25

ყვითელი კორპუსი

korpusi

აჯობებს თავიდან დავიწყო:  სამოქალაქო ომის დროსა და მისი მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ვაზისუბანში შუქი იშვიათად მოდიოდა. დღესაც კი მახსოვს ის სიხარული, რომელიც ნათურის ანთებას მოსდევდა ხოლმე ყვითელ კორპუსსა და მის შემოგარენში. ატყდებოდა სტვენა და ყიჟინა.  მერე  კი ვიხსენებ ემოციას, რომელიც მოჰყვებოდა ერთი წუთის შემდეგ ნათურის კვლავ ჩაბნელებას. მკაფიოდ მახსენდება სიტყვები რომლითაც იხსენიებდნენ ფიდერისტების ოჯახის წევრებს.

სანამ გენერატორების ეპოქა შემოვიდოდა, იყო სანთელი, “ლამფა”, ერთმანეთთან ახლოს ჯდომა  მოზღვავებული სიყვარულისა და ამავდროულად გათბობის მიზნით და იყო „ქალაქობანას“ თამაში, რომლის წყალობითაც ბავშვობაში ბევრს  გავეჯიბრებოდი გეოგრაფიის ცოდნაში. შემდეგ  იმ ვაზისუბნელმა აბორიგენებმა, რომლებსაც სხვებზე  მეტი სახსარი ჰქონდათ, გენერატორი მოიშინაურეს. იყვნენ „გენერატორმაგნატები“, რომლებსაც თავიანთი კლიენტები ჰყავდათ. იყო „მეორე არხი“; გადაცემა „ამბობენ“.  მე მაგიჟებდა ცხოვრება, რომელზეც ჰყვებოდა თეა გვასალია. მე თავად თეა გვასალიაც მაგიჟებდა. საღამოს მთელი სამეზობლო ერთად ვუყურებდით „სანტა ბარბარას“  და ვცხოვრობდით მის გმირებთან ერთად. გვინდოდა იდენსა და კრუზს ერთმანეთი სიცოცხლის ბოლომდე ჰყვარებოდათ. ვათბობდით ერთმანეთს. გვიანობამდე  ვუცქერდით  ფილმებს და „ეკლებზე ვისხედით“, რომ „გენერატორმაგნატს“ ფილმის დამთავრებამდე არ  წაერთმია ჩვენთვის  ის სიხარული რასაც შუქი ერქვა. ჟან კლოდ ვან დამი  იყო   ჩვენი კუმირი. ჯერ იყო მწვანე, შემდეგ  წითელი „კერასინები“. იყო გაზის ბალონების დანეტვა და სასწორი, რომელიც იქვე იდგა და გამუდმებით იტყუებოდა. იყო კორპუსის ელექტრო დამცველების დაზიანებები და ჩვენი მამების შეკრებები იმ ადგილას.  სჯა-ბაასი გამოსავლის ძიებაში და ჩვენი სიხარული მათთან ერთად დგომისა. იყო სიცივე და  სუსხი, იყო სინდი კროუფორდის გადაცემები და მისი ფეხები, რომლის დანახვაზეც ისეთი რამ მემართებოდა, რის ახსნასაც ახლა ვპოულობ. იყო საღეჭი რეზინი „ლოვე“, იყო კაბა-შარვალი და  ერევნის ხსნარი, გაკრახმალებული თეთრეული და მისი სპეციფიკური სურნელი. იყო დაბადების დღეები, რომლებსაც იშვიათად თუ ვინმე აღნიშნავდა. ჩვენ ვცხოვრობდით სიბნელეში და მოარული ხმები გვეუბნებოდნენ, რომ სადღაც არსებობდა სინათლე. ჩვენ ვოცნებობდით ამ სინათლეზე და სიბნელეში ერთმანეთის სილუეტებს  ძლივს ვარჩევდით.

იყვნენ ყვითელი კორპუსის სხვა მცხოვრებები, რომლებიც მიყვარდნენ და რომლებსაც ვუყვარდი. დღეს ბევრი მათგანი ცოცხლებში აღარ არის. მე მახსენდება ორთაჭალელ ბიჭებზე ვახტანგ თურმანიძის მოყოლილი ამბები, თეიმურაზ მეტრეველის დარიგებები ჟურნალისტიკაზე, დათო დონაძის ხუმრობები და თამაზ სილაგაძის ყურით ჩატარებული ფოკუზი.  ჩვენ ვცხოვრობდით სიძულვილითა და სიცივით  სავსე ქვეყანაში, მაგრამ საკუთარი სიყვარულით ვათბობდით ერთმანეთს. მდგომარეობა ნელ-ნელა  უმჯობესდებოდა.

უკვე   „სუპერ მარიოს“ ვთამშობდით. მე და ჩემს ძმას საპასუხისმგებლო მისია გვეკისრა: მშვენიერი ქალი უნდა გამოგვეხსნა დრაკონის ტყვეობიდან,  რომელსაც საკუთარ სასახლეში დაემწყვდია ქალი  და თავადვე დარაჯპბდა. როცა ამას ვახერხებდით, გვიხაროდა. მახსოვს როგორ მიჩქარდებოდა გულისცემა, როცა გმირი შიშისმომგვრელ სასახლეს მიუახლოვდებოდა.

იყო სკოლა. ახალი მეგობრები. თავისუფალი თემები, რომლებიც იმედიან გაზაფხულს შეეხებოდა. იყო დამალობანა და სხვა ბევრი საინტერესო გასართობი. იყო „შტაბების“ შენება, საღამომდე თამაში  და შემდეგ დედების ხმები, რომლებიც შინ გვიხმობდნენ. იყო „ჭიაკოკონასთვის“ მზადება და ხევში ძველი საბურავების ძებნა, რათა დიდი ცეცხლი დაგვენთო. მეორე დილით კი იდგა გამჭვარტლული კორპუსები. იყვნენ გოგონები, რომლებიც მომწონდა, მაგრამ მათთან საუბრის მერიდებოდა. იყო სოფია, რომელმაც მომკლა და შემდეგ გათხოვდა. იყო ქართულის წიგნში ჩადებული მისი სურათი და პერიოდი, როცა ქართულის წიგნს ხელიდან არ ვუშვებდი.

მერე იყო რევოლუცია და მოვლენების სწრაფად განვითარება. ახლა მე მესამე კურსის სტუდენტი ვარ.

დღეს ჩემი კორპუსი ისევ ყვითელია. გარეთაც ისევ თამაშობენ  სხვა ბავშვები, ოღონდ უკვე განსხვავებულ თამაშებს. დღეს ისევ წვიმს ვაზისუბანში, მაგრამ არა ისე ძლიერად როგორც უწინ. დღეს წითელი კერასინები ხალხს სხვენებში აქვს შენახული.  მოზარდები ერთობიან ინტერნეტით და კომპიუტერული თამაშებით. სკოლის მოსწავლე გოგო-ბიჭები ერთად სეირნობენ საღამოს და ეს ძალიან მახარებს, მაგრამ მე რომ ის ძველი უბანი და „ლამფის“ სურნელი მენატრება?

დათო გორგილაძე

Advertisements