაც ოდესმე სახელი შეგვირქმევია, ჩვენს წარმოსახვაში ყოველთვის იმგვარად იქნება აღბეჭდილი ქვეყნის აღსასრულამდე. მაგალითად „წითელი“ – კეკელიძის ქუჩაზე ერთერთი საკონიდროს მეპატრონე, რომელიც 4 წლის განმავლობაში გამხმარი და ცივი ლობიანებით გვანაყრებდა. ხანდახან, თუკი ლობიანი 3 დღის სიძველის იყო, 10-10 თეთრსაც აკლებდა.

ჩვეულებრივი ტიპი, რომელიც ჟურნალისტიკას ეუფლებოდა და ღრუბლებში დაფრინავდა, სინამდვილეში უჩვეულო კაცი აღმოჩნდა, რომელიც შესანიშნავად ერკვევა კინემატოგრაფში, კარგად წერს და ყველაზე მყარად დგას მიწაზე, რადგან იცის რა უნდა და როგორ უნდა მიაღწიოს მიზანს.

ვაჰმე, ვინ დაითვლის რამდენი ცივი ლობიანი გვიჭამია ერთად სტუდენტობის დროს. რამდენი კილომეტრი დაგვიფარავს ფეხით უფულობის ჟამს, რამდენი გვიხუმრია №35-ით მგზავრობისას, რამდენი წარმოსახვითი ოსკარი გაგვიხარჯავს უყაირათოდ, რამდენი გოგო გაგვიშიშვლებია (რა თქმა უნდა წარმოსახვაში).

თუ ის დრო არ მენატრებოდეს, მე ვიყო ბიჭოლას ბალიში.

12

გოგონა ლამაზი კოჭებით

   ბაგრატა ხშირად იმეორებდა: „უბანს ერთი გიჟი და ერთი ქორფა ქალი უნდა ჰყავდეს, რომელიც დიდიან-პატარიანად თავს მოანდომებს ყველას“. ბაგრატა გიჟის მოვალეობას თავადვე პირნათლად და დაუზარებლად ასრულებდა,  უბნის ლამაზმანის ფუნქცია კი გრეტას კისერზე იყო . . .

მეგონა, რომ გრეტას გვარი გადამავიწყდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, არც არასოდეს მცოდნია. არც მე, არც სხვას: „გვარი? გვარი არ ვიცი, მაგრამ თუ გინდა სხაპასხუპით აღგიწერ აღნაგობასა და ფორმებს. ან საერთოდ, ჰქონდა მაგას გვარი?  სჭირდებათ გვარები ეგეთ ღვთაებებს? ან სახელი რათ უნდათ რო?“ – იმედგაცრუებული გამომისტუმრა უბნის ყველაზე გამოცდილმა ჟამთააღმწერელმა კოტიამ, რომელსაც ყველა მოკლეკაბიანი ახსოვს, ვისაც კი ჩვენს დასახლებაში 1991 წლის შემდეგ გაუვლია. მართლაც! მისი გვარი ჩვენთვის მეათეხარისხოვანი იყო!

გრეტა, ასე ათი წლით იქნებოდა ჩემზე უფროსი და უბნის დიდ ბიჭებს ემეგობრებოდა. სუსტი იყო, საშუალოზე ოდნავ მაღალი. ყველა ფორმა საგულდაგულოდ ჰქონდა მოჩუქურთმებული, თითქოს ხელით ნაძერწია და ავტორი დიდხანს მუშაობდა მასზეო. კუპრივით შავი თმა სქლად ჩამოშლოდა და მხრებს მთლიანად უფარავდა. მახსოვს, ყოველთვის კევს აღლაჭუნებდა.

გრეტა აღმომჩენი გახლდათ და უბანში სიახლეები შემოჰქონდა. ჩვენი დასახლების ხალხი კი სიახლეებთან მწყრალად იყო, მითუმეტეს მაშინ, მე რომ თითისტოლა ვიყავი. გრეტა ბევრი რამით გამოირჩეოდა: განსხვავებული, იმ დროისთვის შეუფერებელი ჩაცმა სჩვეოდა. ტანზე თხელ ნაჭრებს შემოიხვევდა ხოლმე – ისე, რომ წელი გამოსჩენოდა. ამ დროს ხელხემლის მალებიც დაეთვლებოდა. კისრისკენ მიმავალ გზაზე ჩამწკრივებულები, რომლებიც განსაკუთრებით მიმზიდველს ხდიდა გრეტას. დაბალწელიანი ჯინსების და ბოტასების ჩაცმა უყვარდა, ხოლო მათ შორის  მოუჩანდა საოცრად ლამაზად გამოყვანილი კოჭები და თუ შავი კოლგოტიც ეცვა, კოჭები კიდევ უფრო ლამაზდებოდა, ჩემი სისხლი კი – უფრო და უფრო მაღალ გრადუსზე დუღდა.

არ დამავიწყდება: გვიანი გაზაფხულის საღამოა. გრეტა თავის მეგობრებთან ერთად კორპუსის წინ ბანქოს თამაშობს. თაზო, გიგლა, მუთია და მე შორიახლოს, მწვანე ბალახზე წამოგორებულები ვათვალიერებთ გრეტას ღირსებებს. მუთია ამბობს, რომ ასეთი ლამაზი სახე ტელევიზორშიც კი არ უნახავს. გიგლა შემოგვჩივის, თუ რა საოცრად უნდა მის მკერდზე თავი დაამხოს და დიდხანს, დიდხანს, დიიიიდხანს იძინოს. თაზო გრეტას უკანალს მიშტერებია და თავს არ იწუხებს თავის ბინძურ შთაბეჭდილებებში გაგვხვიოს. მე კი ვამბობ: „შეხედეთ, რა ლამაზი კოჭები აქვს, სადმე გინახავთ ასეთი ლამაზი კოჭები? შეხედეთ, ხედავთ რა კოჭებია?“ – ამაზე ბიჭებმა დამცინეს.

სადმე გავექცეოდით განგებას? – ის ჩვენი ოცნების ქალი გახდა. უკან ჩამოიტოვა გვადალუპეც, კასანდრაც, სამანტაც . . . ის ჩვენი გვირგვინოსანი ლამაზმანი იყო, სახელად გრეტა, გვარად . . . თუმცა, გვარს რა მნიშვნელობა აქვს, როცა ასეთი ლამაზი კოჭების პატრონი ხარ?!

გაგანია ზაფხულია. ავტოფარეხებს შორის ჩაკარგულ ასფალტის მოედანზე ფეხბურთს ვთამაშობთ. უცებ გვირგვინოსანი ლამაზმანი თითქოს არსაიდან ჩნდება, ეტყობა გადაღლილ-გადაქანცულია, გვერდს ჩაგვივლის, კორპუსთან ჩერდება და ხმამაღლა დაუწყებს მეგობარს ძახილს. ამ დროს ბურთს ყველანი ერთბაშად ვანებებთ თავს და გრეტას გავცქერით, გრეტა – კორპუსს, კორპუსიდან კი პასუხი არ ისმის.

„ამის დედაც ვატირე“ (მაშინ უფრო გულიანად ვერ ვიგინბოდი) – ვთქვი გულში, გრეტასთან ელვის სისწრაფით მივირბინე და გადავდგი ყველაზე გაბედული ნაბიჯი იმ დროისთვის: „მე გაგეგზავნები შენს მეგობართან“ – ვუთხარი.

ეჭვის თვალით გამომხედა, ლამაზად გამიღიმა და მითხრა: „კარგი ბიჭი ხარ“. მერე ხელი მომხვია და დაიწყო იმის ახსნა, თუ სად უნდა ავსულიყავი, ვინ უნდა მენახა და რა უნდა მეთქვა. მე კი, გრეტას სუნამოს სურნელით მთვრალი და მისი გადაღლილი სხეულის სითბოსგან განაბული ვლოცულობდი, რომ ეს დარიგება არასოდეს დამთავრებულიყო. ეს იყო ჩემი პირველი ინტიმი ქალთან. თან ოცნების ქალთან!..

ცოტა ხნის შემდეგ გრეტა ჩვენგან გაფრინდა. გაფრინდა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ცოლად გაჰყვა ვიღაც ბიზნესმენს და გადასახლდნენ უცხოეთში. დიდხანს არაფერი გვსმენოდა მასზე. მე მხოლოდ მოგონებებშიღა ვხედავდი მას, თბილ, სურნელოვან და სასიამოვნო მოგონებებში. მხოლოდ ერთხელ, მოარულმა ხმამ გვამცნო, რომ ჩვენს გვირგვინოსან ლამაზმანს ხუთი შვილი გაუჩენია და სხეულის ფორმებიც ცოტა შელახვია.

მას შემდეგაც წლები გავიდა.

ცოტა ხნის წინ, როცა ჭავჭავაძის გამზირზე მივაბიჯებდი და შეგუებული ვიყავი იმ აზრს, რომ ბავშვობა დიდი ხანია უკან დარჩა და მასთან აღარაფერი მაკავშირებს, ჩემკენ მომავალ ხალხს ერთი ქალი გამოეყო, შილიფად და გემოვნებით ჩაცმული. ეტყობოდა, რომ ხუთი შვილის გაჩენამ აიძულა ტანზე მომდგარ ტანსაცმელზე უარი ეთქვა, კუპრივით შავ თმაში კი ლამაზი სამაგრი ჰქონდა ჩამაგრებული…

როცა გრეტას სახე სავსებით აღვიქვი და აღვიდგინე, მაშინვე ვიგრძენი ის სურნელი, რომელმაც ბავშვობაში დამათრო. წამითაც არ შევყოვნებულვარ – ფეხებისკენ გავაქციე თვალი: დროს ტანის ფორმები შეელახა, მაგრამ კოჭები ხელუხლებლად დაეტოვებინა.

მე გამეღიმა და მივხვდი: სანამ გრეტა ჭავჭავაძის გამზირზე დააბიჯებს, ჩემი, თაზოს, გიგლას და მუთიას ბავშვობაც  შორიახლოს იქნება.

დათო გორგილაძე

7

ძველი ახალი წელი

იღვიძებ. კუჭმაჭის სუნმა გაგაღვიძა. რა ხანია ასეთი სასიამოვნო სურნელი არ გიგრძვნია. შრაშუნის ხმა გესმის, ბებია საწერი მაგიდის უჯრაში თაბახის სუფთა ფურცლებს ეძებს. გოზინაყს უნდა დაუფინოს ქვემოდან. კარის ხმაც გაიგე. მამაშენის ლანდს ხედავ, რომელმაც კორიდორში გაიქროლა და ხელში ღორის თავი ეჭირა. მერე გახსენდება როგორი ამბები დაატრიალა ტელეფონით წინა დღეს: მცხეთის გამგეობაში საქალაქთაშორისო („მეჟდუგაროდნი“) ზარი განახორციელა შორეულ ნაცნობთან,  (რომელიც ნათლობის სუფრაზე გაიცნო). მისი პირით იქვე, ახლო სოფელში ნათესავს შეტყობინება გაუგზავნა: „სამეზობლოში ღორის თავი მიშოვე, ჩამოვალ და გადავიხდიო“.

გამოდის რომ ნათესავი გაისარჯა, იშოვა და საახალწლო სუფრაზე ნახევრად შედედებული მუჟუჟიც იქნება.

