13

მარკესი კაბაში

 

როგორც წესი, ქართველებისთვის, ლათინური ამერიკის სამწერლო დასის სახეს გაბრიელ გარსია მარკესი წარმოადგენს. ეს კაცი ჩემი ფავორიტი მწერალია. გაბო (ასე უწოდებენ მას სამშოლოში) საქართველოშიც ძალიან პოპულარულია, მაგრამ ჩვენთან, ხშირ შემთხვევაში მის სიყვარულს იჩემებენ მოდის გამო, ისე რომ “მარტოობის 100 წელიწადის” გარდა მისი არც არაფერი აქვთ წაკითხული. მოკლედ ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. . .  პოსტი, რომელსაც ახლა გთავაზობთ, პირველი იქნება იმ სერიიდან, რომლებშიც ლათინური ამერიკის სხვა საინტერესო მწერლებს გავაცნობ ლიტერატურის იმ მოყვარულებს, ვინც ჯერ კიდევ არ იცნობს მათ. მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ლათინოამერიკულ მწერლობაში (რომელიც მე ასე ძალიან მიყვარს) მარკესის გარდა სხვა საინტერესო სახეებიც არიან.

 ისაბელ ალიენდე, მწერალი ჩილედან

 ისაბელ ალიენდემ ოთხმოციანი წლებიდან დაისაკუთრა სახელი ყველაზე ცნობილი ლათინოამერიკელი ქალი მწერლისა.  მის გვარს შეცდომაში არ შეყავხართ, ის სალვადორ ალიენდეს ახლო ნათესავია, რომელიც პინოჩეტიმ დაამხო. მისი წიგნები მსოფლიოს ოცდაშვიდ ენაზეა ნათარგმნი და ოცდათხუთმეტი მილიონი ეგზემლარია დაბეჭდილი.

 პროფესიით ჟურნალისტ ისაბელ ალიენდეს, რომელსაც მოიხსენიებენ როგორც “მარკესი კაბაში”,  პოპულარობა 1982 წელს ეწვია, როცა გამოვიდა მისი პირველი და ყველაზე ცნობილი რომანი “სულების სახლი”

 “სულების სახლი” ის წიგნია, რომლის წაკითხვასაც გირჩევთ, იმ პირობით, რომ არ ინანებთ. აქ ბევრს წააწყდებით მარკესისეულს.  წიგნს დაჰკრავს გაბოსეული “მაგიური რეალიზმის” სურნელი, თუმცაღა იზაბელ ალიენდემ სწორედ ამ წიგნში გაკვალა თავისი პირადი ხაზი, რომელიც შემდგომ მის ყველა ნაწარმოებში გადის და რომელმაც ის ყველაზე ცნობილი ლათინოამერიკელი ქალი მწერალი გახადა.

 “სულების სახლი” ჩვეულებრივი “სერიალური” სიუჟეტით იწყება . ღატაკთა შვილს მდიდრის ასული შეუყვარდება და პირიქით. ის საშოვარზე მიდის, რათა პირველი მილიონი იშოვოს. დაბრუნებულს მწვანეთმიანი გოგონა (ლამაზი პასაჟია ) გარდაცვლილი ხვდება. ცოტა ხნის შემდეგ ყმაწვილი გადაწყვეტსს, რომ მისი და ითხოვოს, რომელსაც წინასწარმეტყველური ნიჭი აქვს.

 ბუნებრივია მე არ მოვყვები თუ რა ხდება წიგნში, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ პოსტს დანიშნულება დაეკარგება. გეტყვით იმას რომ სიუჟეტი ძალიან ჩამთრევი და საინტერესოა. აქ არის პოლიტიკაც. დემოკრატიული ძალებიც, სამხედრო გადაწყვეტილებაც, დიქტატორული მმართველობაც. ამ წიგნის მიხედვით, ბილე აუგუსტმა გადაიღო ამავე სახელწოდების ფილმი, რომელსაც კრიტიკოსები ტაშით არ შეხვდნენ.

 ისაბელ ალიენდე რომანების წერის გარდა ჟურნალისტურ საქმიანობასაც ეწეოდა. ის დაინტერესებულია ქალთა ემანსიპაციისა და გენდერული თანასწორობის საკითხით. წერს თეატრალურ პიესებსაც.

 გარდა “სულების სახლისა” ალიენდეს სხვა ბევრი საინტერესო რომანი აქვს შეთხზული. “ევა ლუნა”, “სიყვარული და წყვდიადი”, “ევა ლუნას ისტორიები” და სხვა.

მოკლედ, წაიკითხეთ, საინტერესო ქალია. აი ასე გამოიყურება მარკესი კაბაში.

Advertisements
18

ამბავი ბიჭისა, მწერლობა და ჟურნალისტობა რომ უნდოდა

  როცა მეზობელ კორპუსთან მცოხრებმა, ხალხის მოწყალების მოლოდინში მყოფმა ძაღლმაც კი საკუთარი ბლოგი გააკეთა, გადავწყვიტე ზრდილობის გამო მაინც მოვქცეულიყავი ანალოგიურად და აი თქვენ წინაშე ვარ: ქართული ცხვირით, გადაბმული წარბებით, არცთუ ძალიან ლამაზი ღიმილით, მოჭარბებული კილოგრამებით, საკუთარი თავისა და რამდენიმე ჩემნაირისათვის მოსაწონი იუმორის გრძნობით,  სიყვარულით, სიძულვილით, ბაზრობაზე ნაყიდი ტანსაცმლით,  მოძველებული მენტალიტეტით, ზოგჯერ კი გამაოგნებლად თანამედროვე აზროვნებით, თბილისის პერიფერიულ უბანში მცხოვრები ადამიანის ქცევით და მუდამ ჩემ ცხვირზე მყოფი სათვალით. გთხოვთ მიცნობდეთ და შემიყვაროთ. ანაც მხოლოდ ნაცნობობით შემოვიფარგლოთ.

 18 წლის მანძილზე უამრავი პროფესია გამოვიცვალე.  ჯერ გამომძიებლობა მინდოდა, ერკიულ პუაროს, შერლოკ ჰოლმსის, კომისარი მეგრეს, ლეიტენანტ კოლომბოსა და ზაზა კანაშვილის გამო, რომელიც ჩემს უბანში ცხოვრობდა და კოვერკოტის კოსტიუმით დადიოდა ხოლმე. შემდეგ უბრალო იურისტი მინდოდა ვყოფილიყავი, მემანქანე, არქეოლოგი, მერე ექიმობა გადავწყვიტე, რომელზეც მამაჩემმა მითხრა არ გინდა ჩემსავთთ გაწვალდებიო და ახლა კი  ბრაზობს რატომ არ გახდი ექიმიო. კინორეჟისორობაც მინდოდა, მაგრამ ამ გიჟურ აზრს მაშინ დაესვა წერტილი, როცა ბაადურ  წულაძემ დამარწმუნა  კარგად იცოდე  კინოს ისტორია და იყო კარგი კინორეჟისორი – განსხავებული ცნებებია. . .

 სანამ ჟურნალისტობამდე მივიდოდა საქმე მწერლობის იდეა გამიჩნდა. ჟურნალისტმა მწერლებმა, გაბრიელ გარსია მარკესმა, კარელ ჩაპეკმა, ერნესტ ჰემინგუეიმ, კენ კიზიმ და ტრუმენ კაპოტემ (ამ წყალწაღებულმა გეიმაც კი) დამარწმუნეს, რომ “თუკი შეგიძლია გააკეთო კარგი რეპორტაჟი, შენ იმავე წარმატებით შეძლებ შექმნა კარგი რომანი” (გაბრიელ გარსია მარკესი). როცა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავირიცხე, მივხვდი, რომ რომანისა და მოთხრობის შექმნა, “შუშანიკისა და ვარსქენის შედარებითი დახასიათების” წერაზე  რთულია. ველი იმ დროს, როცა ამ სირთულესთან შეჭიდებას შევძლებ.   დღესდღეობით ვთვლი, რომ  ჟურნალისტობა მართლაც ჩემი საქმეა (ოღონდ შორს პოლიტიკა

  ერთხელ, ერთმა ჭკვიანმა კაცმა მითხრა: “როცა ვინმე იბადება ისე, რომ მერე თითებში დაუძლეველ ქავილს გრძნობს, რაც შემდგომში მხოლოდ წერით თუ დაცხრება ხოლმე, იმან აუცილებლად უნდა წეროს”

 მე ამ დაავადებით ვარ შეპყრობილი.  ჰოდა ამიტანეთ როგორც გინდათ და იკითხეთ ჩემი ნაწერები.

 მუდამ თქვენი, დათო გორგილაძე