5

and the oscar goes to . . .

გამოქვეყნდა I-მედიაჟურნალის  ბლოგზე

რაც უფრო ახლოვდება “ოსკარებით” დაჯილდოვების ცერემონიალი, მით უფრო მატულობს ვნებათაღელვა იმ ფილმების ირგვლივ, რომლებიც, სავარაუდოდ, ჯილდოს მოსაპოვებელ ბრძოლაში ჩაებმებიან.   წელს კინოაკადემია სიახლესაც გვთავაზობს- რიგით  ოთხმოცდამეერთე დაჯილდოების ცერემონიალზე წლის ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად ხუთის ნაცვლად, ათი ფილმი იბრძოლებს.

 მიუხედავად იმისა, რომ რიგი გახმაურებული  ფილმების პრემიერები ჯერ არ შემდგარა და ჩვენ მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა  გვაქვს მათზე  „ტრეილერებიდან“, სხვადასხვა ვებსაიტზე უკვე დაიწყო სავარაუდო ნომინანტების დასახელება.

გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ოსკარებით  დაჯილოვდოვების 2009 წლის ცერემონიალიც პოლიტიკურად იქნება დამუხტული.

პირველი  “პოლიტიკური”  ფილმი – კანდიდატი  კლინტ ისტვუდის „ადამიანური ფაქტორია“ (human factor  ან  invictus ), რომელიც ნელსონ მანდელას ცხოვრებას ეძღვნება. სიუჟეტი  1995 წლის  რაგბის  მსოფლიო ჩემპიონატის დროს    ვითარდება. ფილმს დამატებით ინტერესს მსახიობების ფაქტორი მატებს – ნელსონ მანდელას მორგან ფრიმანი განასახიერებს, ხოლო მეთ დეიმონი რაგბის გუნდის კაპიტნის როლში მოგვევლინება.

 სავარაუდო კანდიდატთა სიაში იხსენიებენ აგრეთვე ფილმს „ძვირფასი“ (precious)   ამ სურათმა უკვე   გაიმარჯვა „სანდენსის“ კინოფესტივალზე. ის  უშნო გარეგნობის დაკომპლექსებულ  შავკანიან გოგონაზე მოგვითხრობს, რომელსაც არაადამიანურად ეპყრობიან.  კრიტიკოსი ედ გონსალესი ამბობს, რომ ეს ფილმიც შემატებს „პოლიტიკურობას“ ცერემონიალს.  ედ გონსალესს არ ეთანხმება  კინომცოდნე ნინია კაკაბაძე. ის იხსენებს, რომ შარშან კინოაკადემიამ  მართლაც პოლიტიზირებული გადაწყვეტილებები მიიღო, როცა  შონ პენი დააჯილდოვა ამერიკელი ჰომოსექსუალი პოლიტიკოსის, ჰარვი მილკის, როლის შესრულებისთვის და აგრეთვე რვა ოსკარი უბოძა ფილმს „მილიონერი ჯურღმულიდან“. მიუხედავად ამისა, ნინიას აზრით,  წლევანდელი დაჯილდოება განსხვავებული იქნება და ამას შემდეგნაირად  ხსნის:  „ ოსკარი“ ყველაზე აპოლიტიკური დაჯილდოებაა, აქ გაცილებით უფრო დიდი ყურადღება სანახაობას ენიჭება და არა შინაარსს, ამიტომაც არ მგონია, წელს პოლიტიზირებული დაჯილდოება ვიხილოთ“.

სავარაუდო კანდიდატთა შორის აპოლიტიკური ფილმები სჭარბობს.

 კინოკრიტიკოსები დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ რობ მარშალის მიუზიკლს   „ცხრა“ (nine).  ეს ფილმი ინტერესს  მრავალი მიზეზის გამო იწვევს. პირველი ფაქტორი რეჟისორის გამოცდილებაა. რობ მარშალმა 2002 წელს გადაიღო შესანიშნავი მიუზიკლი „ჩიკაგო“, რომელმაც ოსკარებიც დაიმსახურა; მეორე  მიზეზი კი  მსახიობთა შესანიშნავი დასია – ორი ოსკარის მფლობელი  დენიელ დეი ლიუისი მისთვის უჩვეულო ამპლუაში და მდედრი მსახიობების მთელი თანავარსკვლავედი: ჯუდი დენჩი, სოფი ლორენი, მარიონ კოტიარი, პენელოპა კრუსი, ნიკოლ კიდმანი და კეით ჰადსონი.

 დიდი ინტერესითა და იმედით ელიან პიტერ ჯექსონის ახალ ფილმს „საყვარელი ძვლები“ (lovely bones), რომლის პრემიერაც დეკემბრის დასაწყისში იგეგმება. სურათი მოგვითხრობს 14 წლის გოგონას შესახებ, რომელიც მანიაკმა გააუპატიურა და მოკლა. სივდილის შემდეგ ის სამოთხიდან  ადევნებს თვალს ახლობლების ცხოვრებას.  ოფიციალურ „ტრეილერში“ უკვე  ჩანს, თუ რა ოსტატურად დახატა რეჟისორმა არაამქვეყნიური სამყარო, რომელშიც გოგონამ გადაინაცვლა.

 „ჰაერში“ (Up in the air)  ჯეისონ რაიტმანის ახალი ფილმია, რომელშიც მთავარ როლს ჯორჯ ქლუნი ასრულებს. მისი გმირი დადის ქვეყნის გარშემო და კორპორაციულ მუშაკებს ათავისუფლებს. ის  ხშირად  ამბობს, თუ რა კარგია ცხოვრება ურთიერთობების გარეშე.  აქ ყველაზე საინტერესოა თავად რეჟისორის, რაიტმანის ფაქტორი,  მას სულ სამი სრულმეტრაჟიანი მხატვრული  სურათი აქვს გადაღებული და ამათგან ერთი, „ჯუნო“,  ოსკარზეც იყო წარდგენილი, ნომინაციაში „საუკეთესო ფილმი“. ფილმმა ორიგინალური სცენარისთვის დაიმსახურა აკადემიის ჯილდო  .

  „ გზა“ (the road)  ჯონ ჰილკოუტის პოსტაპოკალიფსური ჟანრის  ფილმია. საინტერესოა, რომ სურათი კორმაკ მაკკარტის 2006 წელს გამოშვებული, ამავე სახელწოდების წიგნის  მიხედვითაა გადაღებული. ფილმში მამა – შვილის როლს ვიგო მორტენსენი და კოდი სმიტ – მაკფი ასრულებენ. ოფიციალური „ტრეილერიდან“ ნათლად  ჩანს, რეჟისორის პოსტაპოკალიფსური სამყარო მრავალფეროვანი და მიმზიდველია.

დაბოლოს,   კინოსამყარო დაძაბული ელოდება ჯეიმს კამერუნის ახალ ფილმს –  „ავატარი“ (avatar), რომლის  გადაღების იდეაც მას დაახლოებით თხუთმეტი წლის წინ გაუჩნდა, თუმცა იმ დროს არსებულმა კომპიუტერული ტექნოლოგიებმა ამის საშუალება არ მისცა.   ფილმის შექმნაში სამას მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯა. სურათი ფანტასტიკის ჟანრს მიეკუთვნება და მოგვითხრობს პარალიზებული ადამიანის შესახებ, რომელიც ტექნიკური მიღწევების წყალობით შეძლებს გაჰყვეს ექსპედიციას პლანეტა „პანდორაზე“.

 გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ფილმებისა, ფავორიტთა შორის აქტიურად სახელდებიან:  “დამსმენი“ (The Informant) , “სერიოზული კაცი” (Serious Man),  და “ცხოვრების ხე” (the tree of life) შონ პენისა და ბრედ პიტის მონაწილეობით.

  იმედი მაქვს გარკვეული შთაბეაჭდილება შეგიქმენით წლევანდელ ფავორიტ ფილმებზე. ახლა კი ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ ჯერ ნომინანტთა გამოცხადებას და შემდეგ კი კინოაკადემიის რიგით ოთხმოცდამეორე დაჯილდოვებას.  შესაძლებელია ამ პროგნოზებიდან ზოგიერთი არ გამართლდეს და ამის გამო ნუ გამინაწყენდებით,  როგორც ცნობილმა კრიტიკოსმა როჯერ ებერტმა ერთხელ იხუმრა : „ოქროს რაინდიდან ოქროს ჟოლომდე სურ ერთი ნაბიჯია“

 დათო გორგილაძე