13

“მკვდარი პოეტების საზოგადოება”

სერიიდან ჩემი საყვარელი ფილმები

თუკი მე მკითხავთ, ისე კი ვინ უნდა მკითხოს, 1989 წლის ოსკაროსანი ფილმის წოდებას “მის დეიზის მძღოლის”  ნაცვლად სწორედ “მკვდარი პოეტების საზოგადოება” იმსახურებდა.

ეს ფილმი  პირველად ადრეულ ბავშვობაში ვნახე. მას შემდეგ აღარც კი მახსოვს რამდენჯერ ვუყურე. ალბათ ოცჯერ მაინც. სულ მინდოდა რაიმე დამეწერა მასზე და აი როგორც იქნა ვწერ. . .

  რა არის პოეზია? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად დოქტორი პრიჩერდი შემოგთავაზებდათ გარკვეული გეომეტრიული ღერძების აგებას, პოეტებისთვის ქულების მინიჭებას და ბაირონისა თუ შექსპირის კოორდინატების მოძებნას ამ ღერძზე . . . აი სკოლის ალმანახის ყოფილი რედაქტორი, ფეხბურთის სასკოლო გუნდის ყოფილი კაპიტანი, ქალის თეძოების თაყვანისმცემელი და  ქალაქ ველტონის აკადემიის ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ჯონ კიტინგი პოეზიაში  საზრვრებისა და გისოსების დაწესების წინააღმდეგია. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ საზღვრებსა და გისოსებს ის  ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ეწინააღმდეგება.

 მოკლედ ფილმის შინაარსის შესახებ მათთვის, ვისაც ის არ უნახავს, ანაც მათთვის ვისაც გახსენება სურს: მოქმედება ქალაქ ველტონის ვაჟთა მოსამზადებელ კოლეჯში ვითარდება, რომელიც თავისი სიმკაცრითა და ტრადიციულობით გამოირჩევა. ტრადიცია, ღირსება, დისციპლინა და სრულყოფილება, ეს ის ოთხი ბოძია, რომელზეც ველტონის აკადემია რამდენიმე ათეული წელიწადია ურყევად დგას.  თავად მოსწავლეები კოლეჯს “ველტონის” ნაცვლად “ჰელტონს” (hellton – ჯოჯოხეთური) უწოდებენ, რაც მათ დამოკიდებულებას სკოლისადმი ნათლად წარმოგვიჩენს.

ცვლილებები ორშაბათიდან იწყება ხოლმე . . .

 მოსწავლეები, ტოდ ანდერსონი, ჩარლი დალტონი, რიჩარდ კამერუნი, სტივენ მიქსი, ნილ პერი,  ნოქს ოვერსტრიტი და მათი მეგობრები ახალი სასწავლო წლისთვის ემზადებიან და ეგუებიან იმ აზრს, რომ ეს სემესტრიც ისეთივე რუტინული და მოსაბეზრებელი იქნება როგორც გასული სემესტრები, მაგრამ ბედი მათ  საჩუქარს, ინგლისური ლიტერატურის ახალ მასწავლებელს, ჯონ კიტინგს უმზადებს, რომელიც “ველტონის” კოლეჯის ტრადიციულ და “ნაცრისფერ” გაკვეთილებს გმობს და საკუთარი სტილი შემოაქვს . . .

 ვფიქრობ ფილმში ისეთი პრობლემებია წამოჭრილი, როგორიც დღესაც დგას უამრავი ცალკეული ინდივიდის, ასევე საზოგადოების წინაშე. თაობებს შორის უთანხმოება, პირადი არჩევანის თავისუფლება, ადამიანთა შორის ურთიერთობები და ა.შ

 ველტონის აკადემიის სტუდენტი “ტყვეების” წინააღმდეგობა მხოლოდ  სიგარეტის  მალულად მოწევაში და პირად საუბრებში აკადემიის დაცინვაში გამოიხატება. ყველა დანარჩენ საკითხში ისინი თავიანთი მშობლებისა და მასწავლებლების დამჯერნი არიან. მშობლების, რომლებმაც მთელი თავიანთი გავლენა გამოიყენეს, რათა მათი შვილი “ველტონში” მოხვედრილიყო. მასწავლებლების, რომლებსაც ისტორიული მისია აქვთ: შეინარჩუნონ ამერიკაში ყველაზე პრესტიჟული მოსამზადებელი კოლეჯის სახელი და დაიცვან ოთხი პრინციპი.