დედაშენმა ღუმელიდან „მედოკის“ ბისკვიტი გამოაძვრინა, კუთხეებს მოაჭრის და თუ სახლში პატარა და-ძმა არ გყავს, შენი წილ-ხვედრია. განჯინა საგულდაგულოდაა ჩაკეტილი – რამდენიმე დღის წინ მშობლებმა „დათუნია“ და „კიბოს კისერი“ მოიტანეს. ტკბილეულს შენგან მალავენ. გარეთ ყინავს, მაგრამ თბილისური თოვლია და გუნდა არ კეთდება.  ქუჩაში გადიხარ და მეგობრებს ეძახი, რომლებიც მოთხვრილი პირით აივანზე გამოდიან და გეუბნებიან, რომ მალე ჩამოვლენ. 5 წუთიც არ გადის – თამაზიკა ნაფტალინიდან გამოღებული ბუშლატით გეცხადება სადარბაზოდან. იმ გარეუბანში, სადაც შენ ცხოვრობ ახალი წლის დადგომა მხოლოდ ბავშვების მიერ „ასაფეთქებლების“ ბათქა-ბუთქით შეინიშნება. საახალწლო ილუმინაციები მხოლოდ ამერიკულ ფილმებში გაქვს ნანახი, რომლებსაც ტელევიზორში სულიმწარედ ელოდები.

თონეებთან რიგია. დეკემბრის 25-დან 31-ის ჩათვლით ქართველი მოქალაქის ჯიბის 90% ინდაურში, ლავაშსა და შოკოლადში იხარჯება. მოგროვებული საჭმელი ნათლისღებამდე გაატანს, რის მერეც, მარტის ბოლომდე, საყოველთაო ქართული შიმშილობა ცხადდება. ამ დროს ზამთრისთვის საგანგებოდ გამზადებული ტყემლის 97%-ი იჭმება, რომელიც ბებიებს საშრობებში აქვთ გადანახული.

შენი ქვეყნის უზუსტესი ენერგეტიკული სტრატეგიის, რესურსებისა და მეცხრე ბლოკის ეჭვშეუვალი სანდოობის გათვალისწინებით, შეიძლება ახალი წელი სიბნელეში შემოიპაროს. ამიტომაც, გაყიდვაშია ნავთიც. იტენება N რაოდენობის გაზის ბალონები.

შენ და შენმა მეგობრებმა სამეზობლოს ისე მოაბეზრეთ თავი ბათქა-ბუთქით, რომ კორპუსებიდან გაუჩერებლად ისმის ხმები: „შენ არ გაგითენდეს ახალი წელი.“ ვერაფერს იტყვი, სამართლიანი სურვილია!

ტელევიზორში ისეთი ამბებია დედა შვილს ხელში არ იყვანს. აქეთ „უდიპლომო სასიძო“, იქით „ლონდრე“,  გაღმა – „კუჩხი ბედინერი“, გამოღმა – „რეკორდი“, ხელმარჯვნივ  „ქვევრი“,  ხელმარცხნივ „ჭრიჭინა“ . . . და რა თქმა უნდა გვირგვინი საახალწლო ეთერისა -„ბედის ირონია, ანუ გაამოთ“.  აგერ უკვე მერამდენე წელია გაკვირვებს, თუ რატომ ბჟირდებიან სიცილით უფროსები, როცა იპოლიტი ჩაცმულ-დახურული შედის შხაპის მისაღებად, ან უცნაურად რატომ  ხვნეშიან მეზობლის კაცები, როცა ბარბარა ბრილსკა ცისფერ ეკრანზე გამოჩნდება (გაივლის წლები და მიხვდები, რომ ამ დროს ისინი ტკბილ მოგონებებში იძირებოდნენ).  ისინი ბრაზდებიან, როცა ამ ქერა ქალის  ისტორიას, სახლში მარტო დარჩენილი  მაკალეი კალკინის ამბავი გირჩევნია. 

ბნელდება. მამაშენი მაღაზიაში ჩადის, რომ ის სასმელი ამოიტანოს, „რომლითაც უნიტაზებს ხეხავენ და მანქანის ძრავებს ასუფთავებენ“ და რომელსაც შენ დიდი სიამოვნებით მიირთმევ.

12 ახლოვდება. დავუშვათ მამლის წელი მოდის. ვიღაცამ ჟურნალში „სარკე“ დაწერა, რომ მამალს  თხლად ჩაცმული ადამიანები უყვარს. შენ იცნობ ადამიანს, რომელსაც ისე სწამს იმხანად ჯერ კიდევ ახლადგამელოტებული მიხეილ ცაგარელის მსგავსი ადამიანებისა, რომ მზადაა მთელი ოჯახი დეკემბრის 31-ში გააშიშვლოს, რათა მამალს ატმოსფეროთი ასიამოვნოს.

ავსტრალიაში მილიონობით ფოიერვერკს ისვრიან 12-ის დადგომისას, ნიუ-იორკში კიდევ უფრო მეტს. შენი ბავშვობისდროინდელ თბილისშიც ხდება მილიონობით გასროლა, ოღონდ კალაშნიკოვის ავტომატიდან. ჟურნალ ფორბსში ამოვიკითხე, რომ 1999 წელს, საახალწლოდ თბილისში გასროლათა რაოდენობა „რემბო. პირველ სისხლში“ დახარჯული ვაზნების რაოდენობას ოდნავ ჩამოუვარდება.

ახალი წელი დადგა და პირველი, რაც ამ წელს გააკეთე, „რუსული არხების“ ყურება იყო. „რუსული ესტრადის გალა კონცერტი“ – ამ ღირსშესანიშნავ ღონისძიებას, ქართული საზოგადოების უმრავლესობა სიზმრებშიც კი ელოდა:

ორი გაშეშებული წამყვანი. ახალგაზრდა მამაკაცი და ხნიერი ქალი, კარგად დავარცხნილი თმით. დაახლოებით ისეთი ვარიანტია, როგორსაც პორნო გვერდები ხშირად სთავაზობენ მომხმარებელს – “Young man and Milf”.

სცენა საუცხოოდაა გაწყობილი. მას ჯემალ სეფიაშვილის ეპიკური კონცერტის, „ბრავო მაესტროს“ სასცენო გაფორმებაც კი ვერ შეედრება. კრემლის საკონცერტო დარბაზი გადაჭედილია მეორე მსოფლიო ომის გულმომედლილი ვეტერანებით, ლამაზი ქერა გოგოშკებით ქმრებთან ერთად. ზოგიერთი საკუთარ ქმართან, ზოგიერთი კი სხვის ქმართან ერთადაა მოსული. კონცერტს სტანდარტული დასაწყისი ექნება: С НОВЫМ ГОДОМ, С НОВЫМ СЧАСТЕМ ДОРОГИЕ ДРУЗЯ… მერე კი ამ სცენაზე ცეცხლი დაინთება: Поет для вас Лев Лещенкео. . . აქეთ ოლეგ გაზმანოვი, იქით ლარისა დოლინა; ქვემოთ ლუბა უსპენსკაია, ზემოთ მაშა რასპუტინა; შენკენ ალა პუგაჩოვა, ჩემკენ სოფია როტარუ . . .

„სოჩაა, მა რა არი?!“

დათო გორგილაძე

7

მეორადი კევები

 

შენ გაკლია, როგორ შეიძლება ადამიანზე

 იმსჯელო მხოლოდ მისი კბილების მიხედვით

ზანდუკ ჩეგური

ჟანაჩკა

კბილებს ძვირფასი, ბალახებისგან დამზადებული პასტით იხეხავს. მენთოლიან “პალ მალს” ეწევა და კრემიან ფუნთუშებს მიირთმევს დილა-საღამოს, ოღონდ ზომიერად. ცელულიტის მასაც ეშინია. შუადღისით კი, რომელიმე მცენარეულ სალათს გეახლებათ. მგონი სულაც ვეგეტარიანელია.

დაბალიაო ვერ იტყვით, თუმცა მაინც მაღალქუსლიანებს იცვამს.  მოსწონს, როცა მამაკაცები მის გვერდით კომფორტულად ვერ არიან. ბრიალა, ნუშისფერი თვალები აქვს და ამ თვალების ფასი კარგად იცის. გონივრულად იყენებს. ტუჩები – უსაცხოდაც მუქი წითელი. კუპრივით შავი და გრძელი თმა სქლად ადევს თავსა და მხრებზე. ვერც უგემოვნოდ ჩაცმას დასწამებთ. ჟივენშის სუნამოსაც ისხამს. “ფრინგოს” წინ რომ გამომცემლობაა – იქ მუშაობს და “ფრინგოში” რომელიღაც მწერლების ხელნაწერებით ხელში, დღეში სამჯერ გამოდის. მგონი ჟანა უნდა ერქვას.

_ ვანია, ყავა და შოკოლადის ფუნთუშა, მე რო მიყვარს ისეთი.

_ თქვენ ოღონდ ისურვეთ და წამში გავაჩენ.

ვანიას პასუხზე ჟანაჩკა ღიმილითა და თვალების ბრიალით პასუხობს. ვანიასათვის კი ეს ნებისმიერ გასამრჯელოზე მეტია. აკი გითხარით თვალების ფასი იცის მეთქი.

როცა კი ვანია შეკვეთას მოუტანს, ჟანაჩკა საღეჭ რეზინს პირიდან იღებს და მაგიდის ქვეშ აკრავს. (მის კევს უცნაური ფერი აქვს, სისხლიან ორქიდეას მოგაგონებს, აფხორილსა და უკარებას. გემოც ეგეთივე დაკრავს – უცნაური, ოდესღაც, ალბათ ტკბილი და თან სურნელოვანი, ოღონდ არა ხილის, არამედ ჟანას სურნელი. საღეჭადაც ძნელია, ძნელად დასამორჩილებელი და თუ თვითონ არ მოუნდა ვერაფერს მოახერხებ მასთან).

სანამ ჟანაჩკა “ფრინგონად” გავა, ერთი ტიპი შემორბის. ჯინსის შლაქსებით, ლაკის ფეხსაცმელებითა და “ადიდასის” სამზოლიანი ჟაკეტით. შარვალი ჭიპამდე აუტანია და თავის ჩიორაც, უბეში გამოკრული, ადვილად შესამჩნევია. გული ამოვარდნაზე აქვს. ცხადზე ცხადია: ირბინა  ჟანასთვის რომ მოესწრო და იქნებ დალაპარაკებაც გაებედა.

_ შეიძლება თქვენთან ჩამოვჯდე?

_ არა…

…შლაქსიანს კვლავაც არ უმართლებს და ისღა დარჩენია ქალს ღამის სიზმრებში დაელოდოს. თუმცა ბედი არც იქ სწყალობს ხოლმე.

ჟანა სწრაფ-სწრაფად იღებს ნივთებს, ანგარიშს ასწორებს და ქუჩის ბოლოსკენ მიდის. ქუჩის ბოლოს კი, თავისი ბიჭი ელოდება. ისეთი ბიჭი, გოგონები სიზმრებში რომ ელოდებიან. ისეთი ბიჭი, ჟანას რომ ეკადრება…

ობადია

 _პოლ ტომას ანდერსონის ახალი ფილმი გამოდის კინოთეატრში, წავიდეთ?

_კარგი, ობადია, წავიდეთ…

ობადიას გოგონები უარს ვერ ეუბნებიან. ობადია უარს მოისმენს თუ არა ტირილს დაიწყებს და შეიძლება ჩაბჟირდეს. ერთი-ორჯერ უნებლიედ ჩაიფსა. ვისაც ამ ოინების ნახვის ნერვები არ აქვს, ურჩევნია ობადიას ორი საათი დაუთმოს.

ობადიას მთელი სახე მუწუკებით აქვს სავსე, ამიტომაც სანამ პაემანზე წავა, სარკესთან თავს იწესრიგებს.  არც ჰიგიენას ივიწყებს, მაგრამ ქუჩაში ოფლის მსუბუქი სუნი მაინც დაკრავს ხოლმე. ვერც პირის ღრუ აქვს მაინცდამაინც  წესრიგში, ამიტომაც როცა გოგონებთან ახლო კონტაქტი უწევს, ყოველთვის ღეჭავს ზედმიწევნით სურნელოვან კევს.

საქმე ისაა, რომ ობადიამ, სოფლიდან წამოსვლის წინ, მშობლებს აღუთქვა, უკან მანქანით, ბევრი ფულითა და ღირსეული ცოლით დავბრუნდებიო. ცოტა ხნის წინ, რატომღაც, ჩათვალა რომ უმჯობესია ცოლით დაიწყოს და მას მერე მოსვენებას არ აძლევს უნივერსიტეტში არცერთ გოგოს. ყველაფერში ზოგავს, მხოლოდ კინოთეატრისთვის იმეტებს ფულს. სიაც კი შეადგინა. გუშინ რიგით ორმოცდამესამესთან ერთად იყო…

სეანსის შემდეგ კევი სავარძელს ქვემოდან მიაკრა (მისი კევის ფერი გაცრეცილია, სიტკბოდაკარგული, სურნელებაც გაუქრა და საღეჭადაც მომჩვარულია. ხან იქით ყბას ედება, ხან აქეთას. სადაცაა ნაწილებად დაიშლება). მერე მეორე კევს ღეჭავს. გოგონას მადლობას უხდის და ემშვიდობება. გარწმუნებთ, სახლში მისვლისთანავე სიას ჩახედავს…

ბალბალა

 “რა ეჩქარებოდა. ეგრე ხდება: ეს პატარა გოგოები აცუნდრუკდებიან და გადაშლიან ფეხებს. ცხოვრების უღელში შებმა კი იოლი საქმე არ გეგონოს.” – ამბობდა ბებია ოლია ბალბალაზე..

ბალბალა თექვსმეტისა გათხოვდა, ჩვიდმეტისამ შვილი გააჩინა და თვრამეტის არ შესრულებულიყო რომ ბუდუმ, მისმა ქმარმა უთხრა: ჩვენი გადაწყვეტილება ნაჩქარევი იყოო. მოკლედ ხომ იცით როგორც ხდება… ბალბალა ჩამოვიდა ქალაქში ჩვილთან ერთად, სამსახურის საძებრად, რადგანაც მამამ უკან აღარ მიიღო. მამების ამბავიც გეცოდინებათ…

_ ბავშვის მოვლის გამოცდილება გაქვთ?

_ კი, საკუთარ შვილს ვუვლი.

_ მერედა მას ვინ მიხედავს? – ამ კითხვაზე ბალბალა ჩაფიქრდა, თუმცა რაღაც მოახლაფორთა.

… გამთენიისას შვილს მეზობელთან ტოვებს, რომლესაც თვის ბოლოს თავისი ხელფასის 30%-ს კაპიკ-კაპიკ ჩაუთვლის ხელში. მეზობელს გასულ კვირას 87 შეუსრულდა და მე თუ მკითხავთ ყველაზე გაგექილმა მისანმაც არ იცის როდის დაავიწყდება ბავშვი ანთებული გაზის ქურის გვერდით ან აივანის მოაჯირზე. ბალბალა ავტობუსისკენ გარბის, რათა სხვის შვილს მოუაროს. გამთენიისას გაჩერებაზე მარტო დგას. ბოლო კვირებია ამჩნევს, რომ ავტობუსის მძღოლი ეპრანჭება, ზედ ფეხებთან მიუყენებს ხოლმე კარს, თავაზიან სალამსაც მიუძღვნის და სანამ ბალბალა თავის კოხტა უკანალს უბნის ხულიგნებისგან დანაკუწებულ სავარძელზე არ ჩამოდეს, კახა ზახარიჩი ავტობუსს ძვრას არ უზამს. გოგონა გზაში ხვდება, რომ ყბა დაეღალა, რადგანაც წინა საღამოდან მოყოლებული შეუჩერებლივ ღეჭავდა. კევი სკამის ძირს მიაკრა (ეს კევი იყო ძალიან პატარა, ღეჭვაში დაპატარავებული და თითქმის დაშლილი, თუმცა შეწებებისა და შეერთების უნარი მაინც ჰქონდა. ის ჰგავდა გაუთენებელ ღამეს და იყო სიტკბოდაკარგული)… სხვის სახლში მჯიდის, დამქირავებელი ნაძალადევი ღიმილით უღიმის და თვალებით შეახსენებს, რომ ბალბალამ შინიდან წამოღებული რბილი ჩუსტები ჩაიცვას, რათა მაკაგონის ძველებური და მოზაიკური იატაკი არ დასვაროს. ბალბალა სხვის ბავშვს უვლის და ვინ იცის, იქნებ თავის შვილსაც მიამგვანებს ხოლმე ხანდახან, მონატრების წყალობით. ხანდახან შეიძლება კახა ზახარიჩისკენაც გაექცეს ფიქრი, რომელიც დაუღალავად ატრიალებს უშველებელი ავტობუსის უშველებელ საჭეს.

… სხვისი ბავშვი ძვირფას ჭოჭინაში ჩასვა და ეშმაკმა იცის, მისი შვილი გულო ბებიას იქნებ გაზქურაზეც შემოავიწყდა.

მე

… მე ამათ არ ვგავარ. ტკბილ კევს არასოდეს ვღეჭავ. ძალაუნებურად მხოლოდ უშაქროს გეახლებით. დავდივარ კაფეებში, კინოთეატრებში, ვმგზავრობ ავტობუსით და თუკი მაგიდის ან სკამის ქვეშ ამოწებებული კევი შემხვდება, ეგრევე პირისკენ გავიქანებ. ყოველთვის, როცა კი კაფეს მიმტანი, კინოთეატრის მოლარე ან ავტობუსის მძღოლი დამინახავს, მოურიდებლად და ხმამაღლა მომაძახებს: „ისევ ეს ავადმყოფი მოვიდა“. რას ვიზამთ, ვერავის გავამტყუნებ, ყველას თავისი აზრი აქვს. ჯანდაბამდეც გზა ჰქონიათ. ვღეჭავ სხვების კევებს, თვალებს მოვხუჭავ და   გემოს დახმარებით წარმოვიდგენ ვინაა ამ კევის პატრონი და როგორი ცხოვრება აქვს მას. მე თუ მკითხავთ, ადამიანის ამოსაცნობად თვალებში ჩახედვა ან საათობით გასაუბრება არ კმარა. მიმტანი და მძღოლი ავადმყოფს მეძახიან. არ ვიცი სადაზღვევო აგენტი, სკოლის მასწავლებელი ან სულაც ექიმი რა სახელს მომისადაგებდა, მაგრამ მე კი მგონია, რომ თანამედროვეობის შერლოკ ჰოლმსი ვარ, მაგრამ გაცილებით უფრო უტყუარი მეთოდებით.

მეხუთე წელია ამ საქმით ვარ დაკავებული და ჩვენი რაიონის მოსახლეობის უმეტესობის ავან-ჩავანი სულ ზეპირად ვიცი. ისიც ვიცი,  ტირიფების ხეივნელი  სკოლის მასწავლებელი მედიკო თავის დირექტორთან რო ერთობა და ისიც კარგად ვიცი, სკოლის დირექტორი სხვა მასწავლებლებთანაც  ხშირად ატარებს დროს. მედიკოს კი თავი შეუცვლელი ჰგონია. ცუდ დროში ვცხოვრობთ,  ვერავის ენდობი.

ჩემი ყოველდღიური მარშრუტი ერთფეროვანია, მაგრამ აბა წარმოიდგინეთ დღეში რამდენი მრავალფეროვანი ადამიანის საფუძვლიანად გაცნობის საშუალება მეძლევა?! ერთი კი ნაღდია – დამღლელი სამსახური მაქვს და ხანდახან პირში ცუდ გემოსაც მიტოვებს. განსაკუთრებით მაშინ, როცა გულნაზისნაირებს გადავეყრები. შინ გვიან ღამით ვბრუნდები. ყველაზე საინტერესო კევები სამუშაო დღის ბოლოს იშოვება.  მერე ვწერ ისტორიებს ადამიანებზე, რომელთა დიდი ნაწილიც  თვალითაც არ მინახავს. რა თქმა უნდა მამაჩემიც ამბობს, რომ ცოტა დაქნეული ვარ.

11

რ ა ტ ი

მე ვიცნობ ადამიანს, რომელსაც ყოველ ღამით ერთი და იგივე კოშმარი აღვიძებს, რომელიც ბავშვობიდან მოყვება: 8 წლის ბავშვს უშველებელი საზამთრო უჭირავს ხელში და მერვე სართულისკენ მიათრევს (ლიფტში ვერ ჯდება – ეშინია). კართან ძლივს მილასლასდება, დაკაკუნებისას კი საზამთრო ხელიდან გადაუვარდება. ბავშვი წარმოიდგენს, რომ საზამთრო ბურთია, რომელიც მიწაზე დაეცემა, ისევ უკან ამოხტება, ხელში დაიჭერს და საღამოს, აბაზანაში ჩაციებულს ჩაატკბარუნებს… ჰოდა ძალიანაც მიჰქარავს თუ ასე ფიქრობს. საზამთრო გასკდა კარის წინ. ბავშვი ნაწილ-ნაწილ კრეფს მარა ხვდება ვეღარ შეაერთებს. მამა გალახავს, დედა ეჩხუბება. ამანაც რა ქნას? – ტირილს იწყებს. . .

დღეს ეს ბავშვი 27 წლისაა, მაგრამ ამასწინათ გამიმხილა, რომ ხანდახან ღამით ისევ მოეზმანება ხოლმე საზამთროს ამბავი და ეღვიძება. აი მე კი, კოშმარების სხვანაირი შემთხვევა მაქვს. ჩემს კოშმარში მე უკვე პირველი კურსის სტუდენტი ვარ და პირველი დღეა რაც ცოდნის ტაძრის კედლებში შევაბიჯე. მოქმედება 1-ლი კორპუსის მარცხენა ფლიგელში ხდება, სადაც გრძელი სტენდი დგას და ზედ ლექციების ცხრილია გამოკრული. ახლადგამოჩეკილი სტუდენტები კი ერთმანეთს აწყდებიან, რათა თავიანთ ჯერაც გადაუშლელ და ჯინსის უკანა ჯიბეში ჩადებით უკვე დაჭმუჭნულ 12-ფურცლიან უბადრუკ რვეულებში უბადრუკი ცხრილი ჩაიწერონ (მათ ჯერ კიდევ არ იციან, რომ  ყოველი მეორე ერთმანეთს დაემთხვევა და სხვა ცხრილის ჩაწერა მოუწევთ.) აქ ჭყლეტვაა, ერთმანეთის ლანძღვა, რვეულების წინა რიგებში გადაწოდება და სხვისი ცხრილი ნაცნობობით ჩანიშვნა. ეს ხალხი ჩასაძირად გამზადებულ ტიტანიკზე, ნავების რიგში მდგომი მგზავრების იდენტურია.

მე ცხრილის სანახავად საღამოს მოვბრუნდი. რიგი მაინც დამხვდა, მაგრამ საგრძნობლად შეთხელებული. ჩემს განრიგში ლექციების დაწყების გულისმომაკვდინებელი დროები ეწერა. ასე მაგალითად: „აკადემიური წერა“ – სამშაბათი, 08:30 სთ. . .

„იცით რას ნიშნავს ეს მეგობრებო?“ – უნდა გავიღვიძო 06:00-ზე. ნახევარ საათის განმავლობაში მაღვიძარას 5-5 წუთზე ვეჯღანო და ვემუდარო (ზამთარი უწევს. გარეთ ყინავს, ჩემს საძინებელში – არანაკლებ), მოვწესრიგდე და სახლიდან  07:00-ზე გავიდე. . .

ამ დროს იცით რა ხდება ზამთრიან ვაზისუბანში? – თვალში თითი არ იტაკება, სადღაც შორიდან გორლუმის ხმა მოისმის და ოროდუინიდან ამოფრქვეული ლავის წვეთები აღწევს. გზა მოყინულია. მე კი რკინისკაუჭიანი ბათინკები აღარ მაქვს, 7 წლის ვიყავი როცა დამეხა. გაჩერებაზე მხოლოდ მე და უპატრონო ძაღლი ვდგავართ, რომელის თვალებშიც ჩემი სიბრალული იკითხება.

07:20 წუთია. ამ დროს ორი ვარიანტი არსებობს: ან ვლად დრაკულას უეკიპაჟო ეტლი ჩამოივლის, ან დალოცვილი #35 სამარშრუტო ტაქსი. ჯემალი ხელის დაუქნევლად, თავისი ინიციატივით გამიჩერებს და შიგ მსხდომ, უკვე კარგად ნაცნობ ხალხსაც ღიმილით,  უსიტყვო სალამს ვეტყვი. წინასწარ ვიცი, რომ ჯემალი ელბაქიძეზე მივა, ხალხს ჩამოსვამს, ტრაფარეტს მოხსნის და ვაკისკენ გააგრძელებს გზას სადაც მეორე სამსახურში აქვს. მე კი გზად, პირველ კორპუსთან მიმაბრძანებს.

„აკადემიური წერის“ ლექციაზე კი რამდენიმე „კოლორიტი“ მელოდება და ერთერთი რატი შუბლაძეა.

ვისაც რატი არასოდეს უნახავს, მისი აღწერა და დახასიათება ძალიან მარტივად შეიძლება. უბრალოდ, ის ერთი კონკრეტული მულტფილმის ერთ კონკრეტულ პერსონაჟს უნდა შეადარო. „მულანი“ ხომ გინახავთ? – მულანი რომ ჯარში ერთ უწყინარ, კეთილ და მსუქან მეგობარს გაიჩენს გახსოვთ? ჩეინ პო ჰქვია. ჰოდა რატი სწორედ ეგ არის. გარეგნობითაც და ხასიათითაც (უბრალოდ ჩვენს რატის უფრო მეტი თმა აქვს).

რატი დიდი ბუშლატით დადიოდა (ამ ქურთუკზე გუნია იცინოდა, კარადაში ჰქონდა შეჩქურთული და ნაფტალინიდან გამოიღოო. მგონი მართლა ასე იყო) და ისეთი ჩანთა ჰქონდა გადაკიდებული, როგორსაც გარეუბნებში დასცინიან და ერთერთი სექტის ატრიბუტს ეძახიან. მაშინ, როცა მე, ირაკლი გუნია და ნიკა ლომიძე ლექციას ხუმრობა-ხუმრობაში ვატარებდით, ის ხმას არ იღებდა. ხანდახან საშინაო დავალებას (შინ დაწერილ განცხადებას ან მინდობილობის ტექსტს) წაიკითხავდა ხოლმე. მისი ნაწერი ყოველთვის უშეცდომო იყო.

ახლა რომ ვუფიქრდები, ენციკლოპედიური ცოდნის დაგროვებაში და განათლების მიღებაში, რატის ძალიან დაეხმარა მისი ხასიათი და წარმომავლობა. ქუთაისელი ბიჭი, რომელიც კომუნიკაციის ინიციატივას თითქმის არასოდეს იჩენდა, თბილისში დეიდასთან ცხოვრობდა. მე თუ მკითხავთ რატიმ ამით დრო მოიგო. მერე კი ჩვენც გამოვჩნდით . . .

როცა პირველად ირაკლის ვკითხე, ნეტა ეს „კაზიოლი“ ვინ არის – მეთქი, აღმოჩნდა, რომ ისინი უკვე იცნობდნენ ერთმანეთს. მაშინ გუნიამ მიპასუხა: „უცნაური ტიპია. გუშინ სახლში მივდიოდი, ეგ ჩემ წინ მისეირნობდა. მე მარტო სიარული დამეზარა და დავუძახე“. ახლა წარმომიდგენია გულის სიღრმეში როგორ გაეხარდებოდა ამ ხმის გაგება რატის: „აუუუუ, ჩემი“ – გულში იტყოდა, მაგრამ არამგონია სახეზე შეტყობოდა.

„სმიშლიონნი პარენь“ – ასე დაახასიათა გუნიამ, მაგრამ ისიც მოაყოლა „ცოტა გამოსირებულიაო“. ირაკლი დასკვნებში ხშირად ცდება, მაგრამ ამჯერად ორივე შეფასებაში მართალი იყო.

მერე გავიგეთ, რომ „რა? სად? როდის?“ -ს თამაშობს. ამ ამბავმა კიდეევ უფრო დაგვაინტერესა, იმიტომ, რომ ჩვენც ამ თამაშის „შვილები“ ვიყავით, თან გამოჩენილი შვილები. (გაივლის რამდენიმე თვე და რატი შუბლაძეს ჩვენს გუნდში, „25-ე საათში“ დავპატიჟებთ სათამაშოდ. რატისთან ერთად კიდევ ორი ქუთაისელი ფალავანი, ცვატა ბერძენიშვილი და გიორგი ჭეიშვილი შემოგვიერთდებიან და ჩვენ საუკეთესო ახალგაზრდული გუნდის სტატუსს გავინაღდებთ გარკვეული დროით, მაგრამ შემდეგ ყველაფერი აირევა).

მარტო ინტელექტ-კლუბი არ ხდიდა რატის ჩემთვის საინტერესოს. აღმოჩნდა, რომ ისიც იმავე საფეხბურთო კლუბს გულშემატკივრობდა, რომელსაც მე – „მიუნხენის ბაიერნს“. ჩემ მსგავსად, ოლივერ კანი მისი კუმირიც იყო და 1999 წელს, როცა მანჩესტერელმა ნაბიჭვრებმა ოლის ბოლო წუთზე ორი ბურთი შეუგდეს, რატიც ტიროდა.

„ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების სიყვარულს, ამ ქვეყნის სიყვარულიც დაერთო. მაშინ გერმანია ჩემი საოცნებო ქვეყანა იყო. მახსოვს ბავშვობაში ადოლფ ჰიტლერის ფანატიც ვიყავი, რის გამოც მამაჩემი მანამ მსჯიდა, სანამ გონს არ მოვეგე. რატიმ გამოგვიცხადა, მე გერმანელი ვარ და ჩემი ნამდვილი გვარი ბლუმგარდტიაო. როს-როდის დავუჯერეთ, მაგრამ დღემდე  ეჭვი გვაქვს, რომ სინამდვილეში ქუთაისელი ებრაელია და დიდძალ ქონებას მალავს „ზავოდში“ მდგარი ერთერთი ხის ქვეშ. ამის გამო, შუბლაძეს (გნებავთ ბლუმგარდტს) ლიტერატურული თიკუნიც მოვუძებნე  – „ჩორტავ ჟიდ“.

ყველა ადამიანს ხომ თავისი ბედნიერება აქვს. აი მაგალითად ნინია მაჭარაშვილისთვის ბედნიერება შობის დროს ლონდონის ქუჩებში სეირნობაა. ირაკლი გუნიასთვის სამარყანდში მოგზაურობა (რათა თემურ-ლენგის მემკვიდრეობა მოილოცოს), ირაკლი ისაკაძისთვის „Call of duty“-ში 1000 კაცის 45 წამში დახოცვა.

ერთხელ, რატი ბლუმგარტმა თავისი ბედნიერების შესახებ მითხრა:

–         რატი, წამოდი კეკელიძეზე ლობიანები ვჭამოთ.

–         არა, ერთი სული მაქვს სახლში როდის მივალ. ყველანი ქუთაისში არიან, მაცივარში ვიჩინა და სამი ბოთლი „ლოვენბრაუ“ მელოდება. კომპიუტერში კი „რესტლინგი“ მაქვს ჩაწერილი.  აუუუ, რა მაგარია…

მოგვიანებით გაირკვა, რომ რატისთვის ვიჩინასთან და ლუდთან ერთად ბედნიერებას წარმოადგენს ვიკიპედიის სტატიების კითხვა შუა საუკუნეების რომელირაც რაინდებზე, რომელთა არსებობაც თავიანთი ერის შვილებსაც კი დავიწყებიათ; ან თუნდაც მისი ახალი „რუმ მეითისთვის“ სისულელეების მოყოლა, მასთან სამსახურში ჩუსტებით, გასარეცხი მაისურითა და პურით ხელში მისვლა, გასაღების გამორთმევის მიზნით. თავისებური ჯონ უოტსონია, ოღონდ ჰოლმსზე მეტად განათლებული.

რატის პრიორიტეტებმა კიდევ ერთხელ განგაცვიფრა, როცა მე, გუნიამ და ბლუმგარდტმა „ქალებში წასვლა“ გადავწყვიტეთ. რატი დაგვეთანხმა, მაგრამ მომდევნო დღეს გამოგვიცხადა „გერმანიის ნაკრების თამაშია და ვერ წამოვალო“. საბოლოოდ მე და ხვიჩაევიჩი წავედით თბილისურ „მულენ რუჟში“ – აფრიკაში, სადაც თავის დროზე მე ჩემი უბიწოება კოჭლ ჯუნას ჩავაბარე.

მე და გუნიამ, ქალების გათავისუფლების მოლოდინში, გერმანია-ხორვატიის შეხვედრას საუნის ბარის „სტოიკასთან“ ვუყურეთ იქაურობის მსუქან და თავმოტვლეპილ ზედამხედველთან ერთად, რომელსაც „გოგონები“ ბაბუს ეძახიან. ორი ქალი ავირჩიეთ. ფული ცოტა გვქონდა და მათ ერთ ოთახში შევვიყვანეს. იმ დღეს დამარცხდა ჩვენი წმინდათა წმინდა  იდეა, სექსში მამაკაცის დომინანტობისა, რადგანაც „ჩვენი დღე არ აღმოჩნდა“. ჩვენ სულიერად დაგვთრგუნეს და არცერთი კაპრიზი არ შეგვისრულეს. გარეთ გამოსვლისას, ირაკლიმ დაღვრემილი სახით მითხრა, პირობა დავდოთ, რომ ჩვენი დაჩუხანების ამბავს ვერავინ გაიგებსო. მე დავეთანხმე. ჩენ სევდიანები მივაბიჯებდით აფრიკის მთავარ ქუჩაზე. დაღვრემილი იჯდა სახლში რატიც, რადგანაც იმ შეხვედრაში გერმანია ხორვატიასთან დამარცხდა, მე და გუნია კი – აფრიკის ბოზებთან.

მე ჩვენი პირობა დიდხანს შევინახე. მთელი 12 საათით. მეორე დღეს ეს სასაცილო ამბავი, ჩემ მიერ კიდევ უფრო გადაპრანჭული, მთელმა უნივერსიტეტმა იცოდა. ამჯერად კი მთელ საქართველოს ვუყვები.

რადგანაც იუმორზე მიდგა საქმე, იმაზეც უნდა გითხრათ, რომ რატი ერთადერთი ქუთაისელია, რომელსაც იუმორის გრძნობა პულსადაც კი არ ესინჯება. მე, ირაკლიმ და ნიკა ესებუამ ეს საკითხი ძირფესვიანად გამოვიკვლიეთ და იმ დასკვნამმდე მივედით, რომ ყველაფერი გერმანულ-ებრაული ფესვების დამსახურებაა და აქ არანაირი ჩარევა შედეგს არ გამოიღებს.

მოგვიანებით რატის ცხოვრება აირია და ბლუმგარდტი დეპრესიაში გადაგვივარდა. სამწუხაროდ ჩემი მხრიდან, ამ ცუდ პერიოდში, მას დიდი ნუგეში არ მიუღია, რადგანაც ჩვენ შორისაც მოხდა არეულობა. რატიმ „25 საათი“ დატოვა და „ინტეგრალში“ გადაბარგდა. ჩვენი გუნდის წევრებიდან ეს ამბავი ყველაზე მტკივნეულად მე განვიცადე. არ ვიცი სწორად მოვიქეცი თუ არა, მაგრამ „ბიზნესი“ პირად ურთიერთობებში გადავიტანე, მაგრამ ამას დღემდე არ ვნანობ.

მას მერე დიდი ხანი გავიდა. „ინტეგრალმა“ ჩვენს გუნდს გადაუჯოკრა, მაგრამ ახლა ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. რატომღაც მგონია, რომ ჩემი და რატის ურთიერთობა ბოლომდე დღემდეც არ დალაგებულა და ამას ძალიან განვიცდი. მე მოსვენების საშუალებას არ მაძლევს ის რეფერატი, რომელიც მან დამიწერა. რატიმ შესანიშნავად მიმოიხილა სურინამისა და გაიანას პოლიტიკურ -ეკონომიკური ვითარება. შედეგად, მე 30 ქულა მივიღე. მან-29.

რატი სოციოლოგია, ძალიან მაგარი სოციოლოგი. ასევე ის რეკორდსმენია ქართველებს შორის ვიკიპედიის სტატიების კითხვაში. რატი კარგი მეგობარია. მისი ნაჩუქარი „კაპიტანი ალატრისტე“ საწერ მაგიდაზე მიდევს და ხშირად მახსენებს ჩვენს მეგობრობას, რომელიც ერთ დროს საუკეთესო იყო. ახლა ცოტა დაკოჭლდა.

მე ოპტიმისტი ვარ და მგონია, რომ ადრე თუ გვიან ყველაფერი გამოსწორდება. თუკი ოდესმე ჩემს საქციელს ბოლომდე ვინანემ და ბოდიშის მოხდა მომინდება, ვიცი როგორც უნდა მოვიქცე. მაღაზიაში შევალ და გამყიდველს თავაზიანად ვეტყვი: ვიჩინა და „ლოვენბრაუ“, თუ შეიძლება.

დათო გორგილაძე.

4

მთავარი გამტრაკებელი

მეორე არხის კინოსეანსები გახსოვთ? მე მაგის ტრფიალი ვიყავი. ლამფიანი ტელევიზორიდან სამი მეტრის მოშორებით, ძველ სავარძელში მოვკალათდებოდი, თბილ საბანში გავეხვეოდი და გადავდიოდი იმ სამყაროში, რომელიც რეალურად თვალიტ არ მენახა. შეიძლება ვინმემ ამ დროს „ბნელი ოთხმოცდაათიანები“ უწოდოს, ან  „დაკარგული თაობის დრო“,  იქნებ  „უშუქობის ხანა“.  მე  კი  „ჟან კლოდ ვან დამის ეპოქას“ უფრო დავარქმევდი.

ეს ის დროა, როცა ვან დამის შემწუხებელი ჩემი შემწუხებელი იყო და სად უნდა გამეგზავნა თუ არა კუკიაზე. ქუჩაში სადმე მწყურვალი მენახა, წყალი არ უნდა მიმეცა, მშიერი მენახა, პური არ გამეწვდინა, წაქცეულს წავდგომოდი თავს, ფეხზე წამოდგომაში არ დავხმარებოდი.

ჟან კლოდს კი გამტრაკებელი ბევრი ჰყავდა. ვინ სინგაპურში,  ვინ ჰონგკონგში, ვინ ბეიჯინგში, ვინ ამერიკაში. თან რამდენი?! „ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა“?! ზოგი „კუმიტე“-ს საბრძოლო რინგზე, ზოგი ქუჩაში, ზოგი რესტორანში. აქეთ გემზე, იქით მანქანაში. ჯერ მარტო უნივერსალური ჯარისკაცობის დროს დოლფ ლუნდგრენთან ჭიდაობა რად ღირს. მაგრამ დოლფი ზღვაში წვეთია  ბოლო იენთან შედარებით.

ნუ გაახურებთ! ბოლო იენი სახელი და გვარია. მერე რა თუ არ ყურით არ გეცნობათ, თვალი თვალს რო გაეყრება, ცნობა მერე ნახეთ. სულ წინ დაგიდგეთ ძველი დროის მოგონებები. ზოგი ტკბილები, ზოგიც მწარეები. ეს ის ყოჩაღია „სისხლიან სპორტში“, აი „კრავავი სპორტს“ რო დაუძახებთ, ხალხს წიწილებივით რო ხოცავს და ჩონგ ლის რო ეძახიან. ან გინდათ „დვაინოი უდარში“ ცალი თვალი რო ძია ფრენკმა გაუფუჭა ყმაწვილკაცობაში და მერეც გადაიკვეთება მათი გზები გრიფიტთან, ზენგთან, ჩეტთან და ალექსთან ერთად. ღმერთო ჩემო! ლამის ცრემლები გადმომცვივდეს.

ბოლო იენი მთლად მთავარი იყო.  ჩვენს ბიჭს ჯერ პანტაპუნტით უნდა დაეხოცა სხვები და ბოლოს ამასთან შეხვედრის ჯერი დამდგარიყო. „ჩონგ ლი“ ძუძუებს აათამაშებდა,  ცერა თითს ცალ ნესტოზე მიიდებდა და ერთი დაქუხებით მეორედან ჟღვლინტებს გამოყრიდა ხოლმე. მერე იწყებოდა მთელი დაკა-დაკა, გამიშვი-დამაკავე, მიდი-მოვდივარ. ჯერ ჩონგ ლი დაწინაურდებოდა, მაგრად დაალილავებდა ჩვენს შუბლკოპიან ბიჭს, გვარიანად გამოათაყვანებდა. ერთი ისიც მახსოვს, უკადრისი იკადრა და თვალში წამალი შეაყარა, მარა ჟან კლოდი ის ბიჭი არ არის? მტრებს რო ხოცავს და ჭერში აწყობს? – ეგაა ეგ.

ბავშვობაში ბევრი კინოგმირის მეშინოდა, მაგრამ ბოლო იენს ბადალი არა ჰყავდა იმათ შორის. ეს ყველაზე მრისხანე იყო. ეს მთავარი გამტრაკებელი გახლდათ.

ისე, ცოტა ხნის წინ ვფიქრობდი და მგონი სწორ დასკვნამდეც მივედი: ფილმის ბოროტი გმირები, ცხოვრებაში ძალიანაც კეთილები არიან. ისე მოხდა, რომ დღეს ბოლო იენის ამბების კითხვას გადავაყოლე ნახევარი დღე და ჩემს დასკვნაში კიდევ უფრო დავრწმუნდი. ამ კაცის მრისხანებაც რაღაცნაირად სასაცილო გახდა,  სასიამოვნოდ მოსაგონარი მრისხანება.

ბოლო იენი, როგორღაც ჩემი ბავშვობის მეგობარია.  დღეს, მისი ახლანდელი ფოტოები ვნახე. გვარიანად მოტეხილა. ის, ვინც ბავშვობაში ყველაზე მეტად მაშინებდა, უცებ სულ სხვა კაცად გადაიქცა. ჰოდა რაღაცნაირად მომინდა მასთან მისვლა, ლოყაზე ხელის მიტყაპუნება და თქმა: შე ბებერო.

 

14

რა მაქვს ჩანთაში?!

არის ერთი რაიან ბინგემი. თანამედროვეობის ჯალათი, ფილმ „ზეცაში გამოკიდებული“ -ის პერსონაჟი. ეს ტიპი, გარდა იმისა, რომ აშშ-ს სხვადასხვა ქალაქებში ჩადის და ხალხს სამსახურიდან გათავისუფლების ამბავს „ახარებს“ – სემინარებსაც კითხულობს. სემინარს ასე ჰქვია – „რა გაქვთ ჩანთაში?“ რაიან ბინგემი  ამ ჩანთაში, ნივთიერის გარდა, აბსტრაქტული საგნების ჩალაგებასაც გვთავაზობს. ყველაფერის, რისი წაღებაც მოგვინდება, შორეულ მოგზაურობაში რომ მივდიოდეთ.

ყოველ 12 ნოემბერს, წლებზე მეტად მოგონებების მომატებას ვგრძნობ. თუმცა, ერთი შეხედვით, შეიძლება ეს ერთი და იგივეც იყოს (თუკი რევმატიულ გართულებებს, კლიმაქსურ აალებებს, გულის ფრიალს, პროსტატის ჯირკვლის ადენომასა და სხვა ათას წვრილმანს არ ჩავთვლით). ჯეისონ რაიტმანის ფილმით შთაგონებულმა, წლევანდელ 12 ნოემბერს გონება დავძაბე და შევეცადე დამენახა  „რა მაქვს ჩანთაში“.  როცა რაღაც-რაღაცები ბუნდოვან კადრებად გადმომილაგდა, ყველაზე ნათლად  ადამიანები, ბავშვობის ნივთები, საკუთარი მოთხრობები და უნივერსიტეტის წლები  გამოვარჩიე. „საგნები“, რომლებიც 21 წლის მანძილზე ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.

ტანია და მარია

ჩემს უბანში, მეზობლად, დედა-შვილი ცხოვრობდა – ტანია და მარია. საბჭოთაკავშირგამოვლილი  მამაკაცებისთვის  (განსაკუთრებით ზურაბ დოიჯაშვილისთვის) ეს მომხიბვლავი სახელები გრძელფეხება, დიდმკერდიან, ქერა  რუსის ქალებთან ასოცირდება, მაგრამ ამ შემთხვევაში იმედი უნდა გაგიცრუოთ, სხვას არავის ვგულისხმობ ერთი ძალიან უშნო ქალის – ტანიას, და მისი 3-4 წლის გოგონას – მარიას გარდა.

ტანია-მარია (ვაზისუბანში მათ მოფერებით (ან იქნებ დაცინვითაც) ცნობილი ბრაზილიელი მომღერლის სახელით მოიხსენიებდნენ) უმწეოები იყვნენ. სახლი კი ჰქონდათ, მაგრამ იქ რა ეკეთებინათ? – დილის შვიდიდან, გვიან ღამემდე ერთად დასეირნობდნენ ხელჩაკიდებულები.

უფროსი ასაკის ხალხი ტანიას სალაპარაკოდ არ უჩერდებოდა. ჩემი თაობის ხალხში კი რუსულის მცოდნე იშვიათობა იყო.  ჰოდა,  ტანიას  ჩემ დანახვაზე სახე გაუნათდებოდა ხოლმე. ტანიას სალაპარაკოდ ორად-ორი თემა ჰქონდა: კომუნალური გადასახადები და პროდუქტის ღირებულება. მისასალმებელი სიტყვებიც სტანდარტული იყო: „Как дела Дато? Все подорожало да? – ამით ვიწყებდით და ჩინურ ბაზარზე ბრინჯის ფასის მცოცავი ზრდის ტენდენციებით ვამთავრებდით. ეკონომიკაში ერკვეოდა. ისე, გლეხურად.

მაშინ, როცა ტანია-მარიას (მარიას არათუ სიტყვა, ტირილის ხმაც კი არასოდეს გამიგია) ყველა გაურბოდა, მე არასოდეს დამზარებია მასთან „ეკონომიკაზე“ სჯა-ბაასი. თან დამტვრეული, აქცენტიანი რუსულით.

მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო:  უთენია დილაა. მეჩქარება. სადარბაზოდან ნახევრად შიშველი გამოვრბივარ. გზადაგზა ვიცვამ.  ტანია-მარია მეცხრე კორპუსის წინ დავლანდე და გზა გავაგრძელე. თურმე, ამ დალოცვილს გზა მოუჭრია, მეთერთმეტესა და მერვე კორპუსებს შორის გამოსულა და დაღმართზე გამომეცხადა უძინარის ღიმილით და ტრადიციული მისალმებით: „Как дела Дато? Все подорожало да?  მე გზადაგზა ვპასუხობ: „სპიშუ, სპიშუ, აპაზდავაიუ“. ტანია თავისას არ იშლის, მარია გაყურსულია. მე გავრბივარ, ტანია მომსდევს. ავტომატურად – მარიაც. ბოლოს გავბრაზდი და  გურჯულად ავუქნიე ხელი. შემეშვი – მეთქი მივაძახე და დედა-შვილიც  შემეშვა.

ერთი თვე ისე გავიდა, ტანია-მარია არ მინახავს. თითქოს მომენატრა კიდეც შუქის გადასახადზე საუბარი. მერე მეორე თვეც გავიდა. იქნებ მესამეც.  ერთ დღესაც, როცა ისევ ძალიან მეჩქარებოდა, კორპუსიდან გამოვვარდი და გაჩერებისკენ გავიქეცი. გზაში ორი მეზობლის სიტყვებს მოვკარი ყური იმის შესახებ, რომ ტანია გარდაიცვალა. მაშინ გავჩერდი და დიდხანს ვიდექი გაქვავებული ერთ ადგილას. მაშინ საერთოდაც აღარ გამიგრძელებია გზა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ტანია ქუჩაში მოკვდა. როცა მარიას ხელი ხელში ეჭირა – თრომბი დაეცა გულზე. ვიღაცამ თქვა გვამი პროზექტურაში ერთ თვეს ყოფილა უპატრონოდ. მარია საკუთარ მამიდას ბავშვთა სახლში გაუმწესებია. იმასაც ამბობდნენ მარია შიშისგან ყვიროდაო.

თუკი ცხოვრების 21 წლის მანძილზე რაიმე კარგად გამიაზრებია, ალბათ ერთერთი მთავარი ისაა, რომ უკიდურესად ეგოისტი ვარ. ოღონდ კეთილთვისებიანი ეგოისტი. ყოველთვის მტანჯავდა ფიქრი იმაზე, რომ დედამიწის ზურგზე დადის ისეთი ვინმე, ვისაც არ ვუყვარვარ. იმ დღეს, როცა ტანიას სიკვდილის ამბავი გავიგე და შუა ქუჩაში თვალებგაშტერებული ვიდექი, ორმაგად გაბრაზებული ვიყავი, რადგანაც ტანია მოკვდა და მას აღარასდროს შევუყვარდებოდი. ხანდახან, როცა დილაობით გაჩერებისკენ მივდივარ და ტანია-მარია მახსენდება, მიჩნდება სურვილი, რომ ერთადერთხელ გამოიარონ (აუცილებლად ერთად და აუცილებლად ხელიხელჩაკიდებულებმა), ტანიამ დამიძახოს „Как дела Дато? Все подорожало да?” – მე კი გავჩერდე და აუჩქარებლად ვუპასუხო, რომ პური გაძვირდა, მაგრამ ფასების ზრდა რუსულ ბაზარზე ხორბლის დეფიციტითაა გამოწვეული და მომავალ წელს ყველაფერი დალაგდება.

ვერცხლისფერი მიკროფონი

 ბებიაჩემი ფილარმონიაში მუშაობდა, ახლა პენსიაზეა. სანახევროდ, მეც ფილარმონიაში გავიზარდე. ბევრ იმდროინდელ ვარსკვლავზე გაცილებით მეტი დრო მაქვს იქ გატარებული. ყველა გასაძვრომ-გამოსაძვრომი ვიცი. დიდი ფარდაც რამდენჯერ ამიწევია და დამიშვია ”პულტიდან”.  როცა  სცნაზე გავდიოდი და ჩაბნელებული დარბაზიდან მხოლოდ ცარიელი სავარძლები მიყურებდნენ, მაშინაც კი ძალიან მიჩქარდებოდა გული. მგონი სულაც მაშინ გადავწყვიტე, რომ სახალხოდ არასოდეს ვიმღერებდი და ვიცეკვებდი. ბიძაჩემიც ფილარმონიაში მუშაობდა. მახსოვს, ერთხელ ძალიან პატარა ვიყავი, რაღაც ”თანამედროვე ცეკვის” კონცერტი იყო.  დათომ ერთერთ მკედრათქვირებულ მოცეკვავესთან მიმიყვანა და უთხრა: ”კატიუშა, ეს ჩემი სეხნიაა, დათო. კაცური კაცია და დიდ ძუძუებზე გიჟდება. მოდი ერთი, ხელი მოაკიდინე”- კატიუშამ გულიანად გაიცინა და ლოყაზე ხელი მომითათუნა. მე გავწითლდი და იქაურობას გავეცალე.

სცენაზე გამომსვლელების შემხედვარეს ოცნებად მქონდა მიკროფონი მქონოდა. ვერ ვიყიდდი – ძვირი სიამოვნება იყო. ან სახლში არ მკითხავდნენ რა ოხრობად გინდაო?! – მკითხავდნენ, აბა რა!

შეამჩნევდით ალბათ, სიურპრიზებს ყავლი გასდით ხოლმე, ეფექტს კარგავენ დროთა განმავლობაში, მაგრამ ბებიაჩემის სიურპრიზი ეფექტს არასოდეს დაკარგავს – მან ვერცხლისფერი მიკროფონი ”დამითრია” ფილარმონიიდან. რა თქმა უნდა მიკროფონი ბუტაფორია იყო, ცარიელი რკინა, რომელსაც ისეთი ”მომღერლებისთვის” იყენებდნენ, ვინც მხოლოდ პირს აღებს – დანარჩენს დინამიკი აკეთებს. ასეთები არასოდეს გვაკლდა.

ამ მიკროფონთან ერთად დიდი ამბები გადავიტანე. საღამოობით, თუკი სახლში მარტო დარჩენა მომიწევდა, სარეცხის გასაწევ ჯოხს მოვიმარჯვებდი, სკოჩით მიკროფონს მივამაგრებდი და დიდი პუბლიკის წინაშე გამოვდიოდი. დიდი პუბლიკა კი სერვანდში შელაგებული ჭურჭლის სერვიზი იყო. სკორპიონსის ”You and I”-ს ვრთავდი და სერვანდის წინ ვდგებოდი. სიმღერისას კი ერთი გოგონას სახე მედგა თვალწინ, რომელიც ერთხელ ქაჩუაში დავინახე, შავებში ჩაცმული დაკრძალვის პროცედურას მიყვებოდა და ტიროდა. მას მერე ხშირად მიფიქრია იმაზე, რომ ყველაზე ლამაზი მგლოვიარე ქალია. ერთი სიმღერის კონცერტი დიდხანს არ გრძელდებოდა. უცებ, კარზე კაკუნი ისმოდა. ესეიგი მოვიდნენ. ჯოხი – აივანზე, მიკროფონი – ტანსაცმლის განჯინაში, მე – კართან.

ახლა ეს მიკროფონი ისევ ”შკაფში” დევს, ლეიბების ქვეშ და ნაფტალინის სუნით გაჟღენთილ ტანსაცმელს შორის. ყოველთვის, როცა იქით გავიხედავ, ”სკორპიონსი”, ფილარმონია და შავებში ჩაცმული გოგო მახსენდება, რომლის სახელიც დღემდე არ ვიცი.

ხოსე

 ძველი ამბავია: შაბათი დილაა. ჯოჯოხეთურად დეპრესიულ ხასიათზე ვარ. წინა დღეს თსუ-ს მეექვსე კორპუსის წინ გიორგი ჭეიშვილი შავ ანეკდოტს მომიყვა ერთ მეჭეჭიან ბიჭზე, რომელსაც ყველა აფურთხებდა. ეს ანეკდოტი თავში ჩამრჩა და როგორც მერე აღმოჩნდა, ჩემი გამწერლების მიზეზი აღმოჩნდა. უცებ მომიფრიკინდა მოთხრობა დამეწერა უშნო ტიპზე, რომელსაც ცხოვრებაში არ უმართლებდა. ამ ტიპს ჩემი უახლოესი მეგობრის კატის სახელი დავარქვი – ხოსე (ერთხელ ხოსე მეზობლის პიტბულმა დაგლიჯა და მას მერე ინვალიდად დარჩა. მასაც საცოდავი ცხოვრება ჰქონდა). ისე მოხდა, რომ ჩემი გარემოცვის უმრავლესობამ, იმის მაგივრად რომ კომპლიმენტები ეთქვათ, შეკითხვა დამისვეს – შენზე დაწერეო? – მიუხედავად იმისა, რომ ხოსეში ჩემი თავის მხოლოდ პატარა ნაწილი ჩავდე, არასოდეს უარმიყვია მათი შეხედულება. პირიქით, განვაგრძე ისეთი მოთხრობების წერა, რომლებშიც დაჩაგრულებისა და „ლუზერების“ შესახებ ვყვებოდი ამბებს. მათ კი განაგრძეს ფიქრი – „გორგილაძე საკუთარ თავზე წერს“.

მართალი გითხრათ, ”ლუზერები”, დაჩაგრულები და გარიყულები ყველაზე საინტერესო ადამიანები მგონია – ცხოვრებაშიც და წიგნის ფურცლებზეც.  პირველი მოთხრობიდან მოყოლებული სწორედ ასეთ ადამიანებზე ვწერ. მეტიც,  ყველა „წარმატებულ“ ადამიანშიც კი ვცდილობ ცოტაოდენი „ლუზერი“ დავინახო, რადგანაც მიმაჩნია, რომ სრულყოფილთა ადგილი ან ჯვარზეა, ან მუზეუმში. მე კი, ორივე ადგილი მოსაწყენად მეჩვენება.

კეკელიძის ლობიანი

დედაჩემს, რომელსაც ოცნებად ჰქონდა მე და ჩემს ძმას თსუ-ში გვესწავლა (საბოლოოდ  ეს ოცნება ორივემ  ავუსრულეთ) ოთხი წლის წინათ სასტიკი სიმკაცრით განვუცხადე ”საპირველსექტემბროდ” ახალ ტანსაცმელს არ ჩავიცვამ-მეთქი. იმ დროისთვის უკვე გაცვეთილი ”ადიდასის” ბოტასები, ლურჯი ჯინსი და ”ლაკოსტას” მაისური მოვირგე (ბრენდების დასახელებები ბრჭყალებში მართლწერის წესების დაცვის გამო არ ჩამისვამს. უბრალოდ მათი ორიგინალობა დავაყენე ეჭვქვეშ). თითქოს ამით გამოვხატე ახალგაზრდული პროტესტი. პროტესტი, რომელიც ჩემი აზრით პირველკურსელი სტუდენტისთვის ისეთივე აუცილებელი რამაა, როგორც აბელა ანდერსონთან სექსის დროს – პრეზერვატივი. სხვა შემთხვევაში ცუდადაა კაცის საქმე.

პირველი კორპუსის ეზო სგადავსებული იყო სტუდენტებით და რა თქმა უნდა მშობლებით, რომლებიც ამაყი სახეებით უმაგრებდნენ მხრებს ”სალომეებს, ივანეებს, თამარებს, ნიკოლოზებს, ეკატერინეებს”, (ადვილი წარმოსადგენია, როგორი სახეები ჰქონდათ მათ, რომ თავიანთი ნაშიერი უნივერსიტეტში ”მოეწყო”. ან რა ხდებოდა ამ დროს სამეზობლოში – ”ნანა, გაიგე? გულიკოს გიგა უმაღლესში მოწყობილა, დასწრებულზე, თან უფასოზე”, ”არ გადამრიო ქალო! რა შვილია, მაგისნაირი ბიჭი ”ხლებნიცაზე” არ დადის” და მერე ჩურჩულით მიაყოლებდა: ”ვითომ ემზარმა ჩააწყო?”) პირველი ნაცნობი, ვინც მაშინ შემხვდა, ირაკლი გუნია იყო, რომელიც მართალია მშობელთან ერთად არ გამოცხადდა, მაგრამ რბილად რომ ვთქვათ ზედმეტად აკადემიურად იყო გამოწყობილი (რასაც თავადვე მალევე მიხვდა და ფაკულტეტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის დაწყებდე  სახლში წავიდა და გამოიცვალა).

მაღალი (კიბის რამდენიმე საფეხურის სიმაღლის) ტრიბუნიდან ”ძილერთა ამა უნივერსიტეტისათა” მოგვმართეს, რომლებსაც მე და ირაკლიმ მაინცდამაინც გულდასმით არ მოვუსმინეთ. მერე პირველ კორპუსში ხალხის შედინებაც დაიწყო. ჭიანჭველის ნაბიჯებით ადიოდნენ კიბეებზე და ესკალატორის წინ მდგომ რიგს მოგაგონებდნენ. ჩვენ უკან ვიცდიდით და ერთი საინტერესო ცრურწმენის გამოვლინება შევნიშნეთ. გეხსომებათ, პირველ კორპუსს სამი  ალაყაფის კარი აქვს. იმ დროს სამივე ღია იყო, მაგრამ ”რატომღაც” ახლადგამოჩეკილი სტუდენტები მაინცდამაინც შუა კარიდან ცდილობდნენ შეღწევას (ალბათ მარჯვენა ფეხით).

–         ხედავ ?  არავის უნდა გვერდიდან შესვლა – მითხრა ირაკლიმ

–         მერე? არ გინდა ტრადიცია დავარღვიოთ – მეთქი? – ვკითხე

ამ ამბავს იქვე ორივემ დავცინეთ და დემონსტრაციულად მარცხენა კარიდან შევედით.

მას შემდეგ ოთხი წელი გავიდა და ცრურწმენა დამარცხდა: ჩვენ, ”მარცხენაკართშემღებლებმა” უნივერსიტეტი დავამთავრეთ. შეიძლება ითქვას წარმატებითაც კი. ამ ოთხი წლის მანძილზე თვალნათლივ დავინახე თუ როგორ შევიცვალეთ ჩვენ გარემოსთან და ხალხთან მიმართებაში და როგორ შეიცვალა გარემო და ხალხი ჩვენი თვალთახედვით.

ხშირად მიფიქრია, რასთან ასოცირდება ჩემთვის უნივერსიტეტი. ხანდახან სხვადასხვა დასკვნამდე მივდიოდი: რომელიმე ამოჩემებულ აუდიტორიასთან, უნივერსიტეტელ მეგობრებთან, მაღლივის გამოცდებთან და ა.შ. თუმცა ყველაზე ჭეშმარიტ დასკვნამდე ცოტა ხნის წინ მივედი:

მეექვსე კორპუსის გვერდით, კეკელიძის ქუჩაზე ერთი საცხობი იყო (ახლა იქ „ნამუ-ნამუა“ გახსნილი), რომელსაც ძალიან სახასიათო მფლობელი ჰყავდა. სახის ფერის გამო მე და ნიკა ესებუამ  მას მეტსახელი შევურჩიეთ – „წითელი“. ჩვენ ყოველდღე ვსტუმრობდით წითელს და ვჭამდით ფენოვან ლობიანს. ეს ჩვენი სტუდენტობის განუყოფელი ნაწილი გახდა. მოგვიანებით, როცა ბაკალავრიატი უკვე დამთავრებული მქონდა, მე შევესწარი იმ ფაქტს, როცა წითელი საცხობს ხურავდა და ღუმელები გაჰქონდა.

სანტიაგო რამონიკახალი წერს, რომ ყველაზე მეტად ესპანელად თავს მაშინ გრძნობს, როცა კაფეში იმყოფება. მე კი – თავს უნივერსიტეტელად მაშინ ვგრძნობ, როცა კეკელიძის ქუჩაზე ვდგავარ.

9

იკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში

ვწუხვარ რომ განმეორება მიწევს, მაგრამ ხანდახან თავ ზემოთ ძალა არ არის და ლიტერატორები დამეთანხმებიან კიდეც – თუ გინდა ერთ ამბავს მეორე მიაყოლო, საერთო ძაფი უნდა გამოუნახო. ასეთი ძაფი კი ამ შემთხვევაში ტაქსია. თუკი ბათუმში ხარ და გადაადგილების ერთადერთ საშუალებად ტაქსის აღიარებ, გამოდის, რომ საქართველოში სამი – ღარიბი, საშუალო და მდიდარი კლასის გარდა მეოთხეც არსებობს და შენ სწორედ ამ მეოთხე კატეგორიას მიეკუთვნები (მდიდარ-სულელებს). თუ მე და ისაკაძეს კარგად ჩაგვიღრმავდებით, სულელების იარლიყი შეიძლება მოგვაკეროთ, მაგრამ სიმდიდრეს კი ვერცერთი სოციალური დაზღვევის აგენტი ვერ დაგვწამებს, მაგრამ დაგვიანების ხარისხმა (რაც ისაკასთვის ცხოვრების წესია ჩემთვის კი მიზეზი რის გამოც ისაკა უნდა მძულდეს)  ზენიტს, ხოლო მომლოდინე გუნიას ზარების სიხშირემ პიკს მიაღწია (ბოლოს ტელეფონი ჩემ უკითხავად უთიშავდა) და ჩვენც გავრისკეთ . . . გავრისკეთ და შევცდით. დაახლოებით ორი კილომეტრის (არც!) გავლაში იმდენი გადავიხადეთ, რამდენადაც სომალის ერთ ტომს ერთი თვის სამყოფ საკვებს ვუყიდდით. სამაგიეროდ მძღოლმა არნახული პატივი მოგვაგო – ზედ სამარშრუტოს ბაქანთან გაგვიჩერა. ჩვენდა გასაკვირად (და გასახარად) გუნიას გარდა კიდევ ორი მეგობარი – დაჩი ქინქლაძე და მარიამ გიგუაშვილი დაგვხვდნენ. აღმოჩნდა, რომ მათაც რაჭისკენ ეჭირათ გეზი (მყარად მწამს,  მოვა დრო, როცა ბათუმიდან რაჭამდე ჩვენს მსვლელობას ისტორიკოსები აღიარებენ არგონავტების მოგზაურობის შემდეგ ყველაზე სახიფათო და მომქანცველ თავგადასავლად).

თითო – თითო ფანტა – კოკა-კოლა – სპრაიტს გეახელით და ვინმე „აცკი ვაძიწელმა“ „რეისი ბათუმი – რაჭა 001/14“ ბაქანზე შემოაგელვა, რის შემდეგაც ბარგი ავიკიდეთ და ჭიანჭველას ნაბიჯებით მივუახლოვდით. მე ერთადერთი მგზავრი აღმოვჩნდი, რომლის ჩანთაც საბარგულში მოათავსეს. უფრო სწორად კი, რომლის ჩანთისთვისაც საბარგულში ადგილი შემორჩა ორი ტომარა ფქვილის, იატაკის გერმანული ლაქის, „უგოლნიკებისა“ და მთელი რიგი სარემონტო – კულინარიული მასალის გვერდით (თუ ქვემოთ). დანარჩენების ბარგი მძღოლის თანაშემწემ (ე.წ Gunman-მა) სახურავზე შემოაწყო. გავლის ორიოდე საათი და ეს კაცი კიდევ აძვრება სახურავზე და ეს ასვლა სავალალოდ დასრულდება.  სავალალოდ ბარგისთვის, თორემ კაცს ჯვარი სწერია!

მძღოლს ვაცნობეთ, რომ ბილეთები უკვე აღებული გვქონდა, რაც მაინცდამაინ არ ესიამოვნა და უკმაყოფილება არც დაუმალავს: „ნაყიდი ბილეთებისთვის უკანა ადგილებია გათვალისწინებული. წინა დასაჯდომებს კი მე ვანაწილებ, ასე რომ თქვენ წააგეთ“ – გვითხრა და ჩვენ მივხვდით, რომ „ტიტანიკის“ დაღუპვის შემდეგ, ეს იყო ადამიანთა მიერ დაშვებული  ყველაზე დიდი შეცდომა დედამიწის ზურგზე. „დამარცხებულები“ უკანა ადგილებზე მოგვათავსეს.  სანამ დავიძრებოდით, უკვე მოვასწარით რამდენიმე თანამგზავრზე გარკვეული შთაბეჭდილების შექმნა. მაგალითად ერთმა ქალბატონმა, რომელიც დიდი ხნის უნახავ ნათესავს ოჯახურ ამბებს უყვებოდა გოეთეს სადარი სიტყვები წარმოთქვა: „ბიძინამ ცოლად ფრანგი შეირთო. ფრანგია, მაგრამ კარგი გოგოა“. ჩვენ თავს დავაჯერეთ, რომ ეს იყო ქართული სიმღერის ფრანგული ვარიაციის ნიმუში –  „თუში ვარ, მაგრამ კარგი ვარ“ და გულები ამით დავიმშვიდეთ. მძღოლმა იმთავითვე გაგვაფრთხილა (ღირსეულად მოიქცა) „მე მარტო ერთხელ შეგაწუხებთ, ქუთაისში 20 წუთით გავჩერდებითო“ და სადღაც 5 საათში ჩავალთო. ფრანგი ქალის მოყვარემ ამ დროს ერთი პატარა და ამავდროულად მრავლისმთქმელი რუსული სიტყვით შეაფასე საჭეთმპყრობელის მონოლოგი: „მნოგო“.

ქუთაისში „20 წუთით გასაჩერებელი სამარშრუტო“  40 წუთით გაჩერდა, რადგანაც  აღმოჩნდა, რომ მასზე სამშენებლო მასალა კიდევ უნდა დაემატებინათ. რას არ ნახავდით, სულო და გულო – მავთულები, მეტალოპლასტმასი,  „იქითური, აქეთური“, ყველაფერი შემოალაგეს და Gunman-ი კიდევ ერთხელ აძვრა სახურავზე. ყველაფერი ზემოჩამოთვლილი  მგზავრთა ბარგის გვერდით (ზე) მოათავსა და მუშაობის პროცესში ოფლით დანამა თითოეული მათგანი. ხოლო მე გავითავისე, როგორც კი ჩემი მეგობრები თავიანთ ჩანთებს დახედავენ, ყოველთვის მოაგონდებათ  თავგანწირული  შრომა და ჯაფა, რომელსაც მძღოლის თანაშემწეები რეისის დროს სწევენ. სამწუხაროა, რომ ჩემს „ადიდასს“ იგივე ბედი არ ერგო.

გზა განვაგრძეთ, მაგრამ ბედნიერება ამოუწურავი როდია?! – მალევე გააჩერა, ამჯერად ავტობუსი საკვებით დაიტვირთა. მართალი გითხრათ, „კაი პურის მჭამელებს“ არც ჩვენ ჩამოუვარდით და ერთი საგულისხმო აღმოჩენაც გავაკეთეთ – დინოზავრები არ გადაშენებულან. შეიძლება გადაშენდნენ კიდეც და მათი ხორცი რეგიონულ სასადილოებში ბრაზილიიდან გაყინული ბარკლების სახით შემოდის, მაგრამ ფაქტი ერთია, ჩვენ დინოზავრის ხორცი მივირთვით. 

ყველანაირი მორალური, ამორალური, საღვთო, საკანონმდებლო წესის გათვალისწინებით დანიშნულების ადგილამდე აღარ უნდა შევჩერებულიყავით, მაგრამ ჯერჯერიბით საბურავები ისევ რეზინისაგან მზადდება და როგორც ჩანს მათ შორის ყველაზე უხარისხო, სწორედ ჩვენს სამარშრუტოს ეყენა (საბურავის გამოცვლა, ერთი-ორჯერ მოშარდვა, ხალხის ჩასვლა-ამოსვლა და შეპირებულ 5 საათს ლოთიანად გადავცდით საბოლოოდ).  იმერეთი უკან მოვიტოვეთ თუ არა, ერთერთმა თანამგზავრმა მამაკაცმა, სასადილოდან წამოღებული „ნაბეღლავიდან“ ბოლო წვეთი გამოწრუპა და ორჯერ მორიდებით ამოაბოყინა კიდეც. ერთი ჩუმად, მეორე ცოტა ხმაურიანად. მერე ირაკლი გუნიას გამოხედა, რომელმაც ფანჯარასთან ადგილი წამართვა და უთხრა გადააგდეო. გუნიამ ერთხელ თავი გაუქნია, რაზეც „მინერალკის“ მოყვარულმა ალბათ იფიქრა რაღაც სათანადოდ ვერ გამოვთქვიო და ამჯერად სიტყვა „გადააგდესთან“ ერთად ხელის მოძრაობითაც სცადა ირაკლის აზრზე მოყვანა, რაზეც ხვიჩაევიჩმა დინჯად და ამჯერად ვერბალურად მიუგო: „არ შემიძლია“.  ამ ეპიზოდმა  ძალადობაზე დამყარებული ფილმები გამახსენა, როცა ვინმე ბებერი, ღიპიანი  ოღრაში ახალგაზრდა, ასე ვთქვათ უკოცნელ გოგოს შეცდენას უპირებს („ჰა შენ კიკუ თუმანი და გაიხადე“-ს მსგავსი) და ის კი თაკილობს. რა თქმა უნდა ამ პასაჟის დანახვისას სიცილი ვერ შევიკავეთ ვერც „გარემოს დამცველის“ მეგობრებმა და ვერც „მენაბეღლავემ“, რომლიც კბილები მთლიანად დაკრიჭა, უფრო სწორად პირი მთლიანად გააღო (მე იქ ვერცერთი კბილი ვერ შევამჩნიე) და მომღიმარ სახეზე მისი აზრები ნათლად იკითხებოდა: „ჰა-ჰა-ჰა, ქალაქელი პიჟონები“

ასე იყო თუ ისე, ამბროლაურს მივუახლოვდით. მართალი გითხრათ ეს ვიზიტი ჩემთვის მხოლოდ მეგობრებთან დროის სასიამოვნოდ გასატარებლად ჩასვლა არ იყო. მე – ნახევრად რაჭველმა (დედის მხრიდან) პირველად დავინახე იქაურობა. უფრო სწორად კი  ხუმრობის გარეშე ვიტყვი – იქაურობა ვიგრძენი. დანიშნულების ადგილს მივუახლოვდით თუ არა, ნინიასთან, ნათიასთან და ნინოსთან (ისინი უკვე იქ იყვნენ) ზარი განვახორციელეთ:

–         სად მოვიდეთ?

–         ხიდს რომ გადმოხვალთ, ფილარმონიის მსგავს შენობას დაინახავთ და იქ ჩამოდით. ტაქსი 3 ლარად მოგიყვანთ.

–         და ტქსის მძღოლს რა ვუთხრა? ისეთ ადგილას მიგვიყვანე სადაც 3 ლარად დადიხარ – მეთქი?

–         არა, ჭონქაძის ქუჩა უთხარი.

–         ეგრე რა თქვე დალოცვილებო!

ფილარმონიის მსგავსი შენობა მაღაზია აღმოჩნდა, რომელშიც როგორც ირაკლი ისაკაძემ დაწერა „სტიქარი, ფეხბურთის ბურთი და სენდვიჩი გვერდიგვერდ იყიდებოდა“. „ფილარმონიის“ მიმდებარე ტერიტორია კი ბოლო გაჩერება ყოფილა. სანამ დანარჩენები ოფლით დანამულ ჩანთებს ელოდნენ, მე საკუთარი ფქვილიანი „ადიდასი“ ხელთ მეპყრა და ტაქსისკენ მივაპობდი ამბროლაურის ჰაერს. არ ვიცი უბრალო დამთხვევა იყო თუ არა, მაგრამ რაჭაში ჩასულებს პირველი ვინც შემხვდა, სწორედ ისეთი ტიპური რაჭველი იყო, როგორებზეც ხუმრობებში მომისმენია. მე გიამბობთ, ტაქსის მძღოლის სიტყვებზე რაჭული კილოს დადება კი თქვენზე იყოს:

–         ჭონქაძის ქუჩაზე 3 ლარად წაგვიყვან?

–         რავა არ წაგიყვან

–         ახლა დანარჩენებიც მოვლენ და წავიდეთ

–         დანარჩენებიც მოდიან?

–         კი

–         ბგონი არ მოდიან დანარჩენები

–         როგორ არა, ერთად მივდივართ

–         ერთად მიდიხართ?

–         კი

ამათ, როგორც იქნა საშველი დაადგათ და თავიანთი სამუზეუმო ექსპონატები (ჩანთები) საბარგულში ჩაალაგეს. ჩავსხედით და დავიძარით თუ არა, მოხუცმა მძღოლმა ღიმილით გვითხრა:

–         რო არ ვიცი ჭონქაძე სადაა? თქვენ იცით?

–         არა, ჩვენ პირველად ვართ.

–         კაი, წავიდეთ და გზაში შეგვხვდება სადმე . . .

მე თავიდანვე შევიტანე ეჭვი იმაში, რომ ჭონქაძის ქუჩა სადმე „ქუჩაში გადაგვეყრებოდა“, ამიტომაც თანამგზავრებს შევთავაზე ვინმე ადგილობრივს დავეკითხოთ – მეთქი. წინადადება დასრულებული არ მქონდა, ჩვენ წინ ქალი გამოჩნდა.

–         დავეწიო? – კითხულობს მძღოლი

–         როგორც თქვენ გინდათ

–         დავეწევი მაშინ

ჩვენ მას დავეწიეთ! მაგრამ ამაოდ. მგონი ჭონქაძის ქუჩა ამბროლაურისთვის იგივეა, რაც „ცისფერი მთებისთვის“ გივი – იციან რომ არის, მაგრამ სად? – გამჩენმა უწყის. ბოლოს გადავწყვიტეთ გოგონებისთვის დაგვერეკა და იმათ ცოტა აზრზე მოგვიყვანეს. საუბრის დასრულებიდან დაახლოებით 2 წუთის შემდეგ მძღოლმა მკითხა: „რას შვრები, ურეკავ?“

მივაღწიეთ! ჩვენმა მასპინძელმა, ბატონმა მამუკამ  სადილობისასვე შეგვატყო, რომ დიდი ვერაფერი მსმელები ვიყავით და დაგვპირდა საღამოს ადგილობრივ კოლორიტს მოვიყვან და აბა სცადეთ გაძალიანებაო. მოსალოდნელი სირცხვილის თავიდან ასაცილებლად  ბიჭები მთელ დღეს ვცდილობდით საფირმო სადღეგრძელოებში გვევარჯიშა და საღამოხანს გამოვძერწეთ ქართველი ემიგრანტების სადღეგრძელო, რომელიც საბოლოოდ სუფრაზე მაინც არ ითქვა. მაგიდის თამადად ირაკლი გუნია დაინიშნა, რომელმაც შეიძლება ითქვას ბეწვის ხიდზე იარა და კინაღამ ხელმეორედ აგვკიდა „ქალაქელი პიჟონების“ სტატუსი, მაგრამ საბოლოოდ მაინც მშვენივრად გაართვა თავი. ადგილობრივი კოლორიტი, ბატონი გურამი შესანიშნავი მოსაუბრე აღმოჩნდა. მან უგემრიელესი რაჭული შუშხუნა ღვინოც მოგვართვა და ამის ფონზე ჩვენ, ახალგაზრდები უფროსი თაობის ორ წარმომადგენელთან ერთად გაუჩერებლად ვსაუბრობდით ისტორიაზე, მორალზე, დღევანდელობაზე, საქართველოსა და ახალგაზრდობაზე.

რაჭის დღეები, თავისი ლამაზი ბუნებით, ცივი წყლით, გულითადი ხალხით, ჯოკრის სადღეღამისო თამაშით, გამოუცდელი მზარეულების მიერ შემწვარი ქათმებით (რომლებსაც გულით მკვდრის შესახედაობა ჰქონდათ), ირაკლი ისაკაძის მიერ გათლილი (?) კარტოფილით, შაორის ტბით (რომელშიც სახელგანთქმული მოცურავის იმიჯით დღის პირველ საათზე შევედი და 7-მდე, ანუ წამოსვლამდე წყლიდან გამოსვლას ვცდილობდი), კონტაქტის თამაშით (რომელშიც ნინიამ, ნათიამ და ნინომ ვერ დაგვამარცხეს, რადგან ისეთი ძლიერები აღმოვჩნდით, მეეჭვება მხოლოდ ათოსის, პორთოსის და არამისის ტრიო თუ მოახერხებს ჩვენს დაჯაბვნას, ისიც დარტანიანის დახმარებით), ხუმრობებით, ლუდით, თევზით, ნივრიანი ძეხვით . . . ყველაფერი ეს იმდენს ახერხებს, რომ  გონების ფსკერზე სასიამოვნო მოგონებები დამიტოვოს.

ერთი მწერალი გვირჩევდა: როცა სათქმელი კიდევ ბევრი გაქვს, მაგრამ თავს ვერ უყრი და რაღაცებს მიედ – მოედები, ნუ დახარდები – შეელიე ფიქრებს. უბრალოდ ღრმად ჩაისუნთქე და დასვი წერტილი.