  ჯონ კიტინგმა მოსეს მისია ნებაყოფლობით იტვირთა. მან მოზარდები ბურუსიდან უნდა გამოიყვანოს. ფილმში კარგადაა დადგმული არატრადიციული გაკვეთილები, რომლებზეც  მასწავლებელი  ცდილობს  ფიქრს შეაცვიოს მოსწავლეები.

carpe diem

წამის  მოწყვეტა  და ყოველი დღის სათანადოდ გამოყენება ჯონ კიტინგის მთავარი პოსტულატია.  მის მიერ მიერ ჩატარებული პირველი გაკვეთილის შემდეგ, მთელი ფილმის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ მოსწავლეების გამოღვიძებას, გათავისუფლებას. ვაჟების გამოღვიძების ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანი, მათ მიერ ძველი ტრადიციის “მკვდარი პოეტების საზოგადოების” აღდგენაა. მართალია  ღამით ძველ ინდიელთა გამოქვაბულში ყმაწვილების შეკრება და ლექსების კითხვა ერთი შეხედვით დიდი ვერაფერი რევოლუციაა, მაგრამ იმ სიტუაციაში ეს მოსწავლეების  ერთადერთი  ქმედებაა, რომლითაც ისინი ეწინააღმდეგებიან სკოლის ტირანულ შინაგანაწესს.

ო კაპიტანი! მათი კაპიტანი!

“ო კაპიტანო! ჩემო კაპიტანო!” უოლტ უიტმენის ლექსის სათაურია, რომელიც მან აბრაამ ლინკოლნს მიუძღვნა. “გაკვეთილებზე თქვენ შეგიძლიათ მომმართოთ, როგორც მისტერ კიტინგი, ან თუ უფრო თამამები იქნებით მომმართეთ: ო კაპიტანო! ჩემო კაპიტანო! “ფილმის მსვლელობისას რობინ უილიამსის გმირი მოსწავლეების კუმირი ხდება, ის მათი მთავარი მაგალითია. კინოში ძალიან ლამაზადაა ნაჩვენები მათი თავგადასავალი.

 ტოდ ანდერსონისა და ჯონ კიტინგის ურთიერთობა ფილმის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია.  ტოდს, რომელიც ტირან მამას მომავალ ექიმად წარმოუდგენია,  გულის სიღრმეში მსახიობობა სურს. რჩევებს ის მასწავლებლისგან იღებს. საბოლოოდ, მამის გაფრთხილების მიუხედავად ის მაინც თამაშობს მთავარ როლს უილიამ შექსპირის “ზაფხულის ღამის სიზმარში” . . . მამის რეაქციიდან გამომდინარე ტოდი ერთადერთ გამოსავალს სუიციდში ხედავს. ალბათ ეს იყოს მისი პირველი და უკანასკნელი სერიოზული დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. გამოდის რომ ტოდ ანდესონმა თავისუფლება სიკვდილში ნახა. . .

 ანდერსონი მკვდარია, “ჯოჯოხეტურ აკადემიას” კი “განტევების ვაცი”  სჭირდება. ჯონ კიტინგი იდეალური კანდიდატია.

 მასწავლებელმა შეძლო თვალი აეხილა  და დამოუკიდებლად აზროვნება ესწავლებინა ყმაწვილებისთვის, რომლებიც ადრე თუ გვიან კაცებაი გახდებიან. ტოდ ანდერსონმა კი დაბრკოლება ვერ გადალახა.

საბოლოოდ ეს ის ფილმია, რომელიც ფიქრის საშუალებას გაძლევს. ეს არის ფილმი მამებისთვის, რომლებიც ისტორიკოსობის მოსურნე შვილს აძალებენ მათემატიკოსი გახდეს. ეს არის ფილმი შვილებისთვის, რომლებსაც საკუთარი ხმის ამოღების რცხვენიათ. ეს არის ფილმი ქართველებისთვის, რომლებიც დიდწილად განაპირობებენ ხოლმე თავიანთი პირმშოების პროფესიულ მომავალს. ეს არის ფილმი ბევრი რამის შესახებ.

გარდა შინაარსობრივი მხარისა, ფილმს ამშვენებს რობინ უილიამსი, რომელმაც ოსტატურად მოირგო სტუდენტებთან უშუალო და მეგობრული დამოკიდებულების მქონე ტანმორჩილი და მამაცი მასწავლებლის როლი. ალბათ სწორედ ის მიიღებდა ოსკარს მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის, იმ წელს დენიელ დეი ლიუისს შეუდარებლად რომ არ განესახიერებინა ინვალიდი მხატვრის, კრისტი ბრაუნის როლი ფილმში “ჩემი მარცხენა ფეხი”

მშვენიერია ფილმის დასასრული, როცა აკადემიიდან გაგდებულ ჯონ კიტინგს მისს მოსწავლეები თამამად მიმართავენ: ო კაპიტანო! ჩემო კაპიტანო